ვინ მოკლა იაროსლავ გალანი?! - კვირის პალიტრა

ვინ მოკლა იაროსლავ გალანი?!

დეტექტივი რეალურ ამბავზე დაყრდნობით

(დასასრული. დასაწყისი იხ. "ისტორიანი" ##98,99)

საქმეში მოსკოვი ერთვება პაველ ანატოლიევიჩ სუდოპლატოვი (1907-1996) იყო კადრის ჩეკისტი. სწორედ მისი ნახელავია უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის (ოუნ) დამაარსებლის, პოლკოვნიკ ევგენი კონოვალეცის მკვლელობა. სუდოპლატოვი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერაცია "იხვს" (Утка), რომლის შედეგადაც მოკლეს ლევ ტროცკი. მეორე მსოფლიო ომის დროს პაველ ანატოლიევიჩი სუკის მე-4 განყოფილებას ედგა სათავეში. მისი ამოცანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარტიზანული მოძრაობის გაშლა იყო.

სუდოპლატოვს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა უშიშროების მაშინდელ მინისტრ ვიქტორ აბაკუმოვთან. ამიტომაც ბერიას მფარველობას საჭიროებდა. ლავრენტის რეკომენდაციით, სწორედ სუდოპლატოვს დაევალა როგორც გალანის მკვლელობის გახსნა, ასევე უკრაინის აჯანყებულთა არმიის (უპა) მეთაურის, გენერალ რომან შუხევიჩის ცოცხლად შეპყრობა ან ლიკვიდაცია. სტალინმა სუდოპლატოვს საგანგებო უფლებები მისცა. პაველ ანატოლიევიჩსაც ანგარიში სტალინისთვის უნდა ჩაებარებინა და არა აბაკუმოვისთვის.

ლვოვში ჩასულმა სუდოპლატოვმა დაპატიმრებული ევსტაფია დოვგუნი უშუალოდ დაკითხა. საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამის შემდეგ ქალი გაათავისუფლეს. პაველ სუდოპლატოვი - საბჭოთა სპეც-სამსახურების ერთ-ერთი "მამა"

- ევსტაფია დოვგუნი უდანაშაულოა! - განაცხადა სუდოპლატოვმა.

ამიერიდან ქალი ბრალდებულიდან მოწმედ გადაიქცა.

ჩვენების ცვალებადობა

მალე ევსტაფია დოვგუნმა (ამჯერად უკვე მოწმის რანგში) გამოძიებას ახალი ჩვენება მისცა.

- ბინას ვალაგებდი. მოულოდნელად გაისმა ზარი. კარი გავაღე. ზღურბლზე ილარი და მიხაილო იდგნენ. ჩვენთან ხშირად დადიოდნენ, ამიტომაც ორივე შინ დაუბრკოლებლად შევუშვი.

- ვინ ილარი და მიხაილო?

- ილარი ლუკაშევიჩი და მიხაილო სტახური. ორივენი გალანთან ხშირად მოდიოდნენ.

- რატომ?

- აბა, რა ვიცი, გალანი ხომ საოლქო საბჭოს დეპუტატი იყო.

შემდეგ ქალი მოყვა, როგორ იძრო მიხაილო სტახურმა იარაღი და ქალს შუბლზე დაადო. დოვგუნს თავში რაღაც ჩაარტყეს და უგონოდ დაეცა ძირს. გონს მოვიდა თუ არა, გალანის ოთახში გავიდა და იატაკზე დავარდნილი მწერალი დაინახა.

- მეც განგაში ავტეხე, - ამბობს დოვგუნი.

შემდგომში დოვგუნმა ჩვენება კიდევ შეცვალა. მან განაცხადა, რომ ილარი და სტახური მეგობრულად მიესალმნენ, ჰკითხეს, მწერალი შინ თუ იყო. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ მწერლის კაბინეტისკენ გაემართნენ.

- ეს ცუდად არ მენიშნა და ბინის დალაგება განვაგრძე, - ყვება დოვგუნი. მას ოთახიდან ილარი ლუკაშევიჩის ხმა ესმოდა, რომელიც გალანს რაღაცას ეუბნებოდა. მოულოდნელად დარტყმის ხმა გაისმა. იატაკზე რაღაც დავარდა.

- მეც გალანის ოთახში შევედი და რას ვხედავ, მწერალი იატაკზე გდია და მიხაილო სტახური ნაჯახს თავში ურტყამს! - თქვა დოვგუნმა.

როგორც შინამოსამსახურე ყვება, მისი დანახვისას მკვლელი გაშეშდა. დოვგუნმა სცადა დაეყვირა, ის წააქციეს, ხელ-ფეხი ტელეფონის ზონრით შეუკრეს, პირში კი ჩვარი ჩასჩარეს...

- მალე დოვგუნმა ეს ჩვენებაც შეცვალა, - წერს უკრაინული გაზეთი "დენი".

ქალმა ძირითადად წინა ჩვენება გაიმეორა, მხოლოდ დაამატა, პირში არა ჩვარი, არამედ ჩემივე წინდა ჩამჩარესო. შემდეგ დოვგუნი ყვება, რომ ერთხანს იატაკზე გაუნძრევლად იწვა, მერე წამოდგა, პირიდან წინდა მოიშორა, ტელეფონის ზონარიც შემოიხსნა და წივილ-კივილით გარეთ გამოვარდა.

ჩეკისტებმა ლუკაშევიჩისა და სტახურის დაპატიმრება სცადეს.

ოჯახის ამოწყვეტა

ილარი ლუკაშევიჩი ჯერაც ლვოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. ის მაშინ აიყვანეს, როცა კლინიკის ეზოს სკამზე ისვენებდა.

- მოქალაქე ლუკაშევიჩ! ჩვენთან უნდა წამობრძანდეთ!

ილარი მკვლელობაში ძალიან სწრაფად გამოტყდა. ერთი-ორი უთაქეს და ის თქვა, რაც ჩეკისტებს სურდათ.

- შენ მოკალი მწერალი იაროსლავ გალანი?

- დიახ!

- რატომ? ვინ დაგავალა?

- რომის პაპმა დამავალა. გალანი ხომ ვატიკანისა და უნიატების წინააღმდეგ გამოდიოდა. მე, როგორც მორწმუნე კათოლიკე, მოვალე ვიყავი, პაპის ნება აღმესრულებინა.

- ვატიკანთან კავშირი გქონდა?

- ისინი რაციით მიკავშირდებოდნენ.

ამის შემდეგ ჩეკისტებმა დააკავეს ილარის დედ-მამა, ძმები, ბიძა, ბიცოლა. გისოსებს მიღმა ილარი ლუკაშევიჩის დეიდაც აღმოჩნდა. მიზეზი მისი ჩვენება იყო. დეიდამ განაცხადა, რომ ილარის გალანის მოკვლა არ შეეძლო, რადგან მკვლელობის დღეს იგი კლინიკაში იწვა.

- ეს დანამდვილებით იცით?

- მე იმ კლინიკაში ვმუშაობ. ილარი პირადად მე მივიყვანე და დავაწვინე.

ჩეკისტებმა ქალი დააკავეს და აწამეს. ამის შემდეგ მან განაცხადა:

- ილარი კლინიკაში არ ყოფილა! გაფორმებული იყო, რომ იწვა.

- ანუ მას ყალბი ცნობა გაუხერხეთ?

- დიახ. უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის (ოუნ) დამაარსებელი, პოლკოვნიკი ევგენი კონოვალეცი

ის, როგორც მკვლელობის თანამონაწილე, დააპატიმრეს. მწერალი ოლგა დუჩიმინსკაიაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, ლუკაშევიჩებთან გალანი ხომ მან დააკავშირა. დუჩიმინსკაია აწამეს და აიძულეს ეთქვა, რომ ყოველივე ბანდერელთა იატაკქვეშეთისა და ვატიკანის დავალებით გააკეთა. დააპატიმრეს ილარი ლუკაშევიჩის ძმის საცოლე ლიუბა ზრადა და დედამისი. ორივეს ლუკაშევიჩებთან კავშირი დააბრალეს. წამების შემდეგ დედა-შვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა.

მიხაილო სტახურის დაკავება ჩეკისტებმა ვერ შეძლეს. იგი ლვოვიდან გაუჩინარდა.

ილარი ლუკაშევიჩისა და მისი ოჯახის საქმე იმიერკარპატისპირეთის სამხედრო ოლქის ტრიბუნალმა განიხილა. ილარისა და მის ძმებს დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი აღასრულეს.

ილარის მამამ, მღვდელმა დენის ლუკაშევიჩმა, გულაგში 25 წელიწადს დაყო. მისი მეუღლე, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ხაბაროვსკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში გადაასახლეს. ლუკაშევიჩების სახლი კი კოლმეურნეობას გადაეცა.

პატიმრობაში დაიღუპა ილარი ლუკაშევიჩის ბიძა, მღვდელი ლევიცკი. მისი მეუღლე გალინა ჩეკისტებს წამებისას შემოაკვდათ. ილარის დეიდამ გულაგში 11 წელიწადს დაყო, ილარის ძმის საცოლე - 25 წლის ლიუბა ზრადა და დედამისი კი გულაგიდან ვერ დაბრუნდნენ.

აღსანიშნავია მწერალ ოლგა დუჩიმინსკაიას (1883-1988) ბედი. მას ბრალი გალანის მკვლელობის მონაწილეობაში დასდეს და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 1956 წელს საქმე გადასინჯეს და სასჯელის ვადა შეუმცირეს. 1958 წელს დუჩიმინსკაია გაათავისუფლეს. ქალი უკრაინაში დაბრუნდა, მაგრამ არც სახლი ჰქონდა, არც კარი. ერთხანს მწერალ ირინა ვილდესთან ცხოვრობდა, შემდეგ თავს ნათესავებთან აფარებდა. გარდაიცვალა 1988 წელს, 105 წლის ასაკში. 1992-ში დუჩიმინსკაია რეაბილიტირებულ იქნა.

გალანის მკვლელობის გამო სულ რეპრესირებულ იქნა 68 ადამიანი.

ჯოჯოხეთი გრძელდება

1951 წელს სუკ-მა მიხაილო სტახური შეიპყრო. ამ საქმეში მთავარი როლი სუკ-ის აგენტმა, მეტსახელად ოლეგმა ითამაშა. სინამდვილეში მას ბოგდან სტაშინსკი ერქვა. 1959 წელს სწორედ მან მოკლა მიუნხენში სტეპან ბანდერა.

მიხაილო სტახური ლვოვში გაასამართლეს. მან განაცხადა, რომ გალანი ბანდერელთა იატაკქვეშეთის დავალებით მოკლა. შეკითხვაზე, მკვლელობისთვის პირადი მიზეზი თუ გქონდათო, მიუგო:

- მეთაურის ბრძანება კანონია! თუკი გიბრძანებენ, საკუთარი დედაც უნდა მოკლა!

სასამართლომ მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა. განაჩენის გაგონებისთანავე სტახური წამოხტა:

- ეს როგორ? ასე არ მოგვილაპარაკია!

ამას ყური არავინ ათხოვა. მილიციელებმა სტახური დარბაზიდან ძალით გაიყვანეს.

ლვოვში დაირხა ხმა, რომ სტახურს საჯაროდ, ზანკოვეცკაიას თეატრთან ჩამოჰკიდებდნენ. ამ ადგილს უამრავი ხალხი მოაწყდა. დაიწყო ჭყლეტა. მილიციამ ბრბო ძლივს დაშალა.

სტახური კი ლვოვის ციხის ეზოში ჩამოახრჩვეს.

მალე სუკ-მა ვინმე რომან შჩეპანსკი ("ბუი-ტური") დააპატიმრა. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ ლვოვსა და მის შემოგარენში ბანდერელთა იატაკქვეშეთს ხელმძღვანელობდა.

- მწერალ იაროსლავ გალანის ლიკვიდაციის ბრძანება მიუნხენიდან მივიღე, - თქვა შჩეპანსკიმ.

- ვისგან?

- ბანდერასგან.

- ოპერაცია უშუალოდ თქვენ დაგეგმეთ?

- დიახ!

- შემსრულებლებად ლუკაშევიჩი და სტახური შეარჩიეთ?

- დიახ!

შჩეპანსკის დახვრეტა მიუსაჯეს.

უკრაინის აჯანყებულთა არმიის (უპა) მებრძოლები ბრძოლაში ნაალაფევი საბჭოთა და გერმანული იარაღებით

როგორ იქმნება გმირი

როგორც ვნახეთ, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იაროლავ გალანი შერისხული იყო. გამოაგდეს სამსახურიდან. აიკრძალა მისი წიგნი. არ დაუბეჭდეს პიესები. სიკვდილის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.

გალანი სტალინური პრემიით დააჯილდოეს. მისი თხზულებები დიდი ტირაჟით გამოდიოდა. პამფლეტები "მიმიფურთხებია პაპისთვის" და სხვები სასკოლო პროგრამებშიც შეიტანეს.

1953 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ლავრენტი ბერია. გისოსებს მიღმა აღმოჩნდა მისი გუნდის ბევრი წევრი. ზოგი მათგანი დახვრიტეს. პაველ სუდოპლატოვს ციხეში უკრეს თავი, სადაც ათი წელიწადი გაატარა.

იაროსლავ გალანის კულტის თაყვანისცემა კი გრძელდებოდა. 1954 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ამის დავიწყება შეუძლებელია", სადაც მთავარი გმირის პროტოტიპი იაროსლავ გალანი იყო. მოგვიანებით, უკვე 70-იან წლებში გადაიღეს ფილმი "უკანასკნელ წუთამდე". მთავარი გმირის პროტოტიპი აქაც გალანია.

ლვოვში, კიევში თუ უკრაინის სხვა ქალაქებში გაჩნდა გალანის სახელობის ქუჩები, დაიდგა ძეგლები. მისი პიესები თუ პამფლეტები დიდი ტირაჟით გამოიცემოდა. 1953 წელს პიესა "სიყვარული გარიჟრაჟზე" მარჯანიშვილის თეატრმაც დადგა (რეჟისორი ლილი იოსელიანი, მთავარ როლებში ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი). რუბრიკით "გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება" დაიბეჭდა გალანისადმი მიძღვნილი წიგნიც.

ოფიციალურმა საბჭოთა პროპაგანდამ გალანი გმირად გამოაცხადა.

სუკ-ის აგენტების გარემოცვა

პერესტროიკის დროს ბევრ საიდუმლოს ფარდა აეხადა. სიმართლე გაცხადდა კიროვის მკვლელობაზე, ტუხაჩევსკის საქმეზე და სხვ. იაროსლავ გალანის მკვლელობის შესახებ კი მოსკოვი ძველ ოფიციალურ ვერსიას იმეორებდა:

- გალანი ბანდერელებმა მოკლეს!

1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საბჭოთა კავშირი დაინგრა. საზოგადოებამ იაროსლავ გალანის შესახებ აქამდე გასაიდუმლოებული ინფორმაცია შეიტყო, რამაც საბჭოური მითები მთლიანად გააქარწყლა.

დოკუმენტურად დამტკიცდა, რომ გალანი თავისი გამოხდომების შემდეგ არაკეთილსაიმედოდ შერაცხეს. სუკ-მა ის მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა. მწერლის შინამოსამსახურე ევსტაფია დოვგუნი სუკ-ის აგენტი იყო. ის ფხიზლად ადევნებდა თვალს ყველაფერს, რაც მწერლის სახლში ხდებოდა, შემდეგ ყოველივეს სუკ-ში თავის უშუალო უფროსს მოახსენებდა.

სუკ-თან მჭიდროდ იყო დაკავშირებული გალანის მეუღლე მარია კროტკოვაც. ეს ჯერ კიდევ მოსკოვში დაიწყო, როცა კროტკოვა გალანს არც კი იცნობდა. სუკ-ში თანამშრომელთა დაქორწინებას სიხარულით ხვდებიან. კროტკოვასა და გალანის ქორწილსაც მწვანე შუქი პირადად ვსევოლოდ მერკულოვმა (უშიშროების მაშინდელი უფროსი) აუნთო. სუკ-ის საიდუმლო თანამშრომელი გახლდათ კროტკოვას საყვარელი, მწერალი ვლადიმირ ბელიაევიც.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შერისხულ გალანს დაპატიმრების რეალური საშიშროება ემუქრებოდა. ცოლმაც გამოუცხადა, უნდა დავშორდეთო. ქალი კიევში გაემგზავრა, რათა ივან ფრანკოს სახელობის თეატრში მხატვრად მოწყობილიყო.  სტეპან ბანდერას ძეგლი ლვოვში

- ბანდერელებს გალანის მოკვლის არავითარი აუცილებლობა არ ჰქონდათ. მწერალი ისედაც განწირული იყო, - წერს "ლიტერატურნა უკრაინა".

მაგრამ ზოგიერთს გალანის მკვლელობა ხელს აძლევდა, მხეცური მკვლელობა, რასაც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებდა.

საინტერესო ფაქტები გამოვლინდა მიხაილო სტახურთან დაკავშირებით. გალანის მკვლელობისთანავე ლვოვში დაირხა ხმა, რომ ეს სტუდენტების გაკეთებულია. სტახურსაც თავზარი დაეცა. მან თავის ნათესავს მიაკითხა და ყველაფერი უამბო. ამ უკანასკნელმა ტყეში გასვლა ურჩია.

- ვიღაცებს ვიცნობ და რეკომენდაციასაც მოგცემ! შენი ქალაქში დარჩენა აღარ შეიძლება, თორემ მკვლელობას შენ შემოგტენიან!

დაპატიმრების შემდეგ სტახურს უთხრეს: თქვი, რომ გალანი ბანდერელთა დავალებით მოკალი და სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ; ათ წელიწადს მოგისჯიან, სამ წელიწადში გამოხვალ და ახალ ცხოვრებას დაიწყებო. სტახური დათანხმდა, რითაც სამარე საკუთარი ხელით გაითხარა. იგი სასამართლო ფარსში მონაწილეობას დათანხმდა, ჩეკისტების ბრძანება მორჩილად შეასრულა.

- ამიტომაც ყვიროდა საწყალი, როცა ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, ასე არ შევთანხმებულვართო, - წერს "ლიტერატურნა უკრაინა".

სუკ-თან იყო დაკავშირებული რომან შჩეპანსკიც. ის იყო ბანდერელთა იატაკქვეშეთის მეთაური, რომელიც დარწმუნდა, რომ ბანდერელთა საქმე წაგებული იყო და სუკ-თან კონტაქტზე გავიდა. შჩეპანსკის მეშვეობით სუკ-მა ლვოვსა და მის შემოგარენში ბანდერელთა იატაკქვეშეთი გაანადგურა. ამის შემდეგ შჩეპანსკის ახალი დავალება მისცეს - იაროსლავ გალანის მკვლელობა ეღიარებინა და ეთქვა, რომ ბრძანება უშუალოდ მიუნხენიდან, ბანდერელთა ცენტრიდან მიიღო. შჩეპანსკი ასეც მოიქცა. ამის შემდეგ ჩეკისტებს ცოცხალი შჩეპანსკი აღარ სჭირდებოდათ. ოფიციალური ვერსიით, შჩეპანსკი დახვრიტეს. მისი საფლავი დღესაც უცნობია.

ვინ და რატომ მოკლა გალანი?

დეტექტიურ რომანებში დანაშაული მუდამ იხსნება. ფინალში ვიგებთ, ვინ და რატომ ჩაიდინა დანაშაული. რეალური ცხოვრება კი სხვაგვარია და პასუხის გაცემა კითხვაზე, ვინ და რატომ მოკლა გალანი, არცთუ იოლია.

დღეისთვის დადგენილია, რომ მწერალს თავში ნაჯახი მისივე შინამოსამსახურემ ჩაარტყა. იგი სუკ-ის აგენტი იყო. შესაბამისად, უდავო ხდება, რომ გალანი სუკ-მა მოკლა. მაგრამ კონკრეტულად რომელმა დაჯგუფებამ მოიშორა გალანი, ვინ გასცა სანქცია? უდავოა, რომ გალანის ლიკვიდაციის ბრძანება მაღალი თანამდებობის გავლენიან პირს უნდა გაეცა. ვინ იყო იგი, ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ზოგადი სქემა შეიძლება მოვხაზოთ. ამისთვის გავაანალიზოთ ვითარება, რომელიც მაშინ საბჭოთა იმპერიაში შეიქმნა.

1948 წელს დახვრიტეს ებრაელთა ანტიფაშისტური კომიტეტის წევრები. ამით სსრ კავშირში ახალი სისხლიანი წმენდა დაიწყო. ბრძოლა ამერიკულ იმპერიალიზმსა და სიონიზმთან - ამ დროშით უნდა წარმართულიყო ახალი რეპრესიები. ძველი გვარდია - ვიაჩესლავ მოლოტოვი, ლაზარ კაგანოვიჩი, ლავრენტი ბერია თუ სხვები სცენიდან უნდა ჩამოსულიყვნენ. მათ ნაცვლად სტალინი ახალ თაობას დააწინაურებდა, ანუ უნდა განმეორებულიყო ის, რაც 1934-1938 წლებში მოხდა.

- სტალინმა პირველი ნაბიჯები გადადგა. ებრაელთა ანტიფაშისტური კომიტეტის დახვრეტის შემდეგ დააპატიმრეს მოლოტოვის ცოლი პოლინა ჟემჩუჟინა. შემდეგ ეწყობა ე.წ. მეგრელთა საქმე. ეს სხვა არაფერია, თუ არა დარტყმა ბერიას გუნდზე, - წერს სოვეტოლოგი, მეცნიერი და პუბლიცისტი აბდურაჰმან ავტურხანოვი.

დღეს უკვე დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ უშიშროებამ დაიწყო მამხილებელი მასალების შეგროვება კაგანოვიჩზე (მას სიონისტობას აბრალებდნენ), მოლოტოვზე, კლიმენტ ვოროშილოვზე (ინგლისის აგენტი) და სხვ. პოლიტბიუროს წევრებს არ სურდათ, სტალინის წმენდის მსხვერპლი გამხდარიყვნენ. ანტისტალინური ინტრიგების სათავეში კი ბერია აღმოჩნდა. იგი პროფესონალი ჟანდარმი იყო, სრულყოფილი აგენტურული ქსელით.

- მსტოვართა უმრავლესობა კარტოთეკაში აღრიცხული არ ყოფილა. მათ მხოლოდ ბერია აკონტროლებდა, - წერს უკრაინელი მწერალი როსტისლავ სამბუკი.

ბერიას მთელი პოლიტბიურო მხარში ამოუდგა. სტალინის ლიკვიდაცია შეუძლებელი იყო. რჩებოდა ერთადერთი გამოსავალი: მოვლენები იმგვარად უნდა წარმართულიყო, რომ სტალინს დარტყმა არა პოლიტბიუროს წევრებზე, არამედ სხვა მიმართულებით წარემართა. ბერიამ იცოდა, რომ მოხუც, ავადმყოფ სტალინს დიდი დღე არ დარჩენოდა. ახლა აუცილებელი იყო დროის მოგება. დაე, სტალინმა პირველი დარტყმა არა პოლიტბიუროს წევრებს, არამედ სხვა მიმართულებით მიმართოს, შემდეგ კი ვნახოთ.

- ბერიამ უმოკლეს ხანში გრანდიოზული სამუშაო შეასრულა, - წერს საბჭოთა მწერალი იულიან სემიონოვი. ლავრენტიმ მიზანმიმართული კომპლექსური ღონისძიებები განახორციელა. სწორედ მისი ინსპირირებულია ე.წ. ექიმთა საქმე. ამის შემდეგ სტალინს მაგიდაზე დაუდეს ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო უპა-ს მეთაური რომან შუხევიჩი. ჩეკისტები მას ლვოვის მახლობლად ეძებდნენ. სინამდვილეში შუხევიჩი სხვისი გვარით ოდესაში იმყოფებოდა, სამხედროებისთვის განკუთვნილ სანატორიუმში. მან კარგად დაისვენა, შემდეგ დასავლეთ უკრაინაში დაბრუნდა, რათა საბჭოთა იმპერიასთან ბრძოლა განახლებული ძალით განეგრძო. ბერიამ ზუსტად გათვალა. სტალინის გააფთრებას საზღვარი არ ჰქონდა:

- მე არ მყავს უშიშროება! - დაიღრიალა სტალინმა, - თუმცა ეგებ ეს მხოლოდ დოყლაპიობაა და არა შეთქმულება?

დასავლეთ უკრაინაში ერთიმეორის მიყოლებით მოეწყო ტერაქტები. ლვოვში მოკლეს მიტროპოლიტი გავრიილ კოსტელნიკი. ბანდერელები თავს დაესხნენ პოლონეთის თავდაცვის მინისტრს, გენერალ კაროლ სვერჩევსკის, როცა ის უპა-ს საწინააღმდეგო ოპერაციას ხელმძღვანელობდა. მძიმედ დაჭრილი გენერალი გარდაიცვალა.

- სვერჩევსკიზე თავდასხმა განახორციელა ჯგუფმა, რომელსაც მეთაურობდა მაიორი სტეპან სტებელსკი, მეტსახელად ხრენი. თავდასხმის შემდეგ ჯგუფი საბჭოთა ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა. აქ რაზმი დაიშალა და ჩეხეთის გავლით გერმანიაში, ამერიკულ საოკუპაციო ზონაში სცადეს გადასვლა. ჩეხეთის პოლიციამ ისინი ალყაში მოაქცია და გაანადგურა. დახვრიტეს ხრენიც.

თანამედროვე პოლონელი ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ სვერჩევსკის ლიკვიდაცია ბერიას ინტერესებში იყო, რადგან პოლონელი გენერალი მოქიშპე უწყების, გრუ-ს კრეატურას წარმოადგენდა. ბერიელებმაც ბანდერელებს საშუალება მისცეს, სვერჩევსკის გასწორებოდნენ. ამის შემდეგ კი იაროსლავ გალანის ჯერიც დადგა.

გალანის დაპატიმრება, გულაგში გამომწყვდევა ან სულაც გაქრობა ბერიას არ აკმაყოფილებდა. ლავრენტი პავლოვიჩს სკანდალი სჭირდებოდა, სკანდალი, რომელიც აბაკუმოვისა და მისი გუნდის უმწეობას, პროფესიულ უვარგისობას, ან სულაც ღალატს დაადასტურებდა.

- ასეთი სკანდალი გახდა ე.წ. ბანდერელების მიერ კომუნისტი მწერლის იაროსლავ გალანის მხეცური მკვლელობა. სინამდვილეში გალანის ლიკვიდაციის ბრძანებაც პირადად ლავრენტი ბერიამ გასცა, - წერს როსტისლავ სამბუკი.

მოეწყო სრულყოფილი სპეცოპერაცია. ბერიას მსტოვრებმა გალანი ისე მოკლეს, რომ არც ლვოველმა ჩეკისტებმა, არც აბაკუმოვმა ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ. მეტიც, მკვლელობის შემდეგ ბევრი უკრაინელი ჩეკისტი პოსტს გამოეთხოვა, აბაკუმოვის პოზიციები კიდევ უფრო შეირყა, ბერიას მომხრეთა კი გაძლიერდა.

- სტალინს სულ უფრო ეძალებოდა ეჭვები: ვინ არის აბაკუმოვი? ჩვეულებრივი დოყლაპია თუ მის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების ერთ-ერთი წევრი?! დასავლეთ უკრაინაში აზვირთებულმა ტერაქტებმა, მათ შორის გალანის მკვლელობამაც, ეს ეჭვები გააძლიერა, - წერს სამბუკი.

ბერიამ ეს ოსტატურად გამოიყენა. 1951 წელს სუკ-ის პოდპოლკოვნიკმა მიხაილ რიუმინმა სტალინს წერილი გაუგზავნა და უშიშროებაში შეთქმულების შესახებ აცნობა. დიქტატორი უკვე შემზადებული იყო გადამჭრელი ნაბიჯის გადასადგმელად. სტალინმა აბაკუმოვი თანამდებობიდან მოხსნა და დააპატიმრა. უშიშროებაში საკადრო წმენდები დაიწყო. აბაკუმოვის კადრებს ან სამსახურიდან ითხოვდნენ, ან აპატიმრებდნენ. ბერიას კადრებმა ნელ-ნელა წამყვანი პოზიციები დაიბრუნეს.

1953 წლის 5 მარტს სტალინი მოკვდა. ლავრენტი ბერია იმ მომენტისთვის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მთლიანად აკონტროლებდა - ეს სამინისტროები გააერთიანეს და სათავეში ბერია მოექცა. ხელისუფლებას მალენკოვ-ხრუშჩოვ-ბერიას ტრიუმვირატი აკონტროლებდა (26 ივნისს ბერიას დააპატიმრებენ). ლავრენტი პავლოვიჩი იმპერიაში ერთ-ერთ ძლიერ, გავლენიან ფიგურად გადაიქცა, რისთვისაც ის ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში კარგა ხანს ემზადებოდა. ბერიამ მართლაც უზარმაზარი სამუშაო გასწია და ამის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი იაროსლავ გალანის მკვლელობა იყო.

პასუხგაუცემელი კითხვები

მიუხედავად გამოქვეყნებული ზღვა მასალისა, იაროსლავ გალანის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა.

უშიშროების დოკუმენტებიდან მტკიცდება, რომ გალანს ნაჯახი მისმა შინამოსამსახურემ, ევსტაფია დოვგუნმა ჩაარტყა. უფრო სწორად, ქალმა მას პირველი სამი დარტყმა მიაყენა. იმყოფებოდა თუ არა ამ დროს ბინაში ვინმე სხვა? დანამდვილებით ეს ცნობილი არ არის. საეჭვოა, ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, როგორიც გალანის მკვლელობა იყო, ჩეკისტებს მხოლოდ დოვგუნისთვის დაევალებინათ. თუმცა კვალი მხოლოდ დოვგუნმა დატოვა.

გალანის მეუღლე მარია კროტკოვა რომ სუკ-ის აგენტი იყო, ეს დამტკიცებულია. მაგრამ ისმის კითხვა: მონაწილეობდა თუ არა ის მკვლელობაში? კროტკოვამ ქმარს მილიციაში უჩივლა და მიაღწია, რომ გალანისთვის რევოლვერი ჩამოერთმიათ. რა იყო ეს, ცოლ-ქმრის ჩხუბი თუ გამოცდილი აგენტის მოხერხებული სვლა? ლავრენტი ბერიას სჭირდებოდა სკანდალი, რომლითაც სტალინს დაუდასტურებდა მინისტრ აბაკუმოვის უმწეობას. ამისთვის გამოდგა ე.წ. ბანდერელების მიერ კომუნისტი მწერლის, იაროსლავ გალანის მკვლელობა

ასევე უცნობია, თუ ვინ იმალებოდა იდუმალი გარბუზის გვარით. ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გარბუზის ისტორია ვლადიმირ ბელიაევმა შეთხზა. მას მართლაც ჰქონდა მოტივი გალანის მოსაკლავად, რადგან მისი ცოლის საყვარელი იყო. ბელიაევმაც შეთხზა ისტორია თვალთვალის თაობაზე გარბუზის პერსონაჟით, რათა მკვლელობაში არ დაედანაშაულებინათ. მწერალი პეტრო კოზლანიუკი კი დაიყოლია, რომ მისი ნაამბობი დაედასტურებინა. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიებია.

ამ კითხვებს პასუხი ალბათ ვერასოდეს გაეცემა.

* * *

გალანის მკვლელობის საქმის გადახედვა უკრაინის ოფიციალურმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ვერ გაბედა. ლუკაშევიჩისა და სტახურის რეაბილიტაციაზე უარი ითქვა. საბჭოური ვერსიაც, არსებითად, ძალაში დარჩა.

- ჩვენი ხელისუფლება იმხანად სუსტი იყო! რუსეთთან კონფრონტაციაც არავის სურდა, - წერს ცნობილი პოეტი ივან დრაჩი.

დღეს რუსეთ-უკრაინის ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. გალანის მკვლელობისთვის არავის სცალია.

როგორ მოიქცეოდა იაროსლავ გალანი, ცოცხალი რომ ყოფილიყო? ალბათ მტკიცე ანტიკომუნისტი და პატრიოტი იქნებოდა. მისი სახით უკრაინას მაღალპროფესიონალი, პატრიოტი დეპუტატი ეყოლებოდა. დონბასში ომის დაწყებისთანავე გალანი ალბათ ფრონტზეც წავიდოდა, მემარჯვენე სექტორის ბიჭებთან ერთად წინა ხაზზე იბრძოლებდა.

თუმცა ისტორია დაშვებებს არ ცნობს. მწერალს მისი საქმეებითა და ნაწარმოებებით აფასებენ. გალანმა დატოვა საკმაოდ კარგი პიესები, შესანიშნავი მოთხრობა "მთები ბოლავენ", ამავე დროს, პასკვილები უკრაინელ პატრიოტებზე, უკრაინულ ეკლესიაზე. მას ეკუთვნის ეს სიტყვებიც: "მოსკოვი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომლის მიმართაც გულგრილი არავინაა. კაცობრიობა ორ ბანაკადაა დაყოფილი: ვისაც მოსკოვი უყვარს და ვისაც იგი სძულს. გიყვარდეს მოსკოვი, ნიშნავს გჯეროდეს კაცობრიობის, მისი ნათელი მომავლის; გძულდეს მოსკოვი ნიშნავს იმას, რომ გძულდეს კაცობრიობა, გძულდეს მომავალი თაობები".

ამან განსაზღვრა უკრაინელთა დამოკიდებულება გალანისადმი. ხალხში დარჩა სიმღერა: იაროსლავ გალანი აუჩეხავთ ნაჯახით, / მოიშორა მოსკოვმა თავისივე ნაგავი!

გალანმა დატოვა დღიურები, საიდანაც ჩანს, რა უჯდებოდა მას რუსული დაკვეთების შესრულება. როცა დღიურს კითხულობ, უნებლიეთ გებადება კითხვა: იქნებ ხალხის განაჩენი მეტისმეტად მკაცრია?

შესაძლოა ასეც არის, თუმცა დღეს უკრაინაში კვლავ ომია. ასეთ დროს კი მიუკერძოებელი ვერ იქნები!

გავა დრო. უკრაინა დაიბრუნებს დონბასს, ყირიმს, დაიმკვიდრებს ადგილს ნატოსა თუ ევროკავშირში, გახდება მდიდარი, ძლიერი, აყვავებული ქვეყანა. იაროსლავ გალანსაც ობიექტურად, ემოციების გარეშე შეაფასებენ.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი" #100