რუსული საიმპერიო ჯილდოები - დამოუკიდებელი საქართველოს დაცვისთვის... - კვირის პალიტრა

რუსული საიმპერიო ჯილდოები - დამოუკიდებელი საქართველოს დაცვისთვის...

განვაგრძობთ გამოკვლევათა ციკლს თემაზე: "ქართული ფალერისტიკის ისტორიიდან". "ისტორიანში" უკვე გამოქვეყნდა ამ თემაზე დაწერილი ოთხი სტატია (## 97-98, 100-101).

მართალია, ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებამდე არსებობდა პირველი ქართული ორდენი - თამარ მეფის გამოსახულებით, რომლითაც 1918 წლის 13 დეკემბერს, ქართული სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა, გერმანული შეიარაღებული ძალების ჩვენს ქვეყანაში მყოფი მოსამსახურენი დააჯილდოვა, მაგრამ, როგორც წინა ნომერში აღვნიშნეთ, წარჩინების ამ ნიშნით დაჯილდოება საქართველოში აღარ გაგრძელებულა.

სახელმწიფო ჯილდოები ამიერკავკასიის ფედერაციასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

რუსეთის იმპერიის დანგრევისა და დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ, კავკასიის ფრონტის ხაზი თანდათან მოირღვა და ბოლოს სრულიად დაიშალა. ამის შედეგად, ამიერკავკასიის ქვეყნები (და მათ შორის საქართველოც) ოსმალეთის იმპერიის არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანას ოსმალური ოკუპაციის რეალური საფრთხე დაემუქრა.

1917 წლის ნოემბრიდან ამიერკავკასიას განაგებდა ადგილობრივი მთავრობა - კომისარიატი, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწენი. კომისარიატს ქართველი სოციალ-დემოკრატი ევგენი გეგეჭკორი თავმჯდომარეობდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორი სამხედრო მოღვაწე. ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური ვალოდია გოგუაძე (მარცხნივ) და საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი

1918 წლის თებერვალში კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი, ანუ პარლამენტი, რომელიც წინა თვეში გარეკილი სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელი დეპუტატებისგან დაკომპლექტდა.

ამ პერიოდში, მხედრული მამაცობისა თუ საბრძოლო დამსახურებისთვის გაიცემოდა რუსეთის ყოფილი იმპერიის ჯილდო - წმინდა გიორგის ჯვარი, რომელიც სამხედრო საწყობებში საკმაო რაოდენობით შემორჩა. იმხანად თბილისში არსებობდა ე.წ. გიორგის კავალერთა საბჭო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს წმინდა გიორგის ჯვრებით აჯილდოებდა.

წმინდა გიორგის ჯვარი იყო წარჩინების ნიშანი, რომელიც არსებობდა რუსეთის იმპერიის უმაღლეს სამხედრო ჯილდოსთან - 1769 წელს დაარსებულ წმინდა დიდმოწამის და ძლევაშემოსილ გიორგის სამხედრო ორდენთან. წარჩინების ეს ნიშანი 1807 წელს შემოიღეს, ხოლო 1913 წლიდან მას ოფიციალურად ეწოდა "წმინდა გიორგის ჯვარი".

არსებობდა წმინდა გიორგის ოთხი ხარისხის ჯვარი. მათ ეტაპობრივად გასცემდნენ - ქვემოდან ზემოთ. I და II ხარისხის ჯვრები მზადდებოდა ოქროს, ხოლო III და IV ხარისხისა - ვერცხლისგან. ვინაიდან ომში ჩაბმულ რუსეთს ფინანსურად გაუჭირდა, აღნიშნული ჯვრები 1916 წლის 10 სექტემბრიდან მზადდებოდა არა ოქროსა და ვერცხლისგან, არამედ - ყვითელი და თეთრი ფერის უბრალო ლითონებისგან.

წმინდა გიორგის ოთხივე ხარისხის ჯვრის მფლობელს უწოდებდნენ წმინდა გიორგის ჯვრის სრულ კავალერს და განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში.

რუსეთის დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, 1917 წლის ივნისიდან ოფიციალურად მოიხსნა მანამდე არსებული შეზღუდვა წმინდა გიორგის ჯვრით დაჯილდოებაზე - თუ მანამდე მხოლოდ ჯარისკაცები და დაბალი წოდების მატარებელნი ჯილდოვდებოდნენ, ამიერიდან შეიძლებოდა დაჯილდოებულიყო ოფიცერიც, თუ იგი მამაცობას გამოავლენდა უშუალოდ ბრძოლის ველზე და მის დაჯილდოებაზე ამ გმირობის თვითმხილველი ჯარისკაცებიც თანხმობას განაცხადებდნენ.

I მსოფლიო ომის დროს წმინდა გიორგის ჯვრით რუსეთის საიმპერიო არმიაში მომსახურე ათასობით ქართველი მებრძოლი დაჯილდოვდა.

წმინდა გიორგის ჯვრის სრულ კავალერთა შორის ქართველთაგან იყვნენ ევპატორიის 257-ე ქვეითი პოლკის ფელდფებელი ნიკიფორე მათეს ძე ხვედელიანი, ულანთა XII საკავალერიო პოლკის შტაბ-როტმისტრი ევგენი აფხაზავა და სხვები.

* * *

1918 წლის გაზაფხულიდან ოსმალეთის საიმპერიო არმია ამიერკავკასიის დაპყრობის სამზადისს შეუდგა. 25 მარტს ოსმალეთის ხელისუფლებამ ამიერკავკასიის კომისარიატს ბათუმის ოლქის გადაცემა მოსთხოვა. მიღებული უარის მიუხედავად, ოსმალთა ჯარის შემადგენლობაში მყოფი გალიპოლის დივიზია შეტევაზე გადავიდა. აღნიშნული ოლქის დაკავების შემდეგ, მათ წინსვლა ოზურგეთის მიმართულებით განაგრძეს.

სამშობლოს დასაცავად ქართველმა პატრიოტებმა სახალხო რაზმები ჩამოაყალიბეს და მტერს ეკვეთნენ. ბრძოლაში თავი განსაკუთრებით ისახელა სოციალ-დემოკრატმა მებრძოლმა ვალოდია გოგუაძემ (1880-1954), რომლის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯავშნოსანმა მატარებელმა მუსრი გაავლო გურიაში შეჭრილ თურქებს. ვალოდია, რომელმაც ბრძოლაში ოთხი ჭრილობა მიიღო, ნატანებიდან თბილისში გადმოიყვანეს.

9 აპრილს სეიმმა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. ფედერალურ მთავრობას სათავეში ჩაუდგა ქართველი სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი.

13 აპრილს, თბილისში, ფედერალური მთავრობის სასახლის თეთრ დარბაზში გამართულ ამიერკავკასიის საოლქო დელეგატების სხდომაზე, რომელსაც ათას ხუთასამდე კაცი ესწრებოდა, ნოე ჟორდანიას, ირაკლი (კაკი) წერეთლისა და ევგენი გეგეჭკორის წარდგინებით, სამშობლოს დაცვისათვის, ვ. გოგუაძე "რევოლუციის პირველ გმირად" გამოაცხადეს.

ვალოდია გოგუაძის მემუარებში ვკითხულობთ: "12 აპრილს ჩემთან მოვიდა კვესტორი სერგო ჟორჟოლიანი და მითხრა: ხვალ საღამოს, შვიდი საათისთვის, ნოე ჟორდანია გიბარებსო. მე დანიშნულ დროს მივედი... ნოე ჟორდანიამ ხელი მომკიდა და მასთან კათედრაზე ამიყვანა. შემდეგ დელეგატებს მიმართა: - "გთხოვთ მიესალმოთ ამხანაგ გოგუაძეს, რომელმაც მტერი დაამარცხა და ხიფათისგან გვიხსნა". გამიმართეს დიდი ოვაციები. ილაპარაკა ირაკლი წერეთელმა. სიტყვა წარმოთქვა ევგენი გეგეჭკორმა. მან აღნიშნა ჩემი როლი თვითმპყრობელობის რეჟიმთან ხანგრძლივ ბრძოლაში და შეაქო ჩემი მეთაურობით ჯავშნოსნის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. მან სხდომას მიმართა წინადადებით: დავეჯილდოებინე რევოლუციის პირველი გმირის წოდებით. სხდომამ ეს წინადადება ერთხმად მიიღო.

მე ამდენი ცერემონიისა და პატივისცემის გამო სირცხვილით ვიწვოდი. საზოგადოებას მადლობა გადავუხადე და შინ წავედი. ოპერაცია მალე გამიკეთეს და ფეხიდან ტყვია გამომიღეს".

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ქართველ მებრძოლს ასეთი სახის საპატიო წოდება მიანიჭეს.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე (1918 წლის 26 მაისი), მთელი სიმწვავით დაისვა რეგულარული ქართული არმიის ჩამოყალიბების საკითხი.

თბილისში გამომავალ სამხედრო ჟურნალებში - "მხედარსა" და "რესპუბლიკის ჯარში" ხშირად იბეჭდებოდა წერილები ეროვნული ჯარის ჩამოყალიბების, ქართველი ჯარისკაცის ფორმისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, რეალურად არასდროს არ დასმულა საკითხი ეროვნული წარჩინების ნიშნების დაწესების შესახებ.

საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოქცეულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას განზრახული ჰქონდა ჩვენი ქვეყნის გადაქცევა "აზიის შვეიცარიად". შვეიცარიაში კი სახელმწიფო ჯილდოები არ არსებობს. ამ ქვეყნის წაბაძვით, საქართველოს მთავრობამ, თავისი თითქმის სამწლოვანი მმართველობის განმავლობაში არ იზრუნა ეროვნული ორდენებისა და მედლების დაწესებაზე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ იმაზეც კი არ იზრუნა, რომ მანამდე არსებული თამარ მეფის ორდენი მაინც ექცია სახელმწიფო ჯილდოდ, რის მიზეზთა შესახებაც უკვე ვწერდით ("ისტორიანი", # 100). ყოველივე ამის გამო, გამონაკლის შემთხვევად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამხედრო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გენერალ ზაქარია მდივნის მიერ 1918 წლის 13 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანება გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების თამარ მეფის ორდენებით დაჯილდოების შესახებ.

რაც შეეხება რუსულ საიმპერიო ჯილდოს - წმინდა გიორგის ჯვარს, რომელიც ამიერკავკასიის ფედერალური სახელმწიფოსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანაში გაიცემოდა მხედრული მამაცობისა თუ საბრძოლო დამსახურებისთვის, ეს ჯილდო ხალხში უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობდა და მისი გაუქმება ხელისუფლებამ ვერ გაბედა.

იოსებ ივანეს ძე ჯანდიერი, წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი

1918 წლის 8 აპრილს, მდინარე ჩოლოქთან მომხდარ სისხლისმღვრელ ბრძოლაში, ქართულმა ლაშქარმა სასტიკი მარცხი აგემა გალიპოლის დივიზიას, რომელიც 7 ათასი მეომრისგან შედგებოდა. ბრძოლაში თავი ისახელეს ვალოდია გოგუაძის ჯავშნოსანი მატარებლის რაზმელებმა - ძმებმა ალექსანდრე და პორფილე გორგოშიძეებმა, რისთვისაც ისინი წმინდა გიორგის ჯვრებით დაჯილდოვდნენ.

იმავე წელს, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კერძოდ, აფხაზეთში მიმდინარე ანტიბოლშევიკურ ბრძოლებში აქტიური მონაწილეობისთვის, წმინდა გიორგის ჯვრით დაჯილდოვდა საქართველოს პირველი სამხედრო ხომალდის - "პატარა კახის" კაპიტანი, ლეიტენანტი გ. ღოღობერიძე.

წმინდა გიორგის ჯვრის ქართველ კავალერთა საპატიო რიგშია ჭაბუკი იოსებ ივანეს ძე ჯანდიერი (1901-1921). იგი 17 წლის ასაკში მოხალისედ წავიდა 1918 წლის დეკემბერში მიმდინარე საქართველო-სომხეთის ომში, სადაც თავი ისახელა დაბა შულავერის აღებისთვის ბრძოლაში. ამისთვის ის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ჯვრით. გარდა ამისა, მონაწილეობდა აფხაზეთში, კერძოდ, გაგრასთან მომხდარ ბრძოლაში, ხოლო 1920 წლის მაისში - აზერბაიჯანიდან შემოჭრილი წითელი არმიის განდევნაში. გმირულად დაეცა 1921 წლის თებერვალში, საქართველოში შემოჭრილ საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში.

1919 წლის 20 ივლისის ბრძანებით, სამშობლოსთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის, წმინდა გიორგის ჯვრით დაჯილდოვდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოთხი მოსამსახურე ჯავახიშვილთა გვარიდან (ჩამოთვლილია ანბანურად): კახელთა რაზმის მებრძოლი ალექსი ჯავახიშვილი, ცხენოსანთა დივიზიონის მხედარი გიორგი ჯავახიშვილი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის ეკატერინოფელდის რაზმის გვარდიელი დიმიტრი ჯავახიშვილი და რესპუბლიკის ცხენოსანთა პირველი პოლკის მხედარი ივანე ჯავახიშვილი.

1918-1919 წლების განმავლობაში, წმინდა გიორგის ჯვრით დაჯილდოვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 802 მოსამსახურე. მათგან 12 დაჯილდოვდა წმინდა გიორგის I ხარისხის ჯვრით, 30 - II ხარისხის ჯვრით, 84 - III ხარისხის ჯვრით, ხოლო 676 - IV ხარისხის ჯვრით. არსებობს მათი სახელობითი ნუსხაც (იხ.: ოთარ ჟორდანია, მერი გაბედავა, საქართველოს წმინდა გიორგის ჯვრის კავალრები (1918-1919), თბილისი, 2001).

წმინდა გიორგის ჯვრით 1920-1921 წლების განმავლობაში დაჯილდოების შესახებ დოკუმენტური მასალა არ გაგვაჩნია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არც მომხდარა, ვინაიდან, როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო საწყობებში შემონახული წმინდა გიორგის ჯვრების მარაგი ამოიწურა.

ეს ორდენი 1765 წელს დააწესა პოლონეთის მეფემ და ლიტვის დიდმა მთავარმა სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკიმ. 1831 წელს ეს ორდენი რუსულ საიმპერიო ჯილდოთა სისტემაში შეიყვანეს

საგულისხმოა, რომ წმინდა გიორგის ჯვარი არ ყოფილა რუსეთის ყოფილი იმპერიის ერთადერთი ჯილდო, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება იყენებდა.

1918 წლის მაისიდან ივლისამდე, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კერძოდ, აფხაზეთსა და სოჭის ოლქში (ისტორიულ ჯიქეთში) მიმდინარე სისხლისმღვრელ ანტიბოლშევიკურ ბრძოლებში ქართულმა ჯარმა დიდი გამარჯვება მოიპოვა. ამის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ, მის საზღვრებში მოექცა ქალაქები სოჭი და ტუაფსე. ამ ბრწყინვალედ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა სახელგანთქმული სარდალი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც იმხანად იყო აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორი და შავი ზღვის სანაპირო ჯარების მეთაური.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ძლევამოსილი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დააჯილდოვა წმინდა სტანისლავის ორდენით (ხმლებითურთ). ცნობა ამის შესახებ გამოქვეყნდა იმდროინდელ ქართულ პრესაში, კერძოდ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთის "ერთობის" 1918 წლის 11 ივლისის ნომერში.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა იძულებული იყო, ქვეყნის წინაშე დამსახურებული სამხედრო პირები დაეჯილდოებინა უკვე აღარარსებული სახელმწიფოს - რუსეთის იმპერიის ჯილდოებით, რომლის განსაზღვრული რაოდენობაც სამხედრო უწყების საწყობებში შემორჩა.

ზემოხსენებული რუსული საიმპერიო ორდენით დაჯილდოებაც ერთადერთ, გამონაკლის შემთხვევად დარჩა პირველი ქართული რესპუბლიკის ისტორიაში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რომელიც 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო ჯერ კიდევ თბილისში მყოფმა დამფუძნებელმა კრებამ, მკაფიოდ განისაზღვრა მოქალაქეთა უფლებები. კერძოდ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მესამე თავში "მოქალაქის უფლებანი" ვკითხულობთ: "მუხლი 16. მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან. მუხლი 17. წოდებრივი განსხვავება არ არსებობს. მუხლი 18. ხარისხის მინიჭება, გარდა აკადემიურისა, აკრძალულია. ორდენი გაუქმებულია. საომარ მოქმედების დროს თავის გამოჩენისთვის შეიძლება მიეცეს წარჩინების ნიშანი".

წმინდა სტანისლავის ორდენის კავალერი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი შვილებთან ერთად

ამდენად, ამიერკავკასიის ფედერალური სახელმწიფოსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანაში სამხედრო ჯილდოების ფუნქციას ასრულებდა რუსეთის იმპერიის წარჩინების ნიშნები - წმინდა გიორგის ჯვრები. თურქებთან ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის, ჯავშნოსანი მატარებლის მეთაურს ვალოდია გოგუაძეს 1918 წლის აპრილში უბოძეს საპატიო წოდება - "რევოლუციის პირველი გმირი", ხოლო შავიზღვისპირეთის ქალაქების (სოხუმი, გაგრა, სოჭი, ტუაფსე) განთავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის, ივლისში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დააჯილდოეს წმინდა სტანისლავის ორდენით (ხმლებითურთ). იმავე წლის 13 დეკემბერს, საქართველოს სამხედრო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გენერალ ზაქარია მდივნის ბრძანებით, ჩვენს ქვეყანაში მყოფი გერმანელი სამხედრო მოსამსახურენი თამარ მეფის ორდენებით დაჯილდოვდნენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ არ იზრუნა, რომ აღნიშნული ორდენი სახელმწიფო ჯილდოდ ექცია. 1921 წლის კონსტიტუციით, რესპუბლიკაში აიკრძალა მოქალაქეთა დაჯილდოება წარჩინების ნიშნებით. დაჯილდოება დაშვებული იყო მხოლოდ სამხედრო მოქმედების დროს თავგამოჩენილი მოქალაქეებისთვის.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი" #102