ერეკლე მეფის მეციხოვნე
ერეკლე მეფის მეციხოვნე
ფოტო:გურამ ურჩუხიშვილი ერეკლე II-ის სასახლე-მემორიალში
მასზე პირველად წლების წინ ახლობელმა მიამბო, - თელავში ისეთი კაცი გავიცანი, ისეთი მომღერალი და თამადა, უეჭველად უნდა შეხვდე და ჩაიწეროო. რატომღაც იმხანად ჩვენი შეხვედრა ვერ მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ღვინომ, ვაზმა და სუფრის ტრადიციებმა გადაკვეთა ჩვენი გზები და აღმოვაჩინე, რომ ანსამბლ "წინანდლის" სოლისტი და ცნობილი თამადა, საქართველოს ისტორიის უბადლო მცოდნე და თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ბატონი გურამ ურჩუხიშვილი ყოფილა.

საუბრის დასაწყისშივე ფორმულასავით ჩამომიყალიბა: სამი კომპონენტით გამოირჩევა ქართული სუფრა - პირველი
გახლავთ კარგი ღვინო, მეორე - კარგი თამადა და მესამე - კარგი სიმღერა, მუსიკა. ერთი კომპონენტიც რომ დააკლდეს, სუფრა ისეთი სრულყოფილი ვეღარ გამოდისო.
ბატონ გურამს, ფაქტობრივად, სამივე კომპონენტი ჰარმონიულად აქვს შერწყმული საკუთარი ცხოვრებისთვის. და რაკი ამ თანამიმდევრობაში განსაზღვრული წესრიგი არსებობს, ვამჯობინე, არც მე დამერღვია იგი და
თხრობა პირველით - ღვინითა და მასთან დაკავშირებული ამბებით დამეწყო.

ვაზის სადღეგრძელო
ბატონმა გურამმა მითხრა, ღვინოსა და ვაზზე მამაჩემისგან ბევრი რამ ვისწავლე. მისგან ვიცოდი, რომ ვაზს თავისუფლება და მზის გულზე ყოფნა უყვარდა, არადა, ზოგან მას გვერდით ატამს ჩაურგავდნენ ხოლმე. მამა ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო, - ვაზი მზის შვილია და მას გვერდით არაფერი უნდა დაუსოო.

გურამ ურჩუხიშვილი: - საქართველო ტრადიციული ღვინის ქვეყანაა. ამბობენ, მსოფლიოში 2000 ჯიშის ვაზი არსებობს და აქედან 525 საქართველოშიაო. ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც ქინძისთავივით თუ დაეტევა გლობუსზე, ვაზის ჯიშების მეოთხედზე მეტია თავმოყრილი. ამიტომ ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციები ძველთაგანვე მოდის. ვაზს და ღვინის ტრადიციას თან მოსდევდა ადამიანთა შორის საუკეთესო ურთიერთობები, რაც სუფრასთან ყოფნაში გამოიხატებოდა.

ღვინო ქართველი კაცისთვის იყო ზედაშე ანუ ღვთაებრივი სითხე, რომელიც ადამიანის გულთანაც მიდიოდა და უფალთანაც. იმიტომაც იყო, რომ ქართველი კაცი მარტო არ დაჯდებოდა და პურს არ შესჭამდა - მისთვის სუფრა მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ორგანიზმის გამოსაკვები ადგილი არ იყო. ღვინო ურთიერთობის ბრწყინვალე საშუალებას წარმოადგენდა. ამიტომ იყო იგი, დასაბამიდანვე, საკრალურთან და რიტუალებთან მიახლოებული. ღვინო ისე იყო ჩართული ქართველი კაცის ცხოვრებაში, რომ მოკვდავისთვის ნებისმიერი საზეიმო რიტუალი - ბავშვის დაბადება იყო, ნათლობა თუ სხვა რამ, ყოველთვის ღვინით აღინიშნებოდა. რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში ყოფითმა ცხოვრებამ, რიტუალებთან ერთად, მოდერნიზება განიცადა, მაგრამ ქართველისთვის ღვინის ფუნქცია მაინც არ მოშლილა - იგი კვლავ ადამიანების ურთიერთობის საშუალებად დარჩა.

- დაკვირვებული ვარ, დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, კახეთში პატარა ჭიქებით მიირთმევენ ღვინოს. ეს წესიც წარსულიდან მოდის?
- საქმე ის არის, რომ მემთვრალეობა ქართველი კაცისთვის ძალიან დამამცირებელი იყო. მას ღვინოსთან ძალიან დელიკატური დამოკიდებულება ჰქონდა - არ დაელია მეტი, რათა დროსტარება დიდხანს გაგრძელებულიყო. ადრე ამდენი გასართობი საშუალება ხომ არ ჰქონდათ, დღეს რომ არის? მაშინ სუფრა წარმოადგენდა საუკეთესო საშუალებას, სადაც იკვეთებოდა როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სიამოვნება. ადამიანს სურდა, სუფრასთან ყოფნისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის სიამოვნება გაეხანგრძლივებინა. გამოცდილი ჰქონდათ, რომ უზომოდ ღვინის სმა ადრევე ჩაამწარებდათ ყველაფერს, ამიტომ პატარა ჭიქებით იწყებდნენ, სადღეგრძელოებს შორის დიდ ინტერვალებს აკეთებდნენ და გაცილებით მეტს - საუბრობდნენ. ოჯახებსაც ჰქონდა მნიშვნელობა. არისტოკრატიულ ოჯახებში განსაკუთრებული აქცენტი უფრო მეტად საქვეყნო საქმეებზე კეთდებოდა, გლეხები კი, უმეტესად, მოსავალზე და სხვა ყოფით ამბებზე ლაპარაკობდნენ. რაღაც ხანი რომ გავიდოდა, შეიძლება განსხვავებული სასმისიც მოეთხოვათ, თუნდაც - პატარა ყანწი. ყანწი იმით იყო კარგი, რომ იგი მთელ სუფრაზე უნდა ჩამოეტარებინათ, ყველა წევრს უნდა დაელია, ეს კი განსაზღვრულ დროს მოითხოვდა. ამ ხნის განმავლობაში ღვინოს ისე გადაამუშავებდა ორგანიზმი, რომ ადამიანებს სუფრის კვლავ პატარა ჭიქებით გაგრძელების სურვილს უჩენდა. ეს სტრატეგია საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავეს ქართველებმა, ერთმანეთთან ურთიერთობის ბედნიერი წუთები რომ არ ჩამწარებოდათ.
ბატონის ციხის კარიბჭე
მაგალითად, სოფელ წინანდლის საფერავი სხვა საფერავებისგან მართლაც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. მას წამლად იყენებდნენ. მამაჩემის ხნის კაცები რომ გაიგებდნენ, ვიღაც საფერავით დათვრაო, ბრაზობდნენ, საფერავით თრობა როგორ იქნება, ხომ შეიძლება, გული გაუჩერდესო - ისეთი ძლიერი იყო ეს ღვინო. მახსოვს, მამა სამუშაოდან დაღლილი რომ მოვიდოდა, 2-3 ჭიქას დალევდა და იტყოდა, ენერგია უნდა აღვიდგინოო. გლეხმა იცოდა, რომ იგი უდიდეს ენერგიას აძლევდა ადამიანს.

არსებობს უძველესი დროიდან დღემდე შემორჩენილი შეხედულება, რომ ზოგიერთი ჯიშის ყურძენზე "დანა არ მიიტანება". მაგალითად, საფერავი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის საზიარებელი ყურძენია. მისგან დაწურული ღვინო ქრისტიანულ ლიტურგიაში გამოიყენებოდა, ამიტომ იგი საკრალურად იყო მიჩნეული და მისი დანით შეხება არ შეიძლებოდა. ასეთ ღვინოს პატარა ქვევრში - ქოცოში ინახავდნენ და მხოლოდ და მხოლოდ ზედაშედ, რომელიმე სარიტუალო-სადღესასწაულო დღეს ხსნიდნენ.

ტრადიციებზე კიდევ ერთი რამ გამახსენდა. მამაჩემი მიყვებოდა, ადრე მარანში რომ შევიდოდნენ მამაკაცები და ქვევრს თავს გადახდიდნენ, როგორც ხარი, ისე დაეწაფებოდნენ ღვინოს - ღვინის სმაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენო. დევების შეჯიბრივით იყო, რა. ზოგიერთი ერთ მტკაველზე აკლებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ დაწაფებაზე სადღაც 5-6 ლიტრს სვამდაო. როგორ ახერხებდნენ ამას, არ ვიცი. ამას ჰქვია დაწაფებით დალევა. კიდევ ერთი რიტუალი ჰქონდათ: მარანი რომ გაიღებოდა, ვიდრე ღვინის სმას შეუდგებოდნენ, ჯერ სანთელი უნდა აენთოთ და იქაურობა დაელოცათ, მერე აკრეფდნენ ყველაფერს და დიდ სუფრასთან გადაინაცვლებდნენ.

- თუ გსმენიათ, ერეკლე მეფე რომელ ღვინოს სვამდა?
- საერთოდ, ასე გამიგია, რომ ძველად სამეფო ღვინოდ "მწვანეს" მოიხსენიებდნენ. მსუბუქი დასალევი იყო და ადამიანს არ აწუხებდა. რადგან მსუბუქი იყო, მწვანით დიდხანს ქეიფობდნენ. სამეფო კარზე სანადიროდ რომ წავიდოდნენ, თურმე, კვირების განმავლობაში გადააბამდნენ ქეიფებს. აქ გამოიცდებოდა ხოლმე ღვინო, რამდენად იოლი დასალევი და მსუბუქად მოსანელებელი იყო...
რა გასაკვირიც უნდა იყოს, როგორც ვიცი, ქართლ-კახეთის უმამაცესმა მეფემ - ერეკლე II-მ ბევრი სმა არ იცოდა, ან სად ეცალა სმისა და ქეიფისთვის - ცხენზე ათენებდა და აღამებდა. და მაინც, თუ დალევდა, ასე მგონია, რქაწითელს ამჯობინებდა. ერეკლე მეფის მუზეუმში ვმუშაობ და, რომ გადავხედავ ხოლმე მის სასახლესა და ეზოს, მარნის კვალი არსად ჩანს. დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ მეფე მთლიანად დიპლომატიურ საქმიანობასა და ბრძოლაზე იყო გადართული, ხოლო როცა სტუმრებისთვის სჭირდებოდა ღვინო (სასახლეში მას "საელჩო დარბაზიც" ჰქონდა), გააგზავნიდა მოურავს თავის ადგილ-მამულებში და მისთვის სოფლებიდან მიჰქონდათ თავანკარა ღვინო. თავადაზნაურებს კი ჰქონდათ საკუთარი მარნები, მაგრამ სასახლე მაინც სხვანაირად გამოიყურებოდა.

- თქვენ, როგორც ცნობილ და გამოცდილ თამადას, სუფრის გაძღოლის რაიმე გამორჩეული წესი და რიგი ან გამორჩეული - მხოლოდ თქვენეული სადღეგრძელო თუ გაქვთ, რომელსაც არასდროს გამოტოვებთ?
- სხვათა შორის, თამადობის თვალსაზრისით, საქართველოს კუთხეებს შორისაც კი არის განსხვავება. მე უფრო ტრადიციული სუფრა მიყვარს, იმიტომ რომ, მარადიული რაც არის, იმის შეცვლა არ შეიძლება. მართალია, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ადამიანის გონება, შეხედულებები იცვლება, სიახლეც ბევრი მოდის, მაგრამ მე მაინც კლასიკური ქართული სუფრა მირჩევნია. სუფრა უფლის სადიდებლით იწყებოდა, სახლის ჭერსა და ფუძეს დალოცავდნენ, მშობლებს ადღეგრძელებდნენ და მერე იწყებოდა უკვე მრავალი სადღეგრძელო. ეს ალამაზებს სუფრას. პირადად მე ძალიან მიყვარს ვაზის სადღეგრძელო, ვაზისა და ღვინის სადიდებელი, ვინაიდან ეს არის ქვაკუთხედი ჩვენი არსებობისა და თუ რამით შეგვიძლია ჩვენ, ღმერთს მადლობა გადავუხადოთ, ეს არის ის, რაც თავად მოგვცა, რომელიც ღვთის შვილმა ღვთის სითხედ აღიარა. ეს იმხელა მადლია უფლისგან, ეს სადღეგრძელოში რომ არ ითქვას, ვერ წარმომიდგენია.

კახური სიმღერა და "წინანდლის" გრანპრი
ვიდრე ბატონ გურამს გავიცნობდი, დარ­წმუნებული ვიყავი, რომ ანსამბლ "წინანდლის" სოლისტი აუცილებლად ჭავჭავაძეების მამულით სახელგანთქმულ ისტორიულ სოფელ წინანდალში ცხოვრობდა. სინამდვილეში კი თელაველი კაცი ყოფილა, თუმცა ანსამბლის სახელწოდება მაინც დაკავშირებული იყო ამ ულამაზეს სოფელთან.
ფოლკლორულ ანსამბლ "წინანდალს"ვარსკვლავი თელავის მუსიკალური სასწავლებლის წინ გაუხსნეს (2019 წლის იანვარში). შარშან ანსამბლის დაარსებიდან 35 წელიწადი შესრულდა
გურამ ურჩუხიშვილი: - ანსამბლი, ფაქტობრივად, 1984-1985 წლებში ჩამოყალიბდა სოფელ წინანდლის კულტურის სახლის ბაზაზე. აწ გარდაცვლილმა ლევან აბაშიძემ უხელმძღვანელა ამ საქმეს. თელავის რაიონიდან შევიკრიბეთ მომღერლების ნაკრები. მანამდე 4-5 კაცი ცალკე ვმღეროდით, თელავში და რეპერტუარის ფართო დიაპაზონი გვქონდა - ფოლკლორსაც ვასრულებდით, ფანდურზეც ვუკრავდით და გიტარის აკომპანიმენტითაც ვმღეროდით ქალაქურ სიმღერებს. რომ გავიგეთ, ახალ ანსამბლს ფოლკლორი უნდა შეესრულებინა, თითოეულ ჩვენგანს კი ამ კუთხით საკუთარი საოჯახო ტრადიციები გვქონდა, მაინც ხალხური სიმღერა ვამჯობინეთ და იმ ანსამბლში გადავედით. ანსამბლი შეიკრა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმ მხარეში ხალხური ანსამბლი აღარ ჰყავდათ. მერე ფოლკლორისტი, ბატონი კუკური ჭოხონელიძეც დაინტერესდა, ჩამოვიდა და მოგვისმინა, მალე პირველი სატელევიზიო გადაცემაც მომზადდა და უკვე სახელიც უნდა შეგვერჩია. ბიჭებმა მე მთხოვეს შერჩევა და რაკი თავდაპირველად წინანდალში მოვიყარეთ თავი, ტრადიციულ სოფელში, სახელგანთქმულში, ანსამბლსაც სახელი იმ ადგილის დავარქვი - "წინანდალი". ვიცოდი, ეს სახელი მის პოპულარობას ძალიან შეუწყობდა ხელს, თორემ ეს არ არის წინანდლის ანსამბლი.

ადრე, ძირითადად, თელავში ვიკრიბებოდით, თელავის სამუსიკო სასწავლებელში, ერეკლე მეფის სასახლის გალავნის გვერდით და იქ გვქონდა ხოლმე რეპეტიციები. გასტროლზეც ხშირად დავდიოდით, მათ შორის - საზღვარგარეთაც, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში, ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს დროსაც. ჩვენთვის ყველა გამოსვლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ თუ წარმატების მიხედვით ვიმსჯელებთ, ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას დიდ ბრიტანეთში, უელსის საერთაშორისო ფესტივალზე მივაღწიეთ. ორი სიმღერა შევასრულეთ - "მოკლე მრავალჟამიერი" და გარეკახური საჭიდაო-საცეკვაო, გლეხური ცეკვის რიტუალით. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და სასწაული მოხდა - პირველი ადგილი და გრანპრი მოვიპოვეთ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს მარტო ჩვენი წვლილი არ იყო, ეს იყო ქართული ხალხური სიმღერის გამარჯვება...

მერე ლევან აბაშიძე გარდაიცვალა, არცთუ დიდი ხნის წინ კიდევ - ანსამბლის უხუცესი წევრი ლევან ლაშხი, - თუ გახსოვთ, თეფშებსა და ჭიქებზე რომ უკრავდა, არაჩვეულებრივი კოლორიტული პიროვნება. ანსამბლის წევრებს არ ეწყინებათ, თუ ვიტყვი, რომ ლევან ლაშხი ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგა საოცარი პიროვნული თვისებებით, სითბოთი, მეგობრობით... თვითნაბადი სიკეთე იყო. ფაქტობრივად, თელავში ექვსნი დავრჩით, მაგრამ მეშვიდეც გვყავს, ჩვენი მეგობარი და კარგი მომღერალი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, თუმცა ხშირად ჩამოდის ხოლმე. მისი ჩამოსვლა და ჩვენი შეკრება ერთია. მადლობა ღმერთს, რომ კიდევ შეგვიძლია სიმღერა...

ერეკლე მეფის სახლიკაცი და სასახლის მეციხოვნე
გურამ ურჩუხიშვილი მე-15 წელიწადია, თელავის ისტორიულ მუზეუმს ხელმძღვანელობს, მისი დირექტორია. დიდი ხანია, ერეკლე მეფის სასახლეში არ ვყოფილვარ და ბატონ გურამს ვირტუალური ექსკურსიამძღოლობა ვთხოვე. ამიხსნა, რომ თელავის ისტორიულ სამუზეუმო კომპლექსში შედის ერეკლე მეორის სასახლე-მემორიალი, ეთნოგრაფიული განყოფილება და ქეთევან იაშვილის ნახატების კოლექცია. მიამბო, რომ უკანასკნელი ორი წელიწადია, მუზეუმის ცხოვრება განახლდა - არქიტექტურა შეიცვალა, დიდი და მცირე დარბაზები გაერთიანდა, ეთნოგრაფია ერთ დარბაზში მოექცა, სამხატვრო გალერეა - ორ დარბაზში, ხოლო მეფის სასახლე ცალკე არისო. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუზეუმს თელავის ისტორიული მუზეუმი ჰქვია, ქართველი საზოგადოება მას ძირითადად ერეკლეს მუზეუმად იცნობს. მისი თქმით, იმხელა პიროვნება იყო მეფე ერეკლე და ისე უყვარდა ხალხს, ისე გადმოვიდა შემდგომ ეს სიყვარული თაობებში, რომ ხალხს მაინცდამაინც ასე უნდა, რომ ერქვას. მე პირიქით, მეამაყება კიდეც, ასე რომ ეძახიან. ძალიან ღირებულია ჩვენთვის ეთნოგრაფია, თითქმის 65 ათასამდე ექსპონატი გაგვაჩნია, ძალიან ღირებულია ეს სამხატვრო გალერეაც, სადაც მართლა შედევრები გვაქვს თავმოყრილი, მაგრამ კომპლექსი ერეკლეს სახლ-მუზეუმის გარეშე ძალიან მწირი იქნებოდაო.

ვკითხე, - თქვენი დაკვირვებით, ძირითადად, რით უფრო ინტერესდებიან ტურისტები - ერეკლე მეფის პიროვნებით, მისი პირადი ან ეთნოგრაფიული ნივთებით თუ მხატვრული ტილოებით-მეთქი?
კახთმეფეთა სასახლე ერეკლე II-ის ძეგლის დადგმამდე
გურამ ურჩუხიშვილი: - სასახლის რეაბილიტაცია ისე ჩატარდა, რომ ავთენტიკურობა სრულად შეინარჩუნა. ვიზიტორები, ძირითადად, ინტერესდებიან ერეკლე მეფის ცხოვრებით, განსაკუთრებით ადგილებით, სადაც დაიბადა და სადაც გარდაიცვალა, მისი მოღვაწეობით, მისი წვლილით მაშინდელი არა მარტო აღმოსავლეთი, არამედ - მთელი საქართველოს ცხოვრებაში და, ვფიქრობ, ღვთის განგებით იყო, რომ იმ დროს, როდესაც მართლა გაჭირვებული იყო საქართველო, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა, მთელი XVIII საუკუნე, შეიძლება ითქვას, ზურგით ატარა ერეკლემ თავისი პიროვნული ნიჭიერებიდან გამომდინარე. დიდი ინტერესი აქვთ უცხოელებსაც და ქართველ საზოგადოებასაც, განსაკუთრებით - ბავშვებს. ბავშვებს რჩებათ ხოლმე განუმეორებელი შთაბეჭდილება და ჩვენც ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს ვუმასპინძლოთ. ხშირად მითქვამს, საქართველოს ძალიან ბევრი სახელოვანი მეფე ჰყოლია, მაგრამ მეფე-პატრონი მხოლოდ დავით აღმაშენებელი იყო და მეფე ერეკლე - თავადაც ასე გრძნობდნენ თავს. ერეკლეზე ვერ იტყოდი, მარტო მეფეაო, საქართველო იყო მისი დიდი ოჯახი, თვითონ კი - ამ ოჯახის მამა, პატრონი, ვისაც თითოეული მისი შვილის ტკივილი სტკიოდა. ამიტომაც ვამბობ ხოლმე, რომ ამ ღვთივკურთხეულ ქვეყანაში, თითქოს, თვითონ უფალმა იზრუნა, რომ ასეთი პატრონი გამოეგზავნა.

ძალიან დიდია ინტერესი სასახლისა და ეზოსადმი, სადაც ორი ეკლესია დგას - ერთი კარის ეკლესია, რომელიც უფრო ადრეული პერიოდის არის, IX-X საუკუნეებით თარიღდება და გვაქვს კიდევ ერეკლეს მიერ აგებული ეკლესია, რომელიც მიუძღვნა მრავალ შვილთაგან მისთვის გამორჩეულად საყვარელ ვაჟს და დიდ პიროვნებას - ლევანს. მასში ერეკლე დიდ პოტენციალს გრძნობდა, რომ იგი "ხვალინდელი დღის" მეფე უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ უმუხთლა ბედმა და სრულიად გაუგებარ პირობებში დაიღუპა ბატონიშვილი ლევანი. აქაურობას ძალიან ალამაზებს მეფის აბანო, არჩილ მეფის კოშკი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება და სხვ.

- სასახლესთან ძალიან ახლოს ცხოვრობთ, თუმცა 15 წელიწადია, ფაქტობრივად, უდიდეს დროს მაინც აქ ატარებთ და გამოდის, რომ მუზეუმიც თქვენი სახლია ანუ ერეკლე მეფის სახლიკაციც გამოდიხართ...

- დიდი მადლობა, თუკი ასე ფიქრობთ. ყველასთვის სახლია სამსახური, თუკი უყვარს და მით უმეტეს - მუზეუმი, სადაც იცი, რომ ამხელა პიროვნება ცხოვრობდა. რამდენს გავალებს ეს ამბავი! არ შემიძლია, დღეში სამჯერ მაინც არ შემოვუარო ყველა კუთხე-კუნჭულს, ყველა კედელი, ყველა კენჭი არ დავათვალიერო. ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს თავს მეციხოვნეს ვეძახი. რომ შევალ ხოლმე ტერიტორიაზე, როგორც რომ ბერი შედის სენაკში და შვება ეძლევა, ასეთ შვებას განვიცდი.

ირმა ხარშილაძე
ჟურნალი "ისტორიანი" #113
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები