შავი ჭირი ეპიდემიები მსოფლიოსა და საქართველოში - კვირის პალიტრა

შავი ჭირი ეპიდემიები მსოფლიოსა და საქართველოში

წერილი I

დაავადების შესახებ

საუკუნეების განმავლობაში ყველაზე საშინელი დაავადების, შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიაა Yერსინია პესტის-ი, რომელიც 1894 წელს დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრ იერსინმა და იაპონელმა ექიმმა და ბაქტერიოლოგმა კიტასატო სიბასაბურომ.

შავი ჭირის ბაცილას რთული სტრუქტურა აქვს. ეს ბაქტერია კვერცხის ფორმის ჩხირია. მისი სიგრძე უდრის 1-2 მიკრონს (10-6 მეტრი), ხოლო სიგანე 0,3-0,7 მიკრონს. იგი ცუდად იტანს მაღალ ტემპერატურას, სინათლესა და სიმშრალეს. სამაგიეროდ, კარგად ეგუება სინოტივესა და დაბალ ტემპერატურას. ბაქტერია Yersinia pestis-ი ბუნებაში დახურული კერის სახით არსებობს. ამიტომაც არის, რომ მეცნიერები განარჩევენ ბუნებრივ, ანუ პირვანდელ და მეორად ("ქალაქურ") კერებს. ბუნებაში ინფექციის ძირითადი რეზერვუარები მღრღნელებია. ასეთი კერები არის საქართველოშიც. ეს ბაქტერია საშიშია მაშინ, როცა ხდება ტრანსმისია, ინფექციის გადაცემა ძირითადი რეზერვუარიდან ისეთ მატარებელზე, რომლის საბინადროც არ შემოიფარგლება მკაცრად განსაზღვრული ტერიტორიით. ასეთია რუხი, შავი და წითელი ვირთაგვები, 100-ზე მეტი სახის რწყილი, სხვადასხვა ცხოველი. მათი მეშვეობით ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში ხვდება.

ვირთაგვების გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო შუა საუკუნეებში. განსაკუთრებით ამას ხელს საზღვაო ვაჭრობის განვითარება უწყობდა. გემების საწყობები ვირთაგვების თავშესაფარს წარმოადგენდა. მღრღნელები გემებთან ერთად "მოგზაურობდნენ" და დაავადების შემთხვევაში, ყველაზე საშინელი სენის გადამტანი ხდებოდნენ. ამ შემთხვევაში ვირთაგვები ბაქტერიის მოძრავ რეზერვუარებს წარმოადგენდნენ. ისინი თუნდაც დაავადებული ყოფილიყვნენ, ბაქტერია არ გადაეცემოდა ადამიანს, თუ ვირთაგვებთან პირდაპირი შეხება არ ექნებოდა. ადამიანსა და დაავადებულ ცხოველებს - მღრღნელებს შორის გადამტანი იყო რწყილი, რომლის წყალობით დაავადება ადამიანის ორგანიზმში ხვდებოდა. ვირთაგვას სამხრეთული რწყილი (Xenopsylla cheopis) წარმოადგენს შავი ჭირის გადამტანს. გარდა ამისა, ამ რწყილის მეშვეობით გადადის ტულარემია, პარტახტიანი ენდემური ტიფი, ყვითელი ცხელება და სხვ.

პანდემიები

შავი ჭირის ეპიდემია ცნობილი იყო ძველი შუმერულ-ბაბილონური სამყაროსთვის და ბიბლიაშიც მრავლად არის დაცული ცნობები ჟამიანობის შესახებ. ძვ.წ. 430 წელს ათენში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ მოსახლეობის მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია. ათენის სამხედრო შენაერთებმა დიდი ზარალი განიცადეს. პოტიდეასთან მდგარი 4000 მეომრიდან 40 დღეში 1500 დაიღუპა. შავმა ჭირმა 2700 მძიმედ შეჭურვილი ჰოპლიტიდან 400 მოსპო... შავი ჭირის პირველი ყველაზე დიდი პანდემია აღინიშნა ბიზანტიაში VI საუკუნის 40-50-იან წლებში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს. დასაწყისში ჟამი 541 წელს გამოჩნდა ეთიოპიასა და ეგვიპტეში, საიდანაც ის მოედო იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს, შემდეგ კი ევროპისა და აზიის სიღრმეშიც შეაღწია. კონსტანტინოპოლში შავი ჭირით გარდაცვალების პირველი შემთხვევები 542 წლის მაისით თარიღდება. ბიზანტიელი მემატიანის, პროკოპი კესარიელის თანახმად, ავადმყოფობა თავს დაატყდა დედამიწის არა ერთ რომელიმე ნაწილს ან საზოგადოების ერთ ფენას, არამედ ის შეეხო ყველას - სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლებს, ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრსა და პროვინციებს; არ ინდობდა არც ქალსა და კაცს, არც ახალგაზრდასა და მოხუცს. კონსტანტინოპოლში "სენი ოთხ თვეს გაგრძელდა, თუმცა განსაკუთრებით ბობოქრობდა სამი თვის განმავლობაში. თავიდან ჩვეულებრივზე ცოტა მეტი ხალხი კვდებოდა, შემდგომ კი სიკვდილიანობამ იმატა და იმატა. გარდაცვლილთა რიცხვი დღეში 5 ათას აღწევდა, შემდეგ - 10 ათასს და მეტსაც". მიაჩნიათ, რომ იუსტინიანეს დროინდელ შავ ჭირს 30-დან 50 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. იუსტინიანე I. მოზაიკა რავენის ეკლესიაში

განსაკუთრებით დიდი მასშტაბი შავი ჭირის პანდემიამ დასავლეთ ევროპაში მიიღო XIV-XVI საუკუნეებში, როდესაც 1347-1534 წლებში მისი მასობრივი გავრცელების 17 შემთხვევა აღირიცხა. სულ რამდენიმე წლის განმავლობაში შავი სიკვდილით მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ინგლისში ეპიდემიამ მოსახლეობის თითქმის ნახევარი იმსხვერპლა. ყველაფერი კი 1347 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძულიდან გენუელთა 12 გემი სიცილიის ქალაქ მესინას ნავსადგურში ჩავიდა და შავი ჭირით დაავადებული მეზღვაურები ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ეპიდემიის კერები გაჩნდა გენუაში, ვენეციასა და მარსელში. 1348 წელს შავი ჭირი მძვინვარებდა ესპანეთში, საფრანგეთში, საიდანაც ინგლისში შეაღწია. შავი ჭირის პანდემია დროდადრო ჩაწყნარდებოდა, შემდეგ ევროპის რომელიმე რეგიონში კვლავ იფეთქებდა. ევროპელთა მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა საშინელი მოგონება "შავ სიკვდილზე". XIV საუკუნის 40-იან წლებში ევროპაში გავრცელებულმა შავმა ჭირმა შუა საუკუნეების სამედიცინო პრაქტიკა მნიშვნელოვნად განავითარა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო ჰიგიენას და ამ კუთხით, პირველად, ექიმებსა და ხელისუფლებას შორის მჭირო კავშირი დამყარდა. სხვადასხვა შეფასებით, 1347-1351 წლებში ჭირმა 75-დან 200 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

XIV საუკუნის შუა პერიოდის "დიდი პანდემიის" შემდეგ, შავი ჭირი დროდადრო კვლავ ახსენებდა თავს ბიზანტიასა თუ ევროპის სახელმწიფოებს. XV საუკუნის დასაწყისში ჟამი მძვინვარებდა კონსტანტინოპოლსა და იმპერიის სხვადასხვა ქალაქში. სხვათა შორის, ამ სენმა 1409-1410 წლებში იმსხვერპლა იმპერატორ მანუელ II პალეოლოგის ორი შვილი - უფლისწული მიხეილი და დიმიტრი. 1417 წელს ამ სენისგან გარდაიცვალა იმპერატორ იოანე VIII-ის მეუღლე - მოსკოვის დიდი მთავრის, ვასილი I-ის ასული ანნა. XV საუკუნის 10-30-იან წლებში ჟამიანობას, რა თქმა უნდა, უკვე ის მასშტაბები არ ჰქონდა, რაც წინა საუკუნეებში, თუმცა მისი ცალკეული კერები კვლავაც ჩნდებოდა. 1438 წლის დასაწყისში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა ქალაქ ფერარაში (იტალია), სწორედ იმ დროს, როდესაც იქ დიდი საეკლესიო კრება მიმდინარეობდა (1438 წლის აპრილიდან). მოსალოდნელი საფრთხის გამო წმინდა კრებულმა ქალაქ ფლორენციაში გადაინაცვლა და იქ განაგრძო მუშაობა. ბიზანტიელი ისტორიკოსის, გიორგი სფრანძესის ცნობით, შავი ჭირი ბიზანტიაში XV საუკუნის 40-50-იან წლებში მძვინვარებდა. 1448 წელს ამ სენმა იმსხვერპლა მორეის დესპოტი თეოდორე II პალეოლოგი, ხოლო 1455 წელს ჟამისგან გარდაიცვალა გიორგი სფრანძესის 14 წლის ქალიშვილი თამარი.

შავი ჭირი მსოფლიო ლიტერატურაში

შავი ჭირის ეპიდემია XXI საუკუნის საზოგადოებისთვის უკვე აღარ წარმოადენს საშიშროებას, თუმცა ის კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ დაავადებად დარჩა. შეუძლებელია შავი ჭირის სენზე საუბრისას მკითხველს არ გაახსენდეს ალბერ კამიუს ცნობილი ნაწარმოები "შავი ჭირი" (La Peste), რომელშიც ეს ეპიდემია ნაციზმისა და ფაშიზმის ალეგორიაა. ამ ქვეტექსტების მიუხედავად, კამიუმ შეძლო თავად დაავადების ევოლუციის რეალისტური სურათის დახატვა. რომანი იწყება შავი ჭირის ბაცილით დაავადებული ვირთაგვების სიკვდილიანობის აღწერით. ავტორს მკითხველი თანდათან შეჰყავს იმ სამყაროში, სადაც სიკვდილი სუფევს. პატარა ქალაქ ორანში ჟამიანობის პირველი მსხვერპლიც მალე გამოჩნდა. დაავადებულთა რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. ალბერ კამიუ გასაოცარი სიზუსტით აღწერს შავი ჭირით შეპყრობილთა უკანასკნელ განცდებს: "ჩაშავებული ტუჩებით ძლივს ღერღავდა სიტყვებს და ექიმს შესცქეროდა გადმოკარკლული თვალებით, რომლებიც თავის ტკივილისგან ცრემლით ჰქონდათ სავსე". ოდნავ ქვემოთ ავტორი ერთ-ერთ გმირს ათქმევინებს: "ვირთხები შავმა ჭირმა გაჟლიტა... მათ ათასობით რწყილი გაფანტეს ქალაქში. ეს რწყილები გეომეტრიული პროგრესიით გაავრცელებენ ინფექციას". სანდრო ბოტიჩელის "ნადიმი ფიჭვნარში"("დეკამერონის"ილუსტრაცია, 1482/3 წწ.)

მხატვრულ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. შუა საუკუნეების წყაროები, ძირითადად, მშრალ ქრონიკებს იძლევა, სადაც არ ჩანს ადამიანის განცდები, ემოციები. ამიტომაც, ალბერ კამიუს აღწერილი პასაჟი შეიძლება შორეულ საუკუნეებშიც გადავიტანოთ და კონსტანტინოპოლის, ლონდონის, თბილისისა და მარსელის მკვიდრთა ტკივილი უფრო მეტად შევიგრძნოთ. შავი ჭირის პანდემია არ იყო მხოლოდ მომაკვდინებელი სენის გავრცელება. მას მოსახლეობის საყოველთაო ფსიქოზი სდევდა თან. ფასი ეკარგებოდა ყოველგვარ ღირებულს. ადამიანები ეჩვეოდნენ სიკვდილს. ცხადში ხდებოდა ის, რაც ყველაზე კოშმარულ ფიქრშიც კი შეუძლებელი იყო რომ უბრალო მოკვდავს წარმოედგინა.

ძვ.წ. 430 წელს ათენში გავრცელებული შავი ჭირის აღწერა მოცემულია ძველი ბერძენი ისტორიკოსის, თუკიდიდეს ნაწარმოებში: "ჭირმა ათენში უკანონობა წარმოშვა. რასაც ადრე მალულად თუ ჩაიდენდა კაცი, ახლა ამას აშკარად და უტიფრად კადრულობდა. უცებ შეიცვალა ყველაფერი: მდიდარი კვდებოდა და უქონელი ეუფლებოდა მის ქონებას. რაკი სიცოცხლე და სიმდიდრე წარმავალ ღირებულებად იქცა, ყველა წუთიერ სიამოვნებას ესწრაფოდა. ამაღლებული მიზნისთვის თავის გაწირვა აღარავის სურდა, რადგან არ იცოდა, მოესწრებოდა თუ არა ნანატრ მომავალს. განცხრომა უპირველეს და უმშვენიერეს საქმედ შეიქნა. აღარ აკავებდა კაცს ბოროტებისგან აღარც ღმერთებისა და აღარც კანონის შიში, რადგან ყველა ერთნაირად იხოცებოდა და არავინ იცოდა, იცოცხლებდა თუ არა კანონიერ სასჯელამდე. უფრო მძიმე განაჩენი ხომ უკვე გამოტანილი იყო და მის აღსრულებამდე ყველას უნდოდა სიცოცხლით დამტკბარიყო".

ბიზანტიურ მწერლობაში შავი ჭირის პანდემიის საინტერესო აღწერა ეკუთვნის პროკოპი კესარიელს. მიუხედავად იმისა, რომ იგი, როგორც ისტორიკოსი, ცდილობდა მოკლედ, ლაკონიურად გადმოეცა სათქმელი, მის მიერ დახატული სურათი ტრაგიზმით არის გამსჭვალული.

ევროპაში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ შექმნილი რეალობაა გადმოცემული ჯოვანი ბოკაჩოს "დეკამერონის" შესავალში. ეს ნაწარმოები 1350-1353 წლებში იწერებოდა, სწორედ მაშინ, როცა იტალიასა და, საერთოდ, ევროპაში "შავი სიკვდილი" მძვინვარებდა. ბოკაჩოს გმირები ფლორენციიდან შავ ჭირს გაურბიან და მომაკვდინებელ სენს ქალაქგარეთ ვილაში ემალებიან. სწორედ აქ ყვებიან ისინი იმ ამბებს, რომლებიც "დეკამერონშია" გადმოცემული. ჯოვანი ბოკაჩოს მონათხრობი, როგორც თვითმხილველისა, შეიძლება პირველწყაროდაც კი გამოვიყენოთ. ავტორის თქმით: "ჭირი... ჯერ აღმოსავლეთ ქვეყნებში გაჩნდა და იქ აუარებელი ხალხი იმსხვერპლა, მერე შეუჩერებლივ გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, ბოლოს დასავლეთამდეც მოაღწია და აქ საშინლად მოედო ყველგან. ამის წინააღმდეგ ვერ გასჭრა ვერავითარმა სიბრძნემ და ნაცადმა საშუალებამ; ქალაქს სიბინძურისაგან აწმენდინებდნენ საგანგებოდ ამისთვის მიჩენილ ხალხს, ყველა სნეულს ქალაქში შემოსვლა აკრძალული ჰქონდა; გამოსცეს მრავალი დარიგება სისუფთავის დასაცველად; აღარა შველოდა არცა მხურვალე ლოცვა-ვედრება, რომელსაც მრავალგზის აღავლენდნენ ზეცად ლიტანიობისა თუ სხვა სახით კეთილმსახურნი ადამიანნი; ხსენებული წლის გაზაფხულის დამდეგიდანვე სენმა მუსრი გაავლო ხალხს და თან უცნაურის ნიშნებითა ჩნდებოდა... სენის დასაწყისშივე მამაკაცებს და მსგავსადვე ქალებს, საზარდულთან ან იღლიის ქვეშ სიმსივნე რამ გამოუვიდოდათ; ზოგი სიმსივნე ჩვეულებრივი ვაშლისოდენა იყო, ზოგიც კვერცხისა, ზოგი უფრო დიდი და ზოგიც ნაკლები; ხალხი ჭირის სიმსივნეს ეძახდა. ადამიანს ჯერ ამ ორ ალაგას გამოაჩნდებოდა, მერე კი ეს მომაკვდინებელი სიმსივნე სხვა ადგილებზედაც იჩენდა თავს და იზრდებოდა; მერე ეს ნიშანდობლივი სახე ხსენებული სენისა იცვლებოდა და გადაიქცეოდა შავ ან მეწამულ ლაქად, დააყრიდათ ხელებზე, ბარძაყებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე, ზოგს მსხვილად და თხლად, ზოგს კიდევ წვრილად და ხშირად. და როგორც სიმსივნე იყო უეჭველი ნიშანი სიკვდილისა, ისე ეს ლაქებიც, ვისაც დააყრიდა, უეჭველად სიკვდილს უმზადებდა. აშკარა იყო, რომ ამ სენს არც ექიმის რჩევა-დარიგება შველოდა და არცა წამალს რასმე ჰქონდა ძალა, კაცი ვერ იტყოდა, თვით სენის ბრალი იყო ესა, თუ იმათი, ვინც ამ სენისგან ხალხს არჩენდნენ".

შავი ჭირის პანდემია ცხოვრებისეულ ფასეულობებს არღვევდა და ფუნდამენტურად ცვლიდა. ერთთათვის სულიერი კრიზისი იწყებოდა, ხოლო მეორეთათვის, პირიქით, ეკლესია ნავსაყუდელი იყო, ხსნის გზას წარმოადგენდა. თუკიდიდეს, პროკოფი კესარიელის, ბოკაჩოს აღწერილობები - ეს არის თვითმხილველთა მიერ დანახული რეალობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევიხედოთ სამყაროში, სადაც გამანადგურებელი სენი მძვინვარებდა.

აღწერილობებიდან ცოცხლდება სახეები ცხოვრებაზე გამწყრალი, ხელჩაქნეული ადამიანებისა, მათთვის არსებობის მიზანმა, ცხოვრების აზრმა ფასი დაკარგა. მათთვის "ღმერთი მოკვდა". როგორც ერიხ ფრომი აღნიშნავს, კრიზისების ჟამს ადამიანთა ერთ ნაწილში ყოველივე ღვთაებრივი უფასურდება და "მამაში ღმერთს აღარ ხედავს და ამით მისი სახით მშობლის მხარდაჭერას კარგავს. იმავდროულად, მისთვის არსებობას წყვეტს ყველა დიდი რელიგიური პოსტულატების ჭეშმარიტებაც". ასეთ სულიერ განწყობათა ჟამს, რელიგიურ რიტუალებსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს ანაცვლებდა ხორციელი სიამოვნებები, გართობა-ღრეობა. შუა საუკუნეების რელიგიურ საზოგადოებაში ეს ურთულესი სულიერი ტრანსფორმაციის პროცესი იქნებოდა. მარადიულობაზე ზრუნვის მაგიერ ადამიანი ცხოველური ინსტინქტების ტყვეობაში ექცეოდა, რასაც მოჰყვებოდა ზნეობრივი დაცემა, ძალადობა და ა.შ. შავი ჭირი მილანში, 1630 წ. (XIX საუკუნის ლითოგრაფია)

საზოგადოების მეორე ნაწილში მომაკვდინებელმა სენმა, პირიქით, რელიგიური გრძნობები გაამძაფრა. ამას ხელს უწყობდა თავად ოფიციალური ეკლესიის პოზიცია. 1348 წელს რომის პაპმა კლემენტი VI-მ შავი ჭირი "ღმერთის სამართლად" გამოაცხადა და განაცხადა, რომ უფალმა ეს რისხვა კაცობრიობას მოუვლინა თავისი ცოდვების გამო.

ვფიქრობთ, პანდემიის დროს საზოგადოებრივი განწყობების მსგავსი ტრანსფორმაცია არ შეეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ პერიოდს ან რეგიონს. მისი განზოგადება თავისუფლად შეიძლება საქართველოზეც. თუკიდიდე, პროკოფი კესარიელი თუ ბოკაჩო სხვადასხვა ეპოქისა და გეოგრაფიული გარემოს მკვიდრნი არიან, თუმცა, მომაკვდინებელი სენის მძვინვარების აღწერისას თითქოს იმეორებენ სიკვდილის საუფლოში მოხვედრილ ადამიანთა საპასუხო რეაქციებს. როგორც ჩანს, კრიტიკულ ვითარებაში საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის დროსა და სივრცეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

(დასასრული მომდევნო ნომერში) ჯაბა სამუშია ჟურნალი "ისტორიანი" #112