იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამქრალი სოფლების კვალდაკვალ - კვირის პალიტრა

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამქრალი სოფლების კვალდაკვალ

საკუთრებისა და მიწათმფლობელობის ნორმები პალესტინაში ყოველთვის არ იყო ერთგვაროვანი, პოლიტიკური სიტუაციის ცვალებადობის პირობებში ხშირად იცვლებოდა მათი წესებიც. სამშობლოდან შორს, უცხოობაში, სხვადასხვა კონფესიას შორის წმინდა ადგილებისთვის გამუდმებით მიმდინარე მძაფრი კონკურენციისა და ცვალებადი ადგილობრივი ხელისუფლებისგან პერმანენტული შევიწროების პირობებში, ქართული ეკლესია-მონასტრებისა და იქ მყოფი ბერ-მონაზვნების შენახვა დიდ ხარჯებს ითხოვდა.

ქართველ მეფე-დიდებულთა მატერიალური შემოწირულობები და საქართველოს არსებული სამონასტრო ქონების განკარგვით მიღებული შემოსავლები ყოველთვის არ ჰყოფნიდა წმინდა მიწის ქართული კოლონიის სასიცოცხლოდ აუცილებელ მოთხოვნილებებს. საქართველოს ხშირად უხდებოდა გარეშე მტრებთან მძიმე, ხანგრძლივ ომებში ჩაბმა. ასეთ დროს სამშობლოდან მომდინარე დახმარება წმინდა მიწის ქართულ თემს მნიშვნელოვნად უმცირდებოდა. ამ მიზეზით აქაური ეკლესია-მონასტრები ქმნიდნენ საკუთარ მეურნეობებსაც, ადგილზე იძენდნენ იმ ქონებას, რომელიც წლიდან წლამდე მათი უცხოობაში არსებობისთვის აუცილებელი მატერიალური რესურსი იყო. პროხორე შავთელისა და ლუკა მუხაისძის ფრესკა ჯვრის მონასტრის კედლიდან 1980-იანი წლების ბოლოს მოჭრეს და კერძო კოლექციონერს მიჰყიდეს. შემდეგ ის ბ. პატარკაციშვილმა შეიძინა აუქციონზე და ამჟამად სვეტიცხოვლის ჩრდილოეთ კედელს ამკობს

მიწის ნაკვეთები და სოფლები ქართველებმა, თუ გვიანდელი ხანის გადმოცემებს ვენდობით, წმინდა მიწაზე უკვე IV-V საუკუნეებში გაიჩინეს. არქეოლოგიურმა გათხრებმა იერუსალიმის შემოგარენში (ბირ ელ-ქუტი, ბეით საფაფა, უმმ ლაისუნი) ბიზანტიურ პერიოდში მოქმედი რამდენიმე ქართული მონასტრის ნაშთები უკვე გამოავლინა. მიღებული აზრით, ისინი აგროკულტურული კინობიუმის ტიპის სავანეებს, ანუ საკუთარი აგრარული მეურნეობის მქონე მონასტრებს წარმოადგენდნენ, რისი დამადასტურებელი არაერთი არტეფაქტია ადგილებზე არქეოლოგთაგან აღმოჩენილი. VII საუკუნეში უმეტესი ამ მონასტერთაგანი სპარსელთა და არაბთა შემოსევებს ემსხვერპლა. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი პალესტინაში იმ დროს ქართველთა სამონასტრო ცხოვრების შესახებ. თუმცა, პეტრე იბერის ბიოგრაფის ცნობებისა და ყოფილი ქართული მონასტრების ადგილას მოპოვებული არქეოლოგიური მასალის საფუძველზე ირკვევა, რომ ქართველი ბერები იქ, ძირითად მოვალეობებთან ერთად, სამეურნეო საქმიანობასაც ეწეოდნენ. პეტრე იბერის "ცხოვრების" ქართული რედაქციის მიხედვით, მათ იქ ჰქონიათ "ჭურჭელნი ... სახუარბლენი, და საფრქვილენი და საპურენი და საცერცვენი და საზეთენი და საღვინენი". ბირ ელ-ქუტის ქართული ნამონასტრალის ადგილზე კი არქეოლოგებმა გამოავლინეს საღვინე და საზეთე სათავსები, ყურძნის საწური და ზეთსახდელი საშუალებები.

XI საუკუნეში ბაგრატ კურაპალატის თაოსნობით ბერმა პროხორე შავთელმა ძველის დაშლილ საფუძველზე ჯვრის თვისებრივად ახალი მონასტერი ააგო. ეს სავანე ამიერიდან წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო თემის მთავარ შესაკრებელ ადგილად იქცა. ქართული წერილობითი წყაროების ცნობებით, ახალნაშენები მონასტრისთვის მაშინვე შეუძენიათ ადგილზე მამულები. იერუსალიმის ციხე-ქალაქიდან არც ისე შორს, მის დასავლეთ მხარეს განმარტოებით მდგომ ამ სავანეს გარს ერტყა საკმაოდ ვრცელი მიწის სავარგულები, სადაც მონასტრის საძმოს გაშენებული ჰქონდა ხეხილისა და ზეთისხილის ბაღები, ვენახები და ბაღჩები. გარდა ამისა, ჯვრის ქართველთა მონასტერი პალესტინის სხვადასხვა ადგილზეც ფლობდა მამულებს, სასტუმრო სახლებს (იერუსალიმი, რამლა, ღაზა), კომერციული და სამეურნეო დანიშნულების ობიექტებს (წისქვილები, მარნები, თორნეები, ამბრები, სავაჭრო დუქნები).

ბუნებრივია, ასეთ სოლიდურ მეურნეობას სათანადო მუშახელი სჭირდებოდა და როგორც ეს ისტორიული საბუთებით ირკვევა, ამ კონტინგენტს ქართველებთან ერთად ადგილობრივი მკვიდრნი შეადგენდნენ. სამწუხაროდ, წერილობით წყაროთა ცნობების სიმწირის გამო ჩვენთვის ყოველთვის არ არის ცხადი ის პირობები, რომლებსაც მონასტრის ბინადრებისა და ადგილობრივი ფელაჰების (მიწათმოქმედთა) ურთიერთობა ეფუძნებოდა წარსულში. პირველი, ვინც ამ საკითხზე ინფორმაცია მოიძია, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი გახლდათ. ჯვრის მონასტრიდან 5 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფელ მალხას მკვიდრები (მისი სიტყვით, ვახტანგ გორგასალის თანმხლებ მეომართა მოგვიანებით გამაჰმადიანებულ-გაარაბებული შთამომავლები) "წარმოადგენენ ჯვრის მონასტრის მცველებს და მსახურობენ მას. მათ უპყრიათ მისი მინდვრებითა და ვენახებით სარგებლობის პრივილეგია, და მონასტერს მოწეული მოსავლის მხოლოდ მესამედს უხდიან; მონასტერს არ შეუძლია ამ საქმის სხვისთვის გადაცემა მალხელთა მხრიდან სერიოზული უსიამოვნებების თავზე დატეხვის გარეშე".

XIII-XVII საუკუნეების პერიოდის არაბულ დოკუმენტურ წყაროებში აქა-იქ გვხვდება ცნობები იმ სასამართლო დავების შესახებ, რომლებსაც ჯვრის მონასტრის მესვეურები უკანონო გადასახადების, მიწებისა და მოსავლის გამო დროდადრო აწარმოებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეებთან, მონასტრის კუთვნილი სოფლების მოსახლეობასთან თუ აქა-იქ მოთარეშე სხვადასხვა ჯურის ბედუინებთან (ამ საკითხზე ვრცლად იხ. გოჩა ჯაფარიძის წიგნში: "ქართული სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში", თბ., 2018).

ინფორმაცია წმინდა მიწაზე ქართველთა კუთვნილი სოფლების შესახებ ერთობ მწირია. მაჰმადიანთა პალესტინაში პირველად გაბატონებას იქაური ქრისტიანების დიდი შეჭირვება მოჰყვა. ბიზანტიური პერიოდის სამონასტრო კერების უმრავლესობა იმ დროს სამუდამოდ განადგურდა, ადგილობრივ ქრისტიანთა რიცხვი კი ძლიერ შემცირდა. თავის დროზე ქართველთა მიერ ნაშენებმა ეკლესია-მონასტრებმაც, ცხადია, იგივე ბედი გაიზიარეს. ზოგიერთი მათგანი, როგორც ითქვა, არქეოლოგებმა უკვე გამოავლინეს, ზოგი კვლავ მიწის სიღრმეშია ჩამარხული ნანგრევების სახით, ზოგიც მაჰმადიანთა ხელშია სამლოცველოებად და სხვა დანიშნულების ობიექტებად გადაკეთებული (მაგალითად, უწინდელი იაკობ დაჭრილის მონასტრის შენობაში, რომლის აგებაც პეტრე იბერს მიეწერება, ამჟამად ალ-იაყუბის მეჩეთია გამართული და სხვ.). პალესტინური სოფლის მცხოვრებლები ტრადიციული სახლის მშენებლობისას

პროხორე შავთელის მიერ ჯვრის მონასტრის აგებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ იერუსალიმს ევროპელი ჯვაროსნები დაეუფლნენ, რამაც უფლის ქალაქში და მთლიანად წმინდა მიწაზე ქონების ხელახალი გადანაწილება გამოიწვია. ამჯერად მაჰმადიანთა ავლადიდებას გამარჯვებული ევროპელი ჯვაროსნები დაეპატრონნენ. თავდაპირველად, ერთმორწმუნე ბერძნებისგან განსხვავებით, ქართველთა მდგომარეობა არ იყო საგანგაშო. წერილობითი წყაროებიდან ჩანს, რომ ერთხანს მათ თავიანთი მამულების გაფართოებაც კი მოახერხეს. ასე, მაგალითად, 1169 წელს მათ კატამონში ბერძნებისგან შეუძენიათ სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი. მაგრამ, სულ მალე, XII საუკუნის 70-იან წლებში, ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ჯვრის მონასტრის აღაპების ჩანაწერებით ირკვევა, რომ ჯვაროსნებმა ამ დროს ქართველთა სამონასტრო ქონებაც ხელყვეს, გადასახადების დავალიანების გამო წაართვეს ჯვარს მისი კუთვნილი ზვრები, რომელთა გამოსყიდვა ცოტა მოგვიანებით ნიკოლოზ გულაბერიძის ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.

სულტან სალაჰ ად-დინის მიერ იერუსალიმის აღების (1187 წ.) შემდგომ ჯვაროსნების ქონების ნაწილს უკვე მაჰმადიანები დაეპატრონნენ, ნაწილი კი სულტანმა ადგილობრივ მართლმადიდებლებს გადაუნაწილა. როგორც ჩანს, კუთვნილი ქონების ნაწილი ამ დროს ქართველებსაც ჩამოერთვათ, რასაც მოწმობს 1192 წელს სულტნის კარზე ქართველთა ელჩობის ფაქტი თამარ მეფის სათხოვრით, დაებრუნებინათ მათთვის წართმეული წმინდა ადგილები და დასახლებები. მემატიანე ბაჰა ად-დინ იბნ შადადის (1145-1234) ცნობაში არ ჩანს, სახელდობრ რამდენ და რომელ სოფლებს ეხებოდა ეს თხოვნა. მაგრამ, საგულისხმოა თვით ფაქტი ქართველთაგან პალესტინაში სოფლების ფლობისა მანამ, სანამ სალაჰ ად-დინი იერუსალიმს დაიპყრობდა. მოგვიანებით, მამლუქთა ბატონობისდროინდელ არაბულ დოკუმენტებში უკვე ჩანს ზოგიერთი ასეთი სოფლისა და მამულის სახელი. მაგალითად, 1266 წლით დათარიღებულ ორ არაბულ საბუთში საუბარია ჯვრის მონასტრის კუთვნილ ქონებაზე სოფლებში კატამონსა და დაირ კა"კულში. ეს უკანასკნელი ჯვრის სამონასტრო ქონების ადგილსამყოფლად იხსენიება სულტან კა"ით-ბაის 1470 წლით დათარიღებულ ბრძანებაშიც. 1498 და 1500 წლებით დათარიღებულ არაბულ საბუთებში გვხვდება ჯვრის მონასტრის კუთვნილი კიდევ ორი სოფლის სახელი: დაირ მუსა და ჯალჯალა (კატამონის მსგავსად, ამ უკანასკნელის მდებარეობა ცნობილია. იგი სამხრეთში, ღაზას ოლქში მდებარეობდა).

გარდა სოფლებისა, 1261 წლით დათარიღებულ ერთ არაბულ საბუთში დასახელებულია ჯვრის მონასტრის კუთვნილი მამულებიც ალ-ჯუსურ ას-სალასაში ("სამი ხიდი"?) და ალ-მარჯში (ჯურა ალ-ჰათიმი). პირველი მათგანი ჯვრის საკუთრებადაა მოხსენიებული 1396 წლის არაბულ საბუთშიც. არაბი ავტორის ღაზი ბ. ალ-ვასიტის მიერ XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე შედგენილ ტრაქტატში იხსენიება ჯვრის მონასტრის მახლობლად კომპაქტურად მცხოვრები ქრისტიანი ქართველების ჯგუფი. იბნ ფადლ ალლაჰ ალ-უმარი (1301-1349) ანონიმურად ახსენებს ჯვრის მონასტრის მახლობლად მდებარე რომელიღაც სოფელს. მისი ცნობით, 1347 წელს სულტანმა ქართველ ბერებს აღნიშნული სოფლიდან შემოსავლით სარგებლობის ნება დართო. პალესტინის სიძველეთა ცნობილი მკვლევარი დენის პრინგლი ვარაუდობს, რომ აქ მერმინდელი სოფელი ალ-მალიხა, იგივე მალხაა ნაგულისხმები. ინფორმაციას XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე ჯვრის მონასტრის შემოგარენში ქართული მიწათმოქმედი მოსახლეობის არსებობაზე ვხვდებით აგრეთვე იერუსალიმელი სიკსეკების საგვარეულო მატიანეშიც. დასახელებული ადგილებიდან ზოგიერთი დღემდე არ არის იდენტიფიცირებული; ადგილობრივ ტოპონიმიკაში ან მათი თავდაპირველი სახელებია შეცვლილი, ან თვითონ დასახლებებია უკვალოდ გამქრალი.

მალხა

ზემოთ აღნიშნული სოფლებიდან მალხა ალბათ ყველაზე მეტად არის ცნობილი ქართველი მკითხველისთვის. ამ სოფელმა ებრაელ-არაბთა 1948 წლის საომარ კონფლიქტამდე იარსება. მისი უკანასკნელი და ლტოლვილებად ქცეული მკვიდრებიდან ზოგიერთი დღესაც ცოცხალია. ამ სოფლის მცხოვრებთ, ტრადიციულად, ქართველთა შთამომავლებად მიიჩნევდნენ XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის I ნახევარში, რაც ასახულია ბენიამინ იოანიდისის, ალექსანდრე ცაგარელის, პეტრე კონჭოშვილის, გრიგოლ ფერაძის და სხვა ავტორთა შრომებში. მსგავსი გადმოცემები ჩვენც მოვიძიეთ მალხელი გურჯების შთამომავლების წრეში. დოკუმენტურად კი სოფელი პირველად 1596 წელს შედგენილ ოსმალურ საგადასახადო დავთარშია ნახსენები მალიხა ალ-სუღრას ("მცირე მალხა") სახელით. 1758-1759 წლებში პალესტინაში მოსალოცად მისული ტიმოთე გაბაშვილის ცნობით, ჯვრის მომავალი მონასტრის ადგილი მირიან მეფეს მოუპოვებია ნაჩუქრობის თუ ნასყიდობის გზით. ასიოდე წლის შემდეგ, ჯვრის მონასტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა საჭიროებათა მიზნით, ვახტანგ გორგასალს თითქოს მისი თანმხლები სპიდან მეომრების რაზმი დაუტოვებია ადგილზე. უფრო გვიანდელი გადმოცემები ამ რაზმს უკავშირებს მონასტრის სიახლოვეს პატარა სოფლის - მალხას გაჩენის ფაქტს. 1596 წლისთვის სოფელი რომ წმინდა არაბულ სახელს ატარებს, ეს მიგვანიშნებს, რომ მისი მკვიდრი ქართული მოსახლეობა თუ სრულიად დეეთნიზებული არა, უკვე ამ გზაზე შემდგარი მაინც იყო.

ოსმალურ დავთარში ნახსენები ეს "მცირე მალხა" იმ დროს უკვე მიტოვებული ძველი დასახლების მემკვიდრე ჩანს. იმ ძველ მალხაში უწინ მდგარა ეკლესია, მაშინ, როცა მისგან არცთუ შორს გადანაცვლებულ მოსახლეობას, ადგილობრივი გადმოცემის თანახმად, ახალ ადგილას პირველი რაც აუგია, ეს მეჩეთი ყოფილა. სოფლის სახელიც (ალ-მალიხა არაბულად ნიშნავს "მარილიანს") თითქოს იმ დროს გაჩენილა. ლეგენდის მიხედვით, მეჩეთის მშენებლობისას საძირკველში შეუნიშნავთ წყლის მუდმივი ჟონვა. სოფლის მკვიდრებს მის აღსაკვეთად წყაროს სათავეში მარილის ქვები ჩაუწყვიათ. შედეგად წყარო დამლაშებულა და აქედან წარმომდგარა სოფლის სახელწოდებაც. რა ერქვა მანამდე სოფელს, ატარებდა თუ არა ის ქართულ ან არაბულისგან განსხვავებულ სხვა სახელს, ეს უცნობია (იქნებ დევთუბანი, რადგან მალხას სანახები ნაწილობრივ რაფაიმის ანუ დევების ველის საზღვრებში ექცევა. წერილობითი წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილია დევთუბნის ქართული მონასტრის არსებობის ფაქტი, მაგრამ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე გაურკვეველია).

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მალხელთა საგვარეულოებიდან ერთადერთი ჯვარიშების კლანში შემორჩა ხსოვნა მათი ოდინდელი გურჯობისა. სხვები საკუთარ წარმომავლობას ერაყს, ტრანსიორდანიას ან ეგვიპტეს უკავშირებენ; მიუთითებენ მათი წინაპრების იქ სალაჰ ად-დინის დროს დამკვიდრებაზე (თუმცა, ხსოვნა მალხაში ქართველთა ოდინდელი ბინადრობის შესახებ ამ უკანასკნელთა წრეშიც არსებობს). აღნიშნულის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა გარემოსა და პირობებში მოხდა სოფლის ქართველ მკვიდრთა გამაჰმადიანება და დეეთნიზაცია. მალხელი ჯვარიშების საგვარეულო კლანს ჯვრის მონასტრისადმი მათი წინაპრების კუთვნილების მინიშნება სახელში კი შემორჩა, მაგრამ მისი სემანტიკა მათთვის უკანასკნელ დრომდე გაუგებარი იყო.

მალხელთა შესახებ საინტერესო ინფორმაციაა მოცემული ბრიტანელი ოფიცრების, კლოდ კონდერისა და ჰორაციო კიტჩენერის 1883 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში. ერთგან ავტორები მოგვითხრობენ ასეთ ლეგენდას: "უშუალოდ მალხას შემოგარენში ბევრი ადგილია, რომელთაც, ჩვენი წარმოდგენით, დიდი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეთ: მაგალითად, ბორცვზე მდებარე ხირბეთ ელ-ფავქსი, რომლის ტერასები ნაწილობრივ მოჩანს აინ იალოდან. ოდნავ მოშორებით აღმოსავლეთით არის ადგილი, კაჟის კლდეები, სახელად ქ"ლა ეს-სუნვან, რომელთანაც დაკავშირებულია განსაკუთრებული თქმულება. ეს ადრე სამოსახლო ადგილი იყო. მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანებმა ღმერთი განარისხეს, მთელი ის მხარე კაჟად გადაიქცა. ცოდვა მდგომარეობდა იმაში, რომ ქალები პურს არ იყენებდნენ თავიანთი შვილების გამოსაკვებად".

ხსენებული ავტორები დაინტერესებულან მალხელთა მეტყველების თავისებურებითაც, რომლის შესახებაც წერენ შემდეგს: "მათი მეტყველება არის რაღაც თავისებური. იგი ძირითადად ხასიათდება დაგრძელებული ა-ხმოვნით, რომელიც სრულიად და ძალიან მსგავსია ო-ხმოვნისა". ამ მასალას იქნებ ქართული პარალელებიც მოეძებნოს ფოლკლორისტთა და ლექსიკოლოგთა მხრიდან.

კატამონის წმ. სვიმეონ მართლის მონასტერი

კატამონი

ქართველ კოლონისტთა კუთვნილ სოფლებს შორის ხშირად სახელდება კატამონიც. კატამონის წმინდა სვიმეონ მართლის სახელობის სავანეზე ჯვრის მონასტრის საძმო ზრუნავდა. უკვე 983 წელს ქართველთა აქ ყოფნაზე მეტყველებს სინას ოთხთავის მინაწერში მღვდელმონაზონ მიქაელის კატამონელად მოხსენიების ფაქტი. თუმცა, ტოპონიმის ბერძნულობა (კატამონი ნიშნავს "მონასტერთან მდებარეს") და ერთი არაბული საბუთის ის ცნობა, რომ ჯვაროსნების ბატონობის დროს, 1169 წელს ჯვრის მონასტრის იღუმენს აქ ბერძნებისგან შეუძენია სავენახე მიწის ნაკვეთი, არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეს სოფელი მანამდე ქართველი კოლონისტებით იყო დასახლებული. აი, მოგვიანებით კი ასეთი ვარაუდი დასაშვებია. ქართველები კატამონში არსებულ მონასტერს ერთპიროვნულად ფლობდნენ XIII-XV საუკუნეებში და თვით XVI საუკუნეშიც კი, სანამ ისინი მოთარეშე ბედუინებმა არ გაჟლიტეს. ჯვრის მონასტრის ერთი (#112) აღაპიდან ვიგებთ, რომ 1567 წელს ვარაზ სურხანიშვილისგან იერუსალიმში მივლინებულ ბერ ფილიპე შაქარაშვილს კატამონის სავანისთვის განსაზღვრული ფულადი თანხა შეუწირავს. როგორც ჩანს, იმ დროისთვის ქართველთა რაღაც რაოდენობა ჯერ კიდევ იმყოფებოდა ადგილზე. მათი კვალი საბოლოოდ ქრება XVII საუკუნის მიწურულიდან.

საინტერესოა, რომ სოფლების - მალხასა და კატამონის მკვიდრთა შორის ურთიერთდამოყვრების ტრადიცია გვიანობამდე გაგრძელდა, რაც შესაძლოა მათი ოდინდელი თვისტომობის ინერციულ გამოძახილს წარმოადგენდეს. 1948 წლის სისხლიან კონფლიქტამდე კატამონის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ბერძნები და არაბები შეადგენდნენ. მათი იქიდან განდევნის შემდეგ კატამონი იერუსალიმის პრესტიჟულ ებრაულ უბნად ჩამოყალიბდა.

წერილობითი წყაროების ცნობებით, ჯვრის მონასტრის კუთვნილ სოფლებს მიეკუთვნებოდა ასევე დაირ კა"კული და დაირ მუსა.

დაირ კა'კული

დაირ კა'კული ისრაელელი არქეოლოგების მიერ საფუძვლიანად არის შესწავლილი. ხირბათ კა'კულის სახელით ცნობილი ნასოფლარის ნაშთები იერუსალიმის ძველ ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ით არის დაცილებული. გათხრების შედეგად ადგილზე გამოვლინდა გვიანი ელინისტური და ადრეული რომაული პერიოდების ნაშთები. ისინი ებრაულ დასახლებას ეკუთვნოდა. შუა საუკუნეების სოფლის ნაშთებს ქვის სამტეხლოთი და ნავთობის ჭით მიაკვლიეს გორაკის თავზე. XII საუკუნის ბოლოდან ამ ადგილზე მაჰმადიანური სოფელი ჩანს. გათხრების შედეგად გამოვლენილია XIII-XIV საუკუნეებისთვის დამახასიათებელი კერამიკის ფრაგმენტები, კვიპროსიდან შემოტანილი იმპორტული ნაწარმი; ქვის, ძვლისა და ლითონის ნაკეთობანი, მათ შორის, მცირე ბრინჯაოს ჯვარიც. ნაპოვნია აგრეთვე არაუგვიანეს IX საუკუნის დასაწყისით დათარიღებული ქოთნის ტარი არაბულწარწერიანი ტვიფრით, სხვადასხვა (მეტწილად მამლუქთა ბატონობის) პერიოდის შუშის ნაწარმი; ელინისტური, რომაული, ბიზანტიური, ადრეული ისლამური და მეტწილად მამლუქთა პერიოდის ფულის მონეტები.

როგორც უკვე ითქვა, დაირ კა'კულის ადგილას სულტან სალაჰ ად-დინის დროიდან მაჰმადიანთა სოფელი გაშენდა. თუმცა, თვითონ სოფლის სახელწოდება "დაირ კა'კულ" (სიტყვა "დაირ" არაბულად მონასტერს ნიშნავს) მიგვანიშნებს, რომ მაჰმადიანთაგან სოფლის დაარსებამდე აქ არსებობდა ქრისტიანული სავანე და სამოსახლო. როდიდან და რის საფუძველზე აღმოჩნდა ამ სოფლის სავარგულები ჯვრის მონასტრის მფლობელობაში, უცნობია. ფაქტი ის არის, რომ აიუბიანთა, მამლუქთა და თვით ოსმალთა ბატონობის საწყის პერიოდშიც კი მას ჯვრის ქართველთა მონასტერი ფლობდა. პირველად ცნობა ამის შესახებ სულტან ბაიბარსის 1266 წლით დათარიღებულ წერილში გვხვდება. შემდეგ სულტან ბარსბაის 1424 და 1434 წელს შედგენილი ბრძანებებით ვიგებთ, რომ სულტანი აღიარებდა ქართველთა მუდმივ უფლებას დაირ კა'კულზე. სულტან კა'ით-ბაის 1470 წლით დათარიღებული ბრძანებულებიდანაც ჩანს, რომ ჯვარელები უვადოდ ფლობდნენ სამონასტრო ქონებას ამ სოფელში. მითითებულია, რომ მათ ჰქონდათ ვაკფი (სამონასტრო ქონება) კა'კულში (იხ. გოჩა ჯაფარიძის დასახელებული ნაშრომი, გვ.: 129, 135-136, 239).

დაირ მუსა

ჯვრის მონასტრის კუთვნილი სოფლების რიგში დაირ მუსა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე, მამლუქ კანსუჰისა (1498 წ.) და სულტან ტუმან-ბაის (1500 წ.) ბრძანებულებებში ფიგურირებს. სოფლის სახელწოდებაში აქაც მონასტრის აღმნიშვნელი იგივე არაბული სიტყვა "დაირ" გვხვდება. დაირ მუსას ადგილმდებარეობის საკითხი კვლევის საგნად აქამდე არ გამხდარა. ამიტომ მის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით სპეციალურ ლიტერატურაში რამე თვალსაზრისი არ გვხვდება. საკითხის შესწავლას შევუდექით იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ წმინდა მიწის თანამედროვე რუკებზე ასეთი ადგილ-სახელი არსად ჩანდა. მაგრამ, საკმარისი იყო ის მრავალრიცხოვან "ხირბათებს" (ასე იწოდება არაბულში გორაკზე არსებული ნანგრევები) შორის მოგვეჩხრიკა, რომ პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე ამ სახელის მქონე ნასოფლარისთვის მიგვეგნო. დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ არაბულ საბუთებში ნახსენები სოფელი დაირ მუსა ამჟამად ნასოფლარ "ხირბათ დაირ მუსას" სახელს ატარებს და მდებარეობს ბეთლემიდან სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ სურიფიდან ჩრდილოეთით 1,4 კმ-ზე მდებარე გორაკზე (მისი ზუსტი კოორდინატებია: N 31°39"45.5, E 35°3"55). ეს ადგილი ისრაელის არქეოლოგთათვის მიუწვდომელი და ამდენად, დღემდე შეუსწავლელია. თუმცა, ზოგადი ინფორმაციით ცნობილია, რომ იქ არსებობს ძველი შენობების ნანგრევები.

დაირ მუსას ანუ "მოსეს მონასტრის" შესახებ ძველ წყაროებში არაფერია ნათქვამი. ვინ იგულისხმება "მუსა/მოსე"-ს სახელის ქვეშ, ესეც უცნობია. ისრაელ-პალესტინის ტერიტორიაზე წინასწარმეტყველ მოსეს სახელობის ეკლესია ან მონასტერი დღეს არსად გვხვდება. უცნობია ის აქ ბიზანტიურ პერიოდშიც. არის მხოლოდ ადგილი, სადაც ადგილობრივი ტრადიციით მისი საფლავია ნავარაუდევი. ეს არის "ნაბი მუსად" წოდებული მეჩეთი იერუსალიმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. მოსე წინასწარმეტყველის სახელი ასევე ფიგურირებს ჯვრის მონასტრის ადგილას ლოტის მიერ დარგული ხის აღმოცენების ლეგენდის ზოგიერთ ვერსიაშიც. აგრეთვე მის სახელს უკავშირდება ძველთაგან იორდანიაში, ნებოს მთაზე არსებული სამლოცველოც. დაირ მუსას შემთხვევაში ადგილის სახელწოდება შეიძლება არც იყოს მასთან დაკავშირებული, არამედ ის ოდესღაც იქ არსებული მონასტრის ქტიტორის ან ძველად ცნობილი რომელიმე მოწესის სახელს უკავშირდებოდეს (ერთი ასეთი მღვდელმოწამე - მოსე ქართველი ჯვრის ფრესკაზეც ყოფილა უწინ გამოსახული, მაგრამ მისი მოღვაწეობის დრო გამორკვეული არ არის). სოფელი ამჟამად აღარ არსებობს და ადგილობრივ მკვიდრთა წრეში ინფორმაციის გადამოწმებაც შეუძლებელია.

ერთი, რაც თვალში საცემია, ყველა ზემოაღნიშნული სოფლის ადგილას ოდესღაც ქრისტიანული კერები ყოფილა გამართული, ან მონასტერი მდგარა, ან სამლოცველო, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს ადგილები შემთხვევით არ იყო თავის დროზე ჯვარელთაგან შერჩეული. ქართულ ისტორიულ საბუთებში (მათ შორის, ჯვრის მონასტრის აღაპებში), საზოგადოდ, ზემოთ ხსენებული სოფლების შესახებ ცნობები არსად გვხვდება. ამ დასანანი გულგრილობისა თუ დაუდევრობის მიზეზი კვლავაც აუხსნელი რჩება.

ბესიკ ხურცილავა

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი" #100