უბიხები ბრძოლა თავისუფლებისთვის - კვირის პალიტრა

უბიხები ბრძოლა თავისუფლებისთვის

XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ისინი თავდადებით იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად, მაგრამ უზარმაზარი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ. თავისუფლების დაკარგვას მათ ოსმალეთში ერთიანად გადასახლება არჩიეს და 1864 წლის მაისში საკუთარი მიწა-წყალი დატოვეს. მშობლიურ მიწას მოწყვეტილი მდიდარი და გმირული წარსულის ხალხი შიმშილის, ავადმყოფობის, ასიმილაციის მსხვერპლი გახდა და ისტორიის არენიდანაც გაქრა. მოგვიანებით, აფხაზმა მწერალმა ბაგრატ შინკუბამ (1917-2004) ამ ხალხის ტრაგიკულ ცხოვრებას შესანიშნავი რომანი მიუძღვნა - "უკანასკნელი უბიხი". ავტორის თქმით, ჭეშმარიტებას ღაღადებს აფხაზური ანდაზა: "ვინც სამშობლოს კარგავს, ის ყველაფერს კარგავს".

უბიხები ენით, კულტურითა და ყოფით აფხაზებსა და ჩერქეზებს ენათესავებოდნენ. ისინი შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარეებს - ხოსთასა და შახეს (სუბაშს) შორის ცხოვრობდნენ. უბიხეთი თემებად იყოფოდა: სუბაში, ხიზე, ვარდანე, ფსახე, საშე, ხოსთა (ხამიში). XIX საუკუნის პირველ ნახევარში უბიხების რაოდენობა დაახლოებით 30 ათასს შეადგენდა.

უბიხთა ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთის იმპერიამ ჩრდილოეთ კავკასიისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაპყრობა გადაწყვიტა. ეს ომი, რომელიც რუსეთ-კავკასიის ომის (1763-1864) სახელით არის ცნობილი, მთელ საუკუნეს გაგრძელდა. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე რუსეთის სარდლობა თავს იკავებდა დასავლეთ კავკასიაში ფართო შეტევითი ოპერაციებისგან. ამ დროს ცარიზმის ყურადღება ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიისკენ იყო მიპყრობილი. თუმცა, ჩეჩნეთ-დაღესტანში საომარი მოქმედებების პარალელურად, რუსეთის ჯარის ნაწილების სამხედრო ექსპედიციები დასავლეთ კავკასიაშიც ეწყობოდა. 30-იან წლებში რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ყუბანისპირეთის ვაკისა და კავკასიონის მთისწინეთის ათვისება, მდინარე ყუბანსა და მდინარე ლაბას შორის არსებულ ტერიტორიაზე კაზაკთა დასახლებების შექმნა. ჰაჯი კერენტუხ ბარზეგი (1803-1897), უბიხების უკანასკნელი წინამძღოლი

შავი ზღვის სანაპირო ზოლში ამ დროს ცხოვრობდნენ: ჯიქები - მდინარე ბზიფსა და მდინარე ხოსთას შორის; უბიხები - მდინარე ხოსთასა და მდინარე შახეს შორის; ჩერქეზთა ეთნოგრაფიული ჯგუფები: შაფსუღები - მდინარე შახესა და მდინარე ფშადას შორის და ნათხვაჯები - მდინარე ფშადასა და მდინარე ყუბანის ქვემო წელს შორის.

1831-1837 წლებში რუსეთის ჯარის ნაწილებმა დაიპყრეს შავი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვანი პუნქტები და გელენჯიკის, კაბარდინსკოეს, მიხაილოვსკოეს, ნოვოტროიცკოეს სიმაგრეები ააგეს. როგორც წესი, სიმაგრეები მდინარეების შესართავთან, ადგილობრივ მკვიდრთათვის წართმეულ ტერიტორიებზე იგებოდა. სიმაგრეების აშენებით რუსები კავკასიელ მთიელებს გარე სამყაროსთან ურთიერთობის საშუალებას უსპობდნენ. ამასთან, რუსები შავი ზღვის სანაპიროზე მაგრდებოდნენ, რუსეთის ფლოტს ხელსაყრელი პირობები ექმნებოდა შავ ზღვაზე ბატონობისთვის.

1837 წლის 7 ივნისს რუსების დესანტი ჯიქების მიწა-წყალზე, ადლერის კონცხზე გადმოსხდა და ბრძოლით დაიკავა. ამ ბრძოლაში დაიღუპა ცნობილი რუსი მწერალი, დეკაბრისტი ალექსანდრ ბესტუჟევ-მარლინსკი, რომელიც კავკასიის კორპუსში მსახურობდა. ადლერის კონცხს ნიკოლოზ I-ის (1825-1855) ძის, დიდი მთავრის კონსტანტინეს პატივსაცემად კონსტანტინოვსკი ეწოდა. 8 ივნისს მდინარე მზიმთას შესართავში სვიატოგო დუხას სიმაგრეს ჩაეყარა საფუძველი. ჯარის ნაწილებს, რომლებიც სიმაგრის აგებაზე მუშაობდნენ, უბიხები და ჯიქები გამუდმებით თავს ესხმოდნენ. საპასუხოდ კავკასიის კორპუსის სარდალმა გრიგორი როზენმა (1831-1837) გენერალ-მაიორ ანდრეი სიმბორსკის უბრძანა, ახლომდებარე სოფლები გაენადგურებინა, რაც დაუყოვნებლივ შესრულდა.

ნიკოლოზ I-ის ჩამოსვლა კავკასიაში

1837 წლის 26 სექტემბერს ადლერის კონცხის რეიდზე დადგა გემი "ჩრდილოეთის ვარსკვლავი", რომელზეც იმპერატორი ნიკოლოზ I (1825-1855) იმყოფებოდა. ძლიერი ღელვის გამო იმპერატორმა ნაპირზე გადმოსვლა ვერ მოახერხა და ფოთისკენ გაემგზავრა. ოქტომბერში ნიკოლოზ I თბილისში, კავკასიის ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ ცენტრში ჩამოვიდა. მისი მიზანი იყო კავკასიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში, საომარი მოქმედებების პერიპეტიების ადგილზე გაცნობა. იმპერატორი უკმაყოფილო დარჩა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსეთის არმიის მიღწევებით და ბარონ გრიგორი როზენის (1831-1837) მმართველობით, ამიტომ ის გადააყენა. კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად და კავკასიის მთავარმართებლად ინფანტერიის გენერალი ევგენი გოლოვინი დაინიშნა. ნიკოლოზ I-მა ბრძანა, დაეჩქარებინათ ფორტების მშენებლობა და სარდლობას ამოცანად შავი ზღვის მთელი სანაპიროს დაპყრობა დაუსახა.

უბიხეთის სანაპიროს დაპყრობა

1838 წლის 13 აპრილს რუსეთის ესკადრა კონტრადმირალ ფიოდორ არტიუკოვის მეთაურობით უბიხეთში მდინარე სოჭის შესართავს მიადგა და დესანტი გადმოსხა. დესანტმა გენერალ-მაიორ ანდრეი სიმბორსკის მეთაურობით, მთიელთა სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, სოფელი სოჭი და ახლომახლო მაღლობები დაიკავა. ექსპედიციის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სადესანტო ესკადრის დახმარებამ.

ბრძოლის შემდეგ არემარე მთიელთა გვამებით იყო მოფენილი. 17 აპრილს რუსთა ბანაკში უბიხთა ერთ-ერთი წინამძღოლი კერენტუხ ბარზეგი მივიდა და ბრძოლაში დაღუპული მთიელების გადასვენება ითხოვა, რასაც რუსეთის სარდლობა დათანხმდა. 21 აპრილს ა. სიმბორსკი უბიხების ყოფილი სოფლის ადგილას, მაღლობზე, სიმაგრის აგებას შეუდგა. რადგან სიმაგრეს დედოფალ ალექსანდრა ფიოდოროვნას დაბადების დღეს ჩაეყარა საფუძველი, მას ალექსანდრია უწოდეს. ერთი წლის შემდეგ, 1839 წელს, რაკი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე კიდევ ერთი ალექსანდრია არსებობდა, უბიხეთში აგებულ ალექსანდრიას სახელი შეეცვალა და ერთ-ერთი პოლკის სახელის მიხედვით ნავაგინსკი დაარქვეს. 1838 წლის 10 ივნისს რუსების რაზმი ალექსანდრიის სიმაგრიდან გამოვიდა და მდინარე სოჭისა და მდინარე ბზუგუს ზემო წელში უბიხთა სოფლები გაანადგურა.

1838-1839 წლებში რუსეთის ჯარის ნაწილებმა დაიკავეს მდინარე ტუაფსესა და მდინარე ფსეზუაფსეს შესართავები და იქ სიმაგრეები ველიამინოვსკი და ლაზარევსკოე ააგეს, მდინარე წამაზის შესართავში - ნოვოროსიისკი, ხოლო მდინარე მესკაგის შესართავში - რაევსკი. 1839 წლის 3 მაისს, უბიხების სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, გენერალმა ნიკოლაი რაევსკიმ მდინარე შახეს შესართავი დესანტით დაიკავა და ააგო სიმაგრე, რომელსაც კავკასიის კორპუსის მთავარსარდლის, გენერალ გოლოვინის პატივსაცემად გოლოვინსკი ეწოდა. მალე შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს ყველა რუსული სიმაგრე ერთმანეთთან სახმელეთო გზით დააკავშირეს და იქ განლაგებულ ჯარებთან ერთად, შავი ზღვის სანაპირო ხაზის სისტემაში შეიყვანეს. მთიელთა გაერთიანებული ლაშქრის თავდასხმა მიხაილოვსკოეს სიმაგრეზე 1840 წლის 22 მარტს. რიგითი არხიპ ოსიპოვი თოფისწამლის სარდაფს აფეთქებს თავდამსხმელებთან ერთად (ალექსანდრ კოზლოვის ნახატი)

უბიხთა წინამძღოლმა ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგმა (1766-1846) 1839 წლის ბოლოს, ტუაფსესა და გაგრას შორის მთელი მოსახლეობა გააერთიანა რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი დიდი სახელითა და ავტორიტეტით სარგებლობდა მთელ დასავლეთ კავკასიაში. 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უბიხების ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. სწორედ ამ ხანებში უწოდა ინგლისელმა ჯეიმს ბელმა მას "ჩერქეზების ვაშინგტონი". ბარზეგის თავი გენერალმა რაევსკიმ 1839 წელს ათას ოქროდ შეაფასა. ბავშვობაში სწორედ ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგთან იზრდებოდა მიხეილ შარვაშიძე, აფხაზეთის სამთავრო ტახტის მემკვიდრე. 1840 წელს ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგის მეთაურობით უბიხების, ჯიქების, შაფსუღების, ნათხვაჯების გაერთიანებულმა ლაშქარმა რუსული სიმაგრეები: ლაზარევსკოე, მიხაილოვსკოე და ველიამინოვსკოე აიღო, თუმცა მათი შენარჩუნება მთიელებმა დიდხანს ვერ შეძლეს.

უბიხეთის ექსპედიცია

უბიხეთის სანაპიროზე მნიშვნელოვანი პუნქტების დაკავების შემდეგ, 1841 წლის ზაფხულში, რუსეთის სარდლობამ ქვეყნის სიღრმეში ექსპედიციის მოწყობა და მამაცი უბიხების დამორჩილება გადაწყვიტა. რუსეთის სარდლობა მიიჩნევდა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე სიმშვიდე მანამ არ დაისადგურებდა, სანამ უბიხებს არ დაიმორჩილებდნენ.

შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსი, გენერალ-მაიორი იოსებ ანრეპი ექსპედიციის მოწყობას სექტემბრის დასაწყისში ფიქრობდა. მისი აზრით, ზაფხულის სიცხეების დაცხრომის შემდეგ, სექტემბერ-ოქტომბერი ყველაზე კარგი დრო იყო ამ მხარეში სახმელეთო ლაშქრობის მოსაწყობად, რადგან სწორედ ამ დროს შემოდიოდა უმთავრესი მარცვლეული კულტურები - ღომი და სიმინდი. მათი ნათესების განადგურების შემდეგ უბიხები იძულებული გახდებოდნენ, რუსეთის სარდლობას დამორჩილებოდნენ.

სექტემბრის ბოლოს რუსეთის ჯარის ნაწილებმა მდინარე მზიმთას ნაპირზე მოიყარეს თავი. რუსეთის ჯარის ნაწილების ადლერში გამოჩენისთანავე უბიხებმა ოჯახები მთებში გახიზნეს, თვითონ კი საომარ სამზადისს შეუდგნენ: გაამაგრეს მდინარე სოჭის ხეობისკენ მიმავალი სანაპირო გზა, შეაგროვეს 5 ათასამდე მეომარი და სხვ. უბიხების წინამძღოლმა ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგმა საჯაროდ განაცხადა, რომ "უმალ წვერს მოიპარსავდა და ქალის კაბას ჩაიცვამდა, ვიდრე თუნდაც ერთ რუსს მაინც შეუშვებდა თავის მიწაზე". უბიხების ყურადღების გადატანის მიზნით, ანრეპის ბრძანებით, აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864) აფხაზთა სახალხო ლაშქრით გოლოვინსკის სიმაგრეში გადავიდა და ღამით ახლომდებარე სოფლებში შეიჭრა, მაგრამ სოფლები დაცარიელებული აღმოჩნდა. ცხადი იყო, რომ უბიხები, ვისაც იარაღის აღება შეეძლო, საბრძოლველად იყვნენ გამოსული. აფხაზებმა ცარიელი ქოხები გადაწვეს და ბანაკში დაბრუნდნენ.

1841 წლის 8 ოქტომბერს ექსპედიცია ჯიქეთიდან, მდინარე მზიმთადან უბიხეთისკენ დაიძრა. ზღვიდან მას საბრძოლო ხომალდების ესკადრა უჭერდა მხარს. რუსეთის ჯარის ნაწილი ბრძოლით მიიწევდა წინ. რუსებმა რამდენიმე სოფელი გაანადგურეს და 10 ოქტომბერს ნავაგინსკში ჩავიდნენ. ასეთი გადასვლა უბიხებს მანამდე შეუძლებლად მიაჩნდათ. მათ შორის მსხვერპლი დიდი იყო. 70 წლის ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგის 9 ვაჟიშვილიდან 4 ბრძოლაში დაიღუპა, სხვები დაიჭრნენ. სულ, ბარზეგების წარჩინებული საგვარეულოდან 11, ხოლო ძიაშის წარჩინებული საგვარეულოდან - 7 ვაჟკაცი დაიღუპა. მრავალი საუკეთესო მეომარი, რომელიც ჩვეულებრივ წინა რიგებში იბრძოდა, დაიღუპა ან დაიჭრა. დაღუპულთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ უბიხები არც ცდილობდნენ თავიანთი მიცვალებულების ბრძოლის ველიდან გაყვანას, როგორც სჩვეოდათ. მიუხედავად დამარცხებისა, მათი მედგარი წინააღმდეგობის გამო რუსეთის ჯარის ნაწილებმა ქვეყნის სიღრმეში, მთებში ვერ შეაღწიეს. ექსპედიციის სამი დღის, 8-10 ოქტომბრის განმავლობაში, უბიხებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 1 700 კაცი დაკარგეს.

ბრძოლა გრძელდება

უბიხეთის ექსპედიციის შემდეგ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცირე ხნით სიმშვიდე ჩამოვარდა. მთიელები სანაპირო სიმაგრეებს თავდასხმებით თითქმის არ აწუხებდნენ, მაგრამ რუსეთის სარდლობის აზრით, უბიხების საკითხი უნდა მოგვარებულიყო. 1843 წლის ნოემბერში შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსი ნიკოლაი მურავიოვი და მიხეილ შარვაშიძე უბიხებთან მოსალაპარაკებლად ნავაგინსკში ჩავიდნენ. სიმაგრესთან მალე თავი მოიყარეს უბიხების მამასახლისებმა და სხვა საპატიო პირებმა, სულ 400-მდე კაცმა. უბიხებს მიხეილ შარვაშიძის დიდი ნდობა და პატივისცემა ჰქონდათ, რაც ამ შეხვედრაზეც დადასტურდა. მიხეილთან 20-მდე უბიხი მივიდა, მოკრძალებით მიესალმნენ მას, ჩოხასა და ხელზე ემთხვივნენ, მოეფერნენ. ერთმა, 80 წლის მოხუცმა ისიც გაიხსენა, რომ პატარაობისას ის მხარზე შემოსმული დაჰყავდა. ესენი ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგის გლეხები იყვნენ, რომლებმაც აფხაზეთის მთავრის, როგორც მათი სახლის აღზრდილის ნახვა აუცილებლად მიიჩნიეს.

უბიხებთან მოლაპარაკებებს რუსებისთვის შედეგი არ მოჰყოლია. ისინი კვლავ განაგრძობდნენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, თუმცა უკვე თავიანთი მამაცი წინამძღოლის გარეშე. ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგი მექაში გაემგზავრა ხელმეორედ მოსალოცად და უკან დაბრუნებისას, გზაში გარდაიცვალა 1846 წელს. ისმაილ ბარზეგის გარდაცვალების შემდეგ უბიხების წინამძღოლი მისი ძმისწული, ჰაჯი კერენტუხ ბარზეგი (1803-1897) გახდა.

1844 წლის 16 ივლისს 6 ათასამდე უბიხი თავს დაესხა გოლოვინსკის სიმაგრეს, მაგრამ გარნიზონმა შეტევა მოიგერია. უბიხებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით ათასამდე კაცი დაკარგეს. სიმაგრის მიმდებარე ტერიტორია მკვდრებით იყო მოფენილი. უბიხეთში არ იყო სოფელი, სადაც ამ ბრძოლის დროს დაღუპულს არ დასტიროდნენ.

ასეთი ბრძოლები ბევრი იყო. უბიხები და დასავლეთ კავკასიის სხვა მთიელები თავდადებით იბრძოდნენ მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად, მაგრამ რუსეთის მრავალრიცხოვან და კარგად შეიარაღებულ ჯარის ნაწილებს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ.

50-იანი წლების მეორე ნახევარში რუსეთის ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია კავკასიის ომს, რომელიც ძვირი უჯდებოდა. 1856 წლის ივლისში კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად და მეფისნაცვლად კავკასიაში გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ბარიატინსკი დაინიშნა. კავკასიის კორპუსი არმიად გარდაიქმნა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ახალი მთავარსარდლის ყურადღება ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიისკენ იყო მიპყრობილი, მაგრამ დასავლეთ კავკასიაში ჩვეულებრივ ეწყობოდა სამხედრო ექსპედიციები. 1859 წლის 25 აგვისტოს რუსეთის სარდლობას დანებდა კავკასიელ მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მეთაური იმამი შამილი, რომელიც თავდადებით იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. რუსეთმა ჩეჩნეთ-დაღესტანი დაიპყრო. ამის შემდეგ რუსეთის სარდლობამ 200-ათასიანი კავკასიის არმიის ძირითადი ნაწილები დასავლეთ კავკასიაში გადმოისროლა, სადაც ბრძოლას განაგრძობდნენ ჩერქეზთა მრავალრიცხოვანი ეთნოგრაფიული ჯგუფები, აგრეთვე აბაზები და უბიხები. დასავლეთ კავკასიის მთიელები მჭიდროდ შეკავშირების ამოცანის წინაშე დადგნენ.

ჩერქეზთა მეჯლისი

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კავკასიის მთიელთა გაერთიანების იდეა მუდამ არსებობდა, თუმცა მისი ხორცშესხმა რთული აღმოჩნდა. 1861 წლის ივნისში მდინარე სოჭის ხეობაში უბიხების ინიციატივით დასავლეთ კავკასიის მთიელ ხალხთა წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ მტკიცე კავშირი, ხოლო მისი მართვისათვის აირჩიეს 15 ულემისაგან (სწავლული) შემდგარი საბჭო, რომელსაც მეჯლისი ეწოდა. მასზე დაქვემდებარებული ტერიტორია 12 ოლქად დაიყო. გარეგნულად ეს ორგანიზაცია იმამატის სისტემას ჰგავდა, მაგრამ მკვეთრად გამოხატული თეოკრატიული ხასიათი არ ჰქონია. მთიელები ოსმალეთისა და ინგლისის დახმარებას ეძიებდნენ. აგვისტოში მეჯლისის წევრებმა, უბიხების წინამძღოლმა კერენტუხ ბარზეგმა და ისმაილ ბარაყაი-იფა ძიაშმა წერილით მიმართეს დიდი ბრიტანეთის კონსულს სოხუმში კ. დიკსონს - თავისი მთავრობისთვის ეცნობებინა რუსეთის ჯარის მიერ ჩერქეზთა წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შესახებ და გამოსარჩლება ითხოვეს.

1861 წლის სექტემბერში იმპერატორი ალექსანდრე II (1855-1881) კავკასიაში ჩამოვიდა. 18 სექტემბერს მამრიუკ-ოგოიში მთიელების დეპუტაცია ჰაჯი კერენტუხ ბარზეგის მეთაურობით იმპერატორს შეხვდა. მთიელთა დეპუტაციამ ითხოვა, რუსეთის ჯარის ნაწილებს შეეწყვიტა მათი მიწების დაპყრობა და კაზაკთა სტანიცებითა და სიმაგრეებით დაკავება; არ გადაეწვათ სოფლები და შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები. სანაცვლოდ ისინი პირობას დებდნენ, რომ რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდოდნენ. იმპერატორის პასუხი მოკლე იყო: მთიელები გადასახლებულიყვნენ სადაც მიუთითებდნენ ან ოსმალეთში გამგზავრებულიყვნენ.

ამის შემდეგ ბრძოლა განახლდა.

ჩერქეზთა მეჯლისის დეპუტაცია ისმაილ ბარაყაი-იფა ძიაშის მეთაურობით, დახმარების თხოვნით, 1862 წელს სტამბოლსა და ევროპის რიგ სახელმწიფოთა დედაქალაქებს ეწვია. იმავე წლის მიწურულს მთიელთა დეპუტაცია პოლონელ რევოლუციონერთან, დასავლეთ კავკასიის მთიელების გვერდით მებრძოლ პოლკოვნიკ თეოფილ ლაპინსკისთან ერთად ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ლორდ პალმერსტონს წარუდგა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. პალმერსტონი კარგად ხედავდა, რომ კავკასიაში რუსეთის შეჩერება შეუძლებელი იყო, ამიტომ დეპუტაციას საიმედო ვერაფერი უთხრა. ამდენად, მეჯლისის დეპუტაციის ვიზიტი ოსმალეთსა და ევროპის ქვეყნებში უშედეგოდ დასრულდა.

1859-1863 წლებში რუსებმა ჩრდილო-დასავლეთი კავკასია დაიპყრეს. რჩებოდა მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც ნათხვაჯები, შაფსუღები, უბიხები და ჯიქები ცხოვრობდნენ. 1864 წლის მარტში გენერალ-მაიორ ვასილი გეიმანის შენაერთმა კავკასიონის ქედი გადმოლახა, მდინარე ტუაფსეს ხეობაში გადმოვიდა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდას შეუდგა. იმავდროულად, ჯიქეთისა და უბიხეთის სანაპიროს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები მოადგნენ. 18 მარტს გენერალმა ვ. გეიმანმა მდინარე გოდლიკხთან დაამარცხა შაფსუღებისა და უბიხების ლაშქარი და 25 მარტს მდინარე სოჭის შესართავი დაიკავა.

2 აპრილს კავკასიის არმიის მთავარსარდალი და მეფისნაცვალი კავკასიაში მიხაილ რომანოვი პირადად ჩავიდა საომარი მოქმედებების ზონაში და კავკასიელ მთიელთა - ჯიქებისა და უბიხების წარმომადგენლებს, რომელთაგანაც პირადად მიიღო მორჩილების პირობა, ულტიმატუმი წაუყენა - გადასახლებულიყვნენ ყუბანისპირა ვაკეზე ან ოსმალეთში გამგზავრებულიყვნენ, მათი მიწები კი განსაზღვრული იყო რუსების დასასახლებლად. მთავარსარდალმა მთიელებს ერთი თვე მისცა მოსაფიქრებლად. თევფიქ ესენჩი

მთიელთა ოსმალეთში გადასახლება და ევროპა

უბიხებმა ყუბანისპირა ველზე გადასახლებასა და რუსეთის ხელმწიფისადმი დამორჩილებას ოსმალეთში ერთიანად გადასახლება არჩიეს. ისინი ეთხოვებოდნენ წინაპართა და ახლობელთა საფლავებს, ხოცავდნენ ცხენებს, რომ მტერს არ ჩავარდნოდა ხელში; შემდეგ გადაწვეს სახლები და ზღვის სანაპიროსკენ დაეშვნენ. უბიხები დამარცხებული, მაგრამ არა დამორჩილებული ტოვებდნენ სამშობლოს.

სანაპიროზე ისინი გემებში ჩასხდნენ, უკანასკნელად მოავლეს ცრემლიანი თვალები მშობლიურ მთებს, ზღვის სანაპიროს და დამძიმებული გულით უცხო ქვეყნისკენ გაემართნენ... მაისში უბიხები ერთიანად გადასახლდნენ ოსმალეთში. ოფიციალური მონაცემებით, ოსმალეთში 21 051 უბიხი გადასახლდა.

კავკასიელ მთიელთა ძალდატანებით ოსმალეთში გადასახლების გამო ევროპაში დიდი ხმაური ატყდა. ევროპულ პრესაში რუსეთის მთავრობას ლანძღავდნენ, რომ "კავკასიის რაინდულ ტომებზე ბარბაროსული ძალადობით" აიძულებდა მათ, თავიანთი ნების წინააღმდეგ სამშობლო დაეტოვებინათ.

ევროპულ პრესაში ატეხილი ხმაურის გამო რუსეთის ხელისუფლება თავს იმართლებდა, რომ მთიელთა ოსმალეთში გადასახლება მათი ნება-სურვილით არ მომხდარა და ყოველივე მათი ჩარევის გარეშე მოხდა. ცნობილი პუბლიცისტი, გენერალ-მაიორი როსტისლავ ფადეევი აღნიშნავდა, რომ კავკასიის ომში რუსეთის ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან მოეშორებინა მთიელები და ეს მხარე რუსებით დაესახლებინა. ეს ზომა აუცილებელი იყო ჩვენი სამფლობელოების უსაფრთხოებისთვისო. როგორც იგი აღნიშნავდა, არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის ოსმალეთში განდევნა. რუსეთს საკმარისად ჰქონდა მიწები მათ დასასახლებლად მდინარე ყუბანის მარცხენა ნაპირზე, მაგრამ ასევე არავითარი მიზეზი არ არსებობდა დაეკავებინათ ისინი მათი სურვილის წინააღმდეგ. რ. ფადეევი, რომელიც ოფიციალურ აზრს გამოხატავდა, გულახდილად აღნიშნავდა, რომ ეს მიწა სჭირდებოდა სახელმწიფოს, ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მისი თქმით, მათი საჭიროება არ არსებობდა...

"ვინც სამშობლოს კარგავს, ის ყველაფერს კარგავს"

1864 წლის 20 მაისს რუსეთის ჯარის ნაწილებმა მდინარე მზიმთას ზემო წელში, ჯიქების მთის თემი აჰჭიფსი დაიკავეს. 21 მაისს აჰჭიფსის ცენტრში, აულ გუბაადვში (რუს. კბაადა, დღევანდელი კრასნაია პოლიანა) რუსეთის ჯარის ნაწილებს კავკასიის არმიის მთავარსარდალმა მიხაილ რომანოვმა კავკასიის ომის დამთავრება მიულოცა. შემდეგ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს და სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელიც საზეიმო ნადიმით დასრულდა. იმავე დღეს აჰჭიფსის სამხედრო ბანაკიდან კავკასიის არმიის მთავარსარდალმა, დიდმა მთავარმა მიხაილ რომანოვმა იმპერატორ ალექსანდრე II-ს დეპეშა გაუგზავნა და კავკასიის ომში გამარჯვება მიულოცა.

რუსი გენერალი სერგეი დუხოვსკი მაშინ წერდა: "ახალდაპყრობილი მხარე არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენდა. მაისის ბოლოს, ივნისში და შემდეგ გადაიხედავდი მაღალი მთიდან და ხედავდი შესანიშნავ ხეობებს, ქედებს, მთებს, მდინარეებსა და ნაკადულებს; ბაღებს შორის აქა-იქ ჩანდა ნასახლარების კვალი, მაგრამ ყოველივე ეს უსიცოცხლო იყო, არსად სულიერის ჭაჭანება არ ჩანდა. ზოგან ახალამოწვერილი ხორბალი ჯერ კიდევ მოწმობდა არცთუ დიდი ხნის წინ აქ მოსახლეობის არსებობას, მაგრამ სახნავი მინდვრები მეტწილად მიგდებული და მიყრუებული იყო და მხოლოდ შარშანდელი სიმინდის გადაჭრილი ღეროები მოწმობდა, რომ აქ ოდესღაც ცხოვრობდნენ და შრომობდნენ ადამიანები. არ გინდოდა დაგეჯერებინა, რომ ამ უზარმაზარ სივრცეში, რასაც მაღალი მთის თხემიდან თვალი სწვდებოდა, სულიერი არ ჭაჭანებდა. მიუხედავად ამისა, ასე იყო. მთელი ეს შესანიშნავი ხედები, ბუნების ეს შესანიშნავი ქმნილება უსიცოცხლო გამხდარიყო და მნახველზე უფრო მძიმე და სევდიან შთაბეჭდილებას ახდენდა, ვიდრე სასიამოვნოს".

ამჟამად თურქეთში რამდენიმე ათეული კაცი აღიარებს თავს უბიხად, თუმცა მშობლიური ენა არ იციან. უბიხური ენის უკანასკნელ მცოდნეს, უკანასკნელ უბიხს, მუჰაჯირთა შთამომავალს თევფიქ ესენჩის (1904-1992) უწოდებენ. იგი უბიხური ენის, ფოლკლორის, ტრადიციების, უბიხთა ისტორიის შესანიშნავი მცოდნე იყო. ცნობილმა ფრანგმა ენათმეცნიერმა ჟორჟ დუმეზილმა თევფიქ ესენჩისგან უბიხური ენის მასალები ჩაიწერა. მის საფლავზე გაკეთებული წარწერა გვაუწყებს: "აქ განისვენებს თევფიკ ესენჩი, უბიხურ ენაზე მოსაუბრე უკანასკნელი ადამიანი".

ბეჟან ხორავა

ისტორიის დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი" #116