როგორ ჩაიშალა ქართველთა ოთხ ერად დაქსაქსვის მცდელობანი მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში - კვირის პალიტრა

როგორ ჩაიშალა ქართველთა ოთხ ერად დაქსაქსვის მცდელობანი მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში

ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)

ნაწილი I

ქართველი ერის მიმართ რუსეთის იმპერიის ხელისუფლება გეგმაზომიერად ახორციელებდა პოლიტიკას დივიდე ეტ იმპერა ("დაჰყავი და იბატონე"). ამის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენდა ერთიანი ქართველი ერისგან მეგრელების, სვანების, აჭარლებისა და სხვათა ჩამოცილებისა და ცალკე ერებად გამოცხადების მცდელობა.

იმპერიის მესვეურები და მათი მსახურები, რომელთა შორისაც მოსყიდული ქართველებიც იყვნენ, გაშმაგებით იბრძოდნენ ქართველი ერის თვითმყოფადობისა და ერთობის წინააღმდეგ. ეს პოლიტიკა მემკვიდრეობით მიიღო და განაგრძო რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე აღმოცენებული ახალი სახელმწიფოს - სსრ კავშირის ხელისუფლებამაც.

1926 წელს ჩატარდა სსრ კავშირის მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა. მისი შედეგები ოფიციალურად გამოიცა. აღწერაში ქართველთა (საერთო რაოდენობა - 1 797 960 კაცი) შორის გამოყოფილი იყვნენ: ა) აჭარლები (71 399), ბ) მეგრელები (242 329), გ) ლაზები (639), დ) სვანები (13 158).

ეს იყო საუკუნეთა განმავლობაში არსებული ერთიანი ქართველი ერის რამდენიმე ნაწილად დაქსაქსვის მცდელობა.

ამ გეგმას დაუპირისპირდა ქართული საზოგადოებრიობის მოწინავე ნაწილი, რომელთა შორისაც ღირსეული ადგილი ეკავათ სწორედ ზემოხსენებული რეგიონებიდან (ძირითადად სამეგრელოდან) გამოსულ მოღვაწეებს. მათი თავგამოდებით მოხერხდა, რომ ეს დანაშაულებრივი აქტი 1939 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერისას აღარ განმეორებულა.

ჩვენი ერის დაქსაქსვის გეგმა ჩაიშალა არა მხოლოდ XX საუკუნის 20-30-იან წლებში, არამედ მომდევნო პერიოდებშიც.

ამ საქმეში ქართველ მამულიშვილებს თანადგომა გაუწიეს სსრ კავშირის უზენაესმა ხელისუფალმა იოსებ სტალინმა (1878-1953) და ასევე, ლავრენტი ბერიამ (1899-1953), რომლებიც იმხანად ყველაზე გავლენიანი ქართველები იყვნენ.

წინამდებარე გამოკვლევაში განხილულია მათი ხასიათის "ქართული გამოვლინებანიც", რის წყალობითაც შესაძლებელი გახდა არაერთი საჭირბოროტო პრობლემის მოგვარება, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის რეაბილიტაციაც. ასევე შესწავლილია, თუ რა ხდებოდა ამ მხრივ სტალინისა და ბერიას გარდაცვალების შემდგომ.

დღევანდელი გადასახედიდან რაც უნდა მიუღებლად ჩანდნენ სტალინი, ბერია და მათი საქმიანობა, ვფიქრობთ, აუცილებელია, მიუკერძოებლად შევაფასოთ მათი როგორც უარყოფითი საქმეები (ასეთი კი ბევრი იყო), ასევე დადებითი როლიც (რაც ასევე იყო), რამაც ქართველი ერის უახლეს ისტორიაზე აშკარად პოზიტიური გავლენა იქონია.

აქვე დავძენთ, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული ზემოხსენებული იმპერიალისტური პოლიტიკა, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. რუსეთის ფედერაციაში ბოლო დროს ჩატარებულ მოსახლეობის აღწერებში უკვე ფიქსირდება ეროვნებები: მეგრელი და სვანი (ქართველისაგან გამიჯნულად), ხოლო სხვადასხვა ქვეყანაში იბეჭდება სამეცნიერო ნაშრომის პრეტენზიის მქონე ფსევდომეცნიერული წიგნები, რომლებშიც გერმანელი მკვლევრები მარკ იუნგე, ბერნდ ბონვეჩი და დანიელ მიულერი, რუსი იმპერიალისტების დარად, ქართველთა ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ასეთი წიგნებია 2015 წელს თბილისში გამოცემული "ეთნოსი და ტერორი საქართველოში", 2017 წელს მოსკოვში დაბეჭდილი "Грузия в пути" და სხვ.

იოსებ სტალინი

* * *

ლ. ბერიამ სწრაფად აირბინა კარიერული კიბე სსრკ შინაგან საქმეთა და უშიშროების სტრუქტურებში. 32 წლისა დაინიშნა ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარედ და საკავშირო სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებულ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის წევრად.

1931 წლიდან ბერია სათავეში ჩაუდგა ჯერ საქართველოს, ხოლო მომდევნო წლიდან - ამიერკავკასიის კომპარტიას. 1938 წლიდან სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანეს და დანიშნეს სსრკ შინაგან საქმეთა კომისრის პირველ მოადგილედ, ხოლო შემდეგ - კომისრად. მომდევნო 15 წლის განმავლობაში იგი საკავშირო ხელისუფლების ერთ-ერთ წამყვან ფიგურას წარმოადგენდა.

შს სახალხო კომისარი ბერია 1941 წლის თებერვალში სახალხო კომისართა (1946 წლიდან - მინისტრთა) საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს, კომისრის პოსტის დაუტოვებლად. ივლისში თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი გახდა, ხოლო 1944 წლიდან - თავმჯდომარის მოადგილე. იყო საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

თავბრუდამხვევი კარიერის მიწურულს ბერია იყო: სსრკ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი (1946 წლიდან), მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1953 წლის 5 მარტიდან), შინაგან საქმეთა მინისტრი (15 მარტიდან), მარშალი (მიენიჭა 1945 წლის 9 ივლისს), სოციალისტური შრომის გმირი (1943) და სტალინური პრემიის ლაურეატი (1949). მიღებული ჰქონდა ჯილდოები: ლენინის 5 ორდენი, სუვოროვის I ხარისხის ორდენი, სსრ კავშირის წითელი დროშის 2 ორდენი, საქართველოს სსრ წითელი დროშის საბრძოლო და შრომითი ორდენები, აზერბაიჯანის სსრ და სომხეთის სსრ შრომის წითელი დროშის ორდენები, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის სუხე ბატორის და წითელი დროშის ორდენები, ტუვის რესპუბლიკის ორდენი და სხვ.

ოფიციალური ვერსიით, ბერია დააპატიმრეს და დახვრიტეს, თუმცა არსებობს მისი დაღუპვის სხვა ვერსიებიც.

ჩვენს ისტორიოგრაფიაში ჯერაც არ შექმნილა ნაშრომები, რომლებშიც ობიექტურად იქნებოდა შეფასებული ლ. ბერიას საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ერთი რამ უდავოა, რომ ლავრენტი ბერია იყო უაღრესად რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნება. ერთი მხრივ, სასტიკი და დაუნდობელი, მეორე მხრივ კი ნიჭიერი და უნარიანი ორგანიზატორი, რაც მის მიერ განხორციელებული არაერთი უმნიშვნელოვანესი საქმით დადასტურდა. აქ ერთის გახსენებაც კმარა: იგი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომიტეტს, რომელსაც ევალებოდა ატომური იარაღის შექმნა და რაც 1949 წელს წარმატებით დასრულდა.

"ისტორიანში" (## 27,32) გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოვიხილეთ, როგორ აისახა ლ. ბერიას საქმიანობა მისი რამდენიმე თანამედროვის მემუარებში, რომელთა ავტორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძე, შალვა მაღლაკელიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, კანდიდ ჩარკვიანი და სხვ. იმავე სტატიაში აღვნიშნეთ, რომ რადგან მემუარული ლიტერატურა არ არის დაზღვეული სუბიექტურობისგან, ბუნებრივია, ამას ვერც ზემოხსენებული ავტორები ასცდებოდნენ. ამდენად, აღნიშნულ მოგონებებსაც კრიტიკულად უნდა მოვეკიდოთ, თუმცა მათი გათვალისწინება მაინც საჭიროდ მიგვაჩნია სწორი წარმოდგენის შესაქმნელად ისეთი მასშტაბის მქონე წინააღმდეგობრივ პიროვნებაზე, როგორსაც ბერია წარმოადგენდა.

საქართველოს კომპარტიის ლიდერი 1938-1952 წლებში, კანდიდ ჩარკვიანი (1906-1994) ლავრენტი ბერიას შესახებ აღნიშნავდა: "ნიჭიერი კაცი იყო, ჰქონდა უნარი, რასაც გაიგებდა, დაემახსოვრებინა. მისი ორგანიზატორული ნიჭი საყოველთაოდ ცნობილია. ძალიან უნარიანი ხელმძღვანელი იყო... არ იყო ნაკითხი... ძალიან უყვარდა ქართული მუსიკა, ბევრსაც აკეთებდა იმისთვის, რომ მუსიკალური კულტურა განვითარებულიყო. სახლში რომ იყო ხოლმე, ჩართავდა ფირფიტას და უსმენდა უვერტიურებს ქართული ოპერებიდან... არქიტექტურა და მხატვრობა კარგად იცოდა... ერთხელ ილია ჭავჭავაძეზე დავიწყე ლაპარაკი და გამიკვირდა, როცა "კაკო ყაჩაღი" ზეპირად წაიკითხა. მე მგონი, სწორედ იმ დროს ცდილობდა ეკითხა ქართული წიგნები, თითქოს იმ დანაკლისის აღდგენის მიზნით, რომელიც მის ადრეულ არაქართულ განათლებაში იყო... გერონტი ქიქოძე

ბერია სანამ აქ იყო, ზრუნავდა საქართველოზე. როცა აქედან წავიდა, სტალინი შეფს არ დაუყენებდა არც საქართველოს და არც ერთ რესპუბლიკას. შეფი თვითონ უნდა ყოფილიყო... არსებობდა კომიტეტი ატომური იარაღის საკითხზე და თავმჯდომარე იყო ბერია... ამ კომიტეტის ზოგიერთმა წევრმა ბერიას როლი მიაფუჩეჩა".

ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი გერონტი ქიქოძე (1885-1960) წერდა: "ბერიას აღმავლობა НЭП-ის პერიოდში დაიწყო. ეს ადვილად გასაგებია. ძველი პარტიული გვარდიის რიგები, რომელთაც ვერ შეძლეს იდეური გადაიარაღება, შეთხელდა. ლენინის თანამებრძოლნი საეჭვოდ იყვნენ გამოცხადებულნი მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრისკენ. მყარდებოდა სტალინის ერთპიროვნული დიქტატურა. ცხადდებოდა, რომ აზროვნება მის პრივილეგიას წარმოადგენდა. ძველი პარტიული ვეტერანების წინაშე ბერიას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ სრულიად თავისუფალი იყო ყოველგვარი მწიგნობრული დოგმებისა და სინდისის ქეჯნისგან. მან ინსტინქტურად სწორად განსაჯა, რომ მისი კარიერისთვის უმჯობესი იყო ბელადის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, ვიდრე ერკვია, რამდენად შეესაბამებოდა ენგელსის "ანტიდიურინგისა" და მარქსის "კაპიტალის" სამი ტომის იდეებს ერთს განცალკევებულ ქვეყანაში სოციალიზმის დამყარების ცდა. და თავისი კარიერისთვის მან ოსტატურად გამოიყენა სტალინის პატივმოყვარეობისა და იჭვიანობის გრძნობები...

ბერიას ბატონობის წლები საქართველოში განსაკუთრებით საბედისწერო იყო გლეხკაცობის შეძლებული ნაწილისა და ინტელიგენციისთვის. ის როლი, რომელსაც ბერია თბილისში ჯერ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ასრულებდა, ხოლო შემდეგ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზე, მით უფრო შავბედითი იყო, რომ მან საჭიროდ დაინახა საქართველოს კეთილისმსურველის ნიღაბი აეფარებინა და იმ ელემენტების პატრიოტულ გრძნობებზე ემოქმედა, რომელნიც მის ტერორს გადაურჩნენ. სხვათა შორის, მან საგანგებოდ თავის ბინაზე მიიწვია და საქართველოს ისტორიაზე რამდენიმე ლექცია წააკითხა ახალგაზრდა მეცნიერს სიმონ ჯანაშიას, ცნობილს თავისი პატრიოტიზმით და პატიოსნებით... ბერიამ, რასაკვირველია, ადვილად შეატყო, რომ სტალინს განსაკუთრებით პატივმოყვარეობის დემონი ჰქეჯნიდა. ამ დემონს შეეწირა მრავალი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და ხელოვანის ადამიანური ღირსების გრძნობა".

შეუძლებელია არ დაეთანხმო გ. ქიქოძეს, რომ სტალინის ნებით მთელ სსრ კავშირში, ხოლო ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში გაჩაღებულ რეპრესიებს უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ ორი პიროვნების ჩარევით ჩაიშალა იმპერიული პოლიტიკის ის გეგმა, რომლის ხორცშესხმა ქართველ ერს უდიდეს ზიანს მოუტანდა.

კანდიდ ჩარკვიანი

* * *

ოციან წლებში წამოყენებულ სამეგრელოს ავტონომიზაციის დანაშაულებრივ იდეას ლავრენტი ბერია მკვეთრად  დაუპირისპირდა.

1925 წლის 13 სექტემბერს გაზეთ "კომუნისტში" (# 210) გამოქვეყნდა საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსის ლ. ბერიას სტატია "მეგრელ ავტონომისტების შესახებ", რომელშიც ვკითხულობთ: "სამეგრელოს ავტონომია - ეს ნაბიჯის უკან გადადგმაა, ეს არის ნახტომი 300 წლით უკან.

სამეგრელოს გლეხობაც და სამეგრელოს ინტელიგენციაც გაბედულად ილაშქრებენ ასეთი მოძრაობის წინააღმდეგ". იმავე გაზეთში (# 219) გამოქვეყნდა ცნობილი მოღვაწისა და მამულიშვილის, თედო სახოკიას გამოსვლის ტექსტი, რომელშიც ვკითხულობთ: "სამეგრელოს ავტონომიის საკითხი წამოყენებულია ერთ ჯგუფ ავანტიურისტების მიერ. სამეგრელო - საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის. მეგრული ენა არ არის ცალკე ენა, ის მხოლოდ ქართული ენის ერთ-ერთი კილოკავია, რომელსაც ხმარობენ შინაურ ცხოვრებაში სამეგრელოს მკვიდრნი... 60-იან წლებში რუსეთის მთავრობამ იერიში მიიტანა სამეგრელოს სკოლებზე, საიდანაც განდევნილ იქნა ქართული ენა. ეს მდგომარეობა გაგრძელდა 1890 წლამდე. ამ ხანებში კი სცენაზე გამოჩნდნენ სახალხო განათლების ამიერკავკასიის ოლქის უფროსი იანოვსკი და მისი თანაშემწე ლევიცკი... ლევიცკიმ აშორდიას დაავალა საღმრთო სჯულის მეგრულად თარგმნა. ამას წინ აღუდგა მთელი სამეგრელო, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა აშორდიას ნაცოდვილარს... რუსეთის თვითმპყრობელობის ეს რუსიფიკატორული ცდები მოსპო დიდმა რევოლუციამ, რომელმაც თავისუფლება მოუტანა ქართველ ხალხს".

იმოწმებდა რა ანდაზას: "მწევარი კურდღელს მისდევდა, მაგრამ კურდღელი რაღას მისდევდაო?" - სახოკია ასეთ კითხვას უსვამდა ავტონომიზაციის მომხრეებს: "თუ ვის მისდევდა ლევიცკი და ვოსტორგოვი - ჩვენ ვიცით, მაგრამ თქვენ ვის მისდევთო?"

ლავრენტი ბერიას როლი სამეგრელოს ავტონომიზაციის დანაშაულებრივი გეგმისა და საშუალო სკოლებში მეგრულად სწავლის შემოღების ჩაშლაში (არნოლდ ჩიქობავას თანადგომით) შესწავლილია პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ნაშრომში "ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები" (2019).

სსრ კავშირის სამეცნიერო სტრუქტურებში მოკალათებული იმ შოვინისტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველი ერის რამდენიმე ერად დაყოფის ვერაგული გეგმის მეცნიერულად დაკანონებას ცდილობდნენ, ბერიამ ასევე მოურიდებლად გაილაშქრა.

1937 წელს ჩატარებული სსრ კავშირის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საფუძველზე გამოცემულ "ეროვნებათა ლექსიკონში" აჭარლები ქართველებისგან დამოუკიდებელ ერად გამოაცხადეს. ამან ქართველი ერის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ამას მაშინვე გამოეხმაურა საქართველოს კომპარტიის ლიდერი ლავრენტი ბერია, რომელმაც 1937 წლის 16 ივნისს საგანგებო წერილი გაუგზავნა სსრკ-ის უზენაეს ხელისუფალს. ამ წერილის ასლი დაცულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილებაში. ინფორმაცია მის შესახებ პირველად გამოქვეყნდა ნინო ყიფშიძის სტატიაში, ხოლო შემდეგ შევიდა ომარ თუშურაშვილის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალში "საარქივო მოამბე" (2008, # 3-ის დამატება).

ამ რუსულენოვანი დოკუმენტის ჩვენეულ თარგმანს ახლა პირველად ვაქვეყნებთ:

"სკკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანს, ამხანაგ ი. სტალინს, ეროვნების საკითხის შემუშავების საფუძვლად მიღებულია 1937 წელს ჩატარებული სსრ კავშირის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მასალებზე აგებული "ეროვნებათა ლექსიკონი", რომელიც სსრ კავშირის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სახალხო მეურნეობის აღრიცხვის ცენტრალურმა სამმართველომ (ЦУНХУ) სახელმძღვანელოდ გამოუგზავნა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის აღრიცხვის სამმართველოს.

ამ ლექსიკონის თანახმად, აჭარლები გამოყოფილნი არიან ქართველებისგან, როგორც ცალკე ერი. აჭარელთა, როგორც ცალკე ერის გამოყოფა ქართველი ერისგან საფუძველშივე ეწინააღმდეგება ეროვნებათა აღქმის სტალინურ განსაზღვრებას. აჭარლებს ქართველ ერთან აერთიანებს საერთო ენა, ტერიტორია, ეკონომიკური ცხოვრება და კულტურა. აჭარლები იგივე ქართველნი არიან, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ წარსულში ისინი გაამაჰმადიანეს.

იმ გაურკვევლობის, ანდა უფრო ზუსტად, ველიკოდერჟავული სულის (ბოლო ხუთი სიტყვა ფანქრით არის გადაშლილი წერილის ავტორის, ლავრენტი ბერიას მიერ - ნ.ჯ.) დასახასიათებლად, რომლითაც ჯერ კიდევ გამსჭვალულია სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ზოგიერთი სამეცნიერო დაწესებულება, აქ მოვიყვანთ იმ განსხვავებულ დასკვნებს, რომლებიც ამ დაწესებულებებს ქართველი ერის კლასიფიკაციის საკითხში გამოაქვთ.

სსრ კავშირისა და მისი მომიჯნავე ქვეყნების მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შემსწავლელმა მეცნიერებათა აკადემიის კომისიამ, რომელიც თავის დროზე გამოყოფილ იქნა მოსახლეობის 1926 წლის აღწერასთან დაკავშირებით, დაადგინა ქართველი ერის შემდეგი კლასიფიკაცია: 1) ქართველები (შემადგენლობა: ქართლელები, კახელები, თუშები, ფშავ-ხევსურები, ინგილოები, სომხითელები, ჯავახები, მესხები, კლარჯები, ტაოელები, აჭარლები, გურულები, იმერლები, რაჭველები, ლეჩხუმელები); 2) მეგრელები; 3) ჭანები; 4) სვანები; 5) ბაცბები.

სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტი, 1937 წლის აღწერასთან დაკავშირებით, სხვა კლასიფიკაციას იძლევა: 1) ქართველები; 2) მეგრელები; 3) ლაზები; 4) სვანები; 5) ბაცბები; 6) აჭარლები.

სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, ასევე 1937 წლის მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით, გვთავაზობს მესამე კლასიფიკაციას, რომელიც საფუძვლადაც დაედო სსრ კავშირის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სახალხო მეურნეობის აღრიცხვის ცენტრალური სამმართველოსთვის სახელმძღვანელოდ მიღებულ "ეროვნებათა ლექსიკონს": 1) ქართველები, მათ შორის: ა) მეგრელები, ბ) ლაზები, გ) სვანები, დ) ბაცბები; 2) აჭარლები.

ამდენად, პირველ შემთხვევაში აჭარლები შეყვანილნი არიან ქართველი ერის შემადგენლობაში, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა ერებად გამოიყოფიან: მეგრელები, სვანები, ლაზები და სხვ.; მეორე შემთხვევაში - აჭარლებიც, მეგრელებიც, სვანებიც, ლაზებიც და ბაცბებიც გამოყოფილი არიან ცალკე ერებად, ხოლო მესამე შემთხვევაში - იგივე მეგრელები, სვანები, ლაზები და ბაცბები შეყვანილი არიან ქართველ ერში, მაგრამ სამაგიეროდ, უკვე აჭარლები გამოიყოფიან ცალკე ერად.

უახლოეს ხანში მოსკოვში გადამუშავდება და აღირიცხება საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწერის მასალები, რომელშიც აჭარლები, თანახმად ზემოხსენებული კლასიფიკაციისა, დაიკავებენ განსაკუთრებულ პოზიციას, როგორც ცალკე ერი.

ამის გამო გთხოვთ, სათანადო მითითება მისცეთ სსრ კავშირის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სახალხო მეურნეობის აღრიცხვის ცენტრალურ სამმართველოს, რათა გამოასწოროს საქართველოს ეროვნებათა არასწორი კლასიფიკაცია და აჭარლები ქართველი ერის შემადგენლობაში შეიყვანოს.

საქართველოს კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ლავრენტი ბერია".

საგულისხმოა, რომ ამ წერილს მოჰყვა საბჭოთა კავშირის ბელადის სწრაფი რეაგირება და საკითხი ქართველი ერის ერთობის შენარჩუნების სასარგებლოდ გადაწყდა.

ლავრენტი ბერიას დაწინაურებისა და მოსკოვში გადაყვანის შემდეგ, საქართველოს კომპარტიას სათავეში ჩაუყენეს კანდიდ ჩარკვიანი, რომელიც იხსენებდა: "სტალინთან საუბარში ბერიას ლექსიკონი მოკლე იყო: - არის, ამხანაგო სტალინ! სწორია, ამხანაგო სტალინ!"

* * *

ლავრენტი ბერიას როლზე 1939 წლის იანვარში ჩატარებული სსრ კავშირის მოსახლეობის აღწერის მონაცემებში ქართველების ერთ ერად დაფიქსირებაში საყურადღებო მოგონება ჩაგვაწერინა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ქალიშვილმა, კავკასიოლოგმა რუსუდან ჯანაშიამ (1937-2017).

2009 წლის ნოემბერში თბილისის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტში (არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმში), ქალბატონმა რუსუდანმა პროფესორ მიხეილ ქურდიანთან (1954-2010) და ჩემთან საუბრისას გაიხსენა თავისი ძმის, ნიკოლოზ (ლაშა) ჯანაშიას (1931-1982) შემდეგი მონათხრობი (ვაქვეყნებთ პირველად): "1938 წლის მიწურული იდგა. მაშინ მე შვიდი წლის ვიყავი, თუმცა მომხდარი კარგად დამამახსოვრდა. მამა იმხანად საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ. საღამოობით, როდესაც მამა სახლში ბრუნდებოდა, როგორი დაღლილიც უნდა ყოფილიყო, მაინც ორივეს მოგვეფერებოდა, მე სწავლის ამბავს გამომკითხავდა და ბოლოს - ბალიშა კანფეტებით დაგვასაჩუქრებდა. ამის შემდეგ, დედა (მართა მაჩაბელი - ნ.ჯ.) დასაძინებლად დაგვაწვენდა. ეს ერთგვარი რიტუალი უცვლელად გრძელდებოდა. ერთ სუსხიან დღეს, მამას საგრძნობლად დააგვიანდა. დედა იმდენად შეწუხდა, რომ ბებიასთან (ელენე მუჯირი - ნ.ჯ.) დაგვტოვა, თვითონ კი მეორე ოთახში გავიდა. როდესაც ბებია დედასთან შევიდა, მეც შევიხედე და დავინახე, რომ დედა ცრემლიანი თვალებით ლოცულობდა... შიშმა ამიტანა... მართალია, პატარა ვიყავი და ჩემი მშობლებიც ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, მაგრამ სხვადასხვა ადგილას ყოფნისას მაინც მესმოდა, რომ ესა თუ ის პიროვნება დააპატიმრეს, გადაასახლეს ან დახვრიტეს... მართალია, მაიძულეს, რომ დასაძინებლად დავწოლოდი, მაგრამ მაინც არ დამეძინა. თვალდახუჭული, გულში ვევედრებოდი ღმერთს, რომ მამა დაებრუნებინა... გარკვეული ხნის შემდეგ, დედა შემოვიდა ჩვენს ოთახში, ლამპას დაუწია და მაგიდასთან ჩამოჯდა. იდაყვზე დაყრდნობილი მამას ელოდებოდა...

მოულოდნელად, კარის გაღების ხმა გავიგონეთ. დედა იმდენად შეშინდა, რომ მუხლი მოეკვეთა და წამოდგომაც კი ვერ შეძლო. მამა შემოვიდა, დაგვხედა, დარწმუნდა რომ გვეძინა, მერე კი მაგიდასთან დაჯდა, აცრემლებულ დედას ხელზე ხელი დაადო და დაბალი ხმით მოუყვა: "დღეს უდიდესი მნიშვნელობის საკითხი გადაწყდა. მოსკოვიდან ლავრენტი ჩამოვიდა და სათათბიროდ დაგვიბარა. ჩემთან ერთად, თათბირს ესწრებოდნენ: არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ჩიტაია, სერგი დანელია, პეტრე ქავთარაძე, დემნა შენგელაია, ალექსანდრე აბაშელი და სხვები. გვითხრა: - 1926 წელს, მოსახლეობის საკავშირო აღწერისას, დიდი დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც ქართველი ხალხი რამდენიმე ნაწილად გაყვეს და ცალ-ცალკე დააფიქსირეს. გვიახლოვდება მორიგი აღწერა, რომელიც ერთ თვეში ჩატარდება. მე ჩამოვედი ჩვენი ბელადის, ამხანაგ სტალინის დავალებით, რათა გავიგო, თუ როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბელადმა ისიც დამავალა: "არავის არაფერი დააძალო, ვისაც როგორ უნდა, ისე ჩაეწეროსო". მე მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთო. დამსწრეებმა ვუთხარით: - განა აქ რა უნდა იყოს საფიქრალი, ჩვენ ხომ ყველანი ქართველები ვართ და ასეც უნდა ჩავეწეროთო. კონსტანტინემ დაიმუქრა: - ერთი ვინმემ გაბედოს და ქართველობაზე უარი თქვას! ამაზე ლავრენტიმ გაიღიმა და მე მითხრა: - აბა, სიმონ, შენ, როგორც დღევანდელი ჩვენი თათბირის მდივანმა, ოქმი გააფორმე და ყველას ხელი მოაწერინეო.

მეც დაუყოვნებლივ გავაკეთე ეს. ამით კმაყოფილმა ლავრენტი ბერიამ ოქმი საქაღალდეში ჩადო და ღიმილით დაგვემშვიდობა".

ლავრენტი ბერია და სიმონ ჯანაშია თანატოლები იყვნენ, ერთმანეთს ბავშვობიდან, კერძოდ, სოხუმში სწავლის პერიოდიდან იცნობდნენ. სიმონის მამა, პედაგოგი და მკვლევარი ნიკო სიმონის ძე ჯანაშია (1872-1918) სოხუმის სასწავლებელში ასწავლიდა ყმაწვილ ლავრენტი ბერიას, რომელიც თავის მასწავლებელს დიდ პატივს მიაგებდა.

რუსუდან ჯანაშიას გადმოცემით, მის ბაბუას უთქვამს: "ლავრენტი ისეთი ნიჭიერი და მიზანდასახული ყმაწვილია, რომ მისგან დიდი კაცი დადგებაო..."

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი" #117