არაბეთის განმათავისუფლებლის ავღანური მარცხი - კვირის პალიტრა

არაბეთის განმათავისუფლებლის ავღანური მარცხი

რატომ ვერ ამოუკვეთა საბჭოთა კავშირს შუა აზიიდან ფეხი პოლკოვნიკმა ლოურენსმა

(დასასრული. დასაწყისი იხ. "ისტორიანი" #101)

პოლკოვნიკი ლოურენსი ამჟამინდელი პაკისტანის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მზვერავი ავღანეთითა და საბჭოთა შუა აზიით დაინტერესდა.

იმხანად ავღანეთს სათავეში ედგა ემირი ამანულა-ხანი (1892-1960). იგი ტახტზე 1919 წელს ავიდა და ავღანეთის სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამას ინგლის-ავღანეთის ომი მოჰყვა. მართალია მოგვიანებით (1921 წელს) ინგლისმა ავღანეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ ლონდონის ზეწოლამ ამანულა აიძულა, მზერა რუსეთისკენ მიეპყრო. ავღანეთი გულგრილად შეხვდა შუა აზიაში რუსული წითელი არმიის ინტერვენციას. რუსმა ბოლშევიკებმა დაიკავეს თურქესტანი, შემდეგ ხივის სახანო, ბუხარის საამირო, რომლებიც რევოლუციამდე რუსეთის ვასალურ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. ამანულას ბრალს სდებდნენ, რომ შუააზიელ ბასმაჩებს არ დაეხმარა.

ლოურენსმა ყოველივე ეს შენიშნა და გაიაზრა. ლონდონში ვრცელი მოხსენება გაგზავნა, სადაც წერდა, რომ მალე ავღანეთში ცვლილებებია მოსალოდნელი.

- ამანულას დაამხობენ! გვეძლევა შანსი, ის უფრო საღად მოაზროვნე პოლიტიკოსით შევცვალოთ. ავღანეთი საბჭოთა შუა აზიის განთავისუფლების ციტადელად უნდა გადაიქცეს, - ამბობს პოლკოვნიკი.

ლოურენსმა მომავალი პარტიზანული ომის სცენარი მოკლედ და ნათლად ჩამოაყალიბა. საბჭოთა კავშირში მასობრივი კოლექტივიზაცია დაიწყება. შუა აზია ამას უაღრესად მტკივნეულად შეხვდება. ბასმაჩების მოძრაობაც, რომელიც НЕП-ის (ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) შედეგად დამუხრუჭდა, კვლავ გააქტიურდება.

- თუკი ბასმაჩებს ავღანეთში ბაზები ექნებათ და შუა აზიის ტერიტორიაზე სისტემატურად რეიდებს მოაწყობენ, დიდი პარტიზანული ომის ცეცხლი მალე აზვირთდება! რუსები იძულებული გახდებიან, შუა აზიიდან წავიდნენ, - წერდა ლოურენსი.

ინგლისის მთავრობა პროექტის გაცნობას შეუდგა. ავღანეთში, ისევე როგორც შუა აზიაში, წინ ბობოქარი მოვლენები იყო.

ემირმა ამანულა-ხანმა 1921 წელს ავღანეთის სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

ლოურენსი და იბრაჰიმ-ბეკი

იბრაჰიმ-ბეკი ლოკაის ტომის წარმომადგენელი იყო. ისინი ხოჯენდის (ლენინაბადი 1936-1991 წლებში) მახლობლად ცხოვრობენ. იბრაჰიმ-ბეკი ბუხარის ემირის, სეიდ ალიმ-ხანის არმიის ოფიცერი გახლდათ. ჯერ კიდევ რევოლუციამდე იძულებული გახდა, ბუხარა დაეტოვებინა და ავღანეთში გადახვეწილიყო. ზოგი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ იბრაჰიმი ცხენებს იპარავდა და ყიდდა. ზოგი პირიქით მიიჩნევს, რომ მტრებმა მას ცილი დასწამეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ იბრაჰიმ-ბეკს ემირთან კონფლიქტი მოუვიდა და ამის გამო ემიგრაციაში გადაიხვეწა. რევოლუციის შემდეგ მან ემირს წერილი გაუგზავნა და პატიება სთხოვა. სეიდ ალიმ-ხანმა უარით უპასუხა.

1920 წელს საბჭოთა რუსეთის არმია ბუხარაში შეიჭრა. იბრაჰიმ-ბეკი ოკუპანტებთან საბრძოლველად სამშობლოში დაბრუნდა. თავდაპირველად რიგითი მებრძოლი იყო, მოგვიანებით კი საველე მეთაური (კურბაში) გახდა. იბრაჰიმის რაზმმა არაერთი ძლიერი დარტყმა მიაყენა მტერს. მალე ენვერ-ფაშასთან ერთად, იბრაჰიმ-ბეკი გამოიკვეთა, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. ენვერის დაღუპვის შემდეგ პარტიზანულ რაზმებს იბრაჰიმ-ბეკი ჩაუდგა სათავეში. ამ პოსტზე ის უშუალოდ სეიდ ალიმ-ხანმა დაამტკიცა, რომელიც უკვე ემიგრაციაში, ავღანეთში ცხოვრობდა.

იბრაჰიმ-ბეკმა რუსებს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია. მან მასობრივი პარტიზანული მოძრაობის გაშლა შეძლო. მიუხედავად ამისა, ძალები არათანაბარი იყო. მაშინდელ შუა აზიაში ტომობრივი შუღლი გაჩაღებულიყო. ამას გარდა, იბრაჰიმს არც ინგლისმა დაუჭირა მხარი და არც მეზობელმა ავღანეთმა. პარტიზანების მეთაური ავღანეთში გადაიხვეწა.

- უზბეკი და ტაჯიკი ემიგრანტები ქალაქ მაზარ-ი-შარიფის მახლობლად დასახლდნენ, - წერს თურქმენი მწერალი რაჰიმ ესენოვი.

ამანულა-ხანის ბრძანებით, ბასმაჩები განაიარაღეს, თავად იბრაჰიმს კი მაზარ-ი-შარიფში ჩასვლა აუკრძალეს...

1928 წელს ლოურენსი საიდუმლოდ ეწვია ავღანეთს. იგი შეხვდა ბუხარის ემირ სეიდ-ალიმ ხანს, რომელიც ქაბულთან ახლოს სასახლეში ცხოვრობდა, აგრეთვე პარტიზანების მეთაურ იბრაჰიმ-ბეკს. მარცხის მიუხედავად, იბრაჰიმი ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდა. ის სამშობლოსთვის ბრძოლას განაგრძობდა.

- პირდაპირ გვითხარი, ინგლისი დაგვეხმარება თუ არა? - შეეკითხა იბრაჰიმი ლოურენსს.

- არ ვიცი.

- შენ დაგვეხმარები?

- პირადად მე, რა თქმა უნდა!

- დიდი მადლობა! - იბრაჰიმ-ბეკმა მაგრად ჩამოართვა ხელი.

ამიერიდან ისინი დამეგობრდნენ. მთავრობა ლოურენსს უარს ეუბნება

1929 წელს ამანულა-ხანი დაამარცხეს. ხელისუფლებაში ბანდიტი ჰაბიბულა კალაკანი, მეტსახელად ბაჩა-ი საკაო (წყლის დამტარებელი) მოვიდა. იგი ჰაბიბულა I-ის სახელით აკურთხეს ემირად.

საბჭოთა კავშირში

- ბაჩა-ი საკაოს ტახტზე ასვლამ ბევრი აღაშფოთა. ავღანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, - წერს რაჰიმ ესენოვი.

ცენტრალური ხელისუფლება დასუსტდა და შუა აზიის ემიგრაციამაც გადაწყვიტა, ამით ესარგებლა. იბრაჰიმ-ბეკი ჩავიდა მაზარ-ი-შარიფში, ამის შემდეგ იქ მცხოვრები უზბეკები და ტაჯიკები ქაბულის წინააღმდეგ აჯანყდნენ. მაზარ-ი-შარიფი, შემდეგ კი მთელი პროვინცია, შუააზიელი ბასმაჩების ხელთ აღმოჩნდა. - ფაქტობრივად, ავღანეთის ტერიტორიის ნაწილს შუააზიელი ბასმაჩები აკონტროლებდნენ, - წერს რაჰიმ ესენოვი.

მალე ბასმაჩებმა საბჭოთა ტერიტორიაზე რეიდები განაახლეს. მოსახლეობა იბრაჰიმ-ბეკის პარტიზანებს სიხარულით შეხვდა. საბჭოთა ხელისუფლება მნიშვნელოვან ტერიტორიაზე დაემხო. იბრაჰიმ-ბეკიც მთელი შუა აზიის გათავისუფლებისთვის მოემზადა. - ლოურენსმა ინგლისის მთავრობას წინადადებით მიმართა, იბრაჰიმისთვის სასწრაფოდ აღმოეჩინათ დახმარება, - წერს ესენოვი.

ინგლისის ხელისუფლება ყოყმანობდა. იმხანად ევროპაში უმწვავესი ფინანსური კრიზისი იდგა. ლოურენსის წინადადების მიღება უდიდეს ხარჯებს უკავშირდებოდა. ამის წინააღმდეგ გავლენიანი ძალა გამოვიდა.

- მაშინ ბევრს მიაჩნდა, რომ საბჭოთა რუსეთი ინგლისისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. რასაკვირველია, კოლექტივიზაცია ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ თუ რუსებს უნდათ, დაე, საკუთარ თავზე დადგან ექსპერიმენტები, ეს ჩვენი პრობლემა არ არისო, - წერს ამერიკელი ისტორიკოსი ჩარლზ არმსტრონგი.

ლოურენსი მიხვდა, რომ მის წინადადებას უარყოფდნენ. მან მთავრობას სასოწარკვეთილი შეძახილით მიმართა:

- ავღანეთში ვაკუუმი წარმოიქმნა! თუ პასიურობას გამოვიჩენთ, მას რუსები შეავსებენ! რუსი ბოლშევიკები, რომლებიც შუა აზიაში მოძლიერდებიან, აქტიურად დაეხმარებიან ინდოეთში ანტიინგლისურ ძალებს!

ამან განსაზღვრული როლი შეასრულა. ხელისუფლება შეყოყმანდა.

ავღანეთში კი მოვლენები სისხლიანი სცენარით განვითარდა. ჰაბიბულა ბაჩა-ი საკაო ტახტიდან ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს. მისი ადგილი ემირმა მუჰამედ ნადირ-ხანმა დაიკავა. მან იბრაჰიმ-ბეკს იარაღის დაყრა მოსთხოვა. ბასმაჩთა მეთაურმა უარით უპასუხა.

- მაშინ ნადირ-ხანმა იბრაჰიმის წინააღმდეგ არმია გაგზავნა, - წერს ესენოვი. ბასმაჩებმა შეტევა მოიგერიეს. ნადირ-ხანის ჯარმა 2000-მდე მეომარი დაკარგა და უკან დაიხია. იბრაჰიმმა ავღანეთის ახალ-ახალ პროვინციებზე დაამყარა კონტროლი. შუა აზიაში პარტიზანული ომის ცეცხლი გიზგიზებდა. იბრაჰიმ-ბეკმა წითელი არმიისგან გაათავისუფლა მთელი მთიანი ბადახშანი, აგრეთვე ლენინაბადის რაიონი. მისი კონტროლის ქვეშ უზარმაზარი ტერიტორია მოექცა.

- ან იბრაჰიმ-ბეკს დაეხმარებით, ან რუსები შუა აზიაში მოძლიერდებიან, შემდეგ კი ინდოეთსა და მთელს აღმოსავლეთში პრობლემებს შეგვიქმნიან! - მიმართა ლოურენსმა ინგლისის მთავრობას. მთავრობამ წინადადება უარყო. ფინანსური კრიზისის პირობებში ბრიტანეთის იმპერიას ამგვარი მასშტაბის პროექტების დაფინანსება არ სურდა.

პირველი რუსული ინტერვენცია ავღანეთში

მალე ლოურენსს მოახსენეს, ნადირ-ხანმა სტალინს შეუთვალა, იბრაჰიმ-ბეკის პარტიზანების განადგურებაში დამეხმარეო. ლოურენსი ყურებს არ უჯერებდა:

- როგორ, ავღანეთის ემირი რუს ბოლშევიკებთან კონტაქტზე წავიდა?!

- სტალინი შეპირდა, რომ ავღანეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევა. რუსები მხოლოდ ბასმაჩების ბაზების განადგურებაში დაეხმარებიან, შემდეგ კი ავღანეთიდან გავლენ.

ლოურენსი წამოხტა.

- რაკი ასეა, მეც ჩემი მეგობრის გვერდით უნდა ვიყო!

ლოურენსი სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეულ ავღანეთში გადავიდა, იბრაჰიმ-ბეკი ინახულა და ყველაფერი უამბო. განსაკუთრებით კი ხაზი იმას გაუსვა, რომ ინგლისი ბასმაჩებს არ დაეხმარება. იბრაჰიმ-ბეკი ჩაფიქრდა.

- გამოდის, განწირული ვართ?!

- დიახ, - ლოურენსმა ამოიოხრა.

- და რას მირჩევ?

- დატოვე ავღანეთი, წამოხვალ ჩემთან ინგლისში. მოვა დრო და დაბრუნდები. ახლა ბრძოლა წაგებულია.

- კი მაგრამ, ჩემი ჯარისკაცები? პარტიზანები, რომლებიც შუა აზიაში მოქმედებენ?

- მათ იარაღი უნდა დაყარონ და ან რუსებს, ან ავღანეთის ხელისუფლებას ჩაჰბარდნენ. ახლა მთავარი გადარჩენაა.

- მერე სადაა გარანტია, რომ რუსები ან ნადირ-ხანი არ დასჯიან?

ლოურენსმა არაფერი უპასუხა.

- მხედართმთავარი ჯარს ბრძოლის ველზე არ ტოვებს, - წარმოთქვა იბრაჰიმმა, - მე ჩემს ჯარისკაცებთან ვიქნები. მათთან ერთად გავიზიარებ დამარცხებას თუ გამარჯვებას.

- მეც შენთან ვიქნები, - შესძახა ლოურენსმა.

იბრაჰიმმა დაუფარავი გაოცებით შეხედა.

- მართლა?

- მართლა.

ბასმაჩთა მეთაურმა ინგლისელი გამომცდელად აათვალ-ჩაათვალიერა, თუმცა არაფერი უთქვამს.

ჰაბიბულა კალაკანი

* * *

მალე საბჭოთა არმია ავღანეთში შეიჭრა. იმავდროულად, ბასმაჩებს დაარტყა ნადირ-ხანის არმიამ.

- შუააზიელი პარტიზანები ალყაში აღმოჩნდნენ, - წერს ყაზახი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი მუსტაფა ჩოკაევი (შოკაი).

იბრაჰიმ-ბეკი ფარ-ხმალს არ ჰყრიდა. მან ალყა გაარღვია და საბჭოთა საზღვრისკენ დაიხია. მაზარ-ი-შარიფი რუსულმა წითელმა არმიამ დაიკავა. სტალინმა ნაზირ-ხანისთვის მიცემული პირობა შეასრულა. რუსებმა მხოლოდ ბასმაჩთა ბაზები გაანადგურეს და ავღანეთი დატოვეს.

იბრაჰიმ-ბეკი თავისი რაზმით საბჭოთა ტერიტორიისკენ იხევდა. მას ხაფანგი არაერთხელ დაუგეს, ჩეკისტები მის ცოცხლად შეპყრობას ლამობდნენ. ლოურენსი იბრაჰიმის გვერდით იმყოფებოდა. ერთ-ერთი ბრძოლისას დაიჭრა. იბრაჰიმ-ბეკმა უთხრა:

- შენ სიარული აღარ შეგიძლია. მოგცემ გამყოლებს, გადახვალ საზღვარზე. დანარჩენი შენ იცი!

- თავად საით წახვალ? - შეეკითხა ლოურენსი.

- ჩემს სამშობლოში.

- ეს სიგიჟეა, - ლოურენსმა თავი გააქნია, - მოგკლავენ!

- ჰოდა, ალაჰი მიიღებს ჩემს სულს. - იბრაჰიმ-ბეკი ჩაფიქრდა, - მე განწირული ვარ, მაგრამ არ დავუშვებ, რომ ჩემთან ერთად დაიღუპო. მოგცემ გამყოლებს. ალაჰი იყოს შენი შემწე.

გამომშვიდობებისას ერთმანეთს გადაეხვივნენ.

დამარცხება

ჩეკისტები საბჭოთა ტერიტორიაზე გადასული იბრაჰიმ-ბეკის შესაპყრობად საგანგებოდ მოემზადნენ. დაგან-კიიკის ხეობაში გპუ-ს სპეციალურმა რაზმმა პარტიზანებს ალყა შემოარტყა. წინადადებას დანებების შესახებ იბრაჰიმმა სიცილით უპასუხა:

- ჩემი მოსპობა შესაძლებელია, დანებება - არა!

გაიმართა ბრძოლა. ძალები არათანაბარი იყო. მიუხედავად ამისა, იბრაჰიმ-ბეკმა ალყა გაარღვია და ქვეყნის სიღრმეში შეიჭრა. სტალინის ბრძანებით, იბრაჰიმ-ბეკის წინააღმდეგ გპუ-ს სპეცნაწილებთან ერთად წითელი არმიის რეგულარული ნაწილებიც გადაისროლეს. გადამწყვეტი ბრძოლა უზბეკეთის ქალაქ დერბენტთან მოხდა. ამის შემდეგ საბჭოთა გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა იბრაჰიმ-ბეკის ცოცხლად შეპყრობის შესახებ. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ბასმაჩთა მეთაურს სახალხოდ, საჯაროდ გაასამართლებდა. 1931 წლის აგვისტოში გაზეთმა "იზვესტიამ" გაავრცელა ცნობა, რომ იბრაჰიმ-ბეკს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენი სისრულეშია მოყვანილი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიმართლე გაირკვა. თანამედროვე უზბეკი და ტაჯიკი ისტორიკოსების ცნობით, იბრაჰიმ-ბეკი ალყაში მოაქციეს. ბასმაჩთა მეთაურს მისივე მეგობრებმა უღალატეს. მიუხედავად ამისა, მისი ცოცხლად შეპყრობა ვერ მოხერხდა. იბრაჰიმ-ბეკმა ხელყუმბარით თავი აიფეთქა. გარშემო კი წითელარმიელთა გვამების მთელი გროვა დააყენა.

სეიდ ალიმ-ხანი, ბუხარის უკანასკნელი ემირი, ჩინგიზ ყაენის პირდაპირი შთამომავალი იყო

- ალაჰ აკბარ! სიკვდილი რუსებს! - ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. იბრაჰიმ-ბეკის სიკვდილით პარტიზანული მოძრაობა არ შეწყვეტილა. შუა აზია დუღდა. ბასმაჩები ბრძოლას განაგრძობდნენ.

- ჯერ კიდევ არ არის გვიან, დაეხმარეთ შუააზიელ პარტიზანებს! დაეხმარეთ! დაეხმარეთ! დაეხმარეთ! - ლოურენსი ამას "ტაიმსის" ფურცლებიდან აცხადებდა. მოწოდება უპასუხოდ დარჩა. ინგლისს საკუთარი პრობლემები ჰყოფნიდა და შუა აზიისთვის არ ეცალა.

* * *

სიცოცხლის უკანასკნელი წლები ლოურენსმა ინგლისში, საკუთარ სახლში გაატარა. ის მსოფლიოში აღიარებული პიროვნება იყო. მისი, როგორც მზვერავის, ღვაწლი სათანადოდ დაფასდა, ლოურენსის წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერებად იქცა.

მიუხედავად ამისა, ლოურენსი უკმაყოფილო იყო. მან ვერ შეძლო შუა აზიის გათავისუფლება, ვერ დაეხმარა იბრაჰიმ-ბეკს, რომელიც რუს ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაიღუპა. ეს მართლაც მოურჩენელ ჭრილობად გაჰყვა.

1935 წლის 13 მაისს ლოურენსი თავისი მოტოციკლით სასეირნოდ გავიდა. მოულოდნელად ველოსიპედისტი გამოჩნდა. ლოურენსმა მკვეთრად მოუხვია. მოტოციკლმა მართვა დაკარგა და ხრამში გადაეშვა. ლოურენსი თავის ქალის ტრავმით საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შესძლეს. 1936 წლის 19 მაისს, 46 წლის ასაკში, ლოურენსი გარდაიცვალა.

- იგი გენიალური პიროვნება იყო! - ასე შეაფასა ლოურენსის ღვაწლი სერ უინსტონ ჩერჩილმა.

თომას ლოურენსი არაბული სამოსით

დიდ ინგლისელ მზვერავს მრავალი რომანი, ფილმი თუ სამეცნიერო მონოგრაფია მიეძღვნა. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ფილმი "ლოურენსი არაბეთიდან". გენიალური მზვერავის როლი პიტერ ო"ტულმა შეასრულა. ლოურენსმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი იმ ადამიანთა გვერდით, რომელთაც ინგლისი მეფურ პატივს მიაგებს.

ნიკა თევზაძე ისტორიის დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი" #102