არქეოლოგებმა ვერ აღმოაჩინეს გულისგული მისტერიისა - გამოქვაბული, სადაც... - დელფოს ორაკულის საიდუმლოებანი - კვირის პალიტრა

არქეოლოგებმა ვერ აღმოაჩინეს გულისგული მისტერიისა - გამოქვაბული, სადაც... - დელფოს ორაკულის საიდუმლოებანი

"საბერძნეთის შუაგულში აზიდულა მთა პარნასი 8000 ფუტზე (2450 მ). სიმაღლით იგი მეორეა ელადის მთათა შორის. მისი თოვლიანი მწვერვალი შუქურასავით ანათებს შორიდან; დღისით თეთრი ღრუბლები გროვდებიან მის გარშემო, მზის ჩასვლისას კი თოვლი ელვარებს ვარდისფერ-მეწამულად. პიტალო კლდეებს ქარი ეხეთქება და არწივები დასტრიალებენ, ღრუბლები შემოსდგომიან გარშემო აქაფებულ ზღვის ზვირთებივით", - ლეონარდ კოტრელი, "ანტიკურობის საოცრებანი".

დელფოს მიმზიდველობის მიზეზთა სრულად ჩამოთვლა ადვილი საქმე არ არის. ზოგიერთი ადგილის განსაკუთრებულ მშვენებას ასახელებს, სხვანი ტკბებიან შენობათა ნანგრევებით, თეატრით, ტაძრით, კვარცხლბეკებით, რომელზეც ერთ დროს იდგა ფიდიასის, პრაქსიტელესისა და სხვათა ქანდაკებები; ასახელებენ ასევე სარბენ ბილიკებს, ეტლის გზებს და სხვა.

დელფოს სამისნო არის ადგილი, სადაც ადამიანი მიდის წინასწარმეტყველების მისაღებად. ამ სამისნოში იყო ადგილი, სადაც ამოდიოდა გაზი, რომელსაც დიდი ზემოქმედების ეფექტი ჰქონდა. სწორედ აქ იჯდა პითია, რომელიც ტრანსის მდგომარეობაში ლაპარაკს იწყებდა. მისი სიტყვები არ იყო ნათელი. ეს ქურუმი ქალი მას შეფუთავდა, ლექსად გამართავდა და დაინტერესებულ პირს გადასცემდა. აქ მოდიოდნენ არა უბრალოდ ცრურწმენას აყოლილი ადამიანები, არამედ ძალიან ცნობილი პიროვნებები და შეკითხვებს სვამდნენ.

პირველად, კლასიკურ ხანაში, ქურუმები პასუხს ლექსად იტყოდნენ, შემდეგ ლექსები შემოაკლდათ და პროზით შემოიფარგლებოდნენ. ვისაც უჭირდა, ვინც ომში მიდიოდა, ყველას სურდა აქ მოსულიყო, მოსაკითხი მიეცა, დელფოს წმინდა აუზში განბანილიყო და პითიას ნაწინასწარმეტყველევი მოესმინა. პითია კეთილშობილი ქალი იყო, 50 წელს გადაცილებული, ზნეობრივად უმწიკვლო. მკაცრად არჩევდნენ სამისნოს მსახურ ხუთ ქურუმსაც.

დელფო, საერთო ხედი

როგორც პითიას ნაწინასწარმეტყველები იყო საიდუმლოებით მოცული, ასევე გამოუცნობი და მართლაც შთამბეჭდავია დელფოს მდებარეობაც. ეს არის მაღალი მთა, ქვემოთ ზეთისხილის ჭალები შორს, ჰორიზონტთან ზღვას უერთდებოდა. ეს მისტიკური ადგილია, ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული მთელ საბერძნეთში.

ლეგენდის თანახმად, პარნასის მთას თავს აფარებდა საზარელი ურჩხული პითონი, რომელიც დევნიდა აპოლონის დედას, ლეტოს. აპოლონმა მას ოქროს ისრები სტყორცნა. დაჭრილი პითონი დელფოსკენ გასრიალდა და გეას (დედამიწის ქალღმერთი) სამისნოს შეაფარა თავი. აპოლონმა გაბედა და პითონი ღვთაებრივი უფსკრულის პირას განგმირა. ამ ამბავმა გეა აღაშფოთა და ზევსს ამცნო ეს ამბავი. ზევსმა კი აპოლონს მოუწოდა, განწმენდილიყო დაღვრილი სისხლისგან და პითონის პატივსაცემად დაეარსებინა პითიური ასპარეზობანი. აპოლონმა აღასრულა მამის ნება, დააფუძნა დელფოს ტაძარი და სამისნო. ამიერიდან ხალხს აქედან ზევსის ნება უნდა შეეტყო. საამისოდ კი ქურუმები იყვნენ საჭირო. აპოლონმა მოულოდნელად თვალი მოჰკრა ზღვაში მოცურავე ხომალდს, დელფინად გარდასახული მოევლინა კრეტელ მეზღვაურებს და ისინი დელფოსკენ წაიყვანა. როცა მეზღვაურები ხმელეთს მიადგნენ, აპოლონი ნამდვილი სახით წარუდგა და მიმართა: "თქვენ გელოდებათ ჩემი დიადი ტაძარი, პატივმოკლებული. მსხვერპლი შესწირეთ ნეტარ ღმერთებს". კრეტელები განგების ძალას დაემორჩილნენ, გაჰყვნენ აპოლონს, რომელმაც მათ უჩვენა თავისი ტაძარი და ბომონი...

დღევანდელი დელფო სხვა არაფერია, გარდა ჟანგისფერი კლდეებისა, ზეთისხილის ტყისა, ყვავილების სუნით გაჟღენთილი ბალახისა და ერთ დროს დიდებული მარმარილოს შენობების ნანგრევებისა. ამ ნანგრევების აღმოჩენას ფრანგი არქეოლოგების ჯგუფს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც აქ გათხრებს აწარმოებდნენ XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ძველი ტაძრის აღმოსაჩენად მათ მთელი სოფელი გადაასახლეს. ასე რომ, დღეს შეგვიძლია დავტკბეთ აპოლონის ტაძრის კოლონებით, დავუყვეთ საღვთო გზას, ავიაროთ თეატრონის საფეხურები და თანამედროვე შენობები წინ არ გადაგვეღობება.

სამწუხაროდ, არქეოლოგებმა ვერ აღმოაჩინეს გულისგული მისტერიისა - გამოქვაბული, სადაც ჩადიოდა დელფოს ქურუმი ქალი, სანამ წინასწარმეტყველებას დაიწყებდა. ეს გამოქვაბული მრავალჯერ აღუწერიათ ბერძენ-რომაელ ისტორიკოსებს. მაგალითად, დიოდორე სიცილიელი წერდა: "ამბობენ, რომ ძველ დროში თხებმა აღმოაჩინეს სამისნო საკურთხეველი, რის გამოც დელფოელნი დღემდე იყენებდნენ თხებს, როცა მათ სურთ დაეკითხონ სამისნოს. იგი ამგვარად იპოვეს: ამ ადგილებში არის ნაპრალი, სადაც დღეს მდებარეობს აკრძალული საკურთხეველი. უწინ თხები ძოვდნენ ხოლმე აქ. როცა რომელიმე თხა მიუახლოვდებოდა ნაპრალს და მასში ჩაიხედავდა, კვლავ უკანვე გადმოხტებოდა და გაიღებდა უჩვეულო ხმას". შემდეგ დიოდორე სიცილიელი მწყემსებზეც საუბრობს და წერს, რომ იგივე ემართებოდათ მათ ნაპრალში ჩახედვისას, რაღაც ძალა შეიპყრობდათ და ისინი წინასწარმეტყველებდნენ.

აპოლონ ბელვედერელი (ძვ.წ. 120-140)

დელფო არ ყოფილა უბრალოდ სამისნო. მას შემდეგ, პელოპონესში დორიელები დამკვიდრდნენ და ღვთისმსახურება მათივე პრივილეგიით წარიმართა, საუკუნეების განმავლობაში აქ წყდებოდა ყველა უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი, ომისა და მშვიდობის ამბები. აქ იღებდნენ ელჩებს და ეყრებოდა საფუძველი ზნეობას, იურიდიულ ნორმებს, ოლიმპიურ თამაშობათა წესებს, ბერძენთა კოლონიზაციას უცხო, შორეულ მხარეებში. დელფოს აპოლონს არაერთხელ გაუმარჯვია მტერზე: ძვ.წ. 480 წელს სპარსელები გააცამტვერეს, ძვ.წ. 279 წელს რაღაც სასწაულით დაამარცხეს გალთა მრისხანე სარდალი ბრენუსი, რომელმაც მაშინ თვით რომი დაანგრია.

როცა დელფოს საგანძურებს ქსერქსეს (სპარსი მეფე, რომელიც ირანს ძვ.წ. 486-465 წლებში მართავდა) ურდო მიუახლოვდა, ხალხი გაიხიზნა, განძის გაზიდვა კი ორაკულმა ხალხს არ ურჩია: ღმერთი თავად იზრუნებს თავისი სახლის გადარჩენაზეო. მართლაც, მძარცველთა ურდოს მეხი დაეცა. პარნასს ორი მწვერვალი მოემსხვრა და მტერს თავზე დაემხო. სპარსთა ჯარი გარბოდა, ხალხი ხოცავდა ბარბაროსებს, ზღვაზეც გაიმარჯვეს.

იყო შემთხვევები, როცა მომსვლელი თავხედურ შეკითხვას აძლევდა მისანს და საკადრის პასუხსაც იღებდა. აქაიის პატარა ქალაქის, ეგიუმის მკვიდრნი, რომელთაც საზღვაო ბრძოლაში დიდი ხომალდი ჩაიგდეს ხელთ, იმდენად გათამამდნენ, რომ სამისნოს ეწვივნენ და დასვეს კითხვა, თუ ვინ სჯობდა მათ მთელ საბერძნეთში. პითიამ მიუგო: "ნიადაგით პელაზგური არგოსია სახელგანთქმული, ცხენებით - თრაკია, ქალებით სპარტა, მამაკაცებით არეთუზა. ამათზე კიდევ უფრო მეტად სახელგანთქმულნი არიან თირინსა და არკადიას შორის მკვიდრნი, ფარებითა და ჯოგებით მდიდარნი. თქვენ კი ეგიელნო, არც მეოთხენი ხართ, არც მეთოთხმეტენი, საერთოდ, სათვალავში არ ხართ".

ასეთ პასუხებს, ცხადია, არ ჭირდება არც ზებუნებრივი ძალა და წინასწარმეტყველების უნარი, მაგრამ არის ისეთი მისნობებიც, რომელთა მიხედვით უნდა დაასკვნათ, რომ ან პითია ფლობდა პარანორმალურ უნარებს, ანდა დელფოელი ქურუმებისთვის ხელმისაწვდომი იყო საიდუმლო ინფორმაციის წყარო, რომელიც უცნობი იყო კითხვის დამსმელისთვის. ამ მხრივ ყველაზე მეტად განთქმულია და ამოუცნობი პითიას პასუხი ლიდიის მეფის კროისოსის (კრეზი) შეკითხვაზე, რასაც მოგვითხრობს "ისტორიის მამა" ჰეროდოტე: "კროისოსმა გადაწყვიტა, გამოეცადა რამდენიმე სამისნო საბერძნეთში, ერთიც – ლიბიაში. მან დესპანები გაგზავნა, რომელთაც უნდა გადაეთვალათ დღეები მათ მიერ სარდისიდან გამგზავრების შემდეგ და მეასე დღეს შეკითხვა დაესვათ სამისნოსთვის, თუ რას აკეთებდა იმ წუთში კროისოსი. წერილობითი პასუხი უნდა წამოეღოთ და მეფისთვის ეჩვენებინათ. არც ერთი სამისნოს პასუხი არ იყო საგულისხმო, გარდა პითიისა. ლიდიელები შევიდნენ თუ არა ტაძარში, შეკითხვის დასმამდე ალაპარაკდა პითია:

"სუნი მცემს, ვხედავ, ხარშავენ

კუსა და ბატკანს წყალში,

და ბრინჯაოს ქვაბს ახურავს

ბრინჯაოსავე ხუფი".

როდესაც დესპანები წავიდნენ, მეფე დაჯდა და დაიწყო ფიქრი, რა იქნებოდა ყველაზე მეტად შეუძლებელი და ყველასთვის წარმოუდგენელი. დათქმულ დღეს მან აუღო კუ და ბატკანი, დაკეპა თავისი ხელით და მოხარშა ბრინჯაოს ქვაბში, რომელსაც ბრინჯაოსავე ხუფი დაახურა. რით უნდა ავხსნათ ეს?

როგორც ცნობილია, არ არსებობდა ბერძენი ერი, რომელიც ერთი მპყრობლის ხელში იქნებოდა გაერთიანებული. იყო დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებიც ხშირად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. მათ ენა და კულტურა აერთიანებდათ. სხვადასხვა ბერძნული პოლისის წარმომადგენლები დელფოში უიარაღოდ მოდიოდნენ და ერთიანდებოდნენ მემორიალების, ქანდაკებების შექმნასა და დადგმაში. კლდის ძირას, პატარა შემოღობილ ადგილას, აპოლონის ტაძრისკენ მიმავალი გზის გასწვრივ თავმოყრილი იყო ბერძნული გენიის მიღწევები: მარმარილოსა და ბრინჯაოს ქანდაკებები, ფერწერა, რომელიც ასახავდა სცენებს "ილიადიდან" და "ოდისეადან". ერთ დროს აქ თურმე 3 ათასამდე ქანდაკება ყოფილა, ახ.წ. II საუკუნეშიც კი, როცა მწერალმა და გეოგრაფმა პავსანიუსმა დელფო მოინახულა, აქ უამრავი ქანდაკება და ფრესკა იყო შემორჩენილი.

დელფოს ორაკული (ძვ.წ. 330)

დელფოსთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი ამბავია საბერძნეთ-სპარსეთის ომი. ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში საბერძნეთის პოლისებს თავს დაატყდა უდიდესი განსაცდელი. სპარსეთის მეფის უზარმაზარი არმია შემოესია ელადას. ჰეროდოტე, რომლის "ისტორია" ბერძენ-სპარსელთა ომების შესწავლის მთავარი წყაროა, გვამცნობს, რომ ქსერქსეს არმიაში წარმოდგენილი იყო ყველა დაპყრობილი ხალხი. აქ იყვნენ დასახელებული ძველი ტომებიც, რომლებიც ერთგვაროვანი შეიარაღებით გამოდიოდნენ. ჰეროდოტე გვიყვება, რომ ათენელები დელფოში მისულან, რათა ელადის ბედი გაეგოთ. მისანმა პასუხი დამაიმედებელი იყო:

"ათენეს ლოცვას გადმოხედა წყალობით ზევსმან, თქვენ და თქვენს ძეთა ხის კედლები კვლავ დაგიცავენ". მაგრამ რას ნიშნავდა "ხის კედლები"? თემისტოკლესთვის (დიდი ათენელი პოლიტიკური მოღვაწე, ძვ.წ. 493/2წელს არქონტად აირჩიეს) არ იყო ეს პასუხი ორაზროვანი და თქვა, რომ აუცილებლად ხომალდებით უნდა შებმოდნენ მტერს. ხის კედლები სწორედ ამას ნიშნავდა. მართლაც ძვ.წ. 480 წელს ბერძნებმა უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. სპარსელებმა შუა საბერძნეთამდე შეაღწიეს და ათენიც აიღეს, მაგრამ თემისტოკლემ მოახერხა მოსახლეობისა და ფლოტის გადარჩენა. საზღვაო ბრძოლამ კი საბედისწერო როლი შეასრულა სპარსელთა დამარცხებაში. ვიწრო სრუტეში დიდი ზომის ფინიკიური გემები ვერ ახერხებდნენ მანევრირებას და ერთმანეთს აზიანებდნენ, ხოლო ბერძნული ტრიერები საოცარი სისწრაფით სჯობნიდნენ მოწინააღმდეგეს.

მართლაც, სწორედ თემისტოკლე იყო ის ადამიანი, რომელმაც გამბედაობა გამოიჩინა და ათენელებს უთხრა, რომ მათთვის აუცილებელი იყო ზღვაზე გამაგრება. თუ ათენს დამარცხება არ სურდა, იგი ძლიერ საზღვაო სახელმწიფოდ უნდა ქცეულიყო. თუმცა მის ამ წინადადებას დიდი წინააღმდეგობაც შეხვდა. ამიტომაც იბადება კითხვა: იქნებ თემისტოკლემ მოქრთამა დელფოს ქურუმები სასურველი პასუხის მისაღებად? ყოველ შემთხვევაში, ამაზე მინიშნებაც კი არ აქვს ჰეროდოტეს და ქრთამს არ ახსენებს.

ლუციუს იუნიუს ბრუტუსი გახლდათ ძველი რომის უკანასკნელი მეფის, ტარკვინიუს ამაყის (მეფობდა ძვ.წ. 534-509) ნათესავი, რომელიც დელფოში გაჰყვა ტარკვინიუსის შვილებს წინასწარმეტყველების შესატყობად, თუ ვინ გახდებოდა რომის მომავალი მეფე. პითიამ მიუგო: "რომში ძალაუფლება გადავიდოდა მასზე, ვინც პირველი ეამბორებოდა დედას". ტარკვინიუსის ვაჟებმა ეს პირდაპირ გაიგეს. მხოლოდ ბრუტუსი მიხვდა, რომ "დედაში" ორაკული გულისხმობდა იტალიის მიწას - ყველას საერთო დედას. ჩავიდა თუ არა სამშობლოში, მან მიწას აკოცა. მალევე ტარკვინიუს ამაყი რომიდან გააგდეს, ხოლო პირველ კონსულებად ლუციუს იუნიუს ბრუტუსი და ლუციუს ტარკვინიუს კოლატინი აირჩიეს.

როცა ფილიპე მაკედონელმა საბერძნეთი დაიპყრო, დელფოს სამისნო ჯერაც ინარჩუნებდა ავტორიტეტსა და რეპუტაციას. ალექსანდრე მაკედონელმა ძღვენიც გაუგზავნა მას. მართალია, საბერძნეთს მაკედონიური დინასტია მართავდა, მაგრამ ელადის კულტურა და ცივილიზაცია განაგრძობდა არსებობას. შემდეგ მოვიდნენ რომაელები, თუმცა არა იმდენად ცივილიზებულნი, როგორც მაკედონელები. ორატორი ციცერონი სიჭაბუკეში სწვევია დელფოს და უკითხავს პითიასთვის: "ვით მოვიხვეჭო კიდევ მეტი სახელი?" რაზედაც მიუღია ბრძნული პასუხი: "შენივე ბუნება გყავდეს მეგზურად ცხოვრებაში და არა უმრავლესობის აზრი".

მითი და ისტორია ერთნაირი მონდომებით იცავდა დელფოს სიწმინდეს, მაგრამ იმპერიამ იმძლავრა. ჯერ კონსტანტინე დიდმა გაძარცვა, შემდეგ თეოდოსიოს I-მა დაანგრია ახ.წ. 390 წელს და სამისნო დაიხურა, წარმართული ღვთისმსახურება აიკრძალა. დელფო ნანგრევებად იქცა. დამპყრობელმა მანქანამ - რომის იმპერიამ ვერ გაიგო და ვერ სცა პატივი იმ გენიალურ ქმნილებებს, ძეგლებს, შემოქმედ ერს, რომლის მითოლოგიით, ხელოვნებით, ლიტერატურით იკვებებოდა თვით რომი და შემდეგ ევროპაც. ამ უმადურობის მაჩვენებელი ძეგლია სწორედ საბერძნეთის უდიდესი სამისნოს დელფოს ტაძრის ნანგრევების გროვა.

ნინო ნარმანია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატი ჟურნალი "ისტორიანი" #103