მემარცხენე ესერების აჯანყება
მემარცხენე ესერების აჯანყება
ფოტო:საბჭოების V ყრილობის მემარცხენე ესერი დეპუტატები მოსკოვის თეატრალურ მოედანზე
ბრესტ-ლიტოვსკის ზავის (1918 წლის 3 მარტი) დადების შემდეგ ანტანტამ რუსეთში გადატრიალების მოწყობა გადაწყვიტა. მიზანი იყო ბოლშევიკების დამხობა და გერმანიასთან ფრონტის აღდგენა. ოპერაციას ცნობილი ინგლისელი მზვერავი სიდნეი ჯორჯ რეილი ხელმძღვანელობდა. ის არალეგალურად ჩავიდა რუსეთში, დაუკავშირდა იქ მყოფ ოპოზიციონერებს, უწინარეს ყოვლისა, ბორის სავინკოვს და გადატრიალების სამზადისს შეუდგა. რეილის ყურადღება მიიპყრო მემარცხენე ესერების პარტიამ, რომელიც მაშინ ბოლშევიკებთან კოალიციაში იყო.

ესერები ანუ სოციალისტ-რევოლუცი­ონე­რები რუსეთის ყველაზე მასობრივ პარ­ტიას წარმოადგენდნენ. უკვე 1915 წლისთვის იქ გამოიკვეთა მემარცხენე
ფრთა. ისინი ანტისაომარი ლოზუნგებით გამოვიდნენ და მხარს უჭერდნენ ბოლშევიკების ლოზუნგს: დემოკრატიული ზავი ანექსიისა და კონტრიბუციის გარეშე. 1917 წლის ნოემბრისთვის მემარცხენე ესერები ცალკე პარტიად ჩამოყალიბდნენ. ისინი მოითხოვდნენ:

1. მსოფლიო ომის, როგორც იმპერიალისტურის, დაგმობას; რუსეთის ომიდან დაუყოვნებლივ გამოსვლას;
2. დროებით მთავრობაში შემავალი ყველა პოლიტიკური ძალის დაგმობას;
3.
აგრარული საკითხის გადაჭრას, გლეხებისთვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას.

სიდნეი რეილი

პარტიის რიგებში იყვნენ გამოცდილი ტერორისტ-ბოევიკები. ცალკეული ცნობით, პარტიას თანაუგრძნობდა ცნობილი ბანდიტი გრიგორი კოტოვსკი. ის შემდგომში ბოლშევიკებს მიემხრო და 1925 წელს მოკლეს. მემარცხენე ესერი გახლდათ ქართველ ჩაპაევად წოდებული ვასილ კიკვიძეც.

მემარცხენე ესერების ლიდერთა შორის კოლორიტულ ფიგურას წარმოადგენდა მარია სპირიდონოვა (1884-1941). ის ტამბოვში დაიბადა და იქვე დაამთავრა ქალთა გიმნაზია.

სპირიდონოვამ თავი გამოიჩინა, როგორც ტერორისტმა. სწორედ მან მოკლა 1906 წელს მეფის მოხელე და შავრაზმელი გავრილ ლიჟენოვსკი, რომელსაც რევოლუციონერები სისასტიკეში ადანაშაულებდნენ. სპირიდონოვამ ის სასიკვდილოდ დაჭრა და გაქცევა სცადა, რაც მარცხით დასრულდა. კაზაკებმა ქალს ალყა შემოარტყეს. სპირიდონოვამ თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ერთ-ერთმა კაზაკმა მას იარაღი გააგდებინა. კაზაკებმა ქალს მხეცურად სცემეს (ცალკეული ცნობით, გააუპატიურეს კიდეც). სასამართლომ სპირიდონოვას სიკვდილი მიუსაჯა, რაც შემდგომში სამუდამო კატორღით შეუცვალეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ იგი გაათავისუფლა.

მემარცხენე ესერებმა ბოლშევიკებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ოქტომბრის გადატრიალებაში. შემდგომში ისინი ერთხანს უარს აცხადებდნენ ახალი მთავრობის შემადგენლობაში შესვლაზე და ყველა სოციალისტური პარტიის გაერთიანებასა და ერთიანი სოციალისტური მთავრობის შექმნას მოითხოვდნენ. ბოიკოტი დიდხანს არ გაგრძელებულა. მემარცხენე ესერთა ცალკეულმა წარმომადგენელმა მთავრობაში შესვლაზე თანხმობა განაცხადა.

მემარცხენე ესერები აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც წითელი არმიის, ასევე ახალი საიდუმლო პოლიციის ჩეკას (სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია) შექმნაში. მემარცხენე ესერი ვიაჩესლავ ალექსანდროვიჩი ჩეკას თავმჯდომარის, ძერჟინსკის ერთ-ერთი მოადგილე გახდა.

უთანხმოების ჩამოვარდნა

ინგლისელ ისტორიკოსთა ცნობით, რეილი აქტიურად მუშაობდა მემარცხენე ესერთა რიგებში, დიდი იყო მისი წვლილი მემარცხენე ესერებსა და ბოლშევიკებს შორის ურთიერთობების დაძაბვაში. შესაძლოა ეს ასეც არის, თუმცა უმთავრესი მაინც სხვაა. მემარცხენე ესერების დიდ ნაწილს სძულდა დესპოტიზმი, ლენინმა კი რუსეთში დიქტატურა დაამყარა. მან გარეკა დამფუძნებელი კრება, აკრძალა ყველა პარტია, გარდა ბოლშევიკურისა და ა.შ. ამას გარდა, ბოლშევიკები ყველა დონეზე დომინირებდნენ და მემარცხენე ესერებიც მეორე პლანზე გადავიდნენ.

- ბოლშევიკების მიერ ღარიბთა კომიტეტის შექმნამ მემარცხენე ესერთა აღშფოთება გამოიწვია, რადგან ამით მათ ძირითადი სოციალური ბაზა გამოეცალათ ხელიდან, - წერს საბჭოთა მწერალი იულიან სემიონოვი.
მალე მემარცხენე ესერებმა ბრესტის ზავის წინააღმდეგ გაილაშქრეს, თუმცა 1917 წელს რუსეთის ომიდან გამოსვლას მხარს უჭერდნენ. მარია სპირიდონოვამ ეს შემდეგნაირად ახსნა:
- ჩვენ მხარს დემოკრატიულ ზავს ვუჭერდით, ანექსიისა და კონტრიბუციის გარეშე! ლენინი კი დამამცირებელ ზავს დათანხმდა! რუსეთს ჩამოშორდა უკრაინა, ამიერკავკასია, ბალტიისპირეთი! ასეთი ზავი ჩვენ არ გვინდა!

საბჭოების IV საგანგებო ყრილობაზე (1918 წლის 14-16 მარტი) მემარცხენე ესერები ბრესტის ზავის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ბოლშევიკების არგუმენტი, რუსეთს ომის წარმოება არ შეუძლიაო, მათზე არ მოქმედებდა. მემარცხენე ესერები აშკარა უმცირესობაში იყვნენ. ამიტომ ყრილობა დემონსტრაციულად დატოვეს. შეწყვიტეს თავიანთი მონაწილეობა სახალხო კომისარიატის (მთავრობის) მუშაობაში. ამავე დროს, მემარცხენე ესერები აქტიურად მონაწილეობენ წითელი არმიისა და ჩეკას საქმიანობაში.

ფელიქს ძერჟინსკი და ჩეკას ხელმძღვანელი პირები

- სწორედ ჩეკასა და არმიაში მყოფ მემარცხენე ესერებს შორის შექმნა სიდნეი რეილიმ თავისი აგენტურა, - წერს ინგლისელი მკვლევარი რობინ ბრიუს ლოკარტი.

მემარცხენე ესერები აქტიურად მონაწილეობდნენ ანარქისტების დარბევაში (შავი გვარდიის განადგურება).
ამავე დროს, რეილი გულდასმით ამზადებდა გადატრიალებას. ამ სამზადისში მემარცხენე ესერების პარტიის ცალკეული წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

- სპირიდონოვამ ამის თაობაზე არაფერი იცოდა, - წერს ლოკარტი, - ისინი, ვინც რეილიმ თავის შეთქმულებაში ჩააბა, პარტიის ცალკეული წევრები იყვნენ. შეცდომაა ვიფიქროთ, რომ გადატრიალებას მთლიანად პარტია გეგმავდა.

დაპირისპირებები ბოლშევიკურ პარტიაში

საბჭოთა ისტორიკოსები, მიმოიხილავდნენ რა მაშინდელ მოვლენებს, ამტკიცებდნენ, რომ ბოლშევიკური პარტიის შიგნით ერთადერთი ოპოზიციური ძალა არსებობდა - მემარცხენე კომუნისტები. ეს ნაწილობრივ ასეა, თუმცა მემარცხენე კომუნისტები უმცირესობას წარმოადგენდნენ. ბოლშევიკური პარტიის შიგნით ძალთა განლაგება გაცილებით რთული იყო.

ლევ ტროცკის, რომელიც არმიას ედგა სათავეში, თავისი გუნდი ჰყავდა. მასში შედიოდნენ როგორც ძველი ბოლშევიკები, ისე ე.წ. სამხედრო სპეცებიც (მეფის არმიის ყოფილი ოფიცრები, რომლებიც წითლების მხარეს გადავიდნენ). ტროცკის მოიაზრებდნენ რუსეთის მომავალ დიქტატორად, მაგრამ ეს უფრო მომავლის საქმე იყო. 1918 წლის ზაფხულისთვის წითელი არმია ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში გახლდათ.

მეორე, არანაკლებ საშიში ძალა იყო პარტიული აპარატი, რომლის სათავეშიც გრიგორი ზინოვიევი და ლევ კამენევი იდგნენ. მათ თავიანთი ამბიციები ჰქონდათ და ცდილობდნენ თავისი ხალხი ყველგან, განსაკუთრებით კი არმიასა და ჩეკაში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაესვათ.

თავისი ამბიციები ჰქონდა სრულიად რუსეთის აღმასრულებელი ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე იაკოვ სვერდლოვს. ფორმალურად ის რუსეთის ფედერაციის მეთაური იყო. სვერდლოვი მიისწრაფოდა, რომ ეს ფორმალობა რეალობად გადაექცია.
განსაკუთრებით საინტერესო ვითარება ჩეკაში შეიქმნა. ბოლშევიკურ საიდუმლო პოლიციას სათავეში ედგა ეროვნებით პოლონელი, წარმოშობით შლიახტიჩი ფელიქს ძერჟინსკი, უდავოდ ნიჭიერი ორგანიზატორი. ძერჟინსკიმ თავის გარშემო თავი მოუყარა როგორც ბოლშევიკებს (მარტინ ლაცისი, ეკაბ პეტერსი, მიხაილ კედროვი და ა.შ.), ასევე მემარცხენე ესერებსაც. ძერჟინსკის ერთ-ერთი მოადგილე მემარცხენე ესერი ალექსანდროვიჩი იყო, ერთ-ერთი მრჩეველი კი პროფესიონალი ჟანდარმი, ჟანდარმთა კორპუსის ყოფილი შეფი გენერალი ვლადიმირ ჯუნკოვსკი. მისი დახმარებით ძერჟინსკიმ კონტროლი დაამყარა ჟანდარმერიის აგენტურაზე, მიიწვია ჩეკაში ყოფილი ჟანდარმები და სხვ.

- ძერჟინსკის ესმოდა, რომ პროფესიონალთა გარეშე სპეცსამსახური ვერ შეიქმნებოდა. ამიტომ ოხრანკის სტრუქტურა შეინარჩუნა და ყოფილი ჟანდარმებიც ხალისით აიყვანა, - წერს იულიან სემიონოვი, რომელმაც ძერჟინსკის რომანების მთელი ციკლი მიუძღვნა.
ჩეკას ხელმძღვანელთა შორის გამოირჩეოდა ფრიად კოლორიტული პერსონაჟი ლატვიელი ეკაბ პეტერსი (1886-1938). ავტობიოგრაფიის თანახმად, ის ღარიბ ოჯახში დაიბადა და უკვე 8 წლიდან მუშაობდა. ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი ჰიუ ტრევორ-როუპერი კი წერს, რომ პეტერსი საშუალო შეძლების გლეხის ოჯახში აღიზარდა, დაამთავრა სკოლა, შევიდა ლატვიელი სოციალ-დემოკრატების რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში, მისი ჩახშობის შემდეგ კი ინგლისში გაიქცა. მალე ის დააპატიმრეს. ბრალდება მძიმე იყო:

პოლიციელის მკვლელობა. გამოძიების შედეგად პეტერსის უდანაშაულობა დამტკიცდა და ის გაათავისუფლეს. ცოტა ხნის შემდეგ დაუდგრომელი ლატვიელი კვლავ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. საქმე სასამართლომდე მივიდა და კვლავ გაათავისუფლეს.

მალე პეტერსი ლონდონელი ბანკირის ქალიშვილზე დაქორწინდა და პოლიტიკას თითქმის ჩამოშორდა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ კი რუსეთში დაბრუნდა, რათა ბოლშევიკური პარტიის წევრი გამხდარიყო.

ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ. 1917 წლის 20 დეკემბერს ლენინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ჩეკას შექმნის შესახებ. ახალი სტრუქტურის თავმჯდომარედ ფელიქს ძერჟინსკი დაინიშნა, პეტერსი კი მისი პირველი მოადგილე გახდა. პეტერსი ჩეკაში კონტრსადაზვერვო განყოფილების უფროსი გახდა. ახალი საბჭოთა კონტრდაზვერვის შექმნაც მის სახელს უკავშირდება.

თანამედროვე რუსული ისტორიოგრაფია პეტერსს ახასიათებს როგორც პატივმოყვარე ავანტიურისტს, რომელიც არაფერს თაკილობდა. ჯერ კიდევ რევოლუციამდე ის გარეული იყო მკვლელობებში, ძარცვებში და სხვ. გახდა რა ძერჟინსკის პირველი მოადგილე, პოლიტიკურ ინტრიგებშიც აქტიურად ჩაება.

ჩეკას თავმჯდომარის პოსტზე ტროცკის თავისი კანდიდატურა ჰყავდა, ზინოვიევ-კამენევს - თავისი. ერთგვარი განცალკევებით იდგა ძერჟინსკი, რომელიც არც ერთ დაჯგუფებას არ განეკუთვნებოდა. პეტერსმა კი თვალი სვერდლოვს მიაპყრო. ნელ-ნელა გამოიკვეთა სვერდლოვ-პეტერსის ალიანსი.

მემარცხენე ესერებსა და ბოლშევიკებს შორის ღია დაპირისპირება საბჭოების V ყრილობისას დაიწყო

რეილი მოქმედებს

სიდნეი რეილი მოსკოვში არალეგალურად ცხოვრობდა და აქტიურად მოქმედებდა. გადატრიალების სამზადისი დასასრულს უახლოვდებოდა. ინგლისელმა ფსონი ბორის სავინკოვის ორგანიზაცია "სამშობლოსა და თავისუფლების დაცვის კავშირზე" დადო. რეილის ეხმარებოდნენ ბორის სავინკოვი, ბრიტანული დაზვერვის ოფიცრები პოლ დიუქსი და ჯორჯ ჰილი, რენე არტამონი, ამერიკელი ქსენოფონტ კალამატიანო, აგრეთვე ლატვიელ მსროლელთა ერთ-ერთი მეთაური პოლკოვნიკი ფრიდრიხ ბრიედისი.

გეგმა მარტივი იყო: მოსკოვში, პეტერბურგში, იაროსლავლში, ყაზანში ერთდროულად მოხდებოდა აჯანყება; ბოლშევიკებს დაამხობდნენ; შეიქმნებოდა ახალი მთავრობა, რომელიც ბრესტის შეთანხმებას გააუქმებდა და გერმანიასთან ფრონტს აღადგენდა.
მოსკოვში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე, იყო შეთქმულთა შტაბი. უკანასკნელი თათბირიც აქ გაიმართა.

- ვინ შევა ახალ მთავრობაში? - შეეკითხა რეილის ბრედისი.
მთავრობის შემადგენლობა მზად იყო: პრემიერი ბორის სავინკოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ გრამატიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დიკგოფ-დიურენტალი, თავდაცვის მინისტრი გენერალი ნიკოლაი იუდენიჩი.
- როგორი იქნება ლატვიის სტატუსი ახალ რუსეთში? - არ ცხრებოდა ბრედისი.
- ეს სავინკოვმა, ანუ ახალმა პრემიერმა უნდა გადაწყვიტოს, - რეილიმ ბორის ვიქტოროვიჩს შეხედა.
სავინკოვი წამოხტა. ეროვნული საკითხი რუსეთში უმწვავესად იდგა. უკრაინას, ბელორუსიას, კავკასიას ფართო ავტონომია უნდა მინიჭებოდა; ლატვიური ენა ლატვიაში სახელმწიფო ენა უნდა გამხდარიყო; ლატვიას ექნებოდა თავისი უნივერსიტეტი, ეყოლებოდა საკუთარი ჯარი, დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ, ოღონდ ერთიანი რუსეთის ფარგლებში.
- თავისუფალი ლატვია თავისუფალი რუსეთის შემადგენლობაში, ასე თქვა თქვენმა უდიდესმა პოეტმა და ეროვნულმა მოღვაწემ რაინისმა, - სავინკოვმა გაიღიმა, - დადგა დრო, რომ ეს შესრულდეს.

სამზადისი სრულდება

ლენინს სულ უფრო იპყრობდა შეშფოთება. რუსეთში კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა. შიმშილს პარტახტიანი ტიფის ეპიდემია დაერთო. ამას ბრესტის ზავიც დაემატა და რუსების უმრავლესობა უკმაყოფილებას ვერ მალავდა.
- ბოლშევიკები ხალხს ჰპირდებოდნენ მიწას, თავისუფლებას! სინამდვილეში დიქტატურა დაამყარეს. ჟანდარმების ნაცვლად თავს დაგვასვეს ჩეკისტები, - ამბობდა ხალხი.

ასეთ სიტუაციაში მემარცხენე ესერების პოპულარობა გაიზარდა. ისინი ბრესტის ზავის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ, სოფლებში ღარიბთა კომიტეტების ბანდების თარეშსაც აპროტესტებდნენ.
ლენინი რწმუნდებოდა, რომ მემარცხენე ესერებთან კოალიცია საშიში გახდა. კოალიცია უნდა დაიშალოს, მაგრამ როგორ? ვლადიმირ ილიჩი შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ვერ ხედავდა.
ტროცკის ვიზიტი მოულოდნელი იყო. ლენინი ამჯერადაც მიხვდა, რომ რაღაც მზადდებოდა.
- რა ხდება?
- ჩემთან ეს-ესაა პეტერსი იყო, - ტროცკი წამით გაჩუმდა, - თქვენ იცნობთ მას, ძერჟინსკის პირველი მოადგილეა.
- დიახ!
ტროცკი წამით გაჩუმდა, ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო:
- პეტერსმა მითხრა, რომ მოსკოვში აჯანყება მზადდება. საბჭოების V ყრილობაზე ჩემი და თქვენი დაპატიმრებაა დაგეგმილი.
- რაო?
- აჯანყებას სავარაუდოდ მემარცხენე ესერების ერთი ჯგუფი ამზადებს. შეთქმულებაში ძერჟინსკის მოადგილე ალექსანდროვიჩიც არის გარეული. ლენინმა არაფერი უპასუხა.

პირისპირ შემდგომ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. 1918 წლის 5 ივლისს საბჭოების V ყრილობა გაიხსნა. მემარცხენე ესერები მისთვის საგულდაგულოდ მოემზადნენ.

- ლენინი და ტროცკი ყრილობაზე არ გამოცხადდნენ. მათი სავარძლები ცარიელი იყო, - წერს ლოკარტი.
მარია სპირიდონოვა ბოლშევიკებს ბრალს სდებდა რევოლუციური იდეალების ღალატში, ხელისუფლების უზურპაციაში. მან განაცხადა:
- სოფლად ე.წ. ღარიბთა კომიტეტის ბანდები დათარეშობენ! ისინი მშრომელ გლეხობას ატერორებენ, უკანასკნელ ლუკმას ართმევენ. გლეხებიც მოთქვამენ, ასე მემამულეებიც კი არ გვავიწროებდნენო! გამოდის, რომ გლეხებს მეფე და მემამულეები მოენატრათ!
სპირიდონოვას გამოსვლა ყუმბარის აფეთქებასავით გაისმა. ბოლშევიკები აღშფოთებას ხმამაღლა გამოხატავდნენ. გამოცხადდა შესვენება. ამის შემდეგ ყრილობამ მუშაობა განაგრძო.

- მემარცხენე ესერებმა ბოლშევიკების გადარწმუნება ვერ შეძლეს, - წერს ამერიკელი მკვლევარი რიჩარდ პაიპსი.
გადამწყვეტი ამბები მეორე დღეს, 6 ივლისს მოხდა. მთელი მოსკოვი შეძრა ახალმა ამბავმა: გერმანიის ელჩი ვილჰელმ ფონ მირბახი მოკლეს.
- ორი ახალგაზრდა, აიკოვ ბლიუმკინი და ნიკალაი ანდრეევი, გერმანიის საელჩოში მივიდნენ და მირბახთან შეხვედრა მოითხოვეს, - წერს საბჭოთა და რუსი ჟურნალისტი და პუბლიცისტი ლეონიდ მლეჩინი.

ახალგაზრდებმა დაცვას ჩეკას თანამ­შრომლის მოწმობები წარუდგინეს. დაცვამაც ორივე გაატარა. ბლიუმკინმა ელჩს ტყვია დაახალა. ორივე ტერორისტმა გაქცევა შეძლო. ფაცაფუცში მათ დარჩათ ჩეკისტის მოწმობები, აგრეთვე ქუდები. ყველამ შეიტყო, რომ მირბახი მემარცხენე ესერებმა ბლიმუკინმა და ანდრეევმა მოკლეს. პეტერსმა ეს ძერჟინსკის მოახსენა.
- ახლა სად არიან ეს არამზადები? - წამოხტა ძერჟინსკი.
- თავი შეაფარეს ჩეკას რაზმს. მას მემარცხენე ესერი დმიტრი პოპოვი მეთაურობს, - მოახსენა პეტერსმა.
ძერჟინსკი წამოხტა და ოთახიდან გავარდა.

დატყვევებული ძერჟინსკი

ფელიქს ედმუნდოვიჩი საშინლად აღელვებული იყო. ის თავის "როლს-როისში" ჩახტა და ოთხი ჩეკისტის თანხლებით პოპოვის რაზმის დისლოკაციის ადგილისკენ გაქანდა. გუშაგებმა გზა გადაუღობეს.
- საშვი!
- შენ რა, დაბრმავდი? მე ფელიქს ძერჟინსკი ვარ!
ჩეკას თავმჯდომარე შენობაში შევარდა. ჯარისკაცები გზიდან ჩამოეცალნენ. ძერჟინსკი პირდაპირ პოპოვის კაბინეტში შეიჭრა.
- სად არის ბლიუმკინი? სად იმალება ანდრეევი? - დაიღრიალა ფელიქს ედმუნდოვიჩმა, - ვიცი, რომ აქ არიან! დაუყოვნებლივ გადმომეცით.
ამ დროს კარი გაიღო. ძერჟინსკიმ გაოცებისგან შეჰყვირა. ოთახში მისი მოადგილე ალექსანდროვიჩი შემოვიდა:
- რა ხდება, ფელიქს ედმუნდოვიჩ? - ალექსანდროვიჩმა დამცინავად გაიღიმა, - თითქოს ჩხუბობთ?
- ეს კაცი მკვლელებს მფარველობს, - ძერჟინსკიმ თითი პოპოვს მიაშვირა, - მე ის უნდა დავაპატიმრო!
- ეს თქვენ ხართ დაპატიმრებული! - შეაწყვეტინა ალექსანდროვიჩმა, - აბა, ჩაგვაბარე იარაღი!
ძერჟინსკის იარაღი აჰყარეს და გაიყვანეს.

რეილი გაოცებულია

სიდნეი რეილის ამ დროს შინ ეძინა. მოულოდნელად კარზე დააბრახუნეს. რეილიმ უმალ გააღო. ოთახში საშა გრამატიკოვი შემოვარდა.
- მემარცხენე ესერები აჯანყდნენ! - დაიყვირა საშამ, - ამბობენ, ძერჟინსკი დააპატიმრესო! მეტი არაფერი ვიცი!
- რა ძალებია აჯანყებულთა განკარგულებაში, - შეეკითხა რეილი.
- არ ვიცი.
- გასაოცარია, - ინგლისელმა ტაში შემოჰკრა, - აჯანყება ხვალ უნდა მომხდარიყო, ისინი კი დღეს აჯანყდნენ!

(დასასრული მომდევნო ნომერში)
ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი".#119
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები