ინგუშები
ინგუშები
სტუმრის ეთნიკურობასა და სარწმუნოებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოჯახის უფროსი პასუხისმგებელი იყო სტუმრის სიცოცხლეზე. სტუმართმოყვარეობის დამრღვევი მკაცრად გაიკიცხებოდა და თემი ისე სჯიდა, როგორც დამნაშავეს. სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ინგუშეთში ფაქტობრივად არ ირღვეოდა. სტუმართმოყვარეობის კანონი სისხლის აღების კანონზე მაღლა იდგა.

ინგუშებს არც ხანები ჰყოლიათ, არც ბეგები და არც თავადები...

თუ ინგუშს ვაჟი მოუკვდებოდა, მასთან მივიდოდა იმავე წელს გარდაცვლილი ქალიშვილის მამა. ეს უკანასკნელი ვაჟის მამას ეუბნებოდა, შენს შვილს იმ ქვეყანაში ცოლი სჭირდება და მე მას
ჩემი ქალიშვილის ხელს ვაძლევო. არ შეიძლებოდა გარდაცვლილი ქალიშვილის მამისთვის უარი ეთქვათ. ამ შემთხვევაშიც გარდაცვლილი ვაჟის მამა ჩვეულებრივ ურვადს იხდიდა, სასიძოსთვის დაწესებულ საკმაოდ დიდ საქორწინო გადასახადს.

ინგუშები კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ხალხია. ინგუშების თვითსახელწოდებაა ღალღაი. 2002 წლის მონაცემებით რუსეთის ფედერაციაში 412 ათასი ინგუში ცხოვრობდა. გარდა ინგუშეთისა ისინი
კომპაქტურად მკვიდრობენ ჩრდილოეთ ოსეთშიც. ეს ტერიტორია - პრიგოროდნის რაიონი - ოსებს საბჭოთა ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ინგუშთა შუა აზიაში გადასახლების შემდეგ გადასცა. 1989 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში 32,8 ათასი ინგუში ცხოვრობდა. მცირე ჯგუფებად მკვიდრობენ ყაზახეთში, შუა აზიასა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში.

თხაბა-ერდის ძველი ეკლესია

"ინგუშეთში შემორჩენილია მრავალი ქრისტიანული ძეგლი. ინგუშეთის მთებში ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში მოსახლეობა ქრისტიანულ რელიგიას აღიარებდა. ის აქ საქართველოდან XII საუკუნეში გავრცელდა. შემორჩენილია ტაძრები: თხაბა-ერდი, ალი-ერდი, თარგიმი..."

ინგუშები ჩაჩნების მონათესავენი არიან. ინგუშური და ჩაჩნური ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფში შედის. ინგუშების თვითსახელწოდება მათი ერთ-ერთი ლოკალური ტერიტორიული ჯგუფის სახელიდან - ღალღებიდან მომდინარეობს, რომლებსაც სხვანაირად ხამხელებსაც უწოდებდნენ. ლეგენდის თანახმად, ინგუშების (ღალღაელების) წინაპარს ერქვა ღა, რომელსაც ორი შვილი - ღალღაი და ღაბერტე ჰყავდა. გარდა ღალღებისა (ხამხელებისა) ინგუშების ლოკალური (ტერიტორიული) ჯგუფები იყო აგრეთვე: ჯარიახელები, მეცხალელები (იწოდებოდნენ ქისტებადაც), ცორიელები, გალაშელები, ნაზრანელები. ქართული საისტორიო წყაროებით, ინგუშები ღლიღვებად იწოდებოდნენ. მათ მეზობელი ქართველი მთიელები ქისტებადაც მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს ეთნონიმი ჩაჩნებსაც აღნიშნავდა. რაც შეეხება ეთნონიმს "ინგუში", ის წყაროებში XVIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მომდინარეობს სოფელ ანგუშტის სახელწოდებიდან. რუსებმა ინგუშები სწორედ ამ სოფლის - ანგუშტის საშუალებით გაიცნეს და ხალხსაც მთლიანად სოფლის სახელიდან გამომდინარე "ინგუშები" დაარქვეს, რაც შემდეგ საყოველთაოდ გავრცელდა.

ოდესღაც ინგუშები და ჩაჩნები კავკასიის მთისწინეთსა და ბარშიც მკვიდრობდნენ. მთებში საბოლოოდ ირანული, თურქული და მონღოლური მომთაბარე ტომების თარეშის შედეგად შევიდნენ. ინგუშური (და ჩაჩნური) გადმოცემებით, მათი წინაპრები ებრძოდნენ იურტებში მცხოვ­რებ მოსულთა დიდ ურდოებს.

ინგუშების მთიდან ბარში მიგრაცია XVI-XVII საუკუნეებში დაიწყო. დღევანდელი განსახლების არეალი კი XVII საუკუნიდან ჩამოყალიბდა. ინგუშებს XVI-XVIII საუკუნეებში უცხოვრიათ ლარსის მიდამოებში. XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე ვაინახური მოსახლეობა აქ ოსურმა შეცვალა. XVIII საუკუნეში ლარსში, ჩმიში და ბალთაში მცხოვრები ოსები ინგუშებს მიწის სარგებლობისთვის გადასახადს უხდიდნენ. ინგუშებს უცხოვრიათ ქურთათისა და დარგვის ხეობებშიც, საიდანაც ყაბარდოელთა და ოსთა ზეწოლის გამო, აყრილან და სანიბის ხეობაში დასახლებულან, შემდეგ კი - ჩმის გავლით, თერგის მარჯვენა ნაპირზე. იგივე შეიძლება ითქვას მდ. არმხის ხეობაზე, სადაც XVIII საუკუნში ოსები დასახლდნენ.

ინგუშებისა იყო თანამედროვე ვლა­დი­კავკაზის ტერიტორიაც. აქ არსებულ ინგუშურ სოფელს ზაუროვო (ზაურეგი) ერქვა, რომელშიც შერეული იყო გამოქცეული ოსური გვარებიც. ამ ადგილზე შემდეგ რუსული ციხესიმაგრე ვლადიკავკაზი გაჩნდა, რომელიც დღეს ჩრდილო ოსეთის დედაქალაქია. ინგუშური იყო ვლადიკავკაზის პრიგოროდნის რაიონიც.

ინგუშეთი რუსეთის შემადგენლობაში 1810 წელს შევიდა. ხელშეკრულება, რომელსაც ინგუ­შების მხრიდან ხელს შვიდი გავლენიანი გვარის წარმომადგენელი აწერდა, საშუალებას აძლევდა მათ გადასახლებულიყვნენ ბარში, რუსეთის ქვეშევრდომობაში გადასვლის პირობით. 1810 წლის შემდეგ ნაზრანის რაიონში და უფრო ჩრდილოე­თითაც წარმოიქმნა მრავალრიცხოვანი ინგუშური დასახლება. XIX საუკუნის II ნახევარში ინგუშური მოსახლეობის უმეტესობა უკვე დაბლობში მკვიდრობდა.


1924 წელს შეიქმნა ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქ ვლადიკავკაზში მდებარეობდა. 1934 წელს ის შეუერთდა ჩაჩნეთის ავტონომიურ ოლქს. 1936 წელს ჩაჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად. 1944 წელს ინგუშები, ჩაჩნებთან ერთად გადაასახლეს შუა აზიასა და ყაზახეთში; რესპუბლიკა გაუქმდა. ტოტალური რეჟიმის პირობებში ინგუშთა ეთნოსი გაქრობის წინაშე დადგა. 1957 წელს ჩაჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა აღადგინეს, ხალხი დაბრუნდა თავის მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, პროგოროდნის რაიონი, რომელიც დაბლობის ინგუშეთის ნახევარს შეადგენდა, საბჭოთა იმპერიამ ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკას დაუტოვა, რაც ინგუშებსა და ოსებს შორის კონფლიქტის მიზეზად იქცა. ოსებმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინგუშთა მიწები და სახლები მიითვისეს. 1992 წელს, რუსეთის შემადგენლობაში, დამოუკიდებელი ინგუშეთის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა.

ჩრდილოეთ ოსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისა და ჩაჩნეთში ომის გამო დაახლოებით 60 ათასი ინგუში შესახლდა ინგუშეთში.
XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ინგუშების ძირითად სამეურნეო საქმიანობას მესაქონლეობა და მიწათმოქმედება წარმოადგენდა. მთაში წამყვანი მესაქონლეობა იყო, დაბლობში - მიწათმოქმედება. მოშენებული ჰყავდათ მთის პირობებთან შეგუ­ებული ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი. მთის მიწათმოქმედების განვითარებულობაზე მიუთითებს თითქმის ყველგან შემორჩენილი ხელოვნური ტერასებიც. ბარში მიწის სათემო საკუთრება არსებობდა და სახნავი მიწა გადანაწილდებოდა 3-6 წელიწადში ერთხელ. მთაში მიწას ძირითადად ნაცვალგარდად ამუშავებდნენ. მთაში წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა ქერი და ხორბალი იყო, ბარში - სიმინდი.
ძველი ინგუშური სოფლები მთის ციცაბო ფერდობებსა და ჩაკეტილ ხეობებში იყო განლაგებული. ისინი ერთმანეთსა და გარე სამყაროს ვიწ­რო ბილიკებით უკავშირდებოდნენ. სოფელი ჩვე­ულებრივ 6-10 კომლისგან შედგებოდა და ძირითა­დად ერთი პატრონიმიით (სანათესაო წრე, გვარის დანაყოფი) იყო დასახლებული. ზოგიერთი გვარი ერთმანეთისგან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელში მკვიდრობდა.

თითქმის ყველა სოფელში იყო თავდასაცავი, საცხოვრებელი და სათვალთვალო კოშკები. საცხოვრებლის გავრცელებული ტიპი ქვის ორსართულიანი სახლი იყო. ქვედა სართული, ჩვეულებრივ, პირუტყვის სადგომს წარმოადგენდა, ზედა კი - საცხოვრებელს. სასტუმრო სახლი საცხოვრებელი სახლისგან მოშორებით იდგა. დიდი რაოდენობით გვხვდებოდა სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკებიც, რომლებშიც გაუყოფელი, დიდი ოჯახები ცხოვრობდნენ. ყველა ინგუშური საბრძოლო კოშკი არქიტექტურის ღირს­შე­სანიშნავ ძეგლს წარმოადგენს. თუ საცხოვრებელი კოშკების სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა, ნახევ­რად საბრძოლო კოშკების სიმაღლე 12-დან 16 მეტრამდე მერყეობდა. კლასიკური საბრძოლო კოშკები, რომლებსაც პირამიდული გადახურვა ჰქონდა, 5-6-სართულიანი იყო და მათი სიმაღლე 25-27 მეტრს აჭარბებდა. ინგუშები კოშკებსა და სხვა ნაგებობებს თავიანთ საზღვრებს გარეთაც აშენებდნენ. გადმოცემით ინგუშებს ბევრი კოშკი აუშენებიათ ოსეთში.

ინგუშეთის მთებში

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ინგუშების ტანსაცმელი თითქმის ისეთივე იყო, როგორიც ჩრდილოეთკავკასიელი მეზობელი ხალხებისა. მამაკაცის კოსტიუმის სპეციფიკური ელემენტია თავსაბურავი - მაღალი, ზედა ნაწილისაკენ გაფართოებული ფაფახი. ინგუში ქალების თავსაბურავი რქის მოყვანილობის იყო. ასეთი სახის თავსაბურავი XV-XVII საუკუნეების აკლდამებშიც (მიწისზედა დასაკრძალავ ნაგებობებში) არის დაფიქსირებული.

შუა საუკუნეების ინგუშეთში განვითარებული იყო საიუველირო საქმიანობა. ინგუშები იარაღის (ფარი და მახვილი, საბრძოლო დანა, ხანჯალი, ხის მშვილდ-ისარი) შესანიშნავი ოსტატებიც იყვნენ. მჭედ­ლები ამზადებდნენ ცხვრის საკრეჭ მაკრატლებს, დანებს, ქვაბებს, ნამგლებს და სხვ. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა აგრეთვე ხის, ქვის, ტყავის დამუშავებას. XVIII საუკუნეში ინგუშები ტყავგადაკრულ ხის მრგვალ ფარებს, პირდაპირ და მოღუნულტარიან ხანჯლებს ატარებდნენ.

ინგუშეთის მოსახლეობა სოციალურად დიფერენცირებული არ ყოფილა. მათ არც ხანები, ბეგები და თავადები ჰყოლიათ. სოცი­ალური დიფერენციაციის ტენდენციებს თემი ძირშივე სპობდა. ინგუშეთის მთის საზოგადოების მთავარ ფიგურას თავისუფალი მეთემე წარმოადგენდა. ადგი­ლობრივი თვითმმართველობის ძირითადი ორგანო სასოფლო თემი იყო. საოჯახო ურთიერთობებში შემორჩენილი იყო დიდი ოჯახი, პატრონიმია, ლევირატი, მრა­ვალცოლიანობა. დიდი ოჯახები უფრო მეტი რაოდენობით მთაში არსებობდა. ინგუშებში ქორწინება ეგზოგამიური იყო, რაც მათი ყოფისათვის დღესაც დამახახიათებელია. ნათესავებს შორის საქორწინო კავშირები მერვე და მეთორმეტე თაობამდეც იკრძალებოდა. დასაქორწინებლად საჭირო იყო არა მხოლოდ მამის, არამედ პატრონიმიის უხუცე­სის თანხმობაც. ქორწინებისას ერთგვარ დაბრკოლებას წარმოადგენდა ურვადი, სასიძოსთვის დაწესებული საკმაოდ დიდი გადასახა­დი. XIX საუკუნეში ინგუშთა ყოფაში საინტერესო წეს-ჩვეულება დაუფიქსირებიათ. თუ ინგუშს ვაჟი მოუკვდებოდა, მასთან მივიდოდა იმავე წელს გარდაცვლილი ქალიშვილის მამა. ეს უკანასკნელი ვაჟის მამას ეუბნებოდა, შენს შვილს იმ ქვეყანაში ცოლი სჭირდება და მე მას ჩემი ქალიშვილის ხელს ვაძლევო. არ შეიძლებოდა გარდაცვლილი ქალიშვილის მამისათვის უარი ეთქვათ. ამ შემთხვევაშიც გარდაცვლილი ვაჟის მამა ჩვეულებრივ ურვადს იხდიდა.

საინტერესოა პირმშოსთვის სახელის დარქმევის წეს-ჩვეულება. პირველი ვაჟისადმი მიძღვნილ ლხინზე სახელს ნათესავი მამაკაცები არქმევდნენ. ისინი კოჭს აგდებდნენ. ვისაც კოჭი ალჩუზე დაუჯდებოდა, სახელსაც ის დაარქმევდა.

სისხლის აღება მთელი გვარის ვალდებულებას წარმოადგენდა, მაგრამ პირველ რიგში, ის ახლო ნათესავების - პატრონიმიის წევრების საქმე იყო. ხშირად შურისძიება თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ინგუშეთში სრული სისხლის გადასახადი დაახლოებით 130 ძროხა იყო. ასეთ შემთხვევაში ახლო ნათესავები რვა-რვა ძროხას იხდიდნენ, ყველაზე შორეული ნათესავები კი - თითო თხას.

დაკრძალვაში მთელი გვარი მონაწილეობდა. წარსულში, როდესაც ინგუშები სინკრეტული - ნახევრად წარმართული და ნახევრად ქრისტიანული რწმენა-წარმოდგენების მიმდევრები იყვნენ, დაკრძალვის ცერემონია თითქმის ისეთივე ჰქონდათ, როგორც ქართ­ველ მთიელებს (აწყობდნენ დოღს, ისროდნენ მიზანში, მართავდნენ ქელეხს).

ინგუშეთში იყო ტრადიცია მიცვალებულის მიწისზედა ნაგებობაში ანუ აკლდამაში დაკ­რძალვისა. გადმოცემებით, ინგუშები მიწისზედა აკლ­დამებს არა მარტო ინგუშეთში, არა­მედ მეზობელ ოსეთშიც აგებდნენ. აქ ასეთი თქმაც ყოფილა: "ადა­მიანს სიცოცხლეში სჭირდება კოშკი, სი­კვდილის შემდეგ კი - აკლდამა". ინგუშები მიწისზედა დასაკრძალავ ნაგებობას "მალხ-კატს"-ს ("მზის სამარეს") უწოდებდნენ. მთის ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებში აკლდამაში ჩასვენებული მიცვა­ლებული მუმიფიცირდებოდა. ინგუშეთში აკლ­დამები ოთ­ხფერდა სახურავიანი და ფიქალით გადახურული იყო. ერთი შეხედვით, ისინი საბრ­ძოლო გადაკვეთილ კოშკებს წააგავდნენ. ყველა ასეთ აკლდამას ორი ან სამი საძრომი ჰქონდა, საიდა­ნაც მიცვალებულს ასვენებდნენ. თითოეული აკლდამის შიგნით მოწყობილი იყო ხის ან ქვის ტახტები, რომლებზედაც მიცვალებულს შეასვენებდნენ. ინგუშეთში მიწისზედა აკლდამები, ძირი­თადად, საგვარეულო იყო.

ინგუშთა საზოგადოებრივ ყოფაში უმნიშვნელოვანესია სტუმართმოყვარეობის ტრა­დი­ცია. სტუმრის ეთნიკურობასა და სარწმუნოებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოჯახის უფროსი პასუხისმგებელი იყო სტუმრის სიცოცხლეზე. სტუმართმოყვარეობის დამრღვევი მკაცრად გაიკიცხებოდა და თემი ისე სჯიდა, როგორც დამნაშავეს. სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ინგუშეთში ფაქტობრივად არ ირღვეოდა. სტუმართმოყვარეობის კანონი სისხლის აღების კანონზე მაღლა იდგა.

ინგუშები სუნიტი მაჰმადიანები არიან. მაგრამ ეს სარწმუნოება მათთან საკმაოდ გვიან შეიჭრა და საბოლოოდ XIX საუკუნის პირველ ნახევარში განმტკიცდა. ინგუშეთში შემორჩენილია მრავალი ქრისტიანული ძეგლი.­ ინგუშეთის მთებში ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში მოსახლეობა ქრისტია­ნულ­ რელიგიას აღიარებდა. ის აქ საქარ­თვე­ლოდან XII საუკუნეში გავრცელდა. შემორჩე­ნილია ტაძრები: თხაბა-ერდი, ალი-ერდი, თარგიმი...

ინგუშების ქორწილი

ინგუშეთში ყველაზე გავრცელებული იყო მოსავლის მფარველის "მიაცელას" კულტი, რომელსაც ივნისის ბოლოს მსხვერპლს სწი­რავდნენ.
ინგუშთა მუსიკალურ შემოქმედებას ბევრი­ რამ საერთო აქვს მეზობელი ხალხების მუსი­კასთან. ყველაზე გავრცელებული მუსი­კა­ლური ინსტრუმენტი იყო სამსიმიანი ფან­დური ("პანდირ"). ინგუშებში ძალიან პოპულარული იყო მასობრივი ცეკვა ("სიმდი"). ცეკვები სიმღერების თანხლებით სრულ­დე­ბოდა.­

ინგუშებს საუკუნეების განმავლობაში მჭიდ­რო ურთიერთობა ჰქონდათ ოსებსა და ქარ­თველ მთიელებთან. არა ერთი და ორი გვარია ინგუშეთსა და ოსეთში, რომლებსაც საერთო წარმომავლობა აქვთ. ქართულ-ინგუშური საუკუნოვანი მჭიდრო ურთიერთობის დამადასტურებელია ინგუშეთში ქართული ქრისტიანული ძეგლების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ინტენსიური მიგრაციული პროცესები მიმდინარეობდა ინგუშეთიდან საქარ­თველოში და პირიქით. ინგუშური წარმომავლობის გვარებიდან ხამხაძისა და ღლიღვაშვილის დასახელებაც საკმარისია.

როლანდ თოფჩიშვილი
ჟურნალი "ისტორიანი".#1 (2011 წელი)
თორი-ნიკე
30 ივნისი 2021 18:42
მადლობა ამ საქმიანობისათვის (ისტორიანი)
ბევრმა არ იცის ის, რომ კავკასიელი ხალხი ერთი ეთნოსი და ერთი წარმომავლობის შვილები ვართ., იმპერიებისათვის დიდი თავისტკივილი. დღემდე ასეა, ამიტომ გაამუსულმანა თავის დროზე კავკასია თემურ ლენგმა, რუსეთმა გაარუს- დააჩაჩანაკა ეს ამაყი და დიდებული კავკასიელი ხალხი,
როდესმე თუ ვეღირსეთ ერთიან კავკასიას,. მტერი აღარ ჰვეყოლება, რადგან ჩვენი მტრობა აზრს დაკარგავს ვინაიდან ვიქნებით დ ა უ მ ა რ ც ხ ე ბ ე ლ ნ ი.!!!