ზურაბ თვალჭრელიძე არქეოლოგი და მამულიშვილი - კვირის პალიტრა

ზურაბ თვალჭრელიძე არქეოლოგი და მამულიშვილი

დავითგარეჯის "მესამედი მადლი იერუსალიმისაი"...

ქართულ ისტორიულ მეცნიერებასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ქართველ არქეოლოგებს ღირსეული მკვლევარი გამოაკლდა. თანაც ისე, რომ უამრავმა მეგობარმა და გულშემატკივარმა უკანასკნელ გზაზეც ვერ გააცილა. საყოველთაო პანდემიის დღეებში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე, შუა საუკუნეების ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ზურაბ თვალჭრელიძე. არადა, ნოემბერში 70 წლისთავი უნდა მიგველოცა...

გზის დასაწყისი

ზურაბ თვალჭრელიძის სამეცნიერო გზა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის სპელეისტიკის ლაბორატორიიდან იწყება, სადაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ეყრებოდა საფუძველი საინტერესო არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მიმართულებას: გამოქვაბულები, მღვიმეები, ეხები, როგორც ჯერ ადამიანთა სადგომები, შემდგომ, პირველი მეუდაბნოე ბერების საყუდელი და მათი მოღვაწეობის არეალი... ეამაყებოდა, რომ გამოჩენილი მეცნიერების- ლევან ჭილაშვილის, ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილის, პარმენ ზაქარაიას, გივი გაფრინდაშვილისა და სხვათა გვერდით უწევდა მუშაობა.

წლების განმავლობაში არაერთ არქეოლოგიურ კვლევაში მონაწილეობდა. თავდაპირველად ნოქალაქევში შეუდგა არქეოპოლის-ციხეგოჯის შესწავლას. შემდეგ წალკა-თრიალეთის ძეგლების კვლევამ გაიტაცა. პირველი საინტერესო არქეოლოგიური მასალა და სამეცნიერო შედეგები ქცია-ხრამის ხეობაში არსებული მღვიმე-გამოქვაბულების შესწავლის დროს გამოავლინა. შემდეგ კი მისმა სამეცნიერო ინტერესებმა საქართველოს დიდი ისტორიული სიწმინდის, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ, გარეჯის მრავალმთისკენ გადაინაცვლა.

ასე იწყებოდა პირველი სტუდენტური ექსპედიციები ზურაბ თვალჭრელიძის ხელმძღვანელობით დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში

იოანე ნათლისმცემლის სავანეში

დავითგარეჯაში არსებული მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი მონასტრებიდან მთავარი ყურადღება ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილმა არქეოლოგმა ზურაბ თვალჭრელიძემ იოანე ნათლისმცემლის სავანეს მიაპყრო. წლები შეალია აქაურობის შესწავლის საქმეს. გარეჯის უდაბნოს გეოგრაფიულ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, არქეოლოგიური გათხრების სეზონი, როგორც წესი, გვიან შემოდგომაზე იწყებოდა და დაზამთრებამდე გრძელდებოდა. არქეოლოგიური ბაზა ნათლისმცემლის მონასტრიდან ათიოდე კილომეტრში, სოფელ უდაბნოში მდებარეობდა. ექსპედიცია ძირითადად მუზეუმელებისა და ადგილობრივი, უდაბნოს მოსახლეობისგან კომპლექტდებოდა. მის გვერდით იყვნენ და აღმოჩენების სიხარულს ერთად იზიარებდნენ განყოფილების ხელმძღვანელი გივი გაფრინდაშვილი, არქეოლოგი სოსო ბურდილაძე, ეთნოლოგი ელდარ ნადირაძე, ხელოვნებათმცონე ზაზა სხირტლაძე, ამ სტრიქონების ავტორი და სხვანი.

წელი წელს მისდევდა. ზურაბ თვალჭრელიძის ხელმძღვანელობით ეწყობოდა არქეოლოგიური ექსპედიციები. ახალი აღმოჩენებითა და საინტერესო დასკვნებით მდიდრდებოდა გარეჯის მრავალმთის გამოკვლევები, რომელსაც სათავე დაუდეს აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა, ბაადურ მჭედლიშვილმა, ლადო მირიანაშვილმა...

სოფელი უდაბნო სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებისა და კახეთის სხვადასხვა მხრიდან გადმოსული ოჯახებით იყო დასახლებული. ზურაბ თვალჭრელიძის პიროვნული, აქაურებისადმი გამორჩეული გულისხმიერებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ექსპედიციის წევრთა შორის გულითადი ურთიერთობა დამყარდა. უდაბნოს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდა ყოველი არქეოლოგიური სეზონის დაწყებას. ამის მომსწრე თავადაც გახლდით, როგორც დროდადრო, ამ ექსპედიციის მონაწილე.

გარდა დავითგარეჯის უდაბნოს ტიპის რთული კლიმატური პირობებისა, სხვა ხელშემშლელი პირობაც იყო, თანაც მეტად მძიმე! ჩვენი თაობა მომსწრეა იმ წარმოუდგენელი უგუნურებისა, როცა საქართველოს ამ სიწმინდეებთან, დავითგარეჯის უდაბნოში საბჭოთა კავშირის, ფაქტობრივად კი რუსული ჯარის საწვრთნელი პოლიგონი გამართეს. წვრთნების დროს ქვემეხების გუგუნი აზანზარებდა იქაურობას, განსაკუთრებით დამღუპველი იყო ქვემეხების სროლის შედეგად წარმოქმნილი ვიბრაცია სენაკ-გამოქვაბულებისა და მათში არსებული ფრესკებისთვის. ზოგი რუსი ჯარისკაცი ისე თავხედდებოდა, რომ რამდენიმე კილომეტრიდან მიზანში გამოქვაბულებს იღებდნენ. მომსწრე ვარ, როდესაც ყველაფერი მიწყნარდებოდა, როგორ გულდაგულ და წყრომით კრეფდა ტყვიამფრქვევებისა და ავტომატიდან გამოსროლილ ცარიელ ვაზნებს... გულდაწყვეტილი ათვალიერებდა ფრესკებზე გაჩენილ რუსულ კვალს-უხეშ ნაფხაჭნებს, საიდანაც საბჭოთა კავშირის "გეოგრაფია" იკითხებოდა რუსეთიდან შუა აზიამდე.

განსაკუთრებული საშიშროება გარეჯის მრავალმთის იმ ძეგლებს ემუქრებოდა, რომლებიც კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. უპირველესად, ეს იყო გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ასევე მახლობლად, მისი დასავლეთით, ე.წ. წამებულში, ეშმაკისხევის ფერდობზე, გარეჯის მთის სერზე მდებარე დარბაზული ეკლესია; აგრეთვე, მრავალწლის ხევსა და ფშატიანხევს შორის მდებარე თეთრსენაკები.

ზურაბ თვალჭრელიძე (შუაში) მუზეუმის ძველ და ახალ თაობასთან ერთად მორიგი გამოფენის მომზადებისას

ბარბაროსული პოლიგონის წინააღმდეგ

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ქართველი ახალგაზრდობის მძლავრი მოძრაობა დაიწყო ამ ბარბაროსული პოლიგონის წინააღმდეგ, ზურაბ თვალჭრელიძე ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ამ საქმეში და სათანადო პროფესიულ კონსულტაციებსაც აძლევდა არსებული საშიშროებისა და მღვიმე-გამოქვაბულების დაზიანებისგან დაცვის ღონისძიებების შესახებ.

ამონარიდი ზურაბ თვალჭრელიძის ჩანაწერებიდან: "მრავალმთაში საექსპედიციო მუშაობის პერიოდში უდაბნოს რთული ბუნებრივი პირობებისა და სოციალური გარემოს, ყაჩაღური ბანდების თარეშის, ზოგჯერ ექსპედიციაზე შეიარაღებული თავდასხმისა და ავტომატური იარაღიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევების გარდა, დიდი სირთულეები იყო საბჭოთა სამხედროებთან ურთიერთობაში, რომლებიც თანამიმდევრულად ანადგურებდნენ გარეჯის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის ძეგლებს. იყო შემთხვევები, როდესაც ჭურვები უშუალოდ ეცემოდა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რასაც ძეგლების დაზიანებასთან ერთად, გამოუსწორებელი შედეგებიც ახლდა თან. წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ბეწვზე მივუსწარით რუს ჯარისკაცს, რომელსაც ხელში საველე ნიჩაბი ეჭირა და უკვე დაეწყო მთავარი ტაძრის კანკელის ჩუქურთმების განადგურება. იყო შემთხვევები, როდესაც საზენიტო დანადგარებიდან ნასროლი ჭურვები საავტომობილო გზის სიახლოვეს ცვიოდა და ჩვენ თვალწინ იხოცებოდა საძოვარზე გაშლილი ცხვრის ფარა. ერთ ასეთ სამიზნეს აცდენილი ჭურვი აფეთქდა ჩვენი ავტობუსის სიახლოვეს, როდესაც მონასტრიდან ბაზაში ვბრუნდებოდით. მახსენდება ჩვენი ხანდაზმული, კახელი მძღოლის გამამხნევებელი სიტყვები: -ზურა, ომში ვარ ნამყოფი, ბიჭებო, ნუ შეგეშინდებათო. შემდგომ, ჩვენმა მძღოლმა უვალი გზებით, გორაკებზე მოფარებით, მანქანის სწრაფი და მანევრირებული სვლით გამოგვარიდა სახიფათო ადგილს.

სამწუხაროდ, ამ ამბიდან სულ მალე, გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე ნაპოვნმა აუფეთქებელმა ნაღმმა ჩვენი არქეოლოგიური ექსპედიციის ადგილობრივი წევრის, თანატოლებში გამორჩეული ჭაბუკის, ავთანდილ გოგნიაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ და კიდევ მრავალ სირთულეს გარკვეულწილად გვაძლევინებდა განსაკუთრებული სიყვარული და მოკრძალება გარეჯის დიდებული სამონასტრო კომპლექსისადმი, აგრეთვე სამეცნიერო კვლევის პერსპექტივის ხედვა და საექსპედიციო მუშაობის ურთულეს დღეებში მეგობრებისა და თანამშრომლების თანადგომა.

დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, ჩვენი მამოძრავებელი ძალა იყო კიდევ ერთი-ის დიდი მადლი, რომელიც გარეჯის უდაბნოში მრავალმთის სამონასტრო გაერთიანების არსებობის ასწლეულების განმავლობაში განფენილა-"მოუნიჭებიეს შენდა უფალსა მესამედი მადლი იერუსალიმისაი" ("ცხორება და მოქალაქეობაი წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისაი")".

წმინდა ადგილებში...

ყოველთვის ახსოვდა ზურაბ თვალჭრელიძეს, თუ რა წმინდა ადგილების შესწავლა არგუნა ბედმა. ამას გრძნობდა, შინაგანად გაითავისა და მოწიწებით ეპყრობოდა მთლიანად გარეჯის მრავალმთის სივრცეს. გამუდმებით აქ მყოფს არ შეიძლება არ განგეცადა ერთი შეხედვით პირქუში, ზამთარ-ზაფხულ გაუსაძლისი პირობებით შეჭირვებულ წინამძღვართა და ბერ-მონაზონთა აუტანელი შრომის სიმძიმე და მათი მხურვალე ლოცვის ძალა სულის გადარჩენისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ზურაბ თვალჭრელიძის მოწიწება სულიერების ამ გარემოსა და სიწმინდეებისადმი მთელი ცხოვრება გაჰყვა, დამსახურებაც დიდი ჰქონდა. სწორედ ამიტომ მან, როგორც არქეოლოგმა, 2000 წელს, მონაწილეობა მიიღო წმინდა დავით გარეჯელის განსასვენებლის გახსნაში. ეს ისტორიული აქტი განხორციელდა წმინდა დავითის ლავრის ფერისცვალების ეკლესიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მონასტრის ძმობისა და ზურაბ თვალჭრელიძის მონაწილეობით. აღელვებული გადმოგვცემდა იმ დაუვიწყარი და ამაღელვებელი გრძნობის შესახებ. უნდა ვთქვა, რომ იქიდან ერთი მწიკვი მიწა წამოიღო, პატარა მოზარნიშებულ ზარდახშაში მოათავსა და თავის სამუშაო მაგიდაზე მიუჩინა ადგილი. ასეთი მღელვარე სულის პატრონი იყო ჩვენი ზურა.  წმინდა დავით გარეჯელის განსასვენებელი ფერისცვალების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა

დავითგარეჯისა და მისი სანახების მკაცრ სილამაზესაც დიდი ემოციით აღიქვამდა. მართლაც, ამ ადგილებში ერთხელ თუ მოხვდი, აქაურობას ვერასოდეს დაივიწყებ. მოვლილი სახნავ-საძოვრები, დაბურული ხევები, ყინულგარეული წყაროები და ზამთარ-ზაფხულ განსაცვიფრებელი ფერებით შემკული მთა-ქედები-შავი მინდორი და ნაბამბრები; ძირხვენიანები და სამწუხარო სახელშემორჩენილი ბერსათრეველა; მთანაომარი და ვაშლოვანი; რკინის მთა და ირმის ყელი; აქლემისა და ქარავნის გორები; ზაფხულს დამშრალი და გაზაფხულს წყლიანი ხევ-ხუვები; სატაცურიანხევი და აკაკიანთხევი; ნატვრისხევი და ეშმაკისხევი; სიცოცხლის მომნიჭებელი მაყვლისწყარო და წყარო ასხარა; ქოირისწყარო და ნაცვალწყალი; წვიმის სეზონზე წყალმომატებული და გვალვაში წყალმცირე, ცხვარ-ძროხისთვის სულის მომთქმელი ჩალიანის ტბა და ტბა გარეჯელი; სახარე ტბა და ქაჩალტბა!.. ასევე შემოვიდა და დამკვიდრდა ზურაბ თვალჭრელიძისა და მისი მეგობრების ცნობიერებაში დავითგარეჯი, გარეჯის მრავალმთა!

ღვაწლი

ორმოცდახუთ წელიწადს ემსახურა ზურაბ თვალჭრელიძე საყვარელ საქმეს, არქეოლოგიასა და ეროვნულ მუზეუმს. თავის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად წარმატებით დაასრულა გარეჯის მრავალმთის კვლევის ერთი ეტაპი, კერძოდ, ნათლისმცემლის უდაბნო-მონასტრის შესწავლა, თავი მოუყარა მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალას, საფუძვლიანად გააანალიზა არსებული მონაცემები, შეაჯერა შესაბამის ნარატიულ წყაროებთან, სამეცნიერო ლიტერატურასთან, მიიღო საფუძვლიანი დასკვნები და სამეცნიერო საზოგადოებას 1990 წელს წარუდგინა შემაჯამებელი გამოკვლევა სადისერტაციო ნაშრომის სახით-"გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნო მონასტერი (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა)".

ზურაბ თვალჭრელიძეს აგრეთვე ეკუთვნის 2007 წელს, ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძესთან ერთად გამოცემული მონოგრაფია "წმინდა დავით გარეჯელის განსასვენებელი" და სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, ინდივიდუალურადაც და ცნობილ მეცნიერებთან თანაავტორობითაც.

აქ ცხადია, არ ჩამოვთვლით ყველა წიგნსა თუ ნაშრომს. თვალსაჩინოებისთვის მხოლოდ რამდენიმე მათგანს დავასახელებთ: "გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნო-მონასტრის არქეოლოგიური გამოკვლევა, მოჭიქული ჭურჭელი (IX-XIII სს.)"; "დოდოსრქის მონასტრის მოჭიქული კერამიკა (IX-XIV სს.)"; "გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნო-მონასტერი (წყაროების მიმოხილვა"; "გარეჯის სამონასტრო ცხოვრების განვითარების ეტაპები არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით"; "გარეჯის სამონასტრო გაერთიანების სამეურნეო საქმიანობა და ხელოსნური ტრადიციები"; "გარეჯის სამონასტრო გაერთიანების კერამიკის კვლევისათვის __ დოდოსრქის მოჭიქული ჯამები"; "ივრისპირის "ქვაბებში" აღმოჩენილ ჭრაქებში არსებულ ნივთიერებათა შესწავლისათვის"; "გარეჯის უდაბნოთა ქრონოლოგიისა და ტიპოლოგიის საკითხისათვის"; "ციხე-გოჯი ელინისტურ ხანაში და დაკრძალვის წეს-ჩვეულებები" და სხვ.

2000-იანი წლებიდან ახალი ეტაპი დაიწყო სამუზეუმო ცხოვრებაშიც და ზურაბ თვალჭრელიძის საქმიანობაშიც. გამოარჩიეს მუყაითი, სკრუპულოზური მკვლევარი და სამუზეუმო სპეციალისტი ზურაბ თვალჭრელიძე და იგი დაინიშნა ჯერ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის დირექტორად 2005-2006 წლებში, ხოლო შემდგომ, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორ დავით ლორთქიფანიძის რეკომენდაციით, ზურაბ თვალჭრელიძე გახდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე კოლექციების სფეროში, მუზეუმის მთავარი კონსერვატორი.

ამ თანამდებობაზე კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა მისი საფონდო-სამუზეუმო გამოცდილება და რაც მთავარია, მომავლის ხედვა, სიახლეები კოლექციების აღრიცხვა-დაცვის სფეროში და დიჯიტალიზაციის პრიორიტეტი.

მრავალი სამუზეუმო, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე იყო ზურაბ თვალჭრელიძე. მისი სამეცნიერო საქმიანობის ერთგვარად შემაჯამებელი აკორდი გახლდათ მონაწილეობა (სამწუხაროდ, მისთვის ბოლო) დავითგარეჯისადმი მიძღვნილ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, თემით "გარეჯის მრავალმთის სამონასტრო გაერთიანების არქეოლოგიური კვლევა: შედეგები და პერსპექტივები". ბევრ საინტერესო დასკვნასთან ერთად, ამ მოხსენებაში გამოკვეთილია მომავალი კვლევების მიმართულება: არქეოლოგიური გათხრები ივრის ქვაბების სამონასტრო-სამოსახლო კომპლექსში და წმინდა იოანე მახარობლის ტაძარში. გამოცდილი მკვლევარი არქეოლოგი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ივრის ქვაბების შესწავლის სამომავლო პერსპექტივებით.

და კიდევ ერთი, ზურაბ თვალჭრელიძე გახლდათ დიდი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ბეჭდური ორგანოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერიული გამოცემის-"მოამბის" რედაქტორი.

აი, ასეთი პიროვნება იყო ცნობილი არქეოლოგი და სამუზეუმო საქმის მოამაგე ზურაბ თვალჭრელიძე. სამწუხაროდ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მისი მოულოდნელი გარდაცვალება დაემთხვა მსოფლიოში მძვინვარე პანდემიის პერიოდს, ქვეყანაში არსებულ მკაცრ კარანტინს. ამის გამო, სამეცნიერო საზოგადოებამ, კოლეგებმა, მეგობრებმა, მოსწავლეებმა ჯეროვანი პატივით ვერ გავაცილეთ ზეციურ, მარადიულ საქართველოში აგრერიგად დასაფასებელი მეცნიერი და პიროვნება. ამიტომ მოგვიანებით ვუცხადებთ დიდ თანაგრძნობას ზურაბ თვალჭრელიძის მეუღლეს, ჩვენს კოლეგას, ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელს მაია ინწკირველს, ასევე მათი ოჯახის ახლობლებსა და გულშემატკივრებს.

ნოდარ შოშიტაშვილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი, პროფესორი

რედაქციისგან: ჟურნალ "ისტორიანის" რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი არქეოლოგისა და მკვლევრის ზურაბ თვალჭრელიძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს

ჟურნალი "ისტორიანი" #116