ფეხბურთის ღმერთის დაისი - კვირის პალიტრა

ფეხბურთის ღმერთის დაისი

დიეგო არმანდო მარადონა - ამ სახელის გაგონება ფეხბურთის გულშემატკივარს ერთდროულად რამდენიმე, ერთმანეთის საპირისპირო განცდას უჩენს: აღფრთოვანებასა და სიძულვილს, სიხარულსა და იმედგაცრუებას, აღმაფრენასა და სასოწარკვეთას! დიეგომ "მოახერხა" ფეხბურთის მსოფლიო ისტორიაში თავისი სახელის ოქროს ასოებით ჩაწერა და მიუხედავად არაორდინარული, საზოგადოებისთვის მიუღებელი წესით ცხოვრებისა, მრავალთათვის კერპადაც იქცა...

გასული საუკუნის 90-იანებსა და 2000-იანებში დაბადებულთათვის მარადონა უფრო ცნობილია, როგორც ერთი გაუწონასწორებელი ნარკომანი, რომელსაც თავის დროზე უდიდესი ფეხბურთი უთამაშია, მაგრამ ვისაც ის მწვანე ბალახზე უნახავს, ჯერ კიდევ მოჯადოებულია იმით, თუ რა ნამდვილ სასწაულებს ატრიალებდა არგენტინელი მოედანზე.

დიეგო დაიბადა 1960 წელს, ლანუსში, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის გარეუბანში, ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში. ორი ძმა და სამი და ჰყავდა. თავად მეოთხე შვილი იყო. მისი შორეული წინაპრები იტალიიდან მოხვედრილან არგენტინაში, ცნობილი მოგზაურის, მარკო პოლოს ნათესავიც ყოფილა და როგორც წერენ, ხორვატული და ესპანური სისხლიც ჰქონია. ფუფუნებაში არ გაზრდილა. ლანუსი მოცული იყო ქუჩის ბანდებით, ნარკოტიკებით, იარაღის ვაჭრობითა და სამხრეთ ამერიკული ქალაქის ყველა სხვა "მშვენიერებებით".

 მარადონა "არხენტინოს ხუნიორსის" ბავშვთა გუნდის ვარჯიშზე (1970 წ.)

3 წლისას პირველი ბურთი აჩუქეს და აქედან დაწყებულა მისი და ფეხბურთის ტანდემი. 8 წლისა მივიდა "არხენტინოს ხუნიორსის" ბავშვთა გუნდში. მწვრთნელები გაოგნებული დარჩნენ პატარა ბიჭის თამაშით. საბუთები მოსთხოვეს, რადგან ეგონათ, მარადონა მათ მოტყუებას ცდილობდა. მან კი თავისი სკოლის დახმარებით დაამტკიცა, რომ ნამდვილად 8 წლისა იყო და მწვრთნელებმაც გუნდში აიყვანეს. მოგვიანებით ერთ-ერთი მწვრთნელი იტყვის, რომ მას მართალია ჩვეულებრივი ბიჭისგან ვერ გაარჩევდით, მაგრამ მოედანზე სასწაული ხდებოდა - ნამდვილი ვარსკვლავივით თამაშობდა და როცა გავიგეთ, მხოლოდ 8 წლისა იყო, გადავწყვიტეთ, მთლიანად მისთვის მიგვეძღვნა თავიო.

ნიჭის გამობრწყინება

1976 წელს მარადონამ პირველად ითამაშა პროფესიონალური ფეხბურთი "ტალერეს დე კორდობას" წინააღმდეგ და არგენტინული პრიმერა დივიზიონის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მოედანზე გამოსვლისას იყო 15 წლის და 355 დღის. იმ დღეს მაყურებელი მოხიბლა განსაცვიფრებელი ტექნიკით. თამაშის დასრულების შემდეგ კი წამოიძახა, - დღეს ვიგრძენი, რომ ცა ხელში მეჭირაო!

მარადონას ტალანტმა მთელი არგენტინა გააოცა. იმთავითვე მიიჩნიეს არგენტინული ფეხბურთის იმედად და 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ელოდნენ, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ გადაწყვიტა, არ გამოეძახა, რადგან ფიქრობდა, რომ 18 წლის ფეხბურთელი ჯერ მზად არ იყო ნაკრების ღირსების დასაცავად. მარადონასთვის ეს ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა. დეპრესიაშიც კი ჩავარდა, თუმცა მალევე მოეგო გონს და გადაწყვიტა მწვრთნელისთვის დაემტკიცებინა, რომ იგი შეცდა. ეს რთული გამოდგა, რადგან არგენტინამ დიეგოს გარეშეც მოახერხა საკუთარ კედლებში მუნდიალის მოგება.

თავისი ბავშვობის კლუბში მარადონა 1981 წლამდე დარჩა. მერე კი არგენტინის ერთ-ერთ უდიდეს კლუბ "ბოკა ხუნიორსში" გადავიდა. ბოკას მაისურით ერთი სეზონი ითამაშა, მოიგო არგენტინის ჩემპიონატი და ნაკრებშიც გამოიძახეს, ესპანეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. ამას დაემატა ტრანსფერი "ბარსელონაში", რომლის სანაცვლოდაც კატალონიელებმა 5 მილიონი ევრო გადაუხადეს ბოკას. მარადონას ტრანსფერი იმდროინდელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა. "ბარსელონაში" მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უნდა გადასულიყო და დიეგოს კვლავ დეპრესია დაეწყო. პირველი თამაში იმართებოდა სტადიონზე, რომელზეც მარადონას უნდა გაეტარებინა თავისი კარიერის შემდგომი წლები. კატალონიელი გულშემატკივარი სტადიონზე, პირველ რიგში, მარადონას სანახავად მივიდა. თუმცა არგენტინამ და თავად დიეგომ უსახური მატჩი გამართეს და ბელგიელებთან 0:1 დამარცხდნენ. არგენტინა გავიდა მეორე, ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა იქ ბოლო ადგილი დაიკავა, დღევანდელი სტანდარტებით, მეოთხედფინალიდან გამოვარდა. ეს ნიშნავდა, რომ დიეგოს აღარ ექნებოდა სხვა შანსი მწვრთნელისთვის დაემტკიცებინა, რომ ის შეცდა, თუნდაც შემდეგი მუნდიალი მარტოს მოეგო.

ექსპერტთა აზრით, ამ დროს იწყება ყველაზე ცუდი პერიოდი დიეგოს საფეხბურთო კარიერაში. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონაში მარადონა უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობდა, ის ვერ გახდა კატალონიელი ფანების საყვარელი ფეხბურთელი. სწორედ ესპანეთში "შეჯდა" ნარკოტიკებზე. როგორც თვითონ ამბობს, 22 წლის ასაკში, სრულიად ახალ გარემოში, ნარკოტიკი მისთვის ანტიდეპრესანტად იქცა. მე სულ კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ ვწყევლი იმ დღეს, როდესაც პირველად გავსინჯე კოკაინიო... გუნდში ორ წელიწადს დაყო და გულშემატკივრისთვის ვერ გახდა ვერც იოჰან კრუიფი და ვერც ლადისლავ კუბალა. თუმცა ის მაინც მიიჩნევა "ბარსელონას" ლეგენდად, რადგან როდესაც მოედანზე გამოდიოდა, თამაში ბევრად საინტერესო ხდებოდა. მარადონას იმ დროისთვის იწვევდა "რეალი" და "მილანი", მაგრამ მან არჩია "ნაპოლი", რომელიც 1984 წელს სერია A-ს საშუალო დონის გუნდი იყო.

შემდეგი გაჩერება - ნეაპოლი

რატომ? ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. იმ დროს "ნაპოლის" მართავდა ნეაპოლური მაფია "კამორა", რომელმაც ტრანსფერში 10 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამან მარადონა ორწლიანი ინტერვალით მეორედ აქცია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად. ნეაპოლში იცოდნენ მარადონას ნარკოტიკებით გატაცების ამბავი და მისთვის "განსაკუთრებული" გრაფიკი შემოიღეს. კვირას - სერია A-ს მატჩი; კვირიდან ოთხშაბათამდე - გართობა და კოკაინი; ოთხშაბათიდან შაბათამდე - ორგანიზმის გაწმენდა და ვარჯიში; კვირას - სერია A-ს მატჩი... "კამორამ" ასევე იყიდა ფეხბურთელები, რომლებიც თავად მარადონას უნდოდა, სანაცვლოდ კი დიეგომ ნეაპოლელ ფანებს აჩუქა ორი სკუდეტო (იტალიის ჩემპიონის ტიტული), რაც სამხრეთ იტალიაში მანამდე ვერც წარმოედგინათ. მერე იყო იტალიის თასი, სუპერთასი და რაც მთავარია, უეფას თასი! იმავდროულად, მარადონამ "კამორას" ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მისცა - საკუთარი თავი.

მარადონა "ბოკა ხუნიორსში"

1987-1988 წლების იტალიის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში, "ნაპოლისა" და მარადონას ფლორენციის "ფიორენტინასთან" უნდა ეთამაშათ, თუმცა "კამორამ" დიეგო გაგზავნა შვეიცარიულ ფრაიბურგში, რათა მნიშვნელოვანი "კეისი" გადაეცა იქაური ბარის მეპატრონისთვის! ლიდერის გარეშე კი "ნაპოლი" დამარცხდა (2:3) და ჩემპიონის ტიტულიც ხელიდან გაუშვა. ამას ორი დატვირთვა ჰქონდა: 1) "კამორას" პრესტიჟი - მარადონა ნეაპოლური მაფიის წევრი არ ყოფილა, მაგრამ მას ხელის ბიჭივით აგზავნიდნენ მარტივ საქმეებზე დიდ ხალხთან, რათა ყველას ენახა, როგორ აკონტროლებდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს "კამორა". 2) თამაშის გაყიდვა - რადგან "ნაპოლიმ" წინა სეზონში მოიგო სკუდეტო, მთელმა ნეაპოლმა ფსონი სწორედ მის ჩემპიონობაზე დადო. ვინ აკონტროლებდა აზარტული თამაშების ბიზნესს? "კამორა"! ამიტომაც არ მისცეს მარადონას უფლება, ეთამაშა და "ნაპოლი" დამარცხდა კიდეც. სამაგიეროდ, ტოტალიზატორმა ნახა კოლოსალური მოგება.

ნეაპოლში გაატარა მარადონამ კარიერის საუკეთესო წლები, თუმცა ვერ მოახერხა წარმატების მიღწევა ევროპის ჩემპიონთა თასზე - სულ 8 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაუტანა უნგრეთის ჩემპიონს... მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მარადონა ნეაპოლელებს დღესაც არგენტინელებზე ნაკლებად როდი უყვართ. იგი გმირია, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიას სკუდეტო წაართვა და სამხრეთი ახალ დონეზე აიყვანა, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთის მთავარი კლუბი "მილანი" და მისი გავლენიანი მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი უარით გაისტუმრა. იგი ითვლება "ნაპოლის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად. ნეაპოლელი ფანების მარადონასადმი სიყვარულის კიდევ ერთი მაგალითია 1990 წელს იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი, სადაც იტალიელები არგენტინას დაუპირისპირდნენ. თამაში ნეაპოლში გაიმართა, სადაც ადგილობრივ გულშემატკივართა დიდი ნაწილი სამშობლოს მაგივრად მარადონას ქომაგობდა. არგენტინელებმა პენალტების სერიაში დაამარცხეს იტალია და მოხვდნენ ფინალში, სადაც გერმანიასთან დამარცხდნენ. ნეაპოლელებმა მარადონასადმი სიყვარული იმითაც გამოხატეს, რომ სან-პაოლოს სტადიონს მისი სახელი დაარქვეს (გარდაცვალების შემდეგ).

ღმერთის რჩეული...

მარადონას საუკეთესო ტურნირად 1986 წლის ჩემპიონატი ითვლება, რომელიც მექსიკაში გაიმართა. დღეს თუ მსოფლიო არკვევს - მესი თუ რონალდუ, მაშინ მარადონასა და პლატინიზე დაობდნენ. პლატინი ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, ხოლო მარადონა - იტალიის საშუალო დონის გუნდის ლიდერი, რომელსაც პლატინი მუდამ უგებდა თავისი "იუვენტუსით". ამ მუნდიალს უნდა დაესვა წერტილი მათი დაპირისპირებისთვის. ჯგუფური ეტაპი არგენტინამ მარტივად დაძლია, მხოლოდ იტალიას დაუზავდა 1:1, ხოლო ბულგარეთსა და სამხრეთ კორეას 2:0 და 3:1 მოუგო. პლეიოფის პირველ ეტაპზე არგენტინელებმა მშვიდად დაამარცხეს ურუგვაი 1:0. ნამდვილ წარმოდგენას ელოდნენ ინგლისთან გასამართ მეოთხედფინალში. მაშინ ინგლისი და არგენტინა ერთმანეთთან ცივი ომის რეჟიმში იყვნენ. არგენტინა ძალიან დიდი ხანია პრეტენზიას აცხადებს ფოლკლენდის არქიპელაგზე, რომელიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს მიეკუთვნება (გიბრალტარის ან ბერმუდის მსგავსად). დაძაბულობამ პიკს მიაღწია და 1982 წელს ორთვიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, რაც ისტორიაში ფოლკლენდის ომის სახელით შევიდა. ომში არგენტინა დამარცხდა, ხოლო დიეგომ ბიძაშვილი დაკარგა... არგენტინა-ინგლისის თამაშს მოუთმენლად ელოდებოდა არგენტინელი გულშემატკივარი, რომელსაც შურისძიება სწყუროდა. მატჩის დასაწყისში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. პირველ ნახევარში ვერც ერთმა გუნდმა ვერ გახსნა ანგარიში. აი, მეორე ტაიმში კი, მატჩის 51-ე წუთზე მარადონამ გაიტანა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სკანდალური გოლი... ხელით! მთავარმა მსაჯმა ეს ვერ დაინახა და გოლიც ჩაითვალა. მატჩის შემდეგ თავად მარადონამ ამ გოლს "ღმერთის ხელი" უწოდა (ინგლისურმა პრესამ კი "ეშმაკის ხელად" მონათლა).

მაყურებელმა ეიფორიიდან გამოსვლა ვერ მოასწრო, როდესაც მარადონამ ცენტრში აიღო ბურთი და მთელი ინგლისის ნაკრები მოატყუა, მათ შორის მეკარეც და ბურთი პირდაპირ კარში შეაგდო. ეს გოლი კი 2002 წლის ფიფას გამოკითხვით აღიარეს, როგორც საუკუნის საუკეთესო გოლი. მარადონამ ერთ შეხვედრაში შეძლო ორი კარდინალურად განსხვავებული ბურთის გატანა და ორივე მათგანი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. ინგლისელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაქვითეს და არგენტინელები ნახევარფინალში მოხვდნენ, სადაც ბელგიელები დაამარცხეს და ფინალშიც გავიდნენ. იქ უკვე დასავლეთ გერმანიის ნაკრებს მოუგეს 3:2. ამრიგად, არგენტინამ მუნდიალი მოიგო, მარადონა კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გულშემატკივრის აზრით, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სულ ორი ფეხბურთელია, რომელთაც შეძლეს, მარტოს მოეგოთ მსოფლიო ჩემპიონატი: ბრაზილიელი გარინჩა 1962 და მარადონა - 1986 წელს.

უეფას თასით (1989 წ.)

კოკაინის ეფექტი

1991 წელს, სამყარომ საბოლოოდ დაკარგა ისეთი მარადონა, როგორსაც დადებით კონტექსტში უფრო ახსენებდნენ, ვიდრე უარყოფითში. მას კოკაინის მოხმარება დაუდასტურდა და ფიფამ ერთი წლით აუკრძალა არა მხოლოდ თამაში, არამედ სტადიონზე დასწრებაც კი, ამან კიდევ უფრო მიაჯაჭვა ნარკოტიკს და აღარც სევილიაში გადასვლას მოჰყოლია წარმატება.

1994 წელს მარადონა არგენტინაში დაბრუნდა, "ნიუელს ოლდ ბოიზის" გუნდში, სადაც გაიცნო პატარა ბიჭი ლიონელ მესი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს მარადონას "დაავიწყებს". მაგრამ ეს რომ არგენტინელ გულშემატკივარს უთხრათ, კონფლიქტი გარდაუვალია, რადგან ამ ქვეყანაში ეს წარმოუდგენელია, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მესი მარადონასავით არ მოიგებს მუნდიალს. ამ წელს მარადონას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, დიდ ფეხბურთს დაბრუნებოდა და კვლავ "მთავარ როლში" გამოჩენილიყო: არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აშშ-ის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიძახა. მარადონამ კაპიტნის სამკლავური მოირგო და საბერძნეთთან თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. იმ დღეს ბატისტუტამ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, თუმცა გულშემატკივარი მხოლოდ მარადონას გოლით აღფრთოვანდა. ლამის მთელი სამყარო გაახარა მარადონამ, როდესაც საჯარიმოს მახლობლად ბურთი მიიღო, ოდნავ გაიგდო წინ და ცხრიანში შეაგდო, მაგრამ ემოციის გამოხატვისას აშკარად ეტყობოდა, რომ "კაიფში" იყო... ნიგერიის წინააღმდეგაც ითამაშა, თუმცა ამჯერად აღმოუჩინეს ნარკოტიკი სისხლში და ამერიკის დატოვებამაც მოუწია. ეს იყო მარადონას უკანასკნელი თამაში არგენტინის ნაკრების მაისურით. ერთწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ მარადონა მწვანე მინდორზე დაბრუნდა, მაგრამ მისი თამაში ოდნავაც აღარ ჰგავდა იმას, რაც მაყურებელს ახსოვდა.

მარადონას კვლავ მოაკითხა დეპრესიამ და შვებას ისევ ნარკოტიკში "პოულობდა". ამას მოჰყვა კლინიკური სიკვდილი 2000 წელს. ლამის მთელი არგენტინა შეიკრიბა საავადმყოფოსთან, სადაც მარადონა სიკვდილს ებრძოდა. იმ ხალხისთვის, ვინც დიეგოს აქამდე მოედანზე გულშემატკივრობდა ბრაზილიის, ინგლისის, გერმანიის ნაკრებების წინააღმდეგ, მთავარ მეტოქედ იმ დღეს სიკვდილი ქცეულიყო. შვილებიც მოჰყავდათ საავადმყოფოსთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა იმას, თუ რამდენად ძვირფასი იყო მათთვის მარადონა...

დიეგომ წონაშიც საგრძნობლად მოიმატა. ცდილობდა ნარკოტიკისგან თავის დაღწევას და ეს 2005 წელს თითქოს გამოუვიდა. სამი წლის შემდგომ თბილისში ვიზიტისას მარადონამ თავისი ოცნების შესახებაც ისაუბრა - არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა სურდა. მართლაც, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხულიო გრონდონამ მარადონას ასე საოცნებო პოსტი შესთავაზა, რომელიც 18 თვის განმავლობაში ეკავა და შეძლო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაეყვანა, რის შემდეგაც პოსტი დატოვა და დიდ გუნდთან აღარც უმუშავია.

დიეგო თავის გოგონებთან

მარადონა თბილისში

მარადონა თბილისში 2008 წლის ოქტომბერში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ჩამოვიდა (თქვენს მხარდასაჭერად ჩამოვედიო, განაცხადა). ამხანაგური საჩვენებელი მატჩიც გაიმართა დინამო არენაზე საქართველოსა და არგენტინის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის. ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცა დასწრებოდა მსოფლიო ლეგენდის თამაშს, მაგრამ ბილეთებს იმხელა ფასი დაადეს (მაქსიმალური ფასი 100 დოლარსაც აღწევდა), რომ ბევრმა ვერ მოახერხა ყიდვა. ამის გამო სტადიონის გარეთ უამრავი თავგადაკლული მაყურებელი იდგა და ასე აპირებდა მარადონას თამაშის "ყურებას". მოულოდნელად, სტუმარმა ულტიმატუმი წაუყენა მასპინძლებს - სანამ ხალხს უფასოდ არ შემოუშვებთ სტადიონზე, არ ვითამაშებო! სტადიონი თვალის დახამხამებაში აივსო გულშემატკივრებით, რომელთაც შეძლეს თავიანთი კერპის თამაშის ცოცხლად ხილვა.

ერთ ნიუანსსაც იხსენებენ მარადონას თბილისში ყოფნის დროს გამართული პრესკონფერენციიდან. კითხვაზე, თუ შეიძლება ის ხელი ჩამოგართვათ, თქვენ რომ "ღმერთის ხელი" უწოდეთო, მარადონას ჟურნალისტისთვის მარცხენა ხელი გაუწვდია.

* * *

ოქროს ბურთის 2014 წლის დაჯილდოებაზე, ციურიხში, მარადონა საპატიო სტუმრად მიიწვიეს. მსოფლიომ დაიჯერა, რომ დიეგო გამოსწორდა, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში, როდესაც მარადონა VIP-ოთახიდან ესწრებოდა არგენტინა-ნიგერიის თამაშს, ნათელი გახდა, რომ კვლავ ნარკოდამოკიდებული იყო. სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა და ამის პიკი შუათითის ჩვენება გახდა არგენტინის გოლზე, რამაც "ალბისელესტე" პლეიოფში გაიყვანა.

შარშან მარადონა არგენტინის "ხიმნასია ლა პლატას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ცუდი შედეგები არ ჰქონია, გუნდშიც ყველას უყვარდა. მეტიც, როგორც ნეაპოლში, მის ნარკომანობას აქაც "გაგებით" ეკიდებოდნენ. მაგალითად, წინა სეზონში დიეგოს ნარკოტიკი პირდაპირ თამაშისას გამოუტანეს. როცა სათადარიგოთა სკამზე მსხდომი ფეხბურთელები და მწვრთნელები მიხვდნენ, რომ ეს ეპიზოდი შესაძლოა ტელეეთერში მოხვედრილიყო, მორიგი "დოზის მიღებისას" მწვრთნელს მოეფარნენ!

დიეგო მარადონას 2020 წლის 25 ნოემბერს უეცრად გული გაუჩერდა. არგენტინაში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა. მთელი ქვეყანა დასტიროდა თავის კერპს, განსაკუთრებით გულშემატკივართა ის ნაწილი, რომელიც მას დღესაც ღმერთად მიიჩნევს.

მარადონას ეკლესია

დიახ, სამხრეთ ამერიკაში დიეგო მარადონას სახელობის რელიგიური სექტის არაერთი ეკლესიაა, რომელთა მრევლში 200 ათასამდე ადამიანს ითვლის. "წელთაღრიცხვა" აქ იწყება 1960 წლიდან, მარადონას დაბადების წლიდან, ახალი წელი კი დგება 30 ოქტომბერს, მისივე დაბადების დღეს. ეკლესიას, მარადონასთან ერთად, სხვა წმინდანებიც ჰყავს - ხორხე ვალდანო, ხორხე ბურუჩაგა და ღვთიური არგენტინელის თანაგუნდელები.

რაღა თქმა უნდა, აქვთ თავიანთი ათი მცნებაც: 1. ბურთი არასოდეს არის ჭუჭყიანი; 2. გიყვარდეს ფეხბურთი ყველაზე და ყველაფერზე მეტად; 3. მუდამ გიყვარდეს დიეგო და ფეხბურთი; 4. დაიცავი არგენტინის მაისურის ღირსება; 5. მთელ სამყაროში განავრცეთ სიახლეები დიეგოს ღვთიური სასწაულების შესახებ; 6. პატივი მიაგეთ ფეხბურთელის წმინდა მაისურებს და იმ კლუბებს, სადაც იგი თამაშობდა; 7. არ გამოაცხადოთ დიეგო რომელიმე ერთი გუნდის წევრად; 8. იქადაგეთ და გაავრცელეთ მარადონას ეკლესიის პრინციპები; 9. დაირქვი დიეგო მეორე სახელად და შენს პირველ ვაჟსაც დიეგო დაარქვი; 10. "ნურც კისერს მოიტეხ და ნურც კუს ჩამორჩები" - მეათე მცნება წარმოდგენილია არგენტინაში პოპულარული იდიომით (No ser cabeza de termo y que no se te escape la tortuga), რაც პირდაპირ არ ითარგმნება, შინაარსი კი ასეთი აქვს: "ნურც ადუღებულწყლიანი თერმოსის თავზე მოექცევი (არგენტინელებს სულ თან დააქვთ თერმოსები მატესთვის. – ნ. შ.) და ნურც კუს (ანუ ცხოვრებას) ჩამორჩებიო".

"ღმერთის ხელი" - სკანდალური გოლი ინგლისის ნაკრების კარში

"მარცხენა" არჩევანი

ცნობილია დიეგოს პოლიტიკური "გემოვნების" შესახებაც. ის მხარს უჭერდა და მეგობარიც იყო ფიდელ კასტროსი და უგო ჩავესის. ფიდელ კასტრო 1986 წელს გაიცნო და მალევე დაუმეგობრდა. მეტიც, ფეხზე კასტროს, ხოლო მკლავზე - ჩე გევარას სვირინგი გაიკეთა. აღსანიშნავია, რომ დიეგო და ფიდელი ორივე 25 ნოემბერს გარდაიცვალა (კასტრო - 4 წლით ადრე).

მარადონას უგო ჩავესთან მეგობრობას კი ჩვენთვის არცთუ სასიამოვნო ამბავი უკავშირდება. 2010 წლის ივლისში, მასთან სტუმრობისას დიეგო, სავარაუდოდ, შემთხვევით შეხვდა ვენესუელაში ვიზიტით ჩასულ ცხინვალის რეჟიმის ლიდერ ედუარდ კოკოითის და მასთან ფოტოც გადაუღეს, რომელმაც მსოფლიო მოიარა. როგორც იმ დღეებში ჟურნალისტი ლევან სებისკვერაძე წერდა, "დიეგოს ამ ფოტოზე ისეთი გამომეტყველება აქვს, ალბათ, დაზუსტებულად არც იცის, ვინ არის ეს კოკოითი და რა უნდა". ცხინვალის მედია იმასაც იუწყებოდა, რომ მარადონა კოკოითის მიწვევით ოსებს მოინახულებდა, მაგრამ ეს ცნობა მხოლოდ ოსებისვე რუსულენოვან საიტს შემორჩა...

მდიდარია მარადონას საფეხბურთო მემკვიდრეობა. დიეგომ შეაყვარა ფეხბურთი მილიონობით ადამიანს. ლეო მესიმ, მარადონას საქმის მთავარმა გამგრძელებელმა, მსოფლიო ფეხბურთის ნორმები დაარღვია და მარადონას გლოვის დღეებში, ესპანეთის "ოსასუნასთან" თამაშისას, როდესაც გოლი გაიტანა, "ბარსელონას" მაისური გაიხადა და შიგნიდან არგენტინის "ნიუელს ოლდ ბოიზის" მაისური გამოაჩინა, იმ დროისა, როდესაც იქ დიეგო თამაშობდა და მესიმაც სწორედ მაშინ გაიცნო მარადონა. ამით მესიმ თავისი გოლი დიეგოს მიუძღვნა.

ერთხელაც - ზეციურ მოედანზე

მარადონას თავიდანვე ადარებდნენ ფეხბურთის მეფედ აღიარებულ პელეს. შედარება გარდაუვალი იყო, რადგან ორივემ "დაიმორჩილა" მთელი საფეხბურთო სამყარო. პელე და მარადონა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებად მიიჩნეოდნენ, თუმცა კარდინალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. პელე გულშემატკივრის თვალში ყოველთვის იდეალური ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ოქროს წლებსაც მთლად შავი ლაქების გარეშე არ ჩაუვლია. პელე არ ყოფილა ახლოს ხალხთან, ხოლო მარადონა პირიქით, ბევრად ახლოს იყო გულშემატკივართან.

მესი და მარადონა

შეეძლო მისულიყო თავის ფანებთან და ისე ელაპარაკა, როგორც კოლეგებთან. უბრალო ხალხს არასოდეს უყურებდა ზემოდან და არც ჰოლივუდური ღიმილიც ჰქონია. ეს ყველაფერი გულშემატკივარმა დაუფასა, როცა XX საუკუნის დასასრულს გაიმართა ფიფას გამოკითხვა საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. გულშემატკივართა უმეტესობა მარადონა უჭერდა მხარს, მაგრამ ფიფა პელესკენ გადაიხარა, რასაც მოჰყვა გულშემატკივართა და თვით დიეგოს დიდი პროტესტი. საბოლოოდ, ჯილდო ორივე ფეხბურთელს გადაეცა. მარადონამ პელესთან ერთად აიღო ჯილდო და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო, მაგრამ დემონსტრაციულად, დასრულებამდე დატოვა დაჯილდოების ცერემონია...

ამბობდნენ, პელე და მარადონა იმისთვის გაჩნდნენ, რომ ერთმანეთის ანტიპოდები ყოფილიყვნენო, მაგრამ ასე არ არის, იმისთვის გაჩნდნენ, რომ თითოეულს თავი ფეხბურთისთვის მიეძღვნა. ამიტომაც არავის გაკვირვებია, რომ მარადონას ამ ქვეყნიდან წასვლით შეძრწუნებულმა პელემ ჟურნალისტის შეკითხვას ასე უპასუხა:

- ეჭვი არ მეპარება, ერთხელაც ზეცაში ერთად ვითამაშებთ!

ნიკა შოშიტაშვილი

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ჟურნალი "ისტორიანი".#118