ბრძოლა არტაქსატასთან (ახ.წ. 36 წ.) - კვირის პალიტრა

ბრძოლა არტაქსატასთან (ახ.წ. 36 წ.)

იბერიის ომი სომხეთის ტახტისთვის

იბერიის (ქართლის) სამეფო I საუკუნეში კავკასიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რომის იმპერიასა და პართიის სამეფოს ურთიერთობებში. იბერიის მეფეები ხშირად იცვლიდნენ ორიენტაციას და ზოგჯერ თავის სასარგებლოდ იყენებდნენ ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირებას - საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად და კავკასიასა და სომხეთში გავლენის მოსაპოვებლად.

სომხეთი რომისა და პართიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო. იგი იკავებდა ფართო ტერიტორიას და ორ მძლავრ ქვეყანას შორის ერთგვარ ბუფერს ქმნიდა. ორივე მხარე ცდილობდა, აქ თავისი მომხრე მმართველი დაესვა, რომელიც ამ მხარეში მათ ინტერესებს დაიცავდა. რომაელებმა ახ.წ. 18 წელს მეფედ დანიშნეს პოლემონ პონტოელის ვაჟი ზენონი (არტაქსიას III), რომელმაც 35 წლამდე იმეფა. ამის შემდეგ სომხეთში, რომის თანხმობით, პართიის მეფე არტაბან III-ის ძე, არშაკ I გამეფდა. ის იმავე წელს მოკლეს იბერიის მეფე ფარსმანის ძმის, მითრიდატეს მოსყიდულმა მსახურებმა და არტაბან III-მ სომხეთის ტახტზე ახლა მეორე ვაჟის, ოროდის დასმა გადაწყვიტა. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა ოროდი რომისთვის მიუღებელ პრეტენდენტად მიიჩნია და იბერიის მეფე ფარსმან I და მისი ძმა მითრიდატე სომხეთში შეჭრისა და ტახტზე მითრიდატეს დასმისკენ წააქეზა.

იბერიელები შეიჭრნენ სომხეთში, რომელიც ამ დროისთვის დიდ ტერიტორიებს მოიცავდა და ქვემო ქართლიც ეჭირა. განდევნეს პართიელები და დაიპყრეს სომხეთის დედაქალაქი არტაქსატა (არტაშატი). ამას პართია არ შეეგუა და მალე არტაბან III-მ, ოროდის სარდლობით, სომხეთში ლაშქარი გამოგზავნა, რათა მითრიდატე ჩამოეგდოთ და იბერიელები არტაქსატადან განედევნათ. ამას დაერთო დიპლომატიური ბრძოლა იბერიასა და პართიას შორის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის სარმატების გადმოსაბირებლად. მომთაბარე სარმატებს, რომლებიც განთქმული მეომრები იყვნენ, დიდი დახმარების გაწევა შეეძლოთ ორივე მხარისთვის, მაგრამ კავკასიონის უღელტეხილები იბერიის ხელში იყო და ეს ფაქტორი ფარსმანმა წარმატებით გამოიყენა. მან არ გაატარა პართიის მომხრე სარმატები სამხრეთისკენ, თავისი მომხრეები კი თავისუფლად გამოუშვა და თავისი ლაშქრით შეუერთდა. კასპიის (დარუბანდის) კარიდან გადასვლა კი დროის იმ მონაკვეთში, ზაფხულში, როცა სამხედრო კამპანია მიმდინარეობდა, შეუძლებელი იყო, რადგან ტაციტუსის მიხედვით, ამ სეზონზე პასატის ქარები წყლით ფარავდნენ მეჩეჩოვან სანაპიროს. იბერიელებმა მოახერხეს ალბანელებთან შეკავშირებაც. ფარსმანი მზად დახვდა პართიულ ლაშქარს, რომელსაც უკვე აღემატებოდა რიცხოვნობითა და ბრძოლისუნარიანობით.

იმპერატორი ტიბერიუსი თავისი ოჯახით გამოსახულია ე.წ. საფრანგეთის დიდი კამეაზე. ეს ხუთფენიანი, სარდონიკსისგან დამზადებული ნაკეთობა ყველაზე დიდია დღეს ცნობილ ანტიკურ კამეებს შორის (31 X 26,5 სმ). დათარიღებულია დაახლოებით ახ.წ. 23 წლით

მეთაურები

ზუსტად უცნობია, რომელ წელს გამეფდა ფარსმან I იბერიაში. მიჩნეულია, რომ მან დაახლოებით 30-58 წლებში იმეფა. ამავე პერიოდის იბერიაში მისი ძმა მითრიდატეც გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი ფიგურაა. დიონ კასიუსის (II საუკუნის რომაელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე) მიხედვით, სწორედ მითრიდატეს მიანდო იმპერატორმა ტიბერიუსმა სომხეთის დაკავება. რომაელი ავტორის, ტაციტუსის მიხედვით, ძმებს შორის ფარსმანია დომინანტი, დიონ კასიუსის მიხედვით კი მეფე ამ დროს მითრიდატე იყო, ფარსმანი კი მის შემდეგ დაეუფლა იბერიის ტახტს. აღსანიშნავია, რომ სომხეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ფარსმანი იკვეთება, როგორც მხედართმთავარი და ერთპიროვნული ლიდერი და არა მისი ძმა, ანუ ის უკვე მეფე უნდა ყოფილიყო ამ დროისთვის. ფარსმანის გამეფების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ის იდენტიფიცირდება ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთას" მეფე ადერკთან, რომელმაც ორთაბრძოლაში მოკლა წინამორბედი არშაკი. ფარსმანის მეფობის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები გვაქვს, მას ძირითადად პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის გადმოცემიდან ვიცნობთ, როცა ის სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლის შესახებ მოვლენებს აღწერს.

ფარსმანი სომხეთისთვის ბრძოლას 35-36 წლების მერეც - ქვემოთ აღწერილი სამხედრო კამპანიის შემდგომაც განაგრძობდა. მისი ძმა მითრიდატე რომის იმპერატორმა კალიგულამ გამოიძახა რომში და დაატყვევა, მაგრამ შემდეგ იმპერატორმა კლავდიუსმა გაათავისუფლა და სომხეთის მეფედ დააბრუნა. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი იყო ფარსმანის დაპირება კლავდიუსისადმი, რომ პართიის წინააღმდეგ იბრძოლებდა, თუ მითრიდატე სომხეთის ტახტზე დაბრუნდებოდა - სომხეთში რომაული ორიენტაციის აღდგენა იბერიის უშიშროებასაც განაპირობებდა. თუმცა, შემდგომში ფარსმანი ძმას დაუპირისპირდა და იგი თავის ძეს, რადამისტს მოაკვლევინა. რადამისტი დროებით გამეფდა არტაქსატაში და საბოლოოდ ტახტი დაკარგა, ფარსმანმა რადამისტიც მოაკვლევინა, რადგან სამეფო ტახტში ეცილებოდა. საბოლოოდ, მას მოუხდა სომხეთში პართიელების გავლენის აღიარება.

ოროდი, პართიის მეფე არტაბან III-ის ძე, ორჯერ იყო სომხეთის მეფე - 35 წელს და 37-42 წლებში რომის პატრონაჟით. გამეფებისას მან სიკვდილით დასაჯა თავისი ძმის, არშაკ I-ის მკვლელები. შემდეგ კი, რადგან იმპერატორმა ტიბერიუსმა უარი თქვა სომხეთის მეფედ მის ცნობაზე, იბერიის მეფე ფარსმანთან მოუწია ბრძოლამ. ოროდი დამარცხდა, ბრძოლაში დაიჭრა და გაიქცა. კალიგულას მმართველობისას მან ტახტი დაიბრუნა, სანამ 42 წელს კვლავ არ გააძევებდნენ და იბერიელი მითრიდატეთი არ შეცვლიდნენ.

ბრძოლის ველი

ისტორიული წყაროებიდან ჩვენთვის უცნობია, ზუსტად რა ადგილას გაიმართა ბრძოლა, რომელსაც პირობითად შეგვიძლია არტაქსატასთან ბრძოლა ვუწოდოთ. შესაძლებელია, ის სწორედ სომხეთის დედაქალაქთან ახლოს გამართულიყო. არტაქსატა, როგორც სტრაბონი და პლუტარქე აღნიშნავენ, დააარსა ჰანიბალმა, კართაგენელმა მხედართმთავარმა (ძვ.წ. 247-183), რომელიც სელევკიდების იმპერიის მეფის, ანტიოქე III-ის კარის დატოვების შემდეგ, სომხეთის მეფე არტაქსიას (არტაშეს) I-მა მიიღო. ჰანიბალს ერთი ადგილი მოეწონა არაქსენის დაბლობთან, სადაც მდინარე არაქსს მეწამორი ერთვის, და მეფეს ურჩია, აქ ახალი ქალაქი აეგო. მეფემაც დაიწყო ქალაქის მშენებლობა და მისი სახელის მიხედვით, არტაქსატა ეწოდა. ზემოხსენებული ანტიკური ავტორები მას სომხეთის კართაგენსაც უწოდებდნენ. სტრაბონის მიხედვით, არტაქსატას ერტყა მდინარის პირას გაყოლებული ზღუდე, გარდა ყელისა; ყელი კი ჩაკეტილი იყო თხრილითა და მიწაყრილით. ამ სიმაგრიდან შორს არ მდებარეობდა ტიგრანისა და არტავაზდის განძთსაცავები - გამაგრებული ადგილები ბაბირსა და ოლანე (სავარაუდოდ, აქ იგულისხმება სომხების მეფეები ტიგრან II, ძვ.წ. 95-55 და არტავაზდ II, ძვ.წ. 55-34). პართიელების ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე სწორედ არტაქსატა უნდა ყოფილიყო, რადგან ის ქვეყნის სამხრეთში მდებარეობდა, ახლოს პართიასთან და სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც დედაქალაქსა და სიმაგრეს. პართიელი კატაფრაქტი, I-II სს.

ოროდის ლაშქარი, რომელიც პართიელებისგან შედგებოდა და დამატებითი ძალები სარმატებისგან არ მიუღია, აქტიურ წინსვლას ვეღარ განაგრძობდა და ალბათ, დამხმარე ნაწილებს ელოდებოდა, ფარსმანმა კი გადაწყვიტა, მტერი მანამდე გაენადგურებინა, სანამ ის შედარებით სუსტი იყო. იბერიელები აწყობდნენ მცირე თავდასხმებს პართიელთა საგუშაგოებზე, მტრის ბანაკისათვის სურსათის მიწოდების მოშლას ცდილობდნენ და ბოლოს, პართიელები იძულებული გახდნენ, ბრძოლა მიეღოთ.

ჯარები

იბერიის ჯარი ანტიკურ ხანაში თავისუფალი მეთემეებით, სამხედრო არისტოკრატული გვარის შვილებით, მეზობელი ქვეყნებიდან პოლიტიკური მოკავშირეებითა და დაქირავებული პროფესიონალი მეომრებისგან შედგებოდა. ლაშქარს სარდლობდა მეფე და სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომელთაც უცხოური წყაროები პიტიახშებად და სკეპტუხებად მოიხსენიებენ. როგორც არქეოლოგიური მასალიდან ჩანს, ანტიკური პერიოდის განმავლობაში შუბი ძირითადი საბრძოლო იარაღი იყო. ამასვე გვიდასტურებს წერილობითი წყაროები - ანტიკური ეპოქის სხვადასხვა ეტაპზე, სადაც კი ქართველური მოსახლეობის ხსენებაა, ყველგან ფიგურირებს შუბი. სტრაბონი და პლუტარქე ასახელებენ შუბოსან იბერიელებს, როგორც გამორჩეულად ძლიერ მეომრებს. იბერიელები იყენებდნენ მოკლე ორლესულ ხმლებსა და ხანჯლებს, ასევე მშვილდ-ისარს.

იბერიელი მოისარები ჩანან პომპეუსთან იბერიის მეფე არტაგ (არტოკე) I-ის ბრძოლისას ძვ.წ. 65 წელსაც. მძიმედ შეიარაღებულ იბერიელს ემოსა ფირფიტოვანი, ქერცლოვანი ჯავშანი, ეხურა მუზარადი, წვივებს წვივსაფრებით იცავდა, ჰქონდა ფარი, შუბი და მახვილი ან ცული. იბერიის ლაშქარში უნდა ყოფილიყო მძიმედ აღჭურვილი ცხენოსნების, კატაფრაქტების ნაწილები, რომლებიც შედგებოდა სამეფო ოჯახისა და არისტოკრატიის წარმომადგენელთაგან; ასევე უფრო დაბალი ფენის მოსახლეობისგან შემდგარი მსუბუქი მხედრობაც, თუმცა ლაშქრის დიდი ნაწილი ქვეითი უნდა ყოფილიყო. ამას აღნიშნავს რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსიც, რომ იბერიელებსა და ალბანელებს ძლიერი ქვეითი ჯარი ჰყავდათ, პართიელები კი, რომლებიც მხედრობით გამოდიოდნენ ბრძოლაში, მათ მდაბიოებად მიიჩნევდნენ. იბერიის ლაშქრის რიცხოვნობის განსაზღვრა მეტად რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში ანტიკური ავტორები ფანტასტიკურ რიცხვებს ასახელებენ და ძნელია რეალობის განსაზღვრა. ამ პერიოდის იბერიის საზღვრებისა და მოსახლეობის მიახლოებითი შეფასებით, ასევე სპარსული თუ სომხური ლაშქრების რიცხოვნობებთან შედარებით, პირობითად შეგვიძლია 20 ათასი მეომარი ვიგულისხმოთ. ამ რაოდენობაში წარმოდგენილი იქნებოდნენ სარმატი და ალბანელი მოკავშირეებიც.

ყოველ სარმატულ ხალხს ჰყავდა თავისი მეფე, რომელიც ჯარს ბრძოლაში მიუძღოდა. დიდებულები მიუძღოდნენ თავიანთი ნათესავებისა და მომხრეებისგან შემდგარ მცირე რაზმებს. თითოეული ასეთი რაზმი ტაქტიკური ერთეული იყო ბრძოლის ველზე. მეომრები თავად უზრუნველყოფდნენ თავიანთ შეიარაღებას. სარმატული მძიმე, კატაფრაქტების ტიპის კავალერია მრისხანე ძალას წარმოადგენდა. ისინი თავს იცავდნენ ქერცლოვანი აბჯრით და იყენებდნენ გრძელ შუბებს, რომლის გამოყენება ცხენზე ამხედრებულად, უზანგების გარეშე, მეტად რთული იყო და ხანგრძლივ წვრთნას მოითხოვდა. მსუბუქად აღჭურვილი სარმატი მხედრები კი ცხენიდან ისრის სწრაფად სროლაში განსაკუთრებულად იყვნენ დახელოვნებული. ფარსმანისთვის მეტად დიდი მნიშვნელობა ექნებოდა სარმატულ ცხენოსან ჯარს პართიელებთან ბრძოლაში, რომელთაც ასევე ძლიერი კავალერია ჰყავდათ - როგორც კატაფრაქტები, ასევე მსუბუქი მხედრობა.  რომაელი ცხენოსნები, I-II სს.

პართიის სამეფო ანტიკურ ხანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი სახელმწიფო იყო და რომის იმპერიისთვის არსებითი პრობლემების შექმნა შეეძლო აღმოსავლეთში. პართიელებს ჰყავდათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი, მობილური, მანევრული არმია, რომელიც ძირითადად ცხენოსნებისგან შედგებოდა და სწრაფად შეეძლო დიდი მანძილის დაფარვა. ტაციტუსის მიხედვით, ოროდს ფარსმანთან ბრძოლაში მხოლოდ ცხენოსანი ჯარი ჰყავდა, რაც სავსებით რეალურად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რომაელებისთვის პართიელებთან ომები თავდაპირველად არცთუ წარმატებული იყო. ძვ.წ. I საუკუნეში მათი ორი კამპანია, მარკუს კრასუსისა და მარკუს ანტონიუსისა, მარცხით დასრულდა. I საუკუნეშიც პართიელებსა და რომაელებს შორის ომები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პართიელები აღმოსავლეთის ბუნებრივ პირობებსა და საჭიროებებთან შერწყმული სამხედრო სისტემით ახერხებდნენ რომაელთა ძლიერ ლეგიონებთან გამკლავებას. რომაელებს განსაკუთრებით უჭირდათ პართიელ ცხენოსნებთან ბრძოლა, რომლებიც ისრებით ცდილობდნენ ქვეითი მეომრების მჭიდრო მწკრივების შეთხელებას, მათში პანიკის შეტანას, რის შემდეგაც იერიშზე მძიმე კატაფრაქტები გადადიოდნენ და მტრის რიგს გაარღვევდნენ. პართიელებს ჰყავდათ ქვეითი ჯარიც, თუმცა მას მეორეხარისხოვანი ამოცანების გადაწყვეტა ევალებოდა და უმთავრესად საალყო მოქმედებებისას გამოიყენებოდა. პართიული არმიის რიცხოვნობის განსაზღვრა კონკრეტულ ბრძოლაში საკმაოდ ძნელია, თუმცა მათი რაოდენობა 2 ათეულ ათასს იშვიათად თუ აჭარბებდა. ამჯერად მათი ლაშქარი რიცხოვნობით ნაკლები უნდა ყოფილიყო მოკავშირეებით გაძლიერებულ მტრის ლაშქარზე, რომელთან ბრძოლასაც ოროდი გაურბოდა. პართიული ჯარის რიცხოვნობა პირობითად 12-15 ათასით შეიძლება განისაზღვროს.

ბრძოლა

ფარსმანისა და ოროდის არმიები საომრად განლაგდნენ. უცნობია, როგორი იყო ზუსტად საბრძოლო წყობა. სავარაუდოდ, შუბოსანი და მშვილდოსანი ქვეითი ჯარი ცენტრში იქნებოდა განლაგებული, ფლანგებზე და წინ კი ცხენოსანი ჯარი. ცხენოსანი მშვილდოსნები კი ველზე მანევრირებდნენ, მტერს ისრებს აყრიდნენ და მისი რიგების შეთხელებას ცდილობდნენ. მძიმე კავალერია უმთავრესად პირველი გადადიოდა შეტევაზე, რათა მოწინააღმდეგის რიგები გაერღვია, შემდეგ კი ბრძოლაში ქვეითები ჩაერთვებოდნენ. პართიელებს, რომელთაც მხოლოდ ცხენოსანი ჯარი ჰყავდათ, შეეძლოთ ბრძოლის ველზე მანევრირება მსუბუქი ცხენოსანი მშვილდოსნებით, რომელთაც კატაფრაქტების ძლიერი ნაწილები დაეხმარებოდნენ. ტაციტუსის გადმოცემით, ორივე სარდალმა ბრძოლის წინ გაამხნევა თავისი მეომრები - ოროდმა აღმოსავლეთის მბრძანებლობასა და არშაკიანთა დინასტიის სიდიადეზე ილაპარაკა, რომელთა წინაშე იბერიელები და მათი დაქირავებული მეომრები უბრალო მდაბიოები იყვნენ; ფარსმანმა კი თქვა, რომ მათზე პართიელებს არასდროს უბატონიათ. მათთან ბრძოლაში გამარჯვებით სახელს მოიხვეჭდნენ, გაქცევით კი დიდ საფრთხეში ჩაცვივდებოდნენ. მეფემ ხელით ანიშნა მტრის მხედრობაზე და თქვა: "აქ ვაჟკაცებს ვხედავ, იქ კი საშოვარსო".

სარმატებმა, რომელთაც იცოდნენ, როგორ მოქმედებდნენ პართიელი მშვილდოსნები, გადაწყვიტეს არ გამოეყენებინათ თავიანთი მოკლე მანძილზე სასროლი მშვილდ-ისრები, მოულოდნელად შეეტიათ მტრისთვის შუბებითა და მახვილებით, არ მიეცათ ისრების სროლის საშუალება და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაეთრიათ. ტაციტუსის მიხედვით, პართიელებმა თავიანთი რიგები ფართოდ გაშალეს და მანევრირების დაწყებას ცდილობდნენ, როცა სარმატები მოულოდნელად ეკვეთნენ მათ და ბრძოლა გაუმართეს. ეს ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იყო, რადგან პართიელებს თავიანთი უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცათ და ბრძოლის ბედი თავიდანვე ფარსმანის სასარგებლოდ გადაწყდა, რომელსაც უფრო მრავალრიცხოვანი ლაშქარიც ჰყავდა და ხელჩართული ბრძოლისთვის მის მხედრობას ზურგს ქვეითი ჯარიც უმაგრებდა. სარმატები უკან იხევდნენ, გადაჯგუფდებოდნენ და ხელახლა გადადიოდნენ იერიშზე. მათთან ერთად პართიელებს ავიწროებდნენ იბერიელი და ალბანელი ქვეითები, რომლებიც ცდილობდნენ ხელჩართულ ბრძოლაში გართული მხედრების ცხენებიდან ჩამოგდებას. ოროდიცა და ფარსმანიც თვითონვე მიუძღოდნენ საკუთარ მეომრებს შეტევაზე. ბოლოს ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ და ორთაბრძოლა გამართეს. ფარსმანი უფრო "ფიცხად" მიუხდა მოწინააღმდეგეს, დაასწრო იარაღის მოქნევა, ოროდს მუზარადი გაუჩეხა და დაჭრა, მაგრამ მეორედ მოქნევა და მოკვლა ვეღარ შეძლო, რადგან პართიელი ცხენმა გაიტაცა ბრძოლიდან და მცველებიც გადაეფარნენ. ოროდის დაჭრის შემდეგ პართიელებში ხმა გავრცელდა, თითქოს ის დაიღუპა. ამ ყალბმა ცნობამ ჯარში პანიკა და მათი სწრაფი მარცხი გამოიწვია. ფარსმანმა სრული გამარჯვება მოიპოვა.

არარატის მთის ხედი ხორ ვირაპის მონასტრის მხრიდან, რომელიც მიჩნეულია, რომ აგებულია ძველი არტაქსატას ადგილას

შედეგები

ფარსმან I-ის სამხედრო კამპანია სომხეთში 35-36 წლებში წარმატებით დასრულდა. მეფემ უნარიანად გამოიყენა თავისი უპირატესობები პართიელებთან ბრძოლაში, დიპლომატიური კონტაქტები, კავკასიონის უღელტეხილების კონტროლი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ პართიელები ამ მარცხის შემდეგ არ შეჩერებულან და მეფე არტაბან III კვლავ გეგმავდა სომხეთში შეჭრას, რასაც ხელი შეუშალეს რომაელებმა: ტიბერიუსის დანიშნულმა სირიის მმართველმა, ლუციუს ვიტელიუსმა, ლეგიონები შეკრიბა და ხმები გაავრცელა, თითქოს მესოპოტამიაზე აპირებდა გალაშქრებას. ამან პართიელები დააფრთხო და მათი ყურადღება სირიისკენ მიმართა. საბოლოოდ, ამ მოვლენებს პართიაში შიდა დაპირისპირება და მეფე არტაბან III-ის ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვა. სომხეთისთვის ბრძოლა პართიასა და რომს შორის ამის შემდგომ წლებშიც გაგრძელდა და I საუკუნის განმავლობაში, იბერია მასში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.

ნიკა ხოფერია

ისტორიის დოქტორანტი

ჟურნალი "ისტორიანი" #100