ქართველი მეცენატი ქალი და მისი ნახატების კოლექციის თავგადასავალი - კვირის პალიტრა

ქართველი მეცენატი ქალი და მისი ნახატების კოლექციის თავგადასავალი

(ქეთევან იაშვილის გახსენება)

ადრეული ბავშვობიდან მახსოვს, როგორი მოწიწებით იხსენებდნენ ქეთევან იაშვილს ჩემიანები. როცა წამოვიზარდე, ბებიამ - მარინე ნანუკაშვილმა-საყვარელიძემ სიამაყით მამცნო, რომ მისი და მისი ოჯახის ახლო მეგობარი ქეთო იაშვილი, ჩემს ნათლიად ჩაწერეს ნათლობის წიგნში... ხშირად მესმოდა მადლიერების სიტყვები, რომ მცხეთის ქუჩაზე ჩემს სტუდენტ მშობლებს (მამა ქუთაისიდან იყო ჩამოსული, დედა - თელავიდან) ერთი ოთახი ჰქონდათ დაქირავებული და მთელი წლის ქირა ქეთევან იაშვილმა გადაუხადათ.

შემდგომ, როდესაც ქალბატონ ქეთევანს სახლში ვესტუმრებოდი ქუჩიშვილის ქუჩაზე (აქ მას შესანიშნავი კოსმეტოლოგიური კაბინეტი ჰქონდა მოწყობილი), თითქოს სულ სხვა სამყაროში ვხვდებოდი. სახლში მოსახვედრად ჯერ შიდა ეზო უნდა გაგევლო, სადაც ორსართულიანი, დიდი გალია იყო მოწყობილი. პირველ "სართულზე" მეძებარი ძაღლის ბინა იყო, მეორეზე კი ფარშავანგისა. ეს კი, XX საუკუნის 50-იანი წლების თბილისში, დიდი იშვიათობა გახლდათ. სახლში შესვლისას, ორი ძალიან ბრაზიანი, იაპონური შავი ტოი-ტერიერი გამოვარდებოდა, ხმამაღალი ყეფით... მისაღებ, საკმაოდ ბნელ ოთახში (სინათლე მხოლოდ ეზოს მხრიდან, შუშაბანდის გავლით შემოდიოდა) შესასვლელის მოპირდაპირე კედელზე, უცნაური დიდი ტილო ეკიდა (მინდორში, საჩრდილობელში, შილიფად ჩაცმული ქალბატონი იჯდა, რომელსაც მხლებლები გრძელტარიანი მარაოებით უნიავებდნენ). ოთახის კუთხიდან კი, მარკ ანტოკოლსკის მეფისტოფელის ქანდაკება იმზირებოდა. ხანდახან, ქუჩის მხარეს მდებარე ოთახიდან, ქალბატონი ქეთოს მეუღლე, რუსულენოვანი ნიკოლაი მატვეევიჩი შემოვიდოდა. ერთხელ მან ასეთი რამ გვიამბო: სახლში მძარცველები შეიჭრნენ და არავინ იცის, რით დამთავრდებოდა ყველაფერი, რომ თავისი ოთახიდან, ნიკოლაი მატვეევიჩს პირდაპირ ქუჩაში არ "ესკუპა". როგორც კი მძარცველებმა გაიგეს რაც მოხდა, სასწრაფოდ დატოვეს სახლიო...

ისიც კარგად მახსოვს, როგორ შეაფასა ქალბატონმა ქეთევანმა იმხანად გამოსული ახალი ქართული ფილმი-მიუზიკლი "აურზაური სალხინეთში" (რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, სცენარის ავტორი ზაირა არსენიშვილი). ქალბატონმა ქეთომ გვითხრა, რომ ყველაფერი კარგია, მაგრამ მთავარი გმირი ქალი, ჩემი პროტოტიპი, ძალიან ბევრს დახტისო... ეს შეფასება შეიძლება ირონიული იყო, მაგრამ ქალბატონი ქეთევანი, ფილმის მთავარი გმირის მართლაც სრული ანტიპოდი იყო: იგი ყოველთვის დინჯი, სერიოზული, გაწონასწორებული მახსოვს.

ქეთევან იაშვილი ნათესავებსა და მეგობრებს შორის (1964 წ.)

სურათების კოლექციის შეგროვება თითქოს შემთხვევით დაიწყო. როგორც ქალბატონი ქეთევანი იგონებდა, პირველი ნახატი, რომელიც მან შეიძინა, ოდესელი ბატალისტის, წარმოშობით ფრანგი მხატვრის, ფრანც რუბოს (ღუბეაუ, 1856-1929) ტილო - "გიმრის იერიში, აულ ღუნიბის აღება" იყო. ამ ნახატით იმიტომ დაინტერესდა, რომ გაახსენდა მამის, მერაბ იაშვილის ნაამბობი, როგორ მონაწილეობდა ის იმამ შამილის წინააღმდეგ ომში... ასე დაუგეგმავად დაიწყო მან მხატვრული ტილოებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების შეგროვება (მაგალითად, ანტიკვარული ტუმბო, ჟან ჰუდონის (1741-1828) მარმარილოს ბიუსტი "ვენერა" და სხვ.). პროფესია და კერძო კოსმეტოლოგიური პრაქტიკა საშუალებას აძლევდა, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით შეეძინა ჯერ კიდევ არსებული და მოსახლეობაში გაბნეული მხატვრული ტილოები და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები.

ქეთევან იაშვილის მდიდარი კოლექციიდან ცალკე გამოვყოფდი ქართველი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრებს. აქ ნახავთ გიგო გაბაშვილის ტილოებს: "ალავერდობა", "ნატურმორტი", "აღმოსავლური ბაზარი", "ხევსური"; ლადო გუდიაშვილის "XII საუკუნე" (მხატვრის 1976 წლის მიძღვნითი წარწერით); ელენე ახვლედიანის "ბოდბის მონასტერი", "თელავის ერთი კუთხე"; უჩა ჯაფარიძის, ირაკლი თოიძის, ნათელა იანქოშვილის, კორნელი სანაძისა და სხვათა მიერ საჩუქრად მირთმეულ ტილოებს. საინტერესოა ელენე ახვლედიანის "პეიზაჟისტთა ჯგუფის" წევრის რუსუდან ჯავრიშვილის "სოფელ დაბის ეკლესია" და ა.შ. თვით ქეთევან იაშვილი ასახულია ორ ტილოზე: ელ. მაყაშვილის მიერ, ახალგაზრდულ ასაკში და გიორგი ჯაშის მიერ უკვე ხანშესული.

გარდა ქართველი მხატვრებისა, ქეთევან იაშვილის კოლექციაში მრავლად არის მსოფლიოს განთქმულ ფერმწერთა ტილოები. ყურადღებას იქცევს თუნდაც ჰიპოლიტ რობიარის (H. Robillard), პასტელის ნაზი, ჰაეროვანი ფერებით შესრულებული "უცნობი ქალის პორტრეტი" (1848). ცნობილი მარინისტის ივან აივაზოვსკის "ყირიმის სანაპიროს პეიზაჟი"; კონსტანტინ და ვლადიმირ მაკოვსკების ტილოები. სითბო, სიმშვიდე, ოჯახური იდილიაა აღბეჭდილი კონსტანტინ მაკოვსკის დიდი ზომის ნახატზე "ოჯახური პორტრეტი". კოლექციაში ნახავთ რუსი კლასიკოსი მხატვრების: ივან კრამსკოის, ვასილი პოლენოვის, იული კლევერის ტილოებს. ქეთევან იაშვილმა პირველი დიდი შეწირულობა - 65 ტილო, ჯერ კიდევ 1963 წელს, მშობლიურ ქალაქ თელავს უსახსოვრა. შემდეგ კი, თითქმის ყოველ წელს, კოლექციის რაღაც ნაწილს სწირავდა საკუთარი სახელობის გალერეას. 1977 წელს, როდესაც საზეიმოდ გაიხსნა მისი სახელობის სურათების გალერეა თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე, შეწირული ნახატებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების რიცხვმა ორასს მიაღწია...

"კავკასიური პეიზაჟი". პაულ ფონ ფრანკენი

ქეთევან იაშვილი დაიბადა სოფელ შალაურში, 1883 წელს. მისი წინაპრები კახეთში ზემო რაჭიდან, სოფელ სომიწოდან გადმოსახლდნენ. ქალბატონმა ქეთევანმა ფარმაკოლოგიური განათლება მიიღო. სწავლობდა ხარკოვში, დახელოვნების პრაქტიკა კი პეტერბურგში გაიარა. 1906 წლიდან თელავში, მადამ ვოლოხოვას აფთიაქში დაიწყო მუშაობა (მდებარეობდა დღევანდელი იუსტიციის სახლის ადგილას). მოგვიანებით აფთიაქის დირექტორი იყო გერმანელი ანტენი. სწორედ მან ჩაუნერგა ახალგაზრდა პროვიზორს ხელოვნების სიყვარული. თავისუფალ დროს ბატონი ანტენი, თავისი მოლბერტით, თელავის შემოგარენში ლამაზ პეიზაჟებს ხატავდა...

ს. დელუკის, ნ. გროტის, ალბერტ კეიპის (Aელბერტ ჩუყპ, 1620-1691), უცნობი ჰოლანდიელი და გერმანელი მხატვრების ნამუშევართა შორის განსაკუთრებით საინტერესოდ მიმაჩნია ორი გერმანელი მხატვრის ტილოები. ესენია კარლ ფონ პილოტი Karl von Piloty, 1826-1886; მიუნხენის სკოლა) და პაულ ფონ ფრანკენი (Paul von Franken, 1818-1884, დიუსელდორფის სკოლა). მათზე ცოტა უფრო დაწვრილებით შევჩერდებით.

პაულ ფონ ფრანკენი თავისებური ფენომენია. ის ხატავდა პეიზაჟებსა და ქალაქის ხედებს ნატურიდან, მაგრამ ყველა მათგანში ერთგვარი ზებუნებრივი, ზღაპრული სხივი გამოკრთის (ფრანკენი აშკარად ახდენს აღმოსავლური თემის განზოგადებას მთელ კავკასიაზე).

"ქეთევან იაშვილის პორტრეტი". გ. ჯაში, 1968 წ.

საინტერესოა, რომ 1826 წელს მხატვრის ოჯახს კელნის სასამართლომ ჩამოართვა არისტოკრატიული თავსართ "ფონ"-ის ტარების უფლება, რადგან დაადგინა, რომ ეს ტიტული ფრანკენებმა თვითნებურად მიიკუთვნეს. ამის მიუხედავად, პაულ ფრანკენი მაინც არ დაემორჩილა სასამართლოს და მთელი სიცოცხლე თავის ტილოებს ხელს ასე აწერდა "ფონ ფრანკენი". საქართველოს, თბილისისა და კავკასიისადმი ინტერესი 1853 წელს ჩამოუყალიბდა, როდესაც მხატვარი თბილისს პირველად ეწვია და აქ პირველი ჩანახატები შეასრულა. 1861 წლის შემდეგ, ის კვლავ და კვლავ ჩამოდის თბილისში და საქართველოსა და ამიერკავკასიაშიც მოგზაურობს. ამ პერიოდში შესრულებული ტილოები "თბილისი", "თბილისი მთვარის შუქზე", "მტკვრის ნაპირას", "შავი ზღვის სანაპირო" აღმოსავლური სამყაროს გაზვიადებულ, მაგრამ თვალწარმტაც სურათებს წარმოაჩენენ. 1880 წელს მხატვარმა ტილოზე გადაიტანა ბაქოს ძველი უბანი, რომელზედაც ასახულია ე.წ. ქალწულის კოშკი. არსებობს ამ ნახატის რამდენიმე ვარიანტი და საინტერესოა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ აუქციონზე ეს ნახატი 225.000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. 1852 წელს პაულ ფრანკენი დაქორწინდა ლატვიელ ქალბატონ ჰელენ კორბერზე (Helene Korber), რომელიც მიტავადან (ielgava) იყო. მხატვარმა მასაც შეაყვარა საქართველო. 1861 წელს პაული დიუსელდორფში დაბრუნდა, მეუღლე კი თბილისში დარჩა (თუმცა, დროდადრო მხატვარი კვლავ ჩამოდიოდა კავკასიაში). 1884 წელს, როდესაც პაულ ფონ ფრანკენი გარდაიცვალა, ჰელენ კორბერმა თბილისში ჩამოიტანა მეუღლის პეიზაჟები და ბევრ ქართულ ოჯახს უსახსოვრა, ალბათ ასე მოხვდა საქართველოში ფრანკენის "კავკასიური პეიზაჟი", რომელიც დღეს ქეთევან იაშვილის კოლექციას ამშვენებს...

რაც შეეხება კარლ ფონ პილოტის ფსიქოლოგიურ ტილოს "ლუი XVII ტყვედ იაკობინელებთან", მას კიდევ უფრო საინტერესო ისტორია აქვს. XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ქალბატონი ქეთევანი და მისი მეუღლე ოდესას ესტუმრნენ. ამ დიდი საპორტო ქალაქის ერთ-ერთ სამიკიტნოში სტუმრებმა მაგიდაზე გადაფარებული ფერწერული ტილო შენიშნეს. მათ მიმტანს სთხოვეს, განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ დაეთმოთ ეს "გადასაფარებელი". აი, ამგვარად შეიძინეს მათ ეს უნიკალური ტილო, რომელიც მცირე რესტავრაციის შემდეგ, იაშვილის გალერეის მშვენება გახდა. შიც Fატა ვოლუერუნტ, როგორც ჩანს, "ბედისწერას ასე სურდა", რომ "ლუი XVII" თელავში აღმოჩენილიყო.

"გიმრის იერიში, აულ ღუნიბის აღება". ფრანც რუბო

საფრანგეთის ტახტის პატარა მემკვიდრე შარლ ლუი, ლუი XVI-ისა და მარია-ანტუანეტას ძე გახლდათ. მისი დედ-მამა რევოლუციონერებმა გილიოტინაზე აიყვანეს, პრინცი კი "გამოსასწორებლად" იაკობინელ მეწაღე სიმონს მიაბარეს. მეწაღე მკაცრი მეთოდებით ცდილობდა პრინცის "ახალ ადამიანად" გარდაქმნას. სწორედ ეს მომენტი აირჩია განთქმულმა გერმანელმა პორტრეტისტმა და ჟანრული სცენების დიდოსტატმა კარლ პილოტიმ თავისი მხატვრული ტილოს სიუჟეტად (სხვათა შორის, მის ფუნჯს ეკუთვნის იულიუს კეისრისა და ნაპოლეონის პორტრეტებიც). პილოტის ნახატი "ლუი XVII ტყვედ იაკობინელებთან" ღრმად ფსიქოლოგიურია. სურათზე ერთმანეთს უპირისპირდება მიმავალი როიალისტური სამყარო (პატარა პრინცის სახით) და ახალი, უხეში ძალა რევოლუციონერ-იაკობინელთა სახით.

მხატვრის სიმპათია, შეიძლება ითქვას, პრინცის მხარესაა. მოხუცი მეწაღე სასმლით ხელში, თავისუფლად წამომჯდარა არეულ მაგიდასთან, მისი ახალგაზრდა შეგირდი (თუ შვილი), იატაკზე დათვის ტყავზეა წამოწოლილი და ცალი ხელით გადაბრუნებულ პატარა მაგიდას ეყრდნობა, მეორით კი, რაღაცას ჩამოთვლის. ორივე "რევოლუციონერი" პრინცს აშკარად დასცინის და ირონიულად უყურებს. ტილოს მარცხენა მხარეს უფლისწული სამეფო ტანსაცმელშია გამოწყობილი. მარცხენა ხელში მას ფაფუკი ცხვირსახოცი უჭირავს, მარჯვენათი კი ნერვიულად ეჭიდება კედლის შვერილს. მის თავთან კედელზე, რევოლუციის ბელადების სურათებია. ზედ პრინცის თავთან გრძელი ბორკილი ჰკიდია, ფარანთან ერთად (სინათლე, რომელიც ბორკილებით მიიღწევა?). ლუის წინ, პატარა სამფეხა მაგიდაზე უბრალო წვნიანი და პური დევს. აშკარაა, რომ დოფინი საჭმელს არც გაჰკარებია. ბავშვი მკაცრი, დაძაბული სახითა და მოკუმული ტუჩებით შესცქერის იაკობინელებს. დიდოსტატი ფერმწერი გვაჩვენებს, რომ მცირეწლოვნების მიუხედავად, მეფისწულის "ხელახალი აღზრდა", ანუ მის მიერ მშობლების დაგმობა, რევოლუციის სისხლიანი ბელადების ხოტბა, ნათელი მომავლის აღიარება არც ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა. პრინცის ბედი კი ძალიან ტრაგიკული გამოდგა. თერმიდორიანული გადატრიალების შემდეგ, რობესპიერის მიმდევარი იაკობინელი მეწაღე სიმონი სიკვდილით დასაჯეს, პატარა ლუი კი ტემპლის ციხეში გამოკეტეს, სადაც იგი 1795 წლის 8 ივნისს, 10 წლის ასაკში გარდაიცვალა...

მართალია, შემდეგ გავრცელდა ვერსიები, რომ უფლისწული გააპარეს და მის ნაცვლად სხვა დაკრძალეს, მაგრამ ეს უფრო ლეგენდებია. სამწუხაროდ, პატარა შარლ ლუი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა "დატყვევებული". თელავის ისტორიული მუზეუმისა და ქეთევან იაშვილის გალერეის საფუძვლიანი რესტავრაცია-განახლების გამო. 2012-2018 წლებში "ლუი XVII" და სხვა სურათები თელავის პირველი საჯარო სკოლის სარდაფში გამოკეტეს. ამჟამად მუზეუმი და გალერეა სრულფასოვნად ფუნქციონირებს, მაგრამ ახალ გალერეაში 200-დან მხოლოდ 60 მხატვრული ტილოს ექსპონირება მოხერხდა...

"ლუი XVII ტყვედ იაკობინელებთან " კარლ პილოტის ნახატი იაშვილის გალერეაში

ამ ფასდაუდებელი კოლექციის შემკრები ქალბატონი ქეთევან იაშვილი 97 წლის ასაკში, 1980 წლის ივლისში გარდაიცვალა. მან სამუდამო განსასვენებელი პოვა თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში, პატარა პანთეონში ღირსეული მამულიშვილების - რაფიელ ერისთავის, ბარბარე ჯორჯაძისა და იოსებ დავითაშვილის გვერდით.

ჩვენი ვალია, დროდადრო გავახსენოთ ჩვენს თანამემამულეებს ასეთი ადამიანების ღვაწლი.

ვაჟა კიკნაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი".#119