როგორ იღებდნენ მხატვრულ ფილმს "ვინ არის დამნაშავე?"
როგორ იღებდნენ მხატვრულ ფილმს "ვინ არის დამნაშავე?"
ქართული ფილმი გრანდიოზული მასობრივი სცენებით

1924 წლის 5 ნოემბრის გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა ინფორმაცია, ალექსანდრე წუწუნავა "სახკინმრეწვში" მიიწვიესო. რეჟისორს რამდენიმე პროექტის განხორციელება სურდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერც ერთი ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, გერმანე გოგიტიძის მეცადინეობით შეჩერდნენ ნინო ნაკაშიძის პოპულარულ პიესაზე- "ვინ არის დამნაშავე?".

ალექსანდრე წუწუნავას ეს პიესა თავის დროზე წარმატებით ჰქონდა დადგმული სცენაზე. ფილმისთვის რეჟისორმა თავად დაწერა სცენარი. ეს საქართველოში პიესის ეკრანიზაციის პირველი შემთხვევა იყო. მთავარ როლებზე მან ნატო ვაჩნაძისა და
კოტე მიქაბერიძის დუეტი მიიწვია. ნაწარმოების სიუჟეტი, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, დრამატულად ვითარდება: გამდიდრების ჟინით შეპყრობილი დედის ჩაგონებით, გურული გლეხი სიკო, სხვა დაქირავებულ ცხენოსნებთან ერთად მიემგზავრება აშშ-ში, რათა იქაურ ცირკში- "უაილდ უესტ შოუში" იჯირითოს და ფული დააგროვოს. შინ ცოლ-შვილი, დედა და მოხუცი ბაბუა რჩებიან. სიკოს გამგზავრების
შემდეგ მისი შვილი და ბაბუა გარდაიცვლება, მეუღლე ფატის კი მეზობელი შეაცდენს. ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს ცოლი ფეხმძიმედ დახვდება. შეურაცხყოფილი ფატი თავს იხრჩობს, სიკო სახლ-კარს გადაწვავს და თვითონაც იღუპება.

ფილმის სოციალური ფონი ორი ძირითადი მიმართულებით იშლება: ადამიანი და ოჯახი, ადამიანი და გარემომცველი პირობები. გლეხი ქალის უმწეო მდგომარეობა და მისი ბრძოლა თანასწორობისთვის. სიუჟეტის სიმძაფრემ, ადამიანური კონფლიქტების, გარემოსა და ეპოქის რეალისტურმა ასახვამ ფილმს მაშინვე მოუტანა პოპულარობა. "სურათი თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია დეტალების მძლავრი რეალიზმით, მასში მოცემულია განვითარების უბადლო ხაზი, უზადოდ მოტივირებული კავშირი". ფილმის მომზადების პერიოდში ოზურგეთსა და ლანჩხუთში უამრავი მასალა შეაგროვეს, რომელიც სამწუხაროდ, უგზო-უკვლოდ გაქრა. შემორჩენილია მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილის წერილი (1925 წლის 23 აგვისტო) ივანე ურუშაძისადმი, სადაც იგი საყვედურს გამოთქვამს ალექსანდრე წუწუნავასადმი ფოტომასალის დაკარგვის გამო: "მე შევეკითხე იგენს, რომ რათ უნდებიან სურათები-მეთქი. იგენმა მითხრეს, რომ ეს სურათები გამოცხათდება პრაჟეკტორში ჯერ საქართველოში, მერე კი რუსეთშიო. მაშვინ მე ვუთხარი, სურათებს გაგატან სხვადასხვანაირებს-მეთქი, მაგრამ უნდა იყოს ჩემი სახელი გამოცხადებული, რომელიც ვიყავით სხვადასხვა სახელმწიფოში ვისტავკებში მე და ჩემი ამხანაგები გურულები და თქვენმა გამოგზავნილმა კაცმაც შემპირდა, რომ თქვენი სახელიც იქმნება და გურულებისაცო და... (15) ხუთმეტი კაცი და (4) ქალი დაჭირდებაო იმ კამპანიასო. მე ძალიან გამიხარდა, მარა ეს ყველა ტყვილი დარჩა. მერე გევიგე, რომ კაზაქები და კვეტაიშვილი მისი ცოლით არისო... მერე კაცი გავუგზავნე პანტელეიმონ ცინცაძე და შევუთვალე, რომ რაღამც ყველაფერში მოგვატყუე, სურათები გამომიგზავნე და პრაცენტები-მეთქი და შემომითვალა, ყველაფერში გაგისწორდებიო. დღესეც არაფერი ამბავია, ივანე ბატონო... ორი სურათი იმისანა ურევია ამ სურათებში, რომ (200) ორასი მანეთი რომ მომცეს, არ მივცემ, ამის გამოწყობა მე მინდოდა, მარა დრომაც არ მომიწყო ხელი. ლუკა ჩხარტიშვილი".
ნატო ვაჩნაძე. კადრები ფილმიდან"ვინ არის დამნაშავე?"
ალექსანდრე წუწუნავას სურდა, ფილმში ეჩვენებინა ქართული კინოს გაქანება, გრანდიოზული მასობრივი სცენები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდნენ და იმავდროულად, ლოგიკური მეკავშირის როლს შეასრულებდნენ ფილმის საერთო არქიტექტონიკაში. ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ რეჟისორმა გადაწყვიტა ფილმში ეჩვენებინა ამერიკული "ველური დასავლეთის" შოუ თავისი მასშტაბურობითა და მრავალფეროვნებით. ამერიკაში ექსპედიციაზე ფიქრი მთვარეზე გაფრენის ტოლფასი იყო, ამიტომაც წუწუნავა, სიკოს როლის შემსრულებელ კოტე მიქაბერიძესთან ერთად, ველიკო და მარო კვიტაიშვილების ოჯახს მიადგა. ცოლ-ქმარი კვიტაიშვილები, ბრწყინვალე მხედრები, თავიანთ გუნდთან ერთად XX საუკუნის ათიანი წლებიდან გამოდიოდნენ ამერიკული შოუებისა და ცირკების არენებზე.

"მიადგნენ თუ არა კვიტაიშვილების სახლს, როგორც კოტე მიქაბერიძემ გვიამბო, ყანიდან შემოესმათ... ინგლისური სიმღერა. მელოდიას იწყებდა კვიტაიშვილების ქალიშვილი, ამერიკაში დაბადებული და წამოჩიტული, დედ-მამა კი ჰყვებოდა. მომავალი ფილმის ავტორს დაწვრილებით, დოკუმენტური სიზუსტით აინტერესებდა ყველაფერი ამერიკული ცირკის კონსტრუქციის შესახებ... ასევე საჭირო იყო ცირკის მონაწილე სხვადასხვა ჟანრისა და ეროვნების მსახიობებისა და, უბრალოდ, თანამშრომლების კოსტიუმების გაცნობა, შემორჩენილი ფოტოებისა თუ აფიშების ნახვა და ათასი წვრილმანი; ეს აუცილებელი იყო, რათა ფილმში ეჩვენებინათ ამერიკული ცირკის არა საცოდავად შეკოწიწებული ბუტაფორია, რომელიც თავისი უმწეობის გამო ცინიკურად განაწყობდა მაყურებელს, არამედ ნამდვილი, რეალური სახე. ალექსანდრე წუწუნავას "ვიზიტმა" კარგი შედეგი გამოიღო- კვიტაიშვილებს ამ მხრივ უხვი მასალა აღმოაჩნდათ".

რეჟისორი ჩანაფიქრის ხორცშესხმას შეუდგა: "სახკინმრეწვის" ეზოში სამწრიანი ამერიკული ცირკი ხუთ დღეში ააშენეს, კაუბოების, ინდიელების, მოცეკვავეების, მოჯირითე გურულების კოსტიუმები ერთ კვირაში შეიკერა. საინტერესოა, რომ ჯირითობის სცენებში ძირითადად მონაწილეობდნენ ამერიკასა და ევროპაში ნამყოფი მოჯირითეები, მათ შორის თავად კვიტაიშვილები. რასაკვირველია, ამ მასობრივი სცენისათვის საჭირო გახდა დიდძალი მაყურებელი- ორი ათასი "ამერიკელი", ვინც ტრიბუნებს შეავსებდა. ეს პრობლემაც ადვილად გადაწყვიტეს:
ოფიციალურად გამოცხადდა გადაღების დღე და თბილისის კინოთეატრებში გაუშვეს სარეკლამო რგოლები, სადაც ყველა მსურველს იწვევდნენ დიდ საცირკო წარმოდგენაში გადასაღებად, მხოლოდ ერთი პირობით- ყველანი ევროპულ კოსტიუმებში გამოწყობილი უნდა მოვიდნენო.
დათქმულ დროს ცირკის თაღთან, სადაც კვიტაიშვილების მიერ ამერიკიდან ჩამოტანილი პლაკატი წარწერით "101 ღანცჰ ღეალ ჭილდ ჭესტ შოწ" ("101 რანჩოს ნამდვილი ველური დასავლეთის შოუ") გამოეკრათ, მოსალოდნელზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. "ვინც ძალიან ჰგავდა ამერიკელს, მისვლისთანავე შეუშვეს, "ნახევრადამერიკელები" კი "ოქროს თადარიგში" ჩააყენეს. აგერ, გამოჩნდა ამერიკულ ყაიდაზე ხაკისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ოფიცერი, მერე რაჯა მოვიდა თავისი მდივანი ქალით (ეს უკვე გადაცმული მსახიობები იყვნენ), შემდეგ ვიღაც მოხალისე ზოლებიან შარვალსა და გრძელკალთიან სერთუკში, ვითომ ნამდვილი "ძია სემია". ბოლოს კი მოადგა მანქანა, რომელშიც მართლაც ნამდვილი ამერიკელები იყვნენ, თბილისში მყოფი რომელიღაც ამერიკული კომიტეტიდან- ცხადია, მათაც გაეგოთ ეს ამბავი და გულწრფელად მოვიდნენ დასახმარებლად".

იყო კურიოზიც: ერთ მსურველს "ბუდიონოვკა" ეცვა. მას განუმარტეს, რომ ამერიკელად ვერ გამოდგებოდა, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა- გადაღებაში მინდა მონაწილეობის მიღებაო. ეპიზოდს ოთხი ოპერატორი იღებდა: ს. ზაბოზლაევი, ვ. ენგელსი, ა. პოლიკევიჩი და მოსკოველი ნ. ტიხონოვი. თავად რეჟისორი სახელდახელოდ აგებული კოშკიდან, რუპორით ხელში ხელმძღვანელობდა გადაღების პროცესს.
კადრი ფილმიდან "ვინ არის დამნაშავე?"
ალექსანდრე წუწუნავამ დაამტკიცა, რომ იგი მასობრივი სცენების გადაღების დიდოსტატია. ასეთი გრანდიოზული სცენა, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა იმდროინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში, სარეკორდო ვადაში- ერთ დღეში გადაიღეს. კინოსურათი წუწუნავას ჰქონდა ორ სერიად გადაღებული, მაგრამ მოსკოვში ჩატანილი ფირი "სახკინმრეწვის" წარმომადგენელმა გრიგორი არუსტანოვმა შეკვეცა. შემცირებასთან ერთად ფილმს სახელიც შეუცვალეს- "უაილდ ვესტის მხედარი" დაარქვეს. ამას გარდა, არუსტანოვმა შეცვალა ზოგიერთი ტიტრი და სადაც "ქართველი მოჯირითეები" ეწერა, "კავკასიელ მოჯირითეებად" გადააკეთა. ამის შედეგი იყო, რომ ზოგიერთ საბჭოურ და უცხოურ რეცენზიებში მოჯირითეებს კავკასიელებად და არა ქართველებად მოიხსენიებდნენ: "განსაცვიფრებელი და მეტად საინტერესოა ამერიკული ცირკი და კავკასიური ჯირითი". რეჟისორი ასევე ხაზს უსვამდა: "მე მიმაჩნია, რომ თუ საქართველოს "სახკინმრეწვი" უშვებს რაიმე ფილმს, მას უნდა ჰქონდეს საქართველოს "სახკინმრეწვის" მარკა, თუ სომხეთი უშვებს- სომხური, თუ აზერბაიჯანი- აზერბაიჯანული, მაგრამ არ შეიძლება ყოველივე ამის არევა ერთმანეთში. ქართული ყოფის არევა... საერთო კავკასიურ მასშტაბში და სიკოს (კოტე მიქაბერიძის გმირი.- ი. მ.) მოხსენიება კავკასიელ მოჯირითედ- ყოვლად შეუძლებელია".

მიუხედავად მოსკოვში მივლინებული რეჟისორის პროტესტისა, ფილმი მაინც დამახინჯდა, დაიკარგა ავტორისეული თავდაპირველი ჩანაფიქრი. "ჩემი აზრით,- ამბობდა ალექსანდრე წუწუნავა,- ფილმის გადაკეთება რეჟისორის საქმეა და არა გრიგორი არუსტანოვისა". ალექსანდრე წუწუნავა კოლეგიალობასაც იჩენს და რეჟისორ ვლადიმირ ბარსკის (რომელიც რამდენიმე წლით ადრე მას და "ქრისტინეს" თავს ესხმოდა) სურათებზეც საუბრობს. "დარწმუნებული ვარ, რომ ბარსკის სურათები გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ამხ. გრიგორი არუსტანოვის წყალობით რომ მათ ასე მიზანშეუწონლად არ ამოკლებდნენ. არუსტანოვს არა აქვს მხატვრული მიდგომა ისეთი საქმისადმი, როგორიცაა კინოწარმოება, ამიტომაც ხდება, რომ ბევრ სურათში იგი ტოვებს ლამაზ, მაგრამ არაფრისმთქმელ ადგილებს". წუწუნავას თან ახლდა მსახიობი ნიკოლოზ კახიძე, რომელმაც რაღაც გზებით ხელში ჩაიგდო ფილმის მეექვსე და მერვე ნაწილებიდან ამონაჭრები და კინოთეატრ "კოლოსში" მიიტანა. კინოთეატრის გამგეს უთხოვია, ასე დამონტაჟებული სახით გამომიგზავნეთ ფილმი, თორემ ისეა დაჭრილი, კაცი თავსა და ბოლოს ვერ გაუგებსო. ერთხანს წუწუნავა უარსაც კი ამბობდა ფილმის ავტორობაზე, ტიტრებიდან საკუთარი სახელის ამოღებაც კი უნდოდა, მაგრამ მერე ბედს შეეგუა. "მე ვგავდი იმ მამას,- გულისტკივილით შენიშნავდა იგი,- რომლის ქალიშვილს ნამუსი ახადეს, მაგრამ რომელსაც მეორე დღეს არწმუნებდნენ, თქვენი ქალიშვილი ისევ ისეთივე ლამაზია, როგორიც იყოო".

საინტერესოა, რომ ალექსანდრე წუწუნავას უკანასკნელი ფილმის ("ჯანყი გურიაში") წარმოებაში ჩაშვებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის გერმანე გოგიტიძე, მაგრამ სწორედ არუსტანოვი, სახკინმრეწვის გამგეობის თავმჯდომარე, აქტიურად უჭერდა წუწუნავას მხარს ამ საქმეში. ეს იმ შეცდომის გამოსწორების მცდელობა იყო, რაც მან "ვინ არის დამნაშავეს?" მიმართ ჩაიდინა თუ სხვა რამ, ახლა ძნელი დასადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ არუსტანოვს ამან ვერ "უშველა"- "ჯანყთან" დაკავშირებულ ფინანსურ გადახარჯვასთან დაკავშირებით იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დამახინჯებების მიუხედავად, "ვინ არის დამნაშავე?" მოსკოვის ექვს კინოთეატრში გადიოდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ჟურნალი "სახიობა" (1926, #8, გვ. 1) წერდა: "იმ ფილმებს შორის, რომლებიც ჩვენმა სტუდიამ გამოუშვა, "ვინ არის დამნაშავეს?" განსაკუთრებული ადგილი უკავია და შესაძლოა ჩვენს კინოწარმოებაში მან სრულიად ახალი პერიოდი გახსნას". ჟურნალი "Советский экран"-ს (1926, #3) ფილმში მასობრივი სცენებს გამოყოფდა: "ვერც კი წარმოიდგენ, რომ ეს ინსცენირებაა, იმდენად არ იგრძნობა აქ ყბადაღებული დასავლური ბუტაფორიულობა. უბრწყინვალესი მომენტია ცირკის სცენა. წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ ეს ქართველებმა გააკეთეს, აი, თუნდაც როგორ გამოირჩევა ქართველების ჯდომა ცხენებზე კოვბოური მანერისგან. გახარებთ მძაფრი ტემპი. ბრწყინვალეა თვით აღლუმის მონაწილეთა შემადგენლობა". იყო ბრიყვული ხასიათის რეცენზიებიც, სადაც ფილმის ნაკლად მიჩნეული იყო ერთ ეპიზოდში ნაჩვენები სიმინდის გარჩევა: "ეტყობა, სიმინდი ძველია, ხელოვნურად შეხვეული. ალბათ ფილმი მაშინ გადაიღეს, როცა სიმინდი მწიფე არ იყო..."
კოტე მიქაბერიძე. კადრები ფილმიდან "ვინ არის დამნაშავე?"
კინოსურათი საზღვარგარეთაც გაიტანეს: გერმანიაში, ფინეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, თურქეთში, ირანში, ჩეხოსლოვაკიაში. თბილისში ფილმის პრემიერა ერთდროულად სამ კინოთეატრში: "სოლეიში", "არფასტოსა" და "აპოლოში" გაიმართა. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდებოდა. "სახკინმრეწვმა" წინასწარ გამოსცა ამ ფილმისადმი მიძღვნილი ქართულ-რუსული სარეკლამო ბუკლეტი. "ვინ არის დამნაშავე?" თბილისის კინოეკრანებზე პირველი სამი კვირის განმავლობაში 60 ათასმა მაყურებელმა ნახა. ეს თავისებური რეკორდი იყო იმდროინდელ ქართულ კინოში. ალექსანდრე წუწუნავამ ბრწყინვალედ იმუშავა მსახიობებთან, დახვეწა მათი აქტიორული ინდივიდუალურობა, წინასწარ აწყობდა რეპეტიციებს, რომლის დროსაც დაბეჯითებით უხსნიდა თითოეულ მათგანს, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. რეჟისორი მსახიობთა ყურადღებას თვალებისა და გამომეტყველების ემოციურ ძალაზე ამახვილებდა. ალექსანდრე წუწუნავაა პირველი, ვინც ქართულ კინოში ძირფესვიანად შეცვალა, საფუძველი ჩაუყარა და ჩამოაყალიბა სამსახიობო ოსტატობა, რაც გამოიხატებოდა მსახიობთა უკიდურესად რეალისტურად შესრულების მანერაში, კინემატოგრაფიული სახის ძერწვის ლაკონიურობაში. საკავშირო პრესა ნატო ვაჩნაძეს აღიარებდა ფილმის აქტიორული ანსამბლის ლიდერად, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მას ზურგს უმაგრებდნენ სხვა ნიჭიერი მსახიობები: კოტე მიქაბერიძე, არკადი ხინთიბიძე, ვლადიმერ ტრაპაიძე და განსაკუთრებით ცეცილია წუწუნავა, რომელმაც მგონია, რომ ფილმის ყველა სხვა მონაწილე დაჩრდილა.

ცეცილია წუწუნავას მოგონებიდან: "დაიწყო სურათის ფინალური ეპიზოდის გადაღება, თავს საშინელი უბედურება დამატყდა: ერთი მხრივ, თავი მოიკლა რძალმა, მეორე მხრივ, ვაჟიშვილმა სახლს ცეცხლი წაუკიდა. ეს სცენა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უნდა გამხდარიყო ფილმში. მაშინ, როდესაც მე ამ სცენის წარმოსადგენად ვემზადებოდი, რეჟისორმა წუწუნავამ სულ უბრალო რაღაცის გამო ჩხუბი ამიტეხა, ამან ჩემზე უცნაური ზემოქმედება მოახდინა. ძალიან ავღელდი, გავნაწყენდი. ამ დროს გაისმა რეჟისორის ხმა: "მოემზადეთ, გადაღება იწყება". არ მახსოვს, როგორ ვითამაშე ჩემი როლი. გონს მაშინ მოვედი, როცა კაბაშემოხეული ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამომათრიეს. ალექსანდრე წუწუნავა მომიახლოვდა და მითხრა: "კარგი იყავი, ცეცილია, ძალიან კარგი, ჩხუბი კი განგებ აგიტეხე, ეს საჭირო იყო შენთვის". რაც შეეხება ნატო ვაჩნაძეს, ის სწორედ წუწუნავას ხელში გამოიწრთო ნამდვილ დრამატულ კინომსახიობად, რასაც ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა: "წუწუნავა იყო პირველი რეჟისორი, ჩემს სამსახიობო გზაზე შეხვედრილი, რომელიც სტანისლავსკის მეთოდით მუშაობდა, რეპეტიციების დროს იგი ცდილობდა მსახიობის თამაში ფსიქოლოგიური სიმართლის გამომხატველი გაეხადა. იგი ყოველთვის ზუსტ დავალებას იძლეოდა, სათანადო მდგომარეობისა და მიზანსცენების გამონახვა შეეძლო".
კადრი ფილმიდან "ვინ არის დამნაშავე?". დიმიტრი ყიფიანი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნატო ვაჩნაძე
ნატო ვაჩნაძემ არსებითად ამ როლით დაიწყო თავისი ნამდვილი სამსახიობო კარიერა. ამას ხაზს უსვამდა თავის რეცენზიაში მისი მომავალი მეუღლე, ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, როცა ამბობდა, რომ "არც ერთ სურათში არ ყოფილა ნატა ვაჩნაძე ასეთი ამსრულებელი თავისი როლის... "ვინ არის დამნაშავე" ყველაზე უფრო საინტერესო უნდა იყოს ნატა ვაჩნაძისათვის, ასეთი მიღწევის შედეგი არის მოფიქრებული სახე, ზომიერი და ცოცხალი არაყალბი თამაში, იგი უკვე შეგნებულად იწყებს როლის თამაშს, ის აქ არ არის შეშინებული, ეტყობა, რომ მსახიობობას მიუხვდა... მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ კიდევ დასრულებისათვის დიდი მუშაობაა საჭირო".

სტანისლავსკის სისტემას უამრავი დამცველი და მოწინააღმდეგე ჰყავს, მე არც ერთის, არც მეორის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ ერთი ცხადია- ვერანაირი მეთოდი და ტრეინინგი ვერ უშველის მსახიობს, თუ ნიჭი არა აქვს. ძალიან ბევრი მსახიობი ამ სისტემას საერთოდ არ ცნობდა, მაგალითად, უდიდესი მსახიობი ჯორჯ სი სკოტი, რომელიც სისტემას "ნეხვის ბურთულას" უწოდებდა. ცნობილი ინგლისელი თეატრალური მსახიობი სერ რობერტ სტივენსი იხსენებდა ნიუ-იორკში ნანახ ერთ სპექტაკლს, სადაც ამ მეთოდის მიმდევარი მსახიობები მონაწილეობდნენ. მათი თამაში იმდენად ყალბი და არაპროფესიონალური იყო, რომ სპექტაკლის შემდეგ ის, აღშფოთებული, ორ მოხუც რუს მსახიობს შეეკითხა, რას ფიქრობდნენ ისინი სტანისლავსკის მეთოდზე. მათ პასუხი ასეთი იყო: თუ გაქვს სტანისლავსკის წიგნი "ჩემი ცხოვრება ხელოვნებაში", მდინარეში მოისროლეო. შესაძლოა არანაირი კურსები არ ჰქონდეს გავლილი მსახიობს, მაგრამ ნიჭის, შინაგანი ენერგიისა და ქარიზმის წყალობით შეუძლია, ნებისმიერი ცნობილი თეატრალური უნივერსიტეტისა და სახელოსნოს კურსდამთავრებულს აჯობოს.

ირაკლი მახარაძე
ჟურნალი "ისტორიანი" #112
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები