როგორ გადაურჩა 30-იანი წლების რეპრესიებს დიდი ივანე ჯავახიშვილი - კვირის პალიტრა

როგორ გადაურჩა 30-იანი წლების რეპრესიებს დიდი ივანე ჯავახიშვილი

ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)

სამშობლოში დაბრუნებულმა პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტმა ივანე ჯავახიშვილმა (1876-1940), თავის თანამოაზრე მეცნიერებთან ერთად უდიდესი მოსამზადებელი სამუშაოები გასწია და 1918 წლის 26 იანვარს, თბილისში ქართული უნივერსიტეტი დააფუძნა.

"ცოდნის ტაძრად" მონათლული უნივერსიტეტი იქცა როგორც ქართველი ახალგაზრდობის უმაღლესი განათლების, ასევე, ეროვნული თვითშეგნების კერად, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული მისია შეასრულა.

ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკანასკნელი ოცწლეული ივანე ჯავახიშვილმა გაატარა საბჭოთა რეჟიმის პირობებში, რომელმაც უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა ქართველი ერი და მისი ეროვნული ინტერესები.

დიდ მეცნიერს შეეძლო, თავის თანამემამულეთა ნაწილის მსგავსად, ემიგრაციაში გახიზნულიყო, მაგრამ მან დარჩენა ამჯობინა. ივანე ჯავახიშვილმა ეს მოწამებრივი გზა ღირსეულად გაიარა, რის გამოც მას სამართლიანად უწოდებენ "ქართველი ერის სინდისს".

1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობამ დედაქალაქი დატოვა და ჯერ დასავლეთისკენ დაიძრა, ხოლო შემდეგ ემიგრაციაში გადაიხვეწა. მათ წასვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილსაც შესთავაზეს.

ნათელა ივანეს ასული ჯავახიშვილი კალთაში უზის პაპიდას, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს, რომელმაც მრავალი ნათესავი შეიფარა თავის "ნოეს კიდობანში"

ნათელა ივანეს ასულ ჯავახიშვილის (1908-1983) მემუარებში ვკითხულობთ: "მთავრობა იხიზნება. ყოველ წუთს მოდის ცნობა ხან ერთი, ხან მეორე ნაცნობი ოჯახის საზღვარგარეთ წასვლის შესახებ. მამა უნივერსიტეტს არ შორდება...

თებერვალია, ბარდნის, თოვლი ედება თბილისს... გათენებისას სადარბაზო კარზე დაჟინებული კაკუნი ისმის. მამა გადის და მალე უკანვე ბრუნდება, დედას მეორე ოთახში გაიძახებს. ცოტა ხნის შემდეგ ორივენი უკან ბრუნდებიან. ყრუდ ისმის მანქანის დაძვრის ხმა. თურმე მამას სთავაზობდნენ საზღვარგარეთ წასვლას. მამა წუთითაც არ შეყოყმანებულა უარზე".

რასაკვირველია, ივანე ჯავახიშვილი გრძნობდა, რომ იძულებით გასაბჭოებულ სამშობლოში ცხოვრება კარგს არაფერს უქადდა. მისთვის პიროვნულად უმჯობესი იქნებოდა, რომ მოღვაწეობა მშვიდად განეგრძო ევროპის რომელიმე სახელგანთქმულ უნივერსიტეტში, მაგრამ მან ვერ შეძლო თავისი ძალისხმევით დაფუძნებული უნივერსიტეტის მიტოვება და სამშობლოში დარჩა.

ის უმძიმესი დღეები ასეა აღწერილი ივანე ჯავახიშვილის ასულის მოგონებებში: "ქალაქში დაბნეულობაა. ათას ზღაპრულ ხმას ავრცელებენ. ყველა არამზადა ცდილობს ამ დაბნეულობით ისარგებლოს. ერთ დილას მამასთან სახლში მოდიან პროფესორები შალვა ნუცუბიძე და კორნელი კეკელიძე, ძალიან აღელვებულები და აცნობებენ, რომ... არშაკ ბაბოვი მოითხოვს უნივერსიტეტის გასაღებს. კარგად მახსოვს, როგორ აღშფოთდა მამაჩემი და კატეგორიულად უთხრა:

- არავითარ შემთხვევაში! რა შუაშია ბაბოვი, რა ხელი აქვს უნივერსიტეტთან. მე მოვალე ვარ, წარვსდგე ახალი ხელისუფლების წინაშე.

და მართლაც, როდესაც ახალი ხელისუფლება დამყარდა, მამა დილიდან უნივერსიტეტში იყო".

აქვე განვმარტავთ, რომ ინჟინერ-მექანიკოსი არშაკ სარქისის ძე ბაბოვი (1864-1937) გახლდათ პარტია დაშნაკცუთიუნის წევრი, ტფილისის სათათბიროს ხმოსანი, ქალაქისთავ ალექსანდრე ხატისოვის მოადგილე (1917 წლამდე) და თბილისის სარკინიგზო ტექნიკურ სასწავლებელში მოქმედი სახელოსნოების მფლობელი, ხოლო გასაბჭოების შემდეგ ინდუსტრიული ინსტიტუტის პროფესორად მსახურობდა. როგორც ზემოხსენებული ცნობიდან ირკვევა, მან სცადა, ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით და ხელთ ეგდო შენობა ყველაზე ქართული დაწესებულებისა, რაც რექტორ ივანე ჯავახიშვილის შეუვალობის გამო, არ გამოუვიდა.

იმავე პერიოდიდან ივანე ჯავახიშვილი ოჯახითურთ გადასახლდა თავისი მეუღლის, ანასტასია ნიკოლოზის ასულ ჯამბაკურ-ორბელიანის მამიდის სახლში, რომელიც ამჟამინდელ ივანე ჯავახიშვილის (ყოფილი კალინინის) ქუჩაზე მდებარეობს. მისმა მფლობელმა მარიამ ვახტანგის ასულმა ჯამბაკურ-ორბელიანმა, რომელიც უშვილო გახლდათ, გარდა თავისი ძმისწულის ქმარ-შვილისა, შეიფარა სხვა ნათესავებიც, მათ შორის კიტა აბაშიძის ოჯახი, რის გამოც, ისინი ამ სახლს "ნოეს კიდობანს" უწოდებდნენ.

ნათელა ჯავახიშვილის ცნობით, მამამისი და მისი უმცროსი ძმა, ანთროპოლოგი, პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი (1877-1956), "სასადილო მაგიდას ერთი თავში, ხოლო მეორე ბოლოში მიუსხდებოდნენ... საერთო ხმაურში, ბავშვებისა და უფროსების ლაპარაკსა და სიარულის დროს იქმნებოდა მამაჩემის სამეცნიერო შრომები... ჭამის დროს უნდა აეკრიფათ თავიანთი ნაწერი ფურცლები, წიგნები და... შემდეგ კვლავ გაეშალათ. სასადილოში გამოდიოდა პაპიდაჩემის, ბებიაჩემის, მამიდის და ჩვენი ოთახის კარები. ამავე 18-მეტრიან ოთახში ეძინა ბიძაჩემსაც. დილით ყველანი იქ ვიყრიდით თავს. ბავშვები (ჩემი შვილები) აუცილებლად უნდა აძრომოდნენ პაპას კალთაში, მიფერებოდნენ... მამას სხვადასხვა საკითხებით ოჯახის წევრები აწუხებდნენ და მამა ამაზე თავაზიანობით და უბრალოდ, აუღელვებლად უპასუხებდა".

1924 წელს საქართველოში მომხდარ ანტისაბჭოთა სახალხო აჯანყებასა და ბოლშევიკური რეჟიმის რეპრესიებს ემსხვერპლა ივანე ჯავახიშვილის არაერთი ნათესავი, რამაც მეცნიერს უდიდესი სულიერი ტკივილი მიაყენა.

ნათელა ჯავახიშვილი იხსენებდა: "ჩემი უფროსი დეიდაშვილი გია აბაშიძე, ფედერალისტი ახალგაზრდობის პარტიის ლიდერი დახვრიტეს - 25 წლის შესანიშნავი, ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე... კისისხევში მოკლეს მამაჩემის ბიძა... დახვრიტეს მაკრინე თარხნიშვილ-წერეთლის ორი შვილი, რომლებიც მამის, როსტომ წერეთლის სანახავად იყვნენ წასული ჭიათურაში... ადვილად წარმოსადგენია, როგორი მძიმე განცდები უნდა ჰქონოდა მამაჩემს ამ საშინელ სიტუაციაში".

სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობა საგანგებოდ ააგეს მომავალი ქართული უნივერსიტეტისთვის

ივანე ჯავახიშვილის ზემოხსენებული ბიძა (დედის ძმა) გახლდათ საიმპერიო არმიის პოლკოვნიკი ნიკოლოზ ვახვახიშვილი, რომელიც მსახურობდა ჯერ დაღესტნის მმართველად, ხოლო შემდეგ გორის მაზრის უფროსად.

იმავე აჯანყებისას დაატუსაღეს ივანე ჯავახიშვილიც, რომელმაც საპატიმროში ორი დღე გაატარა... ამას დაერთო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ლამისყანასა და ატენში მდებარე სახლების დარბევაც.

ნათელა ჯავახიშვილი იგონებდა: "ზაფხულობით ჩვენ და აბაშიძეები... ლამისყანაში დავდიოდით... 1923 წელს ლამისყანის სასახლე ჩამოართვეს პაპიდას და სახლი, რომელიც ნამდვილ მუზეუმს წარმოადგენდა, ადგილობრივმა (გორის) ხელისუფლებამ სრულიად გაძარცვა და გაანადგურა".

მიუხედავად ასეთი განსაცდელისა, დიდმა მეცნიერმა მაინც მოახერხა სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზება და მის მიერ წამოწყებული უდიდესი სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობის თავდადებით გაგრძელება, რაც აუცილებელი იყო მისი თაოსნობით დაფუძნებული ქართული უნივერსიტეტის გადასარჩენად.

თავისი დაბადების 50 წლისთავს ივანე ჯავახიშვილი შეხვდა დევნა-შევიწროების პირობებში, რომელსაც საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება დირიჟორობდა.

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაწერილ მისასალმებელ წერილში ქართველ მწერალთა წინამძღოლი კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი (1875-1927) - მამა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ლეგენდარული მარო მაყაშვილისა, აცხადებდა, რომ ივანე ჯავახიშვილი "მარტო მეცნიერი როდია. იგი იმავ დროს, ღირსეული მოქალაქეა. მას განუსაზღვრელად უყვარს თავისი ერი, სწამს მისი მომავალი და ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ დაუშრეტელი პოტენციაა, რომ საჭიროა რაიმე მძლავრი იმპულსი იმისთვის, რომ ეს პოტენცია დიდ, რეალურ მიღწევად გადაიქცეს.

ივანე ჯავახიშვილის ნიჭს, ყოველ წამოწყებას ზურგს უმაგრებს, ჯავშნად ეფარება ის გამკვეთრებული ნებისყოფა, რომელიც ქართველმა გამოიმუშავა არსებობისთვის ბრძოლის პროცესში, რომელმაც დღემდე მოიტანა საქართველო, და რომელზედაც დამსხვრეულა ისტორიულ პერტურბაციათა არაერთი ტალღა.

დაიბადა ქართული უნივერსიტეტი და ზღაპრული გმირივით იზრდება იგი. უნივერსიტეტს და მის პროფესურას იცნობს მთელი განათლებული ქვეყანა. ახლა ფიქრადაც არავის მოუვა რაიმე ეჭვი შეიტანოს მის ბრწყინვალე მომავალში! მედგრად და წარმატებით მიაქვს მას იერიშები მეცნიერების საკომანდო მაღლობების დასაპყრობად.

ივანე ჯავახიშვილი ამ უნივერსიტეტის რექტორია. ჩუმი, ურეკლამო, თავაზიანი, კეთილი, იმავ დროს ქედმოუხრელი, პირდაპირი...

ადამიანი, რომელსაც შეუძლიან მთელის თავისი არსებით ჩაღრმავება წარსულის რომელიმე ეპოქის შესწავლა-შეთვისებაში, ამ ეპოქის მესაიდუმლედ ხდება. წარსულსა და აწმყოს შორის იგი მედიუმის როლს ასრულებს. ამგვარ მედიუმად მიმაჩნია ივანე ჯავახიშვილიც. ხშირად მგონია, თითქოს მისი თვალებით საქართველოს წარსულ საუკუნეთა კულტურული მწვერვალნი გიყურებენო და იმავე დროს, გრძნობთ, რომ ეს თვალები იხედებიან მომავალშიც და იქ ხედავენ ახალ, დიად პერსპექტივებს (ხაზგასმა აქაც და შემდეგშიც ჩვენია. - ნ. ჯ.).

დრომ შეავერცხლა ივანეს თმა, ბედმა ბევრი რამ დააკლო მას ფიზიკურად, მაგრამ მისი ენერგია დღემდე ვერ გაუტეხნია, ვერ დაუძაბუნებია მისი იშვიათი გული და დინჯი გონება.

დღეგრძელობა და პატივისცემა ღირსეულ ქართველ მეცნიერსა და მოქალაქეს!"

ქართველ მწერალთა წინამძღოლი კოტე მაყაშვილი

ნახევარ საუკუნეს მიტანებულ ივანე ჯავახიშვილს რექტორის თანამდებობა დაატოვებინეს. ამან ვერაფერი დააკლო მის ავტორიტეტს, რასაც ხელისუფლებაც ხედავდა.

1928 წლის 5 აპრილს, საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივნის, ლევან ღოღობერიძისადმი წარდგენილ მოხსენებაში მთავარი პოლიტიკური სამმართველოს უფროსი ლავრენტი ბერია მიუთითებდა: "მიუხედავად ყველა წმენდისა და შეზღუდვებისა, მაინც სტუდენტობის შემადგენლობის კარგა ნახევარი ჩვენი არაა... ყველაზე დიდი გავლენით ძველებურად სარგებლობენ შოვინისტურ-ანტისაბჭოურად განწყობილი პროფესორები. პროფესორი ივანე ჯავახიშვილი გაღმერთებულია. იგი სტუდენტობისთვის ნამდვილი კერპი გახლავთ. დამახასიათებელია, რომ საზეიმო სხდომის დროს, რომელიც მიეძღვნა სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ათი წლისთავს, სტუდენტობამ საკმაოდ ცივად მიიღო ამხანაგები ფილიპე მახარაძე, თედო ღლონტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მაგრამ საკმარისი იყო ვიღაცას დაეყენებინა წინადადება პრეზიდიუმში ივანე ჯავახიშვილის (იგი ამ დროს იქ არ ყოფილა) არჩევისა, რომ დარბაზი პირდაპირი აზრით ახმაურდა ხანგრძლივი, შეუწყვეტელი ტაშისკვრითა და მისასალმებელი წამოძახილებით. ამან ძალზე შეაცბუნა ამხანაგი ფილიპე. სწორედ მაშინ, ბოლოს და ბოლოს, მას შეეძლო ნამდვილად დარწმუნებულიყო, თუ ვის მხარესაა სტუდენტობის მასის სიმპათიები და ვისი იდეოლოგია ატყვევებს მას. ამგვარ სტუდენტობასთან კვლავაც დიდი ჯახირი მოგვიწევს და ვინ იცის, რას უნდა ელოდო მისგან ქვეყანაში რაიმე სერიოზული გართულების შემთხვევაში".

სამწუხაროდ, ივანე ჯავახიშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ობიექტი ყოვლად ამაზრზენი დევნისა იმ სტუდენტთა მხრიდანაც, რომლებიც ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ.

1935 წელს თბილისის უნივერსიტეტში მომხდარ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას გულისტკივილით იგონებდა ფიზიკოსი ვახტანგ პარკაძე: "ლექცია გაგვიცდა. მეორე სართულის მოაჯირებზე ნახევრად ჩამომსხდარნი ვსაუბრობდით. ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებიც იყვნენ. როცა ვკითხეთ, აქ უსაქმოდ რადა ხართო, გვიპასუხეს: "ახლა, ჩვენთან ლექციას კითხულობს პროფესორი ივანე ჯავახიშვილი. აუდიტორიაში ორი მთვრალი სტუდენტია და ვერაფრით ვერ გამოვიყვანეთ. ისინი აუცილებლად ჩაშლიან ლექციას. ჩვენ არ გვინდა ამის მოწმენი გავხდეთ". ამ ამბავმა ჩვენზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. გამოსვლის ზარი ჯერ არ იყო დარეკილი. ივანე ჯავახიშვილი დავინახეთ... სრულიად დამშვიდებული, ოდნავ ფერმკრთალი ჩანდა. მისი დანახვისთანავე, მოაჯირს ჩამოვეცალეთ და გავსწორდით. ეს არ გამოეპარა მას. ეტყობა, ესიამოვნა, ჩვენ წინ შეჩერდა და გვკითხა, რომელი ფაკულტეტის სტუდენტები ვიყავით. პასუხზე მადლობა გვითხრა და დაგვშორდა. ზარის დარეკვის შემდეგ შევიტყვეთ, რომ მთვრალებმა "თავისი საქმე" გააკეთეს, ჯავახიშვილი აიძულეს, აუდიტორია დაეტოვებინა".

სტუდენტთა ამ უზნეო ნაწილს თავხედობით არც მათი წამქეზებელნი ჩამორჩებოდნენ, რაც ივანე ჯავახიშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობიდანაც ჩანს.

1936 წლის 12 აპრილს ივანე ჯავახიშვილი გამოჩენილ მეცნიერ ვარლამ დონდუას წერდა: "უკანასკნელ დროს კვლავ განახლდა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. რექტორმა კარლო ორაგველიძემ 3-საათიანი მოხსენება წაიკითხა უნივერსიტეტში, რომელშიც ყველა ჩემი ნაშრომის უვარგისობის დამტკიცებას ლამობდა იმის გამო, რომ მარქსისტული არ არის, რაც არავისთვის ახალ აღმოჩენას არ წარმოადგენდა. ამას მოჰყვა "კამათი" ოთხი დღის განმავლობაში, რომლის დროსაც ბევრი შხამი პრორექტორმა გრიგოლ ჯანელიძემაც წამოანთხია... და ზოგმა ჩემ ყოფილ მოწაფეთაგანმაც თავი ისახელა. ამბობდნენ, რომ ეს ვითომც ჩვეულებრივი კამპანიის დასაწყისია და ყურადღება არ უნდა მიაქციოთო, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ამის შემდგომ უნივერსიტეტში დარჩენა აღარ შეიძლებოდა, რადგან ეს ჩემი თავმოყვარეობის სრულ შელახვას უდრიდა და ამიტომ განათლების კომისარს განცხადება გადავეცი. შევწყვიტე ჩემი ნაშრომების გამოქვეყნებაც და სულ სხვა სპეციალობის საკითხებზე უნდა დავიწყო მუშაობა".

1937 წლის 23 იანვარს ჯავახიშვილი ვარლამ დონდუას ატყობინებდა: "არ ვიცი, როგორ მოვიბოდიშო თავი, რომ ამდენ ხანს წერილი ვერ გაახელით და მადლობა ვერ მოგახსენეთ ჩემთვის შეძენილი წიგნებისთვის. ცუდად ვგრძნობ ძალიან თავს. ყოველდღე ძლიერი ტკივილი მაქვს მსხვილი ნაწლავის არეში. ხშირად, დღეში რამდენჯერმე, ფეხით სიარულისას, ასიოდე ნაბიჯის შემდგომ, როგორც ეტყობა წყლულის გაღიზიანების გამო, ამეშლება ხოლმე ძლიერი ტკივილი.

აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

ამ ფიზიკურს ტკივილს ზედ ზნეობრივიც დაერთო: ორაგველიძემ უნივერსიტეტის ორგანოში დაბეჭდა თავისი მოხსენება, რომელიც შარშან წაიკითხა ჩემს წინააღმდეგ. მე ის მაშინ არ მომისმენია და მისი შინაარსი მხოლოდ მონათხრობის სახით მქონდა გაგონილი. ეხლა საშუალება მქონდა, ჩემის თვალით წამეკითხა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ რომ ადამიანის უანგარო მოღვაწეობის ასე ურცხვად წაბილწვა შესაძლებელი იყო. ამ ვაჟბატონის მტკიცებით, თურმე ფეოდალური წესწყობილებისა და ჩაგრულთა მჩაგვრელთაგან ექსპლუატაციის გასამართლებლად დამიწერია ჩემი თხზულებები, საქართველოს საზღვრებზე რომ მაქვს მსჯელობა, ვითომც ვისიმე კარნახით და მეზობლების მძულვარებით ვხელმძღვანელობდე, ჩემს გამოკვლევებში სოციალური ბრძოლის შესახებ ვითომც მე არას ვამბობდე და საერთოდ კი საქართველოს ისტორიის ფალსიფიკატორის სახელწოდების ღირსიც გამხადა.

ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა გუნებაზე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც 39 წლის განმავლობაში სამეცნიერო მოღვაწეობის შემდგომ თავის ნამუშევრის ასეთ დახასიათებას წაიკითხავს, ამასთანავე, იმ დაწესებულების სათავეში მოქცეული პირისაგან, რომლის შექმნას მთელი თავისი ძალ-ღონე და ჯანმრთელობა შეალია!.. მაშინვე განცხადება შევიტანე, რომ უნივერსიტეტში ლექციების კითხვას მომავალ სემესტრში თავს ვანებებ... ჩუმად ჩემს გულში ვიკლავ ჩემი მოღვაწეობის ამ საზიზღარი გაწბილების მცდელობას!"

მიუხედავად ამისა, დიდი ივანე მორალურად მაინც ვერ გატეხეს. როგორც ნათელა ჯავახიშვილი აღნიშნავს, "მამას მეცნიერული შემოქმედების აღმავლობის წლები იყო... როდესაც იგი ჩამოშორდა ყოველგვარ სამეცნიერო დაწესებულებას".

ივანე ჯავახიშვილის უახლოეს მეგობართა რიცხვს განეკუთვნებოდნენ საბუნებისმეტყველო დარგების წარმომადგენლები ალექსანდრე დიდებულიძე და ანდრია ბენაშვილი. ისინი რეგულარულად აკითხავდნენ განსაცდელში ჩავარდნილ მეგობარს და მის მიმართ მაქსიმალურ თანადგომას იჩენდნენ.

თბილისის ობსერვატორიის დირექტორ ალექსანდრე დიდებულიძის მიწვევით, ივანე ჯავახიშვილი ცოლშვილითურთ ისვენებდა კარსანში, რომელიც მეცნიერს, გარდა შესანიშნავი ბუნებისა, არქეოლოგიური თვალსაზრისითაც აინტერესებდა.

ასტრონომ-გეოდეზისტი ანდრია ბენაშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში, ხოლო პირველ მსოფლიო ომში 105-ე ქვეით დივიზიას გენერლის წოდებით მეთაურობდა.

ვახტანგ პარკაძის ცნობით, ანდრია ბენაშვილი "ნიკოლოზ II-ის კარზე კარტოგრაფიულ განყოფილებას განაგებდა. დიდი პატრიოტი იყო. იმავდროულად, მწარე ანტისაბჭოური გამოსვლებიც ჰქონდა. მაგალითად, აუდიტორიაში შემოსვლის უმალ, დაფის დაგლეჯილ ტილოს აიღებდა და იტყოდა: "საბჭოთა ტილო". მერე ცარცად წოდებულ გაჯის ნატეხს აიღებდა და კვლავ გაიმეორებდა: "საბჭოთა ცარცი"...

უნივერსიტეტიდან გაძევებული და მორალურად უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებული ივანე ჯავახიშვილის რეაბილიტაცია მხოლოდ მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოხერხდა. ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სამმა ფაქტორმა:

იოსებ სტალინი და მისი პირველი მეუღლე ეკატერინე სვანიძე

1) ივანე ჯავახიშვილთან პირადი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდა გავლენიან პარტიულ და სახელმწიფო მოღვაწეს, ალექსანდრე/ალიოშა სვანიძეს (1886-1941). იენის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ეს ღრმად განსწავლული პიროვნება სხვადასხვა დროს მსახურობდა: საქართველოს სსრ განათლების, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სახალხო კომისრად, სსრ კავშირის სავაჭრო წარმომადგენლად გერმანიაში, საგარეო ვაჭრობის ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ, საკავშირო სახელმწიფო ბანკის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილედ. გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომები ძველი აღმოსავლეთის ისტორიის შესახებ. რედაქტორობდა მის მიერვე დაარსებულ ჟურნალს "Вестник древней истории", რომლის პირველ ტომშიც ჟურნალის საპროგრამო წერილი დაბეჭდა.

ალექსანდრეს და, ეკატერინე/კატო სვანიძე (1885-1907) - სტალინის პირველი მეუღლე გახლდათ. ბელადად აღზევებული ყოფილი სიძე ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა თავის ყოფილ ცოლისძმასთან, რის გამოც ალექსანდრე სვანიძე დიდი გავლენით სარგებლობდა.

1935 წელს ალექსანდრე სვანიძე უსამართლოდ დაჩაგრულ დიდ მეცნიერს სწერდა: "დამაღონა იმ გარემოებამ, რომ თქვენი კალიბრის მოღვაწეს ისეთ უწმაწურ პირობებში უხდება მუშაობა, რომ მას წლობით საშუალება არა აქვს გამოაქვეყნოს ყველასთვის საინტერესო გამოკვლევები. შევეხვეწე, რაც შემეძლო მგალობლიშვილს, რომ ყურადღება მოგაქციონ თქვენ და გაგიადვილონ მუშაობა". გერმანე მგალობლიშვილი იმხანად თავმჯდომარეობდა საქართველოს სახკომსაბჭოს ანუ მთავრობას.

2) 30-იან წლების შუა ხანებამდე სსრ კავშირის უმაღლეს სასწავლებლებსა და საშუალო სკოლებში, ნაცვლად ისტორიისა, ასწავლიდნენ მდარე სოციოლოგიას, კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციებს, კლასთა ბრძოლასა და სხვა მსგავს საკითხებს. ამ გზით მოსახლეობის პატრიოტული აღზრდა (საბჭოური გაგებითაც) შეუძლებელი გახლდათ. ხსენებული პერიოდიდან, ხელისუფლების ძალისხმევით, ქვეყანაში შესამჩნევად გაუმჯობესდა ისტორიის სწავლება. სხვათა შორის, იგივე პროცესი უფრო ადრე დაიწყო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიასა და იტალიაში, სადაც ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტები და ფაშისტები მოვიდნენ.

1935 წელს გამართულ კომუნისტური ინტერნაციონალის VII კონგრესზე, ამავე ორგანიზაციის აღმასკომის გენერალურმა მდივანმა, ბულგარელ კომუნისტთა ლიდერმა გიორგი დიმიტროვმა განაცხადა: "კომუნისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყოველივე ეს არ შეეხება მუშათა კლასის საქმეს და რომლებიც არაფერს აკეთებენ, რათა ისტორიულად მართებული, ჭეშმარიტად მარქსისტული, ლენინურ-სტალინური გაგებით გაუშუქონ მშრომელ მასებს მათი საკუთარი ხალხის წარსული, რათა ახლანდელი თავიანთი ბრძოლა დაუკავშირონ ამ ხალხის რევოლუციურ ტრადიციებსა და წარსულს, ეს კომუნისტები ნებაყოფლობით უთმობენ ფაშისტ ფალსიფიკატორებს ხალხის მასების გასაბრიყვებლად ყველაფერს, რაც კი ძვირფასია ერის ისტორიულ წარსულში".

3) რუსული პოლიტიკური ემიგრაციის გავლენიანმა წარმომადგენლებმა პაველ მილიუკოვმა, ლევ ტროცკიმ და სხვებმა, რომლებსაც მიუხედავად ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციებისა, აერთიანებდათ შეურიგებლობა სტალინისადმი. მისი კრიტიკისას, როგორც პროფესორი გურამ ყორანაშვილი მიუთითებს, "არ დაივიწყეს ქართველი ერი, რომელმაც თითქოსდა თავისი ველურობით წარმოშვა ველური სტალინი.

ცხადია, ასეთი აზრი ბოგინობდა საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ერთ ნაწილშიც. ამიტომაც სტალინს რაიმე უნდა ეღონა ქართველი ერის რეაბილიტაციისთვის უცხოელთა და საბჭოთა კავშირის ხალხთა თვალში. მალე, სათანადო ძალისხმევის შედეგად, დიდი ზეიმით, საკავშირო მასშტაბით აღინიშნა "ვეფხისტყაოსნის" შექმნის 750 წლისთავი, ჩატარდა ქართული კულტურის დეკადა მოსკოვში, აღდგა ილია ჭავჭავაძის სახელი. რასაკვირველია, სათანადო ძვრები უნდა მომხდარიყო სტალინის დამოკიდებულებაში საქართველოს ისტორიის მიმართ...

ამგვარ სიტუაციაში... სტალინი დიდად დაინტერესდებოდა ივანე ჯავახიშვილის პიროვნებითა და შემოქმედებით (ზეპირი გადმოცემით, სტალინს თავის ბიბლიოთეკაში ჰქონია დიდი ისტორიკოსის ნაშრომები). ასევე ცხადი უნდა იყოს, რომ ალექსანდრე სვანიძე ივანე ჯავახიშვილს რეკომენდაციას გაუწევდა სტალინთან... ჯავახიშვილის ბედ-იღბლით დაინტერესებულა გერმანე მგალობლიშვილიც. ამის გამოისობით მოხდა, რომ 1937 წლის 29 მაისს ვარლამ დონდუასადმი ლენინგრადში გაგზავნილ წერილში ივანე ჯავახიშვილი წერდა: "წინა წერილის (გაიგზავნა იმავე წლის 6 მაისს. - გ.ყ.) შემდგომ, ჩემი მდგომარეობა და ჩემდამი დამოკიდებულება ძირიანად შეიცვალა". ამრიგად, ჩვენი მტკიცე შეხედულებით, ივანე ჯავახიშვილის ბედის სასიკეთოდ შემობრუნების საქმეში უნდა გვახსოვდეს ტრაღიკულად აღსრულებული ჩვენი თანამემამულის დამსახურება" (იხ. გურამ ყორანაშვილი, ივანე ჯავახიშვილი / ახლებურად წაკითხვის ცდა/, თბ. 1999, გვ. 140-142). ასე რომ, სწორედ ალექსანდრე სვანიძის კეთილი ნებით, რასაც დაერთო მისი ყოვლისშემძლე სიძის მხარდაჭერაც, საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგა ნაბიჯები დიდი მეცნიერის რეაბილიტაციისთვის.

1936 წლიდან ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ("ენიმკი") მუდმივ სწავლულ კონსულტანტად დანიშნულ ივანე ჯავახიშვილს ძველ ქართველ ისტორიკოსთა თხზულებების კრიტიკული გამოცემა დაავალეს. ამის პარალელურად, მისი ნაშრომების ინტენსიური პუბლიკაციაც დაიწყო.

1937 წელს ივანე ჯავახიშვილი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილების გამგედ დაინიშნა.

1938 წლის 15 ივნისს ივანე ჯავახიშვილი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. იმავე წელს იგი აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ხოლო შემდეგ - პრეზიდიუმის წევრადაც.

1939 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო ივანე ჯავახიშვილის საზოგადოებრივი და სამეცნიერო მოღვაწეობის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. იმავე წელს დიდი მეცნიერი აირჩიეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, რაც იმხანად უდიდეს აღიარებასა და დაფასებას ნიშნავდა.

საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ასე კარდინალურად შეცვლილ პოზიციას ახლო წარსულში მათ მიერვე დევნილი ივანე ჯავახიშვილის მიმართ ამგვარად ხსნის გურამ ყორანაშვილი: "აბსურდია წარმოვიდგინოთ, რომ ყოველივე ამის ინიციატორი გახლდათ ბერია, მას ხომ იმხანად ეს არ ხელეწიფებოდა. მთავარი ინიციატივა უნდა ვიგულისხმოთ, მოდიოდა სტალინისგან... მას გარკვეულად ახასიათებდა კუთხური (ქართლური) "პატრიოტული შეგნება". ისიც უნდა ითქვას (თქმულიდან გამომდინარე), რომ მის გარემოცვაში საკმაოდ იყვნენ საქართველოს აღნიშნული კუთხის წარმომადგენლები: ალექსანდრე და ვასილ ეგნატაშვილები, გიორგი ელისაბედაშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, პეტრე კაპანაძე, მიხეილ წინამძღვრიშვილი, რომლებიც შეეცდებოდნენ ივანე ჯავახიშვილის პიროვნებისა და დამსახურების წარმოჩენას".

 აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე

ალექსანდრე სვანიძის გამორჩეულ წვლილზე ივანე ჯავახიშვილის რეაბილიტაციაში, რაც იოსებ სტალინის ნებით, წარმატებით განხორციელდა, სხვა ქართველი მეცნიერებიც მიუთითებდნენ.

აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია, რომელიც ჭაბუკობიდან მეგობრობდა ალექსანდრე სვანიძესთან, აღნიშნავდა, რომ იგი "აქტიურად ჩაება სამეცნიერო მუშაობაში. გახლდათ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, სადაც წაიკითხა რამდენიმე მოხსენება "ვეფხისტყაოსნის" შესახებ და აღმოსავლეთმცოდნეობიდან... სვანიძის დიდი დამსახურებაა ისიც, რომ მისი ხელშეწყობით ივანე ჯავახიშვილს მოეხსნა საჩოთირო ბრალდებები და აღდგენილ იქნა თავის ღირსებებში".

პროფესორი სერგო ჯორბენაძე მიუთითებდა: "სიცოცხლის უკანასკნელ წლებში განუკითხავი შევიწროებისა და დევნის შეწყვეტას, მეტიც ითქმის, ერთგვარ "ფავორში" ყოფნას, ჩემი აზრით, სტალინის მიერ გამოჩენილი ინტერესი განსაზღვრავდა როგორც ჯავახიშვილის ნაშრომების, ასევე მისი პიროვნების მიმართაც".

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მოგვიანებით, რეპრესიებს შეეწირა თვით ალექსანდრე სვანიძე, რომელიც 1942 წელს დახვრიტეს.

სიცოცხლის ბოლო პერიოდი ივანე ჯავახიშვილმა შედარებით მშვიდ ვითარებაში გაატარა, თუმცა მანამდე გადატანილ მრავალწლიან სტრესს უკვალოდ არ ჩაუვლია. ამან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა დიდი მეცნიერის ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას და სიცოცხლე ნაადრევად მოუსწრაფა.

1940 წლის 18 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილი, ლექციის კითხვისას, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორმოციოდე დღის შემდეგ, 1941 წლის 5 იანვარს, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწემ, მწერალმა და პუბლიცისტმა შალვა ამირეჯიბმა (1887-1943) ბერლინში წაიკითხა მოხსენება, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის მიერ შესრულებულ გამორჩეულ მისიას ობიექტური შეფასება მისცა.

შალვა ამირეჯიბი წერდა: "ტფილისში გარდაიცვალა აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. მისი ცხოვრების ეტლი იყო იდეალურად სწორი და განუხრელი, რომელსაც თავისი საწუთრო განუვლია...

ცოდნა იმისი, თუ ვინ იყო იმ დიდი მისიის კაცი, რომელმაც ძველი ქართველი ერის გრძელი და მდიდარი ისტორიის შესწავლა განიზრახა, უკვე დაწერილი გამოიკვლია, ხოლო დაუწერელი დაასრულა და ეს მან ჩაიდინა ისეთი დედამიწური ენერგიით, უნივერსალური ცოდნით, უმაგალითო მეცნიერული სისპეტაკით და დიდი ეროვნული შთაგონებით, დღეს, ყველა ქართველისათვის წარმოადგენს გარდაუვალ სულიერ მოთხოვნილებას.

თუ როგორ გაატარა მან ოცი უკანასკნელი წელიწადი იმ გარემოებაში, რომელშიაც დღეს საქართველო იმყოფება, ესეც დიდი საკითხია.

მისი სახით საქართველოს მოუკვდა არა მარტო დიდი მეცნიერი, არამედ დიდი ზნეობრივი პიროვნებაც, თავისი დიდი ავტორიტეტი. ის იდგა ყველა თავის ქართველ თანამედროვეზედ მაღლა. თავისი პიროვნების მორალური ძალით მან აღამაღლა ქართველი ერის ზნეობრივი დონეც.

ქართული უნივერსიტეტი და ქართული მეცნიერება შეიქმნა და არსებობს იმიტომ, რომ საამისო ზნეობის ძალას ივანე ჯავახიშვილი აძლევდა.

აგრეთვე, ოცი წლის მონობის განმავლობაში ქართულმა მოქალაქეობამ და ეროვნულმა იდეამ თავი შეინახა იმიტომ, რომ საქართველო, მთელი ქართველი ერი, სულიერ კონტაქტში იმყოფებოდა ივანე ჯავახიშვილთან.

ის მოკვდა, მაგრამ საქართველო, თავის მიერ გაზრდილი, ოცი უკანასკნელი წლის განმავლობაში, კარგად დასტოვა. მას ყველა ქაღალდი და დოკუმენტი გამოუსწორა, მთელი მისი მდიდარი წარსულით კარგად გაამზითვა და მომავალი ცხოვრების გზაზედ დააყენა.

საქართველოს მოუკვდა თავისი დიდებული შვილი!".

აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე (1914-2000) აღნიშნავდა, რომ ივანე ჯავახიშვილი გახლდათ "განსაკუთრებული პატივისცემისა და სიყვარულის შარავანდედით მოსილი ადამიანი, რომელსაც ყველა შეჰყურებდა, როგორც მასწავლებელს, როგორც ჩვენი მეცნიერების პატრიარქს. როგორც მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, გააკეთა იმდენი, რამდენიც მთელ თაობას ეყოფოდა. რა თქმა უნდა, თავისი პიროვნული თვისებებითაც იგი განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენდა... მის ღვაწლს კი აღვწერთ და დავაფასებთ, მაგრამ მიახლოებითაც ვერ გადმოვცემთ მის მომაჯადოებელ ძალას, მის სულიერ სიმაღლესა და სილამაზეს. ივანე ჯავახიშვილის სიკვდილი მთელმა ქართულმა საზოგადოებამ განიცადა, როგორც ეროვნული უბედურება".

ამდენად, გასული საუკუნის 30-იან წლებში სსრ კავშირში გაჩაღებულ მასობრივ რეპრესიებს გადარჩენილმა ივანე ჯავახიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი სამი წელიწადი მშვიდ ვითარებაში გაატარა და საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა. ეს კი ქვეყნის იმდროინდელი უზენაესი მმართველის ნების გარეშე, სრულიად შეუძლებელი იქნებოდა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი".#118