კენძი დოიჰარა ადამიანი მრავალი სახით - კვირის პალიტრა

კენძი დოიჰარა ადამიანი მრავალი სახით

რუსეთ-იაპონიის ომმა (1904-1905 წწ.) მსოფლიოს ამცნო, რომ იაპონია უკვე დიდი და ძლიერი სახელმწიფოს როლზე აცხადებდა პრეტენზიას. რუსეთის დამარცხება დიდწილად განაპირობა იაპონიის დაზვერვამ. ლეგენდარული კენძი დოიჰარა (1883-1948) ამ დაზვერვის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელია.

კენძი დოიჰარას ბავშვობაზე ცნობები საკმაოდ მწირია. დაიბადა 1883 წელს ოკაიამაში. დაამთავრა სამხედრო სკოლა. ოცნებობდა წარმატებულ სამხედრო კარიერაზე, მაგრამ ოჯახის დაბალი სოციალური სტატუსი უშლიდა ხელს. დოიჰარამ გამოსავალი მაინც გამოძებნა, მან მოახერხა და იაპონიის პრინცს ლოგინში ჩაუწვინა თავისი 15 წლის და. პრინცმა სამაგიეროდ მას პეკინში იაპონიის საელჩოში სამხედრო ატაშეს მდივნის პოსტი არგუნა. ამის შემდეგ დოიჰარა სწრაფად ამაღლდა კარიერულ კიბეზე.

- ის არაფერს თაკილობდა და ეს უკვე ახალგაზრდობაში გამოჩნდა, - წერს ბრიტანელი მზვერავი და მწერალი რონალდ სიდნი სეთი, რომელმაც იაპონიის დაზვერვას მიუძღვნა ცნობილი წიგნი "საიდუმლო მსახურნი".

სიჭაბუკეში დოიჰარა შორს იდგა რომანტიკული ოცნებებისგან. მას კარგად მოეხსენებოდა, რომ ცხოვრება ჯუნგლია, ძლიერი ჭამს სუსტს. თუ არ გინდა, რომ შეგჭამონ, ძლიერი უნდა გახდე. ამიტომაც უკვე ბავშვობიდანვე ცდილობდა გათავისუფლებულიყო ისეთი "ქიმერისგან", როგორიც სინდისის ქენჯნაა.

- მიზანი ამართლებს საშუალებას! - ეს მას ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი.

მანჯურიის არმიის ქვედანაყოფები. არმიას მეთაურობდა გენერალი ჩჟან ჩონ ლინი

ნინძიუ-ცუსა და კარატეს ოსტატი

ვინც მოერევა სხვას, ის ღონიერია; ვინც მოერევა საკუთარ თავს, ის ძლიერია; ვინც შეიცნობს სხვას, ის ჭკვიანია; ვინც შეიცნობს საკუთარ თავს, ის ბრძენია! - ამბობს იაპონური ანდაზა.

ყველა სამურაის ოცნებაა გახდეს ძლიერი და ბრძენი. არც დოიჰარა ყოფილა გამონაკლისი.

ძლიერი ვერ იქნები, თუ ფოლადის კუნთები არ გაქვს, ხელჩართულ ბრძოლებს არ ფლობ და გარდასახვის უნარი არ გაგაჩნია. დოიჰარას კოლეგები სამხედრო სასწავლებლიდან ერთხმად ამტკიცებენ, რომ მას გარდასახვის გასაოცარი უნარი ჰქონდა. ჭაბუკს შეეძლო ხელთათმანივით შეეცვალა გარეგნობა, სიარული, რამდენიმე დღეში 20 კილოგრამი დაეკლო, სრულფასოვნად ფლობდა ნინძიუ-ცუს (იაპონური კომპლექსური დისციპლინა, აერთიანებს შპიონაჟის ხელოვნებას, მტრის ზურგში დივერსიული მუშაობის მეთოდიკას, თავის გადარჩენის ელემენტებს და სხვ.), შეეძლო ნებისმიერი ადამიანის ხმისთვის მიებაძა, უზადოდ ფლობდა კენ-დოს (ფარიკაობის იაპონური ხელოვნება), განსაკუთრებით კი კარატეს ეუფლებოდა.

- ამაში დიდი როლი შეასრულა კენვა მაბუნიმ, ვისთანაც დოიჰარას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, - წერს რუსი საბჭოთა მწერალი იური კოროლკოვი.

მაბუნი კარატეს სკოლა სიტო-რიუს დამაარსებელია. მისი ხელმძღვანელობით დოიჰარა დაეუფლა კატას, კუმიტეს, ტამეში-ვარის (მსხვრევის ხელოვნება). კენძის შიშველი ხელით შეეძლო გაეტეხა რამდენიმე აგური ან ხმლით შეიარაღებულ ორ გამოცდილ მებრძოლს გამკლავებოდა. დოიჰარამ მეორე დანი (თანრიგი) საკმაოდ სწრაფად მიიღო. მაბუნი მას ურჩევდა, კარატეს გაჰყოლოდა. დოიჰარა უარზე იყო:

- ჩემი მოწოდება სამხედრო საქმეა!

მისი არჩევანი მტკიცე იყო: სამხედრო კარიერა!

"სადაზვერვო აბლაბუდა"

ხელჩართული ბრძოლების გარდა, დოიჰარას ენებისადმი მიდრეკილებაც ჰქონდა. მან შეისწავლა ჩინური, ინგლისური, გერმანული, რუსული, მოგვიანებით ფრანგული, ესპანური და პორტუგალიური ენები. სულ დოიჰარა 15-მდე ენას ფლობდა. ხელჩართული ბრძოლების ოსტატი და პოლიგლოტი - ასეთი კადრი იაპონიის დაზვერვისთვის ზედგამოჭრილი იყო. მით უმეტეს, რომ დოიჰარა პირწავარდნილი შოვინისტი და დიდი იაპონიის იდეოლოგიის მიმდევარი გახლდათ. მალე სამხედრო დაზვერვაში სამსახური შესთავაზეს.

- სამსახურს მან უდიდესი ენერგიით მოჰკიდა ხელი, - წერს სეთი.

თავდაპირველად დოიჰარამ ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე შექმნა აგენტურული ქსელი. მან სწრაფად დაიჭირა ერთი ფრიად საინტერესო მომენტი: ჩინელთა უმრავლესობა მიდრეკილია ოპიუმისკენ. დოიჰარამაც თავის ხალხთან ერთად ოპიუმის მთელი პლანტაციები გააშენა. მისი ინიციატივით გამოვიდა პაპიროსი "ღამურა", რომელიც ოპიუმის მოზრდილ დოზას შეიცავდა.

- ამ პაპიროსის გაყიდვა იაპონიის ტერიტორიაზე სასტიკად იყო აკრძალული, - წერს სეთი.

ამ სიგარეტით დოიჰარა თავის აგენტებს უმასპინძლდებოდა. 2-3 თვის შემდეგ ისინი მოთავებული ნარკომანები ხდებოდნენ. ნარკომანის მართვა კი ადვილია, რადგან ის ნარკოტიკის მიმწოდებელზეა დამოკიდებული ხდება.

- ნარკოტიკების წარმოება-გაყიდვა დოიჰარასთვის გახდა როგორც გამდიდრების წყარო, ისე ძვირფასი ინფორმაციის მოპოვების საშუალება, - წერს სეთი.

დოიჰარას აგენტები გახდნენ ჩინელი გენერლები-მილიტარისტები, პრინცები, რომლებმაც რევოლუციის შედეგად ყველაფერი დაკარგეს, სხვადასხვა მარჯვე ავანტიურისტები. აგენტურული ქსელი ნელ-ნელა ფართოვდებოდა. დოიჰარა მასში აბამდა რუს თეთრგვარდიელებსაც, რომლებიც იმხანად ჩინეთში ძალზე ბევრნი იყვნენ. რუსები ოპიუმს ნაკლებად ეტანებიან. მათ არაყი ურჩევნიათ. დოიჰარაც მათ გულუხვად ამარაგებდა არყით.

მანჯოუ-გოს შექმნა

1931 წელის 19 სექტემბერი. იაპონელი ჯარისკაცები ჩინურ ქალაქს იღებენ

დოიჰარას კარიერის პიკი უდავოდ მარიონეტული სახელმწიფო მანჯოუ-გოს შექმნაა. ეს ოპერაცია დღესაც საჯაშუშო ოპერაციების კლასიკად არის მიჩნეული.

მანჯურია ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციაა. მიუხედავად ამისა, მანჯურიელებსა და სხვა ჩინურ პროვინციებს შორის მტრობა სუფევდა, რასაც სათავე საუკუნეების წინ დაედო. ჩინეთის რევოლუციისა (1911) და სამოქალაქო ომის (1927-1950) დაწყების შემდეგ მტრობა გაღვივდა. დოიჰარამაც გადაწყვიტა, ამით ესარგებლა.

ოპერაცია მანჯოუ-გოს შესაქმნელად 1925 წელს დაიწყო. თავდაპირველად კენძიმ ფსონი ჩინელ გენერალ ჩჟან ჩონ ლინზე (1875-1928) დადო. ის თავგამოდებული მილიტარისტი და უაღრესად პატივმოყვარე ადამიანი გახლდათ. დოიჰარამ ჩჟან ჩონ ლინის ბანდა შეაიარაღა, იაპონელი ჯარისკაცებით შეავსო და მანჯურიის დასაპყრობად გაუშვა. მარშალმა მანჯურია საკმაოდ ადვილად დაიკავა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კაცი, რომელიც ხელისუფლებაში იაპონელთა დახმარებით მოვიდა, მათი მარიონეტი არ იქნებოდა. ჩჟან ჩონ ლინმა სწრაფად დაამყარა წესრიგი, ალაგმა ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ნარკოვაჭრობა. მექრთამეობისთვის ხალხს ხეებზე თავუკუღმა ჰკიდებდა. მალე ამ სასტიკი, პატივმოყვარე ადამიანის კონტროლი შეუძლებელი გახდა.

- ჩჟან ჩონ ლინი უნდა მოკვდეს! - ასეთი იყო დოიჰარას ვერდიქტი.

დაიწყო მარშლის ლიკვიდაციის გეგმის დამუშავება. ამ დროს დოიჰარას უნებლიე მხსნელად საბჭოთა რუსეთი მოევლინა. კენძის მოახსენეს, რომ რუსები ჩინელი მარშლის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. შეიტყო ისიც, თუ სად და როდის მოხდებოდა ტერაქტი. კენძი მოვალე იყო, მარშლისთვის ყოველივე მოეხსენებინა. მან ეს არ გააკეთა.

- საბჭოთა დაზვერვამ ჩჟან ჩონ ლინი თავის მატარებელში ააფეთქა, - წერს სეთი.

ამის შემდეგ მანჯოუ-გოში ქაოსი დაიწყო. იაპონიის არმიამ ამით ისარგებლა. 1931 წელს ამომავალი მზის ქვეყნის ჯარი მანჯურიაში შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა. ქვეყნის ფორმალური მმართველი ჩინეთის ყოფილი იმპერატორი პუი გახდა, რეალურ ძალაუფლებას კი იაპონელი გენერლები ფლობდნენ.

ტრანსნაციონალური "ქსელი"

იმპერატორი პუი და მისი მეუღლე ვანჟუნი (1930-იანი წლები)

მანჯოუ-გოს შექმნა დოიჰარას უდიდესი გამარჯვება იყო. ბევრი ამას ლოურენსის არაბთა აჯანყებას ადარებს. ამ ნაბიჯით იაპონია საბოლოოდ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო აზიაში.

დოიჰარამ თავისი აგენტურული ქსელი გააფართოვა. ჩინელების გარდა, მასში რუსი თეთრგვარდიელებიც შედიოდნენ. კერძოდ, ატამან გრიგორი სემიონოვის დაჯგუფება. სემიონოვი თავგამოდებული მონარქისტი იყო და 1918-1920 წლებში ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა. შორეულ აღმოსავლეთში სემიონოვს ბევრი მომხრე ჰყავდა. მისი მეშვეობით დოიჰარამ აგენტურა გააძლიერა. ახლა მას მსტოვრები ჰყავდა ვლადივოსტოკში, ხაბაროვსკში, ნახოდკაში, ჩიტაში, შემდეგ ირკუტსკში, ომსკში, ჩელიაბინსკში. ცალკეული ცნობით, დოიჰარას ქსელმა მოსკოვამდე მიაღწია.

მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა დოიჰარას უკრაინელი ნაციონალისტების ბელად ევგენი კონოვალეცთან (1891-1938). კონოვალეცი დასავლეთ უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა. 1918-1920 წლებში იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. მას შემდეგ, რაც უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა სიმონ პეტლიურამ (1877-1926) პოლონეთთან ალიანსი შეკრა, კონოვალეცი მას ოპოზიციაში ჩაუდგა. 1921 წელს მან პრაღაში შექმნა უკრაინული სამხედრო ორგანიზაცია (УВО. შემდგომ უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია ОУН). ფილიალები ჰქონდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის გერმანიის, ჩეხოსლოვაკიის, კანადის, აშშ-ისა და სსრკ-ის ტერიტორიაზე. კონოვალეცმა წამოაყენა პირობა:

- ჩვენ საბჭოთა იმპერიის წინაღმდეგ იდეური მებრძოლები ვართ. ეს ერთი. მეორე: ოუნსა და იაპონიის დაზვერვას შორის უნდა ხდებოდეს ინფორმაციის გაცვლა და არ უნდა იყოს დამოკიდებულება, როგორც აგენტსა და მის პატრონს შორის.

დოიჰარა დათანხმდა. მისი დახმარებით კონოვალეცმა მანჯოუ-გოს ტერიტორიაზე შექმნა გასამხედროებული უკრაინული ორგანიზაცია "სეჩი" (ზოგიერთ წყაროებში - "შორეული აღმოსავლეთის სეჩი"). ამის შემდეგ ციმბირსა და შორეული აღმოსავლეთში ოუნის იატაკქვეშა ფილიალები შეიქმნა. კონოვალეცმა პირობა შეასრულა. მისი მეშვეობით ოუნი იაპონელებთან ინფორმაციას ცვლიდა. მალე უკრაინელთა დახმარებით დოიჰარამ გაიჩინა ინფორმატორები ლვოვში, კრაკოვში, ვარშავაში. მოგვიანებით აგენტურა გაიჩინა კიევში, ხარკოვში, ოდესაში.

ამრიგად, დოიჰარას ჰყავდა აგენტურა ჩინეთში, სსრ კავშირში, პოლონეთში. შემდგომ ამას დაემატა ჩეხეთი, გერმანია, ინგლისი, აშშ, კანადა. დავუმატოთ ამას ნარკოპლანტაციები და დოიჰარას გავლენაც ცხადი გახდება.

ავიამზიდ "ბანკერ ჰილზე" კამიკაძე მფრინავის იერიშის შედეგად 30 წამში 372 ადამიანი დაიღუპა და 264 დაშავდა (1945 წლის 11 მაისი)

გაშიფრული ზორგე

1933 წელს გერმანიის ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი მოვიდა. იაპონია-გერმანიის თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდა.

კენძი დოიჰარა ბერლინში ჩავიდა და პირადად შეხვდა ადმირალ ვილჰელმ კანარისს. დოიჰარამ მოახსენა მას გერმანიის სამხედრო ატაშე ოიგენ ოტის შესახებ, რომლის გვერდითაც სიმპათიური ახალგაზრდა ჟურნალისტი რიხარდ ზორგე იმყოფებოდა. ოფიციალურად ის გაზეთ "ფრანფურკერ ცაიტუნგის" კორესპონდენტი გახლდათ. ტოკიოში ზორგეს ოტთან ახლო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა.

- დიდი ხანია ზორგე თქვენთვის მუშაობს? - დაინტერესდა დოიჰარა.

- საიდან მოიტანეთ, რომ ჩვენთვის მუშაობს? - შეეკითხა კანარისი.

- ყველა ჟურნალისტი, ასე თუ ისე, სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული, - გაიცინა იაპონელმა, - სხვაგვარად ვერც ტოკიოში მოხვდებოდა, ვერც გერმანიის სამხედრო ატაშესთან ექნებოდა ესოდენ ახლო ურთიერთობა.

- თქვენ იცით, ეს ზორგე ვინ არის? - კანარისს ღიმილი გაუქრა.

- დიახ, ოდესღაც გერმანიის კომპარტიის წევრი და მისი ბელადის, ერნსტ ტელმანის ახლო მეგობარი იყო. შემდეგ რუსეთში გაიქცა. რამდენჯერმე ევროპაში გამოჩნდა. რამდენიმე წლის წინ კი ჩინეთში საქმიანობდა. კავშირები აქვს როგორც ჩინეთის, ისე იაპონიის მმართველ წრეებთან.

- ის ჩვენთვის არ მუშაობს, - კანარისმა თითები ერთმანეთს გადააჭდო.

- აბა, ვისთვის?

- სავარაუდოდ, სდ-სთვის (ჰიტლერელთა უშიშროების სამსახური).

- რატომ?

- ზორგეს კერძო მიმოწერა აქვს ნაცისტური პარტიის მაღალი რანგის ფუნქციონერ ულრიხ ფონ რიტგენთან, - კანარისი წამით გაჩუმდა, - რიტგენი ამ ინფორმაციას უშუალოდ ვალტერ შელენბერგს უზიარებს.

- ხომ არ გგონიათ, რომ ზორგე რუსებთანაც არის დაკავშირებული?

- შესაძლოა, - კანარისი ჩაფიქრდა, - ის საერთაშორისო კლასის ავანტიურისტია.

საიდან იცოდა დოიჰარამ ზორგეს შესახებ? დანამდვილებით ამის თქმა დღესაც ძნელია. ბევრი მკვლევარი ვარაუდობს, რომ იაპონელებს ამის თაობაზე დიდმოხელე ჩეკისტმა გენრიხ ლიუშკოვმა აცნობა. ის 1938 წელს მანჯოუ-გოში გაიქცა. შესაძლოა ლიუშკოვმა ზორგეს შესახებ მართლაც იცოდა რამე, ანდა დოიჰარამ მის შესახებ სხვა წყაროებიდან შეიტყო. ასეა თუ ისე, ფაქტია: კენძიმ ზორგე გაშიფრა და შემდეგ მასთან თამაშიც წამოიწყო.

ტოკიოში დაბრუნებულმა დოიჰარამ ზორგეზე მეთვალყურეობის გაძლიერება ბრძანა. მალე დადასტურდა, რომ ზორგე (აგენტურული მეტსახელი რამზაი) რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) რეზიდენტიცაა. 1937 წელს სტალინმა გრუ-ში, ისევე როგორც საერთოდ ქვეყანაში, წმენდა ჩაატარა. დააპატიმრეს და დახვრიტეს ზორგეს მასწავლებელი, გრუ-ს შემქმნელი იან ბერზინი (ნამდვილი გვარი კიუზისი). 1936-1937 წლების სისხლიანი ქარბორბალას დროს ზორგეს ბევრი მეგობარი დაიღუპა. თავად ზორგემ მოსკოვში დაბრუნების ბრძანება მიიღო, მაგრამ არ შეასრულა.

- სტალინმა ბრძანება გასცა, ზორგეს ყველა შეტყობინება საგანგებოდ შეამოწმონ, - მოახსენეს დოიჰარას.

დოიჰარას მოქმედების გეგმა უკვე მოფიქრებული ჰქონდა. აგენტის დაპატიმრება ადვილია. გაცილებით ძნელია აიძულო, შენთვის იმუშაოს, თანაც ისე, რომ არაფრის აინუნში არ იყოს. ახლა დოიჰარას ეს ზორგესთან უნდა მოეხერხებინა.

ტოკიოს ტრიბუნალი

* * *

ოიგენ ოტი იაპონიაში გერმანიის ელჩად დაინიშნა. რიხარდ ზორგე მისი მრჩეველი გახდა. მას უნიკალურ ინფორმაციაზე მოუწვდებოდა ხელი. დოიჰარაც შეეცადა, ზორგეს საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონოდა.

მალე იაპონიის დაზვერვამ უჩუმრად დააპატიმრა ზორგეს ჯგუფის წევრი იაპონელი მხატვარი იოტოკუ მიაგი. სათანადო დამუშავების შემდეგ მიაგი იაპონელებისთვის მუშაობას დათანხმდა. მიაგის შემდეგ მიზანში ამოიღეს ზორგეს ჯგუფის სხვა წევრებიც და ყველა მათგანი დაითანხმეს.

ამის შემდეგ დაიწყო თამაში უშუალოდ ზორგესთან. დოიჰარა საამისოდ გულმოდგინედ მოემზადა. პირველი "დეზა", რომელიც ზორგეს მიუგდეს, მარშალ ვასილი ბლიუხერზე შეთითხნილი ინფორმაცია იყო. ტოკიოში ბლიუხერი საშიშ მტრად მიაჩნდათ. ზორგემაც მოსკოვში გადასცა ცნობა ბლიუხერის იაპონელებთან კავშირის შესახებ. მალე მარშალი დააპატიმრეს, აწამეს და დახვრიტეს.

ზორგე არსებითად იაპონელთა კონტროლქვეშ განაგრძობდა მუშაობას. როგორც ცნობილია, მან სტალინს შეატყობინა, რომ გერმანია რუსეთს 1941 წლის 22 ივნისს დაესხმებოდა თავს. ამავე დროს, მან გადასცა მოსკოვში ინფორმაცია, რომ იაპონია რუსეთს ომს არ გამოუცხადებდა. ამას იმხანად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

სსრკ-გერმანიის ომი უკვე მძვინვარებდა. წარმატებით გაბრუებული ნაცისტები მოსკოვისკენ მიიწევდნენ. ზორგეს ინფორმაციაზე დაყრდნობით სტალინმა შორეული აღმოსავლეთიდან დივიზიები მოხსნა და მოსკოვთან გადაისროლა. ამან მოსკოვისთვის ბრძოლაში დიდი როლი ითამაშა.

იაპონია ამჯერად თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. ახლა პერლ-ჰარბორზე მდებარე ამერიკელთა ბაზაზე დარტყმაც შეიძლებოდა. ასე დაიწყო იაპონია-აშშ-ის ომი.

რაც შეეხება ზორგეს, მან საკუთარი თავი ამოწურა. იაპონელებმაც ის დააპატიმრეს, გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

- ზორგე 1941 წელს დააპატიმრეს. ჩამოხრჩობთ კი მხოლოდ 1944 წელს ჩამოახრჩვეს. იაპონია სსრკ-თან ომის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ისმის კითხვა, მისი გაცვლა რატომ არ მოხდა? - წერს საბჭოთა მწერალი იულიან სემიონოვი.

ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა ევროპაში გრუ-ს სადაზვერვო ქსელის შეფმა ლეოპოლდ ტრეპერმა თავის წიგნში "დიდი თამაში". ის წერს, რომ იაპონელებმა სტალინს რამდენჯერმე მიმართეს, მზად ვართ, ზორგე ასეთივე რანგის რომელიმე იაპონელ მზვერავში გავცვალოთო. რუსების პასუხი უცვლელი იყო:

- მზვერავი გვარად ზორგე ჩვენთვის უცნობია!

1944 წლის 7 ნოემბერს იაპონელებმა ზორგე ჩამოახრჩვეს.

კამიკაძეთა მოძრაობა

დოიჰარას კარიერა აღმავალი გზით მიდიოდა. ის იყო მანჯურიაში დისლოცირებული მე-5 არმიის სარდალი, სამხედრო აკადემიის თავკაცი, უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი. გადიოდა დრო. იაპონია-აშშ-ის ომი გაჭიანურდა და მრავალი სიცოცხლე შეიწირა.

1942 წლისთვის ამერიკელებმა იაპონელებს რამდენიმე მძიმე მარცხი აგემეს. ერთმა გენერალმა იხუმრა: ახლა მხოლოდ ღვთიური ქარი ანუ კამიკაძე თუ გვიხსნისო.

- როცა თავის დროზე იაპონიას მონღოლთა ფლოტი მიადგა, ტაიფუნი ამოვარდა და მონღოლთა ფლოტი ჩაძირა! ჩვენმა წინაპრებმა ამ ტაიფუნს კამიკაძე ანუ ღვთიური ქარი უწოდეს. მაშინ უფალმა იაპონია იხსნა. ნუთუ ახლა გაგვწირავს?

ასე დაიბადა კამიკაძეთა მოძრაობის იდეა. დოიჰარა მისი ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. ამჯერად კამიკაძის როლი იაპონელმა მფრინავებმა იკისრეს. ისინი თავიანთი თვითმფრინავებით მტრის სამხედრო ხომალდს ეცემოდნენ, თავადაც ფეთქდებოდნენ და გემსაც აფეთქებდნენ.

- ესეც ღვთიური ქარი...

კამიკაძეებს რიგი მოთხოვნები უნდა შეესრულებინათ. პირველ რიგში, კამიკაძეობა ნებაყოფლობითი იყო. მფრინავს წინასწარ ეუბნებოდნენ, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. მასაც უნდა გაეცა პასუხი, მზად არის თუ არა, სამშობლოსთვის თავი გაწიროს. ამას გარდა, კამიკაძე არ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთადერთი შვილი.

დავალებაზე გაგზავნის წინ კამიკაძეს ერთ ჭიქა საკეს ასმევდენ. ის ჯდებოდა თვითმფრინავში, პატარა წრეს დაარტყამდა, თითქოს სამშობლოს ეთხოვებოდა. შემდეგ დავალების შესასრულებლად მიემართებოდა.

- პირველი კამიკაძეები იაპონელებმა 1944 წელს გამოიყენეს, - წერს საბჭოთა რუსი მწერალი იური კოროლკოვი.

1945 წლისთვის იაპონიამ უკვე 255 კამიკაძე მოამზადა. თუმცა ეს თავგანწირვა უაზრო იყო. მილიტარისტული იაპონია კანონზომიერი კრახისკენ მიექანებოდა. არავითარ კამიკაძეებს მისი ხსნა არ შეეძლოთ.

ღვიძლის მჭამელები...

რაც უფრო უარესდებოდა მდგომარეობა ფრონტზე, მით უფრო მხეცდებოდნენ იაპონელი ოფიცრები. ეს კენძი დოიჰარასაც შეეხება. მისი ბრძანებით ტყვე ამერიკელებზე ცდებს ატარებდნენ, თხრიდნენ თვალებს, აჭრიდნენ ყურებს და ა. შ.

- განსაკუთრებით ამაზრზენი იყო ცოცხალი ადამიანისთვის ღვიძლის ამოჭრა და მისი ჭამა, - წერს კოროლკოვი.

აღმოსავლური მითოლოგიის თანახმად, თუ მტერს მოკლავ, ღვიძლს ამოაჭრი და შეჭამ, მისი ძალა შენზე გადმოვა. იაპონელი გენერლებიც ტყვე ამერიკელ ჯარისკაცებს ღვიძლს აჭრიდნენ და ჭამდნენ. გამონაკლისი არც დოიჰარა იყო. ისიც ტყვე ამერიკელი ჯარისკაცების ღვიძლს მიირთმევდა.

- ალბათ ამიტომაც გამოსცადეს ამერიკელებმა იაპონელებზე ატომური ბომბი. ეს ერთგვარი შურისძიება იყო, - წერს იულიან სემიონოვი.

აშშ-ის არმიის სერჟანტი ჯონ ვუდზი

აღსასრული

ომი დასასრულს მიუახლოვდა. გენერალი დოიჰარაც იარაღით ხელში იცავდა იაპონური იმპერალიზმის ინტერესებს. ზოგიერთი პუბლიცისტი წერს, რომ ამ დროს ის ნარკოტიკებს მიეძალა. ეს არ არის სწორი. დოიჰარა არ სვამდა, არ ეწეოდა, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა და სიცოცხლის უკანასკნელ მომენტამდე შესანიშნავ ფორმაში იყო.

1945 წლის 2 მაისს დაეცა ბერლინი. 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. იაპონია კი დანებებას არ აპირებდა და ბრძოლას განაგრძობდა.

- ამერიკელებმაც იაპონიას ატომური ბომბი დასცხეს. ხიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიაზე დღეს მთელი ბიბლიოთეკებია დაწერილი, - წერს ფრანგი ჟურნალისტი ალენ ბიუჟალი.

6 და 9 აგვისტოს ბირთვულმა ბომბარდირებამ ომისა და იაპონიის ბედი გადაწყვიტა. ქვეყნის კაპიტულაციიდან 10 დღის შემდეგ, 12 სექტემბერს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა იაპონიის გენშტაბის უფროსმა და არმიის მინისტრმა, ფელდმარშალმა ჰაძიმე სუგიამამ. დოიჰარა ერთხანს ე.წ. პირველი სარდლობის მეთაური გახდა. ეს გახლდათ სახმელეთო ჯარების ჯგუფი, რომლის ამოცანა იაპონიის კუნძულების დაცვა იყო. რამის შეცვლა მას აღარ შეეძლო და კაპიტულაციის შემდეგ ჯარები მართლწესრიგს იცავდნენ საოკუპაციო ჯარების შემოსვლამდე. კენძი დოიჰარა ამერიკელებმა დაატყვევეს.

გენერალს თავი ღირსეულად ეჭირა. ის სხვა იაპონელ სამხედრო დამნაშავეებთან ერთად ტოკიოს ტრიბუნალის წინაშე წარდგა. დოიჰარას ბრალი დასდეს ადამიანების გატაცებაში, მკვლელობებში, ტყვეებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში. ეს კი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. დოიჰარამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ტრიბუნალმა მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა.

გენერალმა განაჩენი მშვიდად მოისმინა. მის სახეზე ერთი ნაკვთიც არ შეტოკებულა.

* * *

სიკვდილმისჯილთან მღვდელი მიდის, რათა უკანასკნელი აღსარება ჩაიბაროს. ამერიკელებს დოიჰარას აღსარება განსაკუთრებით აინტერესებდათ, აღიარებდა კი ჩადენილ ამაზრზენ დანაშაულებს?

სასულიერო პირს დოიჰარა მშვიდად ესაუბრა. შეკითხვაზე, თავს დამნაშავედ გრძნობთ თუ არაო, მიუგო:

- არა!

- თქვენს კისერზე უამრავი ადამიანის სიცოცხლეა!

- ყველა სამშობლოსთვის იბრძვის, - მიუგო დოიჰარამ, - მე იაპონელი ვარ და მსურდა, იაპონია მსოფლიოში უძლიერესი ქვეყანა ყოფილიყო. ჩვენ დავმარცხდით. გამარჯვებულებმა გაგვასამართლეს. რას იზამ, დამარცხებულის ბედი ასეთია.

- თქვენ ბევრი ადამიანი დაღუპეთ.

- ამერიკელებმა არანაკლები ცოდვა ჩაიდინეს! ხიროსიმასა ან ნაგასაკის დაბომბვა რად ღირს! ასე რომ, არ გინდათ. ომის დროს მორალზე არავინ ლაპარაკობს! ომი სიკეთისა და ჰუმანიზმის დასასრულია. ჩვენ ამერიკელებს არ ვინდობდით, არც ისინი გვინდობდნენ.

- და ასეთი აზრებით გინდათ მოკვდეთ? ჩადენილ ცოდვებს არ მოინანიებთ?

- რა არის სიკვდილი? ეს სიცოცხლის გაგრძელებაა. არ არსებობს არავითარი განსხვავება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

* * *

1948 წლის 22 დეკემბერს სუგამოს ციხის ეზოში გენერალი კენძი დოიჰარა ჩამოახრჩვეს. განაჩენი სისრულეში ამერიკული არმიის სერჟანტმა ჯონ ვუდზმა მოიყვანა, მან, ვინც ნიურნბერგში ნაცისტი დამნაშავენი ჩამოახრჩო.

დოიჰარა სახრჩობელაზე თავაწეული ავიდა. სიკვდილის წინ ითხოვა, ნება მომეცით თვალხილული მოვკვდეო. სურვილი შეუსრულეს. როცა კისერზე ყულფი ჩამოაცვეს, შესძახა:

- იაპონიას გაუმარჯოს!

რამდენიმე წუთში მისი სხეული მძიმედ ჩამოეკიდა თოკზე...

კენძი დოიჰარა იმ სისტემის სისხლხორცეული ნაწილი იყო, რომელსაც მილიტარისტული იაპონია ერქვა და რომელიც ომში დამარცხებამ დაასამარა. დოიჰარაც ამ ქვეყნიდან უნდა წასულიყო. მისი სიკვდილი სავსებით კანონზომიერი იყო.

იაპონიის ქალაქ ნაგოიას გარეუბანში 1960 წელს გახსნეს მემორიალი, სადაც წერია, რომ იქ განისვენებს სამშობლოსთვის დაღუპული შვიდი წამებული... ამ ადამიანებს სიკვდილი ტოკიოს ტრიბუნალმა მიუსაჯა. მათ შორის არის კენძი დოიჰარაც.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი".#118