საქართველოს სახელმწიფო გერბის ისტორია - კვირის პალიტრა

საქართველოს სახელმწიფო გერბის ისტორია

ნაწილი IV

ერეკლე II-ის მეფობისას შექმნილი ქართლ-კახეთის გერბის ნიმუშები

რუსეთის იმპერიაში დიპლომატიური მისიით მყოფი ქართლის მეფე თეიმურაზ II (1695-1762) პეტერბურგში გარდაიცვალა 1762 წლის 8 იანვარს, 61 წლის ასაკში. იგი ასტრახანში გადაასვენეს და მიძინების ტაძარში დაკრძალეს თავისი სიმამრის -ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის გვერდით.

თეიმურაზ II-ის ვაჟმა და ლეგიტიმურმა მემკვიდრემ -კახეთის მეფემ ერეკლე II-მ (1720-1798), რომელიც 41 წლისა იყო, უმეფოდ დარჩენილი ქართლი თავის სამფლობელოს შეუერთა და აღმოსავლეთ საქართველო ერთ სამეფოდ გააერთიანა.

ქართლ-კახეთში ერეკლე II-ის მეფობის ხანაში (1762-1798) სახელმწიფო გერბის არაერთი ნიმუში შეიქმნა.

ქართული გერბთმცოდნეობის ძეგლთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სრულქმნილი ნიმუშია ქართლ-კახეთის დიდი სახელმწიფო გერბი. იგი ქართულ ჰერალდიკურ სიმბოლოებთან ერთად მოიცავს მეზობელი, კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის ქვეყნების სიმბოლიკასაც. ამით მან განაგრძო და განავითარა ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ვახუშტი ბაგრატიონმა ჩაუყარა.

თორნიკე ასათიანის ნაშრომში "ქართული გერბთმცოდნეობა (ჰერალდიკა)" მართებულად არის აღნიშნული: "კავკასიის მხარეთათვის გერბების შედგენით ვახუშტი ბატონიშვილმა დასაბამი მისცა ტრადიციას, რომლის მიხედვით, მთელი რეგიონი საქართველოს პრიორიტეტით ერთ ჰერალდიკურ სივრცედ აღიქმება. ტრადიცია გააგრძელა ერეკლე II-მ". გეორგიევსკის ტრაქტატზე დართული ლუქის საკიდი ბეჭედი ქართლ-კახეთის სამეფოს იმდროინდელი მცირე გერბის გამოსახულებით

1783 წლის 24 ივლისს, ჩრდილოეთ კავკასიაში აგებულ გეორგიევსკის ციხესიმაგრეში გაფორმდა ტრაქტატი, რომლის თანახმადაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა. ტრაქტატს ხელი მოაწერეს: იმპერატრიცა ეკატერინა II-ის (მეფობდა 1762-1796 წლებში) წარმომადგენელმა პავლე პოტიომკინმა და ერეკლე II-ის წარმომადგენლებმა: მისმა სიძემ -იოანე მუხრანბატონმა (რომელიც მეფის ასულ ქეთევან ბატონიშვილის მეუღლე იყო) და გარსევან ჭავჭავაძემ.

გეორგიევსკის მფარველობითი ტრაქტატი რატიფიცირებულ იქნა ჯერ ეკატერინა II-ის, ხოლო მომდევნო წლის 24 იანვარს-ერეკლე II-ის მიერ. სარატიფიკაციო სიგელზე მეფის ხელრთვის გარდა, არის წარჩინებული თავადების -დავით ორბელიანისა და ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ხელმოწერებიც.

ბაგრატ ბატონიშვილის (1776-1841) თხზულებაში "ახალი მოთხრობა" ვკითხულობთ, რომ ტრაქტატის დადების შემდეგ, "იმპერატრიცამ უბოძა მეფესა სამეფო ნიშანნი, ესე იგი: გვირგვინი, სკიპტრა, პორფირი და დროშა. ხოლო კავალერია ანდრია პირველწოდებულისა აქვნდა მიღებულ დროსა ღიანარალ ტოტლებენისათა".

ტრაქტატს ერთვოდა ლუქის საკიდი ბეჭედი, რომელზეც გამოსახული იყო ქართლ-კახეთის სამეფოს იმდროინდელი გერბი-ორად გაყოფილი მართკუთხა ფრანგული ფარი. ზედა ნაწილში გამოსახული იყო რუსეთის გერბი -ორთავიანი არწივი, ხოლო ქვედა ნაწილი ოთხად იყოფოდა. მათ გადაკვეთაზე, შუაში გამოსახული იყო ფარზე აღბეჭდილი უფლის კვართი. ფარის ერთ მეოთხედში იყო ჯვრიანი სფერო, მეორეში -მეფსალმუნე მეფის დავითის ქნარი, მესამეში -გადაჯვარედინებული სკიპტრა და მახვილი, ხოლო მეოთხეში -დავითის შურდული. ფარი დამშვენებულია ორიგინალური გვირგვინით, რომელიც ჰერალდიკაში ცნობილია "ივერიული" ანუ ქართული გვირგვინის სახელით. ფარს გარს აკრავს რუსეთის უმაღლესი საიმპერიო ჯილდო -წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენი თავისი საორდენო ჯაჭვითურთ. ამ ორდენით ეკატერინა II-მ 1769 წელს დააჯილდოვა ერეკლე II.

ვახტანგ VI-ის პირადი გერბის შექმნის შემდეგ, რომელსაც მეფის კუთვნილი წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის გამოსახულება ამშვენებდა, ეს იყო მეორე შემთხვევა ამ ჯილდოს ქართულ გერბზე გამოსახვისა.

აღწერილი გერბი ზუსტად ასახავს იმდროინდელ პოლიტიკურ რეალობას -რუსეთის მფარველობაში შესულ ქართლ-კახეთის სამეფოს.

ორი დამოუკიდებელი დოკუმენტის სახით გაფორმებული სარატიფიკაციო სიგელის ფურცლების გადანაკეცზე (ყუაში) გატარებულია ზონარი, რომელზეც ცალ-ცალკე შეკიდულია დიდი ზომის გერბიანი ბეჭედი -ქართლ-კახეთის სამეფოს დიდი სახელმწიფო ბეჭედი, რომლის დიამეტრია 14,5 სმ. ეს გახლავთ ანაბეჭდი წითელი ფერის ლუქზე, რომელიც ჩასმულია საგანგებოდ დამზადებულ ლითონის ყუთში.

ბეჭედზე სრული სახით არის გამოსახული ქართლ-კახეთის სამეფოს გერბი, ხოლო თვით დოკუმენტში ასევე სრულად არის წარმოდგენილი ერეკლე II-ის ტიტულატურა.

თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაბამისი ამონარიდი უცვლელი სახით მოგვყავს სარატიფიკაციო სიგელის როგორც რუსული, ასევე ქართული ტექსტიდან: "Ираклий Вторый, божиею милостию и вашего императорскаго величества благоволением царь Грузинский, царь Кахетинский, наследный владетель Самцхе-Саатабагский, князь Касахский, князь Борчальский, князь Шамшадильский, Какский, князь Шекский и Ширванский, владетель и повелитель Генжинский и Ериванский" ირაკლი მეორე, წყალობითა ღმრთისათა და თქუენის იმპერატორების დიდებულებისა კეთილნებობითა მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილისა, მთავარი კაკისა, მთავარი შაქისა და მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა".

ბეჭედზე წარმოდგენილი ქართლ-კახეთის სამეფოს დიდი სახელმწიფო გერბის ცენტრში მოთავსებულია ზემოთ აღწერილი გერბი, ხოლო მის გარშემო წარმოდგენილია გერბები ამ გაერთიანებული სამეფოს საზღვრებში მოქცეული აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხარეებისა. მათ შორის იყო როგორც უშუალოდ ქართლ-კახეთი, ასევე შემდეგი პროვინციები: 1) ქართლის სამხრეთ ნაწილში მდებარე "ბორჩალო" (რომელსაც ეს სახელი მის ტერიტორიაზე შაჰ-აბას I-ის ბრძანებით XVII საუკუნის დასაწყისში დასახლებული ერთ-ერთი თურქმანული ტომის -"ბორჩალუს" გამო დაერქვა);

2) წარსულში ზემო ქართლად წოდებული "სამცხე-საათაბაგო", იგივე მესხეთი, რომელზედაც ერეკლე II-ს, როგორც საქართველოს ერთიანი სამეფოს ყოფილ სატახტო ქალაქში -თბილისში მჯდომ ბაგრატოვან ხელმწიფეს, სავსებით კანონიერი პრეტენზია ჰქონდა;

3) კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე "კაკი", იგივე კაკ-ელისენი (წარსულში – ჰერეთი, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის იძულებითი გამუსლიმანების შემდეგ "საინგილო" ეწოდა);

4) ქართლ-კახეთის სამეფოსთან ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი სამფლობელოები (სახანო-სასულთნოები), რომლებიც ამიერკავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდნენ. მათ შორის იყო ერევანი, როგორც ნაწილი ისტორიული სომხეთისა, რომელიც ერთხანს საქართველოს ერთიანი სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, ასევე, განჯა, ყაზახი, შამშადილო (იგივე შამშადლუ), შაქი (იგივე შექი) და შირვანი.

იმდროინდელი ევროპის მოწინავე სახელმწიფოების ჰერალდიკურ სიმბოლიკაში არსებული წესის თანახმად, მთავარი გერბის გარშემო გამოსახავდნენ მცირე გერბებს, მონარქთა ტიტულატურის შესაბამისად.

ბაგრატიონთა გერბის გარშემო გამოსახულია უპირველესად ქართლ-კახეთის სამეფოს გერბი, ხოლო შემდეგ მასთან ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი სამხრეთკავკასიური სამფლობელოების გერბები. დიდი სახელმწიფო გერბის გაფორმების ამგვარი სტილი ევროპულმა ჰერალდიკამ შეითვისა ქრისტიანული ხატწერიდან, სადაც უფლის გარშემო წმინდანებს გამოსახავდნენ, როგორც ეს შენიშნული აქვს მკვლევარ დავით კლდიაშვილს (ქართლ-კახეთის სამეფოს დიდი სახელმწიფო ბეჭედი, "ომეგა", 2000, #12). მიხეილ ვადბოლსკის წიგნში "საქართველოს ჰერალდიკური სიმბოლიკა" (თბ., 1980) გამოქვეყნებული ილუსტრაცია მინაწერით: "მეფე ერეკლე II-ის დიდი სახელმწიფო ბეჭედი"

მკვლევარი თორნიკე ასათიანი წერს: "ტრაქტატის საბეჭდავზე ამოტვიფრული ბაგრატოვანთა მმართველი დინასტიისა და ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო გერბის გარშემო განლაგებულია ათი მომცრო ფარი (ოთხ-ოთხი მარჯვენა და მარცხენა ჰერალდიკური მხარიდან და ორი ქვევიდან). ისინი მეფე ერეკლეს ხელისუფლებას დაქვემდებარებულ მიწებს წარმოადგენენ, რომელთა შორის არის როგორც წმინდა ქართული მხარეები, ასევე საქართველოს მიმდებარე, ქართლ-კახეთის სამეფოს კუთვნილი, ყმადნაფიცი თუ საპრეტენზიო სამფლობელოები. ერეკლე II-მ ამ პროვინციული გერბებით, შეიძლება ითქვას, გააგრძელა ის საქმე, რომელსაც ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილმა დაუდო სათავე კავკასიის რუკას დართულ ემბლემატიკაში და რომელიც საქართველოს გავლენის სფეროს მონიშვნას ისახავდა მიზნად. საბეჭდავის ყოველ მცირე, სამხარეო ფარს ორიგინალური, როგორც ჩანს, ერეკლე II-ის ხანებში სამთავროების გერბთათვის განკუთვნილი გვირგვინი ადგას თავს".

იმავე მკვლევრის მოსაზრებით, ქართლ-კახეთის ზემოხსენებულ გერბში პირველ ნომრად მოყვანილი გერბი (ცხენოსანი წმინდა გიორგი, რომელიც შუბით ლახვრავს გველეშაპს) უნდა წარმოადგენდეს სრულიად საქართველოს, მეორე (ალმოდებული მთა, ორი ისრით ჯვარედინად გახვრეტილი) -ქართლს, მეცხრე (მგელი) -ლეკ-დაღესტანს, ხოლო მეათე (ცხენი) -კახეთს. იგი შენიშნავს: "აღწერილი გერბების უმეტესობის ატრიბუცია ძლიერ ჭირს... გეორგიევსკის ტრაქტატს დართული ერეკლე II-ის ტიტულში ჩამოთვლილი, მის მფლობელობაში მყოფი ქვეყნების თუ მხარეების ნუსხას კი ბეჭედზე აღბეჭდილი ზევით ჩამოთვლილი სამხარეო გერბების რიგი თანამიმდევრულად ვერასგზით ვერ ესადაგება".

ჩვენი აზრით, აღნიშნულ გერბში ერეკლე II ვერ შეიტანდა გერბებს იმ სამფლობელოებისას, რომლებსაც რეალურად ვერ ფლობდა. ასეთთა შორის იყო მაგალითად, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იმხანად არსებული იმერეთის სამეფო, ასევე სამეგრელოს/ოდიშის, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები, რომლებსაც თავ-თავიანთი მეფე-მთავრები ჰყავდა.

ერეკლე II თავისი სამეფოს გერბში ასევე ვერ მოაქცევდა გერბს ლეკ-დაღესტანისას, რომელიც არა მხოლოდ არ ექვემდებარებოდა ქართლ-კახეთის მეფეს, არამედ, მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები სისტემატურად ესხმოდნენ თავს აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას.

ამიტომ, ჩვენი ვარაუდით, ხსენებულ გერბზე პირველ ნომრად მოყვანილი გერბი (წმინდა გიორგი) -უნდა წარმოადგენდეს ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს გერბს, ხოლო მეორე გერბი (ისრებით ჯვარედინად გახვრეტილი, ალმოდებული მთა) -სამცხე-საათაბაგოს. მართალია, ამ გერბს ძველად მიაკუთვნებდნენ საქართველოს სხვა მხარეებს, კერძოდ, XV საუკუნის მიწურულს -ჭანეთს -გრიუნენბერგის 1483 წლის საგერბეში, რომლის შესახებაც უკვე ვწერდით ("ისტორიანი", #110), ხოლო XVII საუკუნიდან -ივერიას/ქართლს (რუსეთის სახელმწიფო გერბზე, დაწყებული 1672 წლის "ტიტულიარნიკიდან"). მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მოგვიანებით სამცხე-საათაბაგოდ წოდებული ისტორიული მესხეთი ძველად მოიაზრებოდა "ზემო ქართლად", ანუ ივერიის (იმავე იბერიის) ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად.

გეორგიევსკის ტრაქტატის საბეჭდავზე წარმოდგენილ ქართლ-კახეთის დიდ სახელმწიფო გერბზე აღბეჭდილი ცენტრალური საგერბე ფარის გარშემო შემდეგი თანამიმდევრობით არის წარმოდგენილი გერბები, რომლებიც ჩვენი აზრით განეკუთვნება ამ გაერთიანებულ სამეფოში შემავალ ანდა მასთან ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფ სამფლობელოებს (აღწერილობას გადმოვცემთ ჰერალდიკური კანონების შესაბამისად, მაყურებლისთვის მარცხნიდან მარჯვნივ და ზევიდან ქვევით):

1. ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს გერბი. მასზე გამოსახულია ცხენოსანი წმინდა გიორგი, რომელიც შუბით ლახვრავს გველეშაპს;

2. სამცხე-საათაბაგოს გერბი. მასზე გამოსახულია ალმოდებული მთა, ორი ისრით ჯვარედინად გახვრეტილი); 3. სომხეთის გერბი. მასზე გამოსახულია არარატის მთის ორ მწვერვალზე შემდგარი ბიბლიური ნოეს კიდობანი. ეს სიმბოლო გამოსახულია სომხეთის რესპუბლიკის თანამედროვე სახელმწიფო გერბის ცენტრში. აქ უნდა იგულისხმებოდეს სომხეთის ისტორიული ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც ანისის სამეფოს დაცემის (1045) შემდეგ შევიდა საქართველოს ერთიანი სამეფოს შემადგენლობაში, შემდეგ დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის შექმნის (1923) შემდეგ, მის საზღვრებში შედის; 4. განჯის სახანოს გერბი. მასზე გამოსახულია ქრისტეშობის სცენა: თაღის ქვეშ მყოფი ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და თაღს გარეთ მდგარი სამი მამაკაცი. ერეკლე II-ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, აქ გამოსახული უნდა ყოფილიყო სამი ალმოდებული მწვერვალი, რომელიც შემდეგ ბაქოს გუბერნიის გერბი იყო, ხოლო ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბია; 5. ერევნის სახანოს გერბი. მასზე გამოსახულია სევანის ტბის პირას მდგარი სამგუბათიანი მონასტერი, სავარაუდოდ -ეჩმიაძინი. მსგავსი გამოსახულება მოგვიანებით დაიტანეს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ერევნის გუბერნიის გერბზე;

6. ყაზახის გერბი. მასზე გამოსახულია შეაბჯრული ხელი, რომელსაც უპყრია მოკლე შუბი (შესაძლოა ისარი);

7. ბორჩალოს გერბი. მასზე გამოსახულია აღმოსავლური ყაიდის გაშიშვლებული მახვილი, რომელიც ირიბად არის დახრილი;

8. შამშადილოს გერბი. მასზე გამოსახულია თოფი/მუშკეტი, რომელიც ირიბად არის დახრილი;

9. შირვანის გერბი. მასზე გამოსახულია მორბენალი მგელი;

10. შაქის გერბი. მასზე გამოსახულია ცხენი.

ზემოთ აღწერილ გერბზე დაკვირვება საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ერეკლე II მოგვევლინა ნოვატორად, ქართული ჰერალდიკური სიმბოლიკის რეფორმატორად, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართლ-კახეთის დიდი სახელმწიფო გერბი იმდროინდელი ევროპული ჰერალდიკური სტანდარტების შესაფერის დონეზე გაფორმდა. ამ ტრადიციის გადმოტანით მეფემ სცადა, ქართლ-კახეთის გერბს თავისი კუთვნილი ადგილი დაეკავებინა ევროპულ სახელმწიფოთა გერბებს შორის.

არსებობს ერეკლე II-ის სამეფო ბეჭდის სხვა ვარიანტიც, რომელიც გამოქვეყნებულია მიხაილ ვადბოლსკის შესახებ წიგნში (ილუსტრაცია #235). მასზე ოთხად გაყოფილი ფარის ზედა ერთ მეოთხედში გამოსახულია უფლის კვართი, აღბეჭდილი დაგვირგვინებულ ოვალურ ფარზე, რომელიც ორივე მხრიდან ანგელოზებს უპყრიათ, ხოლო მეორე მეოთხედში გადაჯვარედინებული სკიპტრა და მახვილი ზემოდან მოკაშკაშე მზით, ქვემოთ კი გვირგვინით. ქვედა ერთ მეოთხედში გამოსახულია მეფსალმუნე მეფის დავითის ქნარი ქვემოთ ლომებით, ხოლო მეორეში -სასწორი, ჯვრიანი სკიპტრა და მიმქროლავი რაში.

ქართლ-კახეთის სამეფოს დიდი სახელმწიფო გერბი საფუძვლად დაედო რუსეთის იმპერიის დიდ სახელმწიფო გერბში XIX საუკუნიდან შეტანილ "საქართველოს სამეფოს გერბს" (ოფიციალურ დოკუმენტში -"Герб Царства Грузинского"). ამ გერბზე, ქართული სამეფოების გერბებთან ერთად, გამოსახული იყო საქართველოს შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შემავალი კავკასიური სამფლობელოების აღმნიშვნელი სიმბოლიკაც, კერძოდ: "ყაბარდოს მიწების გერბი" ("Герб Кабардинских земель"); "სომხეთის გერბი" ("Герб Армении") და "ჩერკასკებისა და მთიელი თავადების გერბი" ("Герб Черкасских и Горских князей").

ზემოხსენებული მრავალსახოვანი გერბი (მის თაობაზე ვრცლად ვისაუბრებთ ამ წერილების ციკლის მომდევნო ნაწილში), რომელიც დამშვენებულია ბაგრატიონთა სამეფო გვირგვინით, უნიკალური ჰერალდიკური ნიმუში გახლავთ. იგი სიმბოლურად განასახიერებს ბაგრატიონთა დინასტიის ათასწლოვანი სამეფო გვირგვინის ქვეშ გაერთიანებულ სრულიად კავკასიას. ამით რუსეთის იმპერიის მესვეურებმა თავიანთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოზე – დიდ სახელმწიფო გერბზე ოფიციალურად აღნიშნეს, რომ კავკასიაში საქართველო ტრადიციულად ჰეგემონ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

* * *

ერეკლე II-მ ხელი შეუწყო ქართული საგვარეულო ჰერალდიკის განვითარებასაც, ვინაიდან თავადაზნაურული წოდებების ბოძებასთან ერთად, იგი სათანადო საგვარეულო გერბებსაც ამტკიცებდა.

მეფის მიერ გაცემულ წყალობის სიგელებზე ზოგჯერ გერბიც გამოისახებოდა. მაგალითად, საგერბე ფარი ბაგრატოვანთა სიმბოლიკით ამშვენებს ერეკლე II-ის მიერ 1785 წლის 15 ივლისს ხელმოწერილ წყალობის სიგელს, რომელიც ებოძა ტფილელ მოქალაქეს, აზნაურ "ამბროსიანთ დავითას ძე ოჰანეზას".

სიგელში ვკითხულობთ: "მოგეცით ესე ჩვენი სამეფო მოწმობაი დანიშნებით ამას შორის ღერბი წინაპარისა შენისა, რომელი იქნება სიგრძით მგვრგვალი ფარი ვერცხლისფერი... ლოდსზედან ჯდომილი არწივი ერთი, ცალი ფეხით მდგომარე და ცალი ფეხი აწეული, რომელსა ფრჩხილით უპყრავს ეტრატი ერთი აღწერილ ესრეთ ნიჭი სამეფო ნიშნად მიღებულ სამეფო აზნაურობისა თვისისა და პირსა შინა ექნებით მასვე არწივსა რტო ზეთის ხილისა ნაყოფითურთ, ნიშნად გულუხვობისა და გარემოსა მას სვეტისასა მარჯვნით და მარცხნით აღმოცენებული რტონი ორნი ფინიკსა და დაფნასა შინად ნაყოფიერ საქმის მქნელობისა. ესე ყოველი დაგვირგვინებულ არს აზნაურობის გვირგვინითა და ხელმოწერილ საკუთარითა ხელითა ჩუენითა და დაბეჭდილ სამეფოითა ბეჭდითა ჩუენითა".

ტექსტის ბოლოს, ცენტრში გამოსახულია აღწერილი სააზნაურო გერბი, ხოლო სიგელი დამოწმებულია სამეფო ბეჭდით, რომელიც დასმულია წითელი ფერის გოგირდზე.

მეფე ერეკლე II-ის პორტრეტი. ავტორი უცნობია

* * *

ერეკლე II ნოვატორად მოგვევლინა ასევე იმდროინდელი ქართული მონეტების გარეგნული სახის რეფორმირებაშიც. მისი მეფობის პერიოდში ბაგრატიონთა საგვარეულო სიმბოლიკამ სრულად იტვირთა ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო გერბის როლი.

სახელმწიფო და მმართველი დინასტიის გერბთა გაიგივების მანიშნებელი გახლდათ ბაგრატიონთათვის ტრადიციულად დამახასიათებელი ჰერალდიკური სიმბოლოების გამოსახვა თბილისის ზარაფხანაში 1765-1766 წლებში მოჭრილ სპილენძის მონეტებზე, რომლებიც გამოდიოდა შემდეგი ნომინალური ღირებულებით: შაური, ბისტი, ნახევარი ბისტი და ფული. ამ სიმბოლოთა შორის გახლდათ: სამეფო გვირგვინი, სასწორი, ჯვრიანი სფერო, კვერთხი (სკიპტრა) და ხმალი. ამ მონეტებზე ქართული მონეტების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ბაგრატიონთა საგვარეულო სიმბოლიკა.

აქვე უნდა ითქვას, რომ როგორც ბოლო პერიოდში დავადგინეთ, ერეკლე II დაბადებული იყო არა 1720 წლის 7 ნოემბერს, როგორც აქამდე ითვლებოდა, არამედ იმავე წლის 7 ოქტომბერს (იხ. აპოლონ თაბუაშვილი, ნიკო ჯავახიშვილი, მეფე ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დაზუსტებისათვის, თბ., 2020). ე.ი. მეფე დაიბადა სასწორის ზოდიაქოში. ჩვენი ვარაუდით, გამორიცხული არ უნდა იყოს, რომ ზემოხსენებულ მონეტებზე გამოსახული სასწორი, ბაგრატიონთა სიმბოლიკასთან ერთად, ერეკლე II-ის ასტროლოგიურ ნიშანზეც მიგვანიშნებდეს.

XVIII საუკუნის 80-იან წლებში თბილისის ზარაფხანაში მოჭრილ სპილენძის მონეტებზე გამოსახეს ორთავიანი არწივი, რომელსაც კლანჭებით სამეფო სკიპტრა და სფერო უპყრია. იმავე ზარაფხანაში მოგვიანებით, კერძოდ, 1796 წელს მოჭრილ სპილენძის მონეტებზე ერთთავიანი არწივი გამოსახეს. აქვე უნდა აღინიშნოს, შემორჩენილია იმავე წლით დათარიღებული ოქროს ჩერვონეცის ორი ეგზემპლარი, ასევე ერთთავიანი არწივის გამოსახულებითა და სპარსული წარწერით: "იჭედა ტფილისს", რომლებიც ნუმიზმატ დავით კაპანაძეს პეტერბურგელი კოლექციონერების დაკვეთით XIX საუკუნეში დამზადებულ მონეტებად მიაჩნდა.

ქართულ მონეტებზე გამოსახული ორთავიანი არწივის (რომელიც იმჟამად რუსეთის საიმპერიო გერბი იყო) ჩანაცვლებას ერთთავიანი არწივით ქართველი და უცხოელი მკვლევრები სხვადასხვანაირად ხსნიან. ამ ფაქტს ზოგი იმ ახსნას უძებნის, რომ ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, რუსეთი მის მფარველობაში მყოფ ქართლ-კახეთს არ დაეხმარა, რომელსაც სწორედ ამ მონეტების მოჭრის წინა წელს დაესხა თავს სპარსეთის შაჰინშაჰობის პრეტენდენტ (1796 წლიდან შაჰინშაჰ) აღა-მაჰმად-ხან ყაჯარის ლაშქარი.

აქედან გამომდინარე, ევგენი პახომოვი ვარაუდობდა, რომ რუსეთზე გულგატეხილი ერეკლე II შეეცადა, შეენიღბა თავისი ვასალური დამოკიდებულება ამ სახელმწიფოს მიმართ, რათა ახალი თავდასხმის შესაძლებლობა აეცილებინა თავიდან.

ამგვარი ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ პროფესორები გიორგი და თედო დუნდუები, თუმცა, მათივე აზრით, "ამის დამტკიცება ძალიან რთულია".

აქვე უნდა ითქვას, რომ თედო დუნდუას მოსაზრებით, ორთავიანი არწივის გამოსახვა ქართლ-კახეთის მონეტებზე ჯერ კიდევ ტრაქტატის დადებამდე შესაძლებელია იმის მანიშნებელი ყოფილიყო, რომ ერეკლე II, როგორც იმდროინდელ კავკასიაში უძლიერესი სახელმწიფოს მონარქი, პრეტენზიას აცხადებდა სამი საუკუნის წინათ განადგურებული ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობის თანამოზიარობაზე, რასაკვირველია, რუსეთის იმპერატორთან ერთად. ხოლო აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის შემდეგ, ერეკლე II-ს, როგორც დამარცხებულს, იგივე პრეტენზია ვეღარ ექნებოდა და როგორც ჩანს, აღარც ჰქონდა, რაც ოფიციალურად გაცხადდა მისი ბრძანებით მოჭრილ მონეტებზე ერთთავიანი არწივის გამოსახვით.

* * *

მიზეზი, თუ რატომ მიაქცია ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ერეკლე II-მ ქართლ-კახეთის სამეფოს ჰერალდიკურ და ნუმიზმატიკურ მემკვიდრეობას, დადგენილი გვაქვს ჩვენს გამოკვლევაში (პირველი ქართველი ჰერალდიკოსი და ნუმიზმატი მეფე, თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. II, თბ., 2011).

1798 წლის 11 იანვარს, როდესაც ერეკლე II გარდაიცვალა, მისი პირადი ნივთების ნუსხა შეადგინეს. ეს ნუსხა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მეფე მონეტებს აგროვებდა, ვინაიდან მის საკუთრებაში აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდისა და ტიპის ათასამდე (უფრო ზუსტად -962 ცალი) ოქროს მონეტა, რომლებიც მოჭრილი იყო სხვადასხვა სახელმწიფოში, მათ შორის ბიზანტიაში, სპარსეთში, ოსმალეთში, რუსეთში, საფრანგეთში და სხვ.

სამეფო მდივნის, იოანეს მიერ შედგენილი ნუსხის მიხედვით (რომელიც გამოქვეყნდა აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის რედაქციით 1955 წელს გამოცემულ წიგნში "მასალები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის, გვიანფეოდალური ხანა, III, აღმშენებლობა, სახელმწიფო ეკონომიკა, ქონება"), მეფის საკუთრებაში ყოფილა შემდეგი ტიპის ოქროს მონეტები: 11 ცალი "კონსტანდინე ხელმწიფის ფოსო ოქრო", 438 -ბაჯაღლოსი, 39 -რუსული იმპერიალი, 10 -ძველი ფრანგული, 191 -ოსმალური, 2 -თავრიზული, "ხუთის მინალთუნის ნოურუზის შაურები" (შესაძლებელია აქ იგულისხმებოდეს ტფილური ოქროს შაურები), 4 -"საბყრანი ოქრო"; 40 -"იალდუზის"(?!); 120 -"რაშის" (?!) და სხვ.

ტერმინში "საბყრანი" იგულისხმება სპარსეთის შაჰინშაჰების ტიტული -"საჰებყერანი", რომელიც ნიშნავდა: "ვარსკვლავთა ბედნიერი თანხვედრის მფლობელს". ეს ტერმინი მონეტებზეც გადაჰქონდათ.

მეფის პირადი ნივთების დამატებით ნუსხაში, რომელიც 1798 წლის 8 თებერვალს შეადგინეს, ასევე იხსენიება შემდეგი ტიპის მონეტები: "ერთი დიდი კონსტანტინეს ოქრო, ერთი სხვა ძველი ოქრო, -ერკემლის სახე ზის, ოთხი ოქროს შაური... ერთი სხვა პატარა ოქრო".

რაკი ჩამოთვლილი მონეტები ერეკლე II-ის პირად ქონებას წარმოადგენდა, ეს თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს არა ოქროს ფულის ჩვეულებრივ მასასთან, რომელიც მეფეს თავისუფლად შეეძლო შეენახა სამეფო ხაზინაში, არამედ საკმაოდ მდიდარ ნუმიზმატიკურ კოლექციასთან. აქედან გამომდინარეც აიხსნება "პატარა კახის" განსაკუთრებული დაინტერესება ჰერალდიკითა და ნუმიზმატიკით.

* * *

ამდენად, სახელმწიფო გერბის ფრიად საყურადღებო ნიმუშები ევროპული ჰერალდიკური კანონების გათვალისწინებით შეიქმნა გაერთიანებულ ქართლ-კახეთში ერეკლე II-ის მეფობისას. ამავე პერიოდში ბაგრატიონთა საგვარეულო გერბმა სრულად შეითავსა სახელმწიფო გერბის ფუნქცია. მეფის ნოვატორობა და სწრაფვა ევროპული ცივილიზაციისკენ გამოსჭვივის მისი მეფობისას შექმნილი ქართული ჰერალდიკური და ნუმიზმატიკური ძეგლებიდან.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი" #113