რა საიდუმლოს ინახავს ქობულეთის ფიჭვნარი... - კვირის პალიტრა

რა საიდუმლოს ინახავს ქობულეთის ფიჭვნარი...

არქივიდან

ახალმშენებლობებს წარსულის ნაშთები არ უნდა გადავაყოლოთ…

ქობულეთის ფიჭვნარში ნამდვილი სამშენებლო ბუმია. ახალმშენებლობებს კი ძვ.წ. VIII-VII საუკუნის კოლხური კულტურის ძეგლები ეწირება, რომელთა ნაწილი უკვე დაზიანდა ან განადგურდა, ნაწილსაც განადგურების საფრთხე ემუქრება.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით თავისუფალი ტურისტული ზონის მშენებლობისათვის ადგილი სწორედ არქეოლოგიურ აღმოჩენათა ტერიტორიაზე, ფიჭვნარში გამოიყო და შარშან შემოდგომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა კიდეც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განმარტებით, პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ პროექტით "არა მხოლოდ მშენებლობის დროს, ანუ 2011 წელს დასაქმდება ათას ადამიანამდე, შემდეგაც როგორც ქობულეთის, ასევე მთელი აჭარისა და მთელი საქართველოს მოსახლეობას ექნება საშუალება, ამ პროცესში ჩაერთოს".

სპეციალისტთა აზრით, თავისუფალი ტურისტული ზონის მშენებლობა და ხალხის დასაქმებაზე ზრუნვა ცუდი არ არის, თუმცა ეს პროცესი კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შექმნის ფონზე არ უნდა წარიმართოს.

როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპეციალისტთა შეფასებით, ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე განთავსებული ძეგლები უნიკალურია. ამიტომ არქეოლოგიური გათხრები აქ რამდენიმე ათეული წელიწადია გრძელდება. ეს მიწისქვეშა ძეგლი 100 ჰექტარზეა გაშლილი. წარმოდგენილია ძვ.წ. II-I ათასწლეულების კოლხური კულტურის ნაშთები. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზეა ამიერკავკასიაში ბერძნულ ეთნოსთან დაკავშირებული, ძვ.წ. V-IV საუკუნეების ერთადერთი ძეგლი - ნეკროპოლი. ქობულეთის ფიჭვნარში 18 წლის განმავლობაში მუშაობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპედიციაც.

ანტიკური ხანის ნაქალაქარი, კოლხური კულტურის ნაშთებითა და ელინისტური ეპოქის სამარხებით უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს.

ირაკლი ჩავლეიშვილი, ბათუმის საკრებულოს წევრი, არქეოლოგი: "სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა ან საერთოდ განადგურდა. ანგრევენ ჩვენს თვითშეგნებას, წარსულს, კულტურულ მემკვიდრეობას. ამ პროცესს გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. იმას, რაც უკვე დაზიანდა, ვეღარ აღადგენ. სამწუხაროდ, ქობულეთის ფიჭვნარში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა არ მომხდარა".

სპეციალისტთა განცხადებით, ეს არ გაკეთებულა იმის მიუხედავად, რომ არქეოლოგიური მასალა აქ თითქმის მიწის ზედაპირზე დევს.

როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, არქეოლოგებს გათხრების წარმოების ნება მას შემდეგ დართეს, რაც სამშენებლო ტექნიკის მუშაობისას ძველი ნივთები გამოჩნდა და ამ ფაქტებს ხმაური მოჰყვა.

"რაც გათხრები დაიწყო, მასალები თითქმის ყოველდღიურად ამოდის. ეს ადგილი დაცულ ტერიტორიად იმიტომაცაა გამოცხადებული, რომ აქ არქეოლოგიური მასალა საძებნელი არ არის. ყველა ბარის პირს რაღაც ნივთი მოჰყვება", - გვეუბნება ბათუმის მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი იზო დუმბაძე.

ამირან კახიძე, ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი: "ამ ტერიტორიაზე ქართული, კოლხური კულტურის ბრწყინვალე ძეგლია განთავსებული, რომელიც ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როცა კოლხური კულტურა განვითარების ზენიტზე იმყოფებოდა".

ქალის სამარხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უარყოფენ, რომ ქობულეთში თავისუფალი ტურისტული ზონის მშენებლობა ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის გარეშე დაიწყო, თუმცა სააგენტოს ექსპერტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსი პაატა გაფრინდაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა მშენებლობასთან ერთად დაიწყო.

პაატა გაფრინდაშვილი: "ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასტუმროების კომპლექსი შენდება, არქეოლოგიური ძეგლებია. კერძოდ, სამაროვანი და ნასახლარები. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივით მოვითხოვეთ არქეოლოგიური გათხრების დაწყება. ჩვენი არქეოლოგები 2010 წლის ნოემბრიდან უკვე მუშაობენ იქ. ათამდე სამარხია დაფიქსირებული. უამრავი კერამიკული მასალაა აღმოჩენილი. ნაპოვნია რამდენიმე ვერცხლის მონეტაც".

ანთროპომორფული საკიდები ელინისტური ხანის სამაროვნიდან

ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს ამირან კახიძეს კი ეს ნაბიჯი დაგვიანებულად მიაჩნია: "აუცილებელი იყო, მშენებლობის დაწყებამდე ვყოფილიყავით საქმის კურსში და გვქონოდა არქეოლოგების თუნდაც წინასწარი დასკვნა. ეს გაუგებრობას თავიდან აგვაცილებდა. თუმცა ასე არ მოხდა და იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა არქეოლოგების შესვლამდე დაიწყეს, ძეგლების უმეტესი ნაწილი მეცნიერებისთვის დაიკარგა და დაინგრა. საბედნიეროდ, სპეციალისტებმა ორი ძეგლიდან ერთის, ელინისტური ხანის სამაროვნის გადარჩენა მაინც შეძლეს. ორმოცამდე სამარხი გავთხარეთ, უნიკალური ინვენტარით, ოქროსა და ვერცხლის სამკაულებით, მონეტებით. ერთ-ერთზე კოლხური წარმართული პანთეონის მთავარი ღვთაებების: მზის დისკოსა და ნახევარმთვარის გამოსახულებაა დაძერწილი".

რაც შეეხება მეორე ძეგლს, ქვიშაზვინულებს, რომელიც უნიკალურია და მხოლოდ საქართველოს ზღვისპირეთისთვისაა დამახასიათებელი, ექსპედიციის ხელმძღვანელის განმარტებით, აქ აღმოჩნდა ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების ხუთი საკურთხეველი და სამსხვერპლო მოედანი.

ამირან კახიძე: "ამ უნიკალური ძეგლის ნაწილი არქეოლოგების მისვლამდე მშენებლებმა მიწასთან გაასწორეს. ის თანხები კი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოების წარმოებისთვის ნოემბერში გადარიცხა, არქეოლოგიური სამუშაოების დასრულებისთვის საკმარისი არ არის. მხოლოდ შენობის საძირკვლის ადგილის შესწავლას ვასწრებთ. დანარჩენი რა და როგორ იქნება, არ ვიცით. ძეგლს საბოლოოდ ალბათ, ვერ გადავარჩენთ".

სამაროვნის ტერიტორიაზე სპეციალისტებმა არაერთ საინტერესო ნივთს მიაკვლიეს. მოპოვებულ მასალებზე საუბრობს ფიჭვნარის ექსპედიციის წევრი, არქეოლოგი თამარ შალიკაშვილი: "ერთ-ერთი სამარხის გათხრისას ვნახეთ მიცვალებულის თავთან ჩადგმული ადგილობრივი წარმოების კერამიკული დოქი, რომელსაც ერთგვარი ნიშანიც კი აქვს. რაც შეეხება საღვინე ჭურჭელს, ის დიონისეს კულტს უკავშირდება და უცხოურია".

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსაზრება არქეოლოგიური მასალის შესაძლო დაზიანების ან განადგურების შესახებ გაზვიადებულია. აღმოჩენილ უნიკალურ ნივთებს კი საზოგადოება სულ მალე იხილავს.

ეს სამარხები ფაქტობრივად ბულდოზერებს გამოვგლიჯეთ...

ადგილობრივი სპეციალისტები კი სააგენტოს ენთუზიაზმს არ იზიარებენ. არქეოლოგები ამბობენ, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალია, სიძველეთა გამოჩენის შემთხვევაში მშენებლებმა სპეციალისტებს დაუყოვნებლივ აცნობონ.

ბუნებრივია, ახალმშენებლობებს წარსულის ნაშთები არ უნდა გადავაყოლოთ. და რაც მთავარია, ამ საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ვფიქრობთ, ქობულეთის ფიჭვნარი არაერთ საიდუმლოს გაგვიმხელს...

ნინო ჯაფარიძე

ჟურნალი "ისტორიანი".#1 (2011 წელი)