იოსებ ლაღიაშვილი - შურისმაძიელი თუ ტერორისტი?
იოსებ ლაღიაშვილი - შურისმაძიელი თუ ტერორისტი?
ფოტო:თბილისის სასულიერო სემინარიის შენობა (მე-19 საუკუნის 80-იანი წლები) - დღევანდელი ხელოვნების მუზეუმი
1881 წლის პირველ მარტს მოკლეს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II. ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას, ძირფესვიანად შეცვალა რუსეთის იმპერიისა და მასში მცხოვრები ხალხების ბედი. მაგრამ ამჯერად სხვა მკვლე­ლობაზე ვისაუბრებთ - ასევე ტერორისტულ აქტზე, თანაც, პირველზე საქართველოს ისტორიაში, რომელიც სწორედ "მეფე განმათავისუფლებლის" მოკვლის შედეგად დაწყებული რეპრესიების ირიბი შედეგი იყო...

1886 წლის 24 მაისს, თბილისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხულმა ახალგაზრდამ, 20 წლის იოსებ ლაღიაშვილმა, ხანჯლით მოკლა ამავე სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი! მანამდე არსმენილი ამბავი ელვის
უსწრაფესად მოედო ვრცელ იმპერიას...

როდესაც წლები გავიდა და მაშინდელი მოვლენების უშუალო თვითმხილველები ამქვეყნად აღარ იყვნენ, და დღევანდლამდეც, საკუთრივ ჩუდეცკის მკვლელობას ნაკლები მნიშვნელობა შერჩა, ვიდრე იმ ამბებს, რაც ამის შემდეგ დატრიალდა: საქართველოს ეგზარქოსის პავლეს მიერ ქართველი ხალხის საჯაროდ დაწყევლა, ამის გამო დიმიტრი ყიფიანის გამანადგურებელი წერილი ეგზარქოსისადმი;
შემდგომ დიმიტრი ყიფიანის გადასახლება სტავროპოლში; მისი მკვლელობა; საერთო-ეროვნულ პროტესტად ქცეული ჩამოსვენება, მთაწმინდაზე დაკრძალვა და ბოლოს - დიდი მამულიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აკაკის გენი­ალური ლექსი...

ეს ყველაფერი მართალია და ისეთი ღირსეული ადგილი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორიც უნდა ეჭიროს. მაგრამ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ თვით იოსებ ლაღიაშვილზე - მთელი ამ ეპოპეის წამომ­წყებზე, ბევრი არასოდეს თქმულა და ჩუდეც­კის­ მკვლელობაც არა ტერორისტულ აქტად, არამედ პირად შურისძიებად აღიქმება უმეტესობისთვის.

ცხადია, ბოლშევიკების დროს ამ მკვლე­ლობას სათავისოდ "აპიარებდნენ" ხელისუფალნი. ანა ხახუტაშვილმა რომანიც ("იოსებ ლაღიაშვილი") დაწერა; პიესაც იდგმებოდა; ლაღიაშვილის თანამოწაფეთა - მახარაძე-ცხაკაიების "მოგონებებიც" გამოქვეყნდა, რომელიც "გამოგონებებს" უფრო ჰგავდა... ერთი სიტყვით, იმ პერიოდში იოსებ ლაღიაშვილი სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლაში თავგანწირულ რევოლუციონერად გამოიყვანეს. მერე და მერე, 60-იანი წლებიდან, როდესაც "წითელი ყრუობის" ხანა ასე თუ ისე მიილია და ტყუილი უფრო ძნელად საღდებოდა, სახე­ლისუფლებო ისტორიოგრაფები საერთოდ აღარ ახსენებდნენ მის სახელს...

1990 წელს, საფრანგეთში ყოფნისას, ერთმა ქართველმა ემიგრანტმა მითხრა, საქართველოში მკვდარი ეგონათ, ჩემმა ძმამ კი 80-ს მიღწეული იოსებ ლაღიაშვილი თეირანში ნახა 1943 წელს, იქ ქართველებს შეხვდა მოკავშირეთა მეთაურების ცნობილი კონფერენციის დროსო.

მოგვიანებით, 2000 წელს ჟურნალ "გზაში" დავბეჭდეთ წერილი იოსებ ლაღიაშვილზე და შევეცადეთ მისი პერსონა და ჩუდეცკის მკვლელობის ამბავი განსხვავებული კუთხით წარმოგვეჩინა. შემდეგაც რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა ქართულ პრესაში, მაგრამ ცხადია, ამ საკითხს უფრო ღრმა, მეცნიერული შესწავლა სჭირდება და იმედია, ასეც იქნება.

მაშ ასე, ვინ იყო იოსებ ლაღიაშვილი - "მგზნე­ბარე რევოლუციონერი" (ბოლშევიკური ვერსია) თუ "გზააბნეული, უპატრონო ობოლი" (ამას ქართველი საზოგადოება აცხადებდა, რითაც მის ქომაგობას ამართლებდა)? ვფიქრობთ, არც ერთი და არც მეორე! ეს ახალ­გაზრდა ეროვნული საქმისთვის თავ­დადებული კაცი იყო და ამაზე ბევრი რამ მეტყველებს.

იოსებ ლაღიაშვილი 1866 წლის 2 იანვარს სამეგრელოში დაიბადა. მამამისი გორელი მღვდელი იყო, რომელიც მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიავლინეს მასწავლებლად და იქაური - ბანძელი მღვდლის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. იაკობი რამდენიმე წელიწადში თავის სოფელში, ხურვალეთში დააბრუნეს მღვდლად. შვიდი წლისაც არ იყო იოსები, დედ-მამა რომ დაეხოცა და მისი აღზრდა ბებიამ და ბიძებმა ითავეს. გორის სასულიერო სასწავლებელიც დაამთავრებინეს და თბილისის სასულიერო სემინარიაშიც სახელ­მწიფო ხარჯით ჩაარიცხვინეს - როგორც მღვდლის შვილი და ობოლი. სემინარიის პანსიონშივე ცხოვრობდა და სტიპენდიასაც იღებდა. ერთი სიტყვით, თითქოს ობლის კვერი გამოცხვა - დაამთავრებდა სასწავლებელს, გაამწესებდნენ სადმე რომელიმე სასწავლებლის ინსპექტორად ან მღვდლად აკურთხებდნენ და იქნებოდა "ტკბილად", მაგრამ მან სხვა გზა ირჩია.

ოფიციალური, ანუ სასამართლოსა და მაშინდელი პრესის ვერსია ამ მკვლელობისა ასეთია: სემინარიის ზედამხედველმა ლაღიაშვილს ქართულად დაწერილი დღიური აღმოუჩინა, ამისთვის სტიპენდიაც მოეხსნა და პანსიონიდანაც დაითხოვეს, მხოლოდ ექვსი მანეთი დაუნიშნეს თავის სარჩენად და ლაღიაშვილი იძულებული იყო, ვიღაც რუსი ფელდფებელის უნიჭო შვილები ემეცადინებინა, მათი მშობლები კი ღამის გასათევითა და საკვებით უზრუნველყოფდნენ; მაგრამ იქაც მიაკითხეს - ოთახი გაუჩხრიკეს, აკრძალული ლიტერატურა (მათი ვერსიით, ჟურნალი "ოტეჩესტვენნიე ზაპისკი") აღმოუჩინეს და საერთოდ დაითხოვეს გიმნაზიიდან, თანაც ყოფაქცევაში დაბალი ნიშანი დაუწერეს. ლაღიაშვილმა ჯერ თხოვნით მიმართა რექტორსაც და თვით ეგზარქოსსაც, მაგრამ უარი მიიღო. რისხვისგან გონდაბნეული სემინარიაში მიიჭრა (ჩუდეცკი სემინარიის შენობაშივე ცხოვ­რობდა) და ცოლისა და ცოლისდის თვალწინ სასტიკად გაუსწორდა რექტორს.

იოსებ ლაღიაშვილის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ფოტო

თითქოს ყველაფერი ცხადია, თითქოს აფექტის ან კლასიკური შურისძიების ჩვეულებრივი კრიმინალური მაგალითია, მაგრამ დეტალების გაცნობისას უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება: ქართველობა ქართველობად, მაგრამ ეროვნება ხომ არ შეიძლებოდა საკმარისი ყოფილიყო მკვლელისადმი საყოველთაო თანაგრძნობის მიზეზი?! ილიას "ივერიაც" და სხვა ქართული გაზეთებიც ყოველდღე აშუქებდნენ სასამართლოს მიმდინარეობას და ფაქტობრივად არ მალავდნენ სიმპათიას ლაღიაშვილისადმი; ხოლო ბრწყინვალე თავადმა კონსტანტინე მუხრან-ბატონმა, თვით რუსეთის სამეფო კარზე მიღებულმა და უაღრესად გავლენიანმა კაცმა, არც ითაკილა, არც დაიზარა, არც ხარჯს მოერიდა და მთელ იმპერიაში ყველაზე სახელგანთქმული და ძვირად ღირებული ადვოკატი - ტურკევიჩი დაუქირავა განსასჯელს; სასამართლო დარბაზი სავსე იყო, შენობის გარეთ შეკრებილი უამრავი ქართველიც თანაგრძნობით ელოდა განაჩენს... აღსანიშნავია, რომ ლაღიაშვილი სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა - საქმის განსაკუთრებულობის გამო (რადგან ჩაითვალა, რომ განსასჯელის ქმედება სახელმწიფოსთვის საზიანო შინაარსს შეიცავდა).

სიმართლე ითქვას, დასაფიქრებელია თვით დიმიტრი ყიფიანის პროტესტიცა და მის წერილს მოყოლილი გართულებანიც. თავად განსაჯეთ: დიმიტრი ყიფიანი, იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდობაში ერთხელ უკვე გადაასახლეს (1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო), მას შემდეგ "გამოსწორდა" - ვორონცოვის ნდობა დაიმსახურა და იმ დროიდან დაწყებული არც თანამდებობა დაჰკლებია, არც ჩინი და არც პატივი. ბოლოს, ქუთაისის გუბერნიის (ანუ მთელი დასავლეთ საქართველოს) თავად-აზნაურთა წინამძღო­ლობას მიაღწია. როდესაც ლაღიაშვილმა ჩუდეცკი მოკლა, 70-ს გადაცილებული დიმიტრი ყიფიანი უკვე ქვიშხეთში ცხოვრობდა, მსუყე პენსიასაც იღებდა და მანამდე არც არასოდეს გამოუჩენია თავი რადიკალური განცხადებებით. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ეგზარქოს პავლეს (ყოველ შემთხვევაში, მაშინ) ქართველი ხალხი კი არ დაუწყევლია, არამედ ის გარემო ("კრუგ ი სრედა"), რომელმაც მკვლელი შვა. ასე რომ, ერთი შეხედვით "კონფორმისტ" ყიფიანს შეეძლო არც "გაეგონა" მისი ქადაგება, მაგრამ არა - მან სასტიკად გაამათრახა პავლე თავის წერილში და საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდა! ესეც, ცოტა არ იყოს, არაბუნებრივად ჩანს დღეს და ეგზარქოსის რეაქციაც - ამაზე პასუხი არც ღირსო, კი შემოუთვალა, მაგრამ წერილი მთავარმართებელ დონდუკოვ-კორსაკოვს მიურბენინა და მანაც მაშინვე გასცა 72 წლის მოხუცის გადასახლების ბრძანება.

საქმე ის არის, რომ დონდუკოვ-კორსაკოვს­ პეტერბურგის თანხმობის გარეშე ოფიციალურად ჰქონდა აკრძალული ყიფიანისნაირი ცენზის მქონე პერსონის დასჯა, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა(!), ხოლო უბრალო წერილი (ეს რომ მხოლოდ წერილი ყოფილიყო) "განსაკუთრებულ შემთხვევად" ვერ ჩაითვლებოდა. საფიქრებელია, რომ ეგზარქოსმაც, მთავარმართებელმაც (რომელსაც რამდენიმე ათწლეულის ნაცნობობა აკავშირებდა ყიფიანთან) და პეტერბურგელმა უფროსობამაც ძალიან კარგად იცოდა, რომ დიმიტრი ყიფიანი სულაც არ ყოფილა ერთგული ქვეშევრდომი იმპერიისა და საქართველოში გაღვიძებული ეროვნული მოძრაობაც არ იყო მისგან შორს... ისიც ნიშანდობლივია, რომ ამ თვითნებობის გამო დონდუკოვ-კორსაკოვისთვის არავის უსაყვედურია და მხოლოდ დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში მკვლელობისა და დემონსტრაციების თანხლებით მისი თბილისში დაკრძალვის შემდეგ გადაიყვანეს საქართველოდან...
რა იყო ეს ყველაფერი?!

კი - ჩუდეცკი ქართველთმოძულე და სასტიკი რექტორი იყო; კი - ეგზარქოსი პავლეც დაუძინებლად ცდილობდა ქართველებში ქართულის წაშლას და კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველ იანოვსკისთან ერთად, ის პირველი იყო, ვინც მეგრულად და სვანურად ბიბლიის თარგმნა დააპირა; კი - ლაღიაშვილი ობოლი და უპატრონო იყო და დაცვა სჭირდებოდა... მაგრამ (შესაძლოა ვინმეს სხვა აზრი ჰქონდეს) ეს მაინც არ იყო საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მთელი ერი მკვლელის დასაცავად აღმდგარიყო!

უფრო მეტი არგუმენტი, რომ ლაღიაშვილი არც მარტო მოქმედებდა და არც "აფექტური" მკვლელი იყო, მის დღიურებსა და თანამედროვეთა მოგონებებშია: თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მას ლაღიაშვილის ბევრი ნაცნობი დაუკითხავს და ყველა "წყნარ, მომთმენ და არაფერ ცუდში შემჩნეულ" ახალგაზრდად ახასიათებს, მაგრამ ეს ნაცნობები, ძირითადად სემინარიისვე მოსწავლეები იყვნენ და არც თვითონ გახლდნენ "მამა აბრამის ბატკნები". პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ სასულიერო სემინარია იყო თბილისში როგორც ეროვნულ მოღვაწეთა, ასევე სოციალისტ-რევოლუციონერთა "სამჭედლო" - სწორედ აქ სწავლობდნენ როგორც სოციალისტი ფილიპე მახარაძე და მიხა ცხაკაია, ასევე ნაციონალისტი შიო დედაბრიშვილი (შემდგომში - მწერალი შიო არაგვისპირელი), დავით კეზელი და მოსე ჯანაშვილი. ასე რომ, ამ ნაცნობების ჩვენებები დიდად სანდო არ უნდა იყოს.

დაკითხვისას ლაღიაშვილს, ჯერ საერთოდ არაფერი მახსოვსო - განუცხადებია, მეტს კრინტს აღარ დავძრავ სასამართლომდეო (ესეც თქვენი "ჩუმი, წყნარი, სოფლელი ბიჭი"), მერე კი ადვოკატ ტურკევიჩის ვერსია მოუყოლია: გამამწარეს, საბუთებსაც არ მიბრუნებდნენ, გორის სასწავლებლის დასრულების მოწმობაც დამიმალეს, რომ სადმე მასწავლებლად არ მოვწყობილიყავი და გონდაკარგულმა, ორი კვირით ადრე უცნობი ოსისგან სამ მანეთად ნაყიდი ხანჯალი წავიღე და მოვკალიო. ეს ვერსია ყველას აძლევდა­ ხელს - ბრალდებაც "ჩვეულებრივ" მკვლელს გაასამართლებდა და არა მეამბოხეს, ხოლო ბრალდებული სიკვდილით დასჯას ასცდებოდა (21 წლამდე არასრულწლოვნად ითვლებოდა და "არაპოლიტიკური" მკვლელობისთვის სიკვდილით არ სჯიდნენ).

ეგზარქოსი პავლე

რომ არც არსებობდეს ხანჯლების ყიდვაზე მისი თანამედროვის მოგონებები, მაინც საეჭვოა, ხელმოკლე კაცს, რომელსაც ექვსი მანეთი მთელი თვე უნდა ჰყოფნოდა საჭმელზე, ტანსაცმელსა და სხვა საჭიროებაზე, სამი მანეთი ხანჯალში გადაეხადა(?!). თანაც ასევე არსებობს ვინმე "მონაწილის" ფსევდონიმით გაზეთ "ლომისში" გამოქვეყნებული მოგო­ნებები. ის ამბობს, რომ მათმა იატაკქვეშა წრემ ტერაქტები დაგეგმა, ერთხელ ეგზარქოსისა და რექტორის აფეთქებაც ვცადეთ, მაგრამ ყუმბარამ არ ივარგაო... შემდეგ კი მეგობარს ლაღიაშვილი მიუყვანია და უთქვამს - ძველი ლაღიაშვილი არ გეგონოს (ეტყობა ადრე მართლა "წყნარი და მორიდებული" იყო), მაგარი ბიჭი დადგაო. 12 მანეთი მივეცი ხანჯლების საყიდლად, სამი კაცი იყო მოსაკლავი: ეგზარქოსი პავლე, მისი სეხნია რექტორი და კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველი (მაშინ მის თანამდებობას "მზრუნველი" ერქვა) იანოვსკი. ხანჯალიც სამი ვიყიდეთო. აქ კიდევ ერთი არგუმენტი: ეს ჯგუფი რომ "სოციალისტური" ყოფილიყო, იანოვსკის არ შეიყვანდნენ მოსაკლავთა სიაში. ეს კაცი მხოლოდ "ნაციონალისტების" სამიზნე იყო. შემდეგ "მონაწილე" აგრძელებს: ლაღიაშვილი ჯერ ეგზარქოსთან მივიდა წიგნით ხელში და დამალული ხანჯლით, მაგრამ არ შეუშვესო (ეს ვიზიტიც დასტურდება ამ მოგონებებამდე 30 წლით ადრე შედგენილ ოქმებში); მერე ჩუდეცკი მოკლა და ვერ გამოიქცა, ამიტომ იანოვსკი გადარჩაო! ჰგავს ეს "ჩუმი და წყნარი ობოლი ბიჭის" მოქმედებას?!

მეტ ინფორმაციას იძლევა მისი თანაკლასელის, შიო დედაბრიშვილის (არაგვისპირელის) მემუარები: იგი წერს, რომ ლაღიაშვილთან ერთად გადაწყვიტა ხელნაწერი ჟურნალის გამოცემა ქართულ ენაზე, ეს კი უკვე დანაშაულად ითვლებოდა. სწორედ ეს ჟურნალი წაართვა ზედამხედველმა, რომელსაც ბრალდებული სასამართლოზე დღიურად ასაღებდა. თუმცა მისგან საიდუმლო დღიურიც ამოიღეს, თანაც ასევე საიდუმლო შრიფტით(!) დაწერილი.

იმას, რომ ჩუდეცკი პირველად ლაღიაშვილის მიერ არ ქცეულა "ეგზეკუციის" მსხვერპლად, კიდევ ერთი ცნობილი და ბევრისგან დამოწმებული შემთხვევა ადასტურებს: სემინარიის მოსწავლე, შემდგომში ცნობილი რევოლუციონერი და ტერორისტი (ის იყო გენერალ გრიაზნოვის ცნობილი მკვლელობის ორგანიზატორი), ბოლოს კი საქართველოს პარლამენტის (დამფუძნებელი კრების) წევრი მენშევიკური პარტიიდან სილიბისტრო ჯიბლაძე (1922 წელს დახვრიტეს ბოლშევიკებმა), სემინარიის ლაზარეთში წოლილა - ფეხი სტკივებია. იქ მიაკითხეს და შეატყობინეს, თხზულებაში "შეუფერებელი აზრის" გატარებისთვის გარიცხული ხარ სემინარიიდან და ლაზარეთიც უნდა დატოვოო. იმ ამბის შემსწრე ვინმე ჩიკვილაძე იგონებს, ძალიან გაბრაზდა, ჯოხი დაიბჯინა და მტკივანი ფეხით წავიდა სემინარიისკენო. ჩუდეცკი კიბეზევე შეხვედრია, ჯერ სილა გაარტყა და კიბეზე დააგორა, შემდეგ კი გადააჯდა და "მაგრად დაზილა", ბოლოს კი აივნიდან აგდებდა, რომ არ მიესწროთო.

ჯიბლაძე სამი წლით გაუშვეს ციმბირში და იქიდან საბოლოოდ ჩამოყალიბებულ რევო­ლუციონერად და ტერორისტად დაბრუნდა.
ზოგადად, ძალიან საინტერესოა სემინარიაში შექმნილი მდგომარეობა - უამრავი თვითმხილველის "(გა)მოგონებებისა" და იმის მიუ­ხედავად, რომ 30-იან წლებში გამოცემული წიგნის ავტორი არკადი ხუნდაძე ძალიან ცდილობს, ლაღიაშვილი სოციალისტთა ჯგუფის წევრად დაგვიხატოს, ეს ვერაფრით დასტურდება. სამაგიეროდ, მის კავშირზე ეროვნული მიმართულების ჯგუფებთან მიუთითებს ისიც, რომ ის რედაქტორობდა ქართულად გამომავალ ხელნაწერ ჟურნალ "ყვავილს" და ორგანიზაციის ზემოთ ხსენებულ საიდუმლო დღიურსაც სწორედ ის აწარმოებდა. ამ ჟურნალისა და ორგანიზაციის შესახებ ისევ შიო დედაბრიშვილის მოგონებებში ვკითხულობთ: "ერთ-ერთი რედაქტორთაგანი სოსოც იყო... არ მახსოვს, მერამდენე ნომერი იყო, როდესაც ის უკვე დამზადებულს ათვალიერებდა, რომ უეცრივ თავს წაადგა ინსპექტორი... სოსომ ვერ მოასწრო დამალვა. ინსპექტორმა სიხარულით წაგლიჯა ხელიდან და წაიღო..." შემდეგ დედაბრიშვილი წერს, რომ იმის გამო "სოსო დიდ გაჭირვებაში იყო, თუ თანამშრომლები როგორ დაეხსნა...", ანუ ფარული ჯგუფის წევრებიო.

ჯგუფი რომ არსებობდა - ფაქტია; ხოლო მის პოლიტიკურ მიმართულებაზე იმავე შიო დედაბრიშვილის წერილიც მიუთითებს, რომელიც გორშია გაგზავნილი: "გორის ამხანაგებსა და ნაცნობებს: სიამოვნებით გავიგე, რომ გორში დაარსებულა წრე... ...ძლიერ მიხა­რია, რომ დაბოლოს (ხაზგასმა ჩვენია. - ზ.გ.)­ გორში გაჩნდა ისეთი წრე, რომელიც დაიცავს სარწმუნოებასა და სამშობლოს..." - ვფი­ქრობთ, უმნიშვნელოვანეს ცნობებს შეიცავს ეს ორიოდე წინადადება: ჯერ ერთი, სიტყვა "დაბოლოს" (ანუ ამ კონტექსტში: "ბოლოს და ბოლოს") იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციას ასეთი წრეები სხვაგან უკვე ჰქონდა და გორმა დააგვიანა კიდეც; მეორე და მთავარი: "დაიცავს სარწმუნოებასა და სამშობლოს" - ამ სიტყვებს არ დაწერდა სოციალისტური მიმართულების წრის წევრი.

ლაღიაშვილს რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა მახარაძე-ცხაკაიას ჯგუფთან და ბოლ­­შევიკები რომ ამაოდ ცდილობდნენ მისი ამბის "გაწითლებას" 30-იან წლებში, ამაზე არკადი ხუნდაძის ზემოხსენებულ წიგნში მოყვანილი ფილიპე მახარაძის ნაამბობიც მოწმობს: "ლაღიაშვილი ჯერ კიდევ 19 წლის არ იყო". აშკარაა, რომ მახარაძე ცრუობს - ის წესიერად არც იცნობდა ლაღიაშვილს, რადგან ასაკს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ლაღიაშვილი არათუ 19-ის, 20 წელსაც გადაბიჯებული იყო. მისი ასაკის ცოდნის მნიშვნელობაში კი უკვე ნახსენებ "მონაწილის" უტყუარ მოგონებებს ვგულისხმობთ, სადაც წერს, მკვლელობა მას იმიტომ დავავალეთ, ვიცოდით, ჯერ 21 წლის არ იყო და ამიტომ არ ჩამოახრჩობდნენო.

სასამართლომ ლაღიაშვილს 20-წლიანი კატორღა მიუსაჯა და კუნძულ სახალინზე გაგზავნეს, საიდანაც მალევე გაიქცა! გაუგონარი ამბავი იყო - "ჩუმი და წყნარი" ბიჭი, ბორკილდადებული, არა მარტო გაიქცა ყინულოვანი სახალინის კატორღიდან, არამედ იაპონიაშიც ჩააღწია და 1889 წელს უკვე ამერიკაში იყო!!!

ცხადია, ვარაუდია, მაგრამ გავბედავთ და ვიტყვით, რომ გარედან დახმარების გარეშე, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა.
1908 წელს ლაღიაშვილი ამერიკაში ქართველ ზღვაოსან დავით ჭავჭავაძეს უნახავს და სწორედ მას ჩამოუტანია პირველად ამბავი, ცოცხალი და ჯანმრთელიაო.

შემდგომი ცნობები მისი ცხოვრების შესა­ხებ­ მხოლოდ ფრაგმენტული და დოკუმენტურად დაუდასტურებელია...

ასეთი იყო ცხოვრება კაცისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შეაგდო სასწორზე ეროვნული იდეის გამო და თუმცა ჩვენს ეპოქაში ტერორი და მკვლელობა, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, სამართლიანად არის დაგმობილი, XIX საუკუნის ბოლოს, ეს კონკრეტული ფაქტი მაინც ის შემთხვევა იყო, როდესაც "მიზანი ამართლებს საშუალებას"...

იოსებ ლაღიაშვილი კი, ერთ-ერთია იმ მრავალ დაუფასებელ გმირთაგან, რომელთაც­ ყველაფერი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას...

P.S. ეგზარქოს პავლესა და რექტორ ჩუდეცკის "ორიგინალური ნათესაობის" შესახებ ყველამ იცოდა და რაც მთავარია, თვითონ ჩუდეცკიმაც: რექტორის ახალგაზრდა ცოლი ეგზარქოსის საყვარელი იყო (სემინარისტები ამბობდნენ, თვითონ ქმარი აცილებს ცოლს, როდესაც საყვარელთან მიდის ეტლითო).

როცა დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის შემდეგ პავლე სასწრაფოდ გაარიდეს საქართველოს და ყაზანში გადაიყვანეს, მან "გულდათუთქული ქვრივიც" თან წაიყვანა, თვეში 100-მანეთიანი პენსიაც დაუნიშნა (არადა, მის ქმარს მხოლოდ 80 მანეთი ჰქონდა ხელფასი)...

და ყველაზე საინტერესო: ყაზანის სასულიერო სემინარიის ინტერნეტსაიტზე გამოჩნდა ცნობა, რომ მათი არქივების მიხედვით (იმ დროის გაზეთებში ამაზე არაფერი დაწერილა!), თბილისიდან გადაყვანამდე ეგზარქოსი პავლეც დაჭრა სხვა სემინარისტმა! მას ფილტვები დაუზიანდა და ხანგრძლივი და მტანჯველი ტკივილების შემდეგ, 1892 წელს, სწორედ ამ ჭრილობის გამო გარდაიცვალაო!
ამასაც კიდევ ერთი "ჩუმი და წყნარი" ბიჭი ჩაიდენდა...

ზვიად დოლიძე
ჟურნალი "ისტორიანი".#1 (2011 წელი)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები