"სამარადჟამო" ერთობის აღსანიშნავად...
"სამარადჟამო" ერთობის აღსანიშნავად...
ფოტო:მომღერალთა ანსამბლი გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავზე თელავში
როგორ მომზადდა და აღინიშნა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი

1983 წელს საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა, დიდი ზარ-ზეიმითა და სახალხო დღესასწაულით აღენიშნა გეორგიევსკის გაუქმებული ტრაქტატის 200 წლისთავი.

ეს ამბავი შემოდგომით, ოქტომბრის ბოლოს მოხდა. მომზადების პერიოდში ღონისძიების სავარაუდო თარიღი ხშირად იცვლებოდა.
იუბილეს ეთმობოდა იმ დროის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ "კომუნისტის" ნომრები. 11 სექტემბრის ნომრის წინა გვერდზე დაიბეჭდა სტატია სათაურით - "საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ძმობის დღესასწაულის წინ". სტატია
შეეხებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის მომწყობი საიუბილეო კომისიის სხდომას.

აღნიშნულ სხდომას თავმჯდომარეობდა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე. სხდომის დღის წესრიგში იყო საიუბილეო ღონისძიებათა მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

კომისიამ მოისმინა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის
მდივნის გიორგი ენუქიძის ინფორმაცია საქართველოში რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების დღეების სამზადისის შესახებ, რომელიც 29 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე გაიმართებოდა. აღინიშნა, რომ თბილისის, რუსთავის, გორის, თელავის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის, ცხინვალის სტუმრები იქნებოდნენ რუსეთის ფედერაციის ლიტერატურისა და ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწენი. მათ დაეთმობოდათ საუკეთესო საკონცერტო დარბაზები. თბილისს ასევე ეწვეოდა ალექსანდრ იურლოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური საგუნდო კაპელა და ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბერიოზკა".

ამ სტატიითაც ჩანს, რაოდენ დიდ სამზადისში იყო იმდროინდელი საქართველო.

სწორედ იმ პერიოდში საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, კომპოზიტორმა ფელიქს ღლონტმა შექმნა სიმფონიური ნაწარმოები, რომელიც ტრაქტატის 200 წლისთავს მიუძღვნა. ეს ნაწარმოები შემდგომში შესრულდა ტრაქტატის საიუბილეო დღეებში მოსკოვში.
1983 წლის 28 სექტემბერს მოსკოვიდან ჩამოვიდა დიდი დელეგაცია, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. თბილისელები ტრადიციული სტუმართმოყვარეობით დახვდნენ სტუმრებს. 29 სექტემბერს დელეგაციის წევრები და ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბერიოზკას" წევრები გაემგზავრნენ დუშეთის რაიონში, კერძოდ, ანანურში.
სტუმარ-მასპინძლები თელავში
1983 წლის 1-ლ ოქტომბერს თბილისის კინოს სახლში თავი მოიყარეს რუსეთისა და საქართველოს მწერლებმა. ღონისძიებაზე გაისმოდა ლოზუნგები - "ქართულ მიწაზე ხალხთა მეგობრობა ზეიმობს".

- მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, - აღნიშნა შეხვედრის გახსნისას საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ლენინური პრემიის ლაურეატმა ნოდარ დუმბაძემ, - არ არის ორი ხალხის უანგარო მეგობრობის უფრო მნიშვნელოვანი მაგალითი, ასე რომ იყოს გაცისკროვნებული და განმტკიცებული პოეზიით. საქართველოს მართლაც დიდი ადგილი უკავია რუსი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში.

5 ოქტომბერს რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის ლიტერატურისა და ხელოვნების დღეები საქართველოში საზეიმო კონცერტით დასრულდა.

იმ დროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, შემდგომში კი საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ 1983 წელს ქართველები და რუსები ზეიმობდნენ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის იუბილეს, რომელიც დიდ ეროვნულ და ინტერნაციონალურ დღესასწაულად უნდა მივიჩნიოთ და რომ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის ფართო მასშტაბით აღნიშვნა, უპირველეს ყოვლისა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური და იდეოლოგიური აქციაა. მისივე თქმით, "გეორგიევსკის ტრაქტატმა სამუდამო საფუძველი ჩაუყარა ქართველი და რუსი ხალხების საუკუნეობრივ ძმობასა და მეგობრობას. მოსკოვმა ასევე დიდი როლი შეასრულა რუსეთისა და საქართველოს ძმობისა და მეგობრობის განმტკიცებაში. "მოსკოვქალაქ მზეს ველოდითო", წერდა XVIII საუკუნის ქართველი პოეტი. მოსკოვშია ასევე ქართველი ხალხისთვის ისეთი ახლობელი ისტორიული ძეგლები და ადგილები, როგორიცაა სვესვიატსკოე, დონის მონასტერი. ყველას ვერც კი ჩამოთვლის კაცი"... სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღინიშნა ეს იუბილე.

სამეურნეო და კულტურულ მშენებლობაში საქართველოს მშრომელთა მიერ მოპოვებული დიდი წარმატებების, რუსეთისა და საქართველოს მეგობრული გეორგიევსკის ხელშეკრულების 200 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ ლენინის ორდენით დააჯილდოვა არაერთი ადამიანი, მათ შორის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე იური ანდროპოვი და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თენგიზ მენთეშაშვილი.

გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის საზეიმო დღეებში ქართველმა მკითხველმა მიიღო გამოკვლევები - "რევოლუციამდელი ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ", "ეს საოცარი საქართველოს სამხედრო გზა", "დიადი მეგობრობის ფურცლები"... აგრეთვე კრებული "საუკუნეთა მანძილზე", ორი მოძმე ხალხის ათასწლოვანი მეგობრობის თავისებური მატიანე. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ" საიუბილეო თარიღს მიუძღვნა მთელი რიგი მხატვრული, პოლიტიკური, სამეცნიერო-პოპულარული, ისტორიული და სხვა ლიტერატურული გამოცემანი.
გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავზე მოწვეული სტუმრები მუზეუმში, ერეკლე II-ს მემორიალური ნივთების დათვალიერების დროს
სადღესასწაულო დღეებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენციები როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ყაზბეგის სახალხო უნივერსიტეტში. დაიწერა ბევრი ლექსი. მათ შორის ეს სტრიქონებიც: "ეს მომაგონებს, მიყვარდეს მარად, ქართული ზეცა სულის სახმილი, ეს ძმობის კვანძი - გასკვნილი რვალად, არ გაიჭრება არა მახვილით!" იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები თბილისსა და სხვა ქალაქებში.

1983 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამხედრო გზაზე აღიმართა რამდენიმე მემორიალური ნაგებობა და გამოჩენილ მოღვაწეთა ძეგლები: სკულპტურული კომპოზიცია "თერგდალეულნი", სულხან-საბა ორბელიანის მემორიალი, მაქსიმ გორკის, ილია ჭავჭავაძისა და სხვათა სკულპტურები.

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიების უკანასკნელი კვირის სამზადისს, თბილისის ქუჩები ტრანსპარანტებით მოირთო. სამზადისი იყო ასევე თბილისის სასტუმროებში, რათა დიდი დელეგაციებისთვის ემასპინძლათ. საზეიმოდ მოირთო თბილისის აეროპორტი. სსრ კავშირის სახელმწიფო დროშას, ყველა მოკავშირე რესპუბლიკის დროშებს გვერდს უმშვენებდა დღესასწაულის ემბლემაც. ზეიმში მონაწილეობის მისაღებად სტუმრები ჩამოვიდნენ ერევნიდან, სტავროპოლიდან, მოსკოვიდან, ბაქოდან და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებიდან.

29 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა მოსკოვის საქალაქო პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი, პოლიტბიუროს წევრი ვიქტორ გრიშინი დელეგაციასთან ერთად. მას ჩამოჰყვა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თენგიზ მენთეშაშვილი, რომელიც წასული თუ იყო საქართველოდან, არც კი ახსოვდათ. ასევე დელეგაციაში იყო მოსკოვის ფეხსაცმლის ფაბრიკის "პარიზის კომუნის" ბრიგადირი ოდინოკოვა, სტავროპოლის სატრიკოტაჟო გაერთიანების "მაშუკის" მოწინავე მკერავი ჯერეშტოვა.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი ღონისძიება 1983 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

სამთავრობო ტრიბუნის საპირისპიროდ ლითონკონსტრუქციებით აჩორჩხლილი დასაჯდომები სავსე იყო შავ-თეთრ, წითლად აფერადებული მაყურებლით. პარადის მონაწილენი მოდიოდნენ მუსიკით, ყვავილებით, ტრანსპარანტებით, თითქოს პეპლის საჭერ ბადეზე დამაგრებული პოლიტბიუროს წევრთა სიფრიფანა სურათებით.
 გუდაურსა და ჯვრის უღელტეხილს შორის 1983 წელს დადგმული ზურაბ წერეთლის "ხალხთა მეგობრობის თაღი" 90-იან წლებს გადაურჩა და ბოლო წლებში შეაკეთეს კიდეც, ხოლო თბილისის შემოსასვლელთან იმავე წელს აღმართული წერეთლისავე "მეგობრობის კვანძი" 1991 წელს ააფეთქეს
დილის 10 საათზე დემონსტრაციის მონაწილენი მქუხარე ტაშით შეეგებენ ტრიბუნაზე მყოფ დელეგაციის წევრებს. სწორედ ამ დროს დაიწყო თეატრალიზებული წარმოდგენა. მრავალათასიანი სადემონსტრაციო ტრიბუნის ნახევარსფეროზე მოჩანდა ციფრი 200, ასევე სიტყვები – "სამარადჟამოდ ერთად". ჟღერდა რუსული და ქართული სიმღერების პოპური. ფერხულში ჩაბმული წარმოდგენის მონაწილენი ეროვნულ ცეკვებს ასრულებდნენ.

რესპუბლიკის მოედანზე გამოფენილი იყო პოლიტბიუროსა და დელეგაციათა წევრების და მთავრობის წევრების შვიდმეტრიანი პორტრეტები.
საბოლოო ჯამში ნამდვილად გასაკვირი იყო, რომ ზეიმობდნენ გეორგიევსკის ტრაქტატის იუბილეს, თუმცა ტრაქტატის უშუალოდ ხელმომწერთა ფოტოები არ ჩანდა, ისინი არც კი ახსოვდათ. ვფიქრობ, რთული არ იქნებოდა, გამოეტანათ იმპერატრიცა ეკატერინას, პატარა კახის, ივანე მუხრანბატონის, დავით ორბელიანისა და სხვათა პორტრეტები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტრაქტატის შედგენასა და გაფორმებაში. თუმცა ასე არ მოხდა. ესეც მეტყველებდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ვიღაცის ახირება იყო. რას ზეიმობდნენ, თვითონაც კი არ იცოდნენ.

ტრაქტატის შემდგენელი მთავარი გმირები მივიწყებული იყვნენ.
გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავი დღესასწაული 1983 წლის თბილისობის ზეიმმა დააგვირგვინა.
დასასრულ, უნდა ითქვას, რომ რესპუბლიკის მოედანზე გათამაშდა წარმოუდგენლად დიდი წარმოდგენა-ფარსი. ღონისძიება ჯერ დასრულებული არ იყო, რომ იმწამსვე ჩამოხსნეს ტრაქტატის აღმნიშვნელი სიმბოლო სასტუმრო "ივერიიდან". საბოლოო ჯამში, საქართველოს და ქართველებს იმ დღიდან გასახსენებელი და სასიკეთო ნამდვილად არაფერი დაგვრჩენია.

ლუკა კარკაძე
ჟურნალი "ისტორიანი" #116
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები