დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები - კვირის პალიტრა

დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები

ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავი

2021 წლის თებერვალში შესრულდა ქართული დიპლომატიის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავი. 1921 წლის 8 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით, სიმონ მდივანმა, პირველმა უცხოელმა ელჩმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურს, თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს, იმ პერიოდისთვის თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარე მუსტაფა ქემალ ათათურქს.

ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის 100 წლისთავზე, წილად მხვდა პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში, თურქეთის რესპუბლიკაში.

თურქეთის რესპუბლიკაში ჩემი დიპლომატიური საქმიანობის დაწყების პირველი დღიდანვე, საელჩოს დიპლომატებთან ერთად, ამოცანად დავისახეთ მოგვეძიებინა და თავი მოგვეყარა თურქეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი მასალისთვის. კვლევის დასაწყისში ვიმედოვნებდით, რომ პროცესში გვექნებოდა შესაძლებლობა, დღის სინათლეზე გამოგვეტანა სიახლეები, რაც ახალ ელფერსა და სიღრმეს შესძენდა საკითხს. ამ პერიოდში გავმართეთ არაერთი შეხვედრა თურქეთის სხვადასხვა სახელმწიფო არქივისა და კვლევითი ცენტრის მესვეურებთან. გავიარეთ კონსულტაციები იმ პერიოდის თურქეთის ისტორიის შემსწავლელ მკვლევრებთან და ასევე, კოლექციონერებთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ანკარის (ანგორის) მთავრობას შორის ურთიერთობათა დამყარების პერიოდი (1920-1921 წლები), სათანადოდ არ არის შესწავლილი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ, ძალზე მწირი ინფორმაცია შემოგვრჩა ხსენებულ პერიოდთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია იმით, რომ სწორედ ამ წლებში, როგორც საქართველოში, ასევე, თურქეთში და საერთოდ, რეგიონში, გარდამტეხი ისტორიული პროცესები მიმდინარეობდა როგორც შიდა, ასევე საგარეო ფლანგზე.

სიმონ მდივანი ანკარაში, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან ერთად. მარცხნიდან პირველი დიმიტრი შალიკაშვილი. 1921 წლის თებერვალი, ანკარა. ფოტო სიმონ მდივნის ქალიშვილის, ნელი მდივნის არქივიდან, რომელიც მოგვაწოდა ჩემმა მეგობარმა, ისტორიკოსმა გიორგი მამულიამ

აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობდნენ ქართველი მეცნიერები, აღმოსავლეთმცოდნეები - მიხეილ სვანიძე, ელისო მაჩიტიძე, როინ ყავრელიშვილი. ასევე, რამდენიმე თურქი მკვლევარი. ერთ-ერთ ძირითად წყაროს კვლავაც წარმოადგენს თურქეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში მივლენილი ლეიტენანტის, დიმიტრი შალიკაშვილის ფასდაუდებელი მოგონებების ამსახველი დღიური, რომელიც აღმოაჩინა და 1972-1973 წლებში პარიზში გამომავალ მის მიერ დაარსებულ ჟურნალ "კავკასიონში" გამოაქვეყნა ვიქტორ ნოზაძემ. აღნიშნულ პერიოდს ასევე ფუნდამენტური ნაშრომი მიუძღვნა გურამ შარაძემ. ქართული დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა ანკარაში ჩამოსვლის, მოღვაწეობისა და ელჩის მიერ ათათურქისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის საკითხს, თავის მხრივ, გამოეხმაურა ადგილობრივი პრესა როგორც თურქულ, ისე ფრანგულ ენებზე. სტატიები დაიბეჭდა გაზეთებში Hakimiyet-i Milliye ("ეროვნული სუვერენიტეტი") და L’agence De Anatolie ("ანატოლიის სააგენტო"). სწორედ Hakimiyet-i Milliye-ს ფურცლებზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია სიმონ მდივნის მიერ ათათურქისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შესახებ და მისი ვრცელი ინტერვიუც, რომლის ქართულ ვარიანტსაც მოგვიანებით გავაცნობთ ქართველ საზოგადოებას. აქვე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალაქ ანკარაში საელჩოს თავდაცვის ატაშეს მოადგილეს, მაიორ დავით თავაძეს, რომელმაც ხსენებული გაზეთის ნომრის ელექტრონული ვერსია კოლეგების დახმარებით მოიპოვა თურქეთის გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიისა და სტრატეგიული კვლევების არქივიდან.

ჩვენს ხელთ არსებული მასალის სიმწირიდან გამომდინარე, შევეცადე თურქული და უცხოური წყაროებიდან მომეპოვებინა დამატებითი მასალა, თურქეთში საქართველოს პირველი საელჩოს დაარსებისა და საქმიანობის, ადგილმდებარეობის, ასევე, სიმონ მდივნის მიერ ათათურქისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიისა და საქართველოს დელეგაციის თურქეთში ყოფნის ხანმოკლე (1921 წლის იანვარი-მარტი), მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი მოღვაწეობის შესახებ. დანანებით უნდა აღვნიშნო, რომ სიმონ მდივნის მიერ უშუალოდ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალის ამსახველი ფოტომასალა არც თურქეთის არქივებს შემორჩენია. ისტორიული უიღბლობაა ისიც, რომ თავად ათათურქის ფოტოგრაფის კუთვნილ არქივში დაცული ფოტოების უმეტესი ნაწილი 1979 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.

ამ მხრივ, ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო 1921 წელს თურქეთში მყოფი ამერიკელი ჟურნალისტის, გაზეთ Pჰილადელპჰია Pუბლიც Lედგერ-ის კორესპონდენტ კლარენს სტრეიტის მოგონებები. კლარენს სტრეიტი იყო პირველი უცხოელი ჟურნალისტი, რომელმაც აიღო ცნობილი ინტერვიუ ათათურქისგან. კლარენს სტრეიტი, ანკარაში სწორედ ჩვენი კვლევის პერიოდში, 1921 წლის დასაწყისში, დაახლოებით 7 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც მისი მოგონებებიდან და საქმიანობის ქრონიკებიდან ირკვევა, მას ახლო კონტაქტები ჰქონდა არა მხოლოდ ანკარის (ანგორის) მთავრობასთან, არამედ, იქ მომუშავე საქართველოს და ასევე, საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან.

კლარენს სტრეიტის მემუარებში მოხსენიებულია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა თურქეთში. ამ მოგონებებში ვხვდებით მეტად საინტერესო მასალას ანკარის (ანგორის) მთავრობისა და იმ პერიოდის თურქეთთან დაკავშირებით. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მოგონებების ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ სიმონ მდივნისა და მისი დელეგაციის ანკარამდე მოგზაურობას ეხება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლარენს სტრეიტის მიერ არის გადაღებული სიმონ მდივნის უნიკალური ფოტო, რომლის ორიგინალიც ინახება ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში და რომლის ხილვის შესაძლებლობაც ჩვენს მკითხველებს სწორედ ამ სტატიის საშუალებით მიეცემა.

როგორც ცნობილია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 3 ივნისს ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ოსმალეთის იმპერიამ, რასაც იმავე წლის 4 ივნისს მოჰყვა ბათუმის საზავო ხელშეკრულების (ე.წ. ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულება) გაფორმება.

მოგვიანებით, უკვე 1919 წელს, კონსტანტინოპოლში შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა, რომელიც 1920 წლის 16 მარტს ანტანტის ჯარების მიერ სტამბოლის დაკავების შემდეგ საქართველოს წარმოადგენდა, ასევე, მოკავშირეთა არმიის სარდლობასთან. სტამბოლში დიპლომატიურ წარმომადგენლად დაინიშნა სოციალისტ-ფედერალისტი გრიგოლ რცხილაძე, ხოლო კონსულად მივლენილ იქნა იოსებ გოგოლაშვილი.

პირველი დიპლომატიური კონტაქტები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ანგორის მთავრობას შორის ფიქსირდება 1920 წლის მიწურულისთვის. ფრონტზე შექმნილი არასახარბიელო ვითარებიდან გამომდინარე, ათათურქის მთავრობა ცდილობდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას. თურქეთის განსაკუთრებულ მოწადინებას ამყარებდა საქართველოს, როგორც ნეიტრალური მხარის შენარჩუნების სურვილი, სომხეთთან დაპირისპირებისა და საბჭოთა რუსეთთან უკვე დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე.

დიმიტრი შალიკაშვილი

1920 წლის 13 ნოემბერს, მუსტაფა ქემალ ათათურქის მითითებითა და თურქეთის დიდი ეროვნული კრების მიერ იმავე წლის 22 ოქტომბერს გამოცემული დანიშვნის ბრძანების თანახმად, თბილისს ეწვია ანკარის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ქაზიმ დირიქი - ათათურქის ერთგული თანამებრძოლი და უახლოესი გარემოცვის წევრი. ქაზიმ დირიქის შვილიშვილის მიერ გამოქვეყნებული მისი მოგონებების თანახმად, უკვე 14 ნოემბერს თბილისში ქაზიმ ბეიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა ნოე რამიშვილს. გადაცემა სამხედრო სამინისტროში გაიმართა, ესწრებოდნენ სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე, გენერალი ილია ოდიშელიძე.

მოგვიანებით თბილისს ასევე სტუმრობდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბექირ სამი ბეი. მისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა საქართველოს დიპლომატიური მისიის მივლენა ანკარაში. საქართველოს პირველ ელჩად დაინიშნა დამფუძნებელთა კრების თავმჯდომარის მოადგილე, გამოცდილი პოლიტიკოსი სიმონ მდივანი. მას უკვე ჰქონდა დიპლომატიური გამოცდილება, რადგან მანამდე მივლენილი იყო ელჩად სომხეთში.

ანკარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩად დანიშნული სიმონ მდივანი, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისიდან ანკარაში 1920 წლის მიწურულს გაემგზავრა. ლეიტენანტი დიმიტრი შალიკაშვილი "დღიურებში" შემდეგნაირად აღწერს ამ დღეს:

"27 დეკემბერი 1920 23 საათზე საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობა განსაკუთრებული ვაგონით თბილისიდან ბათუმისაკენ გავიდა ანგორაში გასამგზავრებლად. დელეგაციის შემადგენლობაა - მისი მეთაური, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი, სვიმონ გურგენის ძე მდივანი, სამხედრო მრჩეველი - გენერალი ერისთავი, მისიის საქმეთა მწარმოებელი - არისტო ჭუმბაძე, ატაშე - მელიტონ (ოსმან ბეი) ქარცივაძე, ზია ბეი აბაშიძე, ორი ოფიცერი დავალებათათვის - ემუხვარი და ლეიტენანტი დიმიტრი შალიკაშვილი, ორი ჯარისკაცი - შიკრიკად. ქარცივაძე და ზია ბეი აბაშიძე ორი დღით ადრე გაემგზავრნენ ბათუმს".

ბათუმში ჩასული დელეგაცია, გემით, შავი ზღვისპირეთის პორტების გავლით, სამსუნს ჩავიდა. ქვეყანაში არსებული საბრძოლო მდგომარეობისა და ფრონტებზე მიმდინარე ბრძოლების გამო, თურქეთის შიდა ტერიტორიაზე დელეგაციას შორი, მაგრამ შედარებით უსაფრთხო მარშრუტის შერჩევამ მოუწია. სამსუნიდან დელეგაციამ, ამასია-თოქათი-კაისერის გავლით, გზა ნიღდემდე ავტომობილებით განაგრძო. ნიღდედან კონიამდე და შემდგომ ესქიშეჰირამდე, მისიის წარმომადგენლებმა, კვლავ მატარებლით იმგზავრეს. საბოლოოდ, სიმონ მდივნისა და საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა ხანგრძლივი მგზავრობა, თბილისიდან დანიშნულების პუნქტამდე, ანკარამდე 35 დღის შემდეგ, 1921 წლის 31 იანვარს დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმიდან ანკარამდე, ქართულ დელეგაციასთან ერთად მგზავრობდა მოსკოვიდან მომავალი ანგორის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ბექირ სამი ბეი.

ანკარაში ჩამოსული ქართული დელეგაცია დაბინავდა ადგილობრივი მთავრობის მიერ მათთვის ქალაქის გარეუბანში, ჯებეჯიში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, სამხედრო სავადმყოფოს მახლობლად გამოყოფილ კერძო სახლში, რომელიც მისიის თურქეთში საქმიანობის ხანმოკლე პერიოდში საელჩოს ფუნქციას ასრულებდა.

ჩამოსვლიდან მე-9 დღეს, 8 თებერვალს, შედგა სიმონ მდივნის მიერ თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარის მუსტაფა ქემალ ათათურქისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა. თავად სიმონ მდივანი, მთელი ცხოვრება ამაყობდა, რომ იგი იყო პირველი ელჩი, ვინც "ახალ ოსმალეთს თავისუფლება მიულოცა და საქართველოს მიერ მისი ცნობა ახარა".

როგორც აღვნიშნეთ, არ შემორჩენილა არც რწმუნებათა სიგელების გადაცემის ამსახველი და ასევე, არც საელჩოს შენობის ფოტო. სამწუხაროდ, აღარ არსებობს საელჩოს შენობაც. ქალაქის განვითარების ტემპების შესაბამისად, ჯებეჯის უბანმა უამრავჯერ იცვალა პირვანდელი იერსახე.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის მეორე დღესვე, გაზეთმა Hakimiyet-i Milliye აღნიშნულ ცერემონიას მიუძღვნა ვრცელი სტატია, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ ქართველი ელჩისა და მისი დელეგაციის მიღების დეტალები - ურთიერთმისალმება, მუსტაფა ქემალისა და სიმონ მდივნის სიტყვები, გულითადი დიალოგი და უშუალოდ რწმუნებათა სიგელის შინაარსიც კი. გთავაზობთ გაზეთში გამოქვეყნებული რწმუნებათა სიგელის ტექსტის ქართულ თარგმანს:

Hakimiyet-i Milliye  1921 წლის 9 თებერვალი, გაზეთის #104

საქართველოს ელჩის სიმონ მდივნის მიერ მუსტაფა ქემალ ათათურქისთვის გადაცემული რწმუნებათა სიგელი

გაუწყებთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ ანკარაში თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობასთან სრულუფლებიან წარმომადგენლად დანიშნულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე სიმონ მდივანი.

მუსიე სიმონ მდივანს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, გამართოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე ნებისმიერი სახის შეხვედრა და ხელი მოაწეროს შეთანხმებებს.

ზემოაღნიშნულის დასტურად, მას ეძლევა ხელმოწერით დამოწმებული და დალუქული ქვემორე რწმუნებათა სიგელი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აქვს პატივი, ითხოვოს, რომ მუსიე სიმონ მდივანს გამოეცხადოს სრული ნდობა და საქართველოს მთავრობის სახელით მის მიერ გაკეთებული ყველა განაცხადი მიჩნეულ იქნას სარწმუნოდ".

ანკარის ფრანგულენოვანიL’agence De Anatolie (ანატოლიის სააგენტო) შემდეგნაირად აღწერს ცერემონიას:

L’agence De Anatolie

ანკარა, 9 თებერვალი, 1921 წ.

ქართული დელეგაციის ოფიციალური მიღება მუსტაფა ქემალ-ფაშას მიერ"ქართული დელეგაცია, რომელმაც უნდა წარმოადგინოს საქართველოს რესპუბლიკა თურქეთის დიდი ეროვნული ყრილობის მთავრობასთან, გუშინ, მთავრობის სასახლეში მისმა ბრწყინვალებამ მუსტაფა ქემალ-ფაშამ ოფიციალურად მიიღო. ნაშუადღევს 15:00 საათზე ქართული დელეგაცია ეტლით მივიდა მთავრობის სასახლეში, საგარეო სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების დირექტორის, ჰიქმეთ ბეის თანხლებით და წარდგენილ იქნა მის ბრწყინვალება მუსტაფა ქემალ-ფაშასთან. ჩვეულებრივი მისალმების შემდეგ, დელეგაციის მეთაურმა და საქართველოს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ბატონმა მდივანმა გადასცა მის ბრწყინვალებას მუსტაფა ქემალ-ფაშას თავისი რწმუნების სიგელი და მიმართა მას შემდეგი სიტყვით: - თქვენო ბრწყინვალებავ!

 პოლკოვნიკი ქაზიმ დირიქი - ანკარის (ანგორის) მთავრობის პირველი სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ნება გვიბოძეთ, გადმოგცეთ რწმუნებათა სიგელი, რომლითაც საქართველოს მთავრობამ გამოხატა ნება, დაევალებინა ჩემთვის სრულუფლებიანი წარმომადგენლობა თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობის წინაშე. ნება გვიბოძეთ, გამოვხატოთ ის გულითადი დამოკიდებულება, რომლითაც გამსჭვალულია საქართველოს მთავრობა ანგორის მთავრობის მიმართ... საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ანგორის მთავრობას, რომელმაც აღმართა დამოუკიდებლობის დროშა და მზად არის მის შესანარჩუნებლად უდიდესი თავგანწირულობისთვის, კარგად ესმის თუ რაოდენ წმინდაა ეროვნული დამოუკიდებლობა მისი მეზობელი საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც საუკუნოვანი ტყვეობის შემდეგ შესძლო აღედგინა ფეხქვეშ გათელილი მისი უფლებები...

მისმა ბრწყინვალებამ, მუსტაფა ქემალ-ფაშამ უპასუხა ელჩ სიმონ მდივანს შემდეგი სიტყვებით:

- უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი, თქვენი აღმატებულების სახით მივესალმო ქართველ ხალხს, რომელთანაც გვსურს დავამყაროთ გულწრფელ და გულითად დამოკიდებულებაზე დაფუძნებული ურთიერთობა...

მე ვთხოვ თქვენს აღმატებულებას, გადასცეთ საქართველოს მთავრობას, ქართველი ერის კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან დაკავშირებით ჩვენი კეთილი სურვილები. დარწმუნებული ვარ, თქვენი იშვიათი ღირსებები, რომელთაც განაპირობეს ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე თქვენი დანიშვნა და თქვენი აქ ყოფნა, სასიკეთოდ წაადგება ორ ერს შორის კავშირების გაღრმავებისა და განმტკიცების საქმეს".

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ღირსშესანიშნავი დღე დაწვრილებით აღწერა ლეიტენანტმა დიმიტრი შალიკაშვილმაც თავის "დღიურებში". გთავაზობთ ამონარიდებს მისი ჩანაწერებიდან: "8 თებერვალი, 1921

დღეს უნდა მოხდეს ქემალ-ფაშას და მდივნის შეხვედრა. დანიშნულია სამ საათზე. ორ საათზე მოვიდნენ ჩვენთან იკმეტ-ბეი და ქემალ-ფაშას ადიუტანტი. უკანასკნელი აღმოჩნდა აბხაზი ანჩაბაძე, რომლის მამა დიდი ხანია თურქეთს გადასახლებულა. აფხაზურად ვერ ლაპარაკობს. გავედით სახლიდან სამის ნახევარზე და სამი საათისთვის ვიყავით მთავრობის სახლში, სადაც მიგვიღებს ქემალი. შეგვიყვანეს კაბინეტში. კარგია, ანგორასათვის ძვირფასად მოწყობილი ოთახი... ჩვენ ვართ ხუთი - მდივანი სვიმონ, გენერალი ერისთავი, ჭუმბაძე, ემუხვარი და მე. ორი თურქია - თვითონ ქემალ ფაშა და იკმეტ ბეი. დასხდა ყველა ემუხვარისა და ჩემს გარდა. ს. მდივანმა გადასცა თავისი რწმუნების ქაღალდი, როგორც წინდაწინ დაწესებული იყო. სიტყვებს, რომელთა ასლები უკვე გაცვალეს, არ წარმოთქვამენ და პირდაპირ საუბარს შეუდგნენ, ქემალ ფაშა ლაპარაკობს თურქულად, სთარგმნის იკმეტ-ბეი. მდივანი ლაპარაკობს ქართულად, ფრანგულად თარგმნის ჭუმბაძე, თურქულად იკმეტ-ბეი. საერთოდ ჩანს, ქემალი ამ საუბარს სერიოზულ მნიშვნელობას აძლევს. ქემალ ფაშა საშუალო ტანის კაცია. გამხდარი სახისა ნაზი და საინტერესო ხაზებით. შეკრეჭილი ულვაშები, ჭკვიანი სახე, ნებისყოფის მაჩვენებელი. აცვია კარგად... გაგვიმასპინძლდნენ ყავითა და პაპიროსებით. შეხვედრა გაგრძელდა ერთი საათი და ხუთმეტი წუთი. გამოთხოვებისას ქემალმა ფრანგულად უთხრა რამოდენიმე გამოსამშვიდობებელი სიტყვა მდივანს. შეხვედრის დასასრულს დავბრუნდით შინ. აღვმართეთ ჩვენი მისიის შენობაზე ჩვენი დროშა და გამოვკიდეთ ღერბი... აქაურ გაზეთებში წერენ - თბილისში და ბათუმში დიდი ზეიმია საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად აღიარების გამო".

გაზეთი Hakimiyet-i Milliye (1921 წლის 9 თებერვალი, #104), რომელშიც გამოქვეყნდა ცნობა, სიმონ მდივნის მიერ მუსტაფა ქემალ ათათურქისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შესახებ

აღსანიშნავია, რომ რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, სიმონ მდივანი კიდევ სამჯერ შეხვდა მუსტაფა ქემალ ათათურქს, ამათგან ორჯერ, იმავე წლის 26 თებერვალს და 1-ლ მარტს, ათათურქი თავად ეწვია ანკარაში საქართველოს წარმომადგენლობას.

როგორც აღვნიშნეთ, სიმონ მდივანი იყო პირველი ელჩი, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თურქეთში და რომელმაც გადასცა რწმუნებათა სიგელები ათათურქს. მიუხედავად იმისა, რომ ს. მდივნის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემა ქრონოლოგიურად წინ უსწრებს საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლის მიერ სიგელების გადაცემის ცერემონიას, ოფიციალურად დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან საქართველოზე ადრე სწორედ რუსეთმა დაამყარა, რაც იმ პერიოდის მოვლენების გათვალისწინებით ბუნებრივია და სავსებით ჯდება პოლიტიკურ კონიუნქტურაში. ამ დროს თურქეთი მრავალი მიმართულებით იბრძოდა, აქ გასათვალისწინებელია დაძაბული ურთიერთობები მოკავშირეებთან და თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ათათურქის მეთაურობით. შესაბამისად, თურქეთიც მოწადინებული იყო, რეგიონში მოკავშირეები გაეჩინა. ჯერ კიდევ 1920 წლის 3 ივნისს, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გ. ჩიჩერინმა ათათურქს გაუგზავნა წერილი და სწორედ ეს თარიღი ითვლება ორ ქვეყანას შორის ოფიციალურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ათვლის წერტილად. აღნიშნული წერილობითი დასტურის მიღებიდან მოკლე ხანში, საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური მისია თურქეთში გაემგზავრა. საინტერესოა, რომ ამ მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქართველი ბოლშევიკი, საბჭოთა პარტიული მოღვაწე, საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი, რევოლუციონერი შალვა ელიავა, რომელიც მანამდე იყო რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სპარსეთში. შალვა ელიავამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ანკარაში ჩასვლა ვერ შეძლო. ახალი ელჩის დანიშვნამდე, ანკარაში რუსეთის მისიას საელჩოს მრჩეველი იან უპმალ-ანგარსკი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მისია ანკარაში გაიხსნა 1920 წლის 15 დეკემბერს და იგი სამანფაზარის უბანში მდებარეობდა. ცნობილია, რომ თურქეთში უცხო ქვეყნის ამ პირველი წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიალს დაესწრო თავად ათათურქიც.

სიმონ მდივნის მიერ ათათურქისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემიდან დაახლოებით 10 დღეში, ანკარაში ჩამოვიდა საბჭოთა რუსეთის ახალდანიშნული სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ამჯერადაც ქართველი, გულმხურვალე ბოლშევიკი და საბჭოთა პარტიული აქტივისტი ბუდუ მდივანი, რომელიც სიმონ მდივნის ღვიძლი ძმა გახლდათ. ეს მოვლენა, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა დიპლომატიის ისტორიაში, როცა იდეოლოგიური თვალსაზრისით ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავებული ორი სხვადასხვა ქვეყნის ინტერესებს, ერთ ქვეყანაში, ერთდროულად წარმოადგენენ ძმები.

ძმები მდივნების მოღვაწეობას ანკარაში ძალზე საინტერესოდ აღწერს კლარენს სტრეიტი. თავის მოგონებებში იგი წერს:

"ანკარაში მოქმედი უცხოური მისიებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ბოლშევიკური რუსეთისა და საქართველოს საელჩოებს, რადგან მათი შემთხვევა ალბათ სრულიად უნიკალურია: ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, თურქეთში მათი ელჩები კი ძმები იყვნენ. ბუდუ მდივანი საბჭოთა რუსეთის მიერ იყო წარგზავნილი, ხოლო სიმონ მდივანი - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას წარმოადგენდა. მდივნების ოჯახი საქართველოში ცხოვრობდა და მათ კიდევ ორი ვაჟი ჰყავდათ, რომლებიც სიმონის მსგავსად, მენშევიკებს უჭერდნენ მხარს.

ბუდუ მდივანი მიყვებოდა: "ჩემი და ჩემი ძმის გზები, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჯერ კიდევ 25 წლის წინ გაიყო. დროთა განმავლობაში, ჩვენს შორის არსებული განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა. დედაჩემს ჯერაც ვერ გაუგია, როგორ მოხდა, რომ მისი წიაღიდან ორი ასე მკვეთრად განსხვავებული ძმა იშვა. როცა ჩვენს ცხარე კამათს შეესწრებოდა, გვეტყოდა ხოლმე, შვილებო, სახლშიც კი ვერ ახერხებთ მორიგებას და მსოფლიო მშვიდობის დამყარებას როგორღა შეძლებთო.

რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება, ბუდუ მდივნის ანკარაში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გამწვავდა და შესაბამისად, სიმონ მდივანი ძმის დახვედრის ცერემონიალზე არ გამოჩენილა. ძმები ერთმანეთს მაშინაც არ ელაპარაკებოდნენ, როცა მე ქალაქის დატოვებამ მომიწია".

ეს იშვიათი მოვლენა ასევე ასახულია თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდის გამორჩეული თურქი მწერალი ქალის, ჰალიდე ედიფ ადივარის მოგონებებში და მის ერთ-ერთ საკულტო ნაშრომში "ცეცხლის პერანგი". 1921 წლის იანვარში, ქალაქ ესქიშეჰირში ყოფნისას, ჰალიდე ედიფი ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში სიმონ მდივანს შეხვედრია. მდივანი, ბექირ სამი ბეისთან ერთად მოგზაურობდა. ჰალიდე ედიფის კითხვაზე, მის თანმხლებ ოფიცერ თევფიქს ქართველი სტუმრისა და მასთან მყოფი დელეგაციის შესახებ უპასუხია: "ქართველი ელჩია, მენშევიკი.

ეტიკეტი თურქეთის რუკის გამოსახულებით, XX საუკუნის 20-იანი წლები

ბოლშევიკების ახალდანიშნული ელჩი, ამხანაგი მდივანი, მისი ძმაა, მაგრამ ერთმანეთთან ძაღლი და კატასავით არიან. ნებისმიერ წამს მოსალოდნელია საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა და შესაბამისად, შეიძლება მან თანამდებობა დაკარგოს. ბექირ სამი ბეი მათთან ერთად ბრუნდება უკან. დანარჩენები - ვერცხლის ქამარ-ხანჯლებით - საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები არიან. ის ძალზე წარმოსადეგი ბატონი კი ქართველი თავადია".

საინტერესოა, რომ ჰალიდე ედიფთან შეხვედრას მის "დღიურებში" ადასტურებს დიმიტრი შალიკაშვილიც, რომელიც შემდეგნაირად გადმოსცემს ამ მომენტს:

"26 იანვარი. 11 საათზე მივედით ესკეშირში. პატარა ქალაქია. ვფიქრობთ რამოდენიმე საათით დარჩენას. შევედით სასტუმროში, სადგურის ახლოს. ვისადილეთ ჩეხი ქალის რესტორანში. იქვე სადილობდა ორ ოფიცერთან ერთად ხალიდე-ედიმ-ხანუმ, პირველი მგოსანი ქალი და პირველი თურქი ქალი, რომელიც უჩადროდ ვნახე. იგი ორმოცი წლისა იქნება. ძალიან შეღებილია".

სიმონ და ბუდუ მდივნების ანკარაში მუშაობის პერიოდს "იშვიათ დამთხვევას" უწოდებს მათი ერთ-ერთი თანამედროვე, თურქეთის პირველი მოწვევის პარლამენტში ადანის დეპუტატი დამარ არიქოღლუც.

"საინტერესო დამთხვევაა, რომ რუსეთისა და საქართველოს ელჩები ძმები არიან. გვარი ერთი აქვთ; ერთი ბოლშევიკია, მეორე მენშევიკი - ორი სხვადასხვა რეჟიმის მომხრე სახელმწიფოებს ძმები წარმოადგენდნენ - ეს ისტორიის ალბათ ყველაზე უიშვიათესი დამთხვევათაგანია".

ბუდუ მდივანმა რწმუნებათა სიგელები ათათურქს 1921 წლის 5 მარტს გადასცა. იგი საბჭოთა რუსეთის მისიას 1921 წლის მაისამდე ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი გასაბჭოებულ საქართველოში დაბრუნდა. შალვა ელიავაცა და ბუდუ მდივანიც, ბედის ირონიით, სწორედ საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით დახვრიტეს 1937 წელს. საბჭოთა რეჟიმის რისხვას (დახვრეტას) ვერც ბუდუ მდივანის ცოლი და 5 შვილი გადაურჩნენ.

* * *

რუსეთისა და საქართველოს საელჩოები, როგორც აღვნიშნეთ, იყო პირველი დიპლომატიური მისიები, რომლებიც ანკარის (ანგორის) მთავრობასთან შეთანხმებით გაიხსნა. 1921 წლის 18 ნოემბერს კი ანკარაში საბჭოთა აზერბაიჯანის წარმომადგენლობა გაიხსნა. აზერბაიჯანის ელჩი ანკარაში გახლდათ იბრაგიმ აბილოვი, რომელიც, მოგვიანებით, 1937 წელს, ასევე დახვრიტეს.

აზერბაიჯანის საელჩოს შემდეგ ანკარაში გაიხსნა საბჭოთა უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობაც, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ცნობილი ბოლშევიკი და რევოლუციონერი მიხაილ ფრუნზე. სწორედ მიხაილ ფრუნზეს ხელმძღვანელობით მომზადდა უკრაინასა და თურქეთს შორის დადებული მეგობრობის ხელშეკრულება, რომელიც, თავის მხრივ, 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებას ეფუძნებოდა.

მალევე, ანკარაში უცხო ქვეყნების მისიათა რიცხვს შეემატა ავღანეთის რესპუბლიკისა და ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენლობები, თუმცა, ეს უკანასკნელი მალევე დაიხურა.

როგორც ცნობილია, საქართველოს გასაბჭოებიდან მალევე, 1921 წლის 22 მარტს, სიმონ მდივანმა დატოვა ანკარა. იგი იძულებული გახდა ჯერ სტამბოლში გამგზავრებულიყო, შემდეგ კი საქართველოს მთავრობასთან და დამფუძნებელი კრების წევრებთან ერთად, საფრანგეთში დარჩენილიყო სამუდამო ემიგრაციაში. სიმონ მდივანი გარდაიცვალა 1937 წლის 13 დეკემბერს, ქალაქ სოშოში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

რაც შეეხება საქართველოში თურქეთის პირველ წარმომადგენელს, ქაზიმ დირიქს, ეს სწორედ ის ქაზიმ-ბეია, რომელმაც საბჭოთა რუსეთის მიერ დემოკრატიული საქართველოს დაპყრობის შემდეგ, საქართველოს მთავრობასთან ერთად დატოვა თბილისი და გაემგზავრა ქუთაისს, ხოლო 1921 წლის 9 მარტს ქუთაისიდან ბათუმში ჩავიდა. უკვე 11 მარტს, თურქეთის აღმოსავლეთ ფრონტის სარდალ მუსა ქაზიმ ქარაბექირთან შეთანხმებით, ქაზიმ დირიქი საქართველოსკენ დაძრულ თურქულ ჯარს დახვდა, ბათუმში შეუძღვა და 17 მარტს თავი ბათუმის ოლქის გუბერნატორად გამოაცხადა - მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა ცნობილი მოსკოვის ხელშეკრულება.

აღსანიშნავია, რომ კავკასიაში ტერიტორიების გადანაწილების თაობაზე სწორედ ამ ხელშეკრულების პირობებს იმეორებდა იმავე წლის 13 ოქტომბერს დადებული, საყოველთაოდ ცნობილი 1921 წლის "ყარსის ხელშეკრულება".

თურქულმა ჯარმა ბათუმი 1921 წლის 20 მარტს დატოვა. ქაზიმ დირიქი, რომელიც თურქულ ისტორიოგრაფიაში შევიდა, როგორც ბათუმის ოლქის უკანასკნელი გუბერნატორი, ბათუმიდან თურქული ჯარების გასვლიდან ერთი კვირის თავზე, მარტის მიწურულს გაემგზავრა და თურქეთში დაბრუნდა. მომდევნო პერიოდში, მას ეჭირა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოსტი, მათ შორის, იზმირის გუბერნატორის თანამდებობა. თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის, ქაზიმ დირიქი მოგვიანებით ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ ანგორის მთავრობას გასაბჭოების შემდეგაც არ გაუწყვეტია საქართველოსთან ურთიერთობები და არ დაუხურავს თავისი მისია თბილისში. თურქი მეცნიერის, სერფილ სურმელის ცნობით, 1921 წლის 13 ოქტომბერს "ყარსის ხელშეკრულების" ხელმოწერის შემდეგ, თურქეთის დიდი ეროვნული კრების გადაწყვეტილებით, თურქეთმა აწ უკვე საბჭოთა საქართველოში წარმომადგენლად მოავლინა ერთ-ერთი გამოცდილი დიპლომატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და სტამბოლის დეპუტატი აჰმეთ მუხთარ მოლაოღლუ. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ იმავე წლის 1 ნოემბერს გამოსცა. საინტერესოა, რომ სწორედ აჰმეთ მუხთარ მოლაოღლუ იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვინც თურქეთის სახელით "ყარსის ხელშეკრულების" მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და შემდგომში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. დანიშვნიდან მალევე აჰმეთ მუხთარ მოლაოღლუ საქართველოში გაემგზავრა. 1921 წლის 7 დეკემბერს გაიმართა მის მიერ საბჭოთა საქართველოს მთავრობისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა. აჰმეთ მუხთარ მოლაოღლუს მიერ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოგზავნილი დეპეშიდან ირკვევა, რომ ბოლშევიკურ საქართველოში მას "დიდი ზარ-ზეიმითა და ზარბაზნების ქუხილით შეეგებნენ, როგორც მთავრობის მეთაურებს ხვდებიან ხოლმე".

ეხოსლოვაკიაში დამზადებული "ოსმალური ფესი" (ქუდი), ანკარის ხედით, XX საუკუნის 20-იანი წლები

* * *

ამგვარად, ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე, ანკარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი წარმომადგენლობის მოღვაწეობის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ორი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული მისიის ანკარაში მოღვაწეობიდან 70 წლის თავზე, 1991 წლის 16 დეკემბერს, თურქეთმა კვლავ ერთ-ერთმა პირველმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წლის 21 მაისს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, ხოლო 1992 წლის 30 ივლისს, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის "მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ" ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელმოწერისას თურქეთის რესპუბლიკას წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრი სულეიმან დემირელი, ხოლო საქართველოს სახელით ხელმომწერი პირი იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე.

უკვე 1992 წლის 13 ივლისს თბილისში გაიხსნა თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა და იმავე წლის 23 ნოემბერს საქმეთა დროებითი რწმუნებული საქმიანობას შეუდგა.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გაიხსნა 1994 წლის მაისში და პირველ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ბატონი ნოდარ კომახიძე. საელჩოს გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე, აპრილში, ფუნქციონირება დაიწყო ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც, როგორც პირველ გენერალურ კონსულს, თქვენს მონა-მორჩილს დამეკისრა. მოგვიანებით, 1998 წელს გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ სტამბოლში.

დასასრულ, დიდი კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღწერილი მნიშვნელოვანი მოვლენების 100 წლის თავზე, საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლური ურთიერთობები, თვისებრივად ახალ საფეხურზეა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირე, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით, განხორციელდა და კვლავაც ხორციელდება არაერთი ენერგეტიკული, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სახის მასშტაბური პროექტი. ამასთან, 2016 წელს, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს სულ სხვა მასშტაბი შესძინა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებამ. ორი სახელმწიფოს ნება, კიდევ უფრო გააღრმავოს და განამტკიცოს კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, კვლავაც ურყევია. ძალზე სასიხარულოა, რომ წარმატებით ვითარდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობა, რასაც შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ანკარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველმა ელჩმა, სიმონ მდივანმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩაუყარეს საფუძველი.

გიორგი ჯანჯღავა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჟურნალი "ისტორიანი".#119