სოხუმის საკათედრო ტაძარი - კვირის პალიტრა

სოხუმის საკათედრო ტაძარი

XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც აფხაზეთში რუსეთის მფლობელობა დამყარდა, ქრისტიანობა ამ მხარეში სავალალო დღეში იყო. აფხაზეთის სამთავროში არც ერთი ეკლესია არ მოქმედებდა. რუსეთის ხელისუფლება და აფხაზეთის მთავარი ამ მხარეში პოზიციების განმტკიცების მიზნით ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდნენ. რუსეთის ხელისუფლება დამპყრობლურ მიზნებსა და კოლონიურ პოლიტიკას ქრისტიანობის მფარველობით ნიღბავდა. ქრისტიანობის გავრცელება რუსეთის პოლიტიკური გავლენის გავრცელებასაც მოასწავებდა, ამიტომ იყო, რომ ცარიზმმა აფხაზეთის სამთავროში ქრისტიანობის აღორძინებას ყურადღება მიაქცია.

ქართველ მღვდელმსახურთა მისიონერული მოღვაწეობა აფხაზეთში

სოხუმში რუსების დამკვიდრების შემდეგ, რუსი სამხედროებისთვის ციხესიმაგრეში ეკლესია მოეწყო. 1817 წლიდან სოხუმის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი სოლომონ ნადიროვი (ნადარეიშვილი?), რომელიც ქრისტიანობას ქადაგებდა აფხაზებში და მრავალიც მონათლა. მის თბილ დამოკიდებულებას აფხაზებისადმი, დიდ გულმოდგინებას მათი გაქრისტიანების საქმეში აფხაზეთის ახალგაზრდა მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864) მაღალ შეფასებას აძლევდა. იმავე ხანებში სამეგრელოს სამთავრო სახლის კარის ეკლესიის დეკანოზმა იოანე იოსელიანმა საკუთარი სახსრებით აღადგინა სამთავრო სახლის კარის ეკლესია ლიხნში - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ღვთისმსახურება გამართა და მღვდლები გაამწესა, ამასთანავე, მრავალი აფხაზიც მონათლა, მათ შორის, აფხაზეთის მთავრის, გიორგი შარვაშიძის (1810-1821) ოჯახიც.

XIX საუკუნის 30-იან წლებში აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების შედარებით განმტკიცების შემდეგ, აქ ქართველ სასულიერო პირთა მისიონერული მოღვაწეობა გაიშალა. რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ სასურველი იყო, აფხაზეთში მისიონერული საქმიანობისთვის თავდაპირველად ქართველი სასულიერო პირები გამოეყენებინათ. საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (1832-1834) ცაგერის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (დადიანი) 1833 წლის 12 თებერვალს არქიმანდრიტად აკურთხა და აფხაზეთში მისიონერული საქმიანობის ხელმძღვანელობა მას დაავალა. მისიონერული მოღვაწეობის დადებითი შედეგები მალე აშკარა გახდა. არსებობს 1834-1836 წლებში მონათლულთა სიები, რომლებიც ქართულ ენაზეა შედგენილი და დამოწმებულია მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ან მისი დედის, თამარ დადიანის მიერ.

როდესაც ქართველი სამღვდელოების წარმატებები სამისიონერო საქმიანობაში აშკარა გახდა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არქიმანდრიტ ანტონის ამ საქმიდან ჩამოშორებას შეეცადნენ, რათა აფხაზეთის გარუსების საქმეში ხელი არ შეშლოდათ. კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი პავლე კოცებუ 1840 წლის მარტში საქართველოს ეგზარქოსს წერდა, რომ აფხაზეთში, "ამ ნახევრად ველურ მთიელთა შორის ჭეშმარიტი სარწმუნოების გასავრცელებლად" აუცილებელი იყო რუსი სასულიერო პირების დანიშვნა. მალე, 1843 წლის 14 თებერვალს, არქიმანდრიტი ანტონი (დადიანი) სამეგრელოს ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ქართველი არქიმანდრიტის რუსი მღვდლით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა დიდად იყო დამოკიდებული აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძის პოზიციაზე, შეინარჩუნებდა თუ არა ის სარწმუნოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ კავშირს ქართულ სამყაროსთან. მაშინ მიხეილ შარვაშიძემ მტკიცედ განაცხადა, რომ არქიმანდრიტ ანტონის წასვლის შემდეგ სურდა, მის ადგილას ყოფილიყო იღუმენი თეოფანე (გაბუნია), რომელიც არქიმანდრიტ ანტონთან ერთად ეწეოდა მისიონერულ საქმიანობას და კარგად იცნობდა ამ მხარეს. იმავდროულად მთავარს სურდა, მისი სამფლობელოს ეკლესია უშუალოდ სამეგრელოს ეპისკოპოს ანტონს დაქვემდებარებოდა.

მიხეილ შარვაშიძე

რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის მთავრის განაწყენებას მოერიდა და მისი სურვილი გაითვალისწინა. იღუმენი თეოფანე (გაბუნია) აფხაზეთში მისიონერულ საქმიანობას ჩაუდგა სათავეში, 1845 წელს კი იგი იღუმენმა გერმანემ (გოგელაშვილი) შეცვალა.

აფხაზეთის ეპარქიის შექმნა

40-იანი წლების ბოლოს რუსეთის ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აფხაზეთში ცალკე ეპარქიის დაარსება აუცილებელი იყო. მიხეილ შარვაშიძესაც ძალიან სურდა აფხაზეთში სამღვდელმთავრო კათედრის შექმნა. ამის თაობაზე მან საქართველოს ეგზარქოსს 1849 წელს მიმართა. რუსეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებითა და იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1851 წლის 30 აპრილის ბრძანებულებით, მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღორძინების მიზნით, შეიქმნა აფხაზეთის ეპარქია. 8 სექტემბერს თბილისში, სიონის ტაძარში, აფხაზეთის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა მიხეილ შარვაშიძის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე (გოგელაშვილი). 1857 წლის ოქტომბერში ეპისკოპოსი გერმანე იმერეთის კათედრაზე გადაიყვანეს, ხოლო აფხაზეთის ეპისკოპოსად გერონტი (პაპიტაშვილი) დანიშნეს.

1860 წლის 9 ივნისს "კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება" შეიქმნა. საზოგადოების საქმიანობაში დიდი ადგილი ეკავა მისიონერულ საქმიანობას. საზოგადოების დროშით, მისიონერებისა და მართლმადიდებელი სამღვდელოების მონაწილეობით, კავკასიაში მთიელთა აშკარა რუსიფიკაცია წარიმართა. საზოგადოებამ მუშაობა აფხაზეთშიც გაშალა, სადაც სწრაფი ტემპით წარიმართა ეკლესიების აღდგენა-მშენებლობა. 1861 წელს საზოგადოებამ სოფელ ათარაში პირველი ეკლესია ააგო. ამავე ხანებში, 1862-1864 წლებში, მიხეილ შარვაშიძემ მოქვის ტაძარი აღადგინა.

1862 წლის 4 მარტს აფხაზეთის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ალექსანდრე (ოქროპირიძე) იქნა ხელდასხმული. ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (1862-1869) შეძლო აფხაზეთში მართლმადიდებლობის პოზიციების შენარჩუნება და განმტკიცება. მისი მეცადინეობითა და ბიჭვინთის ოლქის უფროს დიმიტრი ჭავჭავაძის ძალისხმევით, მხოლოდ 1867 წელს 3 ათასამდე აფხაზი მოინათლა. ალექსანდრე ეპისკოპოსი აფხაზ ყმაწვილებს საკუთარი სახსრებით ზრდიდა და სასულიერო განათლებას აძლევდა. ერთ-ერთ დოკუმენტში ჩამოთვლილია ალექსანდრე ეპისკოპოსის გაზრდილი აფხაზები: გიორგი ეშბა (აზნაური, სოფ. ეშქითი), დავით გვალია (აზნაური, სოფ. ბიჭვინთა), პეტრე ფილია (გლეხი, სოფ. დრანდა), ბესლან ციცხავა (აზნაური, სოფ. თამუში) და სხვ.

1864 წლის ივლისში ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. 1866 წელს საკუთრივ აფხაზეთის (სოხუმის ოკრუგი), წებელდის (მდინარე კოდორის შუა და ზემო წელი, ისტორიული წებელი და დალი) და სამურზაყანოს (ოქუმის ოკრუგი) შეერთებით სოხუმის სამხედრო განყოფილება შეიქმნა. სამთავროს გაუქმების შემდეგ, მხარის რუსიფიკაციის დასაჩქარებლად, ხელისუფლება ეკლესიის გამოყენებას ცდილობდა. აფხაზთა 1866 წლის აჯანყებისა და 1867 წლის მუჰაჯირობის შემდეგ სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვასილი გეიმანმა (1867-1872) მიიჩნია, რომ აფხაზეთის მოსახლეობის გარუსებისთვის ხელსაყრელი დრო დადგა. მას აფხაზეთში სამისიონერო საქმისგან ქართული სამღვდელოების ჩამოშორება და მათი რუსი სამღვდელოებით შეცვლა სურდა. 1867 წელს ვ. გეიმანმა მეფისნაცვალს ვრცელი მოხსენება წარუდგინა "აფხაზეთში ქრისტიანობის შესახებ", სადაც აღნიშნავდა, რომ აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურება "გაუგებარ ქართულ ენაზე სრულდებოდა". მოსახლეობის მცირერიცხოვნობის მოტივით იგი აფხაზეთის ეპარქიის გაუქმებისა და იმერეთის ეპისკოპოსისადმი დაქვემდებარების საკითხს აყენებდა.

როდესაც აფხაზეთის ეპარქიის რეორგანიზაციის საკითხი დადგა, აფხაზეთში 31 ეკლესია და 33 მღვდელმსახური იყო. მათ შორის, სამურზაყანოში - 15 ეკლესია და 15 მღვდელი, აბჟუის ოლქში - 10 ეკლესია და 10 მღვდელი, აფხაზეთის ოლქში - ერთი ეკლესია დრანდაში ერთი მღვდლით, ბზიფის ოლქში 4 ეკლესია და 7 მღვდელი, სოხუმში - ერთი ეკლესია ერთი მღვდლით.

მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელების თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა, სოხუმში რიგიანი ტაძარი არ არსებობდა. აქ იყო არაკანონიკური სტილის ეკლესია. იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), რომელიც 1868 წლის ივნისიდან აფხაზეთის ეპარქიის დროებითი მმართველი იყო, თავის წერილში ეპარქიის საჭიროების შესახებ, სოხუმში შესაფერისი ტაძრის აგების აუცილებლობაზე წერდა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავდა, არსებული ეკლესია საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ საკურთხეველი სამხრეთით ჰქონდა, და უფრო ყაზარმას ჰგავდა, ვიდრე ეკლესიას.

1868 წლის მარტში კავკასიის მთიელთა სამმართველოდან კავკასიაში "მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების საბჭოში" გაიგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია, რომ სოხუმი უკვე აფხაზეთის ცენტრია და ქალაქში საკათედრო ტაძრის აგების აუცილებლობამ სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. სოხუმში, სადაც უპირატესად ქრისტიანული მოსახლეობა ცხოვრობს და საეპისკოპოსო კათედრაც არის, არსებობს ერთი, დანგრევის პირას მყოფი სამლოცველო სახლი საკურთხევლით სამხრეთით. ასეთი გარეგნული სახის ტაძარი საეჭვოა, ახალმოქცეულებზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდეს. კავკასიის მთიელთა სამმართველო ეგზარქოსის წინაშე სოხუმში შესაფერისი ტაძრის აგების აუცილებლობის საკითხს აყენებდა და საჭირო თანხის გამოყოფას სთხოვდა. ასეთ ვითარებაში, 1869 წლის მაისში, აფხაზეთის ეპარქია იმერეთის ეპარქიას შეუერთეს.

ბიჭვინთის ტაძარი

ტაძრის აგება

XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის რუსიფიკაციის მიზნით ეკლესიის გამოყენება აქტიურად დაიწყო. 1872 წელს დაფუძნდა ბიჭვინთის რუსული მონასტერი, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა 1049 დესეტინა მიწა, ფიჭვნარი და ინკითის ტბა. 1875 წელს ფსირცხაში ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის ფილიალი დაფუძნდა. მონასტერს თავიდან გამოეყო 327 დესეტინა მიწა და 200 დესეტინა ტყის მასივი, ხოლო შემდეგ ჯერ 1000, მერე კი 4 ათასი დესეტინა მიწა. ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი ახალი ათონისა და ბიჭვინთის რუსული მონასტრები ამ მხარის მოსახლეობის გარუსების მნიშვნელოვან კერებს წარმოადგენდნენ. 1883-1885 წლებში რუსმა ბერებმა დრანდის ტაძარი აღადგინეს და რუსული მამათა მონასტერი დააარსეს. იმავდროულად, XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ბიჭვინთის, ახალი ათონის სიმონ კანანელის, კამანის, დრანდის, მოქვის, გაგრისა და სხვა ეკლესიების აღდგენითი სამუშაოები წარიმართა, რის შედეგადაც მათი თავდაპირველი ხუროთმოძღვრული სახე შეიცვალა, რაც ქართული არქიტექტურული სტილის შეცვლაში გამოიხატა.

სოხუმში საკრებულო ტაძრის აშენების მიზნით 1881 წელს მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. იმავე წლის 15 აგვისტოს ტაძრის მშენებლობის თაობაზე, კონტრაქტი გაფორმდა ინჟინერ ბახმეტიევთან. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის, გენერალ-მაიორ პომპეი არაკინის 1881 წლის 19 ნოემბრის ბრძანებულებით, შეიქმნა ტაძრის მშენებლობის კომიტეტი. თავმჯდომარე იყო თვით პომპეი არაკინი, წევრები: დეკანოზი დავით მაჭავარიანი, მღვდელი იოსებ ბერძენიშვილი, პოლკოვნიკი აპოლონ ვედენსკი (თავმჯდომარის მოადგილე), არქიტექტორი ლევიცკი, ქალაქის თავი სტოროჟენკო, საგანგებო დავალებათა მოხელე ბერნაცკი, მოქალაქეები გრიგოლ მეტაქსა და ანტონ ბოსტანჯიანი. ტაძრის პროექტი რუსმა ინჟინერ-არქიტექტორმა პლატონ ჩიჟიკოვმა შეადგინა.

1882 წლის დასაწყისში სოხუმში ტაძრის აგება დაიწყო. მშენებლობა 1884 წელს დასრულდა და ტაძარი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელზე აკურთხეს.

აფხაზეთის ეპარქია

ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

რუსეთის კოლონიური და რუსიფიკატორული პოლიტიკა აფხაზების ქართული სამყაროსა და აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. ამიტომაც, იმპერატორის 1885 წლის 12 ივნისის ბრძანებულებით და სინოდის გადაწყვეტილებით, აფხაზეთი იმერეთის ეპარქიისგან სოხუმის საეპისკოპოსოს სახით ცალკე გამოიყო კათედრით სოხუმის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში. სინოდის განკარგულებით, აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება საეკლესიო-სლავურ ენაზე უნდა აღესრულებინათ. 1886 წლის შემოდგომაზე აფხაზეთში იმერეთის ეპისკოპოსი და აფხაზეთის ეპარქიის მმართველი გაბრიელ ქიქოძე (1868-1886) ჩავიდა. 27 სექტემბერს მან აკურთხა განახლებული დრანდის ტაძარი, ხოლო მეორე დღეს, 28 სექტემბერს სოხუმის ახალ ტაძარში აღავლინა წირვა. იმავე წლის დეკემბერში მოსკოვის ტროიცე-სერგიევოს ტაძარში არქიმანდრიტი გენადი (პავლინსკი) სოხუმის ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ დროიდან სოხუმის ეპისკოპოსებად ძირითადად რუსები ინიშნებოდნენ, ერთადერთი გამონაკლისი იყო ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი), რომელიც 1906 წელს იყო სოხუმის ეპისკოპოსი.

სოხუმის ტაძარი, რომელიც უკვე საკათედრო გახდა, ქალაქის ცენტრში, ნიკოლაი კოლიუბაკინის ქუჩაზე მდებარეობდა. ტაძრის გვერდით დაიწყო ორსართულიანი საეპარქიო სასახლის მშენებლობა. მის მიმდებარედ იყო ბოტანიკური ბაღი.

1887 წელს სოხუმში ახალდანიშნული ეპისკოპოსი გენადი (პავლინსკი, 1886-1889) ჩამოვიდა. მან რეზიდენციად ახალი ათონის მონასტერი აირჩია, რადგან საეპარქიო სახლის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ იყო. 1889 წლის 31 მარტს იგი გარდაიცვალა და ახალი ათონის წმინდა სიმონ კანანელის ტაძარში დაკრძალეს. შემდეგი ეპისკოპოსები უკვე ძირითადად სოხუმში ისხდნენ. სოხუმის ახალი ეპისკოპოსი ალექსანდრე (ხოვანსკი) აფხაზეთში 1889 წლის მაისში ჩამოვიდა. 1891 წლის თებერვალში, როდესაც ეპისკოპოსი ალექსანდრე (1889-1891) გარდაიცვალა, ის უკვე სოხუმის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. სოხუმის ეპისკოპოსები აგაფოდორიდან (პრეობრაჟენსკი, 1891-1893) მოკიდებული, იმავდროულად დრანდის მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ.

სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად 1884 წელს დეკანოზი დავითი (მაჭავარიანი) დაინიშნა. 1892-1893 წლებში საკათედრო ტაძარი გააფართოეს. როგორც დეკანოზი დავითი ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძეს) სწერდა, თუ წინათ იქ ასი კაცი ეტეოდა, ახლა შვიდასს იტევდა.

1895 წელს სოხუმის ეპისკოპოსად უკიდურესი რეაქციონერი და შოვინისტი არსენი (იზოტოვი) დაინიშნა. ეპისკოპოს არსენის (1895-1904) დროს სოხუმის საკათედრო ტაძარსა და სოხუმის სასაფლაოს ეკლესიაში აიკრძალა ქართულ ენაზე ღვთისმსახურება და ის მხოლოდ საეკლესიო-სლავურ ან ბერძნულ ენებზე სრულდებოდა. 1899 წლის ივლის-აგვისტოში სოხუმში იმყოფებოდა დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი, რომელიც იერუსალიმისა და ათონის მთაზე მოგზაურობიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. დეკანოზი პეტრე წერდა: "სოხუმშია ორი ათასამდე ქართველთა ტომის ერი, რომელთაც სამშობლო ენა ქართული აქვთ. მრავალთა შემომჩივლეს, რომ მოკლებულნი არიან ისეთს სულიერს ნუგეშსა და საზრდოს, როგორიც არის მოსმენა სამშობლო ენაზედ წირვა-ლოცვისა, რომელსაც დამატკბობელი, განმაცხოველებელი და მაცხოვარებითი ძალა აქვს მორწმუნე კაცის გულზედ. ძალიან ადვილიც არის დაკმაყოფილება ამ საღმრთო მოთხოვნილებისა. აქაურს საკათედრო ტაძარში ჰმსახურებენ რამდენიმე ქართველნი სამღვდელონი. ნუთუ იმათ არ შეუძლიანთ გამოსთხოვონ ნებართვა მწყემსმთავარსა ქართულს ენაზედ წირვა ლოცვისა?

დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი

იერუსალიმის და სრულიად პალესტინის ეკკლესიებში მიღებულია საღმრთო წესად რამდენსამე ენაზედ წაკითხვა სახარებისა, როგორც დიდს დღესასწაულებში, ეგრეთვე ყოველდღიურს წირვაზედაც კი, როდესაც ჰხედავენ სხვადასხვა ეროვნების მლოცველთა. მთელს საქრისტეანოში მიღებულია ეკკლესიურის კანონით ბრწყინვალე აღდგომის დღეს სხვადასხვა ენაზედ წაკითხვა სახარებისა, და ყოვლად მიუცილებელად - სამშობლო ენაზედ. და აი, უბედურება! ამ ნუგეშსა და ღვთიურს სიხარულს მოკლებულ არიან აქაურნი ქართველნი. ამაზედ მომეტებული უბედურება სულიერი განაღა იქმნება, რომ კაცმა ქრისტეს აღდგომის დღეს ვერ გაიგონოს სამშობლო ენაზედ: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით", მაშინ როდესაც სულიერნი მწყემსნი თვისის ეროვნებისა თვალ წინ უდგანან".

როგორც ჩანს, საკათედრო ტაძრის ქართველმა მღვდლებმა თუ ქალაქის საზოგადოებამ გამოსთხოვა ნებართვა მღვდელმთავარს და 1900 წლის 19 იანვარს სოხუმის საკათედრო ტაძარში ცნობილი ქართველი მწერლის, გიორგი წერეთლის (გარდაიცვალა 12 იანვარს) სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ქართულ ენაზე გადაიხადეს. პანაშვიდს სოხუმის მთელი ქართველი საზოგადოება დაესწრო. პანაშვიდის დასრულების შემდეგ დეკანოზმა დავითმა (მაჭავარიანი) თავის ქადაგებაში საზოგადოებას გააცნო განსვენებულის ღვაწლი და მადლობა გადაუხადა ხალხს იმისთვის, რომ ქართველობას სოხუმში ცოტა გამოღვიძება დაეტყო.

განსაკუთრებული ღვთისმოსაობით აფხაზეთში ბერძნული თემი გამოირჩეოდა. 1909 წელს ბერძნული თემის სახსრებით სოხუმში ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო. 1915 წელს მშენებლობა დასრულდა და ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხეს.

სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (მაჭავარიანი) 1905 წლის იანვარში გარდაიცვალა. იმავე წლის თებერვალში ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გიორგი გოლუბცოვი დაინიშნა. 1909 წელს საკათედრო ტაძარს ეკვდერი მიაშენეს, რომელიც სერგი რადონეჟელის სახელზე აკურთხეს.

საკათედრო ტაძარი, 1917-1921 1917 წლის თებერვალში მეფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, მარტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. იმავე წლის სექტემბერში საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ავტოკეფალიის აღდგენისთვის დაუცხრომელი მოღვაწე, ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) აირჩია. საეკლესიო კრებამ შექმნა ცხუმ-ბედიის ეპარქია, მღვდელმთავრის კათედრის ადგილსამყოფლად და რეზიდენციად განისაზღვრა ცხუმი (სოხუმი). მღვდელმთავრის პატივად დადგინდა "ცხუმ-ბედიელი ეპისკოპოსი".

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის იურისდიქციის აფხაზეთში გავრცელებასთან ერთად, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ მხარეში საქართველოს ეკლესიის უფლებებიც აღდგა. აფხაზეთის ავტონომიის მთავრობამ, კომისარიატმა, 1919 წლის 15 სექტემბრის დეკრეტით "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მმართველობის შესახებ", სოხუმის საკათედრო ტაძარი და მღვდელმთავრის სახლი ავტონომიური აფხაზეთის საკუთრებად გამოაცხადა. იმავე წლის სექტემბერში, აფხაზეთის კათედრაზე ეპისკოპოსის არჩევამდე, აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა მმართველად არქიმანდრიტი იოანე (მარგიშვილი) დაინიშნა. არქიმანდრიტმა იოანემ მოკლე ხანში მოახერხა სოხუმის საკათედრო ტაძრის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში გადაცემა, მიუხედავად რუსი სამღვდელოების მცდელობისა, შეენარჩუნებინათ იგი. ოქტომბერში საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (გოლუბცოვი) გადააყენეს უაღრესად შოვინისტური, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო და ქვეყნიდან გაასახლეს. საკათედრო ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ტროფიმე (ჯოხთაბერიძე) დაინიშნა.

1919 წლის ოქტომბერში აფხაზეთის ეპისკოპოსად ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) იქნა ხელდასხმული, მაგრამ იგი ძირითადად მარტვილში იმყოფებოდა. 1921 წლის სექტემბერში იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ამის შემდეგ, ოქტომბერში, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას ეპისკოპოსი იოანე (მარგიშვილი) ჩაუდგა სათავეში. იგი ცდილობდა აფხაზეთში მცხოვრებ რუს-ბერძენ-აფხაზთა საქართველოს ეკლესიის წიაღში შემოყვანას. სოხუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ოთხ ენაზე - ქართულად, საეკლესიო სლავურზე, აფხაზურად და ბერძნულად აღევლინა. რუსი სამღვდელოება ცდილობდა ხელში ჩაეგდო ტაძრები და საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში არ შესულიყო. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, ეპისკოპოსმა იოანემ შეძლო შეენარჩუნებინა საქართველოს ეკლესიის გავლენა ეპარქიაში.

სოხუმის ეპისკოპოსის ყოფილ სასახლეში დღეს აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმია

საკათედრო ტაძარი საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, აფხაზეთშიც ფართო ანტირელიგიური კამპანია გაიშალა. იხურებოდა ეკლესიები, სადაც ქოხ-სამკითხველოები, კლუბები და სხვა დაწესებულებები იხსნებოდა. 1923 წელს საქართველოში 1212 ეკლესია დაიხურა, მათ შორის აფხაზეთში, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის 1923 წლის 12 მაისის ცნობით - 10 ეკლესია, იმავე წლის ბოლოსთვის კი კიდევ 5 ეკლესია. სოხუმის საეპარქიო სახლში 1922-1930 წლებში აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოება, ხოლო 1930-1940 წლებში აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტი იყო განთავსებული, რამდენიმე ოთახი ეკავა აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელსაც 40-იანი წლებიდან შენობა მთლიანად დაეთმო. შენობის თავდაპირველი სახეც გარკვეულწილად შენარჩუნდა. 1936 წლის მაისში სოხუმის საკათედრო ტაძარიც დახურეს. ოფიციალური მოტივით - "ქ. სოხუმის მშრომელებმა შუამდგომლობა აღძრეს ტაძრის დახურვისა და შენობის კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით გამოყენების თაობაზე". 1946-1949 წლებში ტაძარი გადააკეთეს და აქ აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონია განთავსდა.

20-40-იან წლებში აფხაზეთში მხოლოდ 6 ტაძარი იყო მოქმედი, მათ შორის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული ეკლესია. 1944 წლიდან ეკლესია-მონასტრების ნაწილობრივ ამოქმედების შემდეგ, 1946 წელს ცოტა ხნით დახურული წმინდა ნიკოლოზის ტაძარიც გაიხსნა, რომელიც საკათედრო გახდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე აკურთხეს. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი სვიმონი (გიგინეიშვილი), რომელიც 1922-1923 წლებში სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო. 1967-1977 წლებში ამ ტაძარში მოღვაწეობდა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი (1969 წლიდან - მიტროპოლიტი) ილია (შიოლაშვილი). 80-იანი წლების დასაწყისში, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დავითის (ჭკადუას) ინიციატივით, ტაძარში სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. სწორედ მაშინ, ტაძარს რამდენიმე გვერდითი მინაშენი გაუკეთდა. ერთ-ერთი მინაშენი, ეკვდერი, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე აკურთხეს, კეთილმოეწყო სამღვდელმთავრო სახლიც.

აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონია

სოხუმის საკათედრო ტაძარი წარმოადგენს ბერძნული და რუსული არქიტექტურული ფორმების ნაზავს. ეს არის ჯვარგუმბათოვანი, სამნავიანი ტაძარი, რომელიც ბიზანტიური სტილის გუმბათით ბოლოვდება. ტაძარში დასვენებულია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, წმინდა სვიმონ კანანელის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა ბასილისკოს ხატები, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხატი მისი წმინდა ნაწილებით. 2010 წელს ჩატარდა ტაძრის სრული რესტავრაცია. ტაძარს ახალი მოოქრული გუმბათი დაადგეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ჩელიაბინსკში დამზადდა. ტაძარში ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურზე, ბერძნულზე, აფხაზურ ენებზე, ხოლო აღდგომას ქართულ ენაზეც სრულდება.

2016 წლის დეკემბერში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოხუმის საკათედრო ტაძარს (4 მარტისა და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების გადაკვეთაზე) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ბეჟან ხორავა

ისტორიის დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი".#118