"ასეთი რამ რომანებშიც არ წამიკითხავს..." - შეყვარებული სპეცაგენტის თავგადასავალი - კვირის პალიტრა

"ასეთი რამ რომანებშიც არ წამიკითხავს..." - შეყვარებული სპეცაგენტის თავგადასავალი

საბჭოთა მზვერავი ნიკალაი ივანოვიჩ კუზნეცოვი გერმანელთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედებდა. მან გაანადგურა უკრაინის რაიხსკომისრის, ერიხ კოხის მოადგილე ფინანსურ საკითხებში გენერალი ჰანს გელი, რაიხსკომისარიატის გენერალური ინსპექტორი როვნოს რეგიონში მაიორი ადოლფ ვინტერი, გალიციის საგენერალგუბერნატოროს მთავრობის კანცელარიის უფროსი ჰაინრიხ შნაიდერი, გაიტაცა გენერალ-მაიორი მაქს ილგენი - გვამცნობს დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (Большая советская энциклопедия). საბჭოთა ეპოქაში მასზე ბევრს წერდნენ, ქმნიდნენ გმირის ხატს. შესაბამისად, მისი ბიოგრაფიაც სასტიკად იყო დამახინჯებული.

ნიკალაი კუზნეცოვის ბედი მართლაც უცნაური იყო. უკრაინის უშიშროების სამსახურის დამაარსებელმა, გენერალმა ევგენი მარჩუკმა კუზნეცოვს შემთხვევით როდი უწოდა ნაფოტი. მას ცხოვრება ნაფოტივით ისროდა აქეთ-იქით. კუზნეცოვი არ ყოფილა სუკ-ის ოფიცერი, არც უმაღლესი განათლება ჰქონდა. ის აგენტი-პროვოკატორი გახლდათ.

ნიკალაი ივანოვიჩ კუზნეცოვი (1910-1944) დაიბადა ურალში, სოფელ ზირინკაში. მამამისი სტაროვერი იყო და ოქტომბრის გადატრიალებას მტრულად შეხვდა. ერთხანს კოლჩაკელთა რიგებშიც აღმოჩნდა. როცა დარწმუნდა, რომ თეთრები საბოლოოდ დამარცხდნენ, წითლების მხარეს გადავიდა. საბჭოთა ხელისუფლებამაც დანაშაული აპატია ივან კუზნეცოვს და საშუალება მისცა, მშობლიურ სოფელში მეურნეობას გაძღოლოდა.

კუზნეცოვის ნათლობის სახელი ნიკანორი იყო. ოჯახში ნიკას ან ნიკოშას ეძახდნენ. ბიჭს ეს არ მოსწონდა და როცა წამოიზარდა, სახელი გადაიკეთა და ნიკანორის ნაცვლად ნიკალაი დაირქვა.

მომავალში ბევრს გააკვირვებს, სად შეისწავლა მან გერმანული. სინამდვილეში გასაოცარი აქ არაფერი იყო. კუზნეცოვების მეზობლად გერმანელი კოლონისტები ცხოვრობდნენ. ბიჭი მათ ბავშვებთან მეგობრობდა. აქ შეხვდა თავის პირველ სიყვარულსაც. კუზნეცოვი გერმანელების სიძე გახდა. თუმცა ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. კუზნეცოვის სიმამრი ყველა საბჭოთა ნორმით კულაკი იყო. ნიკალაიც კულაკების სიძედ გამოაცხადეს, გარიცხეს კომკავშირიდან და ტალიცის სატყეო ტექნიკუმიდან, სადაც სწავლობდა.

მალე კუზნეცოვი ცოლს გაეყარა, დატოვა მშობლიური სოფელი და ქალაქში გადასახლდა. აქ ქურდების ბანდას დაუკავშირდა და ბინა გატეხა, რის გამოც დააპატიმრეს. ციხეში სუკ-ის აგენტი გახდა და მალე სანიმუშო ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სუკ-ისთვის მუშაობდა. თავდაპირველად მისი მეტსახელი იყო კულიკი, შემდგომში - სწავლული.

თამაში გერმანელებთან

კუზნეცოვი ესერთა იატაკქვეშა ჯგუფში შეუშვეს. მისი მეშვეობით უშიშროებამ რამდენიმე სერიოზული ტერაქტი აღკვეთა. შემდეგ სვერდლოვსკში გადაისროლეს. ქარხანა "ურალმაშში" მაშინ ბევრი გერმანელი სპეციალისტი მუშაობდა. კუზნეცოვი მხაზველთა ბიუროში მოეწყო. სუკ-ის დავალებით ის გერმანელ ინჟინრებს დაუმეგობრდა. მალე მისი მეშვეობით ინტენსიურად იწყო დინება ინფორმაციამ გერმანელ სპეციალისტთა შორის არსებული განწყობების შესახებ. 1937 წელს დიდმა ტერორმა აპოგეას მიაღწია. მან არც კუზნეცოვი დაინდო და იგი დააპატიმრეს. საკანში რამდენიმე თვეს დაყო, თუმცა კუზნეცოვს გაუმართლა. იგი გაათავისუფლეს, 1938 წელს კი მოსკოვში გადაიყვანეს.

კუზნეცოვის უშუალო უფროსი გახდა ცნობილი ჩეკისტი ვასილი რიასნოი. მან კუზნეცოვს განუცხადა, რომ საპასუხისმგებლო დავალება მოელის.

მოსკოვში სიმპათიური მფრინავი რუდოლფ ვილჰელმოვიჩ შმიდტი გამოჩნდა. ლეგენდის თანახმად, ის ვოლგისპირელი გერმანელი იყო.

სინამდვილეში კი კუზნეცოვი გახლდათ (შმიდტი მისი გვარის გერმანული თარგმანია). სამხედრო ფორმით დადიოდა, თეატრალურ პრემიერებს ესწრებოდა და მალე გაშინაურდა მოსკოვური ბოჰემის წრეში. შმიდტი მარიფათიანად სპეკულირებდა ვალუტით, გადიოდა კონტაქტებზე უცხოელ დიპლომატებთან. სწორედ მან შეიტყუა ხაფანგში სლოვაკეთის საელჩოს მდივანი ლადისლავ კრნო და აიძულა, სუკ-ის აგენტი გამხდარიყო. კრნოს გერმანელებთან ჰქონდა კავშირები. მისი დახმარებით კუზნეცოვი გერმანიის სამხედრო ატაშეს დაუკავშირდა. - გერმანელი ვარ და მსურს, ჩემს ფიურერს ვემსახურო! - განუცხადა კუზნეცოვმა.

ნიკალაი კუზნეცოვის პორტრეტი

გერმანიის სამხედრო ატაშესთან შეხვედრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. კუზნეცოვი მას ინფორმაციით ამარაგებდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ოსტატურად მომზადდა სუკ-ის მიერ. ნელ-ნელა კუზნეცოვის გარშემო მცირე, მაგრამ კარგად ორგანიზებულმა ჯგუფმა მოიყარა თავი. ყველა მათგანი სუკ-ის აგენტი იყო. ისინი კუზნეცოვს ეხმარებოდნენ.

გერმანელებთან თამაში დაიწყო.

სპეცოპერაცია "დიდი სიყვარული"

ერთხელ ნაცნობმა მხატვარმა კუზნეცოვს უთხრა, ერთ ოჯახში ვარ მიწვეული და შენც წამოდიო. კუზნეცოვი დათანხმდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ყოველივე ეს სპეცოპერაციის ნაწილი იყო. კუზნეცოვმა სწორედ აქ გაიცნო ლენა ობოლენსკაია. მაღალი ქერათმიანი ახალგაზრდა ქალი, დახვეწილი ნაკვთებითა და მომაჯადოებელი ცისფერი თვალებით. კუზნეცოვმა იგრძნო, რომ ამ ქალს თავს ვერ დააღწევდა.

- მე ლენა მქვია, - ქალმა გაიცინა და ხელი გაუწოდა, - ლენა ობოლენსკაია.

- მე კი რუდოლფ შმიდტი ვარ!..

ასე დაიწყო მათი ნაცნობობა.

ლენა მომხიბვლელი, ენერგიული და მხიარული ქალი იყო. როცა ცეკვავდა, თვალს ვერ მოაშორებდი. საუბრობდა ლაღად, ძალდაუტანებლად. სიცილის დროს ხმა ზარივით უწკრიალებდა.

- რა მშვენიერია, - გაიფიქრა კუზნეცოვმა.

ქალები ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ ლენა სულ სხვა იყო.

- რუდოლფ ვილჰელმოვიჩ, არ გამაცილებთ?!

ლენა იღიმებოდა. კუზნეცოვს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა.

- გამაცილებთ თუ არა?

უსიტყვოდ დაუქნია თავი. ენა დაება... ლენამ გაიცინა.

- წავედით! - და ხელკავი გაუყარა.

მათი ურთიერთობა ნელ-ნელა შორს წავიდა. კუზნეცოვმა ამდენი წლის შემდეგ პირველად იგრძნო, რაოდენი ცეცხლი ტრიალებდა მის გულში. ასეთი რამ მხოლოდ თექვსმეტი წლისას დაემართა, როცა გერმანელი კოლონისტის ქალიშვილი შეუყვარდა და მისი გულისთვის მზად იყო, მთელი საბჭოთა კავშირის ძალოვანებს შიშველი ხელებით შებრძოლებოდა. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა. კუზნეცოვს უამრავი რამ გადახდა. ის პროფესიონალი პროვოკატორი გახდა. ქალთან ურთიერთობაც მისი მუშაობის ერთ-ერთი ატრიბუტი იყო. ქალებს უსიყვარულოდ ეხვეოდა. საყვარლებსაც ხელთათმანებივით იცვლიდა. ლენა სულ სხვა იყო. მამაკაცს ქალი თავდავიწყებით შეუყვარდა. ქალიც ასეთივე გრძნობით პასუხობდა.

- სიყვარული?!

კუზნეცოვმა სინამდვილე ახლაღა აღიქვა. უნებლიეთ შიშმა შეიპყრო. აქ რომანტიკული გრძნობებისთვის ადგილი არ არსებობს. ეს სიყვარული ორივესთვის ცუდად დამთავრდება. კუზნეცოვი ხვდებოდა ამას, იდუმალი ხმა კარნახობდა, რომ ქალთან ურთიერთობა გაეწყვიტა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა.

ლენამ საქმრო თავისიანებს წარუდგინა. სამხედრო მფრინავი, ვოლგისპირელი გერმანელი რუდოლფ ვილჰელმოვიჩ შმიდტი - ქალს თვალები უბრწყინავდა. ძალიან ბედნიერი იყო.

ლენას მამამ მაგრად ჩამოართვა ხელი სასიძოს და ჰკითხა, სკკპ (ბ)-ს წევრი როდიდან ხართო.

- 1939 წლიდან, - მიუგო კუზნეცოვმა.

- კარგია, - ობოლენსკიმ გაიცინა, - ოღონდ ერთი ნაკლი გაქვთ, გერმანელი ბრძანდებით.

- მე საბჭოთა პატრიოტი ვარ!

- გასაგებია, მაგრამ გერმანელობა შესაძლოა მალე ხელის შემშლელად იქცეს, - ობოლენსკი შეყოვნდა, - გერმანიასთან ომი გარდაუვალია, ამიტომ კარგი იქნებოდა, თუკი შმიდტი კუზნეცოვად იქცეოდა. ეს ხომ თქვენი გვარის რუსული თარგმანია.

- მაპატიეთ, ამხანაგო, მაგრამ გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტი გვაქვს, - კუზნეცოვმა ჩაახველა.

- ეს ამხანაგ სტალინის ბრძნული პოლიტიკის ნაყოფია, - ობოლენსკიმ ეშმაკურად გაიღიმა, - პაქტი დროებითი მოვლენაა. ის მაქსიმუმ ორ წელიწადს გასტანს.

- რაო?

- სსრ კავშირთან პაქტით გერმანიას ხელ-ფეხი გაეხსნა. ჰიტლერმაც დასავლეთს დაარტყა. ვერმახტი ტრიუმფით შევიდა პარიზში. ამის შემდეგ აღმოსავლეთი ევროპის ჯერი დადგა. ჰიტლერმა მოგვიგო. რუმინეთი და ბულგარეთი დაანაწევრა; იუგოსლავია და პოლონეთი, როგორც სახელმწიფოები, აღარ არსებობს; ვარშავაში, კრაკოვში გერმანელები არიან; ლვოვში ჩვენ ვართ, - წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

- ჰიტლერს ინგლისის დაპყრობა სურს, მაგრამ ბრიტანეთს ძლიერი ფლოტი ჰყავს. აფრიკაშიც ბრძოლები კარგა ხანს გაგრძელდება. შედეგად, გერმანიასაც ქანცი გამოეცლება და ინგლისსაც. ჩვენ კი შეტევაზე გადავალთ. ომი სხვის ტერიტორიაზე მცირე მსხვერპლით, - ობოლენსკიმ გაიცინა, - სტალინი ნამდვილი გენიოსია! გენიოსი!

- რა თქმა უნდა, - ფიცხლად დაეთანხმა კუზნეცოვი.

ლენას დედამ სტუმარი სუფრასთან მიიწვია.

არჩევანი

რიასნოი კუზნეცოვს ღიმილით შეხვდა, ხელი მაგრად ჩამოართვა, სავარძელში ჩასვა.

- კოლია, სიტყვები არ მყოფნის! ნამდვილი ვირტუოზი ხარ! ვირტუოზი!

კუზნეცოვი მდუმარედ იჯდა. რიასნოიმ ჩაახველა.

- ობოლენსკების სახლში დამკვიდრდი, მისი ქალიშვილის გულიც მოინადირე. ახლა გადამწყვეტი ნაბიჯიღა დარჩა.

- რა ნაბიჯი?!

- ლენას მამას ჯიბეში ერთი დოკუმენტს ჩაუდებ. ნუ გეშინია, მას უკვე არავითარი ფასი არ აქვს. ჩვენი ბიჭები ჩხრეკისას ამ საბუთს ამოიღებენ. ეს იქნება დადასტურება, რომ ობოლენსკი ჯაშუშია.

კუზნეცოვს სურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა.

- ნუ გეშინია, მას არაფერს დაუშავებენ. უბრალოდ, ჩვენი აგენტი გახდება.

- განა ახლა...

- ობოლენსკის აგენტურულ ქსელში ჩართავენ, სადაც შენც ხარ. რა გაოცებული მომშტერებიხარ?

რიასნოიმ გაიცინა. რაღაც საზარელი იყო ამ სიცილში...

ლენა საქმროს შეშფოთებული მისჩერებოდა. კუზნეცოვმა ცხვირსახოცი ამოიღო, გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა.

- მოხდა რამე? - შეშფოთებით შეეკითხა ქალი.

- მოხდა, - კუზნეცოვმა თავისი ჩახრინწული ხმა ვერ იცნო, - მარტო ხარ?

- ჰო, მამა სამსახურშია, დედაც. შინამოსამსახურე კი ბაზარში წავიდა, - ლენა წამით გაჩუმდა, - რაშია საქმე?

- ერთ რამეში უნდა გამოგიტყდე.

- რაო?

- უნდა გამიგო და მაპატიო, - კუზნეცოვმა თავზე ხელი გადაისვა, - კარგა ხანს ვყოყმანობდი, ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე.

- ცოლ-შვილი გყავს?

- არა, უარესი.

- კარგი, ნუ მაშინებ, არ მითხრა, მკვლელი და მძარცველი ვარო!

- მე შინსახკომის აგენტი ვარ.

წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

- დავალებული მაქვს, მამაშენი ხაფანგში გავაბა და ჩვენს აგენტად ვაქციო, - თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა კუზნეცოვმა, - იცი, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ მეტი არ შემიძლია!

- გაეთრიე აქედან! - შეჰკივლა ლენამ, - გაეთრიე!

და კუზნეცოვს სილა გააწნა.

ლენამ ყოველივე მამას უამბო. ობოლენსკი ერთხანს დამბლადაცემულივით იჯდა.

- მაშ რუდოლფ შმიდტი აგენტი-პროვოკატორია?!

ობოლენსკიმ ყოველივე მოახსენა ვიაჩესლავ მოლოტოვს. მან კი ბერიას დაურეკა და უთხრა: ამიხსენით, რა ხდება! ჩემს თანამშრომელს შანტაჟს რატომ უწყობთ?!

- დასაჯეთ ყველა, ვინც ამ პროვოკაციას ამზადებდა! - გასცა განკარგულება ბერიამ.

რიასნოის საყვედური გამოუცხადეს. ასევე საყვედური მიიღო რამდენიმე ჩეკისტმაც, რომლებიც კუზნეცოვთან ერთად მუშაობდნენ.

მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის ხელმოწერა 1923 წლის 23 აგვისტოს. მაგიდასთან ზის ვიაჩესლავ მოლოტოვი. იოახიმ ფონ რიბენტროპი დგას მის უკან, სტალინისგან ხელმარჯვნივ

* * *

დაკითხვა უკვე მესამე საათს მიმდინარეობდა. კუზნეცოვს პირიდან სისხლი სდიოდა. რიასნოიმ გაიღიმა. თავისი ყოფილი აგენტის წამებით აშკარად ტკბებოდა.

- მაშ, ლენა შეგიყვარდა, არა?

- დიახ, ამხანაგო!

- ქეციანი ძაღლი იყოს შენი ამხანაგი! - რიასნოიმ სახეში გაარტყა.

კუზნეცოვს თავი უკან გადაუვარდა. რიასნოიმ ჩაიცინა.

- შეყვარებული სპეცაგენტი!.. ასეთი რამ რომანებშიც არ წამიკითხავს, - ამ სიტყვებზე კუზნეცოვს ზიზღით სავსე მზერა მიაპყრო, - იცი, ამისათვის რა მოგელის?

- ვიცი.

- და, მიუხედავად ამისა, ამაზე მაინც წახვედი!

- სხვაგვარად არ შემეძლო.

რიასნოი ერთხანს უძრავად იდგა. შემდეგ შეტრიალდა და საკნიდან გავიდა...

კუზნეცოვი ქვის იატაკზე იწვა. ხელ-ფეხზე ბორკილი ედო. მთელი სხეული სტკიოდა. განძრევა არ შეეძლო.

- ყველაფერი დამთავრდა.

ფიქრი მოეძალა. ხომ შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. აკი უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მათი ბედნიერება არ შედგა.

- ამ ცხოვრების დედაც, - კუზნეცოვს ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები.

კარი ხმაურით გაიღო. კუზნეცოვმა თავი ასწია. საკანში რიასნოი შემოვიდა. გუშაგი მის გვერდით იდგა.

- ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგონია? - რიასნოიმ გაიცინა, - ომი დაიწყო! ჩვენს ქვეყანას ჯარისკაცები სჭირდება! ჩვენი პარტიაც საშუალებას გაძლევს, დანაშაული გამოისყიდო.

რიასნოი გაჩუმდა. გუშაგი კუზნეცოვთან მივიდა, ხელბორკილი ახსნა. კუზნეცოვმა სცადა წამომდგარიყო, მაგრამ მთელ სხეულში საშინელი ტკივილი იგრძნო. ამოიკვნესა და იატაკზე დაეშვა.

- სიარული არ შეგიძლია? არა უშავს, რამდენიმე დღეში ფორმაში მოგიყვანენ.

რიასნოი იღიმებოდა. ოთახში ფორმიანი მამაკაცები შემოვიდნენ. კუზნეცოვი საკაცეზე დააწვინეს და საკნიდან გაიყვანეს. ჰოსპიტალში კუზნეცოვმა რამდენიმე დღე დაყო. ექიმებმა ის მართლაც ფორმაში მოიყვანეს. აღარაფერი მიუთითებდა, რომ ცოტა ხნის წინ კუზნეცოვი შინსახკომის ჯურღმულებში აწამეს. - აბა, კოლია, დადგა განშორების ჟამი!

რიასნოი იღიმებოდა. კუზნეცოვი უძრავად იჯდა და შეფს შეჰყურებდა.

- შენ მტრის ზურგში გადაგისვრიან. ასე რომ, შენ იცი, პარტიამ სულგრძელად გაპატია და საშუალება მოგცა დანაშაული გამოგესყიდა. მადლობელი ხარ?

კუზნეცოვი დუმდა.

- მადლობელი ხარ თუ არა?!

- დიახ, - წაიჩურჩულა აგენტმა.

კუზნეცოვს ტუჩებზე მწარე ღიმილი აუთამაშდა, იმ ადამიანის მსგავსად, რომელიც ყველაფერზე წავიდოდა.

ჩეკისტურ სპეცრაზმში

1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერული გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. 30 ივნისს გერმანელებმა ქალაქი ლვოვი დაიკავეს. იმავე საღამოს უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის (ხელმძღვანელი სტეპან ბანდერა) ორგანიზებით გამართულ დასავლეთი უკრაინის საკანონმდებლო კრებაზე გამოცხადდა უკრაინის დამოუკიდებლობა. შეიქმნა დროებითი მთავრობა. მას სათავეში ჩაუდგა სტეპან ბანდერას უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე იაროსლავ სტეცკო. ორი საათის შემდეგ ბერლინიდან ჩამოსულმა აინზაცკომანდამ (გერმანიის პოლიციის სიკვდილის ესკადრონმა) მთავრობის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრა. ბანდერას, სტეცკოსა და სხვა ლიდერებს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი. მოგვიანებით უკრაინელი ნაციონალისტების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები დაიწყო.

- იდიოტიზმია დავღვაროთ თუნდაც ერთი წვეთი გერმანული სისხლი, რათა ვინმე გავათავისუფლოთ. ჩვენ გვჭირდება არა დამოუკიდებელი უკრაინა, არამედ სასიცოცხლო სივრცე გერმანიისთვის, - განაცხადა პროპაგანდის მინისტრმა, დოქტორმა იოზეფ გებელსმა.

1942 წელს კუზნეცოვი მტრის ღრმა ზურგში როვნოს მხარეში (როვენშჩინა) გადაისროლეს. ის პოლკოვნიკ დმიტრი მედვედევის სპეცრაზმის მებრძოლი გახდა. რაზმში კუზნეცოვი ნიკოლაი ვასილევიჩ გრაჩოვის სახელით ჩარიცხეს. მისი ახალი აგენტურული ფსევდონიმი "კოლონისტი" გახდა. მეორე ფსევდონიმი "პუხი" კი მხოლოდ ცენტრში იცოდნენ.

კუზნეცოვს მედვედევის სქემაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა, მას როვნოში ტერაქტები უნდა მოეწყო. ეს პატარა ქალაქი, რომელიც ღრმა ზურგში მდებარეობდა, გაულაიტერმა ერიხ კოხმა თავის რეზიდენციად აირჩია. ოკუპირებულ უკრაინას ახლა ჰიტლერის ნაცვალი კოხი მართავდა.

ერიხ კოხი, უკრაინის რახისკომისარი 1941-1944 წწ.

აგენტურული ქსელი "დაქირავებით"

როგორც ცნობილია, 1920-1939 წლებში დასავლეთ უკრაინა პოლონელებს ჰქონდათ დაპყრობილი. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით დასავლეთ უკრაინა რუსეთს ერგო და 1939 წლის სექტემბერში დასავლეთი უკრაინა წითელმა არმიამ დაიკავა. პოლონელებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავიანთი აგენტურა დატოვეს, რომელიც სუკ-მა საკმაოდ სწრაფად გაანადგურა. პოლონელი პატრიოტების ნაწილი მოსპეს, ნაწილს გულაგში უკრეს თავი, სხვები კი გადაიბირეს.

1940-1941 წლებში საბჭოთა ჩეკისტებმა ტყვე პოლონელი მზვერავებისგან ფსევდოპატრიოტული ორგანიზაცია "ბლესკი" შექმნეს. მას პოლონეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი მეჩისლავ სტეფანსკი (აგენტურული მეტსახელი ლვოვსკი) ედგა სათავეში. "ბლესკმა" კავშირი დაამყარა პოლონელთა ლვოვის ცენტრთან, აგრეთვე ვარშავასა და კრაკოვში მოქმედ არალეგალურ ჯგუფებთან. მისი დახმარებით, სუკ-მა პოლონელთა აგენტურის დარჩენილი ნაწილი მთლიანად მოსპო. 1941 წლის ზაფხულისთვის აქტიური პოლონელი პატრიოტების უმეტესობა განადგურდა. "ბლესკის" მეშვეობით კი დამყარდა კონტაქტები უკვე კრაკოვისა და ვარშავის ცენტრებთან, აგრეთვე ლონდონთან, სადაც პოლონეთის ემიგრაციული მთავრობა იმყოფებოდა.

ჰიტლერელებმა ჯერ უკრაინის დასავლეთი ნაწილი დაიკავეს, შემდეგ მთელი უკრაინის ოკუპაციაც მოახდინეს. "ბლესკის" წევრების უმეტესობას ევაკუაციაში წასვლაზე არც უფიქრია. მათ ძველი პატრონი ახალზე გაცვალეს. ამან საშუალება მისცათ, თბილად მოწყობილიყვნენ. ორგანიზაციაც განაგრძობდა მოქმედებას, ოღონდ ახლა უკვე გერმანელთა კონტროლით.

სუკ-ის პოლკოვნიკი მედვედევი დივერსიული საქმიანობის დაწყებისთვის ემზადებოდა. საამისოდ სათანადო ორგანიზაციის შექმნა იყო აუცილებელი. ვისგან დაკომპლექტდებოდა ეს ორგანიზაცია? დასავლეთუკრაინელი კომუნისტები, ჯერ ერთი, ცოტა იყვნენ, მეორეც, მედვედევი მათ არ ენდობოდა. ასევე ცოტა იყვნენ საბჭოთა ფუნქციონერები, რომლებიც დასავლეთ უკრაინაში 1939 წელს ჩავიდნენ (ყოველი მათგანი სუკ-ის კრეატურას წარმოადგენდა) და ევაკუაციაში წასვლა ვერ შეძლეს. რჩებოდა პოლონური აგენტურა "ბლესკი". მედვედევის ემისრებიც მათთან კონტაქტზე გავიდნენ. პოლკოვნიკი ფრთხილობდა. იგი კარგად ხვდებოდა, რომ "ბლესკის" წევრები სდ-სთან (ჰიტლერელთა უშიშროების სამსახური) იყვნენ დაკავშირებული.

1943 წელი იდგა. ცხადი ხდებოდა, რომ ჰიტლერმა ომი წააგო. პოლონელები რუსებთან კონტაქტების აღდგენას სიხარულით უნდა შეხვედროდნენ. გერმანელები უკრაინიდან წავლენ, რუსებთან სამსახური კი ომის შემდეგ ჩაეთვლებათ. გათვლამ გაამართლა, სტეფანსკი, კამინსკი, ანჩაკი თუ სხვები რუსებთან კონტაქტის აღდგენას სიხარულით შეხვდნენ. სათანადო საკონტროლო დავალებების შესრულების შემდეგ, მედვედევმა მათ ტერაქტების მოწყობა დაავალა. პოლონელები უკვე მისი აგენტურული ქსელის წევრები გახდნენ.

"ბლესკის" კონტაქტები რუსებთან აღდგა. შეიქმნა უნიკალური აგენტურული ქსელი, რომელიც ერთდროულად რუსებზეც მუშაობდა და გერმანელებზეც. მედვედევიც ამას ოსტატურად იყენებდა. პოლონელები გახდნენ ხერხემალი დივერსიული სადაზვერვო ორგანიზაციისა, რომელიც მედვედევმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმოკლეს ვადებში შექმნა.

სტეპან ბანდერას სურათი ლვოვში 2019 წელს გამართულ აქციაზე

ქალის ფაქტორი

პოლონელთა შორის ერთი ლამაზი ქალი გამოირჩეოდა - ლიდია ივანოვნა ლისოვსკაია. მომავალში ისტორიკოსები ამ ქალს ვოლინელ მატა ჰარიდ მონათლავენ. ლისოვსკაიამ როვენშჩინაზე განვითარებულ მოვლენებში საგულისხმო როლი ითამაშა.

ლისოვსკაია (ქალიშვილობის გვარი დეჩინსკაია) უბრალო ფოსტის მოხელის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ვარშავის კონსერვატორია. ქალს ჰოლივუდში გადაღებებზე იწვევდნენ, მაგრამ მსახიობის კარიერას ოჯახის შექმნა ამჯობინა. ლიდიას არ გაუმართლა. მისი ქმარი, ადვოკატი რუშინსკი, გულის შეტევით გარდაიცვალა. მარტოხელა, ახალგაზრდა, ლამაზ ქვრივს უამრავი თაყვანისმცემელი დასტრიალებდა. ერთ-ერთი მათგანი ვლადიმირ ჟირინოვსკის მამაც იყო, ვოლფ ისააკოვიჩ ეპშტეინი, რომელიც კოსტოპოლში მცირე ფაბრიკას ფლობდა. ლიდიამ ყველას პოლონეთის არმიის ოფიცერი ეჟი ლისოვსკი ამჯობინა. მალე ისინი დაქორწინდნენ.

ცოლ-ქმარს ერთმანეთი გაგიჟებით უყვარდა, მაგრამ ბედნიერება ამჯერადაც ხანმოკლე გამოდგა. დაიწყო ომი და კაპიტანი ლისოვსკი ფრონტზე გაიწვიეს. თავად ლიდია მოწყალების და გახდა.

ვარშავა დაეცა. ლიდიას, როგორც პოლონელი ოფიცრის ქვრივს, სამხედრო დაზვერვაში სამსახური შესთავაზეს.

- რამდენადაც ვიცით, წარმოშობით დასავლეთ უკრაინიდან ხართ!?

- დიახ, დედაჩემი და პატარა და-ძმა ახლაც როვენშჩინაზე ცხოვრობენ.

- შესანიშნავია! ჩვენ იქ ხალხი ძალიან გვჭირდება!

ლიდიაც დაბრუნდა როვნოს მხარეში, მშობლიურ სახლში. დასავლეთი უკრაინა რუსებმა დაიკავეს. ლისოვსკაია, როგორც პოლონელი ოფიცრის ცოლი, დააპატიმრეს. შინსახკომში დაკითხვა წამებაში გადაიზარდა. ქალმაც ყველაფერი დაფქვა, ისიც, თუ როგორ გახდა პოლონეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი და რა დავალებით გადმოისროლეს როვნოში, დაასახელა აგენტები, რომლებიც მას უნდა დახმარებოდნენ. შინსახკომმა ყველა მათგანი დააპატიმრა. ლისოვსკაია გაათავისუფლეს. თანდათან ის პოლონელთა წრეში გაშინაურდა. ოფიცრის ქვრივს ყველა ენდობოდა, აზრადაც არავის მოსდიოდა, რომ შესაძლოა რუსების აგენტი ყოფილიყო. ლისოვსკაიას "დანოსებით" კი არაერთი ადამიანი მოხვდა ციხეში, სადაც ბევრი აწამეს და მოკლეს, სხვები ციმბირის გზას გაუყენეს. 1940 წლის ბოლოს ჩეკისტებმა ლისოვსკაიას უფრო სერიოზული დავალება მისცეს. იგი შეიყვანეს "ბლესკის" რიგებში, რომელიც ახლა უკვე რუსების კონტროლქვეშ მოქმედებდა.

გერმანელთა შემოჭრის შემდეგ ლიდიამ პატრონი გამოიცვალა. ახლა ის სდ-ისთვის მუშაობდა. ამან საშუალება მისცა, კარგად მოწყობილიყო. ლისოვსკაია როვნოში ფეშენებელური რესტორნის ოფიციანტი გახდა. მალე მისი ბინა ერთგვარ ბორდელად გადაიქცა. აქ გერმანელი ოფიცრები დროს ატარებდნენ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მომხიბლავი დიასახლისი პანი ლიოლია სდ-ის აგენტი იყო, მეტსახელით კუკლა. ასევე სდ-ისთვის მუშაობდა ლისოვსკაიას დეიდაშვილი მარია მიკოტაც. სდ-ში მას ჩვიდმეტი მეტსახელი ჰქონდა. ღვინო, ქალები, ქეიფი - ყოველივე ეს ძალდაუტანებელ ატმოსფეროს ქმნიდა. ოფიცრებიც ბევრს ლაყბობდნენ და სდ-საც მათ განწყობილებაზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა.

ლისოვსკაია თავისი სალონითა და კონტაქტებით ძვირფასი ინფორმაციის წყარო იყო. მიუხედავად ამისა, მედვედევი ყოყმანობდა - ცხადი იყო, რომ როგორც ლიდა, ასევე მარია მიკოტა, სდ-სთანაც იყვნენ დაკავშირებული. ორმაგი აგენტი სათანადო შემოწმებას მოითხოვს. მედვედევმაც ქალს შემოწმება მოუწყო. ლისოვსკაიას თვალს ადევნებდა აგენტების მთელი ჯგუფი. მათ საქმიანობას მედვედეველი შევჩუკი (ოკო) ხელმძღვანელობდა. დასკვნა საგულისხმო იყო: ლისოვსკაიას არავითარი იდეოლოგიისა არ წამს, არც სამშობლო გააჩნია. მას მხოლოდ გადარჩენა სურს და მზად არის, ეშმაკსაც მიეყიდოს. ქალი საკმაოდ ჭკვიანია და ხვდება, რომ ჰიტლერის დღეები უკრაინაში დათვლილია. შესაბამისად, სუკ-თან კონტაქტის აღდგენაზეც სიხარულით წავა.

მიუხედავად ამისა, მედვედევი მაინც ყოყმანობდა. ლისოვსკაიასთან პირდაპირ კავშირზე მისი აგენტი გნედიუკი (გიდი) გავიდა. მხოლოდ კარგა ხნის შემოწმებისა და ბობოქარი მოვლენების შემდეგ, ქალს კუზნეცოვი ანუ კოლონისტი დაუკავშირდა. ის ლისოვსკაიას მდგმური და "შეთავსებით" საყვარელიც გახდა. სუკ-ის აგენტი გახდა მარია ნიკოტაც, ფსევდონიმით მაია.

კუზნეცოვმა, ლისოვსკაიამ და მიკოტამ ერთად მუშაობა დაიწყეს. დმიტრი მედვედევს ეს ახარებდა და აშინებდა კიდეც. კოლონისტის დოსიე მედვედევმა თავის დროზე კარგად შეისწავლა. კუზნეცოვისა და ლენა ობოლენსკაიას ამბავიც იცოდა. კოლონისტს შეუძლია სიყვარული და ამ დროს შესაძლოა თავიც დაკარგოს. ვაითუ, ლისოვსკაიამ იგი გადაიბიროს! ქალს ხომ კავშირი აქვს როგორც სდ-სთან, ასევე პოლონელებთან, რომელთა უკანაც ინგლისელები დგანან. მედვედევმა განკარგულება გასცა, კუზნეცოვის თვალთვალი გაეძლიერებინათ. კოლონისტს მისი შოფერი კოლია სტრუტინსკი (აგენტურული მეტსახელი მშვიდი) უთვალთვალებდა.

 ნიკოლაი სტრუტინსკი

შევჩუკმა მედვედევს მოახსენა, რომ ლისოვკსიასა და კუზნეცოვს შორის საქმიანი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ინტიმურმა კავშირმა ეს განამტკიცა.

- ანუ ლისოვსკაია ზიბერტის საყვარელია? - შეაწყვეტინა მედვედევმა.

- დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო.

- ზიბერტს ქალი შეუყვარდა?

- ეს სიყვარული კი არა, საქმიანი ურთიერთობებია. სხვათა შორის, ზიბერტს ლისოვსკაიას დეიდაშვილთან, მარია მიკოტასთანაც სძინავს.

- მარიფათიანი ბიჭია, - გაიცინა მედვედევმა.

ლისოვსკაია, მიკოტა და კუზნეცოვი (იგივე ზიბერტი) ერთად მუშაობას განაგრძობდნენ.

(დასასრული მომდევნო ნომერში)

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი".#118