ჰაირი ჰაირიოღლუ: "ჩემი სურვილია, დავანახვო თურქეთს საქართველო" - კვირის პალიტრა

ჰაირი ჰაირიოღლუ: "ჩემი სურვილია, დავანახვო თურქეთს საქართველო"

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, ქართული ხელოვნების სახლი სტამბოლში მკითხველს ახალ გამოცემას სთავაზობს. წიგნი ეძღვნება გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, XXI საუკუნის პირველ წლებში თურქეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს - ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს, მთარგმნელს, პოეტსა და პუბლიცისტს, ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძეს). წიგნის ავტორები არიან ისტორიის დოქტორი როზეტა გუჯეჯიანი, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის ხელმძღვანელი გიორგი ირემაძე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი.

გამოცემა ორნაწილიანია. პირველ ნაწილში აღწერილია ჰაირი ჰაირიოღლუს (1936-2003) ცხოვრების გზა, მისი დამსახურება ქართული კულტურის წინაშე, აგრეთვე, ურთიერთობა აჰმედ მელაშვილთან, ქართველ საზოგადოებასა და ქართულ-ევროპულ ემიგრაციასთან. მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია მისი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი და თარგმანები როგორც თურქულიდან ქართულ, ასევე ქართულიდან თურქულ ენაზე.

ვახტანგ მალაყმაძის თარგმანებითა და სამეცნიერო პუბლიკაციებით საფუძველი ჩაეყარა თურქეთში ლაზთა კულტურისა და წარმომავლობის ობიექტური მეცნიერული კვლევის ისტორიას. იგი გახლდათ აჰმედ მელაშვილის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი, თურქეთის რესპუბლიკაში გამომავალი კრებულის "საქართველოსა" და ჟურნალ "ჩვენებურის" ერთ-ერთი დამაარსებელი და ავტორი.

წიგნი შედგენილია ჰაირი ჰაირიოღლუს პირად არქივზე დაყრდნობით. არქივი, ოჯახის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის საშუალებით. წიგნის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ციფრულ ბიბლიოთეკაში (ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი /Iverieli Digital Library. www.dspace.nplg.gov.ge).

გამოცემის პრეზენტაცია ახლახან გაიმართა თურქეთში, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლში და მალე გაიმართება თბილისშიც, ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

"ჩემი სურვილია, დავანახვო თურქეთს საქართველო, მისი წარსული და დღევანდელობა", - წერდა ვახტანგ მალაყმაძე და მთელი ცხოვრება შეალია კიდეც ამ კეთილშობილურ საქმეს.

"ისტორიანი" ჟურნალი "ისტორიანი".#104