ქრისტე და პირველი ქრისტიანები ბერძნულ-რომაულ წყაროებში - კვირის პალიტრა

ქრისტე და პირველი ქრისტიანები ბერძნულ-რომაულ წყაროებში

ანტიკური ავტორები იესოს ისტორიულ პიროვნებად იხსენიებენ

ქრისტიანობას საფუძველი რომის იმპერიის აღმოსავლეთში, პროვინცია სირიაში ჩაეყარა. პირველმა მონოთეისტურმა მსოფლიო რელიგიამ კაცობრიობის ყოფა-ცხოვრება და აზროვნება რადიკალურად შეცვალა. ცხადია, ქრისტეს მიერ ქადაგებული და მისი მოციქულების მიერ გავრცელებული მოძღვრება სრული სიახლე გახლდათ რომის იმპერიის მცხოვრებთათვის და ახალი მოძღვრება წარმართულ რომში ერთობ თავისებურად აღიქმებოდა.

ქრისტიანობის შესწავლისთვის არსებითია ანტიკური პერიოდის წერილობითი წყაროები, რომლებიც სამ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: 1. ქრისტიანული წყაროები, რომლებშიც ძირითადად ახალი აღთქმის წიგნები და ქრისტიანობის აპოლოგეტი ავტორები მოიაზრებიან; 2. იუდეური წყაროები; 3. ბერძნულ-რომაული წყაროები. ჩვენი მიზანი ანტიკური პერიოდის ბერძნულ-რომაული წყაროების შესწავლაა.

ანტიკური პერიოდის წარმართ ისტორიკოსებს შორის, რომლებიც ქრისტესა და პირველი ქრისტიანების შესახებ საუბრობენ, გამორჩეული ადგილი უჭირავს რომაელ ისტორიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს - პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსს (ახ.წ. 56-120). მას იმპერატორ ვესპასიანეს (ახ.წ. 69-79) მმართველობის პერიოდში სენატორის თანამდებობა ეკავა და ამავე დროს, იყო აზიის პროკონსული. ტაციტუსი თავის "ანალებში" (116 წ.), გადმოგვცემს რა იმპერატორ ნერონის (ახ.წ. 54-68) მიერ რომის გადაწვის ამბავს, დასძენს: "ხმები რომ გაეფანტა, ნერონმა მოძებნა დამნაშავენი და სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. ისინი თავიანთი სისაძაგლით საყოველთაო სიძულვილს იწვევდნენ და ბრბო მათ ქრისტიანებს უწოდებდა. ქრისტე, რომლის სახელისგან წარმოდგება ეს სახელწოდება, სიკვდილით დასაჯა ტიბერიუსის დროს პონტიუს პილატემ. დროებით ჩამცხრალმა ამ ბოროტმა ცრურწმენამ გამოაღწია... რომშიც... სადაც ყოველი მხრიდან მოედინება ყოველგვარი საზიზღრობა და აქ პოულობს მიმდევრებს". იმავდროულად, იგი აღნიშნავდა: მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები, თუმცა დამნაშავენი იყვნენ და იმსახურებდნენ უკიდურესად მკაცრ სასჯელს, მათ მიმართ სიბრალულის გრძნობა იბადებოდა, ვინაიდან ისინი ნადგურდებოდნენ არა საზოგადოებრივი სიკეთისთვის, არამედ ერთი ადამიანის სისასტიკის გამო. პლინიუს უმცროსის სკულპტურა იტალიის ქალაქ კომოს საკათედრო ტაძრის ფასადზე

ამგვარად, ტაციტუსი ქრისტიანობას წარმოადგენს, როგორც დესტრუქციულ ცრურწმენას, რომლის მიმდევრები სძულდათ რომაელებს. აქვეა მითითება ქრისტიანობის ძალიან სწრაფ გავრცელებაზე. ტაციტუსის ცნობით, ქრისტიანებმა ეს სახელი მიიღეს "ქრისტუსად" წოდებული პიროვნებისგან და ქრისტე სიკვდილით დასაჯა პილატემ (ახ.წ. 26-36) იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობის პერიოდში (ახ.წ. 14-37).

ქრისტიანების დევნის შესახებ ერთ-ერთ უადრეს ცნობას ვხვდებით რომაელი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის, პლინიუს უმცროსის (ახ.წ. 61-113) შრომებშიც. პლინიუსი, თავისი "წერილების" მეათე წიგნში ქრისტიანთა შესახებ საუბრობს. ეს წიგნი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა და მასში გადმოცემულია იმპერატორ ტრაიანესა (ახ.წ. 98-117) და პლინიუსის მიმოწერა, როდესაც ეს უკანასკნელი ლეგატად მსახურობდა პონტოსა და ბითინიის გაერთიანებულ რომაულ პროვინციაში. მასთან, როგორც ხელისუფალთან, ხშირად შეჰქონდათ საჩივრები ქრისტიანების წინააღმდეგ. "აი, ასეთი ზომები მივიღე მათ მიმართ, - წერს პლინიუსი იმპერატორ ტრაიანეს, - ვისაც ქრისტიანობაში ედებოდა ბრალი. თავიდან ვეკითხებოდი, ნამდვილად ქრისტიანები იყვნენ თუ არა. თუ დამიდასტურებდნენ, მეორედ და მესამედ ვეკითხებოდი და თან დასჯით ვემუქრებოდი. და თუ მაინც იტყოდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, სიკვდილით ვსჯიდი". აგრძელებს რა ქრისტიანებზე საუბარს, პლინიუსი ასევე წერს: "მხოლოდ მათ ვათავისუფლებდი, ვინც... ჩემთან ერთად მოუხმობდა [წარმართ] ღვთაებებს; თაყვანს სცემდა, საკმეველს უკმევდა და ღვინოს უღვრიდა თქვენს გამოსახულებას... და წყევლიდა ქრისტეს" (წერილები, X, 96-97).

პლინიუსს კონკრეტული შეკითხვაც აქვს იმპერატორთან: ქრისტიანები უნდა დასაჯოს მხოლოდ ქრისტიანობისთვის თუ მაშინ, როცა ისინი რამეს დააშავებენ. ამ კითხვაზე ტრაიანე პასუხობს, რომ სახელი, ესე იგი თავად ქრისტიანობა, უკვე გულისხმობს დანაშაულს. თუმცა იქვე უბრძანებს, ნუ ეცდება მოძებნოს ქრისტიანები და არ მიაქციოს ყურადღება დაბეზღებებს, მაგრამ თუ ვინმეს ქრისტიანობა დაუმტკიცდება და ის რწმენას არ შეიცვლის, აუცილებლად დასაჯოს სიკვდილით.

რომაელი მოღვაწე იმპერატორს ქრისტიანთა ცხოვრების შესახებაც მოუთხრობს. ამცნობს, როგორ იკრიბებიან ისინი განთიადზე, უგალობენ და ადიდებენ ქრისტეს, როგორც ღმერთს და მათ შეკრებებში არაფერი დანაშაულებრივი არ შეინიშნება. ფიცს დებენ, რომ იცხოვრებენ პატიოსნად, არ მოიპარავენ, არ იცრუებენ და წმინდად დაიცავენ თავიანთ აღთქმებს. პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი. სკულპტურა ვენის პარლამენტის წინ

პლინიუს უმცროსის წერილში გადმოცემულია ერთი საინტერესო ამბავი. ვიღაც უცნობმა მასთან საჩივარი შეიტანა, რომელშიც ბრალს სდებდა კონკრეტულ ადამიანებს ქრისტიანობაში. საკუთარი "უდანაშაულობის" დამტკიცების მიზნით, ამ უკანასკნელებმა მოითხოვეს წარმართულ რიტუალში მონაწილეობა, რამაც წერილის ადრესატი მათ უდანაშაულობაში დაარწმუნა. "რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანები შეუძლებელია ამაზე დაიყოლიო" - წერს პლინიუსი ტრაიანეს და ამით ხაზს უსვამს ქრისტიანების სიმტკიცესა და ქრისტეს მოძღვრებისადმი ერთგულებას.

ამდენად, პლინიუს უმცროსის ტრაიანესადმი მიწერილი წერილიდან ვიგებთ საგულისხმო ცნობებს პირველი ქრისტიანების ცხოვრებისა და მათი დევნის შესახებ. ქრისტიანები რეგულარულად იკრიბებიან, რათა თაყვანი სცენ იესოს, როგორც ღმერთს - ეს ალბათ ყველაზე არსებითია ამ ცნობებს შორის.

ამავე პერიოდში მოღვაწეობდა კიდევ ერთი რომაელი ისტორიკოსი, ენციკლოპედისტი და მწერალი გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (ახ.წ. 75-140). სვეტონიუსის შემოქმედებიდან გამოსარჩევია "12 კეისრის ცხოვრება", რომელშიც გადმოცემულია რომის იმპერატორების ბიოგრაფია იულიუს კეისრიდან იმპერატორ დომიციანემდე. ნაწარმოების ერთ-ერთ ნაწილში, კერძოდ, "კლავდიუსის ცხოვრებაში", მწერალი საუბრობს რომში მომხდარ არეულობაზე, რომელიც, როგორც ჩანს, გამოიწვია იუდეველებს შორის არსებულმა დაუსრულებელმა კამათმა ქრისტეს შესახებ. სვეტონიუსი წერს: "იუდეველები სულ აღელვებული ქრისტუმის [ქრისტეს] გამო [კლავდიუსმა] {ახ.წ. 41-54} რომიდან გარეკა" (ღვთაებრივი კლავდიუსი, XXV, 4). სხვაგან კი, იმპერატორ ნერონის პერიოდზე საუბრისას, აღნიშნავს: "იმპერატორმა სასჯელი დაუწესა ქრისტიანებს, რომლებიც ახალი ცრურწმენით დასნეულდნენ" (ნერონი, XVI, 2). აქედან გამომდინარე, ცხადია, სვეტონიუსმა იცის, რომ I საუკუნის 60-იან წლებში ქრისტიანები ერთი მოძღვრების ქვეშ გაერთიანებულ რელიგიურ ორგანიზაციას წარმოადგენენ, რომლებიც ახალი რელიგიის დამფუძნებლის - ქრისტეს სახელის მატარებელი არიან.

ქრისტიანების შესახებ მოგვითხრობს ბერძენი მწერალი-სატირიკოსი, ლუკიანე სამოსატელიც (ახ.წ. 120-190). მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიაში, შემდეგ კი ლოგოგრაფოსობას მიჰყო ხელი. მეცნიერები ლუკიანეს მეორე სოფისტიკის წარმომადგენლად მიიჩნევენ, რომელიც იმპერატორ ადრიანეს პერიოდიდან დაიწყო. ბერძენი სატირიკოსის თავდასხმის ობიექტს წარმოადგენდა ყველა რელიგია თუ მაგია და რა თქმა უნდა, ქრისტიანობაც არ გამორჩენია მხედველობიდან. ქრისტესა და მისი მიმდევრების შესახებ იგი საუბრობს თავის ნაშრომში "პერეგრინის ცხოვრება". იგი წერს: "ქრისტიანები კი, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ეთაყვანებიან იმ ადამიანს, რომელიც ჯვარს აცვეს პალესტინაში, რადგან მან ცხოვრებაში ახალი წეს-ჩვეულებანი დანერგა" (პერეგრინის ცხოვრება, 11, 23). შემდგომ აგრძელებს საუბარს და ერთ-ერთ მონაკვეთში იესოს "ჯვარზე გაკრულ სოფისტს" უწოდებს. აქვე ახასიათებს ქრისტიანებს და გადმოგვცემს მათ დამოკიდებულებას სიკვდილთან: "ამ საწყლებმა დაიჯერეს, რომ მთლად უკვდავნი იქნებიან და მარად იცოცხლებენ. ქრისტიანებს სძაგთ სიკვდილი, ბევრი მათგანი კი თვითონ ეძიებს მას.

მაგათმა პირველმა სჯულმდებელმა დაარწმუნა ისინი, რომ მას შემდეგ, რაც ბერძნული ღმერთებისგან განიდრიკებიან, აღიარებენ ჯვარზე გაკრულ სოფისტს და მისი კანონების თანახმად იცხოვრებენ, ერთმანეთის ძმები გახდებიან. ამიტომ მათ, ამ მოძღვრებას კრიტიკის გარეშე მინდობილთ, ერთნაირად სძულთ ყოველგვარი სიმდიდრე და თუკი მათთან მივა ვინმე თაღლითი, დიდოსტატი თავისი საქმისა და შექმნილი მდგომარეობით ისარგებლებს, ის მოკლე დროში დიდძალ ქონებას დაიდებს და ამ მიამიტებსაც გააბიაბრუებს" (პერეგრინის ცხოვრება, 13, 24). მოცემულ ეპიზოდში, გარდა იმისა, რომ ლუკიანე ქრისტეზე საუბრობს როგორც ქრისტიანების ჯვარცმულ წინამძღოლზე, ფაქტობრივად, თავისი თვალით დანახულ ქრისტიანის, ქრისტეს მიმდევრის სულიერი პორტრეტსაც გვიხატავს, რაც საინტერესო ისტორიული მოწმობაა.

პირველი ქრისტიანების შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული კლიმენტი ალექსანდრიელისა და ამონიუს საკას მოწაფესთან - ორიგენესთან (185-251). კერძოდ, მის თხზულებაში "ცელსუსის წინააღმდეგ", რომელშიც ორიგენე გამოდის ქრისტიანების ყველაზე დიდი კრიტიკოსის, ცელსუსის საპირისპიროდ და ქრისტიანებთან დაკავშირებით მის თვალსაზრისს აკრიტიკებს. ნიშანდობლივია, რომ თვით ცელსუსის ნაშრომს ჩვენამდე არ მოუღწევია, მის შესახებ სწორედ ორიგენეს ნაშრომიდან ვიგებთ. ორიგენეს ცნობით, ცელსუსი ბრალს სდებდა ქრისტეს, რომ მან ქალწულისგან დაბადება გამოიგონა. მისი თქმით, ქრისტეს ჰყავდა მიწიერი მამა, რომელიც იყო ხურო (ცელსუსის წინააღმდეგ, I, 28).

საკითხის შესწავლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის აგრეთვე, III საუკუნის ქრისტიანი მოღვაწე და მწერალი - იულიუს აფრიკანუსი (160-240), რომლის ნაშრომშიც დაცულია ცნობები თალუსისა (ახ.წ. 52) და ფლეგონის (ახ.წ. II საუკუნე) (ქრონოგრაფია) შესახებ. ქრისტე პანტოკრატორი. რომაული მოზაიკა სანტა პუდენციანას ტაძარში (რომი, 410 წ.)

კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ თალუსი თავის მესამე წიგნში წერდა იმპერატორ ტიბერიუსის პერიოდში არსებულ მზის დაბნელებაზე, რომ სიბნელე, რომელიც ჩამოწვა იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობის პერიოდში, იყო მზის დაბნელების შედეგი. ამდენად, ქრისტეს ჯვარცმის დროს ჩამოწოლილ სიბნელეს ის განიხილავს, როგორც ბუნებრივ მოვლენას, რასაც თავის მხრივ არგუმენტირებულად უარყოფს იულიუს აფრიკანუსი (იულიუს აფრიკანუსი, ქრონოგრაფია, XVIII, 1). რაც შეეხება ბერძენ მწერალს ფლეგონს (ახ.წ. 80-140), იულიუს აფრიკანუსის ცნობით, ფლეგონი წერდა ტიბერიუს კეისრის პერიოდში ჯვარცმის დროს ჩამოწოლილ სიბნელეზე და ამ მოვლენას ისიც მზის დაბნელებით ხსნიდა (იულიუს აფრიკანუსი, ქრონოგრაფია, XVIII, 1). საინტერესოა ფლეგონის მიერ ქრისტეს შესახებ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თაობაზეც უკვე ორიგენე საუბრობს. კერძოდ, ქრისტიანი თეოლოგის მიხედვით, ფლეგონი წერდა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ქრისტეს მიერ მომავლის წინასწარმეტყველების უნარი, აღდგომა და ჭრილობები, რომლიც მან ჯვარცმის შედეგად მიიღო (ცელსუსის წინააღმდეგ, წიგნი II, თავი 14, 33, 59).

მართალია, ზემოთ ხსენებული ბოლო სამი ავტორის - ცელსუსის, თალუსისა და ფლეგონის ნაშრომებს ჩვენამდე არ მოუღწევია და მათ შესახებ უფრო გვიანდელ წყაროებს ვეყრდნობით, მაგრამ ამ ავტორების შესახებ ცნობების მოყვანა აუცილებლად მივიჩნიეთ, რადგან ჩვენი მიზანი ანტიკური (წარმართი) ავტორების ცნობების მოძიებაა, სადაც ისინი პირველი ქრისტიანების შესახებ მოგვითხრობდნენ.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ანტიკური პერიოდის წარმართული წყაროები მწირ, თუმცა საკმაოდ საინტერესო ცნობებს შეიცავენ ქრისტესა და პირველი ქრისტიანული თემების შესახებ. ქრისტიანობის მიმართ ამ პერიოდის წარმართი მწერლების დაინტერესება ძირითადად განპირობებული იყო საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისა და დაცვის თვალსაზრისით. ქრისტეს მიმდევრები კი ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც რომაელთა მტკიცე რწმენით, იმპერიაში არეულობა და შფოთი შეჰქონდათ. მაგრამ სწორედ ეს ფაქტი, რომ ანტიკური პერიოდის მწერლები, ფაქტობრივად, სასხვათაშორისოდ, გაკვრით ახსენებენ ქრისტესა და მის მიმდევრებს, ვფიქრობ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ წყაროებს - ზემოთ მოყვანილი წარმართული წყაროები წარმოადგენენ ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს იესო ქრისტეს, როგორც ისტორიული პიროვნების არსებობის დასასაბუთებლად.

გიორგი მაჭარაშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბაკალავრიატის II კურსი

ჟურნალი "ისტორიანი" #100