"მთელი ჯარი, პოლიცია ფეხზე დააყენეს მის დასაჭერად, მაგრამ ამაოდ!" - რამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღად გავარდნილი თავადის ცხოვრებიდან
"მთელი ჯარი, პოლიცია ფეხზე დააყენეს მის დასაჭერად, მაგრამ ამაოდ!" - რამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღად გავარდნილი თავადის ცხოვრებიდან
ფოტო:კანვოელები ტფილისში, მთავარმმართებლის სასახლეში
ცნობილი საზოგადო მოღვაწე და რევოლუციონერი გიორგი ლასხიშვილი, როცა ქუთაისის ციხეში იჯდა, იხსენებდა ვინმე გიორგი მიქელაძეს (ალექსანდრ ფრენკელი წიგნში "კავკასიაში ყაჩაღობის ისტორიისთვის. ტატო წულიკიძე" ასახელებს ცნობილ ყაჩაღს, თავად გრიგოლ მიქელაძეს. საფიქრებელია, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა), იმდროინდელ "დასავლეთ საქართველოს ზელიმ-ხანს" (ჩეჩენი ყაჩაღი გუშმაზუკაევი. - ი.მ.), რომელმაც, როცა სახსრები შემოაკლდა, ყაჩაღობა დაიწყო. "მთელი ჯარი, პოლიცია ფეხზე დააყენეს მის დასაჭერად, მაგრამ ამაოდ! სასწაულებრივ უქრებო
და ხელიდან მდევნელთ. რამდენჯერმე ციხიდანაც გაიქცა".


ზელიმ-ხანისა რა მოგახსენოთ და როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, გრიგოლ მიქელაძე ჩვეულებრივი ყაჩაღი და მკვლელი ყოფილა. მამამისი, თავადი პეტრე მიქელაძე შეძლებული კაცი იყოო. "კაცად გამოყვანისთვის" სასწავლებლად შვილი პეტერბურგში გაგზავნა, სა
დაც იგი მალე მეფის ბადრაგში - კანვოიში მოხვდა. სამსახურის მოხდის შემდეგ, ჩინებულად გაუვლია ოფიცრობის სავალდებულო გამოცდა, გადაუყვანიათ ულანების პოლკში კორნეტის წოდებით და გზის ფულად ათასი რუბლიც მიუციათ.

ზელიმ-ხან გუშმაზუკაევი

მიქელაძე გაამწესეს ხივაში, შუა აზიაში "თავის გამოსაჩენად და ღენერლობის საშოვნელად". მაგრამ ხივაში წასვლის ნაცვლად ის მშობლიურ კულაშში ჩავიდა, სამსახურს თავი მიანება და შინ დარჩა. სამი წლის შემდეგ მამამისი გარდაიცვალა და მთელი მისი ქონება მემკვიდრეობით ერგო. იქამდე და შემდგომშიც გრიგოლ მიქელაძე განაგრძობდა ქუთაისში (სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა) ქეიფსა და დროს ტარებას, ქუთათური ქალების "გულთა პყრობას", მუშტი-კრივსა და აზარტულ თამაშებს. თუ ჩხუბში მას ღონიერი კაცის სახელი გაუვარდა, თამაშში ბედი არ სწყალობდა: სულ მუდამ წაგებაში იყო. ცოტა ხანში საკუთარი უზარმაზარი ქონება გაანიავა.

ერთხელ, კულაშის მახლობლად ვიღაც ნანეიშვილი გაძარცვეს, ეჭვი მიქელაძეზე აიღეს, მაგრამ სასამართლომ იგი გაამართლა. ამასობაში კი ჩვეული ტემპით განაგრძობდა ქეიფსა და აზარტულ თამაშს, თუმცა გასაყიდი აღარაფერი ჰქონდა. მის შესახებ ხალხში ხმები დაირხა - მიქელაძე ყაჩაღობსო. ერთ ღამეს სამტრედიის სადგურთან რკინიგზის ოსტატის ცოლი მოკლეს. რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის მიქელაძეც დააპატიმრეს. ყველამ ადვოკატი იშოვა, მიქელაძის გარდა, რადგან უფულოდ იყო დარჩენილი. მას მიუსაჯეს კატორღა და გადააგზავნეს მეტეხის საპყრობილეში. გზაში მატარებლიდან გადახტა და აჯამეთის ტყეს შეაფარა თავი. უშედეგოდ ეძებდნენ სამი წლის განმავლობაში, ამბობენ, ნახევარ წელიწადს ოსმალეთში იმყოფებოდაო.

ამ ხნის განმავლობაში მიქელაძეს ბევრი ძარცვა-მკვლელობა დაბრალდა: 1877 წელს სენაკის მაზრაში, აბაშასთან, გაძარცვეს ვაჭრები. გაზეთი "დროება" (1880, #124) წერდა, რომ ორი ცხენოსანი მიუახლოვდა ვაჭრებს, "დაჰკივლეს, იშიშვლენ ერთმა ხმალი და მეორემ რევოლვერი და გულ-და-გულის იერიშით ეძგერენ ზარ-დაცემულთ ვაჭრებს და მხლებელს. ავაზაკებმა ცხენიდამ გადააგდეს ურია და ერთხელ ხმლის ყუა დაარტყეს კისერში, ფაღავას კი ხელი არ ახლეს, მხოლოდ ცხენი მოუკლეს. მისდგენ მხოლოდ სტეფანე გულავას, რომელსაც ახალუხის უბეში ჩაკერებული ჰქონდა 4.000 (ვითომც) რუბლი. ეს უკანასკნელი ნაკუწ-ნაკუწად ააგეს თუ ხმლით, თუ რევოლვერით, ააჭრეს ფულიანი უბეები. დასჭრეს აგრეთვე მოკლულის ძმა პავლე გულავა და შემდეგ გაჰკურცხლეს".

 ქართველი კანვოელები

ცხელ კვალზე ხელისუფლებამ მიქელაძეს მიაგნო: ის კულაშში ერთი ლამაზმანის სახლში იმალებოდა. სახლს ორმოცმა შეიარაღებულმა მხედარმა შემოარტყა ალყა და ცეცხლი გაუხსნა. "კეკლუც არსების ალერსით ღონე მიხდილი მიქელაძე პერანგამარა, ცალ ხელში სატევრით და მეორეში რევოლვერით გამოვარდება კარში, მაგრამ იმავ "კეკლუცის"(?) თხოვნით იარაღს ჰსდებს და ჰნებდება" (იხილეთ გაზეთი "დროება", 1880, ##122, 123, 124,N128, 129). გამოძიება მას დაუმორჩილებლობასა და იარაღის ხმარებასაც აბრალებდა - რამდენჯერმე გაისროლაო, თუმცა საბოლოოდ ამ საქმეში რაღაც მანქანებით გამართლდა, მაგრამ ციხეს, როგორც ჩანს, თავი მაინც ვერ დააღწია. "ქუთაისის ციხეში ჩემი ყოფნის დროს, - წერდა გიორგი ლასხიშვილი, - იგი უკვე მოხუცებული და დავრდომილი იყო. ავადმყოფობის გამო კარტორღაშიც არ გზავნიდენ, რომელიც კარგა ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა მას".

ირაკლი მახარაძე
ჟურნალი "ისტორიანი".#104

დღის კითხვადი სტატიები