"მოკალით სტალინი!"
"მოკალით სტალინი!"
ნაწილი III


ლეიტენანტი ანდრეას კლაინბერტი ფრონტის ხაზიდან დაბრუნდა გერმანიაში. მან უფროსობას მოახსენა, რომ ტავრინმა ფრონტის ხაზი მშვიდობით გადალახა და მოსკოვისკენ გაემართა.

გესტაპო კლაინბერტით 1944 წლის ბოლოსთვის დაინტერესდა. დადგინდა, რომ ის ბანდერელთა აგენტი იყო და მისი შეპყრობა სცადეს. ატყდა სროლა. კლაინბერტმა ხელყუმბარით თავი აიფეთქა.

-სიკვდილი სტალინს! სიკვდილი ჰიტლერს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას! -ასეთი იყო მისი უკანასკნელი სიტყვები...
დღეს უკვე ცნობილია, რომ კლაინბერტის ნამდვილი გვარი პეტრო სავჩუკი იყო.
დაიბადა ჟიტომირსჩინაზე. მამა უკრაინელი ჰყავდა, დედა გერმანელი კოლონისტის ოჯახიდან იყო. მამამისი აქტიურად მონაწილეობდა უკრაინულ ეროვნულ მოძრაობაში და ბოლშევიკებმა დახვრიტეს. თავად სავჩუკი 1920 წელს დედასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. ერთხანს ლვოვში ცხოვრობდნენ, 1923 წელს კი გერმანიაში გაემგზავრნენ. სავჩუკი დედის გვარზე დაეწერა და კლაინბერტად გადაიქცა, თუმცა მუდამ ახსოვდა,
რომ უკრაინელია. 1930 წელს უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის (ოუნ) წევრი გახდა. აბვერშიც (გერმანიის სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა) ოუნ-ის დავალებით შეაგზავნეს. იგი ბოლომდე უკრაინისთვის იბრძოდა.
ვიქტორ აბაკუმოვი (მარჯვნივ)
დაპატიმრება
ჩეკისტებმა იცოდნენ მიახლოებითი მარ­შრუტი, რომლითაც დივერსანტები გადა­ად­გილდებოდნენ. მათი შეპყრობაც უკვე ტექნიკის საქმე იყო.
ჯგუფს, რომელმაც ტავრინი და მისი ცოლი დააპატიმრა, უშიშროების ლეიტენანტი უვაროვი მეთაურობდა.

ტავრინი პატრულს გაუსწორდა. უვაროვმა ჟესტით ანიშნა, გაჩერებულიყო. ტავრინი დაემორჩილა. მისი საბუთები შესანიშნავი იყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ჩეკისტებმა მისი გარეგნობაც იცოდნენ და ისიც, რომ ქალი ახლდა. უვაროვი მას მხიარულად მიესალმა, ბოდიშიც მოუხადა, აქაოდა ომია და იძულებულნი ვართ, წითელი დროშის ორდენოსნებიც შევამოწმოთო. ტავრინი დაეთანხმა.

-რა თქმა უნდა, ამხანაგო ლეიტენანტო!
მოულოდნელად უვაროვმა დაუსტვინა. საიდანღაც ხალხი გამოცვივდა. ტავრინმა და ლიდამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ ალყაში აღმოჩნდნენ.
-აბა, ხელები მაღლა!
დივერსანტებს იარაღი აჰყარეს და ხე­ლებ­ზე ბორკილი დაადეს.
ჩეკისტის კარიერული საფეხური
ტავრინი და ლიდა პირადად სმერშის შეფმა ვიქტორ აბაკუმოვმა დაკითხა. ტერორისტებმა აღიარებითი ჩვენება მისცეს. ტავრინი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს, რომ არავითარი ტერაქტის ჩადენას არ აპირებდა:

-გვინდოდა ციმბირამდე ჩაგვეღწია, შემდეგ "ფსკერზე ჩავწვებოდით", ყველას დავემალებოდით.
აბაკუმოვი გამოცდილი ჩეკისტი იყო და ხვდებოდა, რომ ტავრინი სიმართლეს ამბობდა. სტალინს გაძლიერებულად იცავდნენ. რასაკვირველია, შესაძლებელი იყო დაცვაში რამე ნაკლის გამოძებნა, მაგრამ საამისოდ ტერორისტის როლისთვის სხვა კაცი უნდა შეერჩიათ, იდეოლოგიური ფანატიკოსი, რომელიც მზად იქნებოდა თავგანწირვისთვის. ტავრინი კი ასეთი ნამდვილად არ იყო. ამავე დროს, ისიც ცხადი იყო, რომ ტერაქტის აღკვეთა სმერშის შეფის შემდგომ კარიერულ აღმავლობას უზრუნველყოფდა.
-მისმინეთ, -აბაკუმოვმა პაუზა გააკეთა, -თქვენ უნდა თქვათ ის, რასაც მე გიკარნახებთ.
-რაო?! -ერთხმად შესძახეს დივერსანტებმა.
-დიახ, იტყვით, რომ ამხანაგ სტალინის მოკვლა გსურდათ, მაგრამ ჩეკისტებმა ამის საშუალება არ მოგცეს.
-ჩვენ არავის მოკვლა არ გვინდოდა! -ისტერიკულად შეჰკივლა ტავრინმა, -ჩვენ გადარჩენა გვსურდა! გესმით?
-გასაგებია! -სერიოზულად მიუგო აბაკუმოვმა, -სიცოცხლე გინდათ?
-რასაკვირველია, მაგრამ...
-მაშ, გააკეთეთ რასაც გეუბნებით! მე გაძლევთ გარანტიას, რომ იცოცხლებთ.
...აბაკუმოვმა სტალინს პირადად მოახსენა, რომ ტერორისტები შეიპყრეს, რომ მათ აღიარებითი ჩვენება მისცეს და ყველაფერში გამოტყდნენ.
-აღიარეს, რომ ჩემი ლიკვიდაცია სურდათ? -ჩუმად შეეკითხა სტალინი.
-დიახ!..
რეინჰარდ გელენი სამუშაო კაბინეტში, გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურში
სტალინმა აბაკუმოვს გარჯა დაუფასა. სმერშის შეფი პირველი ხარისხის კუტუზოვის ორდენით დააჯილდოეს, რომელსაც ფრონტზე წარმატებულად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციებისთვის ანიჭებდნენ წითელი არმიის მეთაურებს. როცა ომის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შეიქმნა, მინისტრად აბაკუმოვი დაინიშნა.

ოპერაცია "ნისლი"
ტავრინი და ლიდა არ დაუხვრეტიათ. ორივე რადიოთამაშში ჩააბეს. ოპერაციის კოდური სახელწოდება "ნისლი" გახდა.

ცოტა ხნის შემდეგ ლიდამ გერმანულ ცენტრს რადიოგრამა გაუგზავნა. ქალი იტყობინებოდა, რომ თვითმფრინავი, რომლიდანაც პარაშუტით უნდა დაშვებულიყვნენ, რუსებმა ჩამოაგდეს და ახლა ეძებენ ადგილს, სადაც მოტოციკლია დამალული. საპასუხო რადიოგრამაში ეს ადგილი მიუთითეს. ამის შემდეგ ლიდამ მეორე რადიოგრამა გაგზავნა. ქალი იტყობინებოდა, რომ მოტოციკლი იპოვეს და მოსკოვისკენ მიემგზავრებიან.

ერთი კვირის განმავლობაში რადიოგრამა არ გაგზავნილა. შემდეგ ქალი იტყობინებოდა, რომ გზად შემხვედრმა პატრულმა მათი დაკავება სცადა. ატყდა სროლა. მოტოციკლი მიატოვეს და გაიქცნენ. ამის შემდეგ მთელი ორი კვირის განმავლობაში აგენტები დუმდნენ.

-ნეტავ ცოცხლები არიან თუ არა? - ფიქრობდნენ ჰიტლერელები.
მოულოდნელად პასუხი მიიღეს. ლიდამ კვლავ გაგზავნა რადიოგრამა. ქალი იტყობინებოდა, რომ მოსკოვამდე რის ვაი-ვაგლახით ჩააღწიეს. გენერალმა ვალენტინ ზაგლადინმა ისინი შეიფარა, საიმედოდ დამალა და ახალი დოკუმენტებით მოამარაგა. ახლა შეიძლებოდა დავალების დასკვნითი ნაწილის შესრულებაზე გადასულიყვნენ.

გერმანელი მზვერავები თავის მემუარებში წერენ, რომ არც ლიდასი, არც ტავრინის არ სწამდათ. მთელი ინფორმაცია ჩეკისტებისგან დასხლტომის თაობაზე ბულვარულ რომანს მოაგონებდათ. გერმანელებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ტავრინი და მისი ცოლი რუსებმა შეიპყრეს და ორივე ჩეკისტების კონტროლქვეშ მუშაობდა.

ჰიტლერი უკანასკნელ მომენტამდე დარწმუნებული იყო, რომ მოსკოვში აგენტურა ჰყავდა. ფიურერის გადარწმუნება არავის უცდია, რადგან ხვდებოდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო. ჰიტლერსაც სჯეროდა, რომ მოსკოვში ძლიერი აგენტურა ჰყავდა და მალე სტალინს ანგარიშს გაუსწორებდნენ.

დილეგში ჩარჩენილები
მეორე მსოფლიო ომი გერმანიის განადგურებით დამთავრდა. ოდესღაც ძლევამოსილი იმპერია (მესამე რაიხი, როგორც ჰიტლერი უწოდებდა) აღარ არსებობდა. გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული საოკუპაციო ზონა შეიქმნა, დასავლეთში კი ამერიკული და ინგლისური. ამიტომ დასავლეთ გერმანიას სხვანაირად ბიზონიას უწოდებდნენ (ბი-ზონე). გერმანია დამარცხდა, მაგრამ მისი დაზვერვა გადარჩა. ამაზე დიდმა ამერიკელმა მზვერავმა ალენ დალესმა იზრუნა. ის დაეხმარა გერმანიის გენშტაბთან არსებულ აღმოსავლეთის საზღვარგარეთული არმიების განყოფილების უფროსს, გენერალ რეინჰარდ გელენს გერმანული სპეცსამსახურის შენარჩუნებაში.

თავდაპირველად ის გელენის ორგანიზაციად იწოდებოდა და ამერიკელები აფინანსებდნენ. მოგვიანებით, როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა, გელენის ორგანიზაციაც გერმანული სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მართალია, ახალ ქვეყანას საშუალება არ ჰქონდა, რომ ძლიერი სადაზვერვო სტრუქტურა შეენახა, მაგრამ კანცლერი კონრად ადენაუერი გელენს ყოველმხრივ უწყობდა ხელს. გენერალიც მას პირველხარისხოვანი ინფორმაციით ამარაგებდა.
(მარცხნიდან) ანასტას მიქოიანი, ნიკიტა ხრუშჩოვი, იოსებ სტალინი, გიორგი მალენკოვი, ლავრენტი ბერია და ვიაჩესლავ მოლოტოვი მოსკოვის ქუჩებში
რაც უფრო მტკიცდებოდა გფრ, მით უფრო მცირდებოდა დაფინანსებაში ამერიკელთა წილი და იზრდებოდა გერმანული. 1956 წელს გელენის ორგანიზაცია დასავლეთ გერმანიის მთავრობას უკვე ოფიციალურად დაექვემდებარა. ის ბნდ-ად (ფედერალური სადაზვერვო სამსახური) იქცა. მის უფროსად კი, რა თქმა უნდა, გენერალი გელენი დაინიშნა. ბნდ ევროპაში ყველაზე ეფექტიანი და დინამიკური სპეცსამსახური იყო. ეს კანონზომიერია, რადგანაც გელენმა იქ ნამდვილ პროფესიონალებს მოუყარა თავი.

მათ შორის იყო შტურმბანფიურერი ოტო კრაუსიც, კაცი, რომელიც ტავრინის მომ­ზა­დება-გადასროლაში უშუალოდ მონა­წილეობდა...
კრაუსმა ყველაფერი გელენს მოახსენა. გენერალი ჩაფიქრდა:

-ხომ არ გეჩვენებათ, რომ ტავრინი და მისი ცოლი რუსების კონტროლქვეშ მუშაობენ?
-მაგაში ეჭვი არ მეპარება! -უყოყმანოდ მიუგო კრაუსმა.
-მაშ, რაშია საქმე?
-ტავრინთან კონტაქტები უნდა გაგრძელდეს, -კრაუსი წამით გაჩუმდა, -შეიქმნას დეზინფორმაციული არხი რუსეთთან.
-ეს შეიძლება! -გელენმა გაიცინა.
ოპერაცია გრძელდებოდა.

"სარფიანი შეთქმულება"
1948 წელს საბჭოთა კავშირში ე.წ. სიონისტური შეთქმულება ამხილეს. მისი ცენტრი თითქოს ებრაელთა ანტიფაშისტურ კომიტეტში იყო. დააპატიმრეს და დახვრიტეს ამ კომიტეტის ხელმძღვანელი სოლომონ ლოზოვსკი. დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, ახალი სისხლიანი წმენდები, იმათი მგსავსი, როგორიც 1934-1938 წლებში ხდებოდა. ლიკვიდაციას ექვემდებარებოდნენ სტალინის უახლოესი თანამებრძოლები.
ჩეკისტებმა დააპატიმრეს მოლოტოვის ცოლი პოლინა ჟემჩუჟინა, შეითითხნა საქმე ლაზარ კაგანოვიჩზე, როგორც სიონისტების აგენტზე.

ვიაჩესლავ მოლოტოვი უნდა გამოცხადებულიყო ჯოინტის (ებრაული ორგანიზაცია აშშ-ში) ჯაშუშად, ხოლო კლიმენტ ვოროშილოვი -ინგლისის ჯაშუშად. წმენდები უშიშროების (მგბ) მინისტრს აბაკუმოვს უნდა ჩაეტარებინა. რადგან მას ლავრენტი ბერიასთან თავისი ანგარიშები ჰქონდა, ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ წმენდაში ბერიაც მოყოლილიყო.

-სურდა თუ არა სტალინს ბერიას განადგურება? ეს სადავო საკითხია. ფაქტია მხოლოდ ის, რომ აბაკუმოვს უნდოდა ბერიას მოშორება! -წერს რუსი საბჭოთა მწერალი იულიან სემიონოვი..

ლავრენტი უფრო დახვეწილი ინტრიგანი აღმოჩნდა. მან მიაღწია იმას, რომ 1951 წლისთვის სტალინის მაგიდაზე აბაკუმოვის მაკომპრომეტებელი ინფორმაცია გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანია უშიშროების ოფიცრის, პოდპოლკოვნიკ მიხაილ რიუმინის მოხსენება უშიშროების სამინისტროში სიონისტური შეთქმულების არსებობის თაობაზე. მოხუცი, ავადმყოფი სტალინი შეშფოთდა. ამის შემდეგ ბერიამ გადამწყვეტი იერიში მიიტანა:

-ამხანაგო სტალინ, ტერორისტები, რომლებიც გერმანელებმა თქვენს მოსაკლავად შემოგზავნეს, აბაკუმოვმა გაათავისუფლა. ისინი არ გაუსამართლებიათ.
-რაო?! -სტალინს თვალები აენთო.
აბაკუმოვი სამსახურიდან მოხსნეს და დააპატიმრეს.
უშიშროებას სათავეში სემიონ იგნატიევი ჩაუდგა. სტალინმა მას პირადად უბრძანა, ტავრინი და ლიდა დაეკითხა და გაერკვია, ვინ დაავალა სტალინის მოკვლა.
-დავალება გასაგებია?
-დიახ, ამხანაგო სტალინ! -იგნატიევმა ქუსლი ქუსლს შემოჰკრა და გაიჯგიმა.

ტავრინი და ლიდა ამაოდ იფიცებოდნენ, ამხანაგ სტალინის მოკვლა გულშიც არ გაგვივლიაო. იგნატიევი საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალი იყო საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო, აგენტები სიმართლეს ამბობდნენ თუ არა. აბაკუმოვმა ისინი იმიტომ არ დახვრიტა, რომ გელენის ორგანიზაციასთან რადიოთამაშებისთვის იყენებდა. უშიშროების მინისტრი გამოცდილი კარისკაციც გახლდათ, ამიტომ უშეცდომოდ მიხვდა, რომ სტალინს შეთქმულების მხილება სურდა. დიქტატორის სურვილები კი უნდა ასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდი დღე დაგადგება.
იგნატიევიც არარსებული შეთქმულების მხილებას შეუდგა.
 ლავრენტი ბერია და ვსევოლოდ მერკულოვი (უკანა პლანზე)
* * *
-აბა! ვინ დაგავალათ ამხანაგ სტალინის მოკვლა! -შეეკითხა იგნატიევი ტავრინსა და მის ცოლს.
ორივენი მუხლებზე დაეცნენ. ტირილ-ტირილით იფიცებოდნენ, არავითარი ტერაქტის მოწყობას არ ვაპირებდითო.
იგნატიევის ბრძანებით ორივე აწამეს. ამის შემდეგ ტავრინმა და ლიდამ განაცხადეს:
-ოღონდაც ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს და ყველაფერზე თანახმა ვართ!
უშიშროების შეფმა ჩვენება თავად უკარნახათ: დაწერეთ, რომ სტალინზე თავდასხმას ამზადებდით და ეს აბაკუმოვმა დაგავალათ. ტავრინი შეკრთა:
-არარსებული დანაშაული ვაღიაროთ? ჩვენ ხომ დაგვხვრეტენ!
-გააკეთეთ რასაც გეუბნებით და იცოცხლებთ!
ტავრინმა და ლიდამ მისი კარნახით ე.წ. აღიარებითი ჩვენება დაწერეს.
იგნატიევმა შვებით ამოისუნთქა. საქმე გახსნილია. ახლა მას ე.წ. შეთქმულთა აღიარებითი ჩვენება ჰქონდა...
იგნატიევმა სტალინს მოახსენა:
-ტერორისტები ყველაფერში გამოტყდნენ, შეთქმულებაც მხილებულია.
-მაშ, უშიშროების სამინისტროში შეთქმულება მართლაც არსებობდა?
-დიახ, ამხანაგო სტალინ!

ტავრინი და ლიდა იმავე დღეს დახვრიტეს.
გამოძიება გრძელდებოდა. ახლა სამინისტროს ექსშეფ აბაკუმოვის დაკითხვა-წამება მიმდინარეობდა.

ცრუ ბედის ბორბალი
სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. ხელისუფლებაში მოვიდა ტრიუმვირატი: გიორგი მალენკოვი, ნიკიტა ხრუშჩოვი, ლავრენტი ბერია. საბჭოთა კავშირში დაიწყო რეფორმები, რომელთა ინიციატორი ეს უკანასკნელი გახლდათ. ისტორიაშიც ისინი ბერიას რეფორმების სახელით შევიდა.

უშიშროების ყოფილი მინისტრი და ბე­რიას დაუძინებელი მტერი ვიქტორ აბა­კუმოვი ციხეში იჯდა. სტალინზე ე.წ. თავდასხმის გამოძიება შეწყდა. ბერია ქვეყნის გარდაქმნით იყო დაკავებული. აბაკუმოვი მას უბრალოდ გადაავიწყდა, როგორც რესტორანში დაავიწყდებათ ხელთათმანი.

ლავრენტის ჯერი 1953 წელსვე დადგა. ის დააპატიმრეს და 23 დეკემბერს დახვრიტეს. მალე გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა, რომ ბერია თურმე აშშ-ის, ინგლისის, საფრანგეთისა და იუგოსლავიის(!) აგენტი იყო. მხილებულ იქნა ე.წ. ბერიელთა ჯგუფი, მათ შორის მერკულოვი, დეკანოზოვი, ქობულოვი, მეშჩიკი და სხვები.

-ბერია შეთითხნილი ბრალდებით დახვრიტეს. მან საკუთარ თავზე იწვნია ის, რასაც ადრე სხვების მიმართ ჩადიოდა, -წერს რუსი ისტორიკოსი, პროფესორი ბორის სოკოლოვი.

* * *
ბერიას სიკვდილის შემდეგ მთელი ძალაუფლება ნიკიტა ხრუშჩოვის ხელში მოექცა. მართალია მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მალენკოვი რჩებოდა, მაგრამ ხრუშჩოვი ვითარებას სრულად აკონტროლებდა. დაიწყო ე.წ. ხრუშჩოვის ხანა, რაც ისტორიაში დესტალინიზაციით, ლიბერალური რეფორმებითა თუ ვოლუნტარიზმით შევიდა.

1953 წლის მიწურულს ხრუშჩოვმა ციხეში აბაკუმოვი მოინახულა. ნიკიტა სერგეევიჩმა სმერშის შეფს განუცხადა, რომ ბერია, როგორც ხალხის მტერი, მხილებულია და დახვრეტილი; დაისაჯნენ მისი ახლო მეგობრები, მათ შორის აბაკუმოვის ძმაკაცი ვსევოლოდ მერკულოვი.
-მან შენზე ჩვენება მისცა, -ხრუშჩოვმა გაიღიმა, -თურმე შენც ბერიელთა ხროვის წევრი ყოფილხარ.

-მე და ბერიას ბანდის წევრი?! -აბაკუმოვმა მწარედ გაიღიმა.
-რაო, არ მოგეწონა?
-ყველამ იცის, რომ მე და ბერია დაუძინებელი მტრები ვიყავით. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ბერია დამეღუპა. სამწუხაროდ, მან მაჯობა. ციხეშიც ხომ მისი წყალობით აღმოვჩნდი.
-ანუ გინდა მითხრა, რომ ბერიას მსხვერპლი ხარ?
-ეჰ, ნიკიტა, ნიკიტა! რა ბითურიც იყავი, ისეთად დარჩი, -აბაკუმოვმა ხელი ჩაიქნია...
სმერშის ექსშეფმა აღიარებითი ჩვენება მისცა. თქვა ის, რაც ხრუშჩოვს სურდა. აბა­კუმოვს არც ტავრინი და მისი ცოლი დავიწყებია. თქვა, რომ ფაშისტი დივერსანტები სპეციალურად გადაარჩინა, რათა შემდგომ მათი მეშვეობით საერთაშორისო ფაშიზმთან კონტაქტები დაემყარებინა.
-ეგ ვინ დაგავალათ?
-ლავრენტი ბერიამ.
-ანუ ბერია გელენის მეშვეობით გადატრიალებას ამზადებდა?
-გადატრიალებას ამერიკული იმპერიალიზმი, საერთაშორისო ფაშიზმი და სიონიზმი ამზადებდნენ! მათ ფსონი ბერიაზე დადეს! მე უბრალო ჭანჭიკი ვიყავი.
ნიკიტა სერგეევიჩი საჩვენებელი სასამართლო პროცესის მოწყობას აპირებდა. აბაკუმოვის ჩვენებას ის პირადად გაეცნო და ელდა ეცა.
-ეს კაცი თავის ჭკუაზეა? -ხრუშჩოვმა კითხვას თავი დაანება და თავი ასწია.
-ცოტა გააფრინა, ნიკიტა სერგეევიჩ!
-მაშ, მისი გასამართლება არ შეიძლება.
-რა ვუყოთ?
-რა სულელური შეკითხვაა! -გაბრაზდა ხრუშჩოვი.
1954 წელს აბაკუმოვი დახვრიტეს. პუბლიცისტი კირილ სტოლიაროვი ამტკიცებს, რომ მან სიკვდილის წინ შესძახა, კომუნიზმს გაუმარჯოსო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
-დახვრეტის რიტუალი საბჭოთა კავშირში არ არსებობდა. განწირული ჩაჰყავდათ სარდაფში, იქ თვალებს აუხვევდენ, დააჩოქებდნენ, შემდეგ სპეციალური აღმასრულებელი კეფაში გასროლით ბოლოს მოუღებდა, -წერს საბჭოთა და რუსი მწერალი ტეოდორ გლადკოვი.
სმერშის შეფის ბრძანებთ ამ გზაზე უამ­რავი ადამიანი გაუშვეს. დადგა დრო, როცა თავად აბაკუმოვსაც სიცოცხლე ამდაგვარად უნდა დაემთავრებინა.
გასროლამ ტავრინის საქმეს წერტილი დაუსვა.

ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი" #116
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები