ტერორიზმის ევოლუცია - აბსურდული ბოროტების ანატომია - კვირის პალიტრა

ტერორიზმის ევოლუცია - აბსურდული ბოროტების ანატომია

(დასასრული. დასაწყისი იხ. "ისტორიანი" #1)

ტერორი "სახელმწიფოს სახელით"

1917 წლიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო ტერორიზმის ახალი, ყველაზე მახინჯი და საშინელი ფორმა - სახელმწიფოებრივი ტერორიზმი. ამ ფორმის შორეული წინაპარი საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია გახლდათ. თვით ტერმინი "ტერორი" ფრანგული რევოლუციის პერიოდში დამკვიდრდა.

რესპუბლიკის სათავეში მოსულმა იაკობინელებმა მოწინააღმდეგე მონარქისტთა დასამარცხებლად მასობრივ ტერორს მიმართეს. მალე ტერორმა, მასობრივთან ერთად, უაზრო სისხლის ღვრის სახე მიიღო. რობესპიერი ამ მეთოდს უკვე პირადი ანგარიშსწორების იარაღად იყენებდა. წითელ ტერორს მონარქისტთა გააფთრება მოჰყვა და ისინიც ამოქმედდნენ. 1793 წლის 13 ივლისს ფრანგმა არისტოკრატმა ქალმა შარლოტა კორდემ დანით განგმირა იაკობინელთა პოპულარული ბელადი ჟან-პოლ მარატი. გილიოტინამ იმსხვერპლა ზედიზედ იაკობინელთა მეთაურები: დანტონი, სენ-ჟიუსტი, თავად მაქსიმილიან რობესპიერი.

XX საუკუნის დასაწყისში რუსმა ბოლშევიკებმა სახელმწიფო ტერორიზმი უმაღლეს რანგში აიყვანეს. საყოველთაოდაა ცნობილი, რა აურაცხელი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა ჯერ ლენინურ, შემდეგ სტალინურ რეპრესიებს. ტოტალურ რეპრესიათა სხვადასხვა ტალღას 20-25 მლნ კაცი შეეწირა.

არანაკლებ კატასტროფული იყო ფაშისტური რეჟიმების ტერორის მასშტაბები.

კომუნისტურმა ტერორმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა აზიის კონტინენტზე, ჩინეთში, კორეაში, ვიეტნამში. 1975 წლიდან კამპუჩიაში დამყარებული კომუნისტური რეჟიმის მეთაურმა პოლ პოტმა წამოიწყო ყაზარმული კომუნიზმის იდეის ძალდატანებითი განხორციელება. მაო ძედუნის სასოფლო კომუნების სქემის მიხედვით მოსახლეობას მასობრივად ასახლებდნენ ქალაქებიდან სოფლებში ან მთიან ადგილებში და კომუნებს ქმნიდნენ.

პოლ პოტმა და მისმა მომხრე ე. წ. წითელმა ქხმერებმა თავის მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეს. ისინი ფიზიკურად სპობდნენ ყველას, ვისაც მოწინააღმდეგედ ან აკვიატებული იდეისთვის მიუღებლად მიიჩნევდნენ. მექანიკური თანასწორობის დასამყარებლად პოლპოტელები სპობდნენ განსხვავებული აზრის თუ ჩაცმულობის, საკუთრების მქონე ადამიანებს. აიკრძალა კერძო საკუთრება, სიყვარულით დაოჯახება. ძალით აქორწინებდნენ მითითების მიხედვით. აიკრძალა რელიგია და ეროვნული უმცირესობის ენებზე ლაპარაკი. კამპუჩიის 7-8-მილიონიანი მოსახლეობიდან ერთ მესამედზე მეტი გაიჟლიტა. ამგვარი ევოლუცია განიცადა კომუნისტურ-პროლეტარული დიქტატურის იდეამ და პრაქტიკამ გერმანიიდან კამპუჩიამდე.

"თანასწორობა" მკვლელობით

ტერორიზმის იდეოლოგიამ ისეთივე ევოლუცია განიცადა, როგორიც ამ მოძრაობის პრაქტიკამ. პირველი იდეოლოგები ტერორიზმს XIX საუკუნის შუა ხანებში გამოუჩნდნენ. 1849 წელს გერმანელმა კარლო გეინცენმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "მკვლელობა". იგი ასაბუთებდა, რომ ექსპლუატატორული კლასის წარმომადგენლები ყოველდღიურად ხოცავდნენ ჩაგრულებს, ამიტომ ამ უკანასკნელთაც მკვლელობით უნდა ეპასუხათ: "მათი ლოზუნგი - მკვლელობაა, ჩვენი პასუხიც უნდა იყოს მკვლელობა. მათთვის აუცილებელია მკვლელობა, ჩვენც ამითვე უნდა ვუპასუხოთ. მკვლელობა - მათი არგუმენტია, მკვლელობაშივეა - ჩვენი უარყოფაც". გეინცენმა ისიც კი გამოთვალა, რომ საჭირო იყო მჩაგვრელთა კლასის ორი მილიონი წარმომადგენლის განადგურება, რასაც თანასწორობის დამყარება მოჰყვებოდა. ამ მიზნით, რევოლუციონერებს უნდა "შეესწავლათ და სრულეყოთ მკვლელობის ხელოვნება". უფრო ადრე გასაჟლეტ ექსპლუატატორთა რაოდენობა მარატმაც გამოთვალა და დაადგინა, რომ საფრანგეთში თანასწორობის დასამყარებლად სულ 273 ათასი "თავი" იყო საჭირო. სამაგიეროდ, მისივე არგუმენტაციით, ამით ეშველებოდა უფრო მეტი სხვა ფრანგის თავს...

ტერორიზმის დასაბუთებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ანარქისტულმა მსოფლმხედველობამ. ანარქიზმმა ყველა ბოროტების წყაროდ სახელმწიფო გამოაცხადა, ამიტომ ანარქისტები თავდაუზოგავად ებრძოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მის წარმომადგენლებს.

ვარშავის გეტო

ბრძოლა "თანასწორობისათვის" ამერიკასა და ევროპაში

XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ინდივიდუალისტურმა და ორგანიზაციულმა ტერორიზმმა ახალი აღმავლობა განიცადა. ძირითადი კერები იყო სამხრეთ ამერიკაში, იტალიაში, ესპანეთსა და დასავლეთ გერმანიაში. სამხრეთ ამერიკაში რევოლუციურმა ტერორმა პარტიზანული ბრძოლის, ე.წ. სასოფლო და საქალაქო გერილიის სახე მიიღო. თავდაპირველად თითქოს სისხლის ღვრას ერიდებოდნენ. 1963 წელს ვენესუელაში მემარცხენე ორგანიზაციებმა ყურადღების მისაპყრობად ფრანგული ფერწერული კოლექცია გაიტაცეს - ვან გოგის, პოლ  გოგენის, სეზანის, პიკასოს ნახატები, მაგრამ მალევე დააბრუნეს უკან.

შემდგომში საქალაქო გერილიამ კაპიტალიზმის, უცხოური კაპიტალის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმა მიიღო. ძირითადი საშუალებები იყო ინდივიდუალური ტერორი, აფეთქებები, ბანკების ძარცვა, სახელმწიფო დაწესებულებათა დარბევა და მსგავსი აქტები. რევოლუციური ბრძოლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა აგრეთვე ეროვნული მოძრაობა და ბრძოლა დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. "ლათინურ ამერიკაში სოციალიზმი ნაციონალისტური იქნება და პირიქით" - აცხადებდნენ მოძრაობის ლიდერები.

60-იან წლებში სამხრეთ ამერიკაში მრავალი მემარცხენე-პარტიზანული ჯგუფი მოქმედებდა. მათი უმრავლესობა ხალხის ინტერესებისთვის მებრძოლად აცხადებდა თავს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო ურუგვაელ ექსტრემისტთა მოძრაობა ეროვნული განთავისუფლებისათვის, რომელიც "ტუპამაროსის" სახელით იყო ცნობილი. "ტუპამაროსი" - ეს ხალხია, ხალხი კი - "ტუპამაროსი"! - აცხადებდნენ მოძრაობის აქტივისტები. 70-იანი წლებიდან "ტუპამაროსის" საქმიანობაში თანდათან დამკვიდრდა უცხოელებისა და საერთოდ, ადამიანების გატაცება (მაგალითად, ბრაზილიელი კონსულისა და დიდი ბრიტანეთის ელჩის, ჯ. ჯეკსონის გატაცებები).

კიდევ უფრო ხშირად მიმართავდნენ უცხოელთა გატაცებას ბრაზილიური ექსტრემისტული ჯგუფები: "ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა", "სახალხო-რევოლუციური ავანგარდი", "რევოლუციური არმიის ავანგარდი". მათ გაიტაცეს ამერიკელი ელჩი ბრაზილიაში (1968 წ.), იაპონიის გენერალური კონსული, გერმანიისა და შვედეთის ელჩები (1970 წ.) და სხვ. პარტიზანულ-ექსტრემისტული ჯგუფები მოქმედებდნენ არგენტინაში, ბოლივიაში, ჩილესა და სხვა ქვეყნებში.

მოძრაობა დაღმავლობას იწყებს 80-იანი წლებიდან. ამ დროისთვის რამდენიმე ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დაემხო. თვითდაშლილად გამოაცხადა თავი არგენტინულმა მემარცხენე ორგანიზაცია "მონტანეროსმა". 1984 წელს ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები წამოიწყო ბოლივიის პრეზიდენტმა ბეტანკურმა.

60-იან წლებში, სრულიად მოულოდნელად, მემარცხენე ექსტრემიზმისა და ტერორიზმის აღმავლობამ დასავლეთ ევროპის ქვეყნები მოიცვა. იგი უშუალოდ მოჰყვა სტუდენტი ახალგაზრდობის დიდ მოძრაობას ესპანეთში.

ესპანეთში ტერორიზმის გააქტიურება მეტ-ნაკლებად აიხსნებოდა. ბევრად ძნელი ასახსნელი იყო ტერორიზმის აღმავლობა დასავლეთ გერმანიაში. 1977 წელს გერმანიის კანცლერი ჰელმუტ შმიდტი გაკვირვებით შენიშნავდა: "გერმანელ ახალგაზრდობას არასოდეს ჰქონია ამდენი უფლებები, თავისუფლება, ამდენი უნივერსიტეტი და ხვალინდელი დღის რწმენა, როგორიც დღეს". მიუხედავად ამისა, სწორედ ამ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში შეიქმნა ე.წ. ბაადერ-მაინჰოფის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელმაც საკუთარ თავს "წითელი არმიის ფრაქცია" უწოდა. მეორე ორგანიზაციას "2 ივნისის მოძრაობა" ერქვა. მათი პირველი აქციები იყო 1967 წელს უნივერსამის დაწვა მაინის ფრანკფურტში და შაპინგერის გამომცემლობაში ბომბის აფეთქება. ამ აქციებს შემდეგ წლებში მოჰყვა ათობით აფეთქება, თავდასხმა, ციხიდან გაქცევა, ბანკის გაძარცვა, ადამიანის გატაცება... ორგანიზატორები იყვნენ ა. ბაადერი, ხორსტ მალერი, ულრიკე მაინჰოფი, რუდი დუჩკე და სხვანი. იდეოლოგიურად ბრძოლა მიმართული იყო ვიეტნამის ომის, ხანაც ევროპაში ნატოს ჯარების ყოფნის წინააღმდეგ, ხან კი ზოგადად მსოფლიო რევოლუციის მოსახდენად. ყველაზე ხმაურიანი ტერორისტული აქტები იყო გერმანიის გენერალურ პროკურორ ფ. ბუზაკის მკვლელობა, "დრეზდენერ ბანკის" ხელმძღვანელ უ. პონტის გატაცება (რომლის დროსაც ეს უკანასკნელი დაიღუპა) და დასავლეთ გერმანიის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე ჰანს მარტინ შლეიერის გატაცება. შლეიერიც მოკლეს.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად გერმანელ ნეორომანტიკულ ექსტრემისტებსაც ჰყავდათ თავიანთი მაღალინტელექტუალური ე.წ. "სიმპატაიზერები", მაგრამ მას შემდეგ, რაც მოძრაობა ტერორის გზას დაადგა - ჰაინრიხ ბიოლმა, გიუნტერ გრასმა და თვით ახალგაზრდული მოძრაობისა და "დიადი უარყოფის" თეორეტიკოსებმა - ჰერბერტ მარკუზემ, ხაბერმასმა და სხვებმა უარყვეს ტერორიზმი.

ალდო მორო ტერორისტების ტყვეობაში

80-იან წლებში ტერორისტულმა მოძრაობამ ევროპის ქვეყნებში აბსურდის სახე მიიღო. მან საბოლოოდ დაკარგა სოციალური მოძრაობის ხასიათი. ტერორისტული ჯგუფები რჩებოდნენ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, თუმცა თანდათან კრიმინალიზაციას განიცდიდნენ. მაგალითად, იტალიის ექსტრემისტული ორგანიზაციები (რომელთა კისერზეა 70-იან წლებში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ქვეყნის პრემიერ ალდო მოროს გატაცება და სხვა გახმაურებული ტერორისტული აქტები) 80-იანი წლებიდან ან დაიშალა, ან კრიმინალურ სამყაროს შეერწყა.

იგივე მოხდა აშშ-ის ტერორისტულ მოძრაობაშიც. მისმა ბევრმა აქტივისტმა გააანალიზა, რომ ინდუსტრიულ საზოგადოებაში მცირერიცხოვანი ტერორისტული ჯგუფების საქმიანობა უშედეგოა.

60-70-იანი წლების ტერორიზმის დაღმავლობას ევროპულ ქვეყნებში თავისი მიზეზები ჰქონდა. თავდაპირველად აღმავლობა მოჰყვა სტუდენტი-ახალგაზრდობის ცნობილ მოძრაობას, რომლის დამარცხებით გამოწვეულმა გულაცრუებამ, დეპრესიამ და უპერსპექტივობამ ახალგაზრდობის რიგ წრეებში წარმოქმნა მაქსიმალისტური პროტესტი. მაგრამ ახალგაზრდული ტერორისტული მოძრაობა იზოლირებული აღმოჩნდა საზოგადოებისგან. ტერორიზმი ანტისახელმწიფოებრივიდან ანტისაზოგადოებრივ მოვლენად გადაიქცა.

მეოთხე და საბოლოო?!

XX საუკუნის 80-იან წლებში მსოფლიოს დიდ ნაწილში სახელმწიფოებრივი ტერორიზმის ხანა დასრულდა. იგი არსებობას განაგრძობდა ცალკეულ რეგიონსა და ქვეყანაში. ამავე პერიოდიდან ყალიბდება ტერორიზმის ახალი სახე - ისლამური ტერორიზმი.

2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებმა აშშ-ში, როცა ალ-ქაიდას ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე, გლობალური ხასიათი შესძინა ისლამურ ტერორიზმს. ფუნდამენტალიზმის სარწმუნოებრივ-იდეოლოგიურ საფუძველზე წარმოქმნილი ისლამური ტერორიზმი ებრძვის არა იმდენად იმპერიალიზმს (როგორც ირწმუნებიან), არამედ მოსახლეობასა და დასავლურ ცივილიზაციას. ტერორიზმი, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი, საბოლოოდ გადაგვარდა და ანტისაკაცობრიო ბოროტების სახე მიიღო.

1999 წლის გაეროს დეფინიციის მიხედვით, ტერორიზმად მიჩნეულია "ყველა კრიმინალური აქტი, მიმართული უშუალოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ, უბრალო ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებში ან საზოგადოებაში მთლიანად, ტერორის მდგომარეობის შესაქმნელად, რომელსაც არ გააჩნია გამამართლებელი გარემოება, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკური, ფილოსოფიური, იდეოლოგიური, რასობრივი თუ ეთნიკური საფუძვლები ამართლებს მათ ქმედებას".

დღეისათვის მეცნიერი პოლიტოლოგები გამოყოფენ ტერორიზმის რამდენიმე სახეობას: იდეოლოგიურს, ეთნიკურს, რელიგიურს, კრიმინალურს, ინფორმაციულს. ეს ჩამონათვალი ალბათ დამატებას საჭიროებს, რადგან კვლავაც არსებობს პოლიტიკური, სახელმწიფო, სოციალური და სხვა სახის ტერორიზმი.

 გერმანული ტერორისტული დაჯგუფების "წითელი არმიის ფრაქციის" შესახებ გადაღებული ფილმის აფიშა

თუ ისტორიას გადავხედავთ, ტერორიზმის ევოლუცია რამდენიმე ეტაპად შეიძლება დავყოთ. კლასიკური პერიოდი XIX საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა და სოციალურ-რევოლუციურ ხასიათს ატარებდა; სახელმწიფოებრივი ტერორიზმის ეპოქაში ამ მოვლენამ სოციალური ბოროტების სახე შეიძინა; XX საუკუნის 60-70-იან წლებში ინდივიდუალურმა ტერორიზმმა ევროპა-ამერიკის ქვეყნებში აბსურდის სახე მიიღო. ამჟამად ტერორიზმი გლობალურ, ანტიკაცობრიულ და ანტიცივილიზაციურ მოვლენად ჩამოყალიბდა და იმედია, მისი ევოლუციის მეოთხე პერიოდი - უკანასკნელი იქნება.

დიმიტრი

ჟურნალი "ისტორიანი".#1 (2011 წელი)