სალომე ანდრონიკაშვილი "ვერცხლის საუკუნის" ლეგენდა - კვირის პალიტრა

სალომე ანდრონიკაშვილი "ვერცხლის საუკუნის" ლეგენდა

ეძღვნება ინესა ანდრონიკაშვილის ნათელ ხსოვნას

(ნაწილი II, დასასრული. დასაწყისი იხ. "ისტორიანი" #116)

სანქტ-პეტერბურგის გარეუბანი. სააგარაკო დაბა ოზერკი. საღამოხანი. მზის სხივები ჯერ კიდევ ანათებენ ადგილობრივი რესტორნის შენობის ფასადს. უეცრად კარი ფართოდ იხსნება და ჩნდება ახალგაზრდა, მშვენიერი, ტანადი ქალის სილუეტი, რომელიც მყისვე იპყრობს იქ მყოფ მამაკაცთა ყურადღებას. შეწყდა შეზარხოშებულთა ხმების გუგუნი, დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. მამაკაცთა მზერა ახალგაზრდა ლამაზმანმა მიიპყრო. მისმა გამოჩენამ იქ შეკრებილ საზოგადოებას ცნობისმოყვარეობა აღუძრა. ყველას აინტერესებდა, რა ქარმა შემოაქროლა ამ მივარდნილ გზისპირა რესტორანში დახვეწილი, მშვენიერი ახალგაზრდა ლედი. ლამაზმანმა უყურადღებოდ დატოვა მისკენ მიმართული აღტაცებული მზერა, მსუბუქი ნაბიჯით გაემართა ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან და შამპანური შეუკვეთა. იგი განმარტოებით, მშვიდად იჯდა და ნელა შეექცეოდა ღვთაებრივ სასმელს. დროდადრო დარბაზს ათვალიერებდა. სალომეა

იქ მყოფთა შორის იყო ბრწყინვალე რუსი პოეტი ალექსანდრ ბლოკი, იდუმალი ლედის სილამაზითა და დახვეწილობით მოჯადოებული. ის მშვენიერი ქალისგან ახლოს იჯდა. უცნობმა ლამაზმანმა გვერდით გაიხედა და მოულოდნელად, "ნაცრისფერთვალება მეფის" აღფრთოვანებულ მზერას წააწყდა. იმ დროს ალექსანდრ ბლოკი პირად დრამას განიცდიდა. მისმა საყვარელმა მეუღლემ, ლუდმილა მენდელეევამ, საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერის, დმიტრი მენდელეევის ქალიშვილმა, რომანი ბლოკის მეგობარ ანდრეი ბელისთან გააბა. ბლოკი თავზარდაცემული დადიოდა, ვერც წერდა და ვეღარც აზროვნებდა. ის მხოლოდ ცოლისა და მეგობრის ღალატზე ფიქრობდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, შემოქმედებითი შთაგონების, წარმოსახვის უნარი დაეკარგა, წყარო ამოეწურა. დამწუხრებული და დაბნეული ცდილობდა, დარდი და მწუხარება ღვინოში ჩაეხშო და ყოველდღე აკითხავდა გარეუბნის რესტორანს, სადაც მას არავინ დაუწყებდა ძებნას. იგი შეძრა უცნობი მშვენიერი ქალის გამოჩენამ გარეუბნის ამ დახავსებულ რესტორანში, მთვლემარე განწყობიდან გამოიყვანა და შემოქმედებითი წარმოსახვის უნარი და ძალა დაუბრუნა. შთააგონა, ბრწყინვალე ლექსი დაეწერა. პოეტმა ქაღალდის ნაგლეჯი მოიმარჯვა და სწრაფად წერა დაიწყო, დროდადრო ლამაზმანს აღფრთოვანებულ მზერას მიაპყრობდა, თითქოს უნდოდა, სამუდამოდ აღებეჭდა მეხსიერებაში მისი ხატება. გარეუბნის რესტორნის დახავსებულ ყოფიერებასა და უცნობ მშვენიერ ქმნილებას შორის კონტრასტი იმდენად დიდი იყო, რომ პოეტი ვერ აცნობიერებდა, უცნობი ლედი ლამაზი ოცნება იყო, სიზმარი, ღვინით დაბინდული ცნობიერების ნაყოფი თუ რეალური სურათი.

ალექსანდრ ბლოკი

აღფრთოვანებულმა და დაიმედებულმა (პოეზიას დაუბრუნდა) პოეტმა შინ მისვლისას მეუღლეს წაუკითხა ლექსი მშვენიერ უცნობ ქალზე. ამ ეპიზოდის შესახებ მოგვითხრობს იქ მყოფი რუსი პოეტი ანდრეი ბელი. ბლოკის "უცნობი ქალი" მშვენიერი ქალის სიმბოლოდ იქცა. პოეტის შემოქმედებაში ის ახალ, გარდამავალ ეტაპზე მიანიშნებდა. მიუხედავად იმისა, რომ ლექსში ჯერ კიდევ ჭარბობს სიმბოლური ელემენტები, უკვე იკვეთება რეალისტური მოტივებიც...

რუსეთში განვითარებულმა რევოლუციის პროცესებმა საქართველოშიც შემოაღწია. აქაც გაჩნდა საფრთხეები. საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტეს და საქართველო დატოვეს. მეუღლისთვის მიწერილ წერილში არტურ ლურიე "რომანტიკულ ისტორიას" იხსენებს, რომელიც იმ დროს სალომეს გადახდა: ტიფლისიდან გამგზავრებისას, საფრანგეთის მთავრობის წევრმა, შეყვარებულმა ზინოვი პეშკოვმა, სალომეს პარიზში მასთან ერთად გამგზავრება შესთავაზა. ქალის კითხვაზე, "რატომ?" მან უპასუხა: "თუნდაც თავსაბურავის შესაძენად" და მოულოდნელად სალომე დათანხმდა. შემდეგ ის იხსენებდა, რომ "როგორც ნამდვილი არისტოკრატი ქალბატონი, მაშინ სერიოზულად არაფერზე დაფიქრებულა და "გაუტია".

მოგვიანებით, სალომე მხოლოდ იმას ნანობდა, "რომ გასაჭირის დროს მიატოვა სამშობლო". მაშინ კი ის არაფერზე დაფიქრებულა და თავისი პატარა ირინეც მშობლებს დაუტოვა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, მისმა მეგობარმა ალექსანდრა მელიკოვამ (ქალიშვილობაში ჰერცოგინია ლაიხტენბერგმა) ჩაუყვანა პარიზში ქალიშვილი. ასრულდა ზინოვის დიდი ხნის ოცნება (როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თავის დროზე, სალომემ მას ცოლობაზე უარი უთხრა). დაიწყო მათი ერთობლივი ცხოვრება, მაგრამ ურთიერთობის ოფიციალურ გაფორმებას არ ჩქარობდნენ. ორი წლის შემდეგ სალომე და ზინოვი დაშორდნენ, თუმცა ბოლომდე შეინარჩუნეს თბილი, მეგობრული ურთიერთობა. ზინოვი ბევრს მოგზაურობდა და სალომესთვის მიწერილ ყველა წერილს უცვლელად ერთი და იმავე მინაწერით ამთავრებდა: "გკოცნი მთელი გულით და ჩემი მოსიყვარულე სულით". მეგობრების თხოვნას, დაეწერა მემუარები, სალომე ყოველთვის უარით პასუხობდა. ზინოვიმ შეძლო მისი დათანხმება, მაგრამ ამ საქმეს აღსრულება არ ეწერა. როცა სალომე ზინოვისთან მივიდა დეტალების დასაზუსტებლად, მისმა მეუღლემ შეატყობინა, რომ წინა საღამოს ზინოვი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ამბავმა ისე შეძრა სალომე, რომ მემუარების დაწერა აღარასდროს უცდია.

დასრულდა საფრანგეთის გენერლის, შარლ დე გოლის მეგობრისა და თანამოსაგრის, საფრანგეთის მთავრობის მრავალი ჯილდოს მფლობელის, ზინოვი პეშკოვის ბობოქარი, ფათერაკიანი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება. საფრანგეთმა ის დიდი პატივით გააცილა. "ასეთი დიდებული გამოთხოვება საფრანგეთს, ალბათ, 200 წლის განმავლობაში არ ახსოვს", - წერდა ალექსანდრ კალანტაროვი ზინოვი პეშკოვისადმი მიძღვნილ სტატიაში ("Книга судеб Иностранного легиона").

ზინოვი პეშკოვი (1916 წ.)

* * *

პარიზში სალომე ცნობილ შანზ-ელიზეზე, ელისეს მინდვრების რაიონში, კოლიზეს ქუჩაზე დასახლდა, დაიწყო მუშაობა რედაქტორად პრესტიჟულ მოდების ჟურნალში, ცოლად გაჰყვა დიდი ხნის თაყვანისმცემელს, ადვოკატ ალექსანდრ გალპერნს, რომელიც რუსეთიდან გაძევების შემდეგ პარიზში დასახლდა, მოგვიანებით კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა. პარიზში სალომე განაგრძობდა მაღალი წრის საზოგადოების ცხოვრებას, მართავდა ლიტერატურულ საღამოებს, აწყობდა მხატვრებისა და პოეტების შემოქმედებით შეხვედრებს, ეწეოდა ქველმოქმედებას. სალომეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგში მასზე უიმედოდ შეყვარებულ მხატვარ და პოეტ ილია ზდანევიჩთან. მოგვიანებით, თავისი ვაჟი შალვა ილიამ ლონდონში გაგზავნა სალომეს მეთვალყურეობის ქვეშ. ილია ზდანევიჩი თანამშრომლობდა კოკო შანელთან, ქმნიდა მისთვის ქსოვილების ესკიზებს, ამუშავებდა პროექტებს, ხელმძღვანელობდა კოკო შანელის ქარხანას. მომთხოვნი კოკო შანელი აფასებდა მის ნამუშევრებსა და გემოვნებას, ითვალისწინებდა მის რჩევებს, სავსებით ენდობოდა. ზდანევიჩმა გააცნო სალომეს თავისი მეგობრები - ჟან კოკტო, პოლ ელუარი, სოფი დელონე, კოკო შანელი, ტრისტან ცარო, რომლებსაც სალომეც დაუმეგობრდა. ვფიქრობთ, სალომე ლუსიენ ვოჟელის მოდების ჟურნალში რედაქტორად ილია ზდანევიჩის რეკომენდაციით მიიღეს. აღსანიშნავია ძმები ილია და კირილ ზდანევიჩების დამსახურება ნიკო ფიროსმანის აღიარების საქმეში. ილია და კირილ ზდანევიჩები მხატვარ მიშელ ლე დანტიუსთან ერთად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ მაშინ უცნობ გენიალურ ქართველ მხატვარს ფინანსურად და მორალურად. მოაწყვეს მისი ნამუშევრების გამოფენა, შეისყიდეს ნახატები. ილიამ ნიკოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა პარიზის ჟურნალში, რითაც ფიროსმანის სახელი ევროპული საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა. ილია ზდანევიჩი სიამაყით აღნიშნავდა, რომ "მსოფლიოს მან გააცნო გენიალური ქართველი მხატვრის უნიკალური სამყარო".

მხატვარმა კირილ ზდანევიჩმა, ილიას უფროსმა ძმამ, სახელმწიფო მუზეუმს მიჰყიდა ფიროსმანის ნახატები, რითაც გადაარჩინა ქართველი გენიალური მხატვრის მემკვიდრეობა.

პარიზში სალომემ გაიცნო და დაუმეგობრდა რუს პოეტ ქალს, მარინა ცვეტაევას. მარინა ოჯახთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. რუსმა ემიგრანტებმა მას ღირსეული მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს. პირიქით, მიზანმიმართულად ბლოკავდნენ და არ აძლევდნენ ლექსების გამოქვეყნების საშუალებას. სალომეს მეგობრობამ პირდაპირი მნიშვნელობით, იხსნა პოეტი ქალი და მისი ქალიშვილი შიმშილისგან - რამდენიმე წელიწადს ეხმარებოდა ფინანსურად და მორალურად.

ანდრონიკაშვილი საკუთარი ხელფასიდან, რომელსაც მოდების ჟურნალში უხდიდნენ, ნაწილს მარინა ცვეტაევას აძლევდა და ტანსაცმელ-ფეხსაცმლითაც უზრუნველყოფდა, რის გამოც პოეტი საკუთრ თავს სალომეს "იჟდივენკად", მის კმაყოფაზე მყოფად მოიხსენიებდა. ანდრონიკაშვილი ავრცელებდა ბილეთებს ცვეტაევას ლიტერატურულ საღამოებზე, ჩართული იყო "ცვეტაევას დახმარების კომიტეტში". წერილებში მარინა სიყვარულს გამოხატავდა და გულითად მადლობას უხდიდა სალომეს. შემორჩა მათი ურთიერთობის საკმაოდ ვრცელი ეპისტოლარული მემკვიდრეობა. სალომემ წერილები ცვეტაევას ქალიშვილს, არიადნა ეფრონს გადასცა, მან კი დედის თანხმობით - მოსკოვის ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ არქივს. ცვეტაევას წერილთაგან განსაკუთრებულად გვინდა აღვნიშნოთ მისი უკანასკნელი ბარათი - პოეტური გზავნილი ანდრონიკაშვილისადმი, რომელშიც გვიხატავს სალომეს, როგორც უნიკალური პიროვნების საუცხოო პორტრეტს. "საყვარელო სალომეა, წერილი არ სრულდება, ის ერთადერთია, პირველი და უკანასკნელი ჩემგან... თქვენდამი... საყვარელო სალომეა, არ მიპასუხოთ. ან რა შეიძლება მიპასუხოთ ამაზე? ეს ხომ არც შეკითხვაა და არც თხოვნა - უბრალოდ, სიყვარულის ცის ნაგლეჯია, რომელსაც თქვენ გაძლევთ (გჩუქნით) - თქვენ თავად ხართ სიზმარეული პასუხი ყოველივეზე. ვიცი, კიდევ ერთი რამ, შემდეგი შეხვედრისას - ერთი დღისა თუ ერთი წლისა და ერთი დღის შემდეგ, სახალხოდ, მარტო, სადაც და როცა უნდა შეგხვდეთ, მე სხვაგვარად შემოგხედავთ, მთელი ამ შვიდი წლისგან განსხვავებით. იქნებ, სულაც დავხარო თვალები უძლურებისა და უიმედობის გამო".

 მარინა ცვეტაევა

სალომე საბჭოთა რუსეთში დაბრუნდა და მათი გზები მეტად აღარ გადაკვეთილა. ის აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას, რისთვისაც მეგობრებსაც იყენებდა. ცნობილი მხატვარი ზინაიდა სერებრიაკოვა თავისი ერთგული მეგობრის, ზინოვი პეშკოვის დახმარებით პეტერბურგიდან პარიზს ჩაიყვანა და შიმშილისგან იხსნა. პარიზში, სალომეს სახლში ცხოვრობდნენ მხატვრები ვასილი შუხაევი მეუღლითურთ, სერგეი სუდეიკინი, მისი მეგობარი ალექსანდრა მელიკოვა და სხვ. სალომეს პორტრეტები, ძირითადად, პარიზში იყო შექმნილი. მისი მეუღლე ალექსანდრ გალპერნი ომის წინა წლებში ამერიკაში, ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა და კარგად იყო ინფორმირებული ევროპაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მან სალომეს აცნობა ყოველივე ეს და შესთავაზა, ქალიშვილთან ერთად მასთან, ამერიკაში ჩასულიყო. ირინემ უარი თქვა გამგზავრებაზე, ის აქტიურად იყო ჩართული ანტიფაშისტურ მოძრაობაში. ამერიკაში სალომე შვილიშვილთან, ფილიპესთან ერთად გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელიწადს ცხოვრობდა. 1945 წელს ალექსანდრ გალპერნი ინგლისში გადაიყვანეს სამუშაოდ და ცოლ-ქმარი ლონდონში, პრესტიჟულ რაიონში, ჩელსი-პარკ გარდენზე, ძველებურ მდიდრულ სახლში დასახლდა. ლონდონში სალომე აგრძელებდა მაღალი წრის საზოგადოების ცხოვრებას, ხვდებოდა მხატვრებს, პოეტებს, მწერლებს, მსახიობებს, მეგობრობდა უინსტონ ჩერჩილის ქვრივთან, კლემენტინასთან, ცნობილ მსახიობ და რეჟისორ პიტერ უსტინოვთან, ბერძენ მილიონერ არისტოტელე ონასისთან. მის გვერდით ყოველთვის იყო უახლოესი მეგობარი ბარონესა მარია ბუდბერგი. სალომე ყვებოდა, რომ ლონდონში დაესწრო სუხიშვილების ანსამბლის გასტროლებს და აღფრთოვანდა მათი ხელოვნებით. გამორჩეულად მოეწონა ქართული მხატვრული ფილმი ნიკო ფიროსმანზე. გულდაწყვეტილი ამბობდა, ლონდონში საქართველოს კულტურის სიახლეები იშვიათად აღწევსო.

ილია ზდანევიჩი პარიზში, მოდის სფეროს წარმომადგენლებს შორის

* * *

ალექსანდრ გალპერნი აღმერთებდა სალომეს, არ უზღუდავდა თავისუფლებას, ანებივრებდა, კომფორტულ გარემოს უქმნიდა. ამაღელვებელია მისი ზრუნვა ცოლის მომავალზე. როცა ის სიცოცხლის ბოლოს გაკოტრდა და იძულებული გახდა ძვირფასი სახლი გაეყიდა, ახალ მეპატრონეს, ცნობილ მწერალსა და ფილოსოფოს ისაია ბერლინს პირობა წაუყენა, რომ მის მეუღლეს, სალომეს, სიცოცხლის ბოლომდე ეცხოვრა ამ სახლში. სალომე 1956 წელს დაქვრივდა, მაგრამ გარდაცვალებამდე, შეთანხმების თანახმად, მდიდრულ სახლში ცხოვრობდა. სალომეს ძმის - იასეს ვაჟის კონსტანტინე ანდრონიკაშვილის ხელშეწყობით, სალომეს ურთიერთობა ჰქონდა თავის ნათესავებთან, მოგვიანებით კი დას, მარიამს შეხვდა. კონსტანტინე ანდრონიკოვმა (ასე იცნობდნენ მას საფრანგეთში) დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი, მუშაობდა მთარგმნელად და მრჩევლად შარლ დე გოლის აპარატში, სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. 1967 წელს თან ახლდა დე გოლს საბჭოთა კავშირში სამთავრობო ვიზიტის დროს, როდესაც სურვილი გამოთქვა, ენახა საქართველოში თავისი ნათესავები, რითაც ძალიან გააკვირვა საბჭოთა ხელისუფლების შესაბამისი უწყებები. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველს შეიძლება ნათესავები ჰყოლოდა საქართველოში (ი. ორლოვის მიხედვით). კონსტანტინე მონაწილეობდა პარიზში ჟორჟ პომპიდუსა და ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრაში, მოგვიანებით მუშაობდა ვალერი ჟისკარ დ"ესტენის აპარატში.

სიცოცხლის ბოლომდე სალომე აქტიურ კულტურულ ცხოვრებას ეწეოდა, არ იყო მიჯაჭვული საკუთარ წარსულს. ეცნობოდა თანამედროვე ლიტერატურას, ხელოვნებას, ხვდებოდა ინტელიგენციას, საინტერესო პიროვნებებს და ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი. ვახშამზე მუდამ საღამოს სამოსში გამოწყობილი ჩადიოდა. ხანდაზმულ ასაკშიც იმდენად ღირსეულად ეჭირა თავი, რომ ახალგაზრდა ცინიკოსმა მწერალმა ედუარდ ლიმონოვმა უძღვნა მოთხრობა, "ქართველი ლამაზმანი - შთაგონება პოეტისა".

კონსტანტინეს შვილი მარკი, რომელიც დროდადრო აკითხავდა სალომეს, ამბობდა, რომ ხანდაზმულობის მიუხედავად, ის კარგად გამოიყურებოდა. სალომე საღად აზროვნებდა, ესმოდა, რომ მუდმივად ცხოვრება შეუძლებელია და ემზადებოდა სხვა სამყაროში გადასანაცვლებლად. უკანასკნელი გამოსათხოვარი საღამო მან 90 წლის იუბილეზე მოაწყო. განაცხადა, რომ საინტერესო ცხოვრება განვლო და არაფერს ნანობდა. მისი სიბერის ტრაგედია კი სურვილებისა და შესაძლებლობის შეუთავსებლობაშია.

"სიცოცხლე დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. ყველას შემთხვევა დარაჯობს" (ალექსანდრ ბლოკი). სიცოცხლე შემთხვევითობის პრინციპით იმართება. შემთხვევითი მოვლენები ჯაჭვურად აეწყობა და ბედს განსაზღვრავს.

სალომეა (მხატვარი ვასილი შუხაევი)

სალომეს უაღრესად საინტერესო, მრავალფეროვანი ცხოვრება მოვლენათა ბედნიერმა შემთხვევითობებმა განაპირობა. ანდრონიკაშვილისადმი მისი უდიდებულესობა შემთხვევითობა და ბედ-იღბალი კეთილგანწყობილი აღმოჩნდნენ.

1982 წლის 8 მაისს ლონდონის თჰე თიმეს-მა და ყველა რუსულენოვანმა გაზეთმა საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაიცვალა სალომე ანდრონიკაშვილი - "ბრწყინვალე ქალბატონი და ვერცხლის საუკუნის ყველაზე ცნობილი ლამაზმანი". ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი ტრაფალგარის მოედანზე გაფანტეს.

დასრულდა მშვენიერი ქალბატონის, სალომე ანდრონიკაშვილის გრძელი "ვერცხლის საუკუნე", თუმცა მშვენიერების მაგია არ იკარგება, ის შემონახულია სალომეს პორტრეტებში, რომელიც საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში ინახება.

მედეა აბაშიძე, ისტორიის დოქტორი ელეონორა აბაშიძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი" #117