კლეოპატრა გველის შხამს არ მოუკლავს!.. - კვირის პალიტრა

კლეოპატრა გველის შხამს არ მოუკლავს!..

გერმანელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც კრისტოფერ შეფერი ხელმძღვანელობს, მივიდა დასკვნამდე, რომ კლეოპატრა არა გველის ნაკბენით, არამედ ოპიუმისა და კონიოს (წიწვოვანი ხე აზიასა და ამერიკაში) შემცველი სასიკვდილო "კოქტეილით" დაიღუპა.

ცნობილია, რომ ეგვიპტის დედოფალი ძვ.წ. 30 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზად გველგესლას ნაკბენს მიიჩნევდნენ, რომელსაც ახლა მოიხსენიებენ, როგორც ეგვიპტურ კობრას. თუმცა მეცნიერებმა მიაკვლიეს მტკიცებულებას, რომ კლეოპატრას სიკვდილის ნამდვილი მიზეზი გველის შხამი არ ყოფილა.

"დედოფალი კლეოპატრა განთქმული იყო საკუთარი გარეგნობისადმი გადამეტებული ყურადღებით და თავს არ გაიმეტებდა ისეთი სიკვდილისთვის, რომელიც ხანგრძლივი იქნებოდა და თანაც დაამახინჯებდა. ამიტომ მან აშკარად ამჯობინა, ოპიუმსა და კონიოზე მომზადებული ნაყენი დაელია. იმ პერიოდში ეს ნაყენი ცნობილი იყო, როგორც უეჭველი და უშფოთველი სიკვდილის გამომწვევი. მისი დალევის შემდეგ აღსასრული სწრაფად დგებოდა, განსხვავებით გველის ნაკბენისგან, რომელიც მტანჯველ ტკივილებს იწვევდა", - განმარტავს გერმანელი მეცნიერი კრისტოფერ შეფერი.

გამოკვლევათა ჩასატარებლად, შეფერი მკვლევართა ჯგუფთან ერთად საგანგებოდ გაემგზავრა ეგვიპტეში, კერძოდ ალექსანდრიაში. მან კლეოპატრას სიკვდილის მისეული თეორია ძველი სამედიცინო ტექსტების მიხედვით გადაამოწმა, კონსულტაციები კი ადგილობრივ სერპენტოლოგებთან (სერპენტოლოგია - გველების შემსწავლელი მეცნიერება) გაიარა.

ლეგენდარული დედოფალი, რომელიც ბერძენ პტოლემეოსთა დინასტიის შთამომავალი იყო, ეგვიპტეს ძვ. წ. 51-30 წლებში მართავდა. ის ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც ულამაზესი ქალი (რეალურად არც ყოფილა ასეთი), არამედ როგორც მტკიცე ხასიათის პოლიტიკოსი, რომლის "წყალობით" რომის იმპერიამ ეგვიპტის დაპატრონება დიდხანს ვერ მოახერხა.

ცნობილია, რომ იულიუს ცეზარი მზად იყო ცოლად შეერთო კლეოპატრა. ამ განზრახვას ხელი კეისრის სიკვდილმა შეუშალა. ეგვიპტის დედოფალს კი ცეზარის ერთ-ერთი პოლიტიკური მემკვიდრე, მარკუს ანტონიუსი "დაუახლოვდა".

ოქტავიანე ავგუსტუსის ტახტზე ასვლისა და აქციუმთან ეგვიპტის ფლოტის დამარცხების შემდეგ კლეოპატრასა და მარკუს ანტონიუსის სიყვარულიც დასრულდა.

ბრძოლაში დამარცხებულმა ანტონიუსმა თავი მოიკლა, მოგვიანებით კი მას კლეოპატრამაც მიბაძა.

"დეილი ტელეგრაფის" მასალების მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი".#1 (2011 წელი)