"შავი წყალი", რომელმაც მაკედონელი იმსხვერპლა
"შავი წყალი", რომელმაც მაკედონელი იმსხვერპლა
ლეგენდარული მხედართმთავრის სიკვდილს მითურ მდინარე მავრონერს უკავშირებენ

ამერიკელმა მეცნიერებმა ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის საიდუმლო ამოხსნეს. აღმოჩნდა, რომ იგი შხამიანი წყლით მოწამლეს. მეცნიერთა ვერსიით, მაკედონელი, რომელმაც საბერძნეთიდან ინდოეთამდე უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო, ბერძნული მდინარე სტიქსის წყლით მოწამლეს. მდინარე, რომელიც ბერძნული მითოლოგიით მიწისქვეშა სამეფოშია (სადაც გარდაცვლილთა სულები განისვენებენ), სინამდვილეში დღესაც არსებობს. იგი პელოპონესის ნახევარკუნძულის მთებში მოედინება და მავრონერს ანუ "შავ წყალს" უწოდებენ.

ექსპერტები მივიდნენ მოსაზრებამდე, რომ დიდი მხედართმთავრის სიკვდილის მიზეზი განსაკუთრებით შხამიანი ბაქტერია იყო,
რომელიც მომწამლავ ნივთიერებას, კალიქეამიცინს გამოიმუშავებს.

"ეს ბაქტერია განსაკუთრებით ტოქსიკურია. ძველი ბერძნული­ მითოლოგიით, ღმერთები ადამიანებს ფიცს მდინარე სტიქსის ნაპი­რას ადებინებდნენ. მას, ვინც იტყუებოდა, ზევსი აიძულებდა მდინარის წყალი დაელია. ლეგენდის თანახმად, ასეთი ადამიანები მუნჯდებოდნენ და სიარულის უნარიც ერთი წლით ერთმეოდათ", - მიუთითებს გამოკვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, სტენფორდის­ უნივერსიტეტის
მეცნიერ-ტოქსიკოლოგი ანტუა­ნეტა ჰეისი. "ლოგიკურია, რომ ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც ღმერთ­კაცად ითვლებოდა, სწორედ ასეთი შხამით მო­წამლეს. ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთი სიმპტომი და ალე­ქსანდრე მაკედონელის დაავადების მიმდინარეობა შეესაბამება სტიქსის შესახებ ძველ ბერძნულ მითებს. მან ხმაც კი დაკარგა და კომაში ჩავარდა, ანუ მოხდა ზუსტად ის, რაც ამ მდინარის წყლის დალევის შემდეგ ხდებოდა", - ამბობს გამოკვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლე­ვარი ადრიენა მეიორი. კვლე­ვის შედეგების გამოქვეყნების მიუხედავად, მკვლევარები არა­ფერს ამბობენ იმაზე, რო­გორ და ვის უნდა ჩაეტანა პელოპონესის ნახევარკუნძულის მთებიდან მდინარე სტიქსის წყალი შო­რეულ ბაბილონში, სადაც ალექ­სანდრე მაკედონელი იმყო­ფებოდა.

ადრე ისტორიკოსები ვა­რა­­უ­­დობდნენ, რომ მაკედო­ნელის სიკვდილი ლოთობამ, მუცლის ტიფმა, მალარიამ, მწვავე პან­კრეასმა, დასავლეთ ნილოსის ცხელებამ თუ შე­მთხვევითმა ან წინასწარ გა­მი­ზნულმა მოწამვლამ გამოიწვია.

ალექსანდრე მაკედონელი ინდოეთში ლაშქრობის შემდეგ, ბაბილონში, ნაბუქოდო­ნოსორ მეორის სასახლეში ღამეული ლხინის შემდეგ დაავადდა. მან ღვიძლის მოულოდნელი და მწვავე ტკივილის შესახებ დაიჩივლა და ლოგინად ჩავარდა. 12 დღის განმავლობაში მაღალი სიცხე და სახსრების ტკივილი ტანჯავდა. შემდეგ კომაში ჩავარდა და ძვ.წ. 323 წლის 10 ივნისს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.
4 დღე სიჩუმე სუფევდა ბაბილონს, შოკირებული ხალ­ხი გლოვობდა. მაკედონელის ცხედარი ეგვიპტეში, ალექსანდრიაში გადაასვენეს და იქ დიდი პატივით დაკრძალეს.

სიკვდილის წინ მის გარ­შემო შემოკრებილთ ყველას აინტერესებდა, ვის დაასახელებდა მემკვიდრედ. ალექსანდრემ კლასიკური, ბერძნული პასუხი მიაგო ტახტის მოსურნეთ და განაცხადა, რომ ის თავის იმპერიას ყველაზე ძლიერს დაუტოვებდა.


ისტორიულ წყაროებში არ ჩანს, ზრუნავდა თუ არა ალე­ქსანდრე მემკვიდრეზე, მამამისისგან განსხვავებით, რომელიც შვილს დაბადებიდანვე ზრდიდა იმპერატორად. შეიძლება ალექსანდრე არც ჩქარობდა და დიდხანს აპირებდა კიდევ მაკედონიის იმპერიის მართვას. ის ხომ მხოლოდ 33 წლისა იყო.

ალექსანდრე მაკედონიის სამეფოს დედაქალაქში, პელაში დაიბადა, ძვ.წ. 356 წლის ივლისში. იმ დღეს, როცა არტემიდას ტაძარი დაიწვა ჰეფესოში. მამამ, ფილიპე მეორემ გააერთიანა მაკედონია, შექმნა ძლიერი ჯარი, დაიპყრო საბერ­ძნეთი, მოიპოვა დიდი სიმდიდრე და ძალაუფლება. პლუტარქეს მიხედვით, ის ჰერკულესის შთამომავალი იყო. დედა - ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ქალიშვილი ოლიმპია კი, თუ პლუტარქეს ვერწმუნებით, აქილევსის შთამომავალი იყო. გადმო­ცემით, ალექსანდრე უშიშარი ყმაწვილი ყოფილა. 12 წლის ასაკში მოათვინიერა ბუცეფალი, ველური ცხენი, რომელსაც სხვა ვერავინ ეკარებოდა.

მის პირველ მასწავლე­ბელს, ლეონიდასს უკავშირე­ბენ ალექ­სანდრე მაკედონელის სპარტანულ აღზრდას. მოგ­ვიანებით, ლეონიდასს ლისიმაქე ჩაენაცვლა, რომელმაც ალექსანდრეს ქნარზე დაკვრა ასწავლა და ხელოვნება შეაყვარა. 13 წლის ალექსანდრე არისტოტელეს მიაბარეს. სწორედ აქ შეხვდა თავის მომავალ საუ­კეთესო მეგობარ ჰეფესტიონს.

არისტოტელემ ალექსანდრეს ზედმიწევნით შეასწავლა რიტორიკა და ლიტერატურა, გაუღვივა ინტერესი მეცნიერების, მედიცინის, ფილოსოფიის, ფიზიკის, მეტეოროლოგიის, გეოგრაფიისა და თეოლო­გიი­სადმი...

ალექსანდრე მაკედონელის სამხედრო და პოლიტიკურ განათლებაზე კი მამამ იზრუნა. 16 წლისა იყო, როცა ფილიპე მეორე აჯანყების ჩასახშობად ბიზანტიონს გაემგზავრა. მამის არ­ყო­ფნისას სამეფო ტახტი­ ალე­ქ­სანდრეს გადაეცა.

მამის ნდობის მიუხედავად, ალექსანდრე ვერ ეწყობოდა ფილიპეს. მამა-შვილს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც ფი­ლი­პემ კლეოპატრაზე დაქორწინება გადაწყვიტა.

ძვ.წ. 336 წლის ზაფხულში, ფილიპე თავისი ქალიშვილის ქორწილში მოჰკლეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით ეს შეთქმუ­ლება ალექსანდრეს დედამ, ოლიმპიამ მოაწყო.

20 წლის ალექსანდრე დაუყოვნებლივ წარუდგინეს ჯარს, როგორც მაკედონიის ახალი მეფე. ახალგაზრდა მეფეს ტახტის მრავალი მოცილე გამოუ­ჩნდა, რომლებიც ნელ-ნელა ჩამო­იცილა. თავად სარდალი ატი­ლოსიც, კლეოპატრას ბიძა, მცირე აზიაში გააგზავნა სა­ლაშ­ქროდ, მოგვიანებით კი თავიდან მოიშორა.

გამეფების შემდეგ, ალექ­სან­დრემ თავი უზენაესი ღმერთის, ზევსის შვილად გამოაცხადა. თუმცა როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ეს სულაც არ იყო საჭირო, რადგან მისი ერთი შეხედვაც საკმარისი იყო იმის გასაგებად, რომ ალექსანდრე დიდებისთვის დაიბადა.
ალექსანდრე მაკედონელი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გენიოსი და სტრატეგი, რო­მე­ლმაც მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის უმეტესი ნაწი­ლი­ დაიპყრო და შექმნა უდიდესი იმპერია, რომელშიც შედი­ოდა მაკედონია, ეგვიპტე, სირია, სპარსეთი და მცირე აზია.

"ევრონიუსის" მასალების მიხედვით მოამზადა
ნინო ჯაფარიძემ
ჟურნალი "ისტორიანი".#1 (2011 წელი)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები