საერო სასჯელები გაერთიანებული საქართველოს სამეფოში (XI-XIII სს.) - კვირის პალიტრა

საერო სასჯელები გაერთიანებული საქართველოს სამეფოში (XI-XIII სს.)

"უსამართლოდ გინებისთვის" დამნაშავე 10 ათასი თეთრის გადახდით ისჯებოდა...

სამართლის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დასჯის კონკრეტულ საშუალებებს - სასჯელებს. ეს უძველესი დროიდან გავრცელებული სამართლებრივი ბერკეტია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ დამნაშავის პასუხისგებაში მისაცემად. სასჯელი დღემდე რჩება ბოროტმოქმედის დასჯის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად.

ძველ ქართულ სამართალში სასჯელის რამდენიმე სახის გამოყოფა შეიძლება. მათ შორის არის კერძო, საერო (საჯარო) და საეკლესიო სასჯელები. კერძო და საეკლესიო სასჯელებისგან განსხვავებით, შუა საუკუნეების საქართველოში საჯარო (საერო) სასჯელები ფართოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შედარებით გვიან დამკვიდრდა. ფეოდალურ საზოგადოებაში დიდი დრო სჭირდებოდა სახელმწიფოს მიერ დამნაშავეთა დასჯისა და გასამართლების საქმის ხელში აღებას, ვინაიდან ეს პრეროგატივა ფეოდალების მიერ იყო უზურპირებული. კონკრეტულ მამულში კერძო ფეოდალი წყვეტდა თავისი ქვეშევრდომების დასჯასა და შეწყალებას. ამას, პირობითად, კერძო სამართალს უწოდებენ. როცა სასჯელი კერძო პირის მიერ არის ინიცირებული, შესაბამისად, სასჯელი კვალიფიცირდება, როგორც "კერძო სასჯელი". საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ცენტრალიზაციამ ამგვარი პრაქტიკა შეამცირა, ხოლო სახელმწიფოს მეტი საშუალება მიეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით თავად განეხორციელებინა სადამსჯელო ღონისძიებები. სწორედ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინიცირებული საერო ანუ საჯარო სასჯელები წარმოადგენს ჩვენს მთავარ განსახილველ თემას.

საქართველოში სასჯელი მრავალი სახის იყო. სასჯელების ნაწილი გულისხმობდა დამნაშავისთვის რამე ტანჯვის მიყენებას, მის ცემას, სხეულის რომელიმე ნაწილის მოკვეთას, დასახიჩრებასა და დაზიანებას. ყველაფერი ეს სათანადოდ აისახა სასჯელის ცნების გამომხატველ სიტყვებში - "ტანჯვა", "სატანჯველი", "პატიჟი" და ა.შ.

შუა საუკუნეებში საქართველოში დასჯის პოლიტიკის ჩამოყალიბება მთელ რიგ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული. - ივანე ჯავახიშვილს აღნიშნული აქვს, რომ ძველ ქართულ მართლმსაჯულებას განსაზღვრული სასჯელთა სისტემა ჰქონდა. იგი წერს: "სასჯელთა ერთი ჯგუფი ქონებრივი თვისებისა იყო, მეორე ჯგუფი დამნაშავის თავისუფლების აღკვეთისათვის იყო განკუთვნილი, მესამე გვემითი იყო, მეოთხე გაპატიჟება და მეხუთე კი დამნაშავის სიცოცხლის მოსპობა".

შუა საუკუნეების სასტიკი სასჯელების აღწერილობა უხვად შემორჩა ევროპის ქვეყნებში

ქართული სამართლის ცნობილ ძეგლს, ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნს დართული აქვს ე.წ. ბაგრატ კურაპალატის სამართალი, უფრო სწორად, სამართლის წიგნის ფრაგმენტი, რომელიც 61 მუხლისგან შედგება (99-160). მასში მოყვანილია შემდეგი სახის დანაშაული: მკვლელობა (117, 135, 150, 159, 160); სხეულის დაზიანება (106-109); ცილისწამება, სქესობრივი დანაშაული, ქალის მოტაცება, ცოლის დაგდება, გაძარცვა, ქურდობა, ღალატი, თვითნებობა და სხვა.

სამართლის წიგნის ფრაგმენტში ვკითხულობთ, რომ თუ ვინმე დიდებულთაგანი ეპისკოპოსს სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებდა, დამნაშავე დიდებული დაისჯებოდა ორმოცი ათასი თეთრის გადახდით და "დიდად შეხუეწით".

"დიდად შეხუეწა" აქ დამოუკიდებელი საჯარო, სახელმწიფო სასჯელია, რომელიც თან სდევს კერძო სასჯელს, სისხლის დაურვებას. შეხვეწნა იხსენიება, როგორც სასჯელის სახეობა რამდენიმე მუხლში (106, 107, 108).

"თუ ეპისკოპოზსა დიდებულმან აგინოს, ორმოცი ათასი თეთრი დაუურვოს და დიდად შეხუეწით" (106).

"თუ ეპისკოპოზსა აზნაურმან აგინოს, დიდითა შეხუეწითა ოცი ათასი თეთრი დააურვოს" (107).

"თუ აზნაურმან ანუ დიდებულმან მღვდელსა აგინოს, ანუ უქუემოესმან, მესამედი სისხლისაი დაუურვოს და დიდად შეეხუეწოს" (108).

ნათელია, რომ სასულიერო პირთა პატივსა და ღირსებას ქართველი კანონმდებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სისხლის სამართლებრივ ჯარიმასთან ერთად, დამნაშავეს ბოდიშის მოხდაც ეკისრებოდა. სწორედ დანაშაულის მონანიებისა და ბოდიშის მოხდის ეს განსაკუთრებული სახეობა იყო "შეხვეწა".

ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნის გვერდი (გადაწერილი XVIII საუკუნეში)

რაც შეეხება "დიდად შეხვეწას", ეს უნდა ყოფილიყო ბოდიშის მოხდის განსაკუთრებით მძიმე ფორმა, რადგან მას კანონმდებელი სხვანაირად არ მოიხსენიებდა. "შეხვეწა", "შეხვეწილობა" ქართული ფეოდალური ყოფისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო, სწორედ აქედან არის წარმოშობილი "შეხვეწილი". ეს უკანასკნელი კი ნიშნავს იმ პირს, რომელმაც მოინანია, ბოდიში მოიხადა და შეევედრა. კანონმდებელი აგრეთვე საუბრობს "უსამართლოდ გინებაზე". ასეთი დანაშაულისთვის პირი ისჯებოდა 10 ათასი თეთრის გადახდით (127).

ცალკე აღსანიშნავია "დიაცის გინება". ამ შემთხვევაში სასჯელი მკაცრი იყო დაწესებული. მხედველობაში მიიღებოდა შეურაცხყოფილი და შეურაცხმყოფელი მხარეების წოდებრივი მდგომარეობა ("საპატიობა") (130).

ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნში ასევე ვკითხულობთ: "მეკობრისა და ზედა დამსხმელის სისხლი არ არის" (138). ე.ი. მეკობრისა და "ზედა დამსხმელის" მოკვლისთვის მკვლელი პასუხს არ აგებდა. აქედან, საფიქრებელია, რომ თუ "ზედა დამსხმელსა" და მეკობრეს მართლმსაჯულება ხელთ ჩაიგდებდა, მკაცრად, უსასტიკესად დასჯიდნენ.

საერო სასჯელების მხრივ XII-XIII საუკუნეები გამორჩეული და საინტერესო ეპოქაა. ზუსტად ამ პერიოდში მიმდინარეობს საერო სასჯელების ჰუმანიზაცია. ეს იყო არა რომელიმე მეფისა თუ მთავრის ზნეკეთილობის, არამედ ქართული სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და ქართული კულტურის აღმავლობის ნაყოფი.

ხელისუფალნი იშვიათად მიმართავდნენ დასჯის სასტიკ მეთოდებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ გიორგი III-ის (1156-1184) მეფობის დროს სიკვდილით დასჯა ხშირად გამოიყენებოდა. ასეთი დასჯის კვალიფიციურ სახეებს წარმოადგენს: თავის მოკვეთა, წყალში ჩახრჩობა, ხმლით თავის მოჭრა და სხვ.

საქართველოში გიორგი III-ის დროს მოიწვიეს საკანონმდებლო კრება, რომლის შესახებაც ვარდან არეველცი (XIII ს.) წერს თავის "მსოფლიო ისტორიაში":

"619 (1170 წ.) გიორგი მეფემ თავის ქვეყანაში მპარავი და მეკობრე მოსპო, რადგან ყოველთა ლაშქართა თანადგომითა სჯულად დასდო მცირისა და დიდისა საქმისათვის უწყალოდ ყოვლისა კაცისა ძეგლზე აღბმა და ჩინებულთაგან მრავალნი ძეგლზე ჩამოახრჩვეს. ნაპოვნი ნივთი მოჰქონდათ და სასჯელის ძელზე ჰკიდებდნენ".

ვარდან არეველცი XIII საუკუნის დამლევს ცხოვრობდა და საკმაოდ რთულია მისი ცნობა ბოლომდე სარწმუნოდ ჩავთვალოთ. ვარდან არეველცის საისტორიო წყაროს ეწინააღმდეგება გიორგი III-ის სიგელი, რომელშიც ვკითხულობთ:

"თუ მრავალჯერ ეპაროს კაცსა, ანუ ჩამოარჩონ ჩუენთა ჩენილთა ანუ გაპატიჟონ".

ამგვარად, ვარდანის ცნობაში გიორგი III-ის მიერ შემოღებული კანონის ძირითადი აზრი დამახინჯებულია. გიორგი III-ის საბუთის მიხედვით ვიგებთ, რომ არათუ მცირე პარვისთვის, არამედ არც დიდი პარვისთვის არ მიმართავდნენ სიკვდილით დასჯას. გიორგი III-ის დროს სიკვდილით დასჯის მეთოდს მხოლოდ რეციდივისტი ქურდების წინააღმდეგ იყენებდნენ, რომლებიც მრავალჯერ იყვნენ შემჩნეული ქურდობაში. "ძელსა ზედა აღბმაÁ" გამოიყენებოდა მოღალატისა და ადამიანებით მოვაჭრის წინააღმდეგ. საბუთის მეშვეობით ვიგებთ იმასაც, რომ XII საუკუნეში საქართველოში არსებობდა ისეთი დაწესებულება, რომელიც მიზნად ისახავდა მეკობრეებისა და ქურდების დევნას და შემდგომში მათ გასამართლებასაც.

1177 წელს გიორგი III-ის წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოეწყო (ის ცნობილია დემნა უფლისწულის აჯანყების სახელით). ამბოხებულები თითქოს იცავდნენ დავით V-ის შვილის, დემნა (დემეტრე) უფლისწულის ინტერესებს, რეალურად ისინი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და საკუთარი უფლებების გაფართოებისთვის იბრძოდნენ. აჯანყებულებს სათავეში ედგა ამირსპასალარი ივანე ორბელი.

ამბოხებულებმა საწადელს ვერ მიაღწიეს. გიორგი III-მ ისინი დაამარცხა, აჯანყებულები გაასამართლა და მკაცრად დასაჯა. დემნას თვალები დათხარეს და დაასაჭურისეს. ივანე ორბელს თვალები დათხარეს, სიკვდილით დასაჯეს ივანეს ძმა, ქავთარი და შვილი, სუმბატი. გიორგი III-მ სხვა ამბოხებულთა წინააღმდეგ მიმართა დასჯის ერთ-ერთ ცნობილ მეთოდს, ექსორიობას (მწირობა, გადასახლება, გაძევება). ამ ტერმინს ჩვენ ვხვდებით თამარის პირველ ისტორიკოსთან.

ექსორიის სახეები იყო მუდმივი და დროებითი, რაც ძირითადად სახელმწიფო დანაშაულებისთვის გამოიყენებოდა. ექსორიის ადგილად ხშირად ჩანს მაკედონია და კონსტანტინოპოლი. არსებობდა ასევე ტერმინი გაძევება, ანუ გადასახლება. ამ დროს დამნაშავეს მოაშორებდნენ თავის საცხოვრებელ ადგილს, სხვაგან გაძევებით.

სარზე აცმა

ერთი სიტყვით, გიორგი III-ის მეფობის დროს სახელმწიფო თავისი ინიციატივით დევნიდა ქურდებსა და მეკობრეებს. იგი სიკვდილით დასჯასა და დამასახიჩრებელი სასჯელების გამოყენებასაც არ ერიდებოდა. თამარისგან განსხვავებით, გიორგი III-ის მეფობის დროს ძლიერი იყო სამძებრო ელემენტებიც. მისი მემკვიდრე თამარის (1184-1210) მეფობის დროს კი მართლაც საგრძნობლად შეიმჩნევა სასჯელთა სისტემის შემსუბუქება. თამარ მეფის ისტორიკოსის, "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორის ცნობით, თამარმა თავისი მეფობის დროს აკრძალა მათრახით ცემა, "არცა თუ ტაჯგანაგი უბრძანა ვის სადმე კრვად". მისთვის უცხო იყო ისეთი სასჯელები, როგორებიცაა: დაბრმავება, დასახიჩრება და სხვ.

თუმცა, თამარის პირველი ისტორიკოსის სიტყვებიდან ჩანს, რომ მართალია, მეფემ სხეულის დამასახიჩრებელი სასჯელების გამოყენება აკრძალა, გამონაკლისის სახით, ერთ დამნაშავეს თვალები მაინც ამოუწვეს - ეს გახლდათ გუზან ტაოსკარელი. ამ მოღალატე დიდებულის დასჯა თამარის ქმარმა, დავით სოსლანმა ითავა. დავითმა თამარის დაუკითხავად დაასჯევინა იგი, რადგან კარგად იცოდა საქართველოს მეფე-დედოფლის გულმოწყალე ხასიათი. მემატიანეების მიერ აღნიშნული თამარ მეფის გულმოწყალება არ უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ მეფის პირადი ინიციატივა, ყველაფერი ეს ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკის მაჩვენებელია, რომელიც მიმართული იყო სასჯელების შემსუბუქებისკენ, მათი ჰუმანიზებისკენ.

XIII საუკუნის ქართველ ისტორიკოსთა აზრით, თამარ მეფის დროს გატარებულმა სახელმწიფო ღონისძიებებმა თავის შედეგი გამოიღო. შემცირდა ქურდობა, მკვლელობა და ავაზაკობის შემთხვევები. თამარ მეფეს გეზი აღებული ჰქონდა სასჯელთა სისტემის შემსუბუქებისკენ. ასევე მეტად მოწყალე მეფე გახლდათ თამარის მემკვიდრე გიორგი IV ლაშა (1210-1222), რომელსაც მემატიანე ახასიათებს როგორც, "მონისაცა ერთისა მათრახისა არამკვრელი". ამ სიტყვებიდან ჩანს მეფის შემწყნარებელი ბუნება. ეს კი თამარის სამართლებრივი პოლიტიკის გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ.

XII-XIII საუკუნეებში ქართული სამართალი აღმავლობის გზაზეა. ეს პერიოდი წარმოადგენს საქართველოს გაერთიანებისა და ძლიერი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნისა და ჩამოყალიბების ხანას.

შუა საუკუნეების საქართველოში მრავალი სახის საერო სასჯელი იყო დაწესებული, თუმცა ჩვენ XI-XIII საუკუნეების საერო სასჯელებზე გავამახვილეთ ყურადღება. ამ პერიოდში ერთიანი საქართველოს სამეფო ყველაზე მეტად იყო ცენტრალიზებული, ხოლო საერო სამართალი სამეფო ხელისუფლების ხელში იყო მოქცეული. ძლიერი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში სამართალს უმეტესწილად ცენტრალური ხელისუფლება არეგულირებდა. საერო სასჯელების პრაქტიკა, წლების განმავლობაში იხვეწებოდა და სულ უფრო მეტად ჰუმანური ხდებოდა...

ლუკა კარკაძე ჟურნალი "ისტორიანი".#104