რუსული კოლაბორაციონიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს
რუსული კოლაბორაციონიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს
ფოტო:გენერალი ანდრეი ვლასოვი და რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის (როა)ჯარისკაცები
საქართველოში ამ თემაზე ცოტა რამ არის ცნობილი. ხალხმა მხოლოდ როა (РОА, რუსეთის განმათავისუფლებელი არმია) და მისი სარდლის, გენერალ ანდრეი ვლასოვის სახელი იცის. ეს რუსული კოლაბორაციონისტული ფორმირება 1 მილიონამდე ჯარისკაცს ითვლიდა. ამავე დროს, მის გარდა კიდევ არსებობდნენ რონა (РОНА, რუსული სახალხო-განმათავისუფლებელი არმია) და კაზაკები (Казачий стан).

როგორც ცნობილია, ნაცისტებს ოკუპირებული საბჭოთა ტერიტორიების მიმართ ერთიანი გამოკვეთილი პოზიცია არ გააჩნდათ. ჰიმლერი რუსებისა და საერთოდ სლავების მიმართ მკაცრი, სასტიკი ზომების მომხრე იყო.

- თუ
რუსს თავაზიანად და მეგობრულად ეპყრობი, ის ამას სისუსტედ მიიჩნევს და თავზე დაგაჯდება! რუსს მხოლოდ მათრახი და როზგი ესმის! სხვანაირად წესრიგს ვერ დავამყარებთ, - ამბობდა ჰიმლერი.
ნაცისტური პარტიის მთავარი თეორეტიკოსი ალფრედ როზენბერგი ამ პრინციპს ეთანხმებოდა, თუმცა მიიჩნევდა, რომ გარდამავალ პერიოდში აუცილებელი იყო ელასტიკურობის გამოჩენა.
- როცა გვსურს
ისეთი დიდი ქვეყანა დავამარცხოთ, როგორიც რუსეთია, უნდა გამოვიყენოთ არა მხოლოდ როზგი, არამედ თაფლაკვერიც; ანუ დაყრდნობა აუცილებელია არა მარტო შიშველ ძალაზე, არამედ რუსი ხალხის კომუნიზმისგან გათავისუფლების იდეაზეც, - ამტკიცებდა როზენბერგი.

ჰიტლერი ყოყმანობდა. ფიურერს სლავები (და არა მხოლოდ რუსები) სასტიკად სძულდა, თუმცა როზენბერგის სიტყვებიც აფიქრებდა. 1941 წელს ვერმახტი სწრაფად მიიწევდა წინ. ჰიტლერმაც მხარი რაიხსფიურერ ჰიმლერს დაუჭირა.
- არავითარი დანდობა, არავითარი ლოიალობა! რუსი გერმანელის დანახვაზე უნდა ძრწოდეს! გერმანელი, მხოლოდ გერმანელია ბატონ-პატრონი, - ამბობდა ფიურერი.

მიუხედავად ამისა, როზენბერგი არ ცხრებოდა. მან დაარწმუნა ფიურერი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილიყო ერთგვარი რუსული რესპუბლიკა. მისი ცენტრი გახდა პატარა ქალაქი ლოკოტი, რომელიც ბრიანსკის ოლქში (ბრიანშჩინა) მდებარეობს. ეს მხარე ხშირი ტყეებით არის დაფარული. საბჭოთა მთავრობა შეეცადა, იქაურობა მასობრივი პარტიზანული მოძრაობის ბაზად ექცია. სწორედ ბრიანშჩინაზე შეიქმნა ცნობილი პარტიზანი მეთაურის, მიხაილ დუკას რაზმი. აქ იყო სიდორ კოვპაკის, ალექსეი ფიოდოროვის, ალექსანდრ საბუროვის, სტანისლავ ვაუპშასოვის თუ სხვების ბაზები. ჰიტლერმა ამის საპირისპიროდ რუსული რესპუბლიკის შექმნა გადაწყვიტა.

საჩვენებელი "რესპუბლიკა"

ლოკოტის რესპუბლიკა ერთგვარ საჩვენებელ რაიონად გადაიქცა. მალე აქ ჰიტლერული კინოქრონიკა ჩავიდა და გადაიღო, როგორ კარგად ცხოვრობდა მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ ფსევდოდოკუმენტურ ფილმს მთელი ოკუპირებული ევროპის კინოთეატრებში უჩვენებდნენ.

ცნობილი ბრიტანელი პუბლიცისტი ალექსანდრ ვერტი ლოკოტის რესპუბლიკაში შექმნილ მდგომარეობას მოკლედ და ლაკონიურად აღწერს. ჰიტლერელებმა მიწაზე კერძო საკუთრება აღადგინეს. მოსახლეობას უფლება მისცეს, მიწა თავად გაენაწილებინათ. გადასახადები სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. წესრიგს იცავდა ადგილობრივი მოსახლეობისგან შექმნილი პოლიცია, რომელმაც უმალ გამოავლინა ის პირები, ვინც მოსკოვმა არალეგალური სამუშაოსთვის დატოვა. პარტიზანებს, პარტიულებსა და კომკავშირლებს თავად ხალხი უსწორდებოდა. ყველა საკითხს წყვეტდა ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც მოსახლეობამ აირჩია.

- ეს იყო ექსპერიმენტი. ლოკოტის რესპუბლიკაც ერთგვარ საჩვენებელ რაიონად გადაიქცა, - წერს ვერტი.

სხვა ოკუპირებული რაიონებისგან ლოკოტის რესპუბლიკა იმით განსხვავდებოდა, რომ იქ ვითარებას მთლიანად ადგილობრივი ძალები აკონტროლებდნენ და არა გერმანული კომენდატურები. მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა ორ პირს, ბრონისლავ კამინსკისა და კონსტანტინ ვოსკობოინიკს. ორივე ფრიად კოლორიტული პერსონაჟი გახლდათ.


ბრონისლავ კამინსკი (1899-1944) დაიბადა ვიტებსკის გუბერნიაში (თანამედროვე ბელორუსის ტერიტორია). 1917-1922 წლებში მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში წითლების მხარეს და სკკპ(ბ) წევრი გახდა. ომის შემდეგ სწავლობდა ლენინგრადის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ქიმიის ფაკულტეტზე. მისი დამთავრების შემდეგ მუშაობდა სპირტის ქარხანაში.

1935 წელს კამინსკი დააპატიმრეს. ბრალად კოლექტივიზაციის კრიტიკას სდებდნენ. ის გაასამართლეს და შორეულ ჩრდილოეთში გადაასახლეს. დახვრეტას იმის წყალობით გადაურჩა, რომ შინსახკომის აგენტი გახდა. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კამინსკი გაათავისუფლეს და ბრიანშჩინაზე, პატარა ქალაქ ლოკოტში დაასახლეს. მალე გერმანია-სსრ კავშირის ომიც დაიწყო. ჰიტლერელთა მოსვლის შემდეგ კამინსკიმ მიიჩნია, რომ ბოლშევიზმის დრო წავიდა და ოკუპანტების სამსახურში ჩადგა. ნაცისტებმაც ის ლოკოტის ე.წ. რესპუბლიკის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნეს.

რესპუბლიკის მეორე ლიდერი ვოსკობოინიკი (1895-1942) დაიბადა უკრაინაში, ქალაქ სმელაში (ჩერკასის ოლქი, ჩერკაშჩინა). სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917 წელს მემარცხენე ესერებს მიემხრო, შემდეგ ბოლშევიკებთან გადავიდა. ფრანგი მემარცხენე პუბლიცისტი ალენ გერენი ამტკიცებს, რომ 1918 წელს ვოსკობოინიკი ჩეკამ დააპატიმრა და გადაიბირა, რის შემდეგაც ის საიდუმლო აგენტი გახდა.

- თეზისი ვოსკობოინიკის ჩეკას მიერ გადაბირების შესახებ მხოლოდ ვერსიაა. ის ფაქტებით არ მტკიცდება, - წერენ თანამედროვე რუსი ისტორიკოსები ალექსანდრ კოლპაკიდი და დმიტრი პროხოროვი.

რუსეთის სამოქალაქო ომში (1918-1922) ვოსკობოინიკი ბოლშევიკების მხარეს მონაწილეობდა. ომის დამთავრების შემდეგ კი ესერებს დაუკავშირდა და გლეხთა აჯანყებებით დაინტერესდა. პუბლიცისტი კირილ სტოლიაროვი მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის ვოსკობოინიკი ესერთა იატაკქვეშეთის განადგურების ოპერაციაში მონაწილეობდა, ხოლო აჯანყების ჩახშობის შემდეგ ყალბი პასპორტით გაემგზავრა ასტრახანში. 1924 წელს სხვისი გვარით მოსკოვში დაბრუნდა და ლომონოსოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. 1931 წელს ვოსკობოინიკი ნებაყოფლობით გამოცხადდა უშიშროების ორგანოებში და აღიარებითი ჩვენება მისცა. ის სასამართლოს გადასცეს. განაჩენი ფრიად ლმობიერი იყო: 3 წლით გადასახლება. ცოტა ხნის შემდეგ ვოსკობოინიკი გაათავისუფლეს. ეს სერგეი კიროვის მკვლელობასა და დიდი ტერორის მეორე ტალღას დაემთხვა. ამ დროს ბევრი, ვინც ოდესღაც ანტისაბჭოთა მოძრაობაში იყო ჩაბმული, დააპატიმრეს. ვოსკობოინიკის მიმართ კი ჩეკისტები ლმობიერი აღმოჩნდნენ, ოჯახთან ერთად ჯერ კრივოი როგში გადაიყვანეს, შემდეგ ლოკოტში. აქ დაუმეგობრდა ბრონისლავ კამინსკის.

- ასეთი ლმობიერი მოპყრობა შემთხვევითი როდია! ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ვოსკობოინიკი სუკის აგენტი იყო, - წერს გრუ-ს ყოფილი ოფიცერი, საბჭოთა და რუსი მწერალი კირილ სტოლიაროვი.

გერმანელების მოსვლისთანავე ვოსკობოინიკი მათ სამსახურში ჩადგა. კამინსკის მსგავსად სჯეროდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება სამუდამოდ დაემხო. მალე მან კამინსკისთან ერთად სახალხო-სოციალისტური პარტია შექმნა. ვოსკობოინიკი თავდაცვის ძალებს ჩაუდგა სათავეში და ლოკოტის რესპუბლიკის პარტიზანებისგან გაწმენდის ოპერაცია დაიწყო.

ბრონისლავ კამინსკი (ცენტრში ჯვრით), გერმანელი პოლიციელები და რონა-ს ჯარისკაცები

რონა

სწორედ ლოკოტის ოლქში ჩაეყარა საფუძველი რუსეთის განმათავისუფლებელ სახალხო არმიას (რონა). ალენ გერენი მას შეცდომით ვლასოველთა მოძრაობას მიაკუთვნებს. ეს არ არის ზუსტი. რონა განსხვავებული სტუქტურა იყო. მის წევრთა რაოდენობაც ბევრად ნაკლები იყო (30 000), მაშინ როცა ვლასოვის არმია როა 1944 წლისთვის 1 მილიონამდე ჯარისკაცს ითვლიდა.

რონას პირველი სარდალი ბრონისლავ კამინსკი გახლდათ. გერმანელებმა რონა შეიყვანეს სს-ის (ნაცისტების შეიარაღებული ფორმირების) ჯარების შემადგენლობაში. ეს შემთხვევით არ მომხდარა. სტალინის ბრძანებით, ესესელებს ტყვედ არ იყვანდნენ. რონას წევრებსაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ზურგიდან გერმანელები ესროდნენ, წინიდან მათივე თანამემამულე რუსები. რონას კი ბრძოლა უნდა განეგრძო მაშინაც, როცა ცხადი გახდა, რომ ჰიტლერმა ომი წააგო.

ალფრედ როზენბერგი, ისევე როგორც გენერალი რეინჰარდ გელენი, რონას შექმნას მიესალმა. ისინი როასა და რონას გაერთიანებას და ერთიანი ძლიერი რუსული ანტიკომუნისტური არმიის შექმნას მოითხოვდნენ. ჰიმლერი ამას წინ აღუდგა. ფიურერმა ყოყმანის შემდეგ მხარი ჰიმლერს დაუჭირა.

- ამ ხალხმა ერთხელ უკვე გატეხა ფიცი და ჩვენს მხარეს გადმოვიდა! სადაა გარანტია, რომ ამას მეორედაც არ ჩაიდენენ და უკან ბოლშევიკებთან არ დაბრუნდებიან?!

სტალინს პირიქით, ესმოდა ის საფრთხე, რასაც წარმოადგენდნენ მისი ხელისუფლებისთვის როა ან რონა. ლოკოტის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სისტემატურად იგზავნებოდნენ ტერორისტები. 1942 წელს ჩეკისტები პარტიზანი გენერლის, ალექსანდრ საბუროვის
მეთაურობით ვოსკობოინიკს თავს დაესხნენ და მოკლეს. ამის შემდეგ უკვე კამინსკის საკითხი დადგა.

- 1943 წელს საბჭოთა არმიამ ლოკოტი დაიკავა, - წერენ კოლპაკიდი და პროხოროვი.

რონამ გერმანელებთან ერთად უკან დაიხია და ბელორუსში გადავიდა. იქ ის პარტიზანების წინააღმდეგ იბრძოდა და მოსახლეობას ძარცვა-გლეჯით დაამახსოვრა თავი. სასტიკად იქცეოდნენ რონას მებრძოლები უკრაინაშიც.

- საკმარისი იყო ადგილობრივ მცხოვრებს რონას მებრძოლისთვის გზა არ დაეთმო, რომ მას ცემით მოკლავდნენ, - წერს უკრაინელი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი პეტრო მირჩუკი.

სტალინი კამინსკის გადაბირებას შეეცადა. მას საკუთარი და მიუგზავნეს. პირობა ასეთი იყო: კამინსკი პარტიზანებს უნდა შეერთებოდა და რონას მებრძოლებისთვის მიემართა მოწოდებით, გერმანული არმიის რიგები დაეტოვებინათ. კამინსკიმ უარით უპასუხა და რუსულ კოლაბორაციონისტულ გაზეთში საპასუხო წერილიც გამოაქვეყნა. ამას კრემლის პასუხი მოჰყვა. ჩეკისტებმა კამინსკის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. მათ გერმანელებს მიუგდეს ინფორმაცია, რომ ომამდე კამინსკი სუკთან იყო დაკავშირებული.

- კამინსკი გერმანელთა რიგებში საგანგებოდ შეაგდეს, - ამტკიცებდნენ ჩეკისტები.

ამან კამინსკისა და გერმანელებს შორის ბზარი გააჩინა. საქმეს ვერც იმან უშველა, რომ 1944 წელს კამინსკის ბრიგადამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ვარშავის აჯანყების ჩახშობაში. ცნობილმა ესესელმა გენერალმა ფონ დემ ბახმა (იგივე ფონ ზალევსკი) ჰიტლერს მოახსენა, რომ კამინსკის ბრიგადა ძირითადად ძარცვით იყო დაკავებული. გენერალი ჰაინც გუდერიანი ფიურერს მსგავსი მოხსენებით წარუდგა. ამან კამინსკის ბედი გადაწყვიტა. ის 1944 წელს ჰიტლერის ბრძანებით დახვრიტეს. რონას დარჩენილი ნაწილები ვლასოველებს შეუერთდნენ.

გერმანელი და რონა-ს წევრი ჯარისკაცები.

გოგონა-ჯალათი

ლოკოტის რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პერსონაჟია გოგონა- ჯალათი, რომელსაც ხალხი ტონკას სახელით იცნობდა. მისი ნამდვილი გვარი არავინ იცოდა. ხალხმა მას ტონკა-მეტყვიამფრქვევე შეარქვა.

- ლოკოტში იყო ცნობილი ცხენსაშენი, რომელიც გერმანელებმა ციხედ გადააკეთეს. აქ ამწყვდევდნენ ტყვე საბჭოთა ჯარისკაცებს, პარტიზანებს, მათი ოჯახის წევრებს, ხალხს, ვინც პარტიზანებს თანაუგრძნობდა, - წერს კოლპაკიდი.

სიკვდილით დასჯა ციხის წინ საჯაროდ ხდებოდა. განწირულთ ორ მწკრივად აყენებდნენ. შემდეგ მოდიოდა ტონკა. მის წინ იყო ტყვიამფრქვევი, არყით სავსე ბოთლი და ჭიქა. ტონკა ერთ ჭიქა არაყს ზალპით გადაკრავდა და შემდეგ განწირულებს ტყვიამფრქვევიდან ცეცხლს უხსნიდა. ის პროფესიონალი ჯალათი გახლდათ. ტონკას "ანგარიშზე" 1500-მდე მოკლულს ითვლიდნენ. საქმიანობისთვის ტონკა სიმბოლურ თანხას, თვეში 10 მარკას იღებდა, მაგრამ ასევე წილი ერგებოდა კონფისკებული ნივთებიდან, ძირითადად ოქროულობიდან. ამ გზით ტონკამ საკმაო ფული იშოვა.

1945 წლის მაისში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ფიურერმა თავი მოიკლა, მისი დამქაშების უმეტესობა ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. პროცესი ფართოდ გაშუქდა საბჭოთა პრესაში. გაზეთები წერდნენ ზოგიერთი რუსი ემიგრანტის (კრასნოვის, შკუროს და ა.შ.) შესახებ, გენერალი ვლასოვი და მისი დამქაშები კი უჩუმრად გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს. რონას, ლოკოტის რესპუბლიკასა და ტონკა მეტყვიაფრქვევის საკითხებს გრიფი "საიდუმლო" ედო.

იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირში ომის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. საჯარო გახდა ინფორმაცია გენერალ ვლასოვის შესახებ, თუმცა ცნობები ლოკოტის რესპუბლიკისა და რონას შესახებ კვლავ დახურული რჩებოდა.

- როცა ფრანგმა მემარცხენე ჟურნალისტმა ალენ გერენმა გამოსცა თავისი წიგნი "რუხი გენერალი", კამინსკის ბრიგადას მცირე ადგილი დაეთმო. ითქვა მხოლოდ ის, რომ კამინსკი ყოფილი საბჭოთა მოქალაქე იყო, რომელიც გერმანელთა მხარეს გადავიდა და შემდგომში თავად გერმანელებმა დახვრიტეს, - წერს კოლპაკიდი.

"რუხი გენერალი" რუსულად 1968 წელს ითარგმნა. მოგვიანებით ეს წიგნი ქართულ ენაზეც გამოიცა. ამ დროისთვის დადგინდა, რომ ტონკა-მეტყვიამფრქვევე, რომელიც მკვდარი ეგონათ, ცოცხალი ყოფილა.

მალე პოდმოსკოვიეში საბჭოთა უშიშროება ერთი ქალით დაინტერესდა. თითქოს ყველაფერი ემთხვეოდა, მაგრამ...

- შემოწმებამ ცხადყო, რომ მოხდა შეცდომა. ხსენებულ პირს ტონკა ჯალათთან არავითარი კავშირი არ აქვს, - წერს კოლპაკიდი.
1970 წელს ტონკას ძებნა შეწყდა. ჩეკისტებს მიაჩნდათ, რომ ტონკა მეტყვიამფრქვევე მოკვდა. მის კვალს მხოლოდ 1976 წელს ბელორუსში წააწყდნენ. ყოფილი ჯალათი პატარა ქალაქ ლეპელში ცხოვრობდა ქმრის, გინზბურგის გვარით.

ქალი ადგილობრივ კომბინატში მუშაობდა. მისი ფოტო საპატიო დაფაზე ეკიდა. მეტიც, ომის ვეტერანად ითვლებოდა, ორდენებითა და მედლებით დამშვენებული დადიოდა, ახალგაზრდების პატრიოტულ აღზრდაშიც მონაწილეობდა.

სუკმა ქალი დააპატიმრა. აღმოჩნდა, რომ მისი ნამდვილი გვარია ანტონინა პანფილოვა. დაიბადა პოდმოსკოვიეში, გლეხის მრავალშვილიან ოჯახში. მალე გვარი პანფილოვა მაკაროვად გადაიკეთა. შემდეგ ოჯახი მოსკოვში გადასახლდა. იქ მაკაროვა-პანფილოვამ სკოლა დაამთავრა და სამედიცინო ტექნიკუმში შევიდა. გაიარა მედდის, შემდეგ მეტყვიამფრქვევის კურსები.

ანტონინა მაკაროვა 1978 წელს.

- ის მხურვალე საბჭოთა პატრიოტი იყო! მისი საყვარელი ფილმი იყო "ჩაპაევი", საყვარელი გმირი - მეტყვიამფრქვევე ანა, - წერს კოლპაკიდი.
ომის დაწყებისთანავე ტონკა ფრონტზე მოხალისედ წავიდა. მუშაობდა მებუფეტედ, შემდეგ მოწყალების დად. 1942 წელს სხვა საბჭოთა ჯარისკაცებთან ერთად ე.წ. ქვაბში (ანუ მასშტაბურ სამხედრო ალყაში) მოხვდა. ერთხანს წითელარმიელთან ჰიტლერელების ზურგში დაეხეტებოდა და მისი საყვარელიც იყო. ბრიანშჩინის მკვიდრი ჯარისკაცი შინ დაბრუნდა, მაგრამ ტონკა არ წაიყვანა.
- შინ მელიან დედა, ცოლი, შვილები! აბა, დაფიქრდი, რა მოხდება, თუ ჩემთან ერთად წამოხვალ!

მშიერ-ტიტველი ტონკა ერთხანს ტყე-ტყე დაეხტებოდა. ბოლოს გონდაკარგული გერმანელებმა იპოვეს. მის წინაშე დადგა ალტერნატივა: ან სიკვდილი, ან გერმანელებისთვის მუშაობა. მან მეორე ვარიანტი აირჩია. ჰიტლერელებმა ის ჯალათად გამოიყენეს.

როცა 1943 წლის სექტემბერში ლოკოტი საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა, ტონკამ გერმანელებთან და კამინსკის ბრიგადასთან ერთად უკან დაიხია და ბელორუსში გადავიდა. აქ გერმანული არმიის ეფრეიტორი გაიცნო და მისი საყვარელი გახდა. 1944 წელს ეფრეიტორი ბრძოლაში დაიღუპა.

გერმანელებს ტონკა არ სჭირდებოდათ და კენიგსბერგთან საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი. 1945 წელს ბანაკი საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა. ტონკამ თავი სხვად გაასაღა და გადასატან სამხედრო ჰოსპიტალში მოეწყო. მან მოხიბლა დაჭრილი საბჭოთა ოფიცერი, ვინმე ვიქტორ გინზბურგი და მალე მისი ცოლი გახდა. ტონკა-ჯალათმა ქმრის გვარი მიიღო და მასთან ერთად ბელორუსში, ქალაქ ლეპელში დასახლდა.

ანტონინა მაკაროვა დახურულმა სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა 1978 წელს და დახვრეტა მიუსაჯა. საბჭოთა კავშირში ქალებს, ჩვეულებრივ, არ ხვრეტდნენ, მაგრამ ტონკა-მეტყვიამფრქვევისთვის გამონაკლისი დაუშვეს. იგი დახვრიტეს.

ბნელი საქმეების წყება

მხოლოდ ტონკა-მეტყვიამფრქვევე არ მუშაობდა გერმანელებისთვის. მისი აღსასრული იმან განაპირობა, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ნამდვილი ბიოგრაფია დაუმალა.
- პირს, რომელიც ომის დროს გერმანელებისთვის მუშაობდა, თუ თავის წარსულს პატიოსნად აღიარებდა, არ სჯიდნენ, პირიქით, ხალისით იყენებდნენ. ხშირად ამ ხალხს საბჭოთა უშიშროებასა და პარტიულ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი პოსტები ეკავათ, - წერს ცნობილი მწერალი და გრუ-ს ყოფილი ოფიცერი ვიქტორ სუვოროვი.
1962 წელს მოსკოვში ვინმე ოლეინიკოვამ მორიგე მილიციელთან მიირბინა.
- დააპატიმრეთ გესტაპო, დააპატიმრეთ!
- რა ხდება მოქალაქევ? - შუბლი შეიკრა მილიციელმა, - გაიტაცეს რაიმე?
- ღმერთო ჩემო! ის კაცი, - ოლეინიკოვამ გაჩერებაზე მდგომ მამაკაცზე მიუთითა, - გესტაპოს ჯალათია! მცემდა და მაწამებდა ომის დროს.

მილიციელმა მითითებული პირი დააკავა. მისი გვარი აღმოჩნდა სერგეი პანფილოვი. ომამდე შინსახკომში მუშაობდა და ხალხს აწამებდა. ომის დროს გერმანელთა მხარეს გადავიდა და სამსახური "სპეციალობით" განაგრძო. 1943 წელს საბჭოთა უშიშროებამ პანფილოვთან კონტაქტი აღადგინა. ომის ბედი გადაწყვეტილი იყო, ამიტომ პანფილოვი ტყავში ძვრებოდა ჩეკისტებისთვის ერთგულების დასამტკიცებლად. მან ეს შეძლო და აპატიეს ყველაზე მძიმე დანაშაული - სამშობლოს ღალატი. ოლეინიკოვას მითითების შემდეგაც კი არ დასაჯეს. ქალი ამაოდ ამტკიცებდა, პანფილოვი გესტაპოს ჯალათია და მაწამებდაო. გესტაპოელი, რომელმაც პატრონი დროულად შეიცვალა, გაათავისუფლეს...

ოსტროგი (როვენსჩინა). 1944 წელი. გზაზე ტყვიით დაცხრილული ორი ქალი იპოვეს. მათი ვინაობა უმალ დადგინდა. პირველს ლიდია ლისოვსკაია ერქვა, მეორეს მარია მიკოტა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე მოსკოვში მიემგზავრებოდა სამამულო ომის მესამე ხარისხის ორდენების მისაღებად. ქალებმა ესოდენ მაღალი ჯილდო პოლკოვნიკ დმიტრი მედვედევის პარტიზანულ რაზმში მოიპოვეს. ორივენი სპეცაგენტ ნიკალაი კუზნეცოვის (ფსევდონიმები "პუხი", "კოლონისტი") თანაშემწეები იყვნენ.

ვინ მოიშორა ქალები? დაიწყო გამოძიება. მალე როვნოში ჩავიდა ცნობილი ჩეკისტი პაველ სუდოპლატოვი. მისი ბრძანებით გამოძიება შეწყდა. ლისოვსკაისა და მიკოტას მკვლელის ვინაობა დანამდვილებით დღესაც არ არის ცნობილი.

ტელეკომპანია "იტონ-ტივიმ" ლისოვსკაიასა და მიკოტას მკვლელობას ცალკე გადაცემა მიუძღვნა. მასში მკვლელობის ორიგინალური ვერსიაა გაჟღერებული. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ლისოვსკაიამ როვნოს ქალაქკომის პირველი მდივანი ვასილი ბეგმა (1906-1965) მოინახულა, რომელიც ჰიტლერელთა ოკუპაციის პერიოდში როვენსჩინაზე პარტიზანულ შენაერთს ედგა სათავეში. ბევრი გამოთქვამდა ეჭვს, რომ ბეგმა მტრის ზურგში გადასროლისას გერმანელებს ჩაუვარდა ხელში და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით მათი აგენტი გახდა. პარტიზანული შენაერთი შექმნა და თან პარალელურად გერმანელებზეც მუშაობდა. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ლისოვსკაიამ ბეგმას შანტაჟი მოუწყო. კერძოდ ქალმა აიძულა, დედამისისა და მისი დისთვის როვნოში კომფორტული ბინა გამოეყო, მისი და კი სამუშაოზე მოეწყო. ლისოვკაიას ეს ძვირი დაუჯდა.

ქალი მოკლეს, რაც შეეხება ბეგმას, ის როვნოში კარგა ხანს მუშაობდა. შემდეგ ხმელნიცკის საოლქო პარტიულ კომიტეტს ედგა სათავეში. ხელმძღვანელობდა უკრაინის ცეკასთან არსებულ პარტიულ კონტროლს. გარდაიცვალა 1965 წელს. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა.

ასევე ბნელით არის მოცული ზდოლბუნოვოს საბჭოური იატაკქვეშეთის ისტორია. ის გერმანელებმა გამოავლინეს და გაანადგურეს.

იატაკქვეშელთა უმრავლესობა დაიღუპა, თუმცა გადარჩა მისი ხელმძღვანელი დმიტრო კრასნოგოლოვეცი. ის ომის შემდეგ ზდოლბუნოვოში დარჩა და სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა. კრასნოგოლოვეცი ამტკიცებდა, რომ ზდოლბუნოვოს იატაკქვეშეთში ბევრი იყო შეპარებული, მათგან ზოგი გადარჩა და ამჟამად მაღალი თანამდებობები უკავიათო. მათ შორის ასახელებდა ლვოვის საოლქო პარტიული კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ვინმე მიკოლა გნედიუკს. გნედიუკი, რომელიც საბჭოთა უშიშროების აგენტი იყო (მეტსახელი "გიდი"), პოლკოვნიკ დმიტრი მედვედევის ბრძანებით მიავლინეს ზდოლბუნოვოში, სადაც ადგილობრივ იატაკქვეშელებს დაუკავშირდა. კრასნოგოლოვეცის მტკიცების თანახმად, გნედიუკი გესტაპოსთვის მუშაობდა და იატაქვეშეთის განადგურებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღოდა. ეს ყველაფერი კრასნოგოლოვეცს ძვირად დაუჯდა. მას "მოულოდნელად" მანქანა დაეჯახა და ზდოლბუნოვის იატაკქვეშეთის ექსხელმძღვანელი ადგილზე გარდაიცვალა.

რუსი ანტისაბჭოთა

მეორე მსოფლიო ომის საიდუმლოებებს სწავლობდა მწერალი იული ფაიბიშენკოც (1938-1976). მან სახელი გაითქვა დეტექტიური მოთხრობებით "ვარდის ბუჩქი", "განსაკუთრებით საშიშნი", "ტროას ცხენი". ამ მოთხრობებმა შეადგინეს ციკლი "სიშმაგე". მათ მიხედვით გადაღებულია სამსერიიანი ფილმი. ფაიბიშენკოს ყურადღება მიიპყრო როვნოს იატაკქვეშეთის ჩავარდნის ფაქტმა და რამდენიმე პირმა: ძმებმა სტრუტინსკებმა (ნიკოლაი, ჟორჟი, როსტისლავი), ტერენტი ნოვაკმა და სხვ. ფაიბიშენკომ მათი წარსულის ქექვა დაიწყო და საინტერესო ფაქტებიც გამოააშკარავა.

თუ თანამედროვე უკრაინულ პრესას დავუჯერებთ, მან გაარკვია, რომ როგორც ძმები სტრუტინსკები, ასევე ნოვაკიც ომის დროს ჰიტლერისთვის მუშაობდნენ. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირში თბილად მოიკალათეს. ერთ-ერთი სტრუტინსკი და ნოვაკი სუკში მუშაობდნენ. ნოვაკი პოდპოლკოვნიკი და საბჭოთა კავშირის გმირიც გახდა. ფაიბიშენკომ ორივეზე უფრო ვრცელი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო და ამას შეეწირა კიდეც. მწერალი ტბაში ბანაობისას დაიხრჩო. ასეთია ოფიციალური ვერსია. მწერალი ლეონიდ სლოვინი თავიდან ამბობდა, რომ ფაიბიშენკომ თავი ჩამოიხრჩო. მრავალი წლის შემდეგ კი უკვე ამტკიცებდა, რომ ეს იყო ინსცენირება და სინამდვილეში ფაიბიშენკო მოკლეს.

- დღეს პუტინური პროპაგანდა ამტკიცებს, რომ თითქოს ფაიბიშენკო წააწყდა ბანდერელთა კვალს, რომლებმაც ომის შემდეგ საბჭოთა აპარატში მაღალი პოსტები დაიკავს. ეს არ არის სწორი. ფაიბიშენკო ძმები სტრუტინსკებისა და ნოვაკის საქმეს შეეწირა, - წერს "უკრაინა მოლოდა".
ამდენად, ტონკა-მეტყვიამფრქვევე სულაც არ იყო გამონაკლისი.

ეპილოგი

მეორე მსოფლიო ომის შესახებ (საბჭოური ტერმინოლოგიით, დიდი სამამულო ომი) სრული სიმართლე დღესაც არ თქმულა. სტალინის ეპოქაში გავრცელებული იყო მითი, რომ დიდი რუსი ხალხი ამხანაგ სტალინის გარშემო დაირაზმა. ომის დამთავრების აღსანიშნავ ბანკეტზე სტალინმა დიდი რუსი ხალხის სადღეგრძელო დალია:

- მსურს მადლობა გადავუხადო დიდ რუს ხალხს, რომელმაც ომის ძირითადი სიმძიმე იტვირთა!

სტალინის სიკვდილის შემდეგ ითქვა, რომ არსებობდა გენერალი ვლასოვი. ითქვა, რომ ომში საბჭოთა კავშირმა 20 მილიონი ადამიანი დაკარგა (სტალინი ამაზე დუმდა). 1992 წელს კი გამაოგნებელი ციფრები გამოქვეყნდა: საბჭოთა კავშირმა დაკარგა 26 მილიონი ადამიანი, გერმანიამ კი 10 მილიონი.

მეორე მსოფლიო ომისდროინდელი რუსული კოლაბორაციონიზმი კი ჭეშმარიტ მკვლევარს დღემდე ელის.

ნიკა თევზაძე ისტორიის დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი" #117
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები