საფრანგეთის მეფე ლუი XIV - კვირის პალიტრა

საფრანგეთის მეფე ლუი XIV

ნაწილი III

(დასაწყისი იხ. "ისტორიანი" ##116- 118)

XVII საუკუნის მიწურულს რელიგიური საკითხი კვლავ რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე უფრო მწვავე საკითხად. როგორც ჩანს, ლუი XIV, როგორც პოლიტიკოსი, ალბათ მაინც ჩამოუვარდებოდა თავის დიდ წინამორბედებს - ანრი IV-სა და რიშელიეს. სხვათა შორის, ეს განსხვავება ყველაზე უფრო რელიეფურად კონფესიური საკითხისადმი მიდგომაში მჟღავნდება.

"მიუტევებელი შეცდომა" რელიგიურ საკითხში

ანრი IV და კარდინალი რიშელიე სჯულთშემწყნარებლობის მომხრე იყვნენ და რელიგიური საკითხის კომპრომისულ გადაწყვეტას ცდილობდნენ. ამ კურსის ლოგიკური შედეგია ნანტის ედიქტი, რომელიც ანრი IV-ის მეფობის დროს, 1598 წლის 13 აპრილს მიიღეს და "წყალობის ედიქტი", რომელიც მიიღო რიშელიემ 1629 წლის 16 ივლისს. ლუი XIV სულ სხვაგვარად მიუდგა ამ საკითხს, რომელიც ძნელია მივიჩნიოთ მისი დიდი წინამორბედების პოლიტიკის გაგრძელებად, წინ გადადგმულ ნაბიჯად - 1685 წლის 18 ოქტომბერს მეფემ ნანტის ედიქტი გააუქმა. ბუნებრივია, წამოიჭრება საკითხი, თუ ვინ წარმართავდა ლუი XIV-ის რელიგიურ პოლიტიკას. სენ-სიმონი, რომელსაც არ უყვარდა მონარქი და სძულდა მისი ფავორიტი მარკიზა ფრანსუაზა მენტენონი, გადაწყვეტილების მთავარ ინიციატორად სწორედ ამ უკანასკნელს ასახელებდა, თუმცა ისტორიკოსების უმრავლესობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ლუი XIV-ის რელიგიური პოლიტიკის შეფასებისას ფრანგულ ისტორიოგრაფიაში სრული ერთსულოვნება სუფევს. ცნობილი ფრანგი განმანათლებელი შარლ ლუი მონტესკიე, რომელიც სჯულთშემწყნარებლობის პოლიტიკის მომხრე იყო, სასტიკად გმობდა ნანტის ედიქტის გაუქმებას. XIX საუკუნის ცნობილმა ფრანგმა კრიტიკოსმა, შარლ ოგიუსტენ სენტ-ბიოვმა ნანტის ედიქტის გაუქმებას "საუკუნის შეცდომა" უწოდა. გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი ერნესტ ლავისი, რომელიც მეტად კეთილგანწყობილი იყო ლუი XIV-ის მიმართ, ნანტის ედიქტის გაუქმებას შეცდომად მიიჩნევდა. ფრანგი ისტორიკოსის, ჟორჟ დიუბის აზრით, რომელიც საკმაოდ მაღალი აზრის იყო ლუი XIV-ზე, ნანტის ედიქტის გაუქმება იყო "უაზრო აქტი".

მონარქმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა ნანტის ედიქტის გაუქმებით. საფრანგეთი დატოვა ჰუგენოტების ყველაზე უფრო საქმიანმა და გამრჯე ნაწილმა, რომელმაც თავისი გამოცდილება, ცოდნა და ნიჭი საფრანგეთის მთავარი კონკურენტების - ინგლისის, ნიდერლანდებისა და პრუსიის ეკონომიკურ აღმავლობას მოახმარა. ამგვარი სავალალო შედეგები მოჰყვა ედიქტის გაუქმებას. ვაჯამებთ რა ლუი XIV-ის რელიგიურ პოლიტიკას, უნდა დავეთანხმოთ ფრანგ ისტორიკოსს პიერ გაქსტონს, რომ მეფის " რელიგიურმა პოლიტიკამ სრული წარუმატებლობა განიცადა და ვერ შეძლო ერთიანი რწმენის აღდგენა".

დასასრულ, მოკლედ შევეხებით ერთ პრობლემას, რომელიც ფრანგულ ისტორიოგრაფიაში დიდი ხნის განმავლობაში პერიფერიულ თემას წარმოადგენდა და მას მხოლოდ გაკვრით განიხილავდნენ მარიეჟოლი და პაჟესი. როგორც თავად ფრანგი ისტორიკოსები აღიარებენ, ამ თემის მთავარ აღმომჩენად ცნობილი რუსი ისტორიკოსი ბორის პორშნევი გვევლინება. მისთვის, როგორც სამართლიანად აღნიშნავდნენ რეცენზენტები, დამახასიათებელი გახლდათ ისტორიაში კლასობრივი ბრძოლის მნიშვნელობის აბსოლუტიზაცია, გაფეტიშება. ამ თვალსაზრისით საინტერესოა პოლემიკა მასსა და ცნობილ ფრანგ ისტორიკოს როლან მუნიეს შორის.

XVII საუკუნის მეორე ნახევრის სახალხო მღელვარებებში ძალიან ძნელი იქნება კლასობრივი ბრძოლის გამოვლინების დანახვა, როგორც ამას საბჭოთა ისტორიოგრაფია აკეთებდა. ამგვარი მიდგომის მთავარ ტონის მიმცემად სწორედ ბორის პორშნევი მოგვევლინა. ამ გამოსვლებს საფუძვლად ედო სავსებით კონკრეტული გარემოება - გადასახადების გაზრდით გამოწვეული უკმაყოფილება. გლეხები ყველგან მოითხოვენ გადასახადების შემცირებას. ფართო სოციალური გარდაქმნების პროექტს ისინი არსად არ აყენებდნენ. ამ გამოსვლებსაც კლასობრივი ბრძოლის ხასიათი კი არ ჰქონდა, არამედ ანტისაგადასახადო მოძრაობას წარმოადგენდა.

საფრანგეთის მეფე ანრი IV

1662 წელს სახალხო მღელვარება საფრანგეთის სამ ოლქში მოხდა: ლანგედოკში, ბულონსა და ბერიში. 1664 წელს აჯანყებამ იფეთქა გასკონიაში. მას სათავეში ჩაუდგა ოდიჟო და ისტორიაში ბერნარ ოდიჟოს აჯანყების სახელით შევიდა. ხანმოკლე შესვენებებით აჯანყებამ ათ წელიწადს გასტანა და მხოლოდ 1674 წელს მოახერხა მთავრობამ მისი ლიკვიდირება. 1666-1669 წლებში სახალხო მღელვარება მოხდა რუსილონში. 1675 წელს სახალხო მღელვარებების ტალღამ გადაუარა ბრეტონსა და ბორდოს. ეს საკითხი შეისწავლა ბორის პორშნევმა თავის ნაშრომში "სახალხო მღელვარებები საფრანგეთში კოლბერის დროს". ბოლოს დავძენთ, რომ 1702-1705 წლებში მოხდა კამიზარების აჯანყება. მთავრობამ ძალების მაქსიმალური მობილიზაციის ფასად შეძლო მისი ჩახშობა, თუმცა ცალკეული რაზმი კიდევ დიდხანს განაგრძობდა ბრძოლას.

რა თქმა უნდა, ლუი XIV ახლოსაც ვერ მივა თავის დიდ პაპა ანრი IV-სთან, რომელიც პირწავარდნილი მექალთანე ბრძანდებოდა, მაგრამ არც ეს გახლდათ მშვენიერი სქესის მიმართ გულგრილი. მისი პირველი დიდი სიყვარული გახლდათ კარდინალ მაზარინის დისწული მარია მანჩინი. ეს იყო სერიოზული გრძნობა ორივე მხრიდან და ამბობენ, რომ დაქორწინებასაც კი აპირებდნენ, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ქორწილი არ შედგა. ეს მეფის მხრიდან გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა და საფრანგეთს ვერავითარ პოლიტიკურ დივიდენდს ვერ შესძენდა. წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო პრაქტიკული, პრაგმატული იყო ესპანეთის ინფანტა მარია ტერეზაზე (1638-1683) დაქორწინება. ეს მოხდა 1660 წლის 3-9 ივნისს. ლუი XIV-ს თავდაპირველად სერიოზული რომანი ჰქონდა ლუიზა დე ლავალიერთან (1644-1710), შემდეგ იგი ჩაანაცვლა მარკიზა ფრანსუაზა დე მონტესპანმა (1641-1707). სხვათა შორის, ორივე 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებობს ვერსია, რომ ლუი XIV-ს თავისი ახალი სატრფო, მარკიზა ფრანსუაზა დე მენტენონი (1637-1719) სწორედ ფრანსუაზა მონტესპანმა გააცნო. სხვა ვერსიით, თითქოს 1685 წლის 9 თუ 10 ოქტომბერს მათ შესაძლოა ფარულად იქორწინეს კიდეც. სამივე ამ რომანის შედეგად ლუი XIV-ს ბევრი შვილი ჰყავდა.

ლუი XIV-ის სახელთან ასოცირდება სიტყვები "სახელმწიფო - ეს მე ვარ". წარმოთქვა თუ არა მან ეს სიტყვები მართლა, დანამდვილებით არავინ იცის. ლუი XIV-ს ძალიან ბევრი რამ აქვს ნათქვამი, მაგრამ დიდი ალბათობით, როგორც მისი ბიოგრაფი სიბურგი აღნიშნავს, ეს სიტყვები მას არ უთქვამს.

ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკა

ეს მონარქის მოღვაწეობის ერთ-ერთი საინტერესო და აქტუალური სფეროა. საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანსუა პონსეს თქმით, "საფრანგეთის ისტორიისთვის ფრიად ნიშანდობლივია საგარეო პოლიტიკის პრიმატი". ლუი XIV-ის მმართველობის პერიოდში ომები ხშირი იყო, მაგრამ მას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ძირფესვიანი ცვლილება არ მოჰყოლია. როგორც ფრანგი ისტორიკოსი ფრანსუა პიკავე აღნიშნავს, "ნორმალური ცხოვრება ირღვეოდა, მაგრამ არ ინგრეოდა". ამიტომ ამის დრამატიზება, ცხადია, არ ღირს, და არც ლუი XIV-ის განდიდება არის საჭირო. არასოდეს, ნაპოლეონის პერიოდის გარდა, საფრანგეთს ისეთი დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, როგორც ლუი XIV-ის დროს. ევროპაში საფრანგეთის ჰეგემონია დამყარდა. ამერიკელი მეცნიერის ჯორჯ მოდელსკის მიერ საფრანგეთის ჰეგემონიის უგულებელყოფა, ამ თემაზე მისი მსჯელობის აქილევსის ქუსლად მიგვაჩნია და XVII საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ადეკვატურ სურათს ვერ გვიხატავს. საფრანგეთის ჰეგემონიისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება, ცხადია, შემთხვევითი არ ყოფილა და მისი გასაღები ამერიკელი მეცნიერის მსოფლმხედველობაში უნდა ვეძიოთ. საქმე ის გახლავთ, რომ საფრანგეთს არ ჰყავდა ძლიერი ფლოტი, რომელიც ჯ. მოდელსკის თანახმად, მსოფლიო ჰეგემონობის მთავარ გარანტად გვევლინებოდა.

ლუი XIV-ის ომებზე, საგარეო პოლიტიკაზე საკმაოდ მდიდარ ინფორმაციას ვიპოვით იური ბორისოვის საინტერესო წიგნში "ლუი XIV-ის დიპლომატია". ეს რუსული ისტორიოგრაფიის სერიოზული მიღწევაა და საბჭოთა ისტორიოგრაფიის შემდეგ, რომელიც მეფის მმართველობას ძალზე თავშეკავებით ეკიდებოდა, წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ზემოთ მარცხნიდან: ლუიზა დე ლა ვალიერი, ფრანსუაზა დე მონტესპანი, ფრანსუაზა დე მენტენონი. ქვემოთ მარცხნიდან: მადამ დე ლუდრე, ანჟელიკა დე ფონტანჟი, მარია მანჩინი

ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკის შეფასებისას ფრანგულ ისტორიოგრაფიაში პოლარულად განსხვავებული შეხედულებებია გამოთქმული. ისტორიკოსები ამ საკითხის შეფასებისას ორ ძირითად ბანაკად არიან დაყოფილი. ერთნი ძალზე კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ და გუნდრუკს უკმევენ ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკას. მათი მთავარი ტონის მიმცემად გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ერნესტ ლავისი გვევლინება. მეორენი პირიქით, მეფის საგარეო პოლიტიკას მუქი საღებავებით გვიხატავენ და უარყოფითად აფასებენ. მათი ლიდერია ასევე გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ალბერ სორელი. ერთ შემთხვევაში ვარდისფერები დომინირებს, ხოლო მეორეში კი მუქი საღებავები. ორივე უკიდურესობა მიუღებელია. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ფრანგულ ისტორიოგრაფიაში მაინც ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკის ქება-დიდება დომინირებს (ლუი ბერტრანი, კამილ რუსე, ჟან დენფრევილი, ჟან ფლასანი, ფრანსუა პიკავე, ჟორჟ დიუბი, გასტონ ზელერი, ჰუბერტ მეტივიე). ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკის ქება-დიდება ალბათ მაინც დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და გადაჭარბებული შეიძლება იყოს - საფრანგეთის მეფის საგარეო პოლიტიკური ამბიციები ნაკლებად შეესატყვისებოდა ქვეყნის ფინანსურ, ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალს. ლუი XIV-ის ფავორიტები.

დედოფალი მარია ტერეზა და მისი შვილი, საფრანგეთის დოფინი 1663 წელს

თემა - იყო თუ არა ლუი XIV თავისი დიდი წინამორბედების, ანრი IV-ისა და კარდინალ რიშელიეს საგარეო პოლიტიკური კურსის გამგრძელებელი? - სადისკუსიო იყო ფრანგულ ისტორიოგრაფიაში. ამაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა ადვილი საქმე არ გახლავთ. ისტორიკოსების აზრი ორად გაიყო. ერთნი ფიქრობენ, რომ ლუი XIV დიახაც იყო ანრი IV-ისა და კარდინალ რიშელიეს საგარეო პოლიტიკის გამგრძელებელი და მათი თავკაცი ერნესტ ლავისია. მეორენი კი პირიქით, მიიჩნევენ, რომ ლუი XIV-მ გადაუხვია თავისი წინამორბედების საგარეო პოლიტიკას და ასე მიაჩნია ალბერ სორელს. საკითხისადმი ერთმნიშვნელოვანად სწორხაზოვანი მიდგომა სრულყოფილ, ამომწურავ წარმოდგენას ვერ გვიქმნის. ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკის ანტიჰაბსბურგული ვექტორი უცვლელი დარჩა და ამ თვალსაზრისით ის განაგრძობდა ანრი IV-ისა და რიშელიეს საგარეო პოლიტიკას. ეს მედლის ერთი მხარეა, რომელზეც აპელირებს ერნესტ ლავისი და სავსებით სწორადაც. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და მეორე მხარის გვერდის ავლა მიზანშეწონილი არ იქნება. ის მკაფიოდ აისახებოდა საშუალებებსა და მეთოდებში. ეს იმით გამოიხატა, რომ "მშვიდობიანი შეღწევის" პოლიტიკა, რომელსაც ანიჭებდნენ უპირატესობას რიშელიე და მაზარინი, ძალის პოლიტიკამ ჩაანაცვლა. მნიშვნელოვანწილად ამით აიხსნება, რომ ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკა უფრო ექსპანსიური, აგრესიული გახდა. სხვა ტერიტორიების ხელში ჩაგდების მისწრაფება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, როგორც იტყვიან, "მადა ჭამაში მოვიდა". ლუი XIV-მ სცადა, თავისი წინამორბედების პოლიტიკა საკუთარი სურვილისამებრ გადაეკეთებინა. ფრანგმა ისტორიკოსმა კამილ რუსემ კარგად შენიშნა ის განსხვავება, რომელიც არსებობდა მოწაფისა და მასწავლებლის - ლუი XIV-ისა და კარდინალ მაზარინის პოლიტიკას შორის. "მაზარინის დროს დიპლომატია იყო პირველხარისხოვანი საშუალება, ომები კი დამხმარე საშუალება. ხოლო ლუი XIV-ის დროს პირიქით, პირველხარისხოვანი საშუალება ომები გახდა, ხოლო დიპლომატია - დამხმარე საშუალება". განსხვავება უფრო ფორმას შეეხება, ვიდრე შინაარსს, რომელიც წინამორბედების გზიდან გადახვევად, როგორც ამას ალბერ სორელი მიიჩნევს, რამდენად შეიძლება აღვიქვათ, ძნელი სათქმელია.

(გაგრძელება მომდევნო ნომერში)

მერაბ კალანდაძე ჟურნალი "ისტორიანი" #117