იძულებით გასაბჭოებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები
იძულებით გასაბჭოებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები
ფოტო: საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბი (1921 წ.)
რა სახელმწიფო ჯილდოები გააჩნდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას

საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების (1921 წ.) შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ოფიციალურად ეწოდა - "საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა". საგულისხმოა, რომ სახელმწიფოებრიობის დანარჩენ ატრიბუტებთან (დროშა, გერბი, ჰიმნი, ვალუტა) ერთად, საქართველოს სსრ-ს თავისი არსებობის საწყის ეტაპზე გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო ჯილდოებიც, კერძოდ, ორდენები, რომლებიც მონოგრაფიულად გვაქვს შესწავლილი ჩვენს წიგნში: "ქართული ფალერისტიკა/ჯილდოთმცოდნეობა" (თბილისი, 1995).

1917 წლის ოქტომბერში რუსეთში მომხდარი სახელმწიფო
გადატრიალების შემდეგ საიმპერიო ჯილდოები გაუქმდა. იმავე წლის 10 ნოემბერს მიიღეს დეკრეტი "წოდებებისა და სამოქალაქო ჩინების გაუქმების შესახებ".

1918 წლის 16 სექტემბერს რუსეთის სფსრ-ში დაწესდა პირველი საბჭოთა ჯილდო - "წითელი დროშის ორდენი". მისი დაწესების დეკრეტში ნათქვამი იყო, რომ ამ ორდენით უნდა დაჯილდოებულიყვნენ ამ ქვეყნის ის მოქალაქენი,
რომლებიც გამოავლენდნენ "განსაკუთრებულ მამაცობას და მხნეობას უშუალოდ საბრძოლო საქმიანობაში".

რსფსრ-ის კვალდაკვალ, საკუთარი ჯილდოები შემოიღეს დანარჩენმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც. 1920-1921 წლებში დაწესდა: აზერბაიჯანის სსრ-ის "წითელი დროშის ორდენი", სომხეთის სსრ-ის "ვერცხლის ვარსკვლავისა" და "წითელი ვარსკვლავის" ორდენები, ხორეზმის სსრ-ის "წითელი დროშისა" და ბუხარის სსრ-ის "წითელი ვარსკვლავის" ორდენები.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების საკითხი დაისვა საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოებისთანავე.

1921 წლის 9 ნოემბერს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დაამტკიცა მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ შემუშავებული საქართველოს სსრ-ის წითელი დროშის ორდენის პროექტი.

ქართული წითელი დროშის ორდენი საკმაოდ საინტერესოა მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით. ის დამზადებულია ვერცხლისგან და წარმოადგენს მრგვალი ფორმის საბრძოლო ფარს, რომლის შუაგულშიც, ასევე მრგვალ ჩარჩოში ვხვდებით ოქროთი მოვარაყებულ ზედწერილს "სსსრ" (იშიფრება, როგორც "საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა").

ლავრენტი ბერია მარშლის მუნდირით. სხვა ჯილდოებთან ერთად მას მკერდზე მიბნეული აქვს საქართველოს სსრ წითელი დროშის ორდენი (მარცხნივ, ზემოდან მეორე)

ფარის მარცხენა მხარეს დევს უქარქაშო მახვილი, ფარის ზედა ნაწილში კი გამოსახულია წითელი მინანქრით დაფარული ხუთქიმიანი ვარსკვლავი. მის ცენტრში მოთავსებულია ნამგალი და ურო - სიმბოლური გამოსახვა მუშათა და გლეხთა კავშირისა. ფარის უკანა პლანზე გამოკვეთილია მარჯვნივ დახრილი, ოქროს ბუნიკიანი წითელი დროშა. ვარსკვლავის მსგავსად, დროშაც წითელი ფერის მინანქრით არის დაფარული. დროშაზე წარწერაა - "პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!"

ქართული საბჭოთა წითელი დროშის ორდენი ერთ-ერთი ორიგინალური და საუკეთესოა დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკების ორდენებს შორის. მიუხედავად ბოლშევიკური ატრიბუტებისა, ამ ჯილდოზე სიმბოლურად არის აღბეჭდილი ქართველი ერის სახელოვანი საბრძოლო წარსული. ორდენის ეროვნული სახე შესაძლოა, ერთგვარი დიპლომატიური სვლა იყო იმ ძალების გულის მოსაგებად, რომლებიც უკმაყოფილო დარჩნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციითა და ძალდატანებითი გასაბჭოებით. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქართველოს თვითმარქვია ბოლშევიკურ მთავრობას ამით თავისი ვითომდაც ეროვნულობის ხაზგასმა სურდა.

აქ შეიძლება პარალელის გავლება ბოლშევიკური რეჟიმის თავდაპირველ ლიბერალურ დამოკიდებულებასთან ქართული ფულის ნიშნის მიმართ. მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ე.წ. რევკომს არა მხოლოდ არ შეუწყვეტია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონების მიმოქცევა, არამედ 1922 წლამდე განაგრძობდა ყველაზე მსხვილი - 5.000-მანეთიანი ბონის კუპიურების გამოშვებას.

ქართული საბჭოთა წითელი დროშის ორდენით დაჯილდოება გაგრძელდა სსრკ-ის შექმნის (1922 წლის 30 დეკემბერი) შემდეგაც და შეწყდა 1924 წლის აგვისტოს დასაწყისიდან.

ეს ჯილდო სხვადასხვა დროს მიიღეს რევოლუციონერებმა მიხეილ ბებურიშვილმა, ტარასი მგალობლიშვილმა, შაქრო ფალავანდიშვილმა, სიმონ ხმალაძემ და სხვებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს იძულებით გასაბჭოებასა და ბოლშევიკური რეჟიმის განმტკიცებისთვის ბრძოლაში.

1922 წლის აგვისტოში ხევსურეთში მომხდარი ანტისაბჭოთა სახალხო აჯანყების სისხლში ჩახშობისას თავი გამოიჩინეს ქართველმა ბოლშევიკებმა. ამისთვის საქართველოს სსრ-ის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდნენ: პირველი ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური (საექსპედიციო რაზმის უფროსი) სამსონ ლექვთაძე; დივიზიაში შემავალი ლეგიონების მეთაურები: იოსებ ბრეგვაძე, ვალერიან კილაძე, ალექსანდრე მამულაშვილი, ქართული სამხედრო სკოლის უფროსი ილარიონ ტალახაძე, ამავე სკოლის კომისარი ბორის ძნელაძე, სასწავლო ათასეულის სამხედრო კომისარი ალექსანდრე ობოლაძე, ათასეულის პოლიტხელი ვიქტორ კაჭარავა და თბილისის ქვეითთა სამხედრო სკოლის უფროსი ნიკოლოზ ბიაზი. საერთო ჯამში, ამ ორდენით დაჯილდოვდა 46 ადამიანი.

1924 წლის 1-ლ აგვისტოს, სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) დადგენილებით, დაწესდა საერთო-საკავშირო სამხედრო ჯილდო - "წითელი დროშის ორდენი". ამის შემდეგ, მოკავშირე რესპუბლიკების წითელი დროშისა თუ სხვა ორდენებით მოქალაქეთა დაჯილდოება შეწყდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მანამდე გაცემული რესპუბლიკური სამხედრო ორდენები საერთო-საკავშირო წითელი დროშის ორდენზე არ გადაუცვლიათ.

1933 წლის 13 აგვისტოს დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ მოკავშირე რესპუბლიკების საბრძოლო ორდენები, მათი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ გადაიცვლება სსრკ-ის წითელი დროშის ორდენზე, ხოლო ხსენებულ ჯილდოთა კავალრებს ენიჭებათ ისეთივე უფლებები და პრივილეგიები, როგორიც აქვთ სსრკ-ის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოებულთ.

1924 წლის 28 დეკემბერს, რსფსრ-ში დაწესდა "შრომის წითელი დროშის ორდენი". ეს ჯილდო განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც "გამოავლენდა განსაკუთრებულ თავდადებასა და ინიციატივას, შრომისმოყვარეობასა და ორგანიზებულობას სამეურნეო ამოცანათა გადაწყვეტისას".

საქართველოს სსრ სახელმწიფო დროშა (1951 წ.)

შრომის წითელი დროშის ორდენი, როგორც სამეურნეო ხასიათის ჯილდო, სხვადასხვა დროს შემოიღეს მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკებშიც.
საქართველოს სსრ-ის "შრომის წითელი დროშის ორდენი", როგორც სამეურნეო ჯილდო - 1928 წელს დაწესდა. იოსებ შარლემანის ესკიზის მიხედვით ვერცხლისგან დამზადებული ეს ჯილდო წრიული ფორმისაა. მისი გარე ზედაპირი შემკულია მოოქრული პატარა სამკუთხედებით. ცენტრში გამოსახულია წითელი მინანქრის თხელი ფენით დაფარული გაშლილი დროშა შემდეგი მოოქრული ზედწერილებით: "სსსრ" და "პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!"

დროშის ზემოთ წითელი მინანქრით დაფარული ხუთქიმიანი ვარსკვლავია, ზედვე რელიეფურად გამოკვეთილი ოქროს ნამგლითა და უროთი. დროშის ქვემოთ, ცენტრში გადაშლილი წიგნია, რომლის მარცხნივ შრომის იარაღები - ბარი, გუთნის ფრთა, მარჯვნივ კი გემის ღუზაა გამოსახული.

1928 წლის 7 სექტემბერს, სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით დაწესდა საერთო-საკავშირო შრომის წითელი დროშის ორდენი. ამის მიუხედავად, მოკავშირე რესპუბლიკებში არათუ არ შეწყვეტილა მოქალაქეთა ადგილობრივი შრომითი ორდენებით დაჯილდოება, არამედ, ზოგან ახალი ნიმუშის შრომითი ორდენიც შემოიღეს. ახალი ნიმუშის შრომითი ორდენი საქართველოშიც დაწესდა.

1931 წლის 31 დეკემბერს საქართველოს სსრ-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება (კანონთა კრებული #7, მუხლი 54) "საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის ორდენის სტატუტის დამტკიცების შესახებ", რომლის პირველი პუნქტში ნათქვამი იყო:

"1. საქართველოს სსრ-ის წინაშე წარმოების, სამეცნიერო მოღვაწეობის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი სამსახურის სფეროში განსაკუთრებულ დამსახურებათა აღსანიშნავად არსდება "საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის ორდენი".

ეს ჯილდო, რომლის ესკიზის ავტორიც მხატვარი იოსებ შარლემანია, ვერცხლისგან არის დამზადებული. ორდენის ცენტრში გამოსახულია წითელი მინანქრით დაფარული ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც მოთავსებულია ერთ-ერთი შრომის იარაღის კბილანებიანი დეტალის შუაგულში. ამ დეტალის კბილანებზე წარწერაა "ს. ს. ს. რ.". ვარსკვლავის ქვემოთ მოჩანს ფაბრიკისა თუ ქარხნის კონტურები. ორდენის მარჯვნივ ოდნავ დახრილი ბუნიკიანი დროშაა ზედწერილით: "პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!" დროშა წითელი მინანქრის ფენითაა დაფარული. ორდენის მარცხენა მხარეს ხორბლის თავთავებია გამოსახული. თავთავებსა და დროშას შორის, ორდენის ქვედა ნაწილში, ნამგლისა და უროს გადაჯვარედინებული გამოსახულებაა გამოკვეთილი.

თუ საქართველოს სსრ-ის წითელი დროშის ორდენს თავისი ორიგინალური, მეტ-ნაკლებად ეროვნული სახე გამოარჩევდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ანალოგიური წარჩინების ნიშნებისგან, ეს აღარ ითქმის ქართულ შრომის წითელი დროშის ორდენზე. ამ ჯილდოს, როგორც ძველი (1928 წლის), ასევე ახალი (1931 წლის) ნიმუშის ქართულობაზე მხოლოდ იმდენად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენადაც მათზე მხოლოდ ქართული წარწერები გვხვდება. რაც შეეხება ორდენის საერთო გარეგნულ სახეს, იგი ტიპური საბჭოური ჯილდოა, რომელიც თითქმის ტყუპისცალივით წააგავს დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკების შრომით ორდენებს.

ქართული საბჭოთა შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერთა შორის არიან: ესტატე ბუხრიკიძე, სტეფანე ზაქრაძე, სიმონ ხმალაძე და სხვები.
სტალინური პრემიის ლაურეატის მედალი
მხოლოდ 1931 წელს, საქართველოს სსრ-ის ცაკ-ის პრეზიდიუმის დადგენილებით, ხსენებული ორდენით 104 კაცი დაჯილდოვდა. მათ შორის იყვნენ: ბ. მაჩაიძე, გ. ყურულაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ს. ბუაჩიძე, ვ. ჯაში და სხვ. ეს ჯილდო გადაუციათ ძველი ბოლშევიკის - ა. კაციტაძისთვისაც.
ამ წარჩინების ნიშნით სხვადასხვა დროს დაუჯილდოებიათ ცალკეული დაწესებულებები თუ კოლექტივები, აგრეთვე, "საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირი".

საერთო ჯამში, ამ ორდენით დაჯილდოვდა 201 კაცი.

30-იან წლებში საქართველოს სსრ-ის ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეებს "შრომის გმირის" წოდებასაც ანიჭებდა.
1934 წლის 25 მაისს გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია: "საქართველოს ცაკ-ის 1934 წლის მაისის 14-ის დადგენილებით (ოქმი #5, მუხ. 20), ამხ. გიორგი გაბოს ძე მაისურაძეს მინიჭებული აქვს შრომის გმირის წოდება". ამ მოწმობას ხელს აწერენ საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საქმეთა მმართველი ვ. გოგობერიძე და საოქმო ნაწილის გამგე ი. როსტომაშვილი.

საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშით დაჯილდოება გრძელდებოდა 1936 წლის ივნისამდე. 11 ივნისს დაწესდა სსრ კავშირის ახალი ნიმუშის შრომის წითელი დროშის საერთო-საკავშირო ორდენი, რომელმაც თავისი გარეგნული სახე სსრკ-ის დაშლამდე შეინარჩუნა. აღნიშნული წარჩინების ნიშნის დაწესების შემდეგ, მოკავშირე რესპუბლიკებში და მათ შორის საქართველოშიც შეწყდა მოქალაქეთა საკუთარი შრომითი ორდენებით დაჯილდოება.

ქართული საბჭოთა ორდენებით დაჯილდოების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოში სახელმწიფო ჯილდოთა როლის შესრულება დაეკისრა

საერთო-საკავშირო ორდენებსა და მედლებს. ამ წარჩინების ნიშნებით მრავალი ქართველია დაჯილდოებული.

სსრკ-ის სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით ქართველთა დაჯილდოება ამ სახელმწიფოს დაშლამდე გრძელდებოდა.
სსრკ-ის რამდენიმე სახელმწიფო ჯილდოზე, რომლებიც იმავდროულად ითვლებოდა საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ჯილდოებადაც, გამოსახულია ამ ქვეყნის იმდროინდელი უზენაესი ხელისუფლისა და გენერალისიმუსის - ეთნიკურად ქართველი იოსებ სტალინის (ჯუღაშვილის) პორტრეტი. ასეთებია სამი დასახელების შემდეგი ჯილდო (სამივე მათგანის დიამეტრია 32 მილიმეტრი):

1) მედალი "1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის", რომელიც დაწესდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 8 მაისის ბრძანებით. მის ავერსზე გამოსახულია სამხედრო მუნდირში გამოწყობილი იოსებ სტალინი (პროფილში), რომელიც სახით მარცხნივ არის შებრუნებული, ხოლო ბელადის გარშემო ამოტვიფრულია წარწერა რუსულ ენაზე: "ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვეთ". რევერსზე არის წარწერა ასევე რუსულ ენაზე: "1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის". მედალი დამზადებულია თითბრისგან;

2) მედალი "იაპონიაზე გამარჯვებისათვის", რომელიც დაწესდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით. მის ავერსზე გამოსახულია სამხედრო მუნდირში გამოწყობილი იოსებ სტალინი (პროფილში), რომელიც სახით მარჯვნივ არის შებრუნებული, ხოლო ბელადის პორტრეტის ზედა მხარეზე ამოტვიფრულია წარწერა რუსულ ენაზე: "იაპონიაზე გამარჯვებისათვის". რევერსზე არის წარწერა ასევე რუსულ ენაზე: "1945 წლის 3 სექტემბერი". მედალი დამზადებულია თითბრისგან;

3) მედალი "1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის", რომელიც დაწესდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 6 ივნისის ბრძანებით. მის ავერსზე გამოსახულია სამხედრო მუნდირში გამოწყობილი იოსებ სტალინი (პროფილში), რომელიც სახით მარცხნივ არის შებრუნებული, ხოლო ბელადის გარშემო ამოტვიფრულია წარწერა რუსულ ენაზე: "ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვეთ". რევერსზე არის წარწერა ასევე რუსულ ენაზე: "1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის". იქვე, ზედა კუთხეში გამოსახულია გადაჯვარედინებული ნამგალი და ურო. მედალი დამზადებულია სპილენძისგან;

იოსებ სტალინი ვლადიმირ ლენინთან ერთად არის გამოსახული სსრ კავშირის რამდენიმე ჯილდოზე. ასეთებია ორი დასახელების შემდეგი ჯილდო:

საქართველოს სსრ საბრძოლო ჯილდო - წითელი დროშის ორდენი

1) მედალი "სამამულო ომის პარტიზანს" (არსებობდა I და II ხარისხის), რომელიც დაწესდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1943 წლის 2 თებერვლის ბრძანებით. მის ავერსზე გამოსახულია სამხედრო მუნდირში გამოწყობილი იოსებ სტალინი (პროფილში), რომელიც სახით მარცხნივ არის შებრუნებული, მათ გარშემო წრიულად არის ამოტვიფრული წარწერები რუსულ ენაზე: "სამამულო ომის პარტიზანს" და "სსრკ". რევერსზე ამოტვიფრულია წარწერა ასევე რუსულ ენაზე: "ჩვენი საბჭოთა სამშობლოსათვის". I ხარისხის მედალი დამზადებულია ვერცხლის, ხოლო II ხარისხისა - თითბრისგან. ორივე მათგანის დიამეტრია 32 მილიმეტრი;

2) მედალი "საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წელი", რომელიც დაწესდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1948 წლის 22 თებერვლის ბრძანებით. მის ავერსზე გამოსახულია ვლადიმირ ლენინისა და სამხედრო მუნდირში გამოწყობილი იოსებ სტალინის პორტრეტები (პროფილში), რომლებიც სახით მარჯვნივ არიან შებრუნებულნი. მათი პორტრეტების ქვემოთ არის ამოტვიფრული წარწერა: "XXX", რაც საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წლისთავს აღნიშნავს. რევერსზე ამოტვიფრულია შემდეგი წარწერები რუსულ ენაზე: "საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წლისთავის აღსანიშნავად" და "1918-1948". ეს მედალი, რომლის დიამეტრია 33 მილიმეტრი, დამზადებულია თითბრისგან;

იოსებ სტალინის პორტრეტი ასევე იყო გამოსახული "სტალინური პრემიის" ლაურეატის მედალზე, რომელიც სსრკ-ის ბელადის დაბადების 60 წლისთავზე - 1939 წლის 21 დეკემბერს დაარსდა და გაიცემოდა მისი გარდაცვალების შემდეგაც (1954 წლამდე).

1945-1953 წლებში სსრკ-ში არაერთხელ სცადეს სტალინის სახელობის ჯილდოს დაწესება, მომზადდა პროექტებიც, მაგრამ სსრკ-ის ბელადის ნების შესაბამისად, ეს აღარ განხორციელდა.

II მსოფლიო ომის პერიოდში სსრკ-ში სცადეს ლეგენდარული მხედართმთავრის, ინფანტერიის გენერალ პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონის (1765-1812) ორდენის დაწესება. მომზადდა სათანადო პროექტიც, რომელიც ასევე არ განხორციელდა. მის ნაცვლად დაარსდა დიდების ორდენი (სამი ხარისხის), რომლის სრული კავალერიც (ანუ სამივე ხარისხის ორდენის მფლობელი) რანგით სსრ კავშირის გმირს უტოლდებოდა.
1965 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭომ დააარსა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, რომლის ლაურეატის მედალს ამშვენებდა ამ დიდი ქართველი პოეტის პორტრეტული გამოსახულება.

საქართველოს სსრ-ში არსებული ცალკეული ორგანიზაციის სახელით ასევე გამოუშვეს სამახსოვრო მედლები, რომელთა ძირითად ნაწილს გააჩნდა "სამაგიდო მედლის", ხოლო მცირე ნაწილს - მკერდზე სატარებელი ჯილდოს ფორმა. ასეთები იყო მაგალითად, მედლები აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა გამოსახულებით.

ამდენად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, თავისი არსებობის საწყის პერიოდში (1921-1936 წლებში) გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო ჯილდოები, რომლებითაც დაჯილდოების შეწყვეტის შემდეგ, ქვეყნის სახელმწიფო ჯილდოთა როლს, სსრკ-ის დაშლამდე (1991 წლის 26 დეკემბერი) ასრულებდა საერთო-საკავშირო ორდენები და მედლები. რამდენიმე საკავშირო და რესპუბლიკურ ჯილდოზე (მედალზე) გამოსახულია სსრ კავშირის უზენაესი ხელისუფლის იოსებ სტალინისა (ჯუღაშვილის) და პოეტ შოთა რუსთაველის პორტრეტები.

ნიკო ჯავახიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი".#118
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები