100 წელიწადი, ანუ ერთი საუკუნე ცოტა როდია, მაგრამ... - კვირის პალიტრა

100 წელიწადი, ანუ ერთი საუკუნე ცოტა როდია, მაგრამ...

სიმონ არველაძე: "სიყვარულია ამ ქვეყნად მარადისობის კანონი"...

"წარსული ერთ დროს ჩვენი აწმყო ცხოვრება იყო და აღარ არის! ახლა სხვა აწმყოა, რომელშიც ვცხოვრობთ და აქედან ვაყურადებთ ყოფილ აწმყოს - გარდასულ რეალობას. მაგრამ არსებობს კიდევ დროის სხვა განზომილება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და დამახასიათებელი ადამიანური ცხოვრებისთვის. ეს არის ის, რისთვისაც შეიძლება გვეწოდებინა დროის მესამე განზომილება", - ამ სიტყვების მიღმა დგას სიმონ არველაძე - ერთი საუკუნის ადამიანი, რომელიც მომავალს აყურადებს, მერმისისკენ იხედება და ერთობაში ხედავს საიმედო ძალას.

ცხოვრების დიდ გზაზე

მწერალი, კრიტიკოსი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე სიმონ არველაძე იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომგადახდილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მერე მასწავლებლად და ლექტორად მუშაობდა სკოლაში, ქუთაისის პედაგოგიურ და პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში. დაიცვა დისერტაცია და ავტორია როგორც ფილოსოფიური, ასევე კრიტიკული და პუბლიცისტური ნაწარმოებებისა. სხვადასხვა დროს მისი არაერთი წიგნი გამოიცა.

მათ შორისაა: "პოეზია და თანამედროვეობა", "იდეალი და შემოქმედების თავისუფლება", "კრიტიკული ნარკვევები", "შთაგონება და პოეზია", "შემოქმედებას სიმართლე უყვარს", "სიახლის გრძნობა", "შორეული თავისიანები: იმერეთი და ქუთაისი უცხოელ მწერალთა თვალთახედვით" და სხვ. მისი ბოლო პერიოდში გამოსული სამტომეული "ღირსეულ პიროვნებათა სილუეტები", რომლის ბოლო წიგნიც ქუთათურებს ეძღვნება, მრავალი ქუთაისელისთვის საოჯახო რელიკვიად ქცეულა.

პოეტური კალამი და პირველი ლექსები გასული საუკუნის 40-იან წლებში იოსებ გრიშაშვილმა შეუქო და ხარფუხიდან გულითადი ბარათი გამოუგზავნა. უცილობლად გეტყობათ პოეტური ნიჭი და მჯერა, კიდევ და კიდევ ბევრს იმეცადინებთ ქართული ლიტერატურული ოჯახის ღირსეული წევრობისთვისო...

თავადვე წერს, დიდ ომგამოვლილი და შემდგომ უნივერსიტეტდამთავრებული: "ქართული ლიტერატურული ოჯახის წევრი კი გავხდი, მაგრამ ლექსების წერას თავი დავანებე და მხატვრული კრიტიკის სფეროში გადავინაცვლე, ჩემი ადგილი აქ ვიპოვე, რადგან მიმაჩნია, რომ კრიტიკაც შემოქმედებაა, მისი ერთ-ერთი სრულფასოვანი ჟანრი".

მისი ფილოსოფიური ნაშრომებიც იქცევენ სპეციალისტთა ყურადღებას. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, მან ხომ უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძის, კოტე ბაქრაძის, პეტრე შარიასა და ალექსანდრე ქუთელიას ერთგვარი ფილოსოფიური სკოლა გაიარა...

ბატონი სიმონი ქუთაისისა და ვანის საპატიო მოქალაქე და საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკია. მრავალი ჯილდო მიუღია სხვადასხვა დროს. მათ შორის არის ვაჟა-ფშაველასა და ილია II-ის სახელობის პრემიები და ღირსების ორდენი.

ოჯახი სიმონ არველაძე: 80 წლისთავზე უბედნიერესი კაცი ვიყავი. მესამე ქალიშვილი, ჩემი ნესტანიც გვერდით მყავდა (ფოტოზე მარჯვნიდან) და მეუღლეც...

მომავალი მეუღლე, შემდგომში ცნობილი პედაგოგი და ქუთაისის მაშინდელი პიონერთა და მოსწავლეთა სახლის შემოქმედთა წრის ხელმძღვანელი მარი ხვედელიძე უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო. "ნამდვილი სიყვარული გვიან მეწვია, ომის შემდგომ, სტუდენტობის წლებში, - იხსენებს ბატონი სიმონი, - მოულოდნელად ერთ-ერთ სასწავლო კაბინეტში შევხვდი ქერათმიან ზესტაფონელ გოგონას, ჩემს მარის და იმ დღის შემდეგ უერთმანეთოდ სიცოცხლე ვეღარც წარმოგვედგინა. სამი ქალიშვილი მაჩუქა მარიმ - მეგი და ტყუპისცალები, რომელთაც ტყუპი სახელი, ნესტან-დარეჯანი დავარქვით. აგერ, მეოცე წელიწადია, უფალმა ნესტანი თავისთან წაიყვანა და ჩვენს ბედნიერებას ჩრდილი შეუყენა. მეოთხე წელიწადია, მარიც გამომეცალა ხელიდან და ახლა მოგონებების ფურცელზე გადატანით ვცოცხლობ... ერთსაც გეტყვი, ქორწინების 70 წლისთავზე დავიწერეთ ჯვარი და თავი ისევ ახალგაზრდები გვეგონა". საყვარელი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა მხცოვანმა მწერალმა მოგონებათა წიგნი, რომელიც ასე დაასათაურა: "ჩვენ ერთად ვართ მაშინაც, როცა ერთად არა ვართ!"

გული სწყდება, რომ მხოლოდ ერთი შვილიშვილი და ერთიც შვილთაშვილი ჰყავს. მეგის ვაჟი ლაშა და პატარა ლუკა მესხები. მაგრამ ჩემი ბიჭებით ძალიან ვამაყობო, გვითხრა. ისიც დაუმატა, არც ურიგო სიძე მყავს - სერგო მესხს მთელი ქუთაისი აფასებსო...

რას წერენ იუბილარზე:

შოთა ზოიძე (პოეტი): "ქუთაისმა იცის, ქუთაისს უყვარს, ქუთაისი ბევრჯერ მოფერებია სიმონ არველაძეს, საუკუნოვან ბერმუხას. იგი მართლაც მრავალთა იმედია. სიტყვა იმედი ხომ სასწაულმოქმედია და როცა 100 წლის კაცს ასე მხნესა და შემართულს უყურებ, რაღა თქმა უნდა, შენც იმედს ჩამოეკიდები. ეს დღე ისტორიულია და თანაც დღესასწაული! ბატონო სიმონ, თქვენ მთელი საქართველოს ღირსეული მოქალაქე ბრძანდებით".

ნატო მეფარიშვილი (ლიტერატორი): "გვიხარია, რომ საუკუნე გადააგორა ჩვენმა ღირსეულმა თანასოფლელმა. როგორც მეომარი არ აგებს ხმალს ქარქაშში, ისე ისტორიის ჟამთააღმწერი - ბატონი სიმონ არველაძეც არ ასვენებს კალამს და კვლავ ახლის ძიებაშია. გული მწყდება, რომ მისი სტუდენტი არ ვყოფილვარ, თუმცა ვინც მის წიგნებს გადაფურცლავს, ბევრ მის ყოფილ სტუდენტს გაუტოლდება. მათ რიგს ვეკუთვნი მეც და მინდა ჩვენს იუბილარს მივმართო: ბატონო სიმონ, სიურპრიზად თქვენი მშობლიური ფერეთიდან თქვენს ეზოშივე დაკრეფილი ნარგიზები, ღობის ძირებში მიმობნეული იაიები და ყოჩივარდები მოგართვით და იუბილესაც თქვენივე ლექსის ერთი მშვენიერი სტროფით გილოცავთ: გამოვვლე დიდი მანძილი, ეჰ, უკვე ასი წელია!..

ბავშვობის ნაფეხურები,

მე ჩემს წყაროსთან მელიან".

ავთანდილ ნიკოლეიშვილი (მწერალი, პროფესორი): "ჩვენი მწერლობის ისტორიაში ბატონმა სიმონ არველაძემ იმითაც დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი, რომ იგი ქართველ მწერალთა შორის არა მარტო ასაკობრივად აღმოჩნდა ყველაზე ხანდაზმული, არამედ თავისი შემოქმედებითი აქტიურობითაც. სწორედ ამის უტყუარ არგუმენტს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 100 წლის ასაკში დღესაც დაუშრეტელი ენერგიით განაგრძობს ლიტერატურულ საქმიანობას. უპირველეს ყოვლისა, მისი მემუარული ჟანრის ნაშრომები მინდა გავიხსენო, რომელთა მეშვეობითაც ავტორი არა მარტო თავისი დროის ცნობილ პიროვნებებს აცნობს მკითხველს, არამედ დღევანდელობის საჭირბოროტო პრობლემებსაც ეხმიანება და აანალიზებს კრიტიკულ-ოპოზიციური თვალთახედვით. ბატონი სიმონის ბოლოდროინდელი ნაშრომები იმ პუბლიცისტურ მატიანედაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომელშიც ჩვენი თანამედროვეობის არაერთი მოვლენაა ქცეული განსჯისა და ანალიზის საგნად".

ზაფხულში, სოფელ ფერეთაში (ვანის მუნიციპალიტეტი) მამაპაპისეული სახლის აივანზე თანასოფლელებისა და ახლობლების გარემოცვაში

ნანული ცხვედიანი (ჟურნალისტი, ლიტერატორი): "გილოცავთ, ბატონო სიმონ, 100 წლის ჭაბუკო! თქვენ საკუთარი ფიზიკური და გონებრივი მონაცემებით დაადასტურეთ, რომ ადამიანის შესაძლებლობები უკიდეგანოა, რომ აგერ, ჩვენ გვერდით, საუკუნის ადამიანს შეუძლია სიყვარულზე ლექსის წერა, წიგნების გამოცემა, ფართო აუდიტორიასთან პირისპირ კონტაქტი, უამრავი ფაქტის, თარიღისა თუ სახელის დაუბრკოლებლივ გახსენება, წარსულიდან საუკეთესო მოგონებების გამოხმობა... თქვენ განსაკუთრებული მაგალითი ხართ მომდევნო თაობებისათვის, ძლიერი და საიმედო! ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენი ამ მისიის კიდევ დიდხანს ტარება! გვიყვარხართ, გვეიმედებით და მიხარია, რომ ჭეშმარიტ იუბილეს გილოცავთ საუკუნის ბერმუხას".

საიუბილეოდ გამორჩეული ჯილდო მოუმზადა სახალხო მწერალსა და მეცნიერს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "გზა მომავლისაკენ" პრეზიდენტმა, ქალბატონმა ციცინო ბოჭორიშვილმა. სიმონ არველაძეს მიენიჭა ამ ფონდის ლაურეატის წოდება და გადაეცა "ოქროს კალამი" შესაბამისი ბარელიეფით (მინანქრის დაფნის გვირგვინით).

იუბილემდე...

იუბილემდე ორი კვირით ადრე ქალიშვილებს გამოუცხადა, მართალია, მეშინოდა კატარაქტის ოპერაციის, მაგრამ თვალის სინათლე თუ არ "გამოვასწორე", ჩემი ბოლო სურვილის ასრულება გამიჭირდება, რადგან ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, ქართული კულტურის ისტორიისთვის ორტომეული რომ არ გამოვცეო. ჰოდა, მზად ვარ ოპერაციისთვისო.

დატრიალდა მთელი ქუთაისი და ერთ კვირაში ოპერაცია დაფინანსდა კიდეც და საუკუნეს მიღწეულმა პაციენტმაც უსათვალოდ წაიკითხა უამრავი თბილი სიტყვა, რომლითაც მას იუბილეს ულოცავდნენ. იმედია, არ გვიწყენენ, რომ გულისხმიერი დასტაქრების სახელებს არ გაცნობთ. ქუთაისში მათ ისედაც ყველა იცნობს და იმედი გვაქვს, მათ შესახებ ჩვენზე უკეთ ბატონი სიმონი დაწერს თავის ახალ წიგნში, რომლის დიდი ნაწილი უკვე მზად არის. იმედი ვიქონიოთ, რომ მალე დასრულდება და დღის სინათლესაც იხილავს.

მრავალ ოჯახში გაშლილიყოს ამგვარი სადღესასწაულო სუფრა!..

მისი წიგნები თაობების მატიანეა იუბილარს ამ სადღესასწაულო ორომტრიალში ერთადერთი კითხვით მივმართეთ.

- ბატონო სიმონ, რას გვეტყვით განვლილ საუკუნეზე? სათქმელს ალბათ რა დაგილევდათ. - 100 წელიწადს იცხოვრო და იღვაწო, ცოტა არაა! მაგრამ კაცის გულის ამბავი ხომ მოგეხსენებათ: კიდევ მინდა ქართულ კულტურას შევძინო ფასეული მოგონებები ღირსეულ ქართველებზე. ახლა სწორედაც ორტომეულზე ვმუშაობ და იმედს არ ვკარგავ, უფალი ამ წიგნებსაც დამასრულებინებს...

ლაშა მესხმა, ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა ბაბუ ასე "დაგვიხასიათა": "1921 წელს დაიბადა. გაუძლო მსოფლიო ომს, გაჭირვებას, უამრავ დაბრკოლებას, ქალიშვილისა და მეუღლის გარდაცვალებას. დღეს კი ღირსეულად და თავაწეული შეხვდა 100 წლის იუბილეს. კი, ცოცხალი მემატიანეა ბაბუაჩემი! თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან მინდა "ჩვენებურად" შევძახო: - მაგარი ხარ, მართლა მაგარი ხარ, ბაბუ! კიდევ დიდხანს უნდა გვყავდე!..

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი".#119