კალანდა ახალი წლის გამორჩეულად აღნიშვნა გურიაში - კვირის პალიტრა

კალანდა ახალი წლის გამორჩეულად აღნიშვნა გურიაში

ახალი წელი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. საქართველოში საახალწლო ტრადიციებს დიდი ხნის ისტორია აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ეტაპობრივად ვითარდება კიდეც.

ახალი წელი ჩვენთან სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. დღემდე შემონახული ცნობების თანახმად, ჯერ კიდევ IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII საუკუნიდან კი აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. რაც შეეხება უშუალოდ იანვარში ახალი წლის აღნიშვნას, ეს ჯერ კიდევ X საუკუნეში დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიხვეწა უამრავი საახალწლო წეს-ჩვეულება და რიტუალიც.

ახალ წელს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად ხვდებოდნენ. გამონაკლისს არც ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე - გურია წარმოადგენს.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში ახალ წელს ჰქვია "კალანდა", "კალანდობა". ამ უკანასკნელით მოიხსენიებენ გურიაშიც ახალ წელს. სულხან-საბა ორბელიანის თქმით, კალანდობა არის "თვის თავი მარტისა და სხვაცა, ახალწელიწადი", ანუ ახალი წლის დასაწყისი.

მთელი გურია განსაკუთრებულად ეგებება ახალ წელს ("კალანდას"). აპოლონ წულაძე (1884-1942) თავის წიგნში "ეთნოგრაფიული გურია" წერს: "გურულს ყველა დღესასწაული უყვარს, თუმცა კალანდას და აღდგომას არაფერი ურჩევნია".

კალანდისთვის მზადებას გურული კაცი 40 დღით ადრე იწყებდა, ამზადებდნენ სადღესასწაულო კერძებს. სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხარშული ღორის თავი და მსუქანი დედალი, ღვეზელი, გოზინაყი. იმავდროულად კერძები ცხემლის შეშაზე უნდა მომზადებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არცთუ ადვილია ტყიდან შეშის მოტანა, გურიაში არაერთი ოჯახი მაინც იცავს ამ ძველ ტრადიციას.

საკალანდო ღორსა და მამალს ცალკე, სასუქში მოათავსებდნენ, კალანდობამდე კარგად რომ გასუქებულიყო: "ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა სხვებისთვის დაესწრო და სასუქში მყოფთათვის კეკალი დაეყარა, წყალიც დაესხა, თან ეთქვა: სუქ, სუქ, სუქ! ღორი პირველ დღეებში პატივს იფერებს, ხარბად ჭამს, სიმინდის დაყრის დროს კი როთინით ხვდება".

კალენდრის რეფორმის შემდეგ კალანდობა ძველით ახალ წელს უწევდა. მთელი რიგი სამზადისი იწყებოდა 13 იანვარს, ანუ "ცხემლის ჭრის" საღამოს, როცა ოჯახიდან მამაკაცები ტყეში გადაინაცვლებდნენ ცხემლის საჭრელად. სწორედ იქ, ტყეში ამზადებდნენ საახალწლო გასალოც შეშას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხალხის რწმენით, თუ ახალ წელს ცეცხლი კარგად არ აგიზგიზდა, მთელი წლის განმავლობაშიც ოჯახში ცეცხლი ცუდად დაინთებოდა.

მთავარი რიტუალი უკვე გამთენიისას იწყებოდა, როცა ოჯახის უფროსი ხის გობზე ჩიჩილაკს, ღორის თავს, ნაზუქებს, ტკბილეულს დაალაგებდა და სახლსა და ბეღელს სამჯერ შემოუვლიდა, შეძახილით: რა მოგაქვს, რა მოგაქვსო? შემდგომ სამჯერ დააკაკუნებდა კარზე. დიასახლისი უმალვე გამოსძახებდა, - სიუხვე და ბედნიერება შემოგეტანოსო და გამზადებულ სუფრას შემოუსხდებოდნენ ოჯახის წევრები, - გვიამბობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურის მკვიდრი, 75 წლის ციური იმნაძე-ხელაძე (ეს და შემდგომი ციტატები მოყვანილია გურიის საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალებიდან, 2015 წ.). აღსანიშნავია, რომ ამ რიტუალს სრულიად გურიაში ერთი სახელი აქვს და ეს არის "დილის ცეცხლის გალოცვა".

ცხემლისჭრა დღეს ვახშმად მოამზადებდნენ ფრინველის ხორცს (ბატი, ქათამი, იხვი, ინდაური). ასევე დიასახლისი აცხობდა ცხემლისჭრის საგანგებო პურს (ხაჭაპურს). სუფრაზე დაილოცებოდნენ, - მრავალს ცხემლისჭრა დღეს დაგვასწროს ღმერთმაო.

სწორედ 13 იანვარს უნდა მოემზადებინათ ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკი - "ტყეში მოძებნიან დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის ხეს. ძირითადად ეს იქნებოდა თხილის ხე, სწორი ("აშოტილი") და მოჭრიდნენ ძირში".

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის (გამოღმა ნიაბაური) მკვიდრის, 93 წლის სერგო სალუქვაძის თქმით, "საკალანდო ღორი ყველა ოჯახში იკვლებოდა კალანდის წინა დღეს. აუცილებელი იცით, რა იყო? ეს მამაკაცს უნდა შეესრულებინა, რადგან გურიაში ამბობდნენ, რომ ქალის დაკლული უგემური იქნებაო".

დროის დინებას არცთუ იშვიათად ადათ-წესების ნაწილი გადაყვება ან გადასხვაფერდება ხოლმე. ამიტომ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე საქართველოში ხშირად გაისმის სიტყვა "უწინ". თუმცა ერთი კი აღსანიშნავია, რომ უწინაც და ახლაც გურიაში ახალი წლის დადგომა ჩიჩილაკების გამოთლით იგრძნობა.

ჩიჩილაკი, რომელიც სწორედ გურიიდან მოდის, პირველად სოფელ ბასილეთში დაუმზადებიათ. ხალხური ტრადიციით, ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერს ადარებდნენ და ამით ხაზს უსვამდნენ სწრაფვას წმინდა ბასილისებრი სიკეთის, სიუხვისა და ღვისმოსაობისკენ. გურიაში ასე ამბობენ, ჩიჩილაკი - წმინდა ბასილის ფაფუკი წვერიაო. საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარსაც ბასილის პურს ეძახდნენ. ეს ის ბასილი დიდია, რომელმაც წარმართი ივლიანე განდგომილი დაამარცხა და ამ დამარცხების დღიდან დაიწყო სწორედაც ახალი წელთაღრიცხვის ათვლაც.

 მხატვარმა-ეთნოლოგმა ვერა ბრაილაშვილმა ასე წარმოადგინა 1950-იანი წლების საახალწლო განწყობა გურიაში

გურიაში ძველადაც და ახლაც ჩიჩილაკს შემდეგნაირად რთავენ: "გაუკეთებენ თავზე ჯვარს. იმ ჯვარზე წამოაცვამენ ვაშლს ან მანდარინს, ზემოდან ჯანჯუხას გადაჰკიდებდნენ. შეაბამენ მასზე სუროს, კურკანტელს. კანფეტი უწინ არ იშოვებოდა და რა უნდა ექნათ", - ამის შესახებ სოფელ გვიმბალაურის მკვიდრი, 83 წლის ნესტორ იმნაძე გვიამბობს.

ჩიჩილაკის მორთვის შემდეგ სახლის ჭერიდან კაკალს ჩამოიღებდნენ და წმინდანთა სახელზე სათითაოდ ტეხდნენ, თუ რომელიმე ფუჭი აღმოჩნდებოდა, იმავე წმინდანს შესთხოვდნენ, რომ მათი ოჯახი ყოველგვარი ფათერაკისგან დაეცვა. ამგვარივე წესით კაკალს სტეხდნენ ოჯახის თითოეული წევრისთვის და სწორედ იმავე პრინციპით მათ მომავალს წინასწარმეტყველებდნენ.

ძირითადად საახალწლო რიტუალი თოფის გასროლით მთავრდებოდა, თუმცა გურიაში ახალი წელი ბედობასაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ აქ მკაცრად იყო შემუშავებული ასევე მეკვლის ინსტიტუტიც, ოჯახი ვისაც აირჩევდა მეკვლედ, ახალწლის მეორე დღეს ის უნდა მისულიყო აუცილებლად. გურიაში ბედობას ფერხვავს ეძახიან, ხოლო მას, ვინც პირველი შეაბიჯებს გურულის ოჯახში ბედობის დღეს, მფერხავი ჰქვია.

გამოღმა ნიაბაურის მკვიდრი, 86 წლის ნაზი გობრონიძე გვიამბობს: "სოფელში ფერხაობა დაფასებულიც იყო და სარისკოც. ეს უწინაც ასე იყო და ახლაც ასეა. მფერხავს ოჯახში დიდი სიხარულით ხვდებიან, უმასპინძლდებიან ყველაფერი კაით. მან აუცილებლად უნდა გასინჯოს სუფრაზე გამოტანილი საჭმელი. უწინ იტყოდნენ, რომ შესაძლებელი იყო მფერხავი ოჯახის წევრიც კი ყოფილიყო".

"საახალწლო სუფრის აუცილებელი და ერთ-ერთი მთავარი ელემენტია საცივი. საშობაო კვერი - ტრადიციული გურული ხაჭაპური (ღვიძელი). ის არის ერთგვარი ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური, რომელშიც ყველთან ერთად არის მოხარშული კვერცხი. საშობაო კვერი არის სიუხვის, ოჯახის სიმტკიცის, ბარაქისა და ხვავის სიმბოლო. უწინ საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე", - გვიამბობს ლიხაურის მცხოვრები, წარსულში ლენინის ორდენის მფლობელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 80 წლის ნაირა გოგატაძე.

გურულ ღვეზელს გურიაში ძირითადად საშობაოდ ან ძველით ახალი წლისთვის აცხობენ. უმთავრესია, რომ ღვეზლისთვის განკუთვნილი მთავარი ინგრედიენტი კვერცხი ორი დღით ადრე შუა ცეცხლზე უნდა ჩამოიკიდოს, რადგან ამ ხერხით იგი განსაკუთრებულ შებოლილ არომატს მიიღებს.

ტრადიციული გურული ხაჭაპური (ღვიძელი)

საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო სიმღერა. "რო დავჯდებოდით სუფრასთან, რაც კი მოგვადგებოდა პირზე, ყოლიფერს ვმღეროდით. რისი შესრულების საშუალებაც გვქონდა, წავიმღერებდით ხოლმე", - იხსენებს ნიაბაურის მკვიდრი სერგო სალუქვაძე. საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა ქართული სიმღერა სრულდებოდა, თუმცა განსაკუთრებულად მღეროდნენ "ალილოს", "მასპინძელსა მხიარულსა", "ჩვენ მშვიდობას" და ასევე, რა თქმა უნდა, "აგუნას გადაძახილსაც".

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში მცხოვრები ნუგზარ სალუქვაძე (†) ენთუზიაზმით იგონებდა კალანდას: "რაც უნდა მშრალი ყოფილიყო ზამთარი, ძველით ახალ წელს თოვლი აუცილებლად მოვიდოდა". საკალანდო დღესასწაულს კი თოვლი, რა თქმა უნდა, უფრო სპეტაკ და გასაოცარ ელფერს სძენდა.

ამგვარია გურული ახალი წელი, ასე ზეიმობენ გურულები კალანდას. უნდა აღინიშნოს, რომ ახლა ბევრი რამ ძველი საახალწლო ტრადიციებიდან სახეშეცვლილია, ზოგიერთი მივიწყებულიც კი, თუმცა მიუხედავად ყოველივე ამისა, გურულებმა მაინც შეძლეს ეს ლამაზი ტრადიცია შემოენახათ. აქ გატარებული ახალი წელი განსხვავებული, განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღესასწაულია.

და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,

სერებს თოვლიანს...

ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,

ყეფდა თოლია...

იდგა ბერმუხა ღამისმთევარი

თოვლში ნაბდითა...

დილით მისდევდა სერზე მწევარი

ნაკვლევს ნადირთა...

ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით

გრძნეულ მარანთან...

შემოდიოდა ჩიჩილაკებით

ჩვენში კალანდა...

ანა კალანდაძე

ლუკა კარკაძე ჟურნალი "ისტორიანი" #117