ჰერკულესის კოშკი მსოფლიოს უძველესი შუქურა - კვირის პალიტრა

ჰერკულესის კოშკი მსოფლიოს უძველესი შუქურა

ჰერკულესის კოშკი დღესაც მოქმედი შუქურაა ესპანურ გალისიაში, ქალაქ ლა-კორუნიასთან. რომაულ ეპოქაში აგებული კოშკი წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე ძველ მოქმედ შუქურას და იმავდროულად, მსოფლიოს ერთადერთ მოქმედ ძველრომაულ შუქურასაც. 2009 წლიდან ჰერკულესის კოშკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.

ლა-კორუნიას ემბლემად ქცეული 55 მეტრიანი ნაგებობა დღეს სიმაღლით მეოთხეა ესპანეთის შუქურებს შორის. ატლანტის ოკეანის კლდოვანი ნაპირის სიმაღლე, რომელზეც ის დგას ბეტანსოსის ყურეში, 57 მეტრია. რომამდე პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთი მხარე კელტების ბრიგანტიის სამეფოს ეკუთვნოდა, ქალაქი ბრიგანტია კი ბრიტანეთის კუნძულებთან ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში რომაული შუქურა სწორედ "ბრიგანტიის კოშკის" სახელით იყო ცნობილი.

რომმა "დედამიწის კიდედ" წოდებული გალისია I საუკუნეში დაიპყრო. ის შედიოდა რომის სამი ესპანური პროვინციიდან ყველაზე დიდში - "ტარაკონის" ესპანეთში. რთული ნავიგაციის გამო რომაელებმა გალისიას "სიკვდილის ნაპირი" შეარქვეს და ოკეანის სანაპიროზე რამდენიმე შუქურა ააგეს.

გარემოს დამცველთა აქცია კოშკის ზედა ნაწილში

ყველაზე მაღალი შუქურა II საუკუნის დასაწყისში, იმპერატორ ტრაიანეს ზეობისას (ახ.წ. 98-117) ააგო არქიტექტორმა გაიუს სერვიუს ლუპუსმა. შუქურის საძირკვლის ქვაზე წარწერა მოწმობს, რომ შენობა მარსის პატივსაცემად აიგო. 407 წელს რომმა გალისია დატოვა. ამ ეპოქის რომაელი ისტორიკოსი, წარმოშობით ესპანელი პაულუს ოროზიუსი წერდა: "გალისიის ქალაქ ბრიგანტიასთან სხვა ძეგლებს შორის გამოირჩევა ძალიან მაღალი შუქურა, რომელიც ბრიტანეთის მხარეს იყურება".

შუა საუკუნეებში ბეტანსოსის ყურეში ზღვაოსნობა გაართულა მარბიელი არაბების, საქსებისა და ვიკინგების გამოჩენამ. ზღვა კი წყალმარჩხი გახდა (გეოლოგიური ე.წ. სედიმენტაციის პროცესების გამო) და 1208 წელს მთავარი ნავსადგური იმდროინდელ ქალაქ კრუნიაში გადაიტანეს.

"ჰერკულესის კოშკის" მითი კი XIII საუკუნეში შექმნა უშუალოდ კასტილიის მეფე ალფონსო X-მ. თავის "ქრონიკაში" მან აღწერა ჰერკულესის "მეათე გმირობა", რომლის დროსაც, ალფონსოს თანახმად, ჰერკულესმა გალისიაში სამდღიან უწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა გოლიათი გერიონი, რის აღსანიშნავადაც მაღალი კოშკი ააგო. ამ ლეგენდას ესპანეთში საუკუნეების განმავლობაში იქამდე უწევდნენ პროპაგანდას, სანამ ხალხმაც შუქურას "ჰერკულესის კოშკი" არ შეარქვა. XVII საუკუნეში ესპანეთის ომებმა ინგლისსა და ფლანდრიასთან იმდენად შეამცირა სავაჭრო ზღვაოსნობა, რომ შუქურა მიატოვეს.

დახვეული კიბე ნაგებობის შიგნით

1682 წელს დაიწყეს ყოველი აქ ჩავლილი ხომალდიდან "შუქურის გადასახადის" აკრეფა, რითაც ააგეს შიდა ხის კიბე, ხოლო შუქურა შეაკეთეს. 1791 წელს კი მეფე კარლოს IV-ის ბრძანებით ჩატარდა კაპიტალური რეკონსტრუქცია.

კვადრატული ფორმის 3-სართულიან რომაულ კოშკს, რომელიც რომაელების მიერ ესპანეთის ტერიტორიაზე აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობაა (I და II სართულების სიმაღლე 9,6-9,6 მეტრი, III სართულისა კი 14,35 მეტრი), რეკონსტრუქციისას დაემატა 21 მეტრი სიმაღლისა და რვაკუთხედის ფორმის ორი სართული. შიდა ხის კიბე შეიცვალა ქვის კიბით. თავდაპირველად არსებული გარეთა წრიული კიბე კი მოიხსნა. 1994-1995 წლებში "ჰერკულესის კოშკის" გათხრებისას იპოვეს ძველრომაული ნაგებობებისა და გალავნის ნანგრევები.

history.com-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი".#118