პირველი რესპუბლიკის არმიის მთავარსარდლები - კვირის პალიტრა

პირველი რესპუბლიკის არმიის მთავარსარდლები

პირველი რესპუბლიკის პერიოდში მთავარსარდლის თანამდებობა მხოლოდ საომარი საფრთხის ან ომის პერიოდში იქმნებოდა. კანონის მიხედვით, მათ ოპერატიულ გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებში ჩარევის უფლება არავის ჰქონდა. 1918-1921 წლებში, სხვადასხვა პერიოდში მთავარსარდლად სამი გენერალი დაინიშნა: გიორგი კვინიტაძე, ალექსანდრე გედევანიშვილი და ილია ოდიშელიძე.

სამივე მათგანს სამხედრო სამსახური მეფის რუსეთის არმიაში ჰქონდა დაწყებული, დამთავრებული ჰქონდათ გენერალური შტაბის აკადემია, კვინიტაძეს და ოდიშელიძეს -პირველი თანრიგით, ხოლო გედევანიშვილს -მეორე თანრიგით. ოდიშელიძესა და კვინიტაძეს მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში, გედევანიშვილს კი პირველ მსოფლიო ომში. რესპუბლიკის სამსახურში შესვლისას, მათ დიდი თეორიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდათ.

გიორგი კვინიტაძე (1874-1970)

გენერალი კვინიტაძე დაიბადა პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში, რომელიც იყო რუსეთის არმიის ოფიცერი, კავკასიისა და თურქესტანის ომების გმირი, თუმცა, შვილს ბავშვობიდანვე უნერგავდა დამოუკიდებლობის, დიდ იმპერიებთან ბრძოლისა და მათი დამარცხების იდეას. გიორგი კვინიტაძემ 1894 წელს პირველი თანრიგით დაამთავრა პეტერბურგის არტილერისტთა სამხედრო სასწავლებელი, კაპიტნის წოდებით მეთაურობდა ასეულს რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში. ამ ომის შემდეგ, 1910 წელს პირველი თანრიგით დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია, აკადემიის დამატებითი კურსი კი წარჩინებით. პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, იყო პოლკის მეთაური, ასევე ბრიგადის, დივიზიისა და ოგნოტის თავდაცვითი ოპერაციის დროს (თურქეთისა და რუსეთის არმიების დაპირისპირება კავკასიის ფრონზე 1916 წელს, სოფელ ოგნოტთან), საოპერაციო ჯგუფის შტაბის უფროსი. ეს ჯგუფი შედგებოდა ორი დივიზიისა და ერთი ბრიგადისგან. პირველი მსოფლიო ომის დროს, ასევე 1916 წელს გახდა პოლკოვნიკი, ხოლო ამიერკავკასიის რესპუბლიკის პერიოდში, 1918 წლის მაისში კი გენერალი და ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავარსარდალი. რუსულ არმიაში სამსახურის დროს, სხვა მრავალ ორდენთან ერთად, დაჯილდოებული იყო წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით.

გენერალი კვინიტაძე არ ყოფილა ქართველ გენერლებს შორის ყველაზე გამოცდილი და მაღალ თანამდებობებზე ნამსახურები გენერალი, მაგრამ ის მათ შორის ყველაზე განათლებული, ენერგიული, ინიციატივიანი, დისციპლინიანი და ქარიზმატული პიროვნება გახლდათ, ამასთანავე, ფიცხი და ჯიუტი. არ იყო კარიერისტი. შეეძლო ქაოსური სიტუაციის მართვა და წესრიგის დამყარება. მის შესახებ საბჭოთა რუსეთის სამხედრო დაზვერვა წერდა: "ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა-აღტკინება, შეტევა, ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა; იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა". 1917-1918 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გენერალი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მცირე ხნის განმავლობაში ეკავა სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე დისკუსიაში. მისი მოსაზრებით, აუცილებელი იყო მხოლოდ რეგულარული არმიის ჩამოყალიბება, თუმცა მის ჩამოყალიბებამდე, სახალხო გვარდიის არსებობის წინააღმდეგი არ ყოფილა. კვინიტაძე სამხედრო სამინისტროს სათავეში სამხედრო პირის დანიშვნასა და ჯარის ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებას ითხოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ კვინიტაძე და რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტა არცთუ იოლად ეწყობოდნენ ერთმანეთს. გიორგი კვინიტაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ემიგრაციაში

1918 წლის დეკემბერში გიორგი კვინიტაძე დაინიშნა სომხეთ-საქართველოს ომის სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საველე შტაბის უფროსად და წარმატებულ ოპერაციაში საკუთარი წვლილი შეიტანა. მან 1919 წლის თებერვალ-მარტში ახალციხესა და არდაგანში წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, სადაც ე.წ. სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის მთავრობის შეიარაღებული ფორმირებები და ადგილობრივი სეპარატისტები გაანადგურა. დამფუძნებელი კრების კომისია აღფრთოვანებული იყო მისი საქმიანობით: "ის თავის საქმის ზედმიწევნით მცოდნეა. მას აქვს გარკვეული კურსი, შეურყეველი ლოღიკა, რისი წყალობითაც საოცარი დისციპლინა და წესიერება დაამყარა როგორც შტაბში, აგრეთვე მთელ ჯარშიაც. შტაბის მუშაობა ისე სწარმოებს, თითქოს მის გარშემო მშვიდობიანი დროის წესიერება მეფობდეს და არა ომის არევ-დარევა. განცვიფრებას იწვევს განსაკუთრებით ჯარის დისციპლინა და სულიერი განწყობა. ჩვენი ჯარის გამარჯვება უეჭველი გენერალ კვინიტაძის პიროვნებას უნდა მიეწეროს". კვინიტაძემ დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და ხელმძღვანელობდა მას სხვადასხვა პერიოდში.

1920 წლის 29 აპრილს გენერალი გიორგი კვინიტაძე შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა და ამავე წლის მაისში, უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები დაამარცხა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, გენერალი ილია ოდიშელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად, მთავარსარდლად კვლავ გენერალი კვინიტაძე დანიშნეს, რომელმაც ხელთ არსებული მცირე ძალებით თბილისის დაცვა გადაწყვიტა და დედაქალაქის თავდაცვის სამი სექტორი ჩამოაყალიბა.

გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა, 24 თებერვლის საღამოს დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვიტა რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან რუსული ცხენოსანი დივიზიების მანევრების გამო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა. თბილისიდან უკან დახევის შემდეგ ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა და მცხეთის პოზიციებზე გამაგრება ვერ მოხერხდა. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ გენერალი კვინიტაძე, მთავრობის ნაწილისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში. გარდაიცვალა 1970 წელს. გენერლის ხსოვნა რესპუბლიკის მოქალაქეებმა ხალხურ ლექსში ასახეს:

კოჯრის მთაზე დაფლეთილი,

თეთრი დროშა ფრიალებდა.

კვინიტაძის ზარბაზნები

ისროდა და გრიალებდა.

დღევანდელ დღეს, თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა, მის სახელს ატარებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამორჩეულ ოფიცრებს, მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისათვის აჯილდოებს მედლით "გენერალი კვინიტაძე".

ილია ოდიშელიძე

(1865-1920/30-იანი წლები) ილია ოდიშელიძე პირველი რესპუბლიკის არმიის გენერალთაგან ყველაზე გამოცდილი და საიმპერატორო არმიაში მაღალ თანამდებობაზე ნამსახურები გენერალი იყო. მან 1888 წელს დაამთავრა მოსკოვის ალექსანდრეს სახელობის ქვეითი სასწავლებელი პირველი თანრიგით, პირველივე თანრიგით დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია 1894 წელს. პოლკოვნიკის წოდებით იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში და იყო დივიზიის შტაბის უფროსი. პირველი მსოფლიო ომის წინ ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის წოდება და თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი გახლდათ. პირველ მსოფლიო ომში 1914 წელს იყო მე-10 არმიის შტაბის უფროსი, 1914-დან 1917 წლამდე -პირველი არმიის შტაბის უფროსი. 1915 წლის თებერვალ-მარტში, მის მიერ შემუშავებული საბრძოლო ოპერაციის გეგმის მიხედვით მოახერხეს პირველმა და მეთორმეტე რუსულმა არმიებმა გენერალ მაქს ფონ გალვიცის საარმიო დაჯგუფების დამარცხება და პრასნიშის აღება (ქალაქი პოლონეთში ვარშავიდან 100 კმ-ში). ამ წარმატებული ოპერაციის შედეგად მათ ტყვედ აიყვანეს 63 გერმანელი ოფიცერი და 6776 ჯარისკაცი. ხელში ჩაიგდეს 12 ქვემეხი, 39 ტყვიამფრქვევი, 1 აეროპლანი და ასევე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები. ამ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების გამო, პირველი არმიის სარდალმა ალექსანდრ ლიტვინოვმა ოდიშელიძე წარადგინა წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენზე, თუმცა არ მისცეს, რადგანაც ორდენის მისაღებად საჭირო იყო არა მხოლოდ ჩანაფიქრი და დაგეგმვა ყველა ეტაპზე, არამედ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. სანაცვლოდ გადასცეს სხვა ნაკლებ პრესტიჟული ორდენები. საერთოდ, რუსულ არმიას გერმანელებთან ომი ძალიან უჭირდა და იშვიათად ახერხებდა მათთან გამარჯვებას. 1917 წელს მეთაურობდა მე-15 საარმიო კორპუსს. ამავე წელს, მცირე ხნით, მეთაურობდა პირველ და მესამე არმიებს. 1917 წლის ოქტომბერში დაინიშნა კავკასიის არმიის მთავარსარდლად. მონაწილეობდა კავკასიის ფრონტზე ნაციონალური კორპუსების ჩამოყალიბებაში. რუსულ არმიაში სამსახურის დროს, მრავალ ჯილდოსთან ერთად, მან მიიღო წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი.

1918-1921 წლებში გენერალი ოდიშელიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მონაწილეობდა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ არსებულ დისკუსიებში. იყო სამხედრო საბჭოს წევრი. 1918 წლის ზაფხულში მცირე ხნით იყო სამხედრო მინისტრის მოადგილე, იგი ამ პოსტზე დაბრუნდა 1920 წლიდან და იყო მინისტრის მეორე მოადგილე სამწყობრო მომზადების დარგში. ჩართული იყო პარიზის საზავო კონფერენციაზე გაგზავნილი ქართული დელეგაციის მუშაობაში, მუშაობდა იარაღის შესყიდვის საკითხებზე. 1920 წლის დეკემბერში გენერალი ოდიშელიძე შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 11-16 თებერვლის ბრძოლებში განცდილი კატასტროფული მარცხის გამო, გენერალი ილია ოდიშელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დანიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ოდიშელიძე ძალიან გამოცდილი, პიროვნულად მამაცი და იმავდროულად განათლებული გენერალი იყო, მას აკლდა მთავარსარდლისთვის საჭირო თვისებები. უჭირდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფ არმიაში სამსახური, იყო ლოიალური და პოლიტიკოსებთან დისკუსიაში საკუთარი პოზიციის თამამად დაცვა უჭირდა, ასევე, ხელქვეითების მოქცევა საკუთარი გავლენის ქვეშ. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა, მისი გარდაცვალების დრო და ადგილი უცნობია. სავარაუდოდ, გარდაიცვალა სტამბოლში.

გენერალი ილია ოდიშელიძე, კავკასიის ფრონტზე. ყარსი, 1917 წ. გიორგი მამულიას პირადი კოლექცია

ალექსანდრე გედევანიშვილი

(1870-1933)

ალექსანდრე გედევანიშვილმა 1889 წელს პირველი თანრიგით დაამთავრა პეტერბურგის პავლეს სახელობის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი. 1900 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია მეორე თანრიგით. პირველ მსოფლიო ომს პოლკოვნიკის წოდებით შეხვდა, 1915 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, ომის დასაწყისში 203-ე ქვეითთა პოლკს მეთაურობდა, ხოლო 1917 წელს 51-ე მსროლელ დივიზიას ედგა სათავეში. რუსულ არმიაში სამსახურის დროს მან მრავალი ჯილდო მიიღო, მაგრამ ყველაზე პრესტიჟული წმინდა გიორგის ორდენი-არა!

1918-1921 წლებში გენერალ ალექსანდრე გედევანიშვილს სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა უცვლელად ეკავა. 1918 წლის ზაფხულიდან 1919 წლის გაზაფხულამდე იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. შეიარაღებულ ძალებში იგი ერთ-ერთი მთავარი საკვანძო პირი იყო. აქტიურად მონაწილეობდა არმიის ჩამოყალიბებისა და რეორგანიზაციის პროცესში არსებულ დისკუსიებში. უპირატესობას ანიჭებდა რეგულარულ ჯარს, თუმცა შესაძლებლად მიიჩნევდა გვარდიის სისტემის შენარჩუნებას, უფრო მეტი კოორდინაციით. მიუხედავად გამოცდილებისა და განათლებისა, მას აკლდა პრინციპულობა და უფრო პირად კომფორტსა და თბილ სკამზე მზრუნველი პიროვნება იყო. თბილისში დადიოდა ხმები და ამას საბჭოთა რუსეთის სამხედრო ატაშე, პავლე სიტინიც აღნიშნავდა თავის საიდუმლო ანგარიშში, რომ გენერალი ხშირად ხარჯავდა ძალიან დიდ თანხას კაზინოებში, მის შემოსავალთან შედარებით გაცილებით დიდ თანხას. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი გედევანიშვილი საქართველოში დარჩა და ერთი ხანობა ქართულ წითელ ჯარში მსახურობდა. გარდაიცვალა 1933 წელს.

დიმიტრი სილაქაძე ჟურნალი "ისტორიანი" #113