რატომ და როგორ მოკლეს გრიგოლ ვეშაპელი პარიზში
რატომ და როგორ მოკლეს გრიგოლ ვეშაპელი პარიზში
ფოტო: ქართველი ემიგრანტები პარიზში (1937 წელი). დგანან (მარცხნიდან): დიმიტრი სინჯიკაშვილი, ვასილ ბარკალაია, ვიქტორ ნოზაძე, ვიქტორ შუბლაძე, მიხეილ ქავთარაძე, შალვა მაღლაკელიძე, ალექსანდრე ცომაია. სხედან (მარცხნიდან): შოთა გედევანიშვილი, არჩილ დადიანი, სიმონ ბერეჟიანი, იროდიონ ბეგიაშვილი
ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ მოწყობილი ტერორისტული აქტების ისტორიიდან

საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში წასულ ქართველ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის აღმოჩნდა გრიგოლ ვეშაპელი (1891-1926), იგივე - ვეშაპიძე.

იგი გახლდათ პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარის მოადგილე (1917 წლის ივნისიდან), შემდგომში - მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე (1918 წლის დეკემბრიდან), ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო შემდეგ - ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე ჯერ პარლამენტში, შემდეგ -
დამფუძნებელ კრებაში, ბოლოს კი - დამფუძნებელ კრებაში შექმნილი დემოკრატიული ფრაქციის წევრი (1921 წლის იანვრიდან).
ემიგრაციაში ყოფნისას გრიგოლ ვეშაპელი ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა. ქვემოთ მოგითხრობთ მის ემიგრანტულ მოღვაწეობაზე და მკვლელობის გარემოებებზე.

დამფუძნებელი კრების ბათუმში გამართული სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა მნიშვნელოვანი
ნაწილი 1921 წლის 17 მარტს ემიგრაციაში გაემგზავრა. მათ არ გაჰყვა გრიგოლ ვეშაპელი, რომელიც ბათუმში ორი თვე დარჩა. იმავე წლის მაისში გრიგოლი გაემგზავრა ოსმალეთის დედაქალაქში, სადაც რევაზ გაბაშვილსა და დავით ვაჩნაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო "სტამბოლის პოლიტიკური კომისიის" მუშაობაში.

პარიზში დამკვიდრებულმა გრიგოლ ვეშაპელმა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა განაგრძო. იგი მონაწილეობას იღებდა 1922 წლის იანვარ-თებერვალში ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდნენ: აკაკი ჩხენკელი, ირაკლი წერეთელი, სვიმონ მდივანი და ზურაბ ავალიშვილი.

იმავე წლის გაზაფხულიდან გრიგოლი იყო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ინტერპარტიულ კომიტეტში. იგი შედიოდა ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც იმავე წელს გაიგზავნა გენუის კონფერენციაზე საქართველოს საკითხის დასაყენებლად.

მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" ("დამოუკიდებლობის კომიტეტი") და შექმნა "საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი". ის აირჩიეს აღნიშნული პრეზიდიუმის წევრად. იმავდროულად, იგი იყო ადამიანისა და მოქალაქეთა უფლებების დამცველი ლიგის ქართული ფილიალის წევრიც.

გრიგოლი გახლდათ განსწავლული პიროვნება, რომელიც მშობლიურ ენასთან ერთად, თავისუფლად ფლობდა რუსულს, ფრანგულს, გერმანულსა და ინგლისურს. იგი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა იტალიაში, ინგლისში, გერმანიასა და სხვ.  პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, ვეშაპელი მუშაობდა რენოს საავტომობილო ქარხანაში მუშად.

1923 წლის დეკემბერში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარმა კომიტეტმა განიხილა გრიგოლის პერსონალური საკითხი შიდაპარტიული დისციპლინის სისტემატური დარღვევის გამო.

ქართველ ემიგრანტებს პარიზში გამომავალი გაზეთი

მას შემდეგ, რაც ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" დადგენილება "საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმის" გაუქმების შესახებ, ვეშაპელი ემიგრანტული მთავრობის შემადგენლობიდან გამოიყვანეს.

1924 წლის მაისიდან გრიგოლი მკვეთრად დაუპირისპირდა საქართველოს დევნილ მთავრობას. ივნისში იგი შეხვდა პარიზში ბერლინიდან ჩასულ სსრ კავშირის სავაჭრო წარმომადგენელ ალექსანდრე სვანიძეს (სტალინის პირველი ცოლის ძმას) და მას სამშობლოში დაბრუნების სურვილი გაანდო.

ვეშაპელმა დაგმო საქართველოში ანტისაბჭოური შეიარაღებული გამოსვლის იდეა, რომელიც დასავლეთიდან რეალური დახმარების მიღების გარეშე უაზრობად მიიჩნია. იმავე წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოში მომხდარმა წარუმატებელმა სახალხო აჯანყებამ გრიგოლი საბოლოოდ დაარწმუნა მსგავსი ტიპის ბრძოლის გაგრძელების უპერსპექტივობაში.

იმ დიდმა მსხვერპლმა და რეპრესიებმა, რაც საქართველოში აჯანყების ჩახშობას მოჰყვა, განაპირობა ვეშაპელის მსოფლმხედველობის რადიკალური ცვლილება, რამაც იგი დასავლეთ ევროპაში მოქმედ საბჭოთა წარმომადგენლებთან დააახლოვა.

ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ემიგრანტები ცხოვრობდნენ, სსრკ-ის ხელისუფლება ფართოდ აწარმოებდა კამპანიას "სამშობლოში დაბრუნების" მოწოდებით, რაშიც ვეშაპელიც ჩაება.

იმავე წლის 5 ნოემბრიდან გრიგოლმა დაიწყო გამოცემა გაზეთისა "ახალი საქართველო", რომელიც პარიზსა და ბერლინში იბეჭდებოდა. გაზეთი მწვავედ აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ემიგრანტულ მთავრობას, ხოლო ქართველ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისა და იქ არსებულ საბჭოთა ხელისუფლებასთან შერიგებისკენ მოუწოდებდა. ამ გაზეთს ფარულად აფინანსებდა სსრკ-ის ხელისუფლება პარიზში მყოფი თავისი სრულუფლებიანი წარმომადგენლის საშუალებით.

ვეშაპელმა გააკრიტიკა 1925 წლის 15 იანვარს პარიზში გამოცემული ნოე ჟორდანიას ბროშურა "რა მოხდა", მიძღვნილი წინა წელს მომხდარი აჯანყებისადმი.

იმავე წელს გამოცემულ გაზეთში "ახალი საქართველო" (# 6) გამოქვეყნებულ სტატიაში "ნოე ჟორდანია აჯანყების შემდეგ" გრიგოლ ვეშაპელი წერდა: "საბოლოო დასკვნა ნოე ჟორდანიასი შემდეგია - გათხრილი საფლავები ერთგულებისკენ მოგვიწოდებენო! დაშნაკელებიც ასე ამბობდნენ ოსმალეთში: რაღაი ათასი დაიხოცა, კიდევ უნდა გავაგრძელოთო! არა, ბატონო, მთელი საქართველო საფლავში არ უნდა ჩაწვეს "ჟორდანიას საქართველოსთვის" მოტყუებით დაღუპულებთან. საქართველოს მომავალი საფლავში კი არა, იმ აკვნებშია, დღეს რომ ირწევა. ახალ საქართველოს სჭირია გამრავლება, გამდიდრება და განათლება და არა აჯანყებანი".

ვეშაპელის ასეთი საქმიანობა ეროვნული ინტერესების ღალატად ჩათვალეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მებრძოლმა ძალებმა, რომლებიც სრულიად მიუღებლად მიიჩნევდნენ ჩვენი ქვეყნის საოკუპაციო რეჟიმთან რაიმე სახის თანამშრომლობას.

1925 წლის 9 აგვისტოს, გრიგოლ ვეშაპელის ხელმძღვანელობით პარიზის კაფე "ვოლტერში" შედგა საბჭოთა საქართველოს მოქალაქეთა კოლონიის დამფუძნებელი კრება, რომელიც ჩაშალა ანტისაბჭოურად განწყობილი ახალგაზრდა ემიგრანტების შეჭრამ. ამას მოჰყვა 1926 წლის 28 თებერვლის სისხლიანი შეტაკება, რაც ცნობილია "ოდენკურის ამბების" სახელწოდებით.

იმავე წელს ვეშაპელმა საქართველოში დაბრუნების ნებართვა ითხოვა, რისი მიზეზიც გახდა როგორც რადიკალურად განწყობილ ქართველ ემიგრანტებთან დაპირისპირება, ასევე საფრანგეთის პოლიციის მეთვალყურეობა.

იმავე წლის 10 ივნისს, პარიზის სასამართლოში გაიმართა სხდომა, სადაც განიხილებოდა ქართველ ემიგრანტთა ჯგუფის მიერ წინა წლის აგვისტოში კაფე "ვოლტერში" განხორციელებული თავდასხმის საქმე. სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გამოსულ გრიგოლ ვეშაპელს ტაქსიში ჩაჯდომისას ზურგში ორი ტყვია დაახალა მასთან დაახლოებულმა ავთანდილ მერაბიშვილმა (1902-1974). ეს უკანასკნელი ემიგრაციაში წავიდა 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებმა მამა და ნათესავები დაუხვრიტეს. ცხოვრობდა ბერლინსა და პარიზში. იყო ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" წევრი.

გრიგოლ ვეშაპელის ნეკროლოგი და გამოსათხოვარი წერილები გამოქვეყნდა მისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთში "ახალი საქართველო", ასევე სსრ კავშირში გამომავალ პრესაში, კერძოდ, გაზეთებში - "Заря Востока" და "კომუნისტი". გრიგოლი დაკრძალეს მონპარნასის სასაფლაოზე, საიდანაც მისი ფერფლი, მშობლების თხოვნით, 1928 წელს თბილისში გადმოასვენეს.

კონკრეტულად რა პროცესები უძღოდა წინ ამ მკვლელობას, მოთხრობილია შალვა მაღლაკელიძის მემუარებში, რომელშიც ვკითხულობთ: "1923 წელს ბუდუ მდივანი ჩამოდის პრაღაში და ეძებს ხალხს, რომლებიც დაბრუნდებიან საქართველოში, ე.ი. ვინც ურიგდება საბჭოთა ხელისუფლებას. თან მოჰყვება ლევან ღოღობერიძე. მათ დავალებული ჰქონდათ, მოეწყოთ იმათი დაბრუნება, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ჟორდანიასი... ეს საქმე ბოლოს მიანდეს ვეშაპელს. ვეშაპელი ხომ ოპოზიციაში იყო აქაც და იქაც, გადაუწყვეტია უკან დაბრუნება. ბუდუ მდივანს მოუხერხებია საიდუმლო მოლაპარაკება მასთან და მისცა გაზეთ "ახალი საქართველოს" გამოცემის საშუალება ქართულად. ეს გაზეთი უკან დამბრუნებელ ქართველთა ორგანო იყო. ვისაც დაბრუნება სურს, გადაწყვიტეს, რომ შეიკრიბებიან პარიზში და იქიდან წავლენ საქართველოში.

მარცხნიდან: სიმონ ბერეჟიანი, ვიქტორ ნოზაძე, დავით მარჯანიშვილი, შალვა მაღლაკელიძე, (პარიზი, 1936 წ.)

ვეშაპელის ჯგუფში არის ვინმე მერაბიშვილი, ვეშაპელის ნდობით აღჭურვილი პირი თბილისიდან. შეიკრიბნენ, უკან დაბრუნება ვისაც სურს, დარბაზში, პარიზში... "თეთრი გიორგის" ორგანიზაციამ, რომლის სათავეში იყო ლეო კერესელიძე, მოახდინა თავდასხმა ამ დარბაზში, სადაც არავინ არავის არასდროს არ დასხმია თავს. სიმონიკა ბერეჟიანი იყო, პოეტი და მწერალი, წაიყვანა ბიჭები, შეიჭრა დარბაზში და დააცხრა თავს.

იქ არიან საბჭოთა საელჩოს წარმომადგენლებიც. საელჩო ისტუმრებს ამათ საქართველოში და ამის შესახებ გაზეთშიც გამოაქვეყნეს ცნობა... შეიჭრნენ "თეთრი გიორგის" ორგანიზაციის წევრები და დაიწყეს ამათი გარეკვა. გამორეკეს გარეთ. არავინ ამას არ ელოდა. არასდროს ასეთი რამ არ მომხდარა და შეშინდნენ. სიმონიკა ღონიერი ბიჭი იყო... პარიზის პრესა აყაყანდა - ესენი ვინ არიანო. საშუალებას არ გვაძლევენ, რომ ჩვენი წესები დაცული იყოსო. ამიტომ მისცეს პასუხისგებაში სიმონიკა. პროცესზე ბრალმდებელი იყო... ტორეზის, კომუნისტური პარტიის ლიდერის ძმა, ცნობილი ადვოკატი. ებრაელია, სინაგოგაში დადის. თავად ტორეზი არ დადის ან როგორ წავა - კომუნისტია, ფრანგი ვარო".

ბერეჟიანის გასამართლებისა და ვეშაპელის მკვლელობის პერიპეტიების შესახებ ხსენებულ მემუარებში დაცულია საყურადღებო ინფორმაცია: "ბრალმდებელი, ვეშაპელის და უკან (იგულისხმება სსრკ. - დ. ჯ.) დამბრუნებლების ინტერესების დამცველიც იმავე დროს, ეკითხება სიმონიკას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედო? ვცნობო. ჩაწერეთ ოქმშიო - მოითხოვა ტორეზმა. შეიარაღებული თავდასხმა მოაწყეთო? დიახო. შეიტანეთ ოქმშიო - ისევ მიმართა მდივანს. თქვენ თუ გქონდათ იარაღიო? დიახო. ჩაწერეთო. ჩაწერეს. ე.ი. სიმონიკა შეიარაღებული დაესხა თავს ამ მიტინგს. რა იარაღით იყავი შეიარაღებულიო? რა იარაღითო და ასწია მუჭი მაღლა, - "მაღალი ღმერთის სულის ჩაბერვით და ჩემი მარჯვენა ხელითო".

- "მონ დიო!" - იყვირა ტორეზმა, ე.ი. ღმერთო ჩემოო, ამას რას ამბობსო. მას ეგონა, რომ სიმონიკა იტყვის, რევოლვერით ან ხანჯლით ვიყავი შეიარაღებულიო... მის პრაქტიკაში ასეთი რამ არ მომხდარა. ეს "მონ დიო" შეიქმნა მერე ყველა ადვოკატისთვის სალამი.

პროცესი დამთავრდა იმით, რომ გაამართლეს სიმონიკა ბერეჟიანი. გამოდის ვეშაპელი, ტაქსიში რომ ჩაჯდეს. თან მოჰყვება მერაბიშვილი. ტაქსიში რომ შედგა ფეხი, მერაბიშვილმა ესროლა ზურგში რევოლვერი და მოკლა".

1926 წლის 10 ივლისს გამოცემულ გაზეთში "ახალი საქართველო" გამოქვეყნებულ სტატიაში "ვინაა მკვლელი?", მერაბიშვილის შესახებ ვკითხულობთ: "მკვლელი ვერ ასაბუთებს, ოდნავ გარკვევითაც კი, თავის დანაშაულის მოტივებს. გაზეთებში გამოქვეყნებული მისი ჩვენებები სტოვებენ გარკვეულ შტაბეჭდილებას გარედან ნაკარნახევ, ზეპირად შესწავლილ ტრაფარეტულ სიცრუის... ვითომდა მერაბიშვილმა გადასწყვიტა ვეშაპელის მოკვლა მენშევიკების (24 წელში) უგუნური აჯანყების შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში მერაბიშვილი არათუ რამდენჯერმე დაესწრო ვეშაპელის მოხსენებას, არამედ სახლშიც მიდიოდა მასთან და მიმართავდა ხოლმე თხოვნით მრავალგვარ დახმარებაზე...

"მე არა ვარ მენშევიკი" - აცხადებს მერაბიშვილი. "ის არაა მენშევიკი" - ბანს აძლევს მენშევიკების ცენტრალური კომიტეტი.

ჩვენ ვამტკიცებთ კატეგორიულად, რომ ჯერ კიდევ ბერლინში მენშევიკები მიიჩნევდნენ მერაბიშვილს ერთადერთ საიმედო პირად. ამას ამბობდა 1924 წელში მენშევიკების წარმომადგენელი ბერლინში. გასული წლის 9 აგვისტოს მენშევიკების მიერ კონსპირატიულად მოწყობილ თავდასხმაში ქართულ საბჭოთა კოლონიაზე მერაბიშვილმა მიიღო მონაწილეობა. ქარხანაში, სადაც ის მუშაობდა, მუშებში ითვლებოდა მენშევიკურ ლიდერად... რამდენიმე დღის წინ მკვლელობისა, მერაბიშვილი, თავის ჩვეულებისამებრ, საჭიროებდა ფულს. ერთი დღის წინ კი ის მივიდა ქარხანაში, გაისტუმრა ვალები, იქეიფა მუშებთან და თან ეუბნებოდა: "ახლა ფული არის!"

სასამართლო პროცესზე სსრკ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ სცადა, ვეშაპელის მკვლელი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მართულ პიროვნებად წარმოეჩინა. ამის გამო ემიგრანტული მთავრობა იძულებული გახდა, მერაბიშვილისთვის ცნობილი ადვოკატი - იტალიელი მირო ჯიაფერი დაექირავებინა.

ფრანგმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა პიერ რენოდელმა და ედუარდ მარკემ ეს პროცესი საქართველოს დასაცავ აქციად და ჩვენი ქვეყნის ოკუპანტთა გასამართლებლად აქციეს.

გაზეთი

სასამართლო პროცესის მესამე დღეს, როდესაც ტორეზმა ბრალდებულისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა მოითხოვა, სიტყვით გამოვიდა რუსი პოეტი-სიმბოლისტი და მთარგმნელი, კონსტანტინ ბალმონტი, რომელმაც განაცხადა: "მე ვარ რუსი ემიგრანტი პოეტი, რომელმაც ვთარგმნე ქართველთა ეროვნული საუნჯე "ვეფხისტყაოსანი" შოთა რუსთაველისა და ამდენად, კარგად ვიცნობ ამ ხალხის უძველეს ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. ეს პოემა, რომელიც ქართველი ერის ზნეობის უმაღლესი გამოხატულებაა, გმობს მეგობრისა და იდეის ღალატს! განსვენებულმა გრიგოლ ვეშაპელმა უღალატა თავის მეგობრებს და პოლიტიკურ იდეებს - დაპყრობილ სამშობლოში დამპყრობლებთან შერიგებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა თავის თანამემამულეებს, რაც მას არ აპატიეს!"

ამ გამოსვლას იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ფრანგ მოსამართლეებზე, რომ მერაბიშვილი სასიკვდილო განაჩენს გადაურჩა. საბოლოოდ, სასამართლომ გაიზიარა დაცვის ვერსია, რომლის თანახმადაც მერაბიშვილმა ვეშაპელი სსრკ-ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ანუ ეროვნული ინტერესების ღალატის გამო მოკლა და გაათავისუფლა მკვლელი, რომელსაც საფრანგეთიდან გასახლება მიუსაჯეს.

ქართული ემიგრაციის ერთი ნაწილი თავიდანვე ეჭვობდა, რომ მერაბიშვილი სსრკ-ის უშიშროების მიერ დაქირავებული მკვლელი იყო. ეს ეჭვი კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც მერაბიშვილი სწრაფად გამდიდრდა. გაზეთი

შ. მაღლაკელიძე იგონებდა: "აზრი ემიგრაციისა იყო, რომ მერაბიშვილი ჩავთვალეთ პროვოკატორად, საბჭოების მიერ დაქირავებულ კაცად. ჰქონდა დავალებული ვეშაპელის მოკვლა. ვეშაპელის უკან დაბრუნება არ იყო სასურველი, იმიტომ, რომ უკიდურესი მემარჯვენე იყო. გამოიყენეს ჟორდანიას წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი კაცის ყოლა მათთვისაც არ იყო სასურველი. გამოიყენეს და მოკლეს... მერაბიშვილი ბელგიაში გადაასახლეს. ვითომ მდიდარი ბელგიელი ქალი შეურთავს, მაგრამ ჩვენ ვეჭვობდით, რომ ეს მოსკოვის ფულია. მერე გადავიდა ჩილეში თავისუფლად. შვილები რომ შეეძინათ, ვიქტორ ნოზაძე აიყვანა ქართული ენის მასწავლებლად, ჩილეში წაიყვანა. ზოგიერთები მაინც პატრიოტად თვლიდნენ... გაუხსნია დიდი რესტორანი და ეს რესტორანია ბუდე ჩვენი სუხიშვილისა და რამიშვილის. ანზორ კავსაძე ყოფილა. ჩემი ყურით მოვისმინე, რომ ყვებოდა რუსთაველის პროსპექტზე - "რა პატივი გვცა, ჩიტის რძე არ აკლდა, რანაირად შეგვხვდა მერაბიშვილიო".

ამიტომ მე ვთვლი, რომ... მერაბიშვილი პროვოკატორი იყო. მოკლეს კაცი, რომელიც, რომ დაბრუნდებოდა და ნახავდა, რა არის და როგორ არის - ამას იტყოდა და რა საჭირო იყო ასეთი კაცი, რომელიც სულ რუსეთის წინააღმდეგ ილაპარაკებდა. ორმოცდახუთ კაცს ვახშამს უმართავს, საბჭოეთიდან ჩასულებს... და მოკლა კაცი, რომელიც უკან ბრუნდებოდა საბჭოეთში, თან ჟორდანიას და ემიგრაციას ებრძოდა, როგორც რეაქციას. მისი პროვოკატორობა იქიდანაც ჩანს, რომ როდესაც ომი თავდებოდა, ჩემი ბიძაშვილი ვარლამ მაღლაკელიძე, რომელიც ტყვედ იყო ჩავარდნილი... ვენის სადგურზე... ვხედავ, ეკამათება ვიღაცას. მე მერაბიშვილი არ მენახა, არ ვიცნობდი პირადად. თურმე ვენაში მოსულა. ე.ი. ეს კაცი მუშაობს ბოლშევიკების და საბჭოების წინააღმდეგ ემიგრაციაში მაშინ, როდესაც არცერთ ორგანიზაციაში არ შედიოდა და ედავება ჩემს ბიძაშვილს. ჩემი ბიძაშვილი იცავს საბჭოების პოზიციას. მერაბიშვილი კი - "თქვენ ასეთები ხართ, თქვენ ისეთები ხართ", ე.ი. დიდ პატრიოტობას იჩენს. მაშინ ვეშაპელის მოკვლა ჩვენგან დავალებით უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ არის. რამიშვილს მისთვის ეს არ მიუნდვია. ეს ფაქტია. მერაბიშვილი არავის არ ეკარებოდა... მე ჩავერიე ლაპარაკში. რა გვარი ბრძანდებით-მეთქი. მერაბიშვილი გახლავართო. არა ხართ პატიოსანი კაცი-თქო. მე არც ჩემი ბიძაშვილი მომწონს, მაგრამ ამაზე მეტი ქომაგი საბჭოთა ხელისუფლებისა თქვენ ბრძანდებით-თქო. ხმა არ ამოუღია და წავიდა".

გალაკტიონ ტაბიძე და კონსტანტინე ბალმონტი ქუთაისში (1915 წ.)

აქვე განვმარტავთ, რომ ზემოხსენებული ანზორ კავსაძე (1930-2008) იყო საგუნდო რეჟისორი და სახალხო არტისტი.
საფრანგეთიდან გაძევებული მერაბიშვილი ცხოვრობდა ჯერ ბელგიაში, შემდეგ გერმანიაში. ბერლინის ბირჟაზე ვაჭრობით მან მნიშვნელოვანი ქონება დააგროვა. II მსოფლიო ომის შემდეგ, სსრ კავშირმა მოითხოვა მისი გადაცემა, ნაცისტებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ სხვა ქართველებთან ერთად. ამის გამო, იგი გადასახლდა ჯერ არგენტინაში, შემდეგ ბოლივიაში, ბოლოს კი ჩილეში, სადაც გვარჯილისა და სპილენძის საბადოები შეიძინა და სოლიდური ქონების პატრონი გახდა. სანტიაგო დე ჩილეს მახლობლად, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მან შექმნა რესტორნების ქსელი და ააშენა სააგარაკო ქალაქი, სადაც ქუჩებს დაარქვა ქართველი მწერლების და პოეტების (მათ შორის, შოთა რუსთაველის) სახელები. ჰყავდა შვილები: გიორგი, ივანე, ტარიელი და ლონდა. 1954 წელს თავისი შვილებისთვის ქართული ენის მასწავლებლად ჩილეში მიიწვია ვიქტორ ნოზაძე, რომელსაც დაუფინანსა ოპერაცია და რუსთველოლოგიური ნაშრომების ოთხი ტომი. 1966 წელს მისი დაფინანსებით ესპანურ ენაზე გამოიცა "ვეფხისტყაოსანი", რომელიც ვიქტორ ნოზაძის დახმარებით თარგმნა გუსტავო დელა ტორემ. 1968 წელს, თბილისის უნივერსიტეტის 50 წლისთავზე, სურდა მისთვის საჩუქრად გადაეცა თავისი აშენებული ქალაქი, მაგრამ სსრკ-ის ხელისუფლებამ ეს არ მოინდომა. მასპინძლობას უწევდა ჩილეში ჩასულ ქართველებს. 1974 წელს თავი მოიკლა დღემდე გაურკვეველ ვითარებაში. ვარაუდობდნენ, რომ ამ საქმეში სსრკ-ის უშიშროების ხელი ერია.

ასე რომ, ვეშაპელის მკვლელობის გარემოებათა შესახებ განსხვავებულ და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდის იმდროინდელი ემიგრანტული პრესა, მემუარული და სამეცნიერო ლიტერატურა.

მიუხედავად ამისა, ერთი რამ უდავოა - გრიგოლ ვეშაპელი იყო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასულ ქართველთა შორის პირველი, რომელიც პოლიტიკური შინაარსის მქონე ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა.

დავით ჯავახიშვილი
ისტორიის დოქტორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი
ჟურნალი "ისტორიანი" #102
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები