აღდგომის ტაძრის "წმინდა კარი", საკეტები და მეკლიტურები - კვირის პალიტრა

აღდგომის ტაძრის "წმინდა კარი", საკეტები და მეკლიტურები

ქრისტეს აღდგომის (უფლის საფლავის) გრანდიოზული სატაძრო კომპლექსი უფლის ჯვარცმისა და დაკრძალვის ადგილას დგას და საერთო ჭერქვეშ სხვადასხვა დიდ თუ მცირე სამლოცველოს აერთიანებს. თავდაპირველად ამ საკრალურ ადგილას გვერდიგვერდ, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იდგა გოლგოთის ბაზილიკა და ქრისტეს საფლავის ტაძარი. მათი აქ 326-335 წლებში აგება დედოფალ ელენესა და მისი ძის, იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელებთან არის დაკავშირებული. საუკუნეთა განმავლობაში ტაძრის ხუროთმოძღვრულმა იერსახემ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, რადგან მას არ დაჰკლებია არც მტრებისგან ძარცვა-რბევა, არც ხანძრებისა და მიწისძვრებისგან ზემოქმედება. თითქმის ყველა ასეთი ფაქტი ჩვენთვის ცნობილია ძველი ქრონიკების წყალობით.

1099 წლის 15 ივლისს ევროპელმა ჯვაროსნებმა შტურმით აიღეს იერუსალიმის ციხე-ქალაქი. მათი აქ ბატონობისას, 1130-1149 წლებში ტაძარს ყოვლისმომცველი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. განახლდა მაცხოვრის საფლავი (კუვუკლია), აღდგომისა და გოლგოთის მანამდე დამოუკიდებლად მდებარე სამლოცველოები კი ერთ ჭერქვეშ, ერთიან სატაძრო კომპლექსში მოექცა. მართალია, დროდადრო აღდგომის ტაძარს შემდგომშიც უტარდებოდა აღდგენითი სამუშაოები, ბევრი რამ იცვლებოდა მის ინტერიერში, მაგრამ, შუა საუკუნეების დროინდელი მისი გარეგნული იერსახე (თუ არ ჩავთვლით ხანძრის შედეგად განადგურებულ აღმოსავლეთ აფსიდას) არსებითად აღარ შეცვლილა. ტაძარმა ჩვენს დრომდე ჯვაროსნების დროინდელი, რომანული ხუროთმოძღვრული ნაგებობის სახით მოაღწია.

აღდგომის ტაძრის გამოსასვლელი კარი ქვით არის ამოშენებული

"წმინდა კარი"

აღდგომის ტაძრის კომპლექსში შემავალ ყველა დიდ თუ მცირე სამლოცველოს თავისი კონკრეტული მფლობელი ჰყავს ამა თუ იმ კონფესიის მხრიდან. ტაძრის ეს შიდა მონაკვეთები წარსულში ხშირად გამხდარა მათ შორის ურთიერთცილობის მიზეზი. დავის საგანს წარმოადგენდა არა მხოლოდ აღდგომის ტაძრის შიგნით არსებული სივრცეები (სამწირველოები, ტალანები), არამედ ტაძრის კლიტენიც, რომელთა ფლობის ფაქტი ხაზს უსვამდა სხვათაგან ერთი რომელიმე კონფესიის გამორჩეულობას.

როდესაც ჯვაროსნებმა მაცხოვრის საფლავისა და გოლგოთის სამლოცველოები ერთ ჭერქვეშ მოაქციეს, ტაძარს გაუკეთეს ერთდროულად ორი კარი, გვერდიგვერდ, მაგრამ შემსვლელ-გამომსვლელთათვის ცალ-ცალკე (ტაძარში განსაწმენდად შემსვლელნი და იქიდან უკვე განწმენდილი გამომსვლელნი ერთმანეთს არ უნდა შეჰხებოდნენ). სულტან სალაჰ ად-დინის მმართველობის პერიოდში ტაძრიდან გამოსასვლელი კარი გაუქმდა, ღიობი კი ქვით ამოაშენეს. ტაძრის სიწმინდიდან გამომდინარე, მის ერთადერთ დარჩენილ შესასვლელს მორწმუნეები "წმინდა კარს" უწოდებდნენ. მუსლიმი მმართველები აღდგომის ტაძარზე კონტროლის დამყარებით, ერთი მხრივ, ხაზს უსვამდნენ საკუთარ უპირატესობას ქრისტიანულ თემზე და მეორე მხრივ, ფინანსური ინტერესიც ამოძრავებდათ. მათ პილიგრიმებს ტაძარში შესვლისთვის ქირა (ალ-ხაფარა) დაუწესეს. 1834 წლამდე ეკლესიის კართან მუდმივად იდგნენ ამ ქირის ამკრეფნი ალ-დარვიშის ოჯახიდან.

აღდგომის ტაძრის ორფრთიანი კარი შიდა მხრიდან ლითონის ფურცლებისგან არის შეკრული, გარე ზედაპირს კი ფიჭვისა და კაკლის ხის მასალის საფარი აქვს გადაკრული. კარის არსებული ექსტერიერი მნახველს უქმნის მოჩვენებით შთაბეჭდილებას, რომ ის მთლიანად ხისაა. სინამდვილეში, ჯვაროსნების მიერ ტაძრისთვის შებმული 6 მეტრი სიმაღლისა და სიგანით 3 მეტრს აღმატებული კარი დღემდე არსებითად არ შეცვლილა. საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა მხოლოდ მისი ხის ექსტერიერი. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი და ბოლოსწინა მსგავსი ცვლილება ქართველებს უკავშირდება. უკანასკნელად კი ეს 1808 წლის 30 სექტემბერს, ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ მოხდა.

ვაჯი ნუსეიბი (ცენტრში) და ადიბ ჯუდე ალ-ჰუსეინი (მარჯვნივ)

"წმინდა კარის" განახლება ბეენა ჩოლოყაშვილის მიერ აღდგომის ტაძრის კარის მეკლიტურები.

1512-1514 წლებში წმინდა მიწაზე საგანგებო დავალებით მივლინებული, კახეთის მეფის ავგიორგის (1511-1513) ყოფილი სახლთუხუცესი ბეენა ჩოლოყაშვილი აქტიურად ჩაება ადგილზე ქართული სამონასტრო თემის პოზიციების განმტკიცების საქმეში. ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებში გვხვდება ცნობები გოლგოთის სამლოცველოსა და იერუსალიმის წმინდა იაკობის მონასტრის გარშემო სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან (ფრანცისკანელებთან, სომხებთან) ბეენას მიერ წარმართული დავების შესახებ. გვაქვს ცნობები მის მიერ აღდგომის ტაძრის კარის განახლების შესახებაც.

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერში თავად ბეენა ჩოლოყაშვილი წერს: "ამა წიგნისა მეორედ შემკაზმავსა, ჩოლაყას შვილსა ბეენასა შეუნდნეს ღმერთმან. ქრონიკონსა სბ (202+1312=1514 წ.) შეიკაზმა და ამა კუირასა, დღესა სამშაბათსა, მეორესა ჟამსა ღამისასა, შევაბი აღდგომის კარნი, ნებითა ღმრთისათა. შენდობა ყავთ მადლსა ღმრთისსა, ძმანო". აღნიშნულ ფაქტზე გვაქვს მოწმობა 1514 წლის 23 იანვრით დათარიღებული არაბულ საბუთშიც, სადაც ნათქვამია შემდეგი: "ქართველებმა შეატყობინეს ჩვენს სამეფო სადგომებს, რომ მათ კუმამაში არის კარები, რომელიც მუდამ იღება და იკეტება ქრისტიანული რელიგიური თემისათვის. მისი ხის ფიცარი უკვე დაიღრღნა, დაიმტვრა და დაუცველია ის ნივთები, რომლებიც მათ ხსენებულ ადგილზეა, მისი დამტვრევისა და მისი კიდეების დაშლის გამო. დაე, ამაღლებულმა ღირსებამ გამოსცეს კურთხეული ბრძანება და მოიწვიოს მთავარი ყადი და ისლამის შაიხები, განიხილოს ის, მისცეს მათ ნება კუმამას ხსენებული კარების შეკეთებისა თავისი თანხმობით. იახლოს მფარველობის ქვეშ მყოფი ხალხი, თავისი ხის ფიცრებით. დასრულდეს ის, რასაც საჭიროებს წესისამებრ, სიგრძე-სიგანით, სისქით და დაიკავოს თავისი ადგილი, სადაც არის ამჟამად, მორთულობის გარეშე, გაიღოს და არ გაიღოს წესისამებრ, ყველაფერი ეს კანონიერი გზით...და იყოს, რაც ნახსენებია, თანდასწრებით ამაღლებული ღირსების და ყადიების წარმომადგენლისა და მუსლიმი ხუროთმოძღვრისა, რომელიც შეასრულებს ამ საქმეს, მათი თანდასწრებით" (იხ. გოჩა ჯაფარიძე. ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში, 2018, გვ.: 288-289).

ეს ბრძანებულება 1514 წლის თებერვლის რომელიღაც სამშაბათს, ღამის ორ საათზე აღსრულდა. ბეენას მხრიდან აღნიშნულ ქმედებას, გარდა ბრძანებულებაში დასახელებულისა (ტაძარში არსებული ნივთების დაცულობა), მიზეზი სხვაც შეიძლება ჰქონოდა. ქართველ ჯვარის მამას მანამდე მძაფრი კონფლიქტი ჰქონდა ფრანცისკანელთა თემთან გოლგოთის სამლოცველოსთან დაკავშირებით; დაუმსხვრია საკურთხეველი და ტაძრიდან დაიფრინა ისინი. და აი, ამ ვითარებაში ბეენას ინიციატივა ტაძრის უკვე ყავლგასული კარის ხის საფრის შეცვლის შესახებ ხაზს უსვამდა ქართული თემის ამბიციას პირველობაზე აღდგომის ტაძარსა და არსებითად, იერუსალიმში წარმოდგენილ ქრისტიანულ კონფესიებს შორის. ბრძანებულების ტექსტიდან ჩანს, რომ შეიცვალა არა თავად კარი, არამედ მისი ხის ზედაპირი ყოველგვარი მორთულობის გარეშე. მოგვიანებით იერუსალიმში მყოფ ოკრიბელ მღვდელ-მონაზონ ლავრენტი გოგოლაძეს კარის ხის საფარზე კახთა მეფე ავგიორგის მოსახსენიებელი წარწერა უხილავს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სწორედ ბეენა ჩოლოყაშვილი გაისარჯა ყოფილი პატრონის სახელის უკვდავსაყოფად. სამწუხაროდ, 1808 წელს ტაძარში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა კარის მაშინდელი ხის საფარი და მასთან ერთად წარწერაც უკვალოდ გაანადგურა.

ზემოთ ნახსენებ ბრძანებულებაში, სხვათა შორის, ისიც ჩანს, რომ ტაძრის კარი იღებოდა და იკეტებოდა მიღებული წესის მიხედვით, რაც, თავის მხრივ, ირიბად გვაგულებინებს იმ დროს კარის მეკლიტურთა არსებობასაც.

კიბეზე იაყუბ ნუსეიბი, ვაჯი ნუსეიბის მამა, რომელიც 1936 წელს გრიგოლ ფერაძეს შეხვედრია ტაძრის კართან. გადაღებულია 1934 წ.

ტაძრის მუსლიმი მეკლიტურენი

აღდგომის ტაძარს ძველთაგან ჰყავს თავისი მეკლიტურები. ისინი მუსლიმი არაბების ორი ოჯახის - ჯუდე ალ-ჰუსეინისა და ნუსეიბის წრიდან არიან. პირველს ტაძრის გასაღები აბარია, მეორეს კი ყოველდღიურად, დილა-საღამოს კარის გაღება და დაკეტვა ევალება. რაც შეეხება ტაძრის მეკლიტურებად ამ ოჯახების შერჩევის თარიღს, ისტორიკოსთა შორის ერთიანი აზრი არ არსებობს. ერთი გადმოცემით, ისინი სალაჰ ად-დინის დროს, 1192 წელს შეარჩიეს იმ მიზნით, რომ აღეკვეთათ ქრისტიანულ კონფესიებს შორის დავა ტაძრის გასაღების ფლობაზე. სხვა ვერსიით, ეს მოხდა 1245 ან 1249 წელს, სულტან ას-სალიჰ აიუბის (1240-1249 წწ.) მმართველობისას.

აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ზოგჯერ ჯუდესა და ნუსეიბის საგვარეულოთა წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ვერსიებიცაა. აღდგომის ტაძართან დაკავშირებით ამ ორ გვარს შორის ფუნქციები, მართალია, ერთმანეთისგან გამიჯნულია, მაგრამ საკუთარი მისიის მნიშვნელობის უპირატესობის წარმოსაჩენად და დასაძველებლად ეს ოჯახები ხშირად იშველიებენ მათ ხელთ არსებულ თუ არარსებულ არგუმენტებს. შედეგად, ითხზვება და ვრცელდება ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიები. ორივე ოჯახის წრეში შეინიშნება მცდელობა, თავიანთი მოდგმა ისლამის ფუძემდებელ მუჰამედის საახლობლო წრეს დაუკავშირონ. ამის შესახებ ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ ამ საგვარეულოთა დღევანდელი წარმომადგენლების პოზიციას მათივე სტანდარტული მონათხრობის საფუძველზე.

ვაჯი ნუსეიბი (71 წლის): "638 წელს არაბთა ხალიფა ომარ იბნ ალ-ჰატაბმა ორწლიანი ალყის შემდეგ აიღო იერუსალიმი. თავის წინამძღოლს მოჰყვა აქ ჰიჯაზიდან ალ-ხაზრაჯის ტომისაგანი ნუსეიბის წარჩინებული ოჯახობაც. როცა მუსლიმები იერუსალიმში შემოვიდნენ, პატრიარქმა სოფრონიუსმა ხალიფა ამალითურთ აღდგომის ტაძარში მიიწვია, დაათვალიერებინა იქაური სიწმინდეები და გადასცა მას როგორც ქალაქის კლიტენი, ისე ქრისტიანთა უმთავრესი ტაძრის გასაღებიც. ხალიფა ომარმა კი ის ჩემს წინაპარს - აბდულა იბნ ნუსეიბს ჩააბარა. მას შემდგომ ჩვენი ოჯახის წარმომადგენლები აღდგომის ტაძრის კარის მცველებად მსახურობენ. რაც შეეხება ტაძრის ამჟამინდელ გასაღებს, ის ჩვენს გვარში მემკვიდრეობით გადაეცემა 1524 წლიდან მოყოლებული დღემდე, პრაქტიკულად წმინდა მიწაზე ოსმალთა მმართველობის დასაწყისიდან. 1516 წელს, როდესაც ოსმალთა სულტანი სელიმი მართავდა იერუსალიმს, მან ეკლესიაში იმ დროს არსებული პრობლემების გამო ხელშეკრულებაში ჩაწერა ჯუდეს გვარიც. სულტანმა ორივე ოჯახს ამცნო, რომ ყოველ კონფესიას ჰქონდა ტაძრის სხვადასხვა ნაწილებთან მიახლების უფლება. თუმცა, იყო გარკვეული მსჯელობაც, რადგან ჯუდეს ოჯახი ითხოვდა უსაფრთხოების გარანტიას, რადგან ისინი სამხედრო ოფიცრები იყვნენ. გასაღები გადმოეცა ჩვენს ოჯახს, ხოლო ჯუდეს ოჯახობას დაევალა ყოველდღიურად, დილა-საღამოს კარის გაღება და დაკეტვა. შემდგომში, 1831 წლიდან გასაღების მცველებად ჯუდეს გვარის წარმომადგენლები დაინიშნენ, ხოლო კარის გაღების უფლება დარჩა ჩვენთან, ნუსეიბის გვარში. ყოველ დილით სომხური ეკლესიის წარმომადგენელი მიხდის 25 შეკელს, ამდენივეს ფრანცისკანელთა წარმომადგენელი, ხოლო ბერძნები 500 შეკელს. თვეში ამრიგად მიგროვდება 16-17 ათასი შეკელი ანუ დაახლოებით 4 ათასი ევრო. სირიელები, კოპტები და ეთიოპიელები 1852-1853 წლების სტატუს კვოს მიხედვით ქირისგან თავისუფალი არიან. აღდგომის ტაძრის მეკლიტურობის ფუნქცია მე 1986 წელს მამისგან, იაყუბ ჰუსეინ ნუსეიბისგან გადმომეცა. მას თავის მხრივ ეს მისია 1967 წელს ასევე მამისგან ერგო. თუ ჩემი ვაჟი ობედი ჩემ შემდეგ არ ისურვებს ამ საქმის გაძღოლას, მაშინ მეკლიტურობას ჩემი ძმა ან ძმისშვილი განაგრძობს მომავალში".

ადიბ ჯუდე ალ-ჰუსეინი (57 წლის): "სულტან სალაჰ ად-დინ აიუბი ცდილობდა ყოფილიყო ხალიფა ომარ იბნ-ჰატაბის მითითების ერთგული მიმდევარი, რათა უზრუნველეყო ქრისტიანთა სამლოცველოების დაცვა და მიეცა ქრისტიანებისთვის მშვიდობიან გარემოში ცხოვრების საშუალება. მან ბრძანა, რომ ეკლესიის კლიტეები მიებარებინათ ალაჰის მოციქულ მუჰამედის ნათესავ ჯუდე ალ-ჰუსეინი ალ-გოდაიას ოჯახის წევრებისთვის. იმ დროს ეს ოჯახი წმინდა მიწის წარჩინებულთა ნაწილს წარმოადგენდა, მის წევრებს მაღალი თანამდებობები ეჭირათ ქალაქში და პირველ ყოვლისა, ალ-აქსას მეჩეთში. გასაღების გარდა, ჩვენს გვარს აბარია წმინდა საფლავის ბეჭედიც, რომლითაც იბეჭდება ცვილის ლუქი საფლავის კარზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის წინა დღეს, წითელ პარასკევს. იმის სარწმუნებლად, რომ ტაძრის გასაღები 850 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჯუდეს ოჯახში ინახება, ჩვენ გაგვაჩნია სამეფო ბრძანებულებათა 165 ფირმანი. საკეტები, რომლებიც ჩვენს ოჯახს 1149 წლიდან აბარია, არასოდეს შეცვლილა. ტაძრის კარიც ასევე ჯვაროსნების დროინდელია. 1149 წლამდე ეს კარი ისევე არ არსებობდა, როგორც გასაღები მთლიანად ტაძრისთვის. ხალიფა ომარის დროს იყო მხოლოდ რამდენიმე გადასასვლელი, სადაც სამი დამოუკიდებელი ეკლესია იყო განთავსებული - წმიდა საფლავისა, კალვარისა (გოლგოთა) და წმინდა ელენე დედოფლის გამოქვაბულისა. სხვათა შორის, ხალიფა ომარმა პატრიარქ სოფრონიუსს გადასცა არა ტაძრის კლიტეები, არამედ იერუსალიმისა. ეს ჩვენი ოჯახი იყო, რომელმაც წმინდა საფლავის ეკლესიაში ნუსეიბის ოჯახის წარმომადგენელი დააყენა მცველად და ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ შეიხების ოჯახი ვართ, შეიხებს კი არ ეკადრებოდათ ყოველდღიურად კიბეზე აბობღება. ტაძრის გასაღები მე მემკვიდრეობით გადმომეცა მამისგან 1992 წელს. როცა მოვა ამის დრო, ტრადიციისამებრ ამ გასაღებს ჩემი რომელიმე შვილი გადაიბარებს".

ცხადია, ამ მონათხრობში ბევრი რამ უზუსტოდ და ტენდენციურად არის წარმოდგენილი, რის მიზეზებზეც ზემოთ უკვე მივუთითეთ. ტრადიცია მაცხოვრის აღდგომის ტაძრის მეკლიტურებად ამ ორი საგვარეულოს წარმომადგენლების ყოფნის შესახებ დოკუმენტურად მხოლოდ XVI საუკუნიდან, ოტომანთა ბატონობის პერიოდის დასაწყისიდან დასტურდება. არც ერთ ოჯახს ამაზე ადრინდელი იურიდიული საბუთი პირად არქივში არ გააჩნია.

ტაძრის კარის გასაღები და საკეტები

აღდგომის ტაძრის მთავარი შესასვლელი კარის გასაღები, ვნების კვირის სამი დღის გარდა, მუდმივად ჯუდეს ოჯახში ინახება. აღდგომის კვირაში, დიდ ხუთშაბათს ის ფრანცისკანელებს ეძლევათ შესანახად, წითელ პარასკევს - მართლმადიდებელ ბერძნებს, ხოლო დიდ შაბათს - სომხებს. ადიბ ჯუდე ალ-ჰუსეინის მტკიცებით, გასაღები მის საგვარეულოს ხალიფა ომარის დროიდან აქვს მიბარებული და ის მათ მხოლოდ ჯვაროსნების იერუსალიმში მმართველობის პერიოდში (1099-1187 წწ.) დაკარგეს. სალაჰ ად-დინის მიერ იერუსალიმის აღების შემდგომ მათ თითქოს ტაძრის გასაღებზე თავისი უფლებები ისევ აღადგინეს. ადვილი შესამჩნევია, რომ მეკლიტურის მტკიცების პირველი ნაწილი მისივე იმ ნათქვამს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად ჯვაროსნებამდე ტაძრის ამჟამინდელი კარი საერთოდ არ არსებობდა. ეს შეუსაბამობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნუსეიბის ოჯახის წევრთა განცხადებებში.

ტაძრის ამჟამინდელი გასაღების სიგრძე 30 სანტიმეტრს აღწევს და 250 გრამს იწონის. ადიბ ჯუდეს მიაჩნია, რომ გასაღების ასაკი დაახლოებით 800 წელს ითვლის. ვაჯი ნუსეიბის სიტყვით კი, ის ოტომანთა ბატონობის დასაწყისში, დაახლოებით 1524 წელს არის დამზადებული.

ამასთანავე, ცნობილია ისიც, რომ ასი წლის წინ გასაღები მოიპარეს და შემდეგ მისმა აღდგენამ მოუწიათ. გასაღების ძველი ასლიც ხშირი ხმარებისგან გატყდა და აღდგენილი სახით ამჟამად აღდგომის ტაძრის ერთ-ერთ სენაკში ინახება, როგორც იტყვიან, ყოველი შემთხვევისთვის.

აღდგომის ტაძრის 6 მეტრი სიმაღლის კარზე ორი საკეტია. ქვედა (კარის მარჯვენა ფრთაზე) მიწის ზედაპირიდან 2,5 მეტრ სიმაღლეზეა, ხოლო ზედა (კარის მარცხენა ფრთაზე) 3,5 მეტრით არის დაცილებული მიწის ზედაპირს. ტაძრის გაღება-დაკეტვის რიტუალი თითქმის უცვლელად მეორდება ყოველდღიურად. მასში კორექტივები მხოლოდ აღდგომის დღეებში შეაქვთ. საღამოობით, როდესაც კიბეზე ასული მეკლიტური ტაძრის კარს გარედან კეტავს, მორიგე ბერძენი ბერი დილამდე რჩება კარჩარაზულ ეკლესიაში. კიბეს მეკლიტურები მას აწვდიან კარის მარჯვენა ფრთაზე არსებული შუკუმიდან (ეს ღიობი მიწის ზედაპირიდან 1,5 მეტრ სიმაღლეზეა). დილაობით, როდესაც მეკლიტურები კარზე კაკუნით ნიშანს აძლევენ ტაძარში მყოფს, მორიგე ბერი შუკუმიდან ათვალიერებს გარეთ მყოფებს და შემდეგ იმავე ღიობიდან აწვდის კიბეს. კიბის საჭიროებას განაპირობებს კარის მარცხენა ფრთაზე დამაგრებული ზედა საკეტურის ორი ადამიანის სიმაღლეზე მდებარეობა. ქვედა საკეტზე, რომელიც მიწის ზედაპირიდან 2,5 მეტრის სიმაღლეზე კარის მარჯვენა ფრთაზეა განთავსებული, მიმაგრებულია ლითონის მცირე დეკორატიული ფირფიტა თუჯის რგოლითურთ. მეკლიტური მისი მეშვეობით (ის სამჯერ აკაკუნებს რგოლს კარზე) ატყობინებს ტაძრის სტუმრებსა და მსახურებს სამლოცველოს დატოვების ჟამის შესახებ.

ადიბ ჯუდე ალ-ჰუსეინი ბეჭდითა და კლიტით უფლის საფლავთან.

მეკლიტურთა სიტყვით, კარზე დამაგრებული საკეტები 1808 წლის ხანძრამდელია, ანუ ისინი შეინარჩუნეს ძველი, ნახანძრალი კარიდან. ადიბ ჯუდე ალ-ჰუსეინი ფიქრობს, რომ ლითონის რგოლი (ე.წ. ჩაქუჩი) და დეკორატიული ფირფიტა ზედ ამოკვეთილი არაბული წარწერებით დაახლოებით 800 წლის წინანდელია. ვაჯი ნუსეიბს კი ისინი ოტომანთა გაბატონების დროინდელად მიაჩნია. მის მიერ მითითებული თარიღი - 1524 წელი ახლოს დგას ბეენა ჩოლოყაშვილის მიერ აღდგომის ტაძრის კარის განახლების დროსთან და ლოგიკური იქნება ფიქრი, რომ ლითონის ეს დეტალები 1514 წელს ტაძრის კარის განახლების დროინდელია. მკვლევართა წრეში არსებობს კიდეც ვარაუდი, რომ ისინი ეგვიპტის სულტან კანსუხ ალ-გაურის (1441-1516 წწ.) მმართველობის პერიოდს განეკუთვნება. თუმცა, ამ დეკორატიულ ფირფიტებზე ამოკვეთილ არაბულ წარწერებში ზუსტი თარიღის ან რომელიმე ისტორიული პიროვნების სახელის ამოკითხვა არ ხერხდება.

წარწერების შინაარსზე სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრი არაფერია ნათქვამი. მათი ამოკითხვა სცადა ფრანცისკანელმა სწავლულმა ანტონიო ბატისტამ. მან მხოლოდ დანაწევრებული ფრაზების წაკითხვა შეძლო, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ ერთ-ერთი წარწერა, მაგალითად, იმ რეგულაციას ეხება, რომელიც კარისკაცებმა უნდა დაიცვან ტაძრის კარის გახსნის დროს. სხვა წარწერაში მან ამოიკითხა სიტყვები: "ერთობლივი შეთანხმება", "მხსნელის საფლავი", "თურქომანი", "ნაგვემი", "სადაც გვემეს". მისივე ვარაუდით, იქვე მითითებულია თარიღიც, რომელიც აღარ იკითხება. სხვა ადგილას მან წაიკითხა საკუთარი სახელები: "მუსტაფა", "ქამალ", "აჰმად" და "აიბეკ (ან "ბეკ"); სიტყვები და მოკლე ფრაზები: "მცველი", "საფლავი დაიკეტა", "ღმერთის სახელით".

ადიბ ჯუდე ალ-ჰუსეინის ცნობით, ლითონის დეკორატიულ ფირფიტებზე ლოცვის ტექსტებია ამოტვიფრული. როგორც ის ამბობს, კარის მარჯვენა ფრთაზე მდებარე ქვედა საკეტის დეკორატიულ ფირფიტაზე წერია შემდეგი: "კურთხეულ იყოს თქვენი ვნება, წმინდა მომლოცველობა, და უფლის მადლი მიაგეთ განათებულ ზეცას - ეკლესიის დედას". კარის მარცხენა ფრთაზე დამაგრებულ დეკორატიულ ფარზე კი, მისი სიტყვით, წერია: "შეუძეხით უცხოებს უფლის ეზოებში, სიცოცხლის საფლავში, რომელშიც სუფევს მადლი და რომელიც სავსეა კურთხეული შუქით".

იმავე საკითხზე მცირედ განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ბეით ჯალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის იკონომოსი, დეკანოზი პაულოს ალ-ალაამი. იგი მიიჩნევს, რომ კარის ეს წარწერიანი დეტალები ეგვიპტის სულტან ას-სალიჰ აიუბ იბნ მუჰამადის (1205-1249 წწ.) მმართველობის პერიოდს უკავშირდება. რაც შეეხება წარწერებს, კარის მარჯვენა ფრთაზე წარმოდგენილს ის ამგვარად კითხულობს: "იგემეთ წმინდა მომლოცველობის ჭეშმარიტი აღფრთოვანება: სიხარულით მიეახლეთ უფლის მადლმოსილი შუქით განათებულ ზეცას - ეკლესიების დედას", ხოლო მარცხენა მხარეს მოცემული წარწერის შინაარსს ასე გადმოსცემს: "შეიყვანეთ უცხონი უფლის ეზოში, სიცოცხლის საფლავში, სადაც მკვიდრობს მადლი და სისავსეა ნეტარი შუქის".

წარწერების წაკითხვის საკუთარ ვერსიას სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს იერუსალიმის მართლმადიდებლური საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი. წარწერები იქ ამრიგად არის გამართული: "მომლოცველო, დატკბი შენი სურვილით. შედი ღმერთის სიხარულში, მიეახლე მანათობელ ზეცას... ეკლესიათა დედას". "უცხოელნო, შედით უფლის ეზოებში, სადაც მკვიდრობს მადლი და ჭარბობს კურთხეული შუქი".

როგორც ვხედავთ, აღდგომის ტაძრის საკეტებზე დატანილი წარწერების წაკითხვის ვარიანტები, ნიუანსობრივი სხვაობების მიუხედავად, არსებითად იდენტურია. მათგან მკვეთრად განსხვავებულია ხუცეს ანტონიო ბატისტას მიერ წარწერებში დანაწევრებული სახით წაკითხული ინფორმაცია. შესაძლოა, მან პირთა სახელები საკეტის სულ სხვა დეტალზე (რგოლზე?) ამოიკითხა. თუმცა, არც მცდარი წაკითხვის ვერსიაა ამ შემთხვევაში გამორიცხული. მტკიცე არგუმენტაციის არარსებობის პირობებში, ჯერჯერობით, აღდგომის ტაძრის საკეტების ქრონოლოგიის საკითხი კვლავ ბუნდოვანი რჩება.

ეპყრათ თუ არა ქართველებს აღდგომის ტაძრის გასაღები

მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კლიტეებთან დაკავშირებით ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით ქართულ საისტორიო წყაროებში არსებულ ცნობას აღდგომის ტაძრის კლიტეთა ქართველთაგან ერთხანს ფლობის შესახებ.

"ახალი ქართლის ცხოვრებისა" და ქსნის ერისთავთა საგვარეულო ("ძეგლი ერისთავთა") ქრონიკებში მოთხრობილია, როგორ მოიპოვეს ქართველებმა აღდგომის ტაძრის კლიტენი გიორგი V ბრწყინვალის მეფობის დროს: "მას ჟამსა მოვიდა ამბავი: კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრესო და დიდად შეწუხდა მეფე გიორგი. მაშინ წარგზავნა ძე შალვა ერისთავისა, რომელსა ერქვა პიპა, გზასა ხმელეთასა მრავლითა ძღვენითა წინაშე ნისრელისა, და წაჰყვა თანა ბანდასძე დეკანოზი იოვანე და მივიდა პიპა წინაშე ნისრელისა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღუენი იგი და მისცა კლიტენი იერუსალემისანი. მივიდა პიპა ზედა საფლავსა ქრისტესსა და შეემთხვია, ჟამი აწირვა, ეზიარა და დეკანოზი იოვანე აკურთხეს მოძღვართ-მოძღვრად... ხოლო პიპამან მოილოცა წმიდანი ადგილნი... წამოვიდა მასვე გზასა ხმელეთით და მოვიდა წინაშე მეფისა... ფრიად განიხარა მეფემან გიორგი, რამეთუ მოეცნეს კლიტენი ქართველთა".

პიპას ელჩობას ისტორიკოსები 1320 წლით ათარიღებენ. ზემოთ დამოწმებულ ცნობაში, მართალია, არსებითად "იერუსალიმის კლიტეებზეა" საუბარი, მაგრამ ეს რომ ციხე-ქალაქ იერუსალიმის კლიტეებს არ გულისხმობს, სავსებით ნათელია.

ისტორიკოსები ზოგჯერ კამათობენ, იგულისხმება თუ არა აღნიშნულ ცნობაში მთლიანად აღდგომის ტაძრის კარის გასაღები, თუ იქ მხოლოდ მაცხოვრის საფლავის სამლოცველოს (კუვუკლია) კლიტეზეა საუბარი. თვითონ ცნება "კლიტენი იერუსალიმისანი" იმდენად ფართო და ამბიციურია, რომ შეუძლებელია ის მხოლოდ აღდგომის ტაძრის შიდა სამლოცველოების (წმინდა საფლავი, გოლგოთა) საკეტებს გულისხმობდეს. იმ დროის გერმანელი მოგზაურის, ლუდოლფ ფონ სუდჰაიმის (ის წმინდა მიწას სტუმრობდა 1336-1341 წლებში) ცნობას სიცხადე შემოაქვს ამ საკითხში, კერძოდ, როგორც ის წერს:

"ქართველები ფლობენ წმინდა საფლავის ტაძრის გასაღებს" და უმცირეს კენჭსაც კი არავის ატანენ საფლავიდან თუნდაც დიდძალი თანხის საფასურად. ეს ცნობა, ერთი მხრივ, სანდოობას სძენს ქართული წყაროების მონათხრობს და მეორე მხრივ, აზუსტებს და აკონკრეტებს მასში მოცემულ ინფორმაციას: ქართველებს ხელთ ეპყრათ აღდგომის ტაძრის გასაღები. ჰყავდათ თუ არა იმ დროს მათ ტაძრის საკუთარი მეკლიტური, თუ ეს ფუნქცია ისევ ჩვენთვის ნაცნობ მუსლიმ ოჯახებს ჰქონდათ დაკისრებული, ამ საკითხზე აღნიშნული წყაროები პასუხს არ იძლევა.

ბესიკ ხურცილავა

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი" #117