"ამერიკა წყეული ქვეყანაა! მე საბჭოთა რუსეთში უნდა გადავსახლდე!" - ვინ იყო ლი ჰარვი ოსვალდი
"ამერიკა წყეული ქვეყანაა! მე საბჭოთა რუსეთში უნდა გადავსახლდე!" - ვინ იყო ლი ჰარვი ოსვალდი
ფოტო:ლი ჰარვი ოსვალდი
ლი ჰარვი ოსვალდი, კაცი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი მოკლა, - ასეთია უორენის კომისიის დასკვნა.

ვინ იყო ოსვალდი? მარტოხელა, გაბოროტებული მკვლელი, თუ პაიკი სპეცსამსახურების ხელში?

ოსვალდის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ბელორუსიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი სტანისლავ უშკევიჩი (ოსვალდს მინსკში ყოფნისას მას რუსულ ენას ასწავლიდა), სუკ-ის ოფიცერი ნოსენკო, სუკ-ის თანამშრომელი ტიტოვეცი, ოსვალდის მეუღლე მარინა. საინტერესოა აგრეთვე ამერიკული საგამომძიებლო ორგანოების მიერ მოპოვებული მასალები, ასევე თავად ოსვალდის ჩანაწერები.

ახალგაზრდა
მარქსისტი

ლი ჰარვი ოსვალდი (1939-1963) ახალ ორლეანში 18 ოქტომბერს დაიბადა. მამა დაბადებამდე გარდაიცვალა და დედას ოსვალდისა და მისი ორი ძმის გაზრდა ძალიან გაუჭირდა. ლი ორი წლის იყო, როცა დე
დამ ბიჭები დროებით ბავშვთა სახლში მიაბარა, რადგან მათ სარჩენ ფულს ვერ შოულობდა. შემდგომ კი შვილები შინ დააბრუნა და მარტომ აღზარდა. უმამობამ ლის ხასიათს მძიმე კვალი დააჩნია.

თანამედროვეთა ცნობით, ოსვალდი ნერვიული და გულჩათხრობილი ბავშვი იყო. საშუალოდ სწავლობდა, თანაკლასელებთან სისტემატური კონფლიქტები ჰქონდა. უბრალო ოხუნჯობასაც ვერ იტანდა და მუშტი-კრივზე გადადიოდა. ჩხუბისას კი წონასწორობას კარგავდა. ერთ თანაკლასელს თავში სკამი ჩაარტყა, მეორე კინაღამ დაახრჩო. ამის გამო ოსვალდი რამდენჯერმე სკოლიდან გარიცხეს. თანაკლასელებთან კონფლიქტების გამო ლი აბსოლუტურად მარტო დარჩა. ყმაწვილიც წიგნებს მიეძალა. გადაიკითხა ლენინის, სტალინის, მაოს, მარქსის, ენგელსის შრომები. თხუთმეტი წლისა უკვე დაჯერებული მარქსისტი იყო.

- ამერიკა წყეული ქვეყანაა! მე საბჭოთა რუსეთში უნდა გადავსახლდე! - ამბობდა იგი.

ლიმ, არც მეტი, არც ნაკლები, 12 სკოლა გამოიცვალა. სიმწიფის ატესტატი ვერ აიღო, სწავლა მიატოვა და ჯარში წავიდა.
პრომარქსისტულ შეხედულებების მიუხედავად, ოსვალდი ელიტარულ სამხედრო-საზღვაო ნაწილებში განამწესეს. ლის იქაც არაერთი კონფლიქტი შეემთხვა, არაერთგზის მოხვდა ჰაუპტვახტში. ერთხელ კინაღამ ტრიბუნალსაც გადასცეს - ლი ხმამაღლა აცხადებდა, რომ თუ რუსეთთან ომი დაიწყება, მათ მხარეს გადავიდოდა. ამის გამო სერჟანტთან კონფლიქტი მოუვიდა, რაც მუშტი-კრივში გადაიზარდა. ოსვალდს ტრიბუნალი ემუქრებოდა, რასაც სასწაულით გადაურჩა.

დემობილიზაციის შემდეგ ოსვალდმა თავისი ოცნების ქვეყანაში, ანუ რუსეთში, გამგზავრებისთვის მზადება დაიწყო.

ნიკიტა ხრუშჩოვი

გიჟია თუ რა?!

სსრკ-ში გამგზავრებისთვის ოსვალდმა რამდენიმე უნივერსიტეტში ყალბი განცხადება გაგზავნა, რათა სტუდენტური ვიზა მიეღო და მოახერხა კიდეც. მოსკოვში ჩასულმა ოსვალდმა გიდს უთხრა, აქ დარჩენა და სწავლა მსურსო. გიდმა თავდაპირველად ეს ხუმრობად აღიქვა. ოსვალდი გაბრაზდა:

- თქვენ რა, არ გესმით? რუსეთში დარჩენა და სწავლა მსურს!
- სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს განცხადებით მიმართეთ, - ცივად მიუგო გიდმა.
ოსვალდი ასეც მოიქცა. მის განცხადებას უარით უპასუხეს.
ლიმ ვენები გადაიჭრა. მისი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკრეს თავი...
სუკ-ის უფროსმა ალექსანდრ შელეპინმა ნიკიტა ხრუშჩოვს მოახსენა, რომ სსრკ-ში ჩამოვიდა ვინმე ლი ჰარვი ოსვალდი, ყოფილი საზღვაო ქვეითი. მას რუსეთში დარჩენა სურს.
- როგორ, ამერიკიდან რუსეთში გამოიქცა? - შეეკითხა გაოცებული ხრუშჩოვი.
- დიახ, ნიკიტა სერგეევიჩ! ოსვალდი ამბობს, რომ მარქსისტია და ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებულია.
- გიჟია თუ რა! - ხრუშჩოვმა დამცინავად გაიღიმა.
- ნორმალურს არ ჰგავს, მაგრამ არც კლინიკური გიჟი უნდა იყოს.
- იქნებ ჯაშუშია?
- შესაძლოა.
- იმედია, სუკ-ი გაარკვევს, ვინ არის ეს ოსვალდი და სსრკ-ში რატომ ჩამოვიდა, - დაუფარავი გაღიზიანებით წარმოთქვა ხრუშჩოვმა, - ორ დღეს გაძლევთ, გასაგებია?!

აღიარება

ოსვალდს პირადად საბჭოთა კონტრდაზვერვის მაშინდელი შეფი, გენერალი ოლეგ გრიბანოვი ესაუბრა. ამ საუბარმა გენერალს ბევრი ვერაფერი მისცა, ამიტომ თავის უშუალო ხელქვეით იური ნოსენკოს უთხრა, რომ ამ ოსვალდით უშუალოდ ხრუშჩოვია დაინტერესებული, ამიტომ მიხედე და ყველაფერი გაარკვიეო.

- დღეს საღამოს მაგიდაზე ამომწურავი პატაკი უნდა მედოს, გასაგებია?
- დიახ, ამხანაგო გენერალო! - გაიჯგიმა ნოსენკო.
ოსვალდის დაკითხვა უშუალოდ ნოსენკოს დაევალა, რომელმაც თავისი საქმე ჩინებულად იცოდა. მას ოსვალდი არ უწამებია, ხმისთვისაც არ აუწევია. მისი ბრძანებით ლის ნემსი გაუკეთეს, რის შედეგადაც ნებისყოფა მთლიანად მოუდუნდა. ამის შემდეგ ნოსენკო მის დაკითხვას შეუდგა.

- ამერიკის დაზვერვამ როდის გადაგიბირათ?
- ჯარში სამსახურის დროს, - ოსვალდმა ამოიოხრა.
- ეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო იყო? - ნოსენკომ ოდნავ წინ წამოიწია.
- არა, სამხედრო კონტრდაზვერვა.
- რა დავალება მიიღეთ მათგან?
- ჯარისკაცებისათვის თვალყური უნდა მედევნებინა, გამერკვია, ვინ ვისთან ამხანაგობს, რა აინტერესებს და ა.შ.
- როგორ მოხდა, რომ თქვენ, მარქსისტი, კონტრდაზვერვის აგენტი გახდით?
- სხვაგვარად ტრიბუნალი მელოდა.
- რუსეთში ვინ შემოგაგზავნათ?
- ამერიკის სამხედრო დაზვერვამ. დემობილიზაციის შემდეგ ჩემთან კონტაქტზე გამოვიდნენ და სსრკ-ში გამგზავრება შემომთავაზეს.
- რა დავალება მიიღეთ მათგან?
- უნდა მიმეღწია იმისთვის, რომ საბჭოთა მოქალაქეობა მიმეღო, დავრჩენილიყავი მოსკოვში და აქაური უნივერსიტეტის სტუდენტი გავმხდარიყავი.
- სულ ესაა?
- მითხრეს, შენთან კონტაქტზე თავად გამოვალთო.
ნოსენკოს ბრძანებით ოსვალდი კამერაში წაიყვანეს. ლიმ ტკბილი ძილით დაიძინა. ეს იმ წამლის გავლენით მოხდა, რომელიც ჩეკისტებმა შეუშხაპუნეს.

ამერიკელი საზღვაო ქვეითი ლი ჰარვი ოსვალდი

ოსვალდი მინსკში მიემგზავრება

გრიბანოვმა საუბარი დაამთავრა. შელეპინი ჩუმად იჯდა. სახე ჩაფიქრებული ჰქონდა.

- მაშ, ოსვალდი ჯაშუშია? - იკითხა შელეპინმა, - როგორ მოვიქცეთ?
- ამერიკელებმა რაღაც ჩაიფიქრეს, - ყრუდ მიუგო გრიბანოვმა, - რა? აი, ეს არის გასარკვევი.
- ოსვალდის გონებრივი პოტენციალი საშუალოზე დაბალია, - შელეპინმა პაუზა გააკეთა, - ამას გარდა, ფსიქიკურად არამდგრადია. ასეთებს მხოლოდ ბინძური საქმეებისთვის იყენებენ.
- არ მგონია, ოსვალდისთვის ტერაქტი დაევალებინათ, - გრიბანოვმა ამოიოხრა, - ცხადია, ამერიკელი ჩვენი უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. როგორც კი რამის ჩადენას დააპირებს, მაშინვე ქეჩოში ხელს ვტაცებთ.
- მაშ, რაშია საქმე?
- ეს შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ.
- მართლა? - შელეპინმა გაიცინა, - მსურს თქვენი ვარაუდი მოვისმინო.
- ამერიკელებმა კარგად იციან, რომ ოსვალდს სსრკ-ის ტერიტორიაზე არავითარი ტერაქტის განხორციელების საშუალებას არ მისცემენ. ამიტომ ასეთი რამ არ ექნებათ ჩაფიქრებული. არსებობს ერთადერთი ვარიანტი: ოსვალდის ჩვენ მიერ გადაბირება და სპეცდავალებით ამერიკაში დაბრუნება.
- მერე ეს რას მისცემთ?
- როგორც ჩანს, ოსვალდის მეშვეობით ვიღაცას სურს, ჩვენთან კავშირის არალეგალური არხი იქონიოს. რატომ? შესაძლოა ეს იყოს დეზინფორმაცია ან სხვა რამ. ყველაფერი მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როცა ოსვალდს აშშ-ში დავაბრუნებთ.
- ანუ ამერიკელებთან ხანგრძლივი თამაში დაიწყება, - შელეპინი ჩაფიქრდა, - მზად არის საამისოდ ოსვალდი?
- არ ვიცი.
- რაო?
- ადამიანი რომ შეიცნო, ორი საშუალება არსებობს. პირველი - ჩააგდო ექსტრემალურ ვითარებაში; მეორე - ხანგრძლივად დააკვირდე და შენი დასკვნა გამოიტანო.

შელეპინმა არაფერი უპასუხა. ექსტრემალურ ვითარებაში ჩაგდება ზონაში გაგზავნას ნიშნავდა. იქ ადამიანი მართლაც ხელის გულზეა. მეორე ვარიანტი ოსვალდის რომელიმე დაწესებულებაში მოწყობაა. იქ გულდასმით დააკვირდებიან, მის ძლიერ და სუსტ მხარეებსაც დაადგენენ.

- კეთილი, - შელეპინი წამოდგა, - გმადლობთ, ამხანაგო გენერალო!
...ოსვალდის ბედი ნიკიტა ხრუშჩოვმა გადაწყვიტა. მან კატეგორიული უარი განაცხადა ამერიკელის მოსკოვში დარჩენაზე, ან რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვაზე.
- აკი ამბობს, მარქსისტი ვარო. მარქსიზმი მუშების იდეოლოგიაა. ჰოდა, რომელიმე ქარხანაში მოვაწყოთ, - ხრუშჩოვი ახარხარდა.
- მოსკოვის რომელიმე ქარხანაში გავამწესოთ? - ჩუმად შეეკითხა შელეპინი.
- მოსკოვში? მეტი საქმე არ მაქვს, ეს ფსიქოპატი დედაქალაქში დავტოვო! სადმე პროვინციაში გაგზავნე, მაგალითად, მინსკში!
მალე ოსვალდი მინსკში გაემგზავრა და მუშაობა იქაურ რადიოქარხანაში დაიწყო.

ლი ჰარვი და მარინა მინსკში (1950-იანი წწ.)

აგენტების მჭიდრო ალყაში

ოსვალდს კალინინის ქუჩაზე პრესტიჟულ სახლში კეთილმოწყობილი ბინა მისცეს და ავეჯიც გამოუყვეს. რადიოქარხანაში დიდად არ ტვირთავდნენ, თუმცა მისი ხელფასი ჩვეულებრივი საბჭოთა მუშისას ბევრად აღემატებოდა და 700 მანეთს შეადგენდა.

ქალაქში ჩასვლის პირველი დღეებიდანვე ოსვალდი უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. მას გულდასმით აკვირდებოდა ქარხნის მთავარი ინჟინერი სტანისლავ შუშკევიჩი, რომელიც ოსვალდს რუსულ ენას ასწავლიდა.

ამერიკელს ვინმე ტიტოვეცი დაუმეგობრდა. იგი სუკ-ის აგენტი იყო, ოსვალდი რესტორნებში დაჰყავდა და მისთვის ქალებსაც არჩევდა. ეს უკანასკნელნიც, რასაკვირველია, სუკ-ის აგენტები იყვნენ. ოსვალდს არც ერთი მათგანი არ შეყვარებია. ქალებმაც თავის მხრივ ოსვალდზე სუკ-ს ამომწურავი მოხსენება წარუდგინეს.

- ოსვალდი სუკ-ის უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, - წერს შუშკევიჩი.

ძმისადმი გაგზავნილ წერილში ოსვალდი წერს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა კარგია, მაგრამ მოწყენილობისგან სული სძვრება.

- ფული მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რაში დავხარჯო! სსრკ-ში არც ღამის კლუბებია, არც ბარები, არც სხვა გასართობი ადგილები! მოწყენილობისგან ლამისაა გავგიჟდე.
ტიტოვეცთან ერთად ოსვალდი რესტორნებში დადიოდა. სწორედ აქ გაიცნო ვინმე მარინა პრუსაკოვა და შეუყვარდა. მალე ისინი დაქორწინდნენ.

- მარინა, რასაკვირველია, სუკ-ის აგენტი იყო, - ამბობს ნოსენკო.
მარინა პრუსაკოვა 1941 წელს სევეროდვინსკში დაიბადა. 1957-ში მინსკში ბიძასთან გადასახლდა. დაამთავრა ფარმაცევტული ფაკულტეტი, სტუდენტობის დროს კი სუკ-ის ინფორმატორი გახდა. გოგონა ჭკვიანი, ალღოიანი, ფიზიკურად გამძლე და, რაც მთავარია, საოცრად ნებისყოფიანი, მიზანსწრაფული იყო. სუკ-მაც ის ოსვალდს მიუჩინა.
- რუსი გოგონები დებილები და პრიმიტიულები არიან. მარინა მათგან განსხვავდება. ის საოცარი არსებაა, - წერდა ოსვალდი ძმას.
მალე წყვილს გოგონა შეეძინა.

ტანისლავ შუშკევიჩი და ზბიგნევ ბჟეზინსკი.

უკან, ამერიკაში!

იური ნოსენკო ოსვალდს ყურადღებით აკვირდებოდა. მალე მან გრიბანოვს მოახსენა, რომ ლი საშუალოზე დაბალი ინტელექტისაა, გამოირჩევა არამდგრადი ფსიქიკით, ასეთებს კი გრანდიოზული იდეები იტაცებთ. მათ არ შეუძლიათ მუშაობა, გამოირჩევიან ფეთქებადი ბუნებით. ამავე დროს, მარინამ ოსვალდი მთლიანად დაიმორჩილა. ლი მას თვალებში შესციცინებდა და ყველა სურვილს უსრულებდა.

- ანუ გინდა მითხრა, რომ მარინა მასზე ძლიერია? - გაიცინა გრიბანოვმა.
- დიახ, ამხანაგო გენერალო.
- მარინამ რომ უბრძანოს, წადი და ფეხმძიმე ქალი გამოფატრეო, გამოფატრავს?
- ოსვალდს ხელი არ აუკანკალდება! მარინას სურვილი მისთვის კანონია.
- ეს განსაზღვრულ დრომდეა ასე.
- არ მგონია. მათ ჰყავთ შვილი, ეს არსებითი ფაქტორია.
- მაშ, ოსვალდი აშშ-ში არ დავაბრუნოთ?

ხანგრძლივი ჭოჭმანის შემდეგ სუკ-მა გადაწყვიტა, ოსვალდი აშშ-ში დაებრუნებინა. თუ ლი სსრკ-ში დარჩებოდა, ჩათვლიდა, რომ აღარავის სჭირდება. ამ შემთხვევაში ლის ნებისმიერი საშინელების ჩადენა შეეძლო. თუ მას დასჯიდნენ, დასავლეთში ხმაური ატყდებოდა, სუკ-ი ამერიკელ საზღვაო ქვეითს გაუსწორდაო. თუ აშშ-ში ოსვალდი რაიმე ოინს იზამდა, დიდი-დიდი ოპერაცია ჩაშლილიყო. ვერც საბჭოთა სახელმწიფოს, ვერც სუკ-ს ვერავინ დაადანაშაულებდა.
- ამერიკელები თავად იქნებიან დაინტერესებული, რომ სკანდალი არ მოხდეს! აჟიოტაჟის შემთხვევაში გაიშიფრება, ვის სურს მოსკოვთან კავშირის არალეგალური არხი.
ამან გაჭრა. გადაწყდა ოსვალდის სამშობლოში დაბრუნება.

ფსიქოპათი კონტროლიდან გამოდის

1962 წლის გაზაფხულზე ოსვალდი აშშ-ის საელჩოში მივიდა და განაცხადა, შინ დაბრუნება მსურსო. 1962 წლის მაისში ოსვალდმა და მისმა ცოლმა აშშ-ში ემიგრაციისთვის აუცილებელი ყველა საბუთი მიიღეს. ლი მარინასთან და შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.

ცოლ-ქმარი ოსვალდები რუსი ემიგრანტების წრეში ტრიალებდნენ. მათი უახლოესი მეგობარი გახდა ვინმე ჯორჯ დე მორენშილდტი, გეოლოგი-მენავთობე და რუსი ემიგრანტი. მორენშილდტს კავშირი ჰქონდა მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურთან, მათ შორის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (გფბ), აგრეთვე საბჭოთა სუკ-თან. ასევე ორმაგი აგენტი იყო ოსვალდების კიდევ ერთი მეგობარი, ვინმე რუთ პეინიც. მორელშილდტის მსგავსად, ისიც დაკავშირებული იყო როგორც გფბ-სთან, ასევე სუკთანაც.

მარინა ოსვალდი და ოსვალდების შვილი ჯუნი

ამრიგად, გენერალ გრიბანოვის პროგნოზი გამართლდა. ცოლ-ქმრის გარშემო თავი მოიყარეს ორმაგმა, შესაძლოა სამმაგმა აგენტებმა. დიდი თამაში დაიწყო.

ამ დროს მოხდა ის, რისაც გრიბანოვს ყველაზე მეტად ეშინოდა. ლი ჰარვი ოსვალდი კონტროლიდან გამოვიდა.
მარინას მეუღლის შეჩერება სულ უფრო უჭირდა. ლი მთელ ამერიკაში მოგზაურობდა. ხან დალასში იყო, ხან ნიუ-ორლეანში. მარინას შენიშვნაზე აგრესიულად რეაგირებდა. ერთხელ ოსვალდმა ცოლს ისე გაარტყა, რომ ქალი წაიქცა და ცხვირიდან სისხლი წასკდა. მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. საქმეს ვერც იმან უშველა, რომ მარინას მეორე გოგონა გაუჩნდა. მარინას ყველა მცდელობას, დაებრუნებინა რეალურ სამყაროში, ლის მეტად აგრესიული რეაქცია მოსდევდა. ცოლს ხშირად სცემდა. მოსკოვში მიხვდნენ, რომ ლი არ გამოდგებოდა იმ დიდი თამაშისთვის, რომელიც დაიწყო.

- მარინა და ოსვალდი ერთხანს დაშორდნენ. გაყრა ოფიციალურად არ გაუფორმებიათ, უბრალოდ, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, - წერს ამერიკელი მწერალი, ბიოგრაფი და ისტორიკოსი უილიამ მანჩესტერი.

ოსვალდი ცოლს დროდადრო მოინახულებდა ხოლმე. გოგონებს რუსულად მიესალმებოდა, საჩუქარს მოუტანდა. მარინას თავის განცდებზე ესაუბრებოდა. ცოლს განუცხადა, რომ საბჭოთა კავშირზე გული აუცრუვდა, ხოლო ჭეშმარიტად სოციალისტური სახელმწიფო კუბაა, რომელსაც სათავეში ფიდელ კასტრო უდგას.

ლი ჰარვი ოსვალდი შაშხანით ნილ სტრიტზე, დალასში (1963 წლის მარტი)

- კუბელებს ხომ არ შეეკარი? - შეეკითხა მარინა.
- მინდა შევეკრა, - მიუგო ოსვალდმა.
ქალმა ეს ინფორმაცია უმალ მოსკოვს აცნობა. სუკ-მა მარინას შინ დაბრუნება უბრძანა. მარინა ფეხს ითრევდა. ამერიკა საკუთარი თვალით იხილა და რუსეთში დაბრუნება არ სურდა.
- სად უნდა დავბრუნდე? რატომ? აკი ოფიციალურად ამერიკელის ცოლი ვარ და აქ ცხოვრების უფლება მაქვს!
მოსკოვს მარინამ აცნობა, რომ მზად არის დაბრუნდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ შეუძლია, რადგან ბავშვი ავად ჰყავს. ქალს უბრალოდ დრო გაჰყავდა. ვერც იმას ბედავდა, რომ გფბ-ში გამოცხადებულიყო და ყველაფერი ეთქვა, ვერც რუსეთში დაბრუნებას. ოსვალდი კი სულ უფრო უმართავი ხდებოდა...

(დასასრული იქნება)

ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი" #103
მკითხველის კომენტარი (7)
ია
07 თებერვალი 2021 21:54
საწყალ ბიჭს აერია გზა ცხოვრებაში.
კახა
24 იანვარი 2021 18:53
რამდენი შერლოკ ჰოლმსი გვყოლია...
ვინმეს გეცოდინებათ სადაა თამარ მეფე დაჯრძალული...
S.K.K.
30 დეკემბერი 2020 23:52
სტატია არ წამიკითხავს, ისედაც ბევრი ვიცი, ეს ბიჭი გაწირეს იმიტომ რომ კენედის მკვლელობისთვის ხელები ვინმეზე ხომ უნდა შეეხოცათ, !!!!!!!
datiko48
29 დეკემბერი 2020 16:36
კენედი მოკლა ალენ დალასმა მაშინდელმა ცრუ-ს უფროსმა,რადგან კენედის უნდოდა შეეწყვიტა ამერიკას ომი ვიეტნამში,ხოლო ოსვალდი გამოიყენეს "მკვლელად"!!!
კახა
28 დეკემბერი 2020 23:22
კენედები მოკლა ამერიკის ხელისუფლებამ და მაფიამ რომელთაც ერთმანეთთან ქონდათ მრავალწლიანი სამიანი კავშირები და მათ ამოქექეს საქმეები,დღეს ყველამ იცის ამერიკაში რომ ოსვალდის გარდა კენედის ესროლა განგსტერ ჯონ როსელიმ რომელიც ჭაში იმალებოდა ზუსტად ამით აიხსნება ერთი ტყვიის სხვა ტრაექტორია..ცოტა ხანში კასრში იპოვეს მკვდარი ეს როსელი
buba
23 დეკემბერი 2020 17:58
რა კარგი სტატიაა...
ss
18 დეკემბერი 2020 19:21
ოსვალდი ამერიკელებმა გამოიყენეს, როცა კენედი მოკლეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები