გუსტავ კლიმტის "ოქროს ადელის" არაჩვეულებრივი თავგადასავალი - კვირის პალიტრა

გუსტავ კლიმტის "ოქროს ადელის" არაჩვეულებრივი თავგადასავალი

ეს გახლავთ ისტორია, რომელშიც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება, დევნა და მსხვერპლშეწირვა. ამ ისტორიას მორალი არ გააჩნია! ან რა მორალი უნდა ჰქონდეს ამბავს, რომელშიც მონაწილეობს გენიოსი გუსტავ კლიმტი, საბედისწერო ქალი ადელ ბლოხ-ბაუერი, $135 მილიონად შეფასებული ტილო, ადოლფ ჰიტლერი, ჯორჯ ბუში-უმცროსი, აშშ-ის მთავრობა და ავსტრიელი ხალხი? ამბის "მთავარი გმირია" გუსტავ კლიმტის ტილო "ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი" ან უბრალოდ - "ოქროს ადელი".

ყველაფერი 1904 წელს დაიწყო, ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი მოკირწყლულ ტროტუარზე სეირნობდა, მხიარულ მელოდიას უსტვენდა, ხანდახან ჩერდებოდა და თავაზიანად ესალმებოდა შემხვედრთ.

ფერდინანდს უკვე ყველაფერი გადაეწყვიტა! თავიდან, რა თქმა უნდა, მისი მოკვლა სურდა, მაგრამ ებრაულ ოჯახში მიუღებელია ცოლის მოკვლა... ღალატისთვის! განქორწინებაც არ შეეძლო - ებრაულ ოჯახში ხომ განქორწინებაც მიუღებელია. განსაკუთრებით ისეთ ოჯახებში, როგორიც ფერდინანდსა და ადელს ჰქონდათ - ავსტრიის ებრაული დიასპორის ელიტურ ოჯახებში. ასეთ ოჯახებში სამუდამოდ ქორწინდებიან.

ფული ფულთან მიდის, კაპიტალი - კაპიტალთან. ფერდინანდისა და ადელის ქორწინება ორივეს მშობლებმა აკურთხეს. ადელის მამა, მორიც ბაუერი, მსხვილი ბანკირი, ავსტრიის ბანკირების ასოციაციის თავმჯდომარე, დიდხანს ეძებდა თავისი ქალიშვილებისთვის შესაფერის სასიძოებს, და შეარჩია ძმები, ფერდინანდ და გუსტავ ბლოხები, რომლებიც შაქრის წარმოებით იყვნენ დაკავებული და რამდენიმე საწარმოს ფლობდნენ.

ქორწილში მთელი ვენა დაპატიჟეს, კაპიტალის შერწყმის შემდეგ კი ორივე ოჯახი ბლოხ-ბაუერი გახდა. ახლა ევროპაში შაქრის უმსხვილესი მწარმოებელი ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი ქუჩაში მისეირნობდა და გრძნობდა, როგორ ეზრდებოდა თავზე მდიდრული ატლასის ცილინდრის ქვეშ რქები. მთელი ქალაქი მისი ცოლისა და მხატვარ გუსტავ კლიმტის რომანს განიხილავდა. ფერდინანდს რამდენიმე ღამე არ ეძინა, სანამ არ მოიფიქრა, როგორ ეძია შური.

გუსტავ კლიმტის ტილო

მიუხედავად იმისა, რომ ადელივით განათლებული და ნაკითხი არ იყო, ფერდინანდმაც იცოდა რაღაც. მაგალითად ის, რომ ძველმა ინდიელებმა შეყვარებულების დასაშორებლად ერთმანეთს მიაჯაჭვეს ისინი და იქამდე გააჩერეს, სანამ ერთმანეთი არ შესძულდათ ისევე ძლიერ, როგორც უყვარდათ.

ეს იდეა ძილში მოუვიდა. დაესიზმრა, რომ მისი შაქრის იმპერია დაიმსხვრა შაქრის პატარა ნატეხებად, პატარა კაცუნებმა ყველაფერი დაიტაცეს, ფერდინანდს კი მხოლოდ მისი ცოლის პორტრეტი შერჩა.

ის კლიმტს ადელის პორტრეტს შეუკვეთავს! დაე, 100 ესკიზი გააკეთოს, სანამ გული არ აუცრუვდება ადელზე! დიდხანს ვერ გაძლებს - მას მენატურეებისა და საყვარლების ხშირად გამოცვლა სჭირდება, სხვაგვარად დაიხრჩობა. 14 უკანონო შვილი ჰაერიდან კი არ მოსულა. დაე, ხატოს ეს პორტრეტი რამდენიმე წელიწადს. დაინახოს ადელმა, თუ როგორ ქრება კლიმტის გრძნობა. მიხვდეს, ვისზე გაცვალა ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი!

განშორებასაც ვერ შეძლებენ. კონტრაქტი - სერიოზული საქმეა. მასში კი ჯარიმაა, რომელიც კონტრაქტის თანხას ათეულობით აღემატება. ფერდინანდი იოლად გააკოტრებს კლიმტს.

ფერდინანდმა ადელის პორტრეტის შეკვეთა გადაწყვიტა და სახელიც შეურჩია, "ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი". ხელისუფლებისგან განებივრებული კლიმტი ერთობ მოდური მხატვარი იყო. მეტიც, მისი ტილოები კაპიტალდაბანდების სარფიანი საშუალება გახლდათ. ფერდინანდს ეს მშვენივრად ესმოდა.

გულდასმით ამზადებდა კონტრაქტს კლიმტთან, ამ საკითხით მისი საუკეთესო იურისტები იყვნენ დაკავებული. ახლა მთავარი იყო, კლიმტს ქაღალდებზე ხელი მოეწერა.

როდესაც ფერდინანდი შინ დაბრუნდა, ადელი მისაღებ ოთახში სავარძელზე ნებივრად წამოწოლილი დახვდა. მიჩვეული იყო ბედნიერ უსაქმურობას.

ძალიან მდიდარ ოჯახში გაიზარდა, მოახლეების არმია ეხვია გარს. იმ დროს მიღებული არ ყოფილა, გოგონებს უნივერსიტეტში ესწავლათ. სამაგიეროდ, ადელს მშობლებმა კარგი შინაური განათლება მისცეს. რომანტიკული ადელი ოთხ ენაზე კითხულობდა კლასიკას. გათხოვების შემდეგ მოდური სალონი შექმნა, სადაც პოეტები, მწერლები და ვენის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. სწორედ ამ სალონში გაიცნო გუსტავ კლიმტი.

ფერდინანდმა ადელს ტანსაცმლის გამოცვლა შესთავაზა, რადგან კლიმტი მიეწვია სადილად. კლიმტის ხსენებაზე ადელს ლოყები შეეფაკლა. ეს არ გამოჰპარვია მეუღლის თვალს... გუსტავ კლიმტი დათქმულ დროს მოვიდა, ყოველი შემთხვევისთვის ნახატის ჩარჩო გამოაყოლა ხელს.

აღსანიშნავია, რომ ის სწორედ ჩარჩოთი იწყებდა საქმეს. მისი ძმა ლამაზ ჩარჩოს ამზადებდა, გუსტავი კი მასში თავის შედევრებს ათავსებდა. სადილმა მშვიდად ჩაიარა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ გუსტავი და ადელი ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებდნენ. ფერდინანდი კი პირიქით, ხუმრობის ხასიათზე იყო.

გუსტავ კლიმტი

სადილის შემდეგ სამთა შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი შედგა:

ფერდინანდი: მისტერ კლიმტ, ალბათ, მიხვდით, რატომ მოგიწვიეთ, ჩარჩოც სწორედ ამიტომ წამოგიღიათ. ჩემი მეუღლის უჩვეულო პორტრეტის შეკვეთა მსურს.

კლიმტი: უჩვეულოში რას გულისხმობთ?

ფერდინანდი: ამ ნახატმა მინიმუმ რამდენიმე საუკუნეს უნდა გაუძლოს!

კლიმტი: საინტერესოა, საინტერესოა... რამდენიმე საუკუნე!.. არ ვიცი, მე ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები მაინტერესებს: ჩასახვა, ფეხმძიმობა, დაბადება, სიყრმე, ახალგაზრდობა, სიბერე...

ფერდინანდი: მაგრამ ბიბლია ადამიანებმა დაწერეს, "სიქსტეს მადონა" ადამიანმა დახატა - რაფაელ სანტიმ და იგი საუკუნეებია ცოცხლობს. აი, თქვენც შექმენით ჩემი მეუღლის პორტრეტი, როგორც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მადონა და დაე, იცოცხლოს ამ პორტრეტმა მრავალ საუკუნეს.

კლიმტი: ძალიან რთული ამოცანის წინ მაყენებთ.

ფერდინანდი: არსად გვეჩქარება. ძალიან კარგ ავანსს გადაგიხდით, რათა ფულზე არც იფიქროთ.

კლიმტი: მსგავსმა ნახატმა შესაძლოა, დამატებითი ხარჯი მოითხოვოს.

ფერდინანდი: მაგალითად?

კლიმტი: მაგალითად, მოვისურვებდი, ადელის კაბა ოქროს ფირფიტებით მომერთო...

ფერდინანდი: თუ ჩემი ცოლის კაბის ოქროთი მორთვას აპირებთ და ამით ნახატის ქვემო ნაწილზე გსურთ ყურადღების გამახვილება, შევიძენ კოლიეს და ამით ვეცდები, ნახატის ზემო ნაწილს მიექცეს ყურადღება.

ადელი: აი, უკვე მთლიანად გამიყავით. ისღა დამრჩენია, გულზე ხელი დავიკრიფო, რათა ნახატის შუა ნაწილისკენ მივიპყრო ყურადღება.

ფერდინანდი: ვისურვებდი, რომ ჩემი ცოლის პორტრეტზე სიშიშვლე არ იყოს, როგორც ეს ივდითის პორტრეტზეა (იგულისხმება კლიმტის 1901 წლის ტილო "ივდითი და ჰოლოფერნესის თავი". - დ.ზ.).

კლიმტი: რა თქმა უნდა, ჯერ ესკიზს მოვამზადებ და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგები ძირითად სამუშაოს...

კონტრაქტს თანხის დანახვისას გუსტავ კლიმტმა წაუკითხავად მოაწერა ხელი. ეჭვი კი ჰქონდა, რომ გენიალური მხატვარი იყო, მაგრამ შემოთავაზებულმა თანხამ უბრალოდ გააოგნა.

კლიმტმა პორტრეტის დაახლოებით 100 ესკიზი შექმნა და მუშაობა ოთხი წლის შემდეგ დაასრულა. ფერდინანდი კმაყოფილი იყო. ნახატი დასრულდა. იგი სავსებით პასუხობდა შემკვეთის ჩანაფიქრს. პორტრეტი ვენის სახლის მისაღები ოთახის კედელზე ჩამოჰკიდეს.

ცხადია, კლიმტისა და ადელის გრძნობები თანდათანობით განელდა. სამუშაოს დაწყებიდან რამდენიმე ხანში ადელი ავად გახდა და კლიმტს ხანგრძლივი შესვენებები უწევდა.

ადელი ავადმყოფობდა, ამასთან, ბევრს ეწეოდა, მთელ დღეებს ლოგინში ატარებდა. ბედმა დედობა არ არგუნა - სამჯერ იმშობიარა და სამივე შვილი მოუკვდა. მთელი მისი დედობრივი სიყვარული დისშვილებზე გადაიტანა. ერთ-ერთ მათგანს, მარიას, განსაკუთრებით აღმერთებდა. საათობით განიხილავდნენ მოდას, კაბების ახალ მოდელებს, ასევე, კლიმტის ნახატებს, რომლებიც ადელის სახლში უკვე ათზე მეტი დაგროვდა.

ფერდინანდი მთელ დროს სამუშაოს უთმობდა. არასოდეს გაუმხელია ადელისთვის, რომ გუსტავთან ურთიერთობის შესახებ მისთვის ცნობილი იყო.

დრო გადიოდა, ახლოვდებოდა პირველი მსოფლიო ომი. კლიმტის ცხოვრების "ოქროს ხანა" დასრულდა და ადგილი დაეთმო სიკვდილისა და სამყაროს დასასრულის დამთრგუნველ გამოსახულებებს. კლიმტი მტკივნეულად განიცდიდა მსოფლიო მოვლენებს. ომმა მასზე დამღუპველი გავლენა მოახდინა. 1918 წელს, 52 წლის ასაკში კლიმტი მოულოდნელად გარდაიცვალა თავის სახელოსნოში, მუდმივი თანამგზავრის, ემილია ფლეგეს კალთაში.

გუსტავ კლიმტის

ადელი 1925 წელს გარდაიცვალა მენინგიტით. ანდერძში ფერდინანდს სთხოვა, ორი პორტრეტი და ოთხი პეიზაჟი, გუსტავ კლიმტის ნახატები, ვენის ბელვედერის მუზეუმისთვის გადაეცა, მათ შორის "ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტიც" (სურათები ფერდინანდის საკუთრება იყო და არა ადელის). ფერდინანდი მარტო დარჩა, მისი ცხოვრება სულ უფრო მძიმდებოდა, 1938 წელს ავსტრია გერმანიის შემადგენლობაში შევიდა, ნაცისტებმა კი ავსტრიელ ებრაელებზე ნადირობა დაიწყეს. იმავე წელს ფერდინანდმა შვეიცარიაში გაქცევა მოახერხა, ქონება კი ძმის ოჯახს დაუტოვა.

ერთი პეიზაჟი ადრევე გადასცა ფერდინანდმა მუზეუმს, ადელის პორტრეტი მისაღების კედელზე რჩებოდა. ახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი.

ამ მომენტიდან თხრობა მარია ბლოხ-ბაუერზე გადადის (გათხოვების შემდეგ - მარია ალტმანი), - ქალზე, რომელმაც "ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტის" ისტორიაში ესტაფეტა ჩაიბარა.

გუსტავ ბლოხ-ბაუერი - ფერდინანდის ძმა, ადელის დის ქმარი გახლდათ. წყვილს 5 შვილი ჰყავდა, მათ შორის მარია, ყველაზე უმცროსი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ადელს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ოჯახი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა. მარიას მამა არცთუ ურიგო მუსიკოსი იყო, მეგობრობდა როტშილდთან, რომელსაც გუსტავთან სტრადივარიუსის ვიოლონჩელი მიჰქონდა და იმ დროს მის სახლში მაღალი ხელოვნების მოყვარული საზოგადოება იყრიდა თავს.

სიყრმის ასაკში მარია ალოის კუნსტთან მეგობრობდა, გიმნაზიის მოსწავლესთან. ხშირად იწვევდა დეიდა ადელის სახლში და ნახატს ათვალიერებდნენ. მარიამ თავის პირველ მეჯლისზეც კი მიიწვია ბიჭი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მშობლები ამ ურთიერთობას არ ეწინააღმდეგებოდნენ. ალოისს კულტურულ და კარგად აღზრდილ ახალგაზრდად მიიჩნევდნენ. დეიდა ადელმა ამ შემთხვევისთვის გოგონას თავისი ბრილიანტის ყელსაბამი (მანიაკი, "კოლიე") ათხოვა, რომლითაც გუსტავ კლიმტთან პოზირებდა. მეჯლისი მარიას სამუდამოდ დაამახსოვრდა. მან და ალოისმა იცოდნენ, რომ ნახატი რაღაც საიდუმლოს ინახავდა. თუ მას გარკვეული კუთხიდან შეხედავ და სურვილს ჩაიფიქრებ, ტუჩის კუთხის მიხედვით შეგიძლია შეამჩნიო, იღიმება ადელი თუ არა. თუ იღიმება - სურვილი აგიხდება.

მაგრამ ცოლად მარია სხვას გაჰყვა. ფრედერიკ ალტმანი, მსხვილი მეწარმის ვაჟი, საოპერო მომღერალი იყო. ფული ფულთან, კაპიტალი - კაპიტალთან. როგორც ჩანს, მისი მშობლები უფრო მდიდრები აღმოჩნდნენ. წყვილი 1938 წელს დაქორწინდა. გარიგების მიუხედავად, მარიას ძალიან უყვარდა ქმარი და მასთან მთელი ცხოვრება გაატარა. ადელის ბრილიანტის მანიაკი ბიძია ფერდინანდმა მარიას ქორწილის დღეს აჩუქა.

როდესაც ნაცისტებმა ავსტრიელ ებრაელებზე ნადირობა დაიწყეს, ფერდინანდი შვეიცარიაში გაიქცა, ფრედერიკი კი დაიჭირეს და გესტაპოში გაამწესეს. მოგვიანებით ის დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა, სადაც ათასობით ებრაელი შავ კვამლად იქცეოდა მას შემდეგ, რაც მთელ ქონებას გერმანულ ხელისუფლებას გადასცემდა. გესტაპოელები მარიას სახლში შეიჭრნენ. წაიღეს მთელი ძვირფასეულობა და სტრადივარიუსის ვიოლონჩელო. ბრილიანტის მანიაკი კი უბრალოდ ტომარაში ჩააგდეს (შემდეგ უამრავმა თვითმხილველმა შენიშნა ეს ყელსაბამი ჰაინრიხ ჰიმლერის მეუღლის ყელზე). მარიამ დაუფიქრებლად მოაწერა ყველა ქაღალდს ხელი და მთელი უძრავი თუ მოძრავი ქონება ჩააბარა. ქმრის დასახსნელად ის ყველაფრისთვის იყო მზად.

მარია ალტმანი და

მარია ელოდა, რომ დღეს თუ ხვალ "ოქროს ადელსაც" წაიღებდნენ. თითქმის არ გაჰკვირვებია, როდესაც ნახატს გესტაპოელებთან ერთად ძველმა მეგობარმა, ალოის კუნსტმა მოაკითხა. კუნსტი ფაშისტებთან თანამშრომლობდა, მათთვის ფერწერის კოლექციას აგროვებდა, რომელთა ნაწილი მესამე რაიხის საიდუმლო სარდაფებში ინახებოდა. როდესაც მარიამ ჰკითხა, როგორ შეუძლია მას ასეთი მოღალატე იყოს, კუნსტმა მიუგო, რომ ამგვარად ავსტრიისთვის გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო.

ადოლფ ჰიტლერს მოსწონდა გუსტავ კლიმტის შემოქმედება. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, როცა ჰიტლერი ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში ჩაბარებას ცდილობდა. იმ დროს კლიმტი აკადემიის საპატიო პროფესორი გახლდათ. ჰიტლერი საფოსტო მარკებისა და ღია ბარათების შექმნით ირჩენდა თავს. ის კლიმტთან მივიდა, რათა თავისი ნამუშევრები ეჩვენებინა და რამდენიმე გაკვეთილის ჩატარება ეთხოვა. კლიმტმა განუცხადა, რომ გენიოსი იყო და გაკვეთილებს არ საჭიროებდა. ჰიტლერი ძალიან კმაყოფილი დარჩა, მეგობრებს უყვებოდა, თუ როგორ აღიარა იგი თავად კლიმტმა. აკადემიაში კი მაინც ვერ მოხვდა, მის ნაცვლად ებრაელი ოსკარ კოკოშკა მიიღეს. შესაძლოა, ამიტომაც თქვა ჰიტლერმა ერთხელ, რომ ებრაელებისადმი მისი დამოკიდებულება უაღრესად პირადულია.

აი, კლიმტის ტილოებს კი ეს სიძულვილი არ შეხებია. გაიცა მათი მოფრთხილების ბრძანება, ავტორის ებრაული წარმოშობის მიუხედავად.

როდესაც "ოქროს ადელმა" მშობლიური სახლი დატოვა, ფიურერმა იგი საკუთარ კოლექციაში არ მიიღო. ადელი ებრაელობას სულაც არ მალავდა და ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ პორტრეტს რაიხსტაგში და ვერც დანარჩენ ფაშისტურ გერმანიაში ვერ ჩამოჰკიდებდნენ. ნახატი გაქრა. არავინ იცოდა, სად იყო ადელის პორტრეტი ომის წლებში...

სათუთად მოფრთხილებული ალოის კუნსტის მიერ, იგი ომის დასრულების შემდეგ ამოტივტივდა და ვენის ბელვედერის მუზეუმში დაიდო ბინა. ალოის კუნსტი მუზეუმის დირექტორი გახდა და საყვარელ რელიკვიას ძველებურად უფრთხილდებოდა.

ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი 1945 წლის ნოემბერში სიმარტოვეში გარდაიცვალა. ვერც ერთმა ნათესავმა ვერ მოახერხა მისი უკანასკნელ გზაზე გაცილება. მარიასა და მის ქმარს გაუმართლათ: გესტაპოს გამომძიებელი ალტმანის ნაცნობი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც ფრედერიკი ალპინიზმით იყო გატაცებული და ერთხელ სიკვდილისგანაც კი იხსნა. წყვილი გაყალბებული დოკუმენტებით გაიქცა. მათ გესტაპო მისდევდა. მარია იხსენებდა, როგორ გაეთიშა ძრავა უკვე ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს, რომელიც ვენიდან ლონდონში მიფრინავდა. სალონში გესტაპოელები შემოიჭრნენ. ალტმანები შიშით სავარძელს ჩაებღაუჭნენ, მაგრამ გადარჩნენ - მათ ნაცვლად სხვები გაიყვანეს.

მარია ალტმანი სათუთად ინახავდა თავის წინდებს, რომლებიც მავთულხლართზე გადასვლისას დაეხა. ამ წინდებს თავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნევდა. წყვილი ჯერ ინგლისში ჩავიდა, შემდეგ კი აშშ-ში მოახერხა გამგზავრება. რამდენიმე ხნის შემდეგ მარიამ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა იქამდე, სანამ ჟურნალისტმა ჰუბერტუს ჩერნინმა ფერდინანდ ბლოხ-ბაუერის ბოლო ანდერძი არ ამოქექა, რომელიც მან შვეიცარიაში გაქცევამდე დაწერა და ყველა წინა ანდერძს აუქმებდა. ფერდინანდმა მთელი ქონება ძმისშვილებს უანდერძა. იმ მომენტისთვის მათგან მხოლოდ მარია იყო ცოცხალი, ისიც 80 წლისა. ჰუბერტუსი მიხვდა, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა.

დიდგვაროვანი წარმოშობის მიუხედავად, ღარიბი იყო და ფუფუნებაში ცხოვრებაზე ოცნებობდა. ესმოდა, რომ ამერიკელი მილიონერი ქალი ამ ინფორმაციისთვის კარგად გადაუხდიდა.

მთელი ავსტრია ფეხზე დადგა. ავსტრიული გაზეთების გარეკანები აჭრელებული იყო სათაურებით: "ავსტრია კარგავს თავის რელიკვიას!" "არ დავუთმობთ ამერიკას ჩვენს ეროვნულ განძს!" პოლიციაში შემოდიოდა მუქარები, რომ გაანადგურებენ ნახატს, მაგრამ არ გადასცემენ ამერიკას. ბოლოს და ბოლოს, მუზეუმის დირექციამ გადაწყვიტა, გადაემალა ნახატი. საკვირველია, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი თავის ბერკეტებს მიმართავდა, რათა სურათების საქმეს მსვლელობა არ მისცემოდა. სულაც არ სურდა ავსტრიელებთან ურთიერთობის გაფუჭება.

მარია ალტმანი საკუთარი ქონებისთვის 7 წლის განმავლობაში იბრძოდა. სასამართლო უამრავ მიზეზს პოულობდა, რომ ეს საქმე არ განეხილა. მაგრამ მარიას ადვოკატებმა გამოძიება ჩაატარეს და დააზუსტეს, რომ ფერდინანდ ბლოხ-ბაუერს ჩეხეთის მოქალაქეობა ჰქონდა. საქმის განხილვა ამერიკის ტერიტორიაზე გადაიტანეს, რადგან ქაღალდების მიხედვით, ამერიკის მოქალაქე ქალი ითხოვდა ჩეხეთის მოქალაქის ანდერძის აღსრულებას. "რა შუაშია ავსტრია?" - ამბობდა მარია და მართლაც, ავსტრია არაფერ შუაში იყო. აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავსტრიას დაეკისრა გუსტავ კლიმტის 5 ნახატის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება. მათ შორის "ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტიც" იყო.

მარია არ მოითხოვდა დაჟინებით, რომ ნახატებს აუცილებლად უნდა დაეტოვებინა ავსტრიის საზღვრები. იგი მათი საბაზრო ღირებულების გადახდას ითხოვდა, რამაც $155 მილიონი შეადგინა. ავსტრიის კულტურის სამინისტროს ასეთი უზარმაზარი თანხა არ აღმოაჩნდა.

მთელი ავსტრია ფეხზე დადგა "ოქროს ადელის" დასაცავად. სახელმწიფოს ისტორიაში უპრეცედენტო ზომები მიიღეს. წარმოებდა მოლაპარაკებები ბანკებთან სესხის თაობაზე, მთავრობამ მოსახლეობას მიმართა დასახმარებლად, "კლიმტის ობლიგაციის" გამოშვებაც კი დააპირეს. საზოგადოებამ თანხების შეგროვება დაიწყო. ფულს, ავსტრიელების გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც სწირავდნენ. ავსტრიის მთავრობამ საჭირო თანხა თითქმის შეაგროვა.

რონალდ ლაუდერი და მარია ალტმანი

მაგრამ ნახატების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მათი საბაზრო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. მარია ალტმანს იშვიათი შანსი ჰქონდა, გამოეჩინა კეთილშობილება და ავსტრიის ისტორიაში შესულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა. მარიამ უკვე 300 მილიონი მოითხოვა...

2006 წლის თებერვალში "ოქროს ადელის" გასაცილებლად ათასობით ავსტრიელი გამოვიდა. ადამიანები იმ ქუჩებზე ჩამწკრივდნენ, რომლებზეც რელიკვიებით დატვირთულ ბრონირებულ ავტომობილებს უნდა გაევლო. ზოგიერთი ცრემლს ვერ იკავებდა. სახუმარო საქმე ხომ იყო, ადელის პორტრეტი ავსტრიის სიმბოლო გახლდათ თითქმის ასი წლის განმავლობაში.

მარია ალტმანმა "ოქროს ადელი" $135 მილიონად რონალდ ლაუდერს მიჰყიდა, პარფიუმერული კონცერნის, "ესტი ლაუდერის" მფლობელს. ლაუდერმა "ოქროს ადელისთვის" ნიუ-იორკში მუზეუმი დააარსა, რომელსაც "ავსტრიული და გერმანული ხელოვნების სახლი" ეწოდა და სადაც არის ნახატი ამჟამად.

ჟურნალისტმა ჰუბერტუს ჩერნინმა ვერ მოასწრო მარიასგან მიღებული თანხის გამოყენება, რადგან კლიმტის ნახატების ავსტრიიდან გატანის შემდეგ 4 თვეში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევა დაემართა.

მარია ალტმანი 2011 წელს გარდაიცვალა 94 წლის ასაკში.

პორტრეტი დღემდე ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. ცოცხალი აღარ არის იმ ამაღელვებელი მოვლენების არც ერთი მონაწილე, ოქროს ადელი კი კიდევ მრავალ საუკუნეს გაუძლებს, როგორც ფერდინანდ ბლოხ-ბაუერს სურდა.

დუდანა ზაქარაია ბლოგერი ჟურნალი "ისტორიანი" #117