შავი ჭირის ეპიდემიები საქართველოში - კვირის პალიტრა

შავი ჭირის ეპიდემიები საქართველოში

(დასასრული. დასაწყისი იხ. "ისტორიანი"#112)

საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეებს უძველესი დროიდან იცნობდნენ. წერილობით წყაროებში ამ დაავადების პირველი აღწერილობა მოცემულია XI საუკუნის ქართულ სამედიცინო ძეგლში - "უსწორო კარაბადინში", სადაც ის იხსენება "ავი ჟამის"ანუ "ტყააღუნის"" სახელწოდებით. "უსწორო კარაბადინში"დაწვრილებითაა აღწერილი დაავადების კლინიკური ნიშნები, მითითებულია მისი ეპიდემიური ხასიათი: "ესე ჟამისა ნიშანი არის, ესე მჯდომი არის, ან გამოვა ყურის ძირს, ანუ ენისა ძირსა, ანუ ძუძუსა ძირსა, ან ღლიასა, ანუ საზარდულსა; ესე მჯდომი ნამეტნავად იქნების და საური შეიშლების და ავი ჟამი შეიქნების, ქალაქებშიგა გამოჩნდების, და მწოვედ ეწვებოდეს. ის ადგილისა ფერი წაუღოს და გულისა ძგერა გამოუჩნდეს, ბნედა გამოუჩნდეს; ნიშანი მისი, რომე მჯდომი გამოვიდეს, თუ ყურის ძირსა ან ყურსა უკანით, ან ძუძუსა, ან ღლიასა გამოვიდეს, ავი არის და მკულელი; და ფერი თუ მოშაოდ დაეცემოდეს, ავი არის; თუ წითელი იყოს და მოყვითალოდ სცემდეს ფერი, ისი უფრო წყნარი არის". იქვე მოცემულია "მკურნალობის"მეთოდიც: "წამალი მისი: გულსა ძალი უნდა მისცე გრილითა შარბათებითა, როგორაცა თურინჯისა და ლიმოსა შარბათი; ბროწეული, ვაშლი და კომში აჭამე და კარგ სულთაგან ასუნებინე, როგორაცა სანდალი, ვარდისა წყალი და ქაფური, ნინოფარი და ამათი მსგავსი. და საჭმელად ოსპი და კაკაბი, გლონი, ჴოჴობი და დურაჯი და თიკანი, მარგე არის. და გრილსა სახლშიგა წოლა და ყინული, და წნორის ფურცელი, ია და ვარდი და ქაფური, ყინულითა გაცივებული, გულზედა შემოსდევ, მარგე არის".

XI საუკუნის ქართულ სამედიცინო პრაქტიკაში შავი ჭირის სწრაფი გავრცელების მიზეზი არ არის მითითებული, თუმცა აქცენტი იმაზე, რომ ავადმყოფს აუცილებელია "კარგ სულთაგან"ასუნებინო, მიუთითებს, რომ ამ ძეგლის შემქმნელებიც, ისევე როგორც შუა საუკუნეების ექიმები, მიიჩნევდნენ, რომ შავი ჭირის გადამდები იყო "გაფუჭებული"ჰაერი. იგივე აზრია გატარებული XVI საუკუნის ძეგლში "იადიგარ დაუდშიც". აქაც ჟამის მიზეზად "ავი ჰავაა"მიჩნეული. აქვე აღვნიშნავთ, რომ XIV საუკუნეში დასავლეთ ევროპაში შავი ჭირის პანდემიის დროს, 1348 წელს საფრანგეთის მეფე ფილიპე VI-ის დავალებით, პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტმა შეადგინა ერთგვარი "დასკვნა"შავი ჭირის ეპიდემიის შესახებ, რომელშიც სენის სწრაფად გავრცელების მიზეზად დაავადებული ჰაერი დასახელდა - ე.წ. მიაზმა. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ XI საუკუნის ქართველი ექიმებიც დაახლოებით იმავე პოზიციაზე იდგნენ, რაც ასე დომინირებდა იმ ხანებში სამედიცინო პრაქტიკაში. ძეგლში საგანგებოდ არის ხაზგასმული, რომ შავი ჭირი განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ვრცელდებოდა სწრაფად: "ავი ჟამი... ქალაქებშიგა გამოჩნდებისო".

შავი ჭირის ავადმყოფობის საინტერესო აღწერილობაა მოცემული XIII საუკუნის სამედიცინო ტრაქტატში "წიგნი სააქიმოში", სადაც ჟამის სახელად არაბული სიტყვა "ტაუნი"იხმარება. "ტაუნი სიმსივნესა ჰქვიან რომელ ღლიასა ქუეშეთ გამოჩნდეს, ანუ ბარკლისა ღლიასა ქუეშეთ, და ვითარებაჲ მისი საზაფროჲსა გასარეველისა ფიცხელისაგან იქნების, ანუ სისხლისა ზაფრაჲ რეულისაგან. ნიშანი ტაუნისაჲ: იგი არს, რომელ მანკისა ადგილი წითელი იყოს ანუ სიშავისა კერძოჲთ იყოს, და სიმსივნე დია ხურვიდეს და მიდამო მისი ლურჯი ანუ შავი იყოს, და არწყევდეს, და გულისა ფეთქაჲ იყოს და ჰბნდებოდეს სნეული". სამედიცინო ტრაქტატში ასევე ნაჩვენებია ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი, თუმცა ბოლოში ავტორი მაინც აფრთხილებს ექიმებს, რომ: "ესე მანკი დია საკრძალავი და საშიშოჲ არსო". XVI საუკუნის სამედიცინო წიგნში "იადიგარ დაუდში", რომელიც ეკუთვნის ქართლის მეფეს დავით XI-ს (დაუდ-ხანს), საგანგებოდაა აღნიშნული: "ამა ავისა ჟამისა შეყრა და მიზეზი ავისა ჰავისაგან, ავისა სულისაგან, და ხმელისა და ავის საჭმლისაგან შეექნების ესე სენიო. და ესე ავი ჟამი მხურვალი და ცხელი ვარამი არის, და ვარამი მჯდომსა ჰქუიან. და ესე კორძი უფრო ზაფხულის და სიცხეშიგ გამოვა. და მისი ნიშანი და ალამათი ეს არის, რომე კაცსა მწოვედ გარჯის და მწოვედ გააცხელებს, გული რევას დაუწყებს და ხშირად არწყევს, გული დაუსუსტდების, მწოვედ მოსწყურდების, ძნელი და ავი სული ამოედინების, და კაცი მწოვედ შეწუხდების, მწოვედ ქშინვას დაიწყებს. სიცხე და სიმხურვალე გარეთ ცოტა ექნების და შიგნით ბევრი და ცეცხლსავითა დასწვავს, და ესე ავი ჟამი კაცსა უფროსიერთი ან ყურის უკანა, ან იღლიაშიგა, და ან საზარდულზედა გამოუვა, და ამა ავის ჟამის გარეშემო ან მწვანე, ან შავი და ან ყირმიზი იქნების". იქვე დაუდ-ხანი დასძენს: "აწე ესე იცოდით რომე, სრულად ყოვლსა ავად ყოფობაშიგა ამის უძნელესი, და ამის უარესი ავად ყოფა არ არის, და ამა ავის ჟამისა საქმესა ყოველნი აქიმნი გაკუირვებულან, თუ ბევრი კაცი რომე მწოვედ ძნელად იქნების, და რაცა ავი და სასიკუდილო ნიშნები ვიცით, ის ყუელა ეჭირვების, და აღარა ევნების რა და მორჩების, და ბევრი კაცი ადვილად იქნების და ანაზდად მოკუდებისო". მეფე გიორგი V ბრწყინვალე. გიორგი გეგეჭკორის ნახატი

ძველ ქართულ სამედიცინო ლიტერატურაში შავი ჭირის მკურნალობის ის მეთოდებია გადმოცემული, რომელიც საერთოდ ცნობილი იყო შუა საუკუნეების მკურნალთათვის. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვუწოდებთ მკურნალობას, მაგრამ ერთი რამ საერთო იყო აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის საექიმო პრაქტიკისათვის - ემპირიული ცოდნა, რომელიც ეპიდემიების დროს დაგროვდა და რომელმაც უჩვენა, რომ ჰიგიენის პირობების დაცვით სენის გავრცელების შეჩერება შესაძლებელი იყო.

ჟამიანობის გამომწვევებად საქართველოს მთაში პატარა არსებები მიაჩნდათ: "ჟამნი პაწაწინა ადამიანების მსგავსნი ყოფილან, სამი ფერის ისრები ჰქონდათ: თეთრი, წითელი და შავი. ვისაც შავს დაჰკრავდნენ ის მაშინვე მოკვდებოდა, წითელ ისარდაკრული შედარებით დიდხანს იცოცხლებდა, ხოლო თეთრისარდაკრული კი რჩებოდა, არ იღუპებოდა. იმ ადგილას, სადაც ჟამთა ისარი ხვდებოდა, ცვარი (წყლიანი მუწუკი) რჩებოდა და ავადმყოფობაც ამ მომენტიდან იწყებოდა"(ეთნოლოგი თინა ოჩიაური).

შუა საუკუნეების საქართველოში დროდადრო თავს იჩენდა შავი ჭირის ეპიდემიის ლოკალური კერები, რომელიც კონკრეტულ რეგიონს მოიცავდა, თუმცა მალევე ჩაწყნარდებოდა, მიიღებდა რა ხარკად რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლეს. ამასთან, ცნობილია პანდემიის შემთხვევებიც. ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული მოსაზრებით, XIV საუკუნის შუა ხანებში აზიასა და ევროპაში შავი ჭირის გავრცელების არეალში საქართველოც იყო მოქცეული. რა გზებით შემოვიდა "ავი ჟამი", ამჟამად ამის თქმა ჭირს, თუმცა ვარაუდის სახით შეიძლება ითქვას, რომ კავკასიონზე გამავალი სავაჭრო მაგისტრალები იქნებოდა მთავარი არტერია ამ სენის შემოსვლისთვის. ყოველ შემთხვევაში, 1346 წელს ბაიბურთში გადაწერილი სომხური სახარების მინაწერი ადასტურებს, რომ ამ დროს "ქართველთა ქვეყანაში"რაღაც საშინელება მძვინვარებს.

"გაუდაბურდა აღმოსავლეთი, ე.ი. ქართველთა ქვეყანა, სადაც ბევრი ამოწყდა, სხვები შიმშილისაგან დაიხოცა". სავსებით სამართლიანად სომხურ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების გამომცემელი ალექსანდრე აბდალაძე ამ მინიშნებას უკავშირებს შავი ჭირის ეპიდემიას. ეს მოსაზრება რომ მართალია, მტკიცდება იმითაც, რომ ქართული წყაროებით ამ პერიოდში საქართველოში არ დასტურდება არც მტრის შემოსევა, არც რაიმე სახის პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ასეთი მასშტაბის ტრაგედია გამოეწვია ქვეყანაში. აშკარაა, ამ დიდი უბედურების მიზეზი სხვა რამ უნდა ყოფილიყო. ასეთი კი შეიძლება ოქროს ურდოსა და ყირიმში მძვინვარე ჟამიანობა მივიჩნიოთ. ამის შესახებ ცნობა დაცულია ასევე რუსულ მატიანეშიც, 1346 წლის მოვლენების მოთხრობისას: "Бысть мор силен под восточною страною: на Орначи, и на Азсторокани, и на Сараи, и на Бездежи и на прочих градех стран тех, на крестианех, и на Арменех, и на Фрязех, и на Черкасех, и на Татарех, и на Обязех, и яко не бысть кому погребати их".ამ ცნობებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოში შავი ჭირი უკვე 1346 წელს ყოფილა გავრცელებული. შესაძლოა აქედან შევიდა ეს დაავადება ტრაპიზონის იმპერიაში, სადაც ეპიდემიის გავრცელება 1347 წლის სექტემბრით თარიღდება.

სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი არ არის, რა ქმედითი ზომები მიიღო ხელისუფლებამ. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, 1346 წელს გიორგი V ბრწყინვალის გარდაცვალება ხომ არ იყო დაკავშირებული შავი ჭირის ეპიდემიასთან (ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე). რა თქმა უნდა, ამის გადაჭრით მტკიცება ჭირს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპასა თუ აზიაში არაერთი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გახდა ამ პერიოდში "შავი სიკვდილის"მსხვერპლი. წყაროებიდან ასევე მტკიცდება, რომ ჟამიანობა რამდენიმე წელს გაგრძელებულა საქართველოში, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ის პერიოდულად იჩენდა თავს XIV საუკუნის 40-60-იან წლებში.

სვანეთში სეტის, ლაღამისა და ლაჰილის თემებისთვის შედგენილი საბუთებიდან კი ამ სენის საქართველოში შემოსვლის გეოგრაფიაც კარგად იკვეთება და გავრცელების მასშტაბებიც. ჟამიანობა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოუტანიათ. უკანასკნელ ხანს ამ საკითხს საგანგებო სტატია უძღვნა ვაჟა კიკნაძემ და დოკუმენტების ერთი ნაწილი შეისწავლა (იხ. მისი სტატია: "ახალი მასალა XIV საუკუნეში საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შესახებ (სვანური საბუთები), ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები XIV-XV, თბ. 2016-2017). ავტორმა ყურადღება მიაქცია ერთ-ერთ დოკუმენტს (სულ სამი დოკუმენტი აქვს განხილული), რომელშიც აღნიშნული იყო: "ესე დაწერილი, დაუწერეთ სეტისა სოფელმან, მტკიცე და უქცეველი, მას ჟამსა, ოდეს ჩვენად უკითხავად (თემის წევრი) ოსეთს წავიდეს, ორასისა თეთრისა იბარა წაუღოთ, თუ ვინ ჰავისა სენითა დასნეულდეს, იგივე ორასისა თეთრი იბარა გარდავახდევინოთ. რაიც ქნილა, თუ რაი(მე) სამტრო საქმე მოჰყვეს პირი და პასუხვისა გამცემი სეტისა და ლაღამისა ხევი ვართ. ამისა გათავებისა თაუსდებად დაგვიწერია სამება სკარეშისა, მთავარმოწამე სეტისა"(XIV ს. I ნახევარი). მკვლევრის თქმით, "საბუთიდან ჩანს, რომ თემი შეშფოთებულია იმით, რომ აკრძალვის მიუხედავად, თემის წევრები "ოსეთში", ანუ კავკასიის ქედს გაღმა მიდიან, სადაც როგორც ვაჩვენეთ, შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებს... "ერთობილი"თემი მკაცრ ღონისძიებას მიმართავს და აკრძალვის დამრღვევისთვის ჯარიმას ("იბარას") აწესებს, 200 თეთრის ოდენობით".

სვანეთის ისტორიულ საბუთებში შემონახულია კიდევ სხვა დოკუმენტებიც, რომლებშიც რეგიონში არსებულ დიდი ჟამიანობის შესახებაა საუბარი. ეს არის "დაწერილი მიქელაის-ძის მოხერის მთავარანგელოზისადმი"და "დაწერილი გიორგი როჩაგიანისა მოხერის მთავარანგელოზისადმი". ორივე შემწირველი ერთსა და იმავეს იმეორებს: "ოდეს ჰავისა ჟამისა შემოსლვამა ქვეყანა დააშავა", მოგანდე ჩემი თავი და ჩემი შვილებიო. გენერალი პავლე ციციანოვი (1754-1806), რუსეთის იმპერიის ქართველი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარსარდალი იყო იმ პერიოდში (1802-1806), როცა ჩვენთან შავი ჭირი კვლავ გამოჩნდა

ამ საბუთში საინტერესოა შავი ჭირის სახელწოდება - "ჰავისა სენი"- "ჰავისა ჟამი"- "ძნელი სენი". როგორც ზევით ვაჩვენეთ, შუა საუკუნეებში შავი ჭირის გამომწვევად მიიჩნეოდა დაბინძურებული ჰაერი, ამიტომაც, ერთნი მას "ჰავის სენს"ან "ჰავის ჟამს"უწოდებდნენ.

1348-1365 წლებში ავგაროზ ბანდაისძის მიერ გადაწერილი პარაკლიტონის 310-ე ფურცელზე შემონახულია საინტერესო მინაწერი: "სახელისა ღვთისაითა და თანაშეწევნითა წმიდის თევდორე ლარგვსისაითა ღირსთ ვიქმენ არაღირსი მწერალი ავგაროზ ბანდაისძე აღწერად წმიდისა ამის წიგნისა... ჴელვყავ და ვიწყე წერად დიდსა სიგლახაკესა და ეტრატისა სიძვრესა და შფოთსა უცალობასა შინა წელსა მას, რომელსა იყო დიდი სიკუიდილობა. ქორონიკონი იყო ლვ (1348)... ოდეს ვიწყე წერად, ყმა ვიყავ და აქა მიმხცოვნებულმან სრულვყავ ქორონიკონსა მიგ (1365)". ამ ანდერძიდან კარგად ჩანს, რომ 1346 წელს საქართველოში დაწყებული შავი ჭირის პანდემია 1348 წელსაც მძვინვარებდა, რომელიც შემდეგ ჩაწყნარებულა. ყოველ შემთხვევაში, წიგნის გადაწერის დასრულებისას ამ ეპიდემიის მასშტაბები უკვე მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ის, რომ მთლიანად "შავი სიკვდილის"სენის გავრცელება საბოლოოდ დაძლეული არ იყო, ჩანს მეორე ფაქტიდან - 1366 წლისთვის ჟამიანობა ისევ მოედო საქართველოს. ამ სენმა სამეფო კარზეც შეაღწია. ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, შავ ჭირს ემსხვერპლა ბაგრატ V-ის მეუღლე ელენე: "გარნა მშვიდობასა ამას შინა იქმნა მომსრველი ჟამი, სრვა და სიკვდილი ძლიერი და მოისპნენ სულნი ურიცხუნი და მოკუდა ცოლი მეფისა ბაგრატისა დედოფალი ელენე". მართალია, დედოფალი 1366 წელს მიიცვალა, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ შავი ჭირის ეპიდემია ამ წელს ეწვია საქართველოს. როგორც ჩანს, პანდემიის ეს ეტაპიც დაკავშირებული უნდა იყოს ოქროს ურდოში 1364 წელს დაწყებული შავი ჭირის გავრცელებასთან. ვოლგისპირეთიდან სენი მოედო ერთი მხრივ რუსეთის ქალაქებს, ხოლო მეორე მხრივ, სავაჭრო მაგისტრალებით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას. რამდენ ხანს მძვინვარებდა შავი ჭირი საქართველოში, წყაროებში მითითებული არ არის. არც მსხვერპლის რაოდენობის შესახებ არის ცნობები, მაგრამ გამონათქვამები "ბევრი ამოწყდა", "დიდი სიკვდილიანობა", "სიკვდილი ძლიერი"მეტყველებენ შავი ჭირის პანდემიის მასშტაბებზე, ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც საქართველო მოქცეული იყო მომაკვდინებელი სენის გავრცელების არეალში, ისევე როგორც ბიზანტია, ტრაპიზონის იმპერია, ევროპული სახელმწიფოები და, შესაბამისად, მსხვერპლი ჩვენშიც დიდი იქნებოდა. თუ წარმოვიდგენთ საერთო სურათს, შეიძლება ვარაუდის სახით დავუშვათ, რომ XIV საუკუნეში შავი ჭირის პანდემიის სხვადასხვა ეტაპს შეიძლება ემსხვერპლა, სულ მცირე, მოსახლეობის 10-20%-მდე. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა მეტი ყოფილიყო. საქმე ის არის, რომ ეს სენი მთლიანად თაობას დაატყდა თავს. 1346-1348 და 1365-1366 წლებში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება სუფევდა ქვეყანაში, თუმცა მათ შუალედშიც არაერთხელ გააქტიურდებოდა ლოკალური კერები. ამ ოცწლიან პერიოდში ჟამი მუსრს ავლებდა მოსახლეობას. ეს კი, ძირითადად, იყო XIV საუკუნის 10-30-იან წლებში დაბადებული თაობა. რეალურად, XIV საუკუნის შუა პერიოდში (1346-1366 წწ.) საქართველოს დემოგრაფიული სურათი კარდინალურად უნდა შეცვლილიყო. იქნებ ამანაც განაპირობა, რომ თემურ-ლენგის შემოსევების ჟამს ქვეყანას არ გააჩნდა სათანადო ადამიანური რესურსი, რათა მტრისთვის უფრო ქმედითი წინააღმდეგობა გაეწია.

გვიან შუა საუკუნეებშიც ჟამიანობა დროდადრო თავს იჩენდა. 1566 წელს "დიდი ჟამი შეიქმნა", რომელიც დასავლეთ საქართველოშიც გავრცელებულა 1568 წლისთვის. 1684 წელს "კიდევ ჟამი გაჩნდა", რომელიც შემდეგ პერიოდშიც აღინიშნა. 1694 წელს ჟამიანობამ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი საქართველოს მოსახლეობას. XVIII საუკუნეშიც რამდენჯერმე აღირიცხა შავი ჭირის გავრცელების შემთხვევა. რუსეთთან შეერთების წინაც, 1797 წლის ზაფხულში აღმოსავლეთ საქართველოში ჟამიანობამ იჩინა თავი. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. დიდი იყო მსხვერპლი თბილისში. ერეკლე II და სამეფო ოჯახი თელავში გაიხიზნა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1798 წლის 20 იანვარს მეფე ერეკლე. მეფის ცხედარი გომბორის გზით თელავიდან მცხეთას წამოასვენეს. თბილისის გვერდის ავლით, ავჭალის მიდამოებში არაგვის პირას დაასვენეს. მცხეთელებმა ფეხით გადმოლახეს არაგვი, სიფრთხილის გამო ერეკლეს კუბოს სვეტიცხოველში არავინ გაჰყოლია, კარის მოძღვარ ქრისტეფორე ბადრიძე-კეჟერაშვილის გარდა. მანვე ბერების დახმარებით წესი აუგო მეფეს და აღაპიც გადაუხადა. 1797-1798 წლების შავი ჭირის ეპიდემია მალე ჩაქრა, გაზაფხულზე სამეფო კარი თბილისში დაბრუნდა.

XIX საუკუნის დასაწყისში შავმა ჭირმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი საქართველოს მცხოვრებთ. 1802-1812 წლებში პერიოდულად ჟამიანობა თავს იჩენდა მესხეთში, ქართლ-კახეთში, თბილისში, იმერეთში. რამდენიმე ათასი ადამიანი შეეწირა ამ დროს შავი ჭირის ეპიდემიას.

ოფიციალური ინფორმაციით - 1570, თუმცა, სავარაუდოდ, მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო. მთავრობის განცხადებაში ვკითხულობთ: "ორივე სქესის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გადამდები დაავადების არსებობის მანძილზე: ტიფლისში გადამდები დაავადების გაჩენიდან, სანამ მას აღიარებდნენ შავ ჭირად, გარდაიცვალა 50 ადამიანი. ამავე ქალაქში გასული 1803 წლის 15 ივლისიდან მიმდინარე წლის 1 ივნისამდე სამხედრო წოდების - 146 ადამიანი, პირადი შემადგენლობის რაზმის ჯარისკაცები - 18 ადამიანი, მთიანი რაზმის ოსტატების - 1 ადამიანი, მოსამსახურეები - 11 ადამიანი, სხვადასხვა წოდების, ორივე სქესის ქართველები, სომხები და რუსები - 141 ადამიანი, ექიმი - 1, სულ - 368 ადამიანი. საქართველოს ლორეს მაზრაში თათრები და სომხები - 382 ადამიანი; თელავში - კომენდანტი ცოლთან და ქალიშვილთან ერთად - 3, სამხედრო წოდების - 35 ადამიანი, საშტატო რაზმის ჯარისკაცები - 6 ადამიანი, ორივე სქესის მცხოვრებლები - 45 ადამიანი, სულ - 89 ადამიანი. თელავის მაზრაში მაცხოვრებელთა - 75 ადამიანი; გორში მცხოვრებთა ორივე სქესის - 49 ადამიანი, გორის მაზრაში მცხოვრებლები - 249 ადამიანი; დუშეთში მყოფი სამხედრო ჩინების 18 ადამიანი, საშტატო რაზმის ჯარისკაცები - 7 ადამიანი, სხვადასხვა წოდების - 77. სულ - 102 ადამიანი; ანანურში მცხოვრები - 5 ადამიანი, ანანურის მაზრაში მცხოვრებთა - 247; ეფრემოვის დონის კაზაკთა მე-3 პოლკში - 4 ადამიანი, სულ - 256; და სულ ყველა - 1 570 ადამიანი". ხოლო ამ სენით სხვა სამხედრო წოდების გარდაცვლილებზე თელავის, ანანურის, გორისა და ლორეს მაზრებში ეს ექსპედიცია ინფორმაციას არ ფლობს (Акты 1868: Акты, Т. II, გვ. 262)".

XIX საუკუნის 90-იან წლებში ჭირის გამომწვევი მიკრობის აღმოჩენისთანავე ეს ცნობა მთელ მსოფლიოს მოედო. ეს მოვლენა ქართული პრესის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ყველა წამყვანი გაზეთი წერდა შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზე. ტარდებოდა საჯარო ლექციები. XIX საუკუნის მიწურულის პრესაში ამ პრობლემის თაობაზე აქტიურად წერდა ექიმი გიორგი ბადრიძე, რომელმაც არაერთი სტატია გამოაქვეყნა ამ საკითხზე. მასვე ეკუთვნის 1897 წელს გამოცემული ცალკე ბროშურა "შავი ჭირი (ჟამი)". აქვე უნდა ითქვას, რომ XIX საუკუნის მიწურულს წერილები საინტერესოა იმით, რომ ამ მასალებში საუბარია შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლის როგორც ძველ წესებზე, ასევე სიახლეებზე, რომლებიც 1894 წლიდან მედიცინაში დამკვიდრდა. გაზეთი "მეურნე"1897 წლის თებერვლის ნომერში წერდა: "1894 და 1895 წლებში ჰოკონგოში (ჰონკონგი - ჯ.ს.) ჩინელნი სცხოვრობენ უწმინდურათ და ჯგუფათ. ხოლო ევროპელთა უბნებში, საცა ფართოობა, ხალვათობა და სიფაქიზეა, ჭირი არ მიჰკარებია. ეხლაც ბომბეაში იმ სახლებში, საცა ევროპელნი დგანან, ჭირი არავის შეჰყრია, თუმცა ჭირისაგან დახოცილი თაგვებიც კი უპოვიათ იმავე სახლში... საკმაოა, რომ საეჭვო ნახმარი თუ ნაქონები დიდხანს ვამყოფოთ რეომურის 60-გრადუსიან სიცხეში, ან ცოტა ხნობით 100 გრადუსიანშიო (რეომიურის სისტემაში 80 გრადუსი უტოლდება ცელსიუსის 100 გრადუსს - ჯ.ს.). ამის შემდეგ მათი ხმარება საშიში აღარ არისო. სხვა რაღაც შებოლება და სხურება წამლებისა ჰაერის გასაწმენდად სულ უქმია და ამიტომ სჯობს ამაებზე იმედი არ იქონიონო". ქართული პრესა თვალს ადევნებდა რუსეთსა და ევროპაში არსებულ სამედიცინო გამოცემებსა და შავი ჭირის თაობაზე საინტერესო სტატიის გამოქვეყნებისთანავე მის მოკლე რეფერატს აცნობდა მკითხველს. საფრანგეთის მეფე ფილიპე VI (ჟან დე ტილეს წიგნიდან "საფრანგეთის მეფეები")

1911 წლის იანვრის დასაწყისში შავი ჭირი აღინიშნა ბათუმში. იმ პერიოდის პრესა წერდა: "საშინელმა სენმა კვლავ იჩინა თავი ბათუმში. ამ დღეებში იქ ავად გახდა ორი კაცი. ერთი მათგანი არდაგანის პოლკის ჯარისკაცი. ავადმყოფები ქალაქის გადამდებ სენით ავადმყოფთა საავადმყოფოში წაიყვანეს".

დღეს კორონავირუსის გავრცელებამ საზოგადოებას აჩვენა, რა მძიმეა პანდემიასთან ბრძოლა. ძლიერ სუპერსახელმწიფოებს უჭირთ ამ პრობლემასთან გამკლავება. აღარაფერს ვამბობ დღევანდელ სამედიცინო სისტემასა და შუა საუკუნეების სამედიცინო ცოდნის შედარებაზე. ამას ემატება მთელი მსოფლიოს შეკავშირებული ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ, რაც წარმოუდგენელი იყო საუკუნეების წინ. ამჟამად ინფორმაციის სწრაფმა გაცვლამ საშუალება მისცა სახელმწიფოებს, შედარებით მომზადებული დახვედროდნენ ამ გამოწვევას. შუა საუკუნეებში კი ჟამიანობა ერთბაშად დაატყდებოდა აზიისა თუ ევროპის ქვეყნებს. შველა არსაიდან იყო. მიუხედავად ამისა, წყაროებიდან ჩანს, რომ მაგალითად, საქართველოში საზოგადოებას ჰქონდა თვითორგანიზების საოცარი უნარი. არ ერიდებოდნენ კარანტინის დარღვევის შემთხვევაში მაღალ ჯარიმებს. დაღუპულებს საგანგებო ადგილას მარხავდნენ. სვანეთში ცალკეული თემის გადაწყვეტილებით, ჟამიანობის დროს გარდაცვლილი ცალკე უნდა დაეკრძალათ და არავის ჰქონდა ამის გაპროტესტების უფლება.

მკვლევარი ალექსანდრე ყამარაული თავის ნარკვევში "ხევსურეთი" (თბილისი, 1932) წერდა: "შატილიდან 4 კილომეტრის მანძილზე მდინარე არდოთისა და არგუნის შესართავთან, მაღალ კლდეზე მდებარეობს მკვდარი ქალაქი - ანატორი, რომლის აღმოცენებაც, თუ ძველ თქმულებებს დავუჯერებთ, ეკუთვნის იმ დროს, როდესაც ამ მხარეში მძვინვარებდა ეპიდემია და ხალხი ამ ავადმყოფობის თავიდან აცილების მიზნით აგებდა განსაკუთრებულ ბინებს, სადაც ათავსებდენ ავადმყოფებს". გადმოცემით, ანატორის აკლდამებში შავი ჭირისგან დაავადებულნი თავის ფეხითაც მიდიოდნენ, ჯანმრთელ მოსახლეობას რომ განრიდებოდნენ. ეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაგალითია. ბევრს ეგონა, რომ დღევანდელ ქართველობას კრიტიკულ სიტუაციაში ზერელე დამოკიდებულება ექნებოდა პრობლემისადმი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორგანიზებულობა, სოლიდარობა, კანონისა და დადგენილი წესების დაცვა სხვა, დაწინაურებული ქვეყნების მსგავსად ჩვენც შეგვიძლია. ამ ყველაფრის ფესვები ჩვენს ისტორიაშია, არაორგანიზებული ერი ვერასდროს შექმნის სახელმწიფოს, კულტურას, სოციალურ სისტემას - მოკლედ, თავის ლოკალურ ცივილიზაციას, ჩვენ კი ეს ყოველივე ათასწლეულის წინ ჩამოვაყალიბეთ. XIX-XX საუკუნეებში სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ შეგვიცვალა წესი და ნირი, დღეს კი ქართველობა თავის ძველ სახეს იბრუნებს - მაღალი სახელმწიფოებრივი კულტურის ერისას.

ჯაბა სამუშია ჟურნალი "ისტორიანი" #113