მოკალით სტალინი! - კვირის პალიტრა

მოკალით სტალინი!

ნაწილი I

სტალინის ლიკვიდაცია ბევრს სურდა. რამდენჯერ სცადეს ტერაქტის მოწყობა? სურდათ თუ არა ჰიტლერელებს მისი ლიკვიდაცია? - ამ კითხვებისთვის პასუხის გაცემა უკანასკნელ დრომდე ვერ ხერხდებოდა. დოკუმენტებს გრიფი "საიდუმლო" ედო და ის საბჭოთა კავშირის დანგრევის პირველ წლებში არ მოხსნილა. სტალინზე თავდასხმის ერთ-ერთი მცდელობის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2008 წელს. ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1944 წელს მოხდა.

რიბენტროპის "თავგანწირვა"

ჰიტლერელთა დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვალტერ შელენბერგი სს-ის (ნაცისტების შეიარაღებული ფორმირების) ყველაზე ახალგაზრდა გენერალი იყო. თავის მოგონებებში იგი აღწერს, როგორ დაიბარა 1943 წელს საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა და უთხრა:

- ხედავთ, რა ხდება? კატასტროფა ახლოვდება!

შელენბერგი დუმდა.

- მთავარი რუსების განეიტრალებაა, - რიბენტროპი წამით გაჩუმდა, - საამისოდ კი ერთი კაცის, ანუ სტალინის ლიკვიდაციაა საჭირო! თუ სტალინი სცენიდან მოულოდნელად ჩამოვა, რუსეთი ჩამოიშლება.

- არა მგონია, - ფრთხილად შეეპასუხა შელენბერგი.

- ასეა! - შესძახა რიბენტროპმა, - მზად ვარ, ყველაფერი ჩემს თავზე ავიღო!

- ანუ სტალინის ლიკვიდაციას აპირებთ? - გაოცებით შეეკითხა დაზვერვის შეფი.

- დიახ, დიახ! - რიბენტროპს თვალები უელავდა, - რუსებს ზავს შევთავაზებ. ამის შემდეგ სტალინთან შეხვედრა გაიმართება. მეც მომენტით ვისარგებლებ და ვესვრი!

- რაო?

რიბენტროპმა ეშმაკურად გაიღიმა. კალმისტარი ამოიღო. კალამში პატარა რევოლვერი იყო ჩამონტაჟებული.

- უკანასკნელი სიახლე სანიმუშო ჯაშუშის არსენალში! - საზეიმოდ გამოაცხადა რიბენტროპმა, - უხმო რევოლვერი, რომელიც მოწამლულ ტყვიებს ისვრის. ამისგან მიღებული მცირე ნაკაწრიც კი სასიკვდილოა! მეც სტალინს ტყვიას დავახლი. გერმანიისთვის ყველაფრისთვის მზად ვარ!

ფიურერის ბრძანება

მალე რიბენტროპი ჰიტლერთან მივიდა თავისი განზრახვის მოსახსენებლად. ფიურერი ჩაფიქრდა:

- კარგია, რომ მზად ხართ სამშობლოსთვის თავი გაწიროთ, მაგრამ მარტო ეს არ კმარა! სტალინი უნდა მოკვდეს!

- დიახ, ჩემო ფიურერო!

ფიურერის ბრძანება კანონია. სტალინის ლიკვიდაციაც სდ-სა (ჰიტლერელთა უშიშროების სამსახური) და აბვერს (გერმანიის სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა) დაევალა. ამ ორ სტრუქტურას ერთმანეთი სძულდა, თუმცა, ოპერაცია ერთობლივად უნდა ჩაეტარებინათ. შეიქმნა გაერთიანებული ჯგუფი, რომელშიც როგორც სდ-ის, ისე აბვერის თანამშრომლები შეიყვანეს. აბვერში გამოცდილ ოფიცერთა ჯგუფი შეარჩიეს. მას სათავეში ედგა კადრის მზვერავი პოლკოვნიკი კრაფტი, რომელიც რუსეთის საკითხის სპეციალისტად ითვლებოდა.

stalini2.jpg

ნახევრად გერმანელი, ნახევრად სლავი კრაფტის ჯგუფში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ანდრეას კლაინბერტი. ის ჟიტომირის მახლობლად დაიბადა. მამამისი უკრაინელი იყო, დედა გერმანელი ჰყავდა. ბიჭი შვიდი წლის გახლდათ, როცა მამა სამოქალაქო ომში დაეღუპა. ის დენიკინის არმიაში იბრძოდა. თავად კლაინბერტი დედასთან ერთად ლვოვში გადავიდა, რომელიც იმხანად პოლონეთის შემადგენლობაში იყო. 1930 წელს დედა-შვილმა გერმანიაში გადაინაცვლა, სადაც დედის ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ნაციზმი უკვე ძლიერდებოდა. ბიჭმაც დედის გვარი მიიღო და კლაინბერტი გახდა. 1933 წელს გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ. 1936 წელს კლაინბერტი, როგორც რუსული ენის მცოდნე, აბვერში მიიწვიეს. ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ ესპანეთში გაგზავნეს, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. 1938 წელს კლაინბერტი გერმანიაში დაბრუნდა, სადაც სპეცმივლინება ელოდა. მალე სსრ კავშირში გადაისროლეს და მოსკოვში სხვისი გვარით დამკვიდრდა.

1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ჰიტლერელები სწრაფად მიიწევდნენ წინ. მოსკოვში მყოფი კლაინბერტისგან დივერსიების მოწყობას ითხოვდნენ. ეს ვერ მოხერხდა, რადგანაც ჩეკისტებმა მთელი მისი ჯგუფი აიყვანეს. თავად კლაინბერტმა და კიდევ რამდენიმე კაცმა გაქცევა შეძლო. მათ ფრონტის ხაზი გადალახეს და გერმანელებს შეუერთდნენ.

ყოფილ ჩეკისტს იწუნებენ

სდ-სა და აბვერის გაერთიანებული ჯგუფს უნდა შეერჩია კონკრეტული ტერორისტი, რომელიც სტალინს ესროდა.

თავდაპირველად ყურადღება შეაჩერეს ყოფილ ჩეკისტ გენრიხ ლიუშკოვზე (1900-1945). იგი ოდესაში, ებრაელი თერძის ოჯახში დაიბადა. მიიღო დაწყებითი განათლება. რევოლუციურ მოძრაობაში უფროსი ძმის გავლენით ჩაება და ბოლშევიკი გახდა. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, შემდეგ მუშაობდა ჩეკაში. კარიერის ზენიტს გენრიხ იაგოდას დროს მიაღწია. როცა იაგოდა დააპატიმრეს და დახვრიტეს, შინსახკომს სათავეში ნიკალაი ეჟოვი ჩაუდგა. მას საკუთარი გუნდი ჰყავდა და იაგოდელების წმენდა დაიწყო. ლიუშკოვი მიხვდა, რომ მასაც გაუსწორდებოდნენ და იაპონიაში გაიქცა...

შელენბერგს ლიუშკოვის თაობაზე მოახსენეს. იქნებ სტალინის ლიკვიდაცია მას დავავალოთო. ლიუშკოვს რუსებთან დაბრუნების ყოველგვარი გზა მოჭრილი ჰქონდა.

- ლიუშკოვი არ გამოდგება, - შელენბერგმა თავი გააქნია, - ის უკვე გამჟღავნებული ჯაშუშია! თანაც, მეტისმეტად მსხვილი ფიგურაა! ჩეკისტები მას უმალ გაშიფრავენ.

შელენბერგს წინ ახალი კანდიდატების ფოტოები დაუდეს. მან ყურადღება ვინმე ტავრინზე შეაჩერა.

- მომიტანეთ მისი დოსიე, - ბრძანა შელენბერგმა.

რუსი ავანტიურისტი

- რუსი ავანტიურისტი ყველასგან გამოირჩევა! მას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, - წერს ცნობილი მწერალი და გრუ-ს ყოფილი ოფიცერი ვიქტორ სუვოროვი (რეზუნი).

ტავრინი გერმანელებს ტყვედ ნებაყოფლობით ჩაჰბარდა. დაკითხვისას განაცხადა, რომ მამამისი მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი იყო და ბოლშევიკებმა დახვრიტეს. გერმანელი კონტრმზვერავები საკმაოდ გამოცდილი იყვნენ საიმისოდ, რომ ის ტყუილში ემხილებინათ. ტავრინიც ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს და აგენტ-პროვოკატორის ფუნქციები დააკისრეს. სწორედ მისი დახმარებით ამხილეს ყოფილი საბჭოთა ტყვეების ჯგუფი და ვინც გაქცევას აპირებდა, ყველა ჩამოახრჩვეს. ამდენად, ტავრინს თავისიანებთან აღარ ჩაესვლებოდა.

შელენბერგი ყოყმანობდა. კონტრმზვერავები ვარაუდობდნენ, რომ ტავრინი ის არ იყო, ვისადაც თავს ასაღებდა. ვინ არის იგი? თავის ჭეშმარიტ ვინაობას რატომ მალავს? პოლკოვნიკმა კრაფტმაც სასწრაფოდ გამოიძახა ლეიტენანტი კლაინბერტი: - მიხედე ერთი ამ ტავრინს! ამბობენ, რომ ნამდვილ ვინაობას მალავსო.

პიროვნების შესწავლა

კლაინბერტი ტავრინს პირადად შეხვდა. საუბარი რამდენიმე საათს გაგრძელდა.

გერმანელი რუსულად უაქცენტოდ ლაპარაკობდა. ტავრინიც მიხვდა, რომ მის წინ გამოცდილი პროფესიონალი იყო.

- რუსი ხართ? - ტავრინს ხმა აუკანკალდა.

- ომამდე რუსეთში რამდენიმე წელიწადს ვიცხოვრე.

- რაო?

- გინდათ მკითხოთ, იქ რას ვაკეთებდი? - კლაინბერტმა გაიღიმა, - ბოლშევიკებს სოციალიზმის მშენებლობაში ვეხმარებოდი.

გერმანელმა გადაიხარხარა. ის უმალ მიხვდა, რომ ტავრინი თავს სხვად ასაღებდა. არადა, დრო არ ითმენდა, მისი საიდუმლო რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა გახსნილიყო. ეს კი მხოლოდ წამებით შეიძლებოდა. აბვერში პატიმრებს არ აწამებდნენ, რადგან ეს ამ სამსახურის კოდექსს ეწინააღმდეგებოდა.

კლაინბერტმაც ტავრინი გესტაპოს გადასცა.

* * *

2008 წელს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა საბჭოთა უშიშროების არქივში შენახულ ბევრ მასალას. მათ შორის არის შეტყობინება სტალინზე ტერაქტის თაობაზე:

"ტიმოფეი - ცენტრს.

თანახმად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციისა, ჰიტლერელები ამხანაგ სტალინზე თავდასხმას გეგმავენ. ტიმოფეი".

ტიმოფეი საბჭოთა უშიშროების ოფიცრის, პოლკოვნიკ დმიტრი მედვედევის ოპერატიული ფსევდონიმი იყო. იმხანად როვენშჩინაზე (როვნოს ოლქში) დივერსიულ სადაზვერვო რეზიდენტურას ედგა სათავეში. მედვედევის აგენტებს შორის ორი ლამაზი პოლონელი ქალი გამოირჩეოდა: ლიდია ლისოვსკაია (აგენტურული მეტსახელი ლიკი) და მარია მიკოტა (მაია). მათ საკუთარი ბინა ბორდელად გადააქციეს, სადაც გერმანელი ოფიცრები ღრეობდნენ. ერთ-ერთმა შექეიფიანებულმა სდ-ს ოფიცერმა წამოროშა, რომ სტალინი მალე მოკვდება, ყველაფერი გათვლილია, მას არავითარი შანსი აღარ დარჩაო. მედვედევმა ეს უმალ მოსკოვს აცნობა. მეტის გარკვევა პოლკოვნიკმა ვერ შეძლო.

მეორე საბჭოთა აგენტმა, მეტსახელით ოტო, მოსკოვში შემდეგი შინაარსის რადიოგრამა გაგზავნა:

"ოტო - ცენტრს.

გაცნობებთ, რომ ჰიტლერმა პირადად მოიწონა ი. ბ. სტალინის ლიკვიდაციის გეგმა. ამ მიზნით შექმნილია სდ-სა და აბვერის ერთობლივი ჯგუფი. ტერორისტის კონკრეტულ კანდიდატურაზე ყოფილი ჩეკისტი მაღალჩინოსანი გენრიხ ლიუშკოვი განიხილებოდა. უკანასკნელ მომენტში მასზე უარი ითქვა. ახალი კანდიდატურის თაობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ოტო".

შეტყობინება მიიღო უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის უშიშროების სამსახურის (სბ) შეფმა მიკოლა ლებედმაც:

"დრუჟე პროვიდნიკ! ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჰიტლერელები სტალინზე თავდასხმას ამზადებენ. ოპერაციას ერთად ახორციელებენ აბვერი და სდ. მიმდინარეობს ტერორისტის კანდიდატურის შერჩევა. კალინა".

ჰაინრხიხ ჰიმლერი და ჰიტლერი მოიერიშეთა რაზმების მანევრებს აკვირდებიან (1941 წ.)

* * *

გაუტეხელი ადამიანები არ არსებობენ. არიან კარგი ან ცუდი გამომძიებლები. კარგი გაგტეხს, ცუდი - ვერა. გესტაპოში კი საუკეთესო სპეციალისტები ჰყავდათ. მათ ყრუ-მუნჯის ალაპარაკებაც შეეძლოთ. დამუშავების პირველივე წუთებში ტავრინმა ამომწურავი ჩვენება მისცა. კლაინბერტს პატივი ხვდა, მისი აღსარება პირადად მოესმინა:

- დავიბადე ჩერნიგოვის მახლობლად, გლეხის ოჯახში. მამაჩემი 1928 წელს დახვრიტეს. სულ მარტო დავრჩი და თავი რომ მერჩინა, კულაკებთან მოჯამაგირედ დავდექი. - თქვენი ნამდვილი გვარი? - შეაწყვეტინა კლაინბერტმა.

- პიოტრ ივანოვიჩ შილო.

- უკრაინელი ხართ?

- ჰომო სოვეტიკუსი გახლავართ.

- ეს რაღაა?

- ადამიანთა განსაკუთრებული კასტა, რომელიც საბჭოეთში გამოიყვანეს.

- ანუ გინდათ მითხრათ, რომ კომპარტიისა და ამხანაგ სტალინის ერთგული ხართ?

- ჰომოს სოვეტიკუსს არავითარი იდეოლოგიისა არ სჯერა. არც ღმერთი სწამს, არც ეშმაკი. მხოლოდ უნდა, ჰქონდეს ფული, კარგად სვას და ჭამოს, ჰყავდეს ლამაზი ქალები, ცოტა იმუშაოს და კომფორტში იცხოვროს.

ტავრინი მოყვა, რომ 1929 წლიდან მშენებლობებზე მუშახელის დამქირავებლად მოეწყო. მუშებისთვის მისაცემი ფული ბანქოში წააგო და მიიმალა, თუმცა მალე მიაგნეს და დააპატიმრეს. ციხიდან გაიქცა. მალე მეორედ დააპატიმრეს. კვლავ გაიქცა. შემდეგ ტავრინის სახელზე ყალბი საბუთები იშოვა და ტაშკენტში დასახლდა. ამ დროს ომი დაიწყო. ჯარშიც ტავრინის გვარით გაიწვიეს.

- ჩვენს მხარეს რატომ გადმოხვედი? - კლაინბერტმა სიგარას მოუკიდა.

- ნება მომეცით, მოვწიო, - ტავრინმა გერმანელს ვედრებით შეხედა.

- ჯერ ნებას არ გაძლევ! მიპასუხე!

- ვაჟკაცურად ვიბრძოდი. მე ვიტყოდი, ერთობ ვაჟკაცურადაც კი! ჰოდა, წითელი დროშის ორდენზე წარმადგინეს.

- მერე?

- ჩემით, როგორც ორდენის მომავალი კავალრით, სმერში ანუ სამხედრო კონტრდაზვერვა დაინტერესდა. დამკითხეს. ეტყობა, გამოძიებამ ჩემს ჩვენებაში შეუსაბამობები აღმოაჩინა და მეთვალყურეობა დამიწესეს. მივხვდი, რომ მალე დამაპატიმრებდნენ და გავიქეცი.

ტავრინი დადუმდა. კლაინბერტი პატიმარს ყურადღებით მისჩერებოდა და კრინტს არ ძრავდა.

გამოცდა

კლაინბერტმა ყოველივე პოლკოვნიკ კრაფტს მოახსენა. ტავრინის ვინაობა გაირკვა, მაგრამ დასადგენი იყო, რამდენად საიმედო იქნებოდა ტავრინ-შილო.

- უნდა შევამოწმოთ! - თქვა კრაფტმა.

მალე ტავრინი რიგაში ჩაიყვანეს. მას პირადად ესაუბრა რიგის სდ-ს შეფი, შტურმბანფიურერი ოტო კრაუსი. შემდეგ ფსკოვში გადაიყვანეს. კრაუსმა უთხრა:

- ფსკოვში ახალი დავალება გელით.

- რაო? - ტავრინმა ყურები ცქვიტა.

- გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩეკისტები იქ დივერსიას გეგმავენ. თქვენი ამოცანაა რუს პარტიზანებთან კონტაქტი და მათი ნდობის მოპოვება. შემდეგ კი ყველაფერი ჩვენ გვაცნობოთ! გასაგებია?

- დიახ, ჰერ შტურმბანფიურერო!

- ასი თვალი და ასი ყური გამოისხით. დივერსია იმ ქარხანაში უნდა მოხდეს, სადაც თქვენ იმუშავებთ. რუსები თავად დაგიკავშირდებიან. ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ.

- რაო?!

- რამდენიმე კაცზე ეჭვი გვაქვს, რომ ჩეკისტებთან არიან დაკავშირებული. მივუგდებთ ინფორმაციას, რომ საიმედო კაცი ხართ. როგორც ინჟინერი, მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნებით.

- ვაითუ არ მენდონ!

- ცხადია, შეგამოწმებენ, - კრაუსმა ამოიოხრა, - ამიტომ არავითარი კონტაქტი იქაურ სდ-სთან. ნურც ჰიტლერს გალანძღავთ წარამარა. იყავით თქვენთვის, იმუშავეთ.

- თუ პარტიზანები დამიკავშირდნენ, როგორ გაცნობოთ?

- თქვენთან ჩვენი კაცი მოვა და კონსპირაციული ბინის მისამართს გეტყვით. ჩვენებსაც ის შეგახვედრებთ. გაქვთ რამე შეკითხვა?

- არა, ჰერ შტურმბანფიურერო!

ტავრინი გაჩუმდა. კრაუსმა ჩაიცინა, მერე პაროლი უთხრა.

* * *

ფსკოვში ტავრინი იქაურ ქარხანაში მოაწყვეს. ლეგენდის თანახმად, ინჟინერი იყო. სწორედ აქ გაიცნო ვინმე ლიდა შილოვა.

სიყვარულმა ისინი დააახლოვა. მით უმეტეს, რომ ორივეს ერთნაირი გასაჭირი ჰქონდა. გერმანელები უკან იხევდნენ, ისინი კი ფაშისტებთან მუშაობდნენ. რუსების მოსვლის შემდეგ, როგორც ამბობენ, მოღალატეებს სასტიკი სასჯელი ელოდათ.

- როგორ მოხვდი გერმანელებთან? - ჩუმად შეეკითხა ქალი.

- უგონო მდგომარეობაში ტყვედ ჩამიგდეს, - მიუგო ტავრინმა, - შიმშილისგან სული მხდებოდა. რამდენიმე ამხანაგმა გაქცევა გადავწყვიტეთ. ვიღაცამ გაგვცა.

- მერე?

- ჩემი ამხანაგი სპეციალურ ბანაკში მოათავსეს. იქ ჰიტლერელები ადამიანებზე ცდებს ატარებდნენ.

- ღმერთო ჩემო, - ქალს თვალები ცრემლებით აევსო.

- მე იმიტომ დამინდეს, რომ ინჟინერი ვარ. ჰოდა აქ, ქარხანაში გამომგზავნეს, - ტავრინი წამით გაჩუმდა, - როგორ მოვიქცე? უკან დასაბრუნებელი გზა მომეჭრა! აკი თქვა სტალინმა, ჩვენ არ გვყავს სამხედრო ტყვეები, ჩვენ სამშობლოს მოღალატენი გვყავსო!

- არც მთლად ასეა საქმე.

- რაო?

- ამხანაგი სტალინი სამართლიანი კაცია, - ლიდა წამით გაჩუმდა, - ყველაფერს გაგიგებს, ნუ გეშინია. უსამართლოდ არ დაგჩაგრავენ.

- არაფერი მესმის.

- იცი, რას გეტყვი? - ლიდას თვალები აენთო, - მოდი, გავიქცეთ, პარტიზანებს დავუკავშირდებით. ამ გველებსაც ანგარიშს გავუსწორებთ, ჩვენს სამშობლოში რომ შემოგვიცვივდნენ, ჩვენი ხალხის დამონება რომ სურდათ! ყველაფრისთვის პასუხს აგებენ! ყველაფრისთვის! გესმის?

...ოტო კრაუსმა პირობა შეასრულა. მალე ტავრინის ბინაზე უცნობი ქალი გამოცხადდა. გარეგნულად ოცდაათ წელზე მეტს არ მისცემდით. ქერა თმა და მრგვალი სახე ჰქონდა.

- ვიქტორია ფიოდოროვნა აქ ცხოვრობს?

ტავრინს გულმა რეჩხი უყო. ქალმა პაროლის პირველი სიტყვები წარმოთქვა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. თვალები უბრწყინავდა. ჩვეულებრივ რუს მეძავს ჰგავდა.

"იციან ბიჭებმა მუშაობა, - გაიფიქრა ტავრინმა, - რაც მართლია, მართალია".

- ვიქტორია ფიოდოროვნა აქ აღარ ცხოვრობს, - ტავრინმა ნერწყვი გალაყლაპა.

- იქნებ სხვაგან გადავიდა? - ქალი იღიმებოდა.

- დისშვილთან ცხოვრობს.

- თუ არ ვცდები, ლერმონტოვის 14-ში, არა?

- დიახ.

- სამსახურიდან ჩვეულებისამებრ შვიდ საათზე ბრუნდება?

- მგონი ასეა, - ტავრინი ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, - რა კარში ვდგავართ? შემობრძანდით, ჩაით გაგიმასპინძლდებით.

- გმადლობთ, მერე გამოგივლით.

ამ სიტყვებით შეტრიალდა და კიბეზე დაეშვა.

ამრიგად, ტავრინმა შეიტყო, სად და როდის უნდა გამოცხადებულიყო. იმავე საღამოს ის კონსპირაციულ ბინაზე მივიდა. კარი უცნობმა ქალმა გაუღო.

- ვიქტორია ფიოდოროვნა შინაა? - ტავრინი ცდილობდა მღელვარება დაეოკებინა.

- მობრძანდით.

ჯაშუშმა ბინაში შეაბიჯა და ელდა ეცა. ტახტზე ლეიტენანტი კლაინბერტი იჯდა. ტავრინის დანახვაზე ფეხზე წამოდგა.

- გამარჯობა, ბატონო შილო!

გაოგნებული ტავრინი უძრავად იდგა. კლაინბერტი იღიმებოდა...

მეორე დღეს ტავრინს სამსახურში სიურპრიზი ელოდა. ლიდა უკვალოდ გაქრა.

- გაიგე, რა მომხდარა? თურმე პარტიზანების მიერ ყოფილა მოგზავნილი. გესტაპომაც დააპატიმრა.

იმავე საღამოს ტავრინი ლიდას სახლისკენ გაემართა. მეზობლის ქალმა ევდოკია ივანოვნამ სამზარეულოში შეიყვანა და ტუჩებზე თითი მიიდო:

- ტს-ს! ჩუმად...

- ლიდა სადაა? - შეაწყვეტინა ტავრინმა.

- წაიყვანეს, - ევდოკია ივანოვნამ ამოიოხრა, - გუშინ ღამით მოვიდნენ და წაიყვანეს. გესტაპოც შინსახკომის მსგავსად ხალხს ღამით იჭერს.

შინ დაბრუნებული ტავრინი ლოგინზე დაემხო და აქვითინდა.

დავალება

ორი დღის შემდეგ ტავრინი რიგაში დააბრუნეს. შტურმბანფიურერი კრაუსი მას ძველი ნაცნობივით შეხვდა.

- გამარჯობა, ბატონო შილო, უკაცრავად ტავრინ. როგორ გირჩევნიათ დაძახება?

- როგორც გენებოთ.

- ამიერიდან ტავრინი თქვენი აგენტურული მეტსახელია, ამიტომ, თუ ნებას მომცემთ, ტავრინს დაგიძახებთ.

- როგორც გენებოთ.

- უფლებამოსილი ვარ, გადმოგცეთ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალება დაგეკისრებათ.

- მართლა?

- დიახ, თქვენი ამოცანა სტალინის ლიკვიდაციაა!

- მაპატიეთ, ბატონო პოლკოვნიკო, მაგრამ მგონი ხუმრობთ!

- ახლა სახუმაროდ არ გვცხელა, - კრაუსს სახიდან ღიმილი გაუქრა, - მისმინეთ!

კრაუსი აგენტს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა. შემდეგ ტავრინი ლეიტენანტ კლაინბერტის განკარგულებაში გადასცეს. სტალინზე თავდასხმისთვის აგენტი სწორედ მას უნდა მოემზადებინა.

- მისმინეთ, ბატონო ტავრინ.

კლაინბერტი მშვიდად, ღიმილით ლაპარაკობდა. ტავრინს ერთი სული ჰქონდა, წამომხტარიყო და იქვე მიეხრჩო.

"თავად აქ რჩება, მე კი აშკარა სიკვდილზე მგზავნის! ოჰ, ამის..."

ტავრინმა ხელები მომუშტა. სცადა წამომდგარიყო. უხილავმა ძალამ ხელ-ფეხი შეუბორკა. გერმანელი მისჩერებოდა, ლაპარაკობდა, თან იღიმებოდა. აგენტს უნებლიეთ ტანში გასცრა. გერმანელი ისე შესცქეროდა, როგორც მახრჩობელა გველი ბაჭიას.

- ღმერთო ჩემო... - ტავრინს ოფლმა დაასხა, აცახცახდა.

კლაინბერტი კი ლაპარაკობდა და იღიმებოდა.

გერმანელი შტურმბანფიურერი და ტავრინ-შილო (მარჯვნივ) საბჭოთა ოფიცრის ფორმაში

* * *

ჰიმლერი გრაფინს დასწვდა, წყალი დაისხა. შელენბერგი ჩუმად იჯდა. სახე მოღუშოდა.

- რას ჩაფიქრებულხართ, ვალტერ?

- არაფერია, ისე, - შელენბერგმა ჩაახველა.

- მაინც?

- უბრალოდ, ყველა სამუშაო დასრულდა. მალე ამ ტავრინ-შილოს მოსკოვში გადაისვრიან.

- მერე რა?

შელენბერგი დუმდა.

- ვიცი რატომაც დაღონდით, - ჰიმლერმა ჩაიცინა, - ოპერაციის წარმატებით დაგვირგვინების შანსი ასიდან ერთია. ამ ტავრინ-შილოსაც, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ აგზავნიან.

ჰიმლერი გაჩუმდა. სახეზე ხელი გადაისვა.

- ფიურერს სჯერა, რომ სტალინი მოკვდება, - ყრუდ წარმოთქვა მან, - ის ძალზე მგრძნობიარე ადამიანია და თუ შევეცდებით გადარწმუნებას, ტკივილს მივაყენებთ. თუ ამ ტავრინმა დავალება შეასრულა, ოქროს ძეგლს დავუდგამთ. არა?! - ჰიმლერმა გაიცინა, - ერთი რუსი ღორით ნაკლები იქნება.

რაიხსფიურერმა გაიცინა. შელენბერგი მდუმარედ იჯდა და საავდრო ღრუბელივით მოქუფრულიყო.

ტავრინი მალე რიგაში დააბრუნეს. ახალი დავალების შესახებ პირადად შტურმბანფიურერმა ოტო კრაუსმა განუცხადა:

- თქვენ უდიდესი ნდობა გამოგიცხადეს და სტალინის ლიკვიდაცია დაგავალეს.

ტავრინი დუმდა.

- ახლა ცოტა დაისვენეთ, - კრაუსი წამით გაჩუმდა, - თუმცა მოიცადეთ.

შტურმბანფიურერმა ტაში შემოჰკრა. კარი გაიღო და ოთახში ლიდა შემოვიდა.

- ღმერთო ჩემო, - შეჰყვირა ტავრინმა და წამოხტა.

კიდევ სურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ამაოდ. გაოგნებულმა, ხმის ამოღება ვერ მოახერხა...

იმავე დღეს ბერლინიდან მოსკოვში რადიოგრამა გაიგზავნა:

"ოგიუსტი - ცენტრს:

გაცნობებთ, რომ სამზადისი ოპერაციისა, რომელსაც სდ და აბვერი ერთად ახორციელებენ, დასასრულს მიუახლოვდა. საუბარია მნიშვნელოვან დივერსიაზე ჩვენს ზურგში. სავარაუდოდ, ის მოსკოვში განხორციელდება. ოგიუსტი".

(გაგრძელება მომდევნო ნომერში)

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი" #114