გიორგი აფხაზი იტალიური თეატრალური მხატვრობის ვარსკვლავი - კვირის პალიტრა

გიორგი აფხაზი იტალიური თეატრალური მხატვრობის ვარსკვლავი

მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, ყოველთვის ნახატის მარჯვენა ზედა ან ქვედა კუთხეში ხელს ლათინური ასოებით აწერდა: G.Abkhasi, ანუ გიორგი აფხაზი. მის შესახებ რამე ინფორმაცია მაინც რომ მომეძიებინა, სოციალურ ქსელში განცხადება გამოვაქვეყნე და ასე, ნაცნობ-მეგობრების საშუალებით მწირი ბიოგრაფიული ფრაგმენტების შეკოწიწება შევძელი. საქმიანი რჩევებისა და გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძეს, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძეს, შესანიშნავ მკვლევართ - დავით გიგაურს, ნენო გაბელიასა და ასევე დავით ბარათელს.

გიორგის აფხაზის ძმის შთამომავლის, ვახტანგ ვადიმის ძე აფხაზის მიერ ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე გამოქვეყნებული სტატიიდან "ოთხი ძმა აფხაზი" შევიტყვეთ, რომ გიორგის შემოქმედებით კვალს ვახტანგმა იტალიაში მიაკვლია. ასევე მოვიძიეთ მცირე ინფორმაცია წიგნში "რუსეთის იმპერიის თავადაზნაურთა გვარები", სადაც იური ჩიქოვანის სტატიაში ნათქვამია: "გიორგი გიორგის ძემ (10.10.1892-?) დაამთავრა ტფილისის რეალური სასწავლებელი, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაეწერა მოხალისედ ტფილისის ქართულ დრუჟინაში (3.11.1914) და თანამებრძოლებთან ერთად ბათუმის გავლით თურქეთის ფრონტზე გაეშურა. მონაწილეობდა ართვინის აღებაში (14-16.03.1915). მიავლინეს კონსტანტინოვის საარტილერიო სასწავლებელში (9.01.1916), დაასრულა რა აქ დაჩქარებული კურსი, უმაღლესი ბრძანებით საველე არტილერიის პრაპორშჩიკის წოდება მიენიჭა (29.06.1916)". მარცხნიდან: გენერალი დავით აფხაზი, პოლკოვნიკი გიორგი აფხაზი (გიორგი აფხაზის მამა) და გენერალი კოტე აფხაზი

გაცილებით მეტი და საყურადღებო მასალა აღმოჩნდა იტალიურენოვან ცნობებში. მათი მეშვეობით გაირკვა, რომ გიორგი 1892 წლის 10 ოქტომბერს საქართველოში დაიბადა, 1911 წლამდე ტფილისში, მამის ნათესავებთან ცხოვრობდა, შემდეგ კი მოსკოვში გადავიდა, სადაც უნივერსიტეტში ფიზიკის, მათემატიკისა და ფერწერის კურსებს ესწრებოდა. 1913 წლის ბოლოს ლიეჟში გაეშურა, სადაც ელექტრონიკის ინსტიტუტში დაიწყო სწავლა. 1914 წელს გიორგი უკვე პარიზშია. ის აქ რამდენიმე თვის განმავლობაში სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა, აქვე ცდილობდა ალღო აეღო სცენოგრაფის პროფესიისთვის. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ გეგმები შეუცვალა და ახალგაზრდაც სამშობლოს არმიაში სამსახურისთვის დაბრუნდა. 1919 წლის ივნისიდან გიორგი რომში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში, სამხედრო ატაშედ მუშაობდა. 1920 წელს უკვე კონსულის თანამდებობა დაიკავა.

საქართველოს გასაბჭოებამ გიორგი აფხაზს რომში მოუსწრო. ადვილი მისახვედრია, დემოკრატიული რესპუბლიკის მისიის წევრს როგორი დამოკიდებულება ექნებოდა სისხლით მოსულ ძალასთან. მით უფრო, რომ გიორგი გენერალ კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ძმისშვილი იყო. ის დიდგვაროვანი გახლდათ დედითაც, ალექსანდრა მურომცევა, რუსულ-გერმანული არისტოკრატიის წარმომადგენელი, დედის მხრიდან ფონ ბენკენდორფების შთამომავალი. საბჭოეთისთვის მიუღებელ ამ "გვარიშვილობას", ბიძის - "ხალხის მტრის" კონსტანტინე აფხაზის დაპატიმრება და დახვრეტა დაემატა. გიორგიმაც თანამდებობა დატოვა და რომში ლტოლვილის სტატუსით დარჩა.

1923 წელს იტალიელ ლაურა დე ჯოვანიზე დაქორწინდა და მასთან ერთად საცხოვრებლად მილანში გადავიდა, სადაც 1937 წლის 28 ივლისს იტალიის მოქალაქეობა მიიღო.

გიორგი აფხაზი 1930 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რომისა და მილანის არაერთ თეატრსა და შემოქმედებით ჯგუფთან. იყო მრავალი სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი მხატვარი.

1942 წელს ის ანდრია ბელობოროდევთან ერთად სცენოგრაფის რანგში მონაწილეობდა ფილმის ნოი ვივი-ს გადაღებაში. ამერიკელი (რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელი) მწერლის, აინ რენდის რომანის "ჩვენ, ცოცხლების" ეკრანიზაცია თითქოს ანტიკომუნისტური, სინამდვილეში კი ანტიავტორიტარული ფილმი იყო, რომელიც მოგვიანებით იტალიელმა ფაშისტებმა აკრძალეს.

გიორგი აფხაზმა ერთი წლით ადრე იმუშავა სერჯო ამიდეის ფილმზე "დედოფალი ნავარა". 1940 წელს იგი იტალიური ფილმის "გიყვარდე, ალფრედოს" (Amami, Alfredo!) მხატვარიცაა. ჯერ კიდევ დაუზუსტებელი საარქივო ცნობების მიხედვით, ქართველი ხელოვანი ცნობილი იტალიური ფილმის "ვერცხლის გვირგვინის" (La corona di ferro)) შემოქმედებით ჯგუფშიც იყო. რეჟისორ ალესანდრო ბლაზეტის ნამუშევრის პრეზენტაცია ვენეციის მეცხრე ფესტივალზე 1941 წლის 7 სექტემბერს გაიმართა, სადაც ნამუშევარმა ნომინაციაში საუკეთესო იტალიური ფილმი "მუსოლინის თასი" მიიღო. გიორგი აფხაზის გაფორმებული ფილმების აფიშები. Lა ცორონა დი ფერრო (1941 წ.)

თუმცა, გიორგი აფხაზს კინოზე მეტად აღიარება თეატრალურმა დადგმებმა და მხატვრობამ მოუტანა: 1930 წელს გააფორმა ორესტე ბიანკოლისა და დინო ფალკონის სპექტაკლი "სამკუთხედი". ამავე წელს მილანის საოპერო თეატრ "არჩიმბოლდში" ის რიგი სპექტაკლების მთავარი მხატვარია. 1931 წლის 11 თებერვალს მისი გაფორმებით მილანის თეატრ "მანძონიში" დაიდგა რინო ალესის "ღმერთების წყურვილი", 1932 წელს კი რომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თეატრ თეატრო Aრგენტინა-ში - კარლო გოლდონის "მიკიტანი".

1932 წელსვე გიორგი აფხაზი ხატავდა კაზინო "სან-რემოში" წარმოდგენილი ბალეტ "სკანდინავიური ლეგენდის" სცენებს.

1940-1944 წლებში რომის საოპერო თეატრში მუშაობდა, სადაც იგორ სტრავინსკის ოპერა "მავრის" კოსტიუმებსა და სცენებს აფორმებდა.

მისი ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნამუშევარი იყო 1946 წელს მილანის ლა სკალას სცენაზე დადგმული გაეტანო დონიცეტის "სიყვარულის ელექსირი". "ნავარის დედოფალი" (1942)

გიორგი აფხაზი იყო რამდენიმე იტალიური წიგნის ილუსტრატორიც. ჯერ 1941 წელს ნიუ-იორკში მისი ნახატებით გაფორმებულიkaterina del vales Recipes of a Rolling Stones-ი გამოიცა, რასაც მოჰყვა 1949 წელს ტურინში დაბეჭდილი ლუიჯი მოტას რომანი I cacciatori del Far-West-ი მანვე 1956 წელს გააფორმა თეატრალური ენციკლოპედია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გიორგი აფხაზის შესანიშნავი ილუსტრაციები "კორიერა დე ლა სერას" ჟურნალისთვის "ლა ლეტურა". წარმოუდგენელია არ მოგხიბლოს აქ გამოსახული ტიპაჟების ხასიათმა, ფერთა გამამ. მისი ილუსტრაციის გმირები ხან სატირულია ("პეტრუშკა", "რუსი ბოიარი კრემლის ფონზე"), ხანაც ჯადოსნური ("გოგონა პეპლების გარემოცვაში", ოდეკოლონის რეკლამა).

გიორგი აფხაზის შესრულებულ "სიტროენის" რეკლამაში კი კარგად იგრძნობა მხატვრის ინდივიდუალიზმი და ნიჭიერება. ავტომანქანისა და ადამიანის ძლიერი, ათლეტური ფიგურის ერთ სიბრტყეზე წარმოდგენით ოსტატურად არის გადმოცემული "სიტროენის" დანიშნულებაცა და ტექნიკური მხარეც. ასეთივე შინაარსიანია 1930 წელს გამოშვებული ქალთა ოდეკოლონის რეკლამა Acqua di Colonia la Viscontea. ნახატზე მედიდური საგვარეულო გერბის ფონზე ასეთივე იმპოზანტური ქალის ფიგურა მოჩანს, წინა პლანზე კი ოდეკოლონის დიდი შუშის ბოთლია წარმოდგენილი. ერთი შეხედვისთანავე ცხადი ხდება, რომ ეს ნაწარმი დიდებული, გამორჩეული ქალებისთვის არის განკუთვნილი.

1932 წელს ნინო ნანისთან ერთად მილანის ბაზრობის ოფიციალური მანიფესტის გაფორმებაში აშკარად იგრძნობა იტალიურ ხელოვნებაში დამკვიდრებული ტოტალიტარიზმის გავლენა. თეატრალური დეკორაცია

გიორგის ბოლო წლებმა რომში ჩაიარა. ჯერ კიდევ დაუდასტურებელი წყაროებით ირკვევა, რომ ის ბოლო დროს მეტად ღარიბულად ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1964 წელს უმემკვიდროდ. უცნობია როგორც მისი დაკრძალვის ადგილი, ისე ხელოვანის არქივის ბედი.

გიორგი აფხაზის ფოტოს მისი ძმის შვილიშვილის, შეერთებულ შტატებში მცხოვრები ვახტანგ ვადიმის ძე აფხაზის წყალობით მივაკვლიეთ. საოჯახო არქივში ეს გიორგის ერთადერთი შემორჩენილი ფოტო ყოფილა. გიორგი აფხაზის ღვაწლი და განსაკუთრებით მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ევროპულ ხელოვნებაში ქართველი მხატვრის განსაკუთრებულ წვლილზე მიუთითებს. ეს გვავალდებულებს, ხელახლა აღმოვაჩინოთ და სამშობლოს დავუბრუნოთ უსამართლოდ დავიწყებული ნიჭიერი შემოქმედის სახელი.

გიორგი კალანდია

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი

ჟურნალი "ისტორიანი" #116