ლუნმენის "ქვაბები" - კვირის პალიტრა

ლუნმენის "ქვაბები"

ლუნმენის V-XII საუკუნეების ქვაბული ტაძრების კომპლექსში ბუდა შაკიამუნისა და მისი მოწაფეების ათობით ათასი ქანდაკებაა. როგორც ჩინური ბუდიზმის საუკეთესო ნიმუში, 2000 წლიდან ლუნმენის მღვიმეები შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ოთხ ეტაპად, 493-1127 წლებში სხვადასხვა დინასტიის ზეობისას შექმნილი ლუნმენი ერთ-ერთია ჩინეთის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მღვიმოვანი სატაძრო კომპლექსიდან (მოგაოსა და იუნგანთან ერთად). კირქვაში დიდი ხელოვნებით ნაკვეთი კომპლექსი მდებარეობს ხენანის პროვინციის ქალაქ ლოიანიდან 12 კილომეტრით სამხრეთით. ლოიანი დიდხანს - 13 სხვადასხვა დინასტიის ზეობის პერიოდში ინარჩუნებდა სიმბოლური დედაქალაქის მნიშვნელობას.

ლუნმენის კომპლექსი განლაგებულია მდინარე ლოს შენაკად იის ორივე ნაპირზე ე.წ. დრაკონის ბორცვების - სიანშანისა და ლუნმენშანის კლდოვან ფერდობებზე. ამიტომ ლუნმენს "დრაკონის კარიბჭის მღვიმეებსაც" უწოდებენ. გამოქვაბულები ხეობის გასწვრივ ერთ კილომეტრზე გრძელდება. მათი უმეტესი ნაწილი დასავლეთ ნაპირზეა, აღმოსავლეთი ნაპირის მღვიმეები კი მრავალრიცხოვან ბერთა საცხოვრისს წარმოადგენდა.

ლუნმენის გამოქვაბულები

აქაურ ხელოვნების ძეგლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია - 1400-მდე მღვიმეში 100 ათასი რელიგიური ხასიათის ქანდაკება, 60-მეტი პაგოდა, 2500 სტელა და წარწერაა. გამოსახულებათა დიდი ნაწილი ჯერ იხატებოდა და შემდეგ იკვეთებოდა რელიეფურად ქვაში. ასეულობით მღვიმეში, რომელთა შორის სამია მთავარი - ბინიანი (500-523 წწ.), გუიანი (495-575) და ფინსიანი (627-675), - სხვადასხვა სიმაღლის ბუდების, ასევე ბერების, ციური მოცეკვავე ქალებისა და საზეიმო მსვლელობათა ქანდაკებებია. ზოგი ქანდაკების სიმაღლე სულ 25 სანტიმეტრია, ხოლო უდიდესი ბუდას სიმაღლე 17 მეტრს აღწევს.

ლუნმენის ისტორია დაიწყო 493 წელს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ვეის დინასტიის იმპერატორმა სიაოვენმა დედაქალაქი ლოიანში გადმოიტანა. გამოქვაბულების გამოკვეთის პირველ ეტაპზე (493-534 წწ.) კომპლექსის 30% შეიქმნა. მეორე ეტაპზე (524-618), სუის დინასტიის ზეობისას, სამუშაოები დუნედ მიმდინარეობდა, ხოლო მესამე ეტაპი (618-907) ანუ ტანის დინასტიის პერიოდი ცნობილია, როგორც ჩინური ბუდიზმის აყვავების ხანა. ამ დროს დასრულდა ლუნმენის კომპლექსის სამუშაოთა 60%, ხოლო 10% სხვა პერიოდებს განეკუთვნება. მეოთხე ეტაპი (907-1127 წწ.) საბოლოოდ ძინისა და იუანის დინასტიების შეტაკებით დასრულდა.

პირველი მღვიმე-ტაძარი დასავლეთის ბორცვის ცენტრალურ ნაწილში იმპერატორმა სიაოვენმა შექმნა, მისმა ვაჟმა იმპერატორმა სიუანუმ მომდევნო სამი მღვიმე-ტაძრიდან ორი მამას, ერთი დედას მიუძღვნა. სწორედ ეს ტაძრებია გაერთიანებული ბინიანის მღვიმეში, რომლის გამოკვეთას 24 წელიწადი დასჭირდა. ქანდაკებათა უმრავლესობა 626-755 წლებში, ტანის დინასტიის ზეობისას შეიქმნა. მრავალი ძეგლი დაიდგა ღია სივრცეებშიც, მათ შორის, საზეიმო და ფავორიტებისადმი მიძღვნილი, განსაკუთრებით, ვერაგობით ცნობილი დედოფალ-იმპერატორის, ვუ ზეტიანის (690-605) ზეობის პერიოდში.

უნმენის V-XII საუკუნეების მღვიმე-ტაძრების კომპლექსში ათობით ათასი ქანდაკებაა.

1368 წლის შემდეგ, მინისა და ცინის დინასტიების პერიოდში, ლუნმენის მღვიმეები ჩინეთისა და აღმოსავლეთის ბუდისტთა მოლოცვისა და თაყვანისცემის ობიექტი გახდა.

ომების დროსაც ლუნმენი დავის საგანი ხდებოდა. მაგალითად, იაპონიასთან საომარი შეტაკებისას აქედან გატანილი ქანდაკებების ნაწილი დღესაც იაპონიის მუზეუმებში ინახება, ხოლო აქაური არტეფაქტები ლამის მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული.

რამაზ გურგენიძე ჟურნალი "ისტორიანი".#118