სალომე ანდრონიკაშვილი "ვერცხლის საუკუნის" ლეგენდა - კვირის პალიტრა

სალომე ანდრონიკაშვილი "ვერცხლის საუკუნის" ლეგენდა

ნაწილი I

ეძღვნება ინესა ანდრონიკაშვილის ნათელ ხსოვნას

არისტოკრატული მანერების, დახვეწილი გემოვნებისა და იუმორის მქონე მშვენიერი ქალბატონი, სალომე ანდრონიკაშვილი, სანქტ-პეტერბურგის საზოგადოებამ "ვერცხლის საუკუნის" ლეგენდად, პოეტებისა და მხატვრების მუზად და ყველაზე ბრწყინვალე ლამაზმანად აღიარა. მან საინტერესო, მშფოთვარე და საოცარი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება განვლო, რასაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა XX საუკუნის ქართველი და რუსი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებთან მეგობრობა.

სალომე ანდრონიკაშვილი 1888 წელს დაიბადა თბილისში, ქართველი თავადის, ნიკოლოზ (ნიკო) ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის (1862-1947) ოჯახში. სახელი ქართველი წმინდანის, სალომე უჯარმელის პატივსაცემად დაარქვეს და არა ბიბლიური სალომესი, როგორც ბევრს მიაჩნდა.

ანდრონიკაშვილი უძველესი ქართული გვარია. დაკავშირებულია ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენოსის სახელთან, რომლის დედა, კატა (კატაი) ბაგრატიონი, დავით IV აღმაშენებლის ქალიშვილი იყო. ანდრონიკემ ახალგაზრდობაში მოინახულა დედის სამშობლო, სადაც ის გიორგი III-მ გულთბილად მიიღო და კახეთში ქალაქები, ციხესიმაგრეები და მიწები უბოძა. ანდრონიკე კომნენოსს ბიზანტიის მმართველობისას არ დავიწყებია ქართული ფესვები და საქართველოსთან მეგობრული კავშირი ჰქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, შვილებმა თავი საქართველოს შეაფარეს. 1204 წელს თამარ მეფის ხელშეწყობით ტრაპიზონის იმპერია დაარსდა და იქ ანდრონიკეს შვილიშვილი, ალექსი გამეფდა. ერთ-ერთი ვერსიით, კეისარ ანდრონიკეს მეორე შვილიშვილი, ანდრონიკე უმცროსი, გახდა ანდრონიკაშვილების გვარის ფუძემდებელი საქართველოში.

საქართველოს მატიანეში ანდრონიკაშვილები XVI საუკუნიდან იხსენიებიან. ამ გვარის წარმომადგენლები სხვადასხვა დროს საეპისკოპოსო კათედრებს იკავებდნენ ბოდბეში, ალავერდში, ნეკრესში, ნინოწმინდასა და რუსთავში. საისტორიო ქრონიკებში აღნიშნულია, რომ 1605 წელს კახეთის მეფე ალექსანდრესთან და მის შვილთან ერთად, მათი ერთგული რუსთავის ეპისკოპოსი და მისი ძმა აბელ ანდრონიკაშვილიც მოკლეს. მეფე ერაკლე II-მ ანდრონიკაშვილები კახეთის მფლობელ თავადთა სიაში შეიყვანა.

სალომეს მამამ, ნიკოლოზ ანდრონიკაშვილმა (დედით ჯორჯაძე), მოსკოვში სატყეო აკადემია დაამთავრა და მუშაობა დაიწყო მთავარ ექსპერტად ფილოქსერასთან ბრძოლის კომიტეტში. მოგვიანებით ის ბათუმის ქალაქისთავად დაინიშნა. დადებითად ახასიათებდნენ და საგანგებოდ აღნიშნავდნენ მის მიმზიდველ გარეგნობას. სალომეს დედა ლიდია პლეშჩეევა ცნობილი რუსი პოეტის ძმის შვილიშვილი იყო. საქმიანობიდან გამომდინარე, ნიკოლოზს ხშირად უხდებოდა სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება. მან ერთ-ერთი მივლინებისას, სანქტ-პეტერბურგში გაიცნო მომავალი მეუღლე. ლამაზმა, ვაჟკაცური გარეგნობის, დახვეწილი ქცევების ახალგაზრდამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ლიდია პლეშჩეევაზე. ის ნიკოლოზზე უფროსი და ამასთანავე, გათხოვილი გახლდათ, მაგრამ შეყვარებულმა ქალმა მიატოვა ქმარი და ანდრონიკაშვილს საქართველოში გამოჰყვა. ნიკოლოზის გარდაცვალებამდე ისინი ერთად იყვნენ, ისე რომ, სიყვარული არ განელებიათ. ანდრონიკაშვილებს სამი შვილი შეეძინათ: სალომე, მარიამი (1892) და იასე (1893), რომლის ბედიც ტრაგიკული აღმოჩნდა.

"დედა - ლიდია პლეშჩეევა - წარმოშობით რუსი, საოცარი ქალბატონი იყო. მამა ძალიან მომხიბლავი, მაგრამ ჩვენს აღზრდაში მონაწილეობას არ იღებდა. მე - უფროსი, ფიზიკურად მამას ვგავდი, მაგრამ ხასიათითა და ზნე-ჩვეულებით - უფრო დედას. ჩემი და მაშენკა (მარუსია) ხასიათით უფრო მეტად ქართველი იყო, ძმა კი ნახევარი ნახევარზე. სამივეს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ვმეგობრობდით" (სალომეს მიერ პაპუნა წერეთლისთვის მიწერილი წერილიდან). სალომე ბათუმში

მარიამი (მარუსია) უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ცოლად გაჰყვა ეკონომისტ თ. შარაშენიძეს და მუშაობა დაიწყო თბილისში, გეოგრაფიის ინსტიტუტში. იასემ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ თეატრმა გაიტაცა და მთელ დროს მის მიერ მოსკოვში შექმნილ ახალგაზრდულ თეატრში ატარებდა. მან ცოლად მოიყვანა სანქტ-პეტერბურგელი ე. ვახტერი, რომლისგანაც ვაჟიშვილი კონსტანტინე შეეძინა. რევოლუციის დროს კონსტანტინე დედასთან ერთად ემიგრაციაში, პარიზში გაემგზავრა. იასე დარჩა. სამწუხაროდ, იგი რეპრესიებს შეეწირა - 1937 წელს დახვრიტეს. სალომე უნებურად ძმის დაღუპვის მიზეზი აღმოჩნდა. მან ნაცნობ ფრანგ ჟურნალისტს გამოატანა წერილი იასესთვის გადასაცემად, რაც მისი დაპატიმრების საბაბი გახდა...

სალომე და მისი მამიდაშვილი თინათინ ჯორჯაძე 1906 წელს სანქტ-პეტერბურგში, ქალთა უმაღლეს სასწავლებელში "ბესტუჟევის კურსებზე" სასწავლებლად გაემგზავრნენ. მშობლებმა მათ ქალაქის პრესტიჟულ რაიონში კომფორტული ბინა დაუქირავეს. დახვეწილმა ყმაწვილმა ლამაზმანებმა მალევე მიიქციეს სანქტ-პეტერბურგის საზოგადოების ყურადღება. ისინი სწრაფად ეზიარნენ ლიტერატურულ ბოჰემას, გაიცნეს და დაუმეგობრდნენ მაღალი წრის საზოგადოებასა და შემოქმედებითი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს. ლიტერატურულ სალონში გაიცნეს ერთმანეთი სალომემ და ზინოვი პეშკოვმა, მწერალ მაქსიმ გორკის შვილობილმა და ნათლულმა, ლენინის თანამებრძოლ იაკოვ სვერდლოვის უფროსმა ძმამ. ზინოვიმ უარი თქვა საკუთარ რწმენაზე, მართლმადიდებლობა მიიღო და მ. გორკის ნათლული და შვილობილი გახდა. ამ ლეგენდარული პიროვნების ბიოგრაფია იმდენად ფანტასტიკურია, რომ მოგონილი, არარეალური გეგონებათ (ა. ვასილიევა, 2001).

უზომოდ შეყვარებულმა ზინოვიმ ცოლობა სთხოვა მშვენიერ სალომეს. მომავალში ფრანგული არმიის განთქმული გენერალი და საფრანგეთის მთავრობის მრავალი ჯილდოს მფლობელი, პრეზიდენტ შარლ დე გოლის მეგობარი და თანამებრძოლი ზინოვი პეშკოვი, მაშინ ნაკლებად ცნობილი და ამასთანავე, ღარიბი იყო. მართალია, მას მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა და ქალთა ყურადღება არ აკლდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სალომეს მშობლებისთვის, განსაკუთრებით დედისთვის, ის მიუღებელი კანდიდატურა იყო. უარით განაწყენებული ზინოვი ამერიკაში გაემგზავრა. მოგვიანებით ისინი შემთხვევით კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

18 წლის ასაკში სალომე ცოლად გაჰყვა მდიდარ რუს მემამულე პაველ ანდრეევს, რომელიც მასზე 17 წლით უფროსი იყო. მათ ქალიშვილი ირინე შეეძინათ. გარიგებაზე დაფუძნებული ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. ცოლ-ქმარს მეტად განსხვავებული ინტერესები და მისწრაფებები ჰქონდა.

სალომეს მაღალი წრის საზოგადოების ცხოვრება, ლიტერატურული ბოჰემა იზიდავდა, ანდრეევი კი საკუთარი ვიწრო ინტერესებით იყო დაკავებული. ზაფხულს ისინი ანდრეევის ლამაზ მამულში, სკრებლოვოში ატარებდნენ. სალომე იხსენებდა, რომ იქ იყო მშვენიერი საზაფხულო სახლი არაჩვეულებრივი ბაღით. სადილზე 20 კაცამდე იკრიბებოდა - პაველ ანდრეევის შვილები პირველი ქორწინებიდან და პაველისა და სალომეს ნათესავები, მათ შორის, თინათინ ჯორჯაძე და სალომეს უმცროსი და მარუსია. ქალიშვილის დაბადების შემდეგ ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობა უფრო გაღრმავდა. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი განქორწინდნენ. გაყრის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ანდრეევი მექალთანე იყო და თინათინსა და სალომეს დას, მარიამს დაუწყო არშიყი. ასეთი შეურაცხყოფა კი სალომემ ვერ აიტანა და განქორწინება მოითხოვა. ცნობილმა ადვოკატმა ლუარსაბ ანდრონიკოვმა (ანდრონიკაშვილების გვარს რუსეთში ანდრონიკოვებად მოიხსენიებდნენ), ირაკლი და ელეფთერ ანდრონიკაშვილების მამამ, შეძლო სალომესთვის ბრწყინვალე მდიდრული ბინისა და სოლიდური ფინანსური ანაზღაურების მიღება. განქორწინების შემდეგ მატერიალურად უზრუნველყოფილმა სალომემ საკუთარი ლიტერატურული სალონი გახსნა, სადაც სანქტ-პეტერბურგის ელიტური საზოგადოება იკრიბებოდა - ცნობილი პოეტები, მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები და მხატვრები. სალომე "ვერცხლის საუკუნის" (რუსული კულტურის პერიოდს XX საუკუნის დასაწყისში, ტერმინი წარმოიშვა რუსულ ემიგრაციაში) მხატვრებისა და პოეტების მუზად იქცა. ეს იყო ყველა სახის შემოქმედებითი საქმიანობის უპრეცედენტო ყვავილობის დრო, ხელოვნებაში ახალი ტენდენციების დაბადება, მრავალი ბრწყინვალე სახელის გამოჩენა არა მხოლოდ რუსული, არამედ მსოფლიო კულტურის მასშტაბით. ის სანქტ-პეტერბურგის ყველაზე ბრწყინვალე ლამაზმანად აღიარეს. "ლურჯი სამშაბათების" წვეულებების მშვენება, როგორც ყოველთვის, სალომეა (ანდრონიკოვა) იყო - არც პოეტი, არც მსახიობი, არც ბალერინა, არც მომღერალი, მაგრამ ჩვენი წრის ყველაზე საინტერესო ქალად არის აღიარებული... ის ჩვენი მადამ რეკამიე იყო", - წერდა პოპულარული პეტერბურგელი მწერალი ნადეჟდა ტეფი.  თინათინ ჯორჯაძე მეუღლესთან, სერგეი ტანეევთან ერთად

სანქტ-პეტერბურგში სალომეს მოფერებით ,,სალომინკას" უწოდებდნენ. მასზე უიმედოდ შეყვარებულმა ცნობილმა პოეტმა ოსიპ მანდელშტამმა ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი ,,სალომინკა" მიუძღვნა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აღიარება მოიპოვა, თუმცა სალომეს, პოპულარობის მიუხედავად, ლექსი არ მოსწონდა და ამბობდა, რომ ვერ ხვდება, რა კავშირი აქვს მასთან ამ ლექსს. რუს მწერალთან, ლარისა ვასილევასთან საუბრისას სალომე აღნიშნავს: ,,მართალია, მასში საოცარი მუსიკა ჟღერს, მაგრამ ფუჭი ლექსია. ჩემთვის ბევრს მოუძღვნია ლექსები, თუმცა საკუთარ თავს იქ ვერ ვცნობდი. ავტორებს უფრო თავის განცდებსა და მისწრაფებებზე აქვთ ყურადღება გამახვილებული. ჩემი პორტრეტებიც ბევრს დაუხატავს - პეტროვ-ვოდკინს, სოკოლოვს, შუხაევს, სორინს, გრიგორიევს, აგრეთვე ფრანგ და ინგლისელ მხატვრებს. ზოგიერთ პორტრეტში, შედარებით უფრო ვცნობდი თავს. ლონდონს ეწვია და ჩემი ბიუსტი გამოძერწა ამერიკელმა მოქანდაკემ როზი ბრაუნმა. საგანგებოდ ხატავდნენ ჩემს ხელსა და ფეხს, ასე რომ, ხოტბა თხემით ტერფამდე შემასხეს". სალომე ჭკვიან, დახვეწილი გემოვნების, განათლებულ ქალბატონად იყო აღიარებული, რომელიც შესანიშნავად ერკვეოდა პოეზიაში და მის აზრს სათანადოდ აფასებდნენ. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მაშინდელი გაზვიადებული გატაცება მისტიკური ლიტერატურულ-ფილოსოფიური მიმართულებებით, სადაც მთავარი ადგილი ეროტიკასა და სიკვდილის იდუმალებას ეკავა.

იმავე წელს ოსიპ მანდელშტამმა სალომეს "მადრიგალი" მიუძღვნა: "ბიზანტიის დიდების ასულო, ანდრონიკე კომნენის ნაშიერო"... სალომე ხშირად სტუმრობდა სანქტ-პეტერბურგის პოპულარულ ლიტერატურულ-არტისტულ კაფე "Бродячая собака"-ს ("მოხეტიალე ძაღლი"), რომლის დიდებულებას ქმნიდნენ ანა ახმატოვა, ნიკოლაი გუმილიოვი, კონსტანტინ ბალმონტი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, იგორ სევერიანინი, ოსიპ მანდელშტამი, არტურ ლურიე, სერგეი სუდეკინი (რომლის მიერაც იყო მოხატული კაფეს კედლები) და სხვა ცნობილი პირები. სწორედ ამ არტკაფეში გაიცნო სალომემ და დაუმეგობრდა გენიალურ რუსს პოეტ ქალს, ანა ახმატოვას.

სანქტ-პეტერბურგში იწყებოდა ბობოქარი რევოლუციური პერიოდი და რუსული კულტურის ბრწყინვალე "ვერცხლის საუკუნე" დასასრულს უახლოვდებოდა. რევოლუციის ქარტეხილმა აქეთ-იქით მიმოფანტა მისი საუკეთესო წარმომადგენლები. 1917 წელს გაიყო ახმატოვასა და სალომეს გზებიც. მეგობრები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ლონდონში ნახევარი საუკუნის შემდეგ. სალომე თავის ახლო მეგობართან, ბარონესა მარია ბუდბერგთან (მაქსიმ გორკის მუზა და მეუღლე) ერთად ეწვია პოეტ ქალს ლონდონის სასტუმრო "პრეზიდენტში". შეხვედრა ემოციური და ნოსტალგიით აღსავსე იყო. იმის მიუხედავად, რომ ძველი სანქტ-პეტერბურგის არტისტული ცხოვრების მონატრებამ შეიპყრო ორივე ქალი, სალომე იხსენებდა: "ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს წლები არც გასულიყო და მხოლოდ ახლახან დავშორდით ერთმანეთს. ჩვენი მეგობრობა მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდებოდა... მაგრამ ეს მეგობრობა ორივემ 48 წელიწადს გულით ვატარეთ და მეხსიერებაში შევინახეთ, შევხვდით 1965 წელს აქ (ლონდონში), როგორც ახლობლები. მან თავისი ლექსების კრებული მისახსოვრა წარწერით - "მეგობრობის იმედით", რომელიც მხოლოდ მეხსიერებაში შედგა" (სალომე ანდრონიკაშვილის წერილიდან, 1973 წ.). ანა ახმატოვამ გადასცა სალომეს ჯერ კიდევ 1940 წელს მისთვის მიძღვნილი ლექსის "Тень" ("ჩრდილი") ავტოგრაფი: "როგორ ვდაობდით მაშინ, ანგელოზი ხარ თუ ფრინველი"...

Как спорили тогда – ты ангел или птица!

Соломинкой назвал тебя поэт,

Равно на всех сквозь черные ресницы

Дарьяльских глаз струился нежный свет... (Анна Ахматова "Тень")

ანა ახმატოვა ყოველთვის თბილად იხსენებდა სალომეს და დიდად აფასებდა. ამის დასტურია ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის, ისაია ბერლინის მოგონებები: "მან (ახმატოვამ) მკითხა სალომე გალპერნის (ქალიშვილობაში ანდრონიკოვას) შესახებ, რომელსაც სანქტ-პეტერბურგიდან იცნობდა. ეს ცნობილი ლამაზმანი, რომელიც მაღალი წრის საზოგადოებაში გონებამახვილობითა და მიმზიდველობით ბრწყინავდა, მეგობრობდა იმ დროის ცნობილ მხატვრებსა და პოეტებთან. ახმატოვამ მითხრა (თუმცა, უკვე ვიცოდი), რომ შეყვარებულმა მანდელშტამმა სალომეას ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი მიუძღვნა. ახლო ურთიერთობა მქონდა სალომეა ნიკოლაევნასა და მის მეუღლესთან, ალექსანდრ გალპერნთან, მოვუყევი მათი ცხოვრების შესახებ... ახმატოვამ კვლავ გაიხსენა სალომეა ანდრონიკოვა (გალპერნი), მისი სილამაზე, მომხიბლაობა, გამორჩეული ჭკუა, კაბარე "Бродячая собака", "Кривое зеркало"-ს თეატრალური წარმოდგენები... (ი. ბერლინი, "Встречи с русскими писателями").

განქორწინების შემდეგ, სალომე მასზე უზომოდ შეყვარებულ პოეტსა და დრამატურგს, სერგეი რაფალოვიჩს ხვდებოდა. პოეტი უძღვნიდა მას ლექსებს, ყურადღებას არ აკლებდა სალომეს და მის ქალიშვილს. გთავაზობთ სალომესადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსს:

...Ты не царевна Саломе

И не Христова Саломея

Уста казненного лобзать,

Коснуться девственной Марии.

Нет на тебе иной стихии

Неизгладимая печать.

Ты внучка пышной Византии

Душой в отца и сердцем в мать.

რაფალოვიჩმა სალომე და მისი ქალიშვილი ყირიმში წაიყვანა. სმირნოვის აგარაკზე მათთან ერთად ცხოვრობდნენ ოსიპ მანდელშტამი, სერგეი რადლოვი მეუღლით, მხატვარი შუხაევი მეუღლით, სერგეი სუდეიკინი, კ. მოჩულსკი და ვ. ჟირმუნსკი. საღამოს მამაკაცთა საზოგადოება აწყობდა პოეზიის საღამოებს, მართავდა დისკუსიებს თანამედროვე მოდურ ლიტერატურულ მიმართულებებზე. 16 აგვისტოს სალომეს ანგელოზის დღის აღსანიშნავად, მოჩულსკიმ, მანდელშტამმა, რადლოვმა და ჟირმუნსკიმ მას სახალისო პიესა "Кофейня разбитых сердец или Саванарола в Тавриде" მიუძღვნეს, რომელიც საკუთარივე მონაწილეობით წარმოადგინეს.

სალომე მისმა ძველმა თაყვანისმცემელმა, ალექსანდრ გალპერნმა გააფრთხილა, რომ პეტერბურგში არეულობა იყო და იმპერატორი გადადგა. ურჩია მას საქართველოში მშობლებთან წასულიყო. სალომემ რჩევა გაითვალისწინა და ქალიშვილთან ერთად საქართველოში გაემგზავრა, მაგრამ ხარკოვში მოულოდნელად ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრა. ის ყოფილმა თაყვანისმცემელმა ზინოვი პეშკოვმა იხსნა. მან ტფილისში შემთხვევით გაიგო სალომეს დაპატიმრების ამბავი და სასწრაფოდ გაუგზავნა დეპეშა მაქსიმ გორკის: "მამა! დაურეკე ლენინს, ტროცკის, თუნდაც კარლ მარქსს, ოღონდ ხარკოვის ციხიდან დაიხსენი სალომე". შედეგმაც არ დააყოვნა. რამდენიმე დღის შემდეგ ბედნიერი ზინოვი პეშკოვი სალომეს უკვე ტფილისის სადგურზე დახვდა. ამ დროს ის საქართველოს მენშევიკურ მთავრობაში საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი იყო. ეს სალომესთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. სალომე ანდრონიკაშვილი (მხატვარი კუზმა პეტროვ-ვოდკინი, 1925 წ.)

1917-1920 წლებში სალომე ტფილისში ცხოვრობდა. ის აქაც აქტიურ ბოჰემურ ცხოვრებას მისდევდა, ხვდებოდა ქართველ და რევოლუციური პეტერბურგიდან სტუმართმოყვარე საქართველოში გამოქცეულ რუს პოეტებსა და მწერლებს, მართავდა ლიტერატურულ საღამოებს. ცნობილი "პოეტების ქარხნის" წარმომადგენელ სერგეი გოროდეცკისა და რაფალოვიჩთან ერთად გამოსცემდა ყოველთვიურ ჟურნალ "ორიონს". სალომეთი მოჯადოებული ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი მას ლექსებს უძღვნიდნენ. გენიალურმა ქართველ-გერმანელმა მწერალმა, გრიგოლ რობაქიძემ, მას ბიბლიური სალომესთვის მიძღვნილი ლექსის, "ოფორტიის" ავტოგრაფი მიართვა.

ერთ-ერთი ლიტერატურული საღამო "ვერცხლის საუკუნის" პოეტებს მიეძღვნა. ჩვენმა ბებიამ, თავადის ქალმა ალექსანდრა ავალიანმა-აბაშიძემ, რომელიც ალექსანდრ ბლოკის პოეზიის თაყვანისმცემელი იყო, ჰკითხა სალომეს, იყო თუ არა ბლოკის ცნობილი ლექსის "Незнакомка"-ს ("უცნობი ქალი") მუზა. სანქტ-პეტერბურგში მიიჩნევდნენ, რომ ამ ლექსის ადრესატი სალომე ანდრონიკაშვილია. ქალმა გაიხსენა, რომ ის მაშინ მართლაც იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგის გარეუბანში, დაბა ოზერკიში, პეტერბურგელების გამორჩეულ დასასვენებელ ადგილას. მან დასძინა, რომ დაბა ოზერკი საინტერესო ადგილია, მას ისტორიული დატვირთვაც აქვს (აქ მოკლეს გიორგი გაპონი, აქ ჩამოდიოდა სამკურნალოდ ექიმთან გრიგორი რასპუტინი). სეირნობისას სალომე მეგობრებს ჩამორჩა და გადაწყვიტა, ადგილობრივ გზისპირა რესტორანში შესულიყო (როგორც წესი, ახასიათებდა მოულოდნელი, ექსტრავაგანტული გადაწყვეტილებები და ქცევები. საკმარისია გავიხსენოთ მისი სახიფათო გადაწყვეტილება, აეროპლანით შემოეფრინა სანქტ-პეტერბურგისთვის, რამაც მთელი ქალაქი აალაპარაკა). იმის მიუხედავად, რომ ბლოკი და სალომე ერთმანეთს გარეუბნის მიგდებულ რესტორანში შეხვდნენ, სალომე არასდროს ამტკიცებდა და არც უარყოფდა, რომ ის იყო პოეტის ამ ლექსის მუზა. თუმცა ამ ვერსიის სასარგებლოდ მრავალი ფაქტი მეტყველებს. ცნობილია, რომ ბლოკის მუზა, ძირითადად, მისი მეუღლე იყო, მაგრამ ამ ლექსთან დაკავშირებით თავად ავტორი და მისი ახლო წრეც ამტკიცებდა, რომ ლექსის ადრესატი უცნობი ახალგაზრდა მშვენიერი ლედია, რომლის გამოჩენამ რესტორნის დახავსებულ გარემოს სულ სხვა ელფერი შესძინა, აღაფრთოვანა იქ მყოფნი და მიძინებული შთაგონება გაუღვიძა პოეტს. ბებიას მიერ ჩვენთვის გადმოცემული სალომეს ნაამბობიდან შევეცდებით, აღვადგინოთ მშვენიერი ლექსის შექმნის ისტორია...

(დასასრული მომდევნო ნომერში)

მედეა აბაშიძე, ისტორიის დოქტორი

ელეონორა აბაშიძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი" #116